„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 171
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 15/07/2025
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016378
171
15/07/2025
ვებგვერდი, 16/07/2025
310150000.54.066.016378
„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №171

2025 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ (www.matsne.gov.ge, 03.09.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი.

შენიშვნა: ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების კატეგორიები (კლასები) განსაზღვრულია „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №27 ბრძანებით.

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სხ-ის ერთ-ერთი სახეობის მოწმობის მფლობელის მიერ, დამატებით, სხ-ის სხვა სახეობაზე მოწმობის მიღების განცხადების წარდგენისას, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოწმობის მფლობელზე გასცემს სხ-ის განცხადებული სახეობის მოწმობას.“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. საფრენოსნო დროის და თეორიული ცოდნის ჩათვლა ხორციელდება შემდეგი პირობებით:

ა) თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, სხ-ის სახეობაზე მოწმობის, ოსტატობის ან სერტიფიკატის მოსაპოვებლად საჭირო ნაფრენად ჩაითვლება ის საფრენოსნო დრო, რომელიც შესრულებული იყო იმავე სახეობის საჰაერო ხომალდებზე მოწმობის, ოსტატობის ან სერტიფიკატის მოსაპოვებლად;

ბ) განმცხადებელი, რომელსაც წარმატებით აქვს ჩაბარებული თეორიული გამოცდები ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის მისაღებად და ფლობს/ფლობდა სააგენტოს მიერ გაცემულ ავიაკომპანიის  სატრანსპორტო პილოტის მოწმობას, თავისუფლდება იმავე სახეობის საჰაერო სხ-ზე ქვემოთ აღნიშნული მოწმობის და ოსტატობის მისაღებად საჭირო თეორიული ცოდნის მიმართ ამ წესის მე-11, მე-17 და მე-18 მუხლებით  დადგენილი მოთხოვნებისაგან:

ბ.ა) მოყვარული პილოტის მოწმობა;

ბ.ბ) კომერციული პილოტის მოწმობა;

ბ.გ) სფწ ოსტატობა, გარდა შვეულმფრენის სფწ  ოსტატობისა (IR); 

გ) განმცხადებელი, რომელსაც ჩაბარებული აქვს კომერციული პილოტის მოწმობის მისაღებად საჭირო თეორიული გამოცდები, თავისუფლდება სხ-ის იმავე სახეობაზე მოყვარული პილოტის მოწმობის მისაღებად საჭირო თეორიული ცოდნის მიმართ დადგენილი მოთხოვნისაგან;

დ) სფწ ოსტატობის მაძიებელი ან მფლობელი, რომელსაც წარმატებით აქვს ჩაბარებული სახელსაწყო ოსტატობის მისაღებად საჭირო თეორიული გამოცდები სხ-ის რომელიმე სახეობაზე, სხ-ის სხვა სახეობაზე სფწ ოსტატობის მოპოვებისას სრულად თავისუფლდება თეორიული ცოდნის და გამოცდის მიმართ ამ წესის მე-5 და მე-11 მუხლებით დადგენილი მოთხოვნისაგან.“.

3. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №27 ბრძანებით.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ავიასპეციალისტი ერთდროულად არ უნდა ფლობდეს ამ წესის შესაბამისად გაცემულ ერთზე მეტ მოწმობას თითოეული სახეობის სხ-ზე.“.

4. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) საქართველოში რეგისტრირებული  სხ-ის ექსპლუატანტის ან მესაკუთრის შუამდგომლობა (გარდა მოყვარული პილოტის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის),  საქართველოს მოქალაქეობის არმქონე საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის შემთხვევაში (დანართი №2);“.

5. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა) ბორტგამყოლის მოწმობა გაიცემა, თუ კანდიდატს გავლილი აქვს სააგენტოს მიერ დამტკიცებული (შეთანხმებული) პირველადი მომზადების თეორიული კურსი და შეგირდის რანგში ნაფრენი აქვს:

გ.ა.ა) 136000 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდზე – 20 საათი და 15 მარშრუტის სექტორი;

გ.ა.ბ)  136000 კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდზე – 80 საათი ან 10 მარშრუტის სექტორი.“;

6. 32-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) სდ-ის მოქმედი სერტიფიკატი და მისი დანართი სასწავლო პროგრამების მითითებით, გაცემული უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების მიერ;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტო განიხილავს სდ-ის/საწაფის აღიარების განცხადებით წარმოდგენილ დოკუმენტებს, ამოწმებს სერტიფიკატის ნამდვილობას და მოქმედების ვადებს სერტიფიკატის გამცემი ქვეყნის უფლებამოსილ საავიაციო ხელისუფლებასთან, ადგენს პროგრამის შესაბამისობას  საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და დადებითი დასკვნის შემთხვევაში, ახდენს სდ-ის აღიარებას კონკრეტული სასწავლო პროგრამის ფარგლებში ან/და საწაფის აღიარებას. აღიარების შესახებ დგება „აღიარების ოქმი,“ რომელსაც ხელს აწერენ სააგენტოს უფლებამოსილი პირი და განხილვაში მონაწილე სპეციალისტები.

7. 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „გ“ ქვეტპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ოსტატობის ვადის ბოლო წელს გავლილი უნდა ჰქონდეს საკვალიფიკაციო შემოწმება /Proficiency Check საწაფზე ან საჰაერო ხომალდზე (საწაფის არარსებობის შემთხვევაში), რომელსაც წარმართავს უფლებამოსილი უფროსი პილოტ-ინსტრუქტორი.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) გავლილი უნდა ჰქონდეს კომპეტენციის შეფასება მოთხოვნილ სხ-ზე, შესაბამისად უფლებამოსილ უფროს პილოტ-ინსტრუქტორთან (CPI, TRE, SFE) ან სააგენტოს პილოტ-ინსპექტორის ზედამხედველობის ქვეშ.“.

8. წესს დაემატოს დანართი №25, დანართი №26 და დანართი №27.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი