დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნაოსნობის ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 4 სექტემბრის №353 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 312 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310040010.10.003.025204 |
|
„ნაოსნობის ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 4 სექტემბრის №353 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2025 წლის 12 ივნისის №683-IIმს-XIმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, „ნაოსნობის ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 4 სექტემბრის №353 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/09/2023, 310040010.10.003.024186) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უზრუნველყოს ნაოსნობისათვის გამოყენებადი კარტოგრაფიული პროდუქტისა და დამხმარე სახელმძღვანელოების აღრიცხვის წესის მიღება.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „ნაოსნობის ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის წესის“: ა) მე-3 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის ორგანიზება იგეგმება და ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მიერ. 3. სააგენტო, ნაოსნობის სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის მიზნით, დაკისრებული ამოცანების შესაბამისად: ა) მონაწილეობს სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის ეროვნული სისტემების განვითარების პროგრამების შემუშავებასა და მათ სრულყოფაში; ბ) ახდენს ნაოსნობის სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის რეგულირებას, ახორციელებს საქართველოს ტერიტორიულ ზღვაზე სანავიგაციო მოწყობილობებით აღჭურვას; გ) უზრუნველყოფს სანავიგაციო მოწყობილობების განვითარებას/ მოდერნიზაციას, მხარდაჭერას, ტექნიკურ მომსახურებასა და გამართულ მუშაობას მინიჭებულ რეჟიმში; დ) ახორციელებს ჰიდროგრაფიულ გადაღებებსა და ოკეანოგრაფიულ კვლევებს შავი ზღვის საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში; ე) ახორციელებს ტოპოგრაფიულ-გეოდეზიურ სამუშაოებს სანაპირო ზოლზე; ვ) ახორციელებს ზღვის კარტოგრაფირების კომპლექსურ მართვას; ზ) ქმნის საზღვაო სანავიგაციო რუკებს, ნაოსნობისათვის დამხმარე სახელმძღვანელოებს ანალოგიურ, ციფრულ და სხვა ფორმატებში, საჭიროების შემთხვევაში დადგენილი ფორმით ახდენს მათ მიწოდებას ზღვაოსნებზე ან სხვა დაინტერესებულ პირებზე; თ) ახორციელებს ჰიდროგრაფიული და ოკეანოგრაფიული მონაცემების ბაზის ორგანიზებას; ი) ჰიდროგრაფიული გადაღებების მონაცემებზე დაყრდნობით, მონაწილეობს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის პროექტების შემუშავებაში; კ) ზღვაოსანთა უწყებების გამოქვეყნებით ან/და რადიო-სანავიგაციო გაფრთხილებებით ახორციელებს საქართველოში სანავიგაციო გაფრთხილებების ეროვნული კოორდინატორის ფუნქციებს, მსოფლიო სანავიგაციო გაფრთხილებების სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად; ლ) წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ჰიდროგრაფიულ ორგანიზაციასა და სანავიგაციო დამხმარე საშუალებებისა და შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციაში, აგრეთვე თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ჰიდროგრაფიულ და შუქურების სამსახურებთან; მ) უზრუნველყოფს სანავიგაციო ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის საერთაშორისო წესებისა და სტანდარტების იმპლემენტაციას, აგრეთვე საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, მონაწილეობს ახალი საერთაშორისო წესების შემუშავებაში; ნ) უფლებამოსილების ფარგლებში, ითანხმებს სანაპირო ზოლზე და ნავსადგურებში ობიექტების მშენებლობას, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ სანავიგაციო მოწყობილობების ნორმალურ მუშაობაზე და შექმნან სანავიგაციო საშიშროება; ო) უფლებამოსილების ფარგლებში, ითანხმებს საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონასა და (შიდა საზღვაო წყლებში) წყლებში საპროექტო დოკუმენტაციას, ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობაზე, ჰიდროტექნიკური სამუშაოების წარმოებაზე, წყალქვეშა კაბელების ან გაზის/ ნავთობის მილების დამონტაჟებაზე; პ) ახორციელებს მის ბალანსზე მყოფი ავტომატური იდენტიფიცირების სისტემების (AIS) საბაზო სადგურების ფუნქციონირებას, ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფასა და მხარდაჭერას; ჟ) ახორციელებს გლობალური პოზიცირების სისტემების მონაცემების კორექტირებას დიფერენციალური გლობალური ნავიგაციის სატელიტური სისტემის საშუალებით (DGNSS); რ) ახორციელებს სანავიგაციო საშუალებების (GPS) მონიტორინგის სისტემის ფუნქციონირების ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფასა და მხარდაჭერას; ს) ახორციელებს გემებზე ნავიგაციური ან/და მეტეოროლოგიური გაფრთხილებების ან/და სასწრაფო ინფორმაციის გადაცემის საერთაშორისო ავტომატიზებული სამსახურის ნაციონალური კოორდინატორის ფუნქციებს (NAVTEX).“; ბ) მე-5 მუხლის: ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სანავიგაციო მიზნით, ბათიმეტრიული სამუშაოები ხორციელდება სააგენტოს მიერ ღია ზღვაში, ნავსადგურების აკვატორიებში, ნავსადგურების მისასვლელ არხებში, ტერმინალებზე, გემების მოძრაობის ძირითად გზებზე და გულისხმობს კომპლექსურ სამუშაოებს, რომლებიც სრულდება ფსკერის რელიეფის ხასიათისა და არსებული სიღრმეების მდგომარეობის შესახებ მონაცემების მისაღებად, ზღვის აკვატორიის კარტოგრაფიული გამოსახულების შესაქმნელად.“; ბ.ბ) მე-5-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. არასპეციალიზებული ორგანიზაციების მიერ ბათიმეტრიული სამუშაოების წარმოებისას მიღებული მონაცემები წარდგენილი უნდა იქნეს სააგენტოში, საექსპერტო შეფასებისათვის. 6. ბათიმეტრიული სამუშაოების წარმოებისას მიღებული მონაცემები შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს რუკების კორექტირებისათვის ან ნავიგაციისათვის დამხმარე სახელმძღვანელოდ, მხოლოდ იმის შემდგომ, როდესაც დასრულდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საექსპერტო შეფასება სააგენტოს მიერ.“; გ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ნაოსნობისათვის გამოყენებადი კარტოგრაფიული პროდუქტისა და დამხმარე სახელმძღვანელოების აღრიცხვის წესს განსაზღვრავს სააგენტო.“; დ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სანავიგაციო მოწყობილობათა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს საზღვაო პასუხიმგებლობის ზონაში საერთაშორისო და შიდა ნაოსნობას, წარმოადგენს სააგენტოს საკუთრებას. დაუშვებელია, ამ ნაწილით განსაზღვრული საშუალებები იმყოფებოდეს სხვა პირის საკუთრებაში, გამონაკლისს წარმოადგენს ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.“; ე) მე-9 მუხლის პირველი − მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნაოსნობისათვის დროებით აკრძალულ საზღვაო რაიონებში, ნებისმიერი დაინტერესებული იურიდიული თუ ფიზიკური პირი, საწარმოო აუცილებლობიდან გამომდინარე, ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვალდებულია, განათავსოს სანავიგაციო მოწყობილობები სააგენტოს მითითებების შესაბამისად და მუდმივად უზრუნველყოს მათი შეუფერხებელი მუშაობა და ტექნიკური მომსახურება. მითითებების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ყველა ორგანიზაციამ და დაწესებულებამ, რომლებიც ახორციელებენ საზღვაო ნავსადგურების, სანავსადგურო პუნქტების, ტერმინალების, მისასვლელი არხების, ჰიდროტექნიკური და წყალქვეშა ნაგებობების მშენებლობას ან რეკონსტრუქციას, უნდა გაითვალისწინონ ამ ობიექტებზე სანავიგაციო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად შესაბამისი ტერიტორიის სააგენტოსთვის გამოყოფა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ობიექტების სანავიგაციო ინფრასტრუქტურის განთავსების ადგილების პროექტები უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან.“; ვ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გემის კაპიტნები და სხვა დაინტერესებული პირები ვალდებული არიან, უმოკლეს ვადაში აცნობონ სააგენტოს სანავიგაციო მოწყობილობების ყველა გამოვლენილ გაუმართაობაზე (ქერქეჭელების, სარყეების, ნიშნების დაზიანება, მათი მდებარეობის შეუსაბამობა საშტატო ადგილისადმი, ცუდი შეფერილობა, მუშობის შეუსაბამო მახასიათებლები).“; ზ) მე-11 მუხლის: ზ.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სააგენტოს ჰიდროგრაფიული სამსახური;“; ზ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ან სხვა ორგანიზაცია თუ დაწესებულება ვალდებულია, საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადასცეს სააგენტოს.“; თ) მე-12 მუხლის: თ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შავ ზღვაში ზღვაოსანთა ინფორმირებას ნაოსნობის პირობების ან რეჟიმის ცვლილების შესახებ სააგენტო ახორციელებს შემდეგი გზებით: ა) სანაპირო გაფრთხილებებით რადიოს საშუალებით, საერთაშორისო ავტომატიზებული გადამცემი სისტემის საშუალებით; ბ) გემებისთვის ნავიგაციური და მეტეოროლოგიური გაფრთხილებების, ასევე სასწრაფო ინფორმაციის გადაცემით; გ) რადიონავიგაციური გაფრთხილებების გადაცემით ინგლისურ ენაზე, ნავიგაციური გაფრთხილებების მსოფლიო სანავიგაციო გაფრთხილებების სამსახურის მიერ დადგენილი ფორმით; დ) სააგენტოს მიერ გამოცემული სპეციალური საინფორმაციო ბიულეტენის, „ზღვაოსანთა უწყებების“ ზღვაოსნებისთვის მიწოდებით; ე) ზღვაოსნებისთვის სანაპირო გაფრთხილებების, ასევე ნაოსნობის უსაფრთხოების სხვა ინფორმაციის გადაცემა ინტერნეტის გლობალური ქსელით.“; თ.ბ) მე-3-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სანაპირო გაფრთხილებების გადაცემას, საერთაშორისო კონვენციის „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ“ 1974 წ. (SOLAS 1974) მოთხოვნათა შესაბამისად, ნავიგაციური ტელექსის სისტემით უზრუნველყოფს სააგენტო. სანაპირო გაფრთხილებების გადაცემის ვადებსა და რადიოსადგურის სამუშაო სიხშირეს ადგენს სააგენტო, სანავიგაციო გაფრთხილებების მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად, ყველა უწყების ან/და ორგანიზაციის ინტერესების გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია ნაოსნობასთან. გადაცემის ვადები და რადიოსადგურის სიხშირე ქვეყნდება „ზღვაოსანთა უწყებებში“. 4. ნავიგაციური ტელექსის რადიოტექნიკურ განვითარებას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანების თანახმად, წარმოადგენს საქართველოში სანავიგაციო გაფრთხილებების ეროვნულ კოორდინატორს.“; ი) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. მეტეოროლოგიური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება სააგენტო ზღვაზე მეტეოროლოგიური პარამეტრების შესახებ ინფორმაციას მოიპოვებს ადგილობრივი (ლოკალური) მეტეოსადგურებიდან და გლობალური სატელიტური სისტემებიდან მიღებული რუკების საშუალებით.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები