დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 მარტის №76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 317 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 400060000.10.003.025209 |
|
„აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 მარტის №76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2025 წლის 12 ივნისის №683-IIმს-XIმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, „აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 მარტის №76 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/03/2025, 400060000.10.003.024967) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. №1 დანართის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართი №1-ით განსაზღვრული რედაქციით; ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართი №2-ით განსაზღვრული რედაქციით. 2. №2 დანართის: ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართი №3-ით განსაზღვრული რედაქციით; ბ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართი №4-ით განსაზღვრული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.
|
|
დანართი №1
|
|
„6. საზღვაო გალიები
1. ზონაში თევზის მოშენებისათვის გამოიყენება მოტივტივე ზღვის გალია. ზღვის გალიის ზომა განისაზღვრება ნებართვის მფლობელის მიერ. საზღვაო ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით სანებართვო ტერიტორია უნდა აღიჭურვოს სანავიგაციო ნიშნებით. გალიის განთავსებამდე მისი სტანდარტები, მოცულობა და განლაგების კოორდინატები უნდა ეცნობოს სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს და სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს. ყველა საზღვაო გალია უნდა იყოს: ა) აგებული იმ ბადის ზომის, სახეობისა და ხარისხის, რომელიც მთლიანად უზრუნველყოფს გალიაში არსებული თევზის შეკავებას; ბ) აგებული იმგვარად, რომ თევზმა ვერ შეძლოს ზღვის გალიიდან გადმოხტომა და გაქცევა; გ) აღჭურვილი მტაცებლისაგან დამცავი ბარიერებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ზღვის გალიების მტაცებლისაგან დაზიანება, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს თევზის გაქცევა; დ) განლაგებული ისე, რომ ჰქონდეს დადგენილი საკმარისი დისტანცია გალიის ძირსა და ზღვის ფსკერს შორის; ე) უსაფრთხოდ მიმაგრებული საღუზე ინფრასტრუქტურაზე, რომ გავლენა არ მოახდინოს წყლის ჰიდრობიონტებზე და მათი ბინადრობის პირობებზე; ვ) „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის №78 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. 2. საზღვაო გალიების გადაადგილება ნებადართულია ნებართვით განსაზღვრულ ტერიტორიებზე. გალიების გადაადგილება უნდა შეუთანხმდეს სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს. 3. საზღვაო გალია: ა) განლაგებული უნდა იყოს მჭიდროდ და ზედმეტი თოკებისა და მასალების გარეშე, ზღვის ფაუნის სახეობების გახლართვის რისკის შესამცირებლად; ბ) მას არ უნდა ჰქონდეს დაზიანებები, რათა თავიდან იყოს აცილებული თევზის გაქცევა; გ) არ უნდა იყოს დაბინძურებულ მდგომარეობაში, რათა არ შეაფერხოს ან შეამციროს წყლის ნაკადის მოძრაობა ბადეებში იმ დონით, თევზის ჯანმრთელობის გაუარესებისა და კონსტრუქციის დაზიანების რისკის შემცირების მიზნით; დ) ნებართვის მფლობელის მიერ სისტემატურად უნდა ჩატარდეს აკვაკულტურის აღჭურვილობის რეგულარული ინსპექტირება და მოვლა; 4. შტორმის ან სხვა ზემოქმედების შედეგად საზღვაო გალიის დამაგრების ადგილიდან მოწყვეტის ან გალიის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი ვალდებულია მიიღოს ზომები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის შესახებ უფლებამოსილ ორგანოებს და სხვა ნებართვის მფლობელებს (აკვაკულტურისათვის გამოყოფილ ზონაში ასეთის არსებობის შემთხვევაში), მიიღოს ყველა საჭირო ზომა თევზის გაქცევების პრევენციის მიზნით. 5. თუ დაზიანება გამოწვეულია მცურავი საშუალებების ზემოქმედების შედეგად (შეჯახება), ნებართვის მფლობელმა უფლებამოსილ ორგანოებს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ამ გემისა და დამდგარი შედეგების შესახებ. 6. აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი პასუხისმგებელია გადაადგილებული მოწყობილობის (კონსტრუქციის/მისი ნაწილის) მოძიების, ბუქსირებასა და შესაბამის ტერიტორიაზე ტრანსპორტირებაზე. ამ მიზნით, მან მუდმივ რეჟიმში უნდა უზრუნველყოს შესაბამისი მცურავი საშუალების მომსახურება (მათ შორის, მცურავი საშუალების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებობის; საქართველოს ნავსადგურის შესაბამისი მომსახურებით ხელშეკრულების ფორმით).“.
|
დანართი №2
|
|
„10. მონიშვნა და შუქურა |
საზღვაო ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით სანებართვო ტერიტორია უნდა აღიჭურვოს სანავიგაციო ნიშნებით.
სანებართვო არეალი მონიშნული უნდა იქნეს „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია: ა) სანებართვო არეალზე განათავსოს შუქურები, ტივტივები ან/და მოაწყოს მონიშვნები აკვაკულტურის ნებართვით განსაზღვრული აკვაკულტურის საქმიანობის არეალის გასამიჯნად, რომელზედაც უნდა შეინარჩუნოს განათება ან/და სიგნალი/სიგნალები; ბ) დაამონტაჟოს და შეინარჩუნოს გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ზედამხედველობის განსახორციელებლად საჭირო და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოწყობილობები. ნებართვის მფლობელი ვალდებულია შესაბამისი სანავიგაციო ნიშნების განსაზღვრისა და მონიშვნის შესახებ კონსულტაციის მიზნით მიმართოს სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და იხელმძღვანელოს სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რეკომენდაციის მიხედვით. დაუშვებელია აკვაკულტურის საქმიანობის არეალის მოსანიშნად/გასამიჯნად გამოყენებული შუქურის, ტივტივის და მათთვის გამოყენებული განათების ან სიგნალის უკანონოდ გადაადგილება, განადგურება, დაზიანება და შეცვლა.“.
|
დანართი №3
|
„11. აკვაკულტურის კონსტრუქციების მდებარეობა და გამიჯვნა
საზღვაო ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით სანებართვო ტერიტორია უნდა აღიჭურვოს სანავიგაციო ნიშნებით. აკვაკულტურის შესაბამისი კონსტრუქციის განთავსებამდე მისი სტანდარტები, მოცულობა და განლაგების კოორდინატები უნდა ეცნობოს სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს და სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს. ზონაში მინიმუმი ტერიტორია, სხვადასხვა ნებართვის მფლობელებს შორის საქმიანობათა არეალის გამიჯვნის მიზნით, შეადგენს არანაკლებ 20 მეტრს.“.
|
დანართი №4
|
|
„17. მარკირება და განათება
სანებართვო არეალი მონიშნული უნდა იყოს მარკერებითა და განათებით. აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია: ა) სანებართვო არეალზე განათავსოს შუქურები, ტივტივები ან/და მოაწყოს მონიშვნები აკვაკულტურის ნებართვით განსაზღვრული აკვაკულტურის საქმიანობის არეალის მოსანიშნად/გასამიჯნად; მათზე დაამონტაჟოს და შეინარჩუნოს განათება ან/და სიგნალი/სიგნალები; ბ) დაამონტაჟოს და შეინარჩუნოს გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ზედამხედველობის განსახორციელებლად საჭირო სხვა მოწყობილობები. ნებართვის მფლობელი ვალდებულია შესაბამისი სანავიგაციო ნიშნების განსაზღვრისა და მონიშვნის შესახებ კონსულტაციის მიზნით მიმართოს სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და იხელმძღვანელოს სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რეკომენდაციის მიხედვით. დაუშვებელია აკვაკულტურის საქმიანობის არეალის მოსანიშნად/გასამიჯნად გამოყენებული შუქურას, ტივტივას ან მონიშვნისა ან შუქურასთვის, ტივტივასთვის ან მონიშვნისთვის გამოყენებული განათების ან სიგნალის უკანონო გადაადგილება, განადგურება, დაზიანება, შეცვლა.“. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები