მწვანე, სოციალური, მდგრადობის და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების სტატუსის მინიჭების, შენარჩუნების და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე

მწვანე, სოციალური, მდგრადობის და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების სტატუსის მინიჭების, შენარჩუნების და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 197/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 21/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016954
197/04
21/08/2025
ვებგვერდი, 22/08/2025
220010000.18.011.016954
მწვანე, სოციალური, მდგრადობის და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების სტატუსის მინიჭების, შენარჩუნების და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №197/04

2025 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

 

მწვანე, სოციალური, მდგრადობის და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების სტატუსის მინიჭების, შენარჩუნების და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 52-ე მუხლის „ა“, „დ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 

მუხლი 1
დამტკიცდეს მწვანე, სოციალური, მდგრადობის და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების სტატუსის მინიჭების, შენარჩუნების და გაუქმების წესი თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2
ეს ბრძანება არ ვრცელდება იმ ობლიგაციებზე, რომელთა ემისიის წინასწარი პროსპექტი საქართველოს ეროვნულ ბანკს დასამტკიცებლად წარედგინა ამ ბრძანების ამოქმედებამდე.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიეკატერინე მიქაბაძე



მწვანე, სოციალური, მდგრადობის და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების სტატუსის მინიჭების, შენარჩუნების და გაუქმების  წესი

მუხლი 1. მოქმედების სფერო
1. მწვანე, სოციალური, მდგრადობის და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების სტატუსის მინიჭების, შენარჩუნების და გაუქმების წესით (შემდგომში – წესი) განისაზღვრება ობლიგაციისთვის „მწვანე ობლიგაციის“, „სოციალური ობლიგაციის“, „მდგრადობის ობლიგაციის“ ან „მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციის“ სტატუსის მინიჭების, შენარჩუნების და გაუქმების პირობები.

2. ეს წესი ვრცელდება ობლიგაციებზე, რომლებიც საჯარო ფასიანი ქაღალდებია, აგრეთვე, ობლიგაციებზე, რომელთა საჯარო შეთავაზება ან საქართველოში ლიცენზირებულ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვება მოთხოვნილია საქართველოს ეროვნული ბანკისთვის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) წარდგენილი ემისიის პროსპექტით.

3. აკრძალულია ობლიგაციის სახელწოდებაში ან აღწერაში სიტყვების „მწვანე“, „სოციალური“, „მდგრადობის“, „მდგრადობასთან დაკავშირებული“, მათი შესატყვისი მსგავსი ტერმინების ან ამ ტერმინების გამოყენებით სხვა სიტყვათწყობის გამოყენება (მათ შორის, უცხოურ ენაზე), თუ ეს ობლიგაცია არ შეესაბამება ამ წესის მოთხოვნებს.

4. ეს წესი, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, არ ვრცელდება „უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხის, მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საქართველოში საჯარო შეთავაზებასთან დაკავშირებული წესის დამტკიცების თაობაზე“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 7 ოქტომბრის №178/04 ბრძანებით დამტკიცებული წესით (შემდგომში – უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების წესი) განსაზღვრულ უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულ მწვანე, სოციალურ, მდგრადობის და მდგრადობასთან დაკავშირებულ ობლიგაციებზე.

5. ეს წესი არ ვრცელდება უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების წესით გათვალისწინებული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციების მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ემიტენტი – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტით განსაზღვრული ემიტენტი;

ბ) მწვანე ტაქსონომიაამ წესის დანართ №1-ში წარმოდგენილი კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც ადგენს დადებითი გარემოსდაცვითი ეფექტების მქონე ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს შესაბამისი ტექნიკური კრიტერიუმების განსაზღვრით;

გ) სოციალური ტაქსონომიაამ წესის დანართ №2-ში წარმოდგენილი კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც ადგენს დადებითი სოციალური ეფექტების მქონე ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს;

დ) მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიაკლასიფიკაციის სისტემა, რომელიც  შედგება ამ წესის დანართ №1-ში და დანართ №2-ში წარმოდგენილი მწვანე და სოციალური ტაქსონომიებისგან;

ე) ეკვივალენტური ტაქსონომიაერთ-ერთი შემდეგი ტაქსონომია:

ე.ა) ევროკავშირის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია (The EU Sustainable Finance Taxonomy);

ე.ბ) კლიმატის ობლიგაციების ინიციატივის კლიმატის ობლიგაციების ტაქსონომია (Climate Bonds Taxonomy);

ე.გ) გაერთიანებული კლიმატის ფინანსური მონიტორინგის ჯგუფის (Joint Climate Finance Tracking Group) კლიმატის შერბილების ფინანსური მონიტორინგის საერთო პრინციპები (Common Principles for Climate Mitigation Finance Tracking);

ვ) მწვანე ობლიგაცია – ობლიგაცია, რომელიც შეესაბამება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს და გამოიყენება მწვანე ტაქსონომიით ან შესაბამისი ეკვივალენტური ტაქსონომიით განსაზღვრული ერთი ან მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსების ან რეფინანსირების მიზნით;

ზ) სოციალური ობლიგაცია – ობლიგაცია, რომელიც შეესაბამება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს და გამოიყენება სოციალური ტაქსონომიით ან შესაბამისი ეკვივალენტური ტაქსონომიით განსაზღვრული ერთი ან მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსების ან რეფინანსირების მიზნით;

თ) მდგრადობის ობლიგაცია – ობლიგაცია, რომელიც შეესაბამება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს და გამოიყენება ერთდროულად მწვანე და სოციალური ტაქსონომიებით ან ეკვივალენტური ტაქსონომიებით განსაზღვრული საქმიანობების დაფინანსების ან რეფინანსირების მიზნით, ისე რომ აღნიშნული საქმიანობები არსებითად არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს;

ი) მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაცია – ობლიგაცია, რომელიც შეესაბამება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს და რომლის საფუძველზე ემიტენტი იღებს ვალდებულებას, წინასწარ განსაზღვრული ვადის განმავლობაში გააუმჯობესოს მდგრადობასთან დაკავშირებული  თავისი საქმიანობის შედეგები;

კ) გარე ექსპერტიდამოუკიდებელი მესამე პირი, რომელიც შეყვანილია კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო ასოციაციის ((International Capital Market Association (ვებგვერდი: https://www.icmagroup.org/)) მიერ გამოქვეყნებულ შესაბამის სიაში ან დამტკიცებულია კლიმატის ობლიგაციების ინიციატივის (Climate Bonds Initiative (ვებგვერდი: https://www.climatebonds.net/)) მიერ ან რეგისტრირებულია ევროპის ფასიანი ქაღალდების და ბაზრების მარეგულირებელი ორგანოს (European Securities and Markets Authority) მიერ, როგორც მიმოხილვის განმახორციელებელი პირი/დაწესებულება;

ლ) მიმოხილვა – გარე ექსპერტის მიერ კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო ასოციაციის, კლიმატის ობლიგაციების ინიციატივის პრინციპების/სტანდარტების ან ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2023 წლის 22 ნოემბრის (EU) 2023/2631 რეგულაციის („ევროპის მწვანე ობლიგაციების შესახებ და იმ ობლიგაციებზე ინფორმაციის ნებაყოფლობითი გამჟღავნების თაობაზე, რომლებიც შეთავაზებულია, როგორც გარემოს დაცვის თვალსაზრისით მდგრადი და მდგრადობასთან დაკავშირებული“) შესაბამისად განხორციელებული შეფასება/შემოწმება;

მ) სტატუსის მინიჭება – „მწვანე ობლიგაციის“, „სოციალური ობლიგაციის“, „მდგრადობის ობლიგაციის“ ან „მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციის“ დასახელების გამოყენების უფლების მინიჭება;

ნ) გადახედვის პერიოდი – მაქსიმალური წარსული დროის პერიოდი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება იმ დანახარჯების იდენტიფიკაცია, რომლებიც მოხმარდა რეფინანსირებას დაქვემდებარებულ პროექტს/პროექტებს;

ო) სახსრების ათვისების ანგარიშიანგარიში, რომელიც ასახავს ობლიგაციებით მოზიდული სახსრების წლიურად ათვისებას;

პ) ზეგავლენის ანგარიში – ანგარიში, რომელიც წარმოაჩენს ობლიგაციებით მოზიდული სახსრების ათვისების შედეგად მოსალოდნელ ან მიღწეულ გარემოსდაცვით ან/და სოციალურ ზეგავლენას;

ჟ) კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო ასოციაციის პრინციპები – კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო ასოციაციის მიერ ჩამოყალიბებული „მწვანე ობლიგაციის პრინციპები“, „სოციალური ობლიგაციის პრინციპები“, „მდგრადობის ობლიგაციის გზამკვლევი“ ან „მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციის პრინციპები“;

რ) აღიარებული საფონდო ბირჟა – უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების წესის დანართი №1-ით განსაზღვრული საფონდო ბირჟა.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით, ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. სტატუსის მინიჭება

1. მწვანე, სოციალური ან მდგრადობის სტატუსის მქონე ობლიგაციებით მოზიდული სახსრები გამოიყენება მხოლოდ შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსების ან რეფინანსირების მიზნით, რომელიც განსაზღვრულია ამ წესის დანართი №1-ით ან/და დანართი №2-ით ან ეკვივალენტური ტაქსონომიით.

2. მწვანე, სოციალური ან მდგრადობის ობლიგაციის სტატუსის მიღების მიზნით ემიტენტი ვალდებულია, ეროვნული ბანკისთვის დასამტკიცებლად წარდგენილ წინასწარ პროსპექტში გაამჟღავნოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მოზიდული სახსრების გამოყენების/ათვისების აღწერილობა, რომლის მეშვეობით განისაზღვრება ობლიგაციების მწვანე, სოციალური ან მდგრადობის მიზნები;

ბ) ობლიგაციების პირობების ამ წესის დანართი №1-ით ან/და დანართი №2-ით ან უახლესი, მოქმედი ეკვივალენტური ტაქსონომიით განსაზღვრულ საქმიანობებთან შესაბამისობის მოკლე აღწერა;

გ) იმ სისტემების/პროცედურის დეტალური აღწერა, რომლებიც გამოიყენება მოზიდული სახსრების მართვისა და მონიტორინგისთვის, მათ შორის, აუთვისებელი თანხების მართვის მექანიზმების დეტალური აღწერა იმ ლიკვიდური აქტივების მითითებით, რომლებშიც აღნიშნული თანხა დროებით განთავსდება;

დ) იმ ინვესტიციების ან/და პროექტების აღწერა, რომლებიც ექვემდებარება რეფინანსირებას (ასეთის არსებობისას). ასევე, დაფინანსებისა და რეფინანსირების მიახლოებითი წილი მოზიდულ სახსრებში, ხოლო სრულ ან ნაწილობრივ რეფინანსირებას დაქვემდებარებული პროექტებისთვის – შესაბამისი (მოსალოდნელი) გადახედვის პერიოდის აღწერა;

ე) რეფინანსირების შემთხვევაში,  კაპიტალური დანახარჯებისა და საოპერაციო დანახარჯების რეფინანსირების მოსალოდნელი ოდენობების, ასევე სხვა მწვანე, სოციალური ან მდგრადობის ობლიგაციის რეფინანსირების მოცულობის მითითება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ვ) ინფორმაცია დადებითი მიმოხილვის გამოქვეყნების შესახებ, შესაბამისი ვებგვერდის მითითებით;

ზ) სახსრების ათვისების ანგარიშის და ზეგავლენის ანგარიშის გამოქვეყნებისთვის განსაზღვრული სტანდარტი, ვადები და ვებგვერდი;

თ) ობლიგაციების პირობების მოკლე აღწერა ემიტენტის მდგრადობის ზოგადი სტრატეგიის ჭრილში;

ი) ობლიგაციების სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებული რისკების  აღწერა;

კ) შესაბამისი ტაქსონომიის შესაძლო ცვლილებების გავლენის აღწერა ობლიგაციაზე ან/და პროექტზე.

3. მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციის გამოშვებით ემიტენტი იღებს  ვალდებულებას, წინასწარ განსაზღვრული ვადის განმავლობაში გააუმჯობესოს მისი მდგრადობასთან დაკავშირებული  საქმიანობის შედეგები კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო ასოციაციის „მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციის პრინციპების“ შესაბამისად.

4. მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციის სტატუსის მიღების მიზნით ემიტენტი ვალდებულია, ეროვნული ბანკისთვის დასამტკიცებლად წარდგენილ წინასწარ პროსპექტში გაამჟღავნოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო ასოციაციის „მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების პრინციპების“ უახლესი, მოქმედი ვერსიის ძირითად კომპონენტებთან ობლიგაციების პირობების შესაბამისობის აღწერა;

ბ) ინფორმაცია დადებითი მიმოხილვის გამოქვეყნების შესახებ, შესაბამისი ვებგვერდის მითითებით;  

გ) ობლიგაციების პირობების კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო ასოციაციის „მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების პრინციპების“ ანგარიშგების კომპონენტის შესრულებისთვის განკუთვნილი თარიღები და ვებგვერდი;

დ) ობლიგაციების პირობების მოკლე აღწერა ემიტენტის მდგრადობის ზოგადი სტრატეგიის ჭრილში;

ე) ობლიგაციების სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებული რისკების  აღწერა;

ვ) კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო ასოციაციის „მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების პრინციპების“  შესაძლო ცვლილებების გავლენის აღწერა ობლიგაციებზე.

5. სტატუსის მიღების მიზნით, ემისიის წინასწარი პროსპექტისთვის განკუთვნილი საჯარო შეთავაზების განაცხადი უნდა შეიცავდეს დადებით მიმოხილვას, რომელიც განსაზღვრავს ობლიგაციის სტატუსს.

6. ემიტენტი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ეროვნული ბანკისთვის წინასწარი პროსპექტის წარდგენის მომენტისთვის გარე ექსპერტი, რომელიც ადგენს მიმოხილვას, შეყვანილია კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ შესაბამის სიაში ან დამტკიცებულია კლიმატის ობლიგაციების ინიციატივის მიერ ან რეგისტრირებულია ევროპის ფასიანი ქაღალდების და ბაზრების მარეგულირებელი ორგანოს მიერ და აღნიშნული ექსპერტის მიერ შედგენილი დადებითი მიმოხილვა საჯაროდ ხელმისაწვდომია ემიტენტის ვებგვერდზე.

7. ეროვნული ბანკი ობლიგაციისთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს წინასწარი პროსპექტის დამტკიცების ეტაპზე.

მუხლი 4. ანგარიშგების მოთხოვნები

1. ამ მუხლის მე-2–მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშგების მოთხოვნები ვრცელდება  მწვანე, სოციალურ და მდგრადობის ობლიგაციებზე.

2. ობლიგაციებით მოზიდული სახსრების სრულად ათვისებამდე ემიტენტი ვალდებულია, საკუთარ ვებგვერდზე, აგრეთვე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ანგარიშგების ვებგვერდზე (www.reportal.ge), გამოაქვეყნოს სახსრების ათვისების ანგარიში/ანგარიშები.

3. სახსრების ათვისების ანგარიში უნდა შედგეს და გამოქვეყნდეს თითოეული წლისთვის, რომელიც აითვლება ობლიგაციების გამოშვების თარიღის მიხედვით.

4. სახსრების ათვისების  ანგარიში პირველად უნდა გამოქვეყნდეს ობლიგაციების გამოშვების თარიღიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) თვისა. ყოველი შემდეგი სახსრების ათვისების ანგარიშის გამოქვეყნების თარიღი განისაზღვრება სახსრების ათვისების ანგარიშის პირველად გამოქვეყნების თარიღის შესაბამისად.

5. სახსრების ათვისების ანგარიშში უნდა აისახოს ობლიგაციებით მოზიდული სახსრების ათვისება ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ობლიგაციების გამოშვებიდან სახსრების ათვისების ანგარიშით გათვალისწინებული პერიოდის დასრულებამდე. სახსრების ათვისების ანგარიშს, რომელიც სახსრების სრულად ათვისებას ასახავს, უნდა ახლდეს აღნიშნული ანგარიშის დადებითი მიმოხილვა. თუ სახსრების ათვისების სხვა (შუალედურ) ანგარიშს არ ახლავს მიმოხილვა, ამის შესახებ მკაფიოდ უნდა მიეთითოს აღნიშნულ ანგარიშში.

6. ერთი და იმავე ემისიის პროსპექტის საფუძველზე ობლიგაციების რამდენიმე ემისიის განხორციელების შემთხვევაში, ემიტენტს შეუძლია გამოაქვეყნოს სახსრების ათვისების ანგარიში აგრეგირებული ფორმით, თუ ეს დაშვებულია ანგარიშის მიმართ მოქმედი შესაბამისი სტანდარტით. სახსრების ათვისების ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს ობლიგაციების პირველი ემისიიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) თვისა. ყოველი შემდეგი სახსრების ათვისების ანგარიშის გამოქვეყნების თარიღი განისაზღვრება პირველი ანგარიშის გამოქვეყნების თარიღის შესაბამისად.

7. ობლიგაციებით მოზიდული სახსრების სრულად ათვისების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ობლიგაციების სრულად დაფარვამდე, ემიტენტი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე, აგრეთვე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ანგარიშგების ვებგვერდზე (www.reportal.ge), გამოაქვეყნოს ზეგავლენის ანგარიში, რომელსაც შესაძლოა ახლდეს აღნიშნული ანგარიშის მიმოხილვა. თუ ზეგავლენის ანგარიშს არ ახლავს მიმოხილვა, ამის შესახებ მკაფიოდ უნდა მიეთითოს აღნიშნულ ანგარიშში. ზეგავლენის ანგარიში, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს სახსრების ათვისების, მათ შორის, შესრულების ხარისხობრივი და, შესაბამის შემთხვევაში, რაოდენობრივი ინდიკატორების და იმ გარემოსდაცვითი/სოციალური ზეგავლენის ან/და მოსალოდნელი ზეგავლენის აღწერას, რომლის მიღწევაც შესაძლებელი გახდა/გახდება ობლიგაციების პირობებით განსაზღვრული სახსრების ათვისების შედეგად.

8. თუ ერთი და იმავე ემისიის პროსპექტის საფუძველზე ხორციელდება ობლიგაციების რამდენიმე ემისია და ცალკეული ემისიებით მოზიდული სახსრები სხვადასხვა/განცალკევებულ პროექტებს/მიზნებს ემსახურება, ზეგავლენის ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს ცალ-ცალკე თითოეული ემისიისთვის, მოზიდული სახსრების სრულად ათვისების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ობლიგაციების სრულად დაფარვამდე. სხვა შემთხვევაში, დასაშვებია ზეგავლენის ანგარიშის აგრეგირებული ფორმით მომზადება.

9.  თუ ობლიგაცია რამდენიმე პროექტის დაფინანსებას/რეფინანსირებას ემსახურება, სახსრების ათვისების ანგარიში და ზეგავლენის ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თითოეული პროექტის დაფინანსების/ზეგავლენის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს გამოიწვევს კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმების დარღვევას, ემიტენტის კომერციული საიდუმლოების გამჟღავნებას ან/და ინფორმაციის მითითება შეუძლებელია დასაფინანსებელი/რეფინანსირებას დაქვემდებარებული პროექტების რაოდენობის გათვალისწინებით. ინფორმაციის აგრეგირებული ფორმით წარდგენის შემთხვევაში, ანგარიშში უნდა განიმარტოს ინდივიდუალური პროექტების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის მიზეზები.

10. მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ემიტენტი ვალდებულია, ყოველწლიური ანგარიში აწარმოოს, გარე ექსპერტის მიერ მისი მიმოხილვა უზრუნველყოს და საკუთარ ვებგვერდზე, აგრეთვე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ანგარიშგების ვებგვერდზე (www.reportal.ge) გამოაქვეყნოს კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო ასოციაციის მიერ ჩამოყალიბებული „მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების პრინციპებით“ გათვალისწინებული ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის კომპონენტების შესაბამისად.

11. ობლიგაციების სრულად დაფარვიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, ემიტენტი ვალდებულია, საკუთარ ვებგვერდზე, აგრეთვე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ანგარიშგების ვებგვერდზე (www.reportal.ge), გამოქვეყნებული და შენახული ჰქონდეს ობლიგაციების სტატუსთან დაკავშირებული ყველა მიმოხილვა (ანგარიში) და სხვა დამხმარე დოკუმენტები, მათ შორის, ობლიგაციების ჩარჩო, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

12. ემიტენტი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ამ მუხლით განსაზღვრული ანგარიშების და მიმოხილვების გამოქვეყნების მომენტისთვის გარე ექსპერტი, რომელიც ადგენს მიმოხილვას, შეყვანილია კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ შესაბამის სიაში ან დამტკიცებულია კლიმატის ობლიგაციების ინიციატივის მიერ ან რეგისტრირებულია ევროპის ფასიანი ქაღალდების და ბაზრების მარეგულირებელი ორგანოს მიერ.

მუხლი 5. სტატუსის შენარჩუნება

1. ობლიგაციების გამოშვებიდან მათ სრულად დაფარვამდე ემიტენტი უზრუნველყოფს ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვას.

2. თუ მწვანე, სოციალური ან მდგრადობის ობლიგაციის სრულად დაფარვამდე აღარ არსებობს აქტივი, რომლის დაფინანსება/რეფინანსირება განხორციელდა ობლიგაციებიდან მოზიდული სახსრებით ამ წესის შესაბამისად ან აღნიშნული აქტივი აღარ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს, ემიტენტი ვალდებულია, დროებით განათავსოს მოზიდული სახსრები ლიკვიდურ აქტივებში ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, დასაშვები ეკონომიკური საქმიანობის/საქმიანობების დაფინანსების ან რეფინანსირების მიზნით სახსრების შემდგომ გამოყენებამდე.

3. თუ ობლიგაციების  სრულად დაფარვამდე ემიტენტს სურს განახორციელოს მატერიალური ცვლილებები პროექტში, რომლის დაფინანსებას/რეფინანსირებას ემსახურება აღნიშნული ობლიგაცია, ან ობლიგაციების ჩარჩოში, რომლის თაობაზე მას მოპოვებული ჰქონდა მიმოხილვა, ემიტენტი ვალდებულია, ცვლილების განხორციელებამდე ხელახლა მოიპოვოს და გამოაქვეყნოს  დადებითი მიმოხილვა ასეთი ჩარჩოსთვის/პროექტისთვის და შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ ეროვნულ ბანკს მიმოხილვის გამოქვეყნებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 6. სტატუსის გაუქმება

1. დარღვევის სერიოზულობისა და პოტენციური რისკის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გააუქმოს ობლიგაციისთვის მინიჭებული სტატუსი, თუ ემიტენტი დაარღვევს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. სტატუსის გაუქმების შემთხვევაში, ემიტენტი ვალდებულია როგორც ობლიგაციის დაფარვამდე, ისე დაფარვიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ჰქონდეს  ინფორმაცია სტატუსის გაუქმების შესახებ.

3. სტატუსის გაუქმების შემთხვევაში ემიტენტი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით შეატყობინოს ობლიგაციების მფლობელებს, ხოლო აღიარებულ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული ობლიგაციების ემიტენტმა, ასევე ეროვნულ ბანკს.

მუხლი 7. საზედამხედველო ზომები ან/და სანქციები

ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული, სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი საზედამხედველო ზომები ან/და სანქციები (მათ შორის, ფულადი ჯარიმა).

მუხლი 8. გარდამავალი დებულება

ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული  ანგარიშგების მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ ობლიგაციებზე, რომელთა ემისიის წინასწარი პროსპექტი ეროვნულ ბანკს დასამტკიცებლად წარედგინება 2027 წლის 1 იანვრის შემდეგ.