„ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 20 ივნისის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 20 ივნისის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.114.016539
10
29/07/2025
ვებგვერდი, 05/08/2025
010250050.35.114.016539
„ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 20 ივნისის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2025 წლის 29 ივლისი

დაბა ჩოხატაური

 

„ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 20 ივნისის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 132-ე მუხლის და „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილებები „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 20 ივნისის №8 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 23/06/2025, 010250050.35.114.016537) დანართში და დამტკიცდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი კუჭავა



დანართი

 

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“,  „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის და  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შეიქმნას ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე  მუნიციპალური საბჭო (შემდგომში – საბჭო).

2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის, ამ დებულების და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულებით.


მუხლი 2. საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი
1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;

ბ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში ქალთა და ბავშვთა უფლების დარღვევის აღმოფხვრის  უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენა;

დ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;

ე) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხების უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ვ) ქალთა და ბავშვთა  საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფინდეციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ზ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

თ) საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ი) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა;

კ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიისათვის წარდგენა;

ლ) საბჭოს ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე – chokhatauri.gov.ge.

2. საბჭო უფლებამოსილია:

ა) ქალთა და ბავშვთა  საკითხებთან  დაკავშირებით წარმოადგინოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი;

ბ) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლისა და განხილვის  დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები;

გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.


მუხლი 3. საბჭოს სტრუქტურა და ფორმირება 
1. საბჭოს  წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 21 წევრით. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის და სხვა წევრებისაგან.

2. საბჭოს თავმჯდომარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.   

3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციებიდან ერთი წარმომადგენელი, ყველა კომისიის თავმჯდომარე, მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე, საკრებულოს აპარატისა და  მერიის წარმომადგენლები.  საბჭოს შემადგენლობაში ასევე შესაძლებელია საბჭოს წევრად განისაზღვროს ადგილობრივი, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

4. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

5. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება:

ა) საბჭოდან გამოსვლის შესახებ პირადი, წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში;

გ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;

დ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 3 თვის განმავლობაში საბჭოს სამუშაო პროცესში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში;

ვ) საბჭოს წევრის – მერის მიერ განსაზღვრული ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის ცვლილების შემთხვევაში;

ზ) საბჭოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში;

თ) საბჭოს წევრი საკრებულოს და მერიის თანამდებობის პირთა უფლებამოსილების შეწყვეტის, საჯარო მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში.

6. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმებს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.


მუხლი 4. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი
1. საბჭოს პირველ სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც საბჭოს   შემადგენლობიდან ნიშნავს მოადგილეს და მდივანს.

2. საბჭოს მორიგ სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე.

3. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საბჭოს   წევრთა 1/3 -ის მოთხოვნით.

4. საბჭოს სხდომაზე გასატანი საკითხების მომზადებას, დღის წესრიგის პროექტების შედგენას, საბჭოს სხდომების ჩატარების ორგანიზებას, ოქმის შედგენა-დაარქივებას, საბჭოს წევრთა ინფორმირებასა და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს ამ დებულებითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი, რომელსაც საბჭოს შემადგენლობიდან ნიშნავს საბჭოს თავმჯდომარე.

5. საბჭოს სხდომის მოწვევის დროსა და სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.

6. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მოადგილის არყოფნისას, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

7. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.

8. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა, საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც.

9. საბჭოს სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება აქვს მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა დაინტერესებული დაწესებულებისა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს. ამ მიზნით აღნიშნულმა დაწესებულებამ და ორგანიზაციამ სხდომის დაწყებამდე 2 დღით ადრე მაინც უნდა მიმართოს საბჭოს თავმჯდომარეს და გამოყოს ერთი წარმომადგენელი საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად.

10. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს.

11. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის უფლება აქვს სხდომაში მონაწილე ყველა პირს. ყველა წარდგენილი წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება საბჭოს სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხზე წინადადებები და რეკომენდაციები შეიძლება შემოტანილ იქნეს წერილობითი ფორმით. ასეთი სახით შემოსულ წინადადებებს და რეკომენდაციებს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვის სხდომის ოქმს,

12. საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებს და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებული არიან ერთი თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობონ საბჭოს.

13. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

14. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

15. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს  საბჭოს თავმჯდომარე.

16. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდბა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.


მუხლი 5. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და საბჭოს მდივანი.