დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კლიმატის ცვლილების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 341 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480570000.10.003.025240 |
|
„კლიმატის ცვლილების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კლიმატის ცვლილების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის №54 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/01/2020, 480570000.10.003.021764) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პირველი მუხლის: ა) პრეამბულა და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში კლიმატის ცვლილების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და რეკომენდაციების გაცემის მიზნით: 1. შეიქმნას კლიმატის ცვლილების საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით: ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − საბჭოს თავმჯდომარე; ბ) საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი − საბჭოს წევრი; გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი − საბჭოს წევრი; დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − საბჭოს წევრი; ე) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი − საბჭოს წევრი; ვ) საქართველოს კულტურის მინისტრი − საბჭოს წევრი; ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი − საბჭოს წევრი; თ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი − საბჭოს წევრი; ი) საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი − საბჭოს წევრი.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საბჭოს საქმიანობის მიზნებისთვის და საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება, მიწვეულ იქნენ სხვა სამინისტროების, სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების, კერძო სექტორის, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, საბჭოს სამუშაო ჯგუფების თავმჯდომარეები, აგრეთვე ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „კლიმატის ცვლილების საბჭოს დებულება“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
კლიმატის ცვლილების საბჭოს დებულება
|
ზოგადი დებულებები
1. კლიმატის ცვლილების საბჭო (შემდგომში − საბჭო) შექმნილია საქართველოში „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის კლიმატის ცვლილების შესახებ“ (შემდგომში − კონვენცია) და „პარიზის შეთანხმება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში“ (შემდგომში − პარიზის შეთანხმება) მოთხოვნების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად. საბჭოს მიზანია, განიხილოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით შემუშავებული კლიმატის ცვლილების ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტები და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები. 2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. მუხლი 2. საბჭოს ფუნქციები და მუშაობის წესი 1. საბჭო: ა) წარმართავს ამ დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს; ბ) განიხილავს პარიზის შეთანხმებით დადგენილი მიზნების მისაღწევად ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულების განმსაზღვრელი „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ დოკუმენტებისა და მათში შესატანი ცვლილებების პროექტებს და გასცემს რეკომენდაციას; გ) პარიზის შეთანხმების მე-6 მუხლით განსაზღვრული ემისიებით ვაჭრობაში ჩართვის მოთხოვნით წარდგენილი პროექტებისთვის დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, განსაზღვრავს, რამდენად უწყობს ხელს წარდგენილი პროექტი ქვეყნის მდგრად განვითარებას, შესაბამისობაშია თუ არა ეროვნულ და/ან სექტორულ პოლიტიკასთან და, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, აძლევს რეკომენდაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მხარი დაუჭიროს პროექტს; დ) განიხილავს კლიმატის ცვლილების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით მომზადებულ სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებს, მოწონების შემთხვევაში გასცემს შესაბამის რეკომენდაციას; ე) ქმნის და ამტკიცებს სამუშაო ჯგუფების შემადგენლობასა და მანდატს, შესაბამისი საკითხების განხილვისა და კოორდინაციის მიზნით, ასევე ითანხმებს მათ მიზნებს; ვ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. საბჭოს თავმჯდომარე: ა) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს; ბ) წარმოადგენს საბჭოს მესამე პირებთან ურთიერთობაში; გ) განსაზღვრავს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს; დ) საჭიროების შემთხვევაში საბჭოს სხდომაზე იწვევს შესაბამის სპეციალისტს. 3. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი. მუხლი 3. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი 1. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 2. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. 3. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს სხდომაზე ან დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 4. გადაწყვეტილების დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით მიღების შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობის შემთხვევაში. გადაწყვეტილება ეცნობება საბჭოს ყველა წევრს. 5. საბჭოს წევრებს საბჭოს სხდომაზე დასწრება და ხმის მიცემა შეუძლიათ როგორც პირადად, ასევე წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მეშვეობით. 6. საბჭოს სხდომის შემდეგ დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე საბჭოს ყველა წევრი. მუხლი 4. საბჭოს ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა 1. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 2. საბჭოს სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი. 3. საბჭოს სამდივნო: ა) უზრუნველყოფს საბჭოსა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრების ორგანიზებას; ბ) პასუხისმგებელია საბჭოსა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრების მასალების, ოქმების მომზადებასა და მათ შენახვაზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) უზრუნველყოფს საბჭოს წევრებისთვის სხდომის დღის წესრიგისა და მასალების გაგზავნას საბჭოს სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა; დ) კოორდინაციას უწევს სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს. მუხლი 5. სამუშაო ჯგუფი 1. სამუშაო ჯგუფი იქმნება საბჭოს მიერ ეკონომიკურ და სოციალურ დარგებში კლიმატის ცვლილების პოლიტიკის კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად. სამუშაო ჯგუფი შედგება საჯარო მოხელეებისგან, ექსპერტებისგან, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლებისგან. სამუშაო ჯგუფს ქმნის და მის შემადგენლობას ამტკიცებს საბჭო. 2. სამუშაო ჯგუფი: ა) ამზადებს შესაბამის სამუშაო გეგმებს ამ დებულებით გათვალისწინებულ თითოეულ საკითხზე; ბ) საბჭოს დავალებით, მისთვის განსაზღვრული ეკონომიკური და სოციალური დარგების მიხედვით, ამუშავებს კონკრეტულ საკითხებსა და შესაბამის სამოქმედო გეგმებს; გ) მიმართავს საბჭოს სამდივნოს დავალებით, შესაბამისი სფეროს ექსპერტებისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლების მიწვევასთან დაკავშირებით, კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად; დ) ამზადებს ანგარიშებს საბჭოსთვის წარსადგენად. 3. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე აირჩევა სამუშაო ჯგუფის წევრებისგან, დამსწრეთა უმრავლესობით. 4. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე: ა) განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესს; ბ) იწვევს და წარმართავს სამუშაო ჯგუფის სხდომებს; გ) წარუდგენს ანგარიშებს საბჭოს. 5. სამუშაო ჯგუფის შეხვედრას იწვევს შესაბამისი ჯგუფის თავმჯდომარე. 6. სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმართება საბჭოს მიერ მიცემული დავალების შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე. 7. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილება ფორმდება წინადადების სახით და წარედგინება საბჭოს განსახილველად. 8. სამუშაო ჯგუფის შეხვედრების ჩატარება შესაძლებელია როგორც ფიზიკურ, ისე ვირტუალურ ფორმატში. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები