დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 7 ნოემბრის №944 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1105 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320060.22.027.017590 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 7 ნოემბრის №944 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07.11.2023, სარეგისტრაციო კოდი: 010320060.22.027.017432) დამტკიცებული წესი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების წესი მუხლი 1. წესის მიზანი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემის თანამშრომელთა (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირი, საჯარო მოსამსახურე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხით/განრიგით გათვალისწინებულ პოზიციაზე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, სტაჟიორი (შემდგომ – თანამშრომელი)) სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების წესის (შემდგომ – წესი) მიზანია თანამშრომლის: ა) გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის (სამედიცინო დახმარება, რომლის გარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება ან შესაძლებლობის შეზღუდვა) საჭირო ფინანსური დახმარება; ბ) ერთადერთი საცხოვრისის (სახლი/ბინა) განადგურების/საცხოვრებლად გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი ფინანსური დახმარება; გ) გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის (მემკვიდრის) ფინანსური დახმარება. მუხლი 2. ფინანსური დახმარება 1. გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო კალენდარული წლის განმავლობაში ერთი თანამშრომლის მიმართ გასაწევი ფინანსური დახმარების ოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 25000 ლარს. 2. ერთადერთი საცხოვრისის (სახლი/ბინა) განადგურების/საცხოვრებლად გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში თანამშრომლის მიმართ გასაწევი ერთჯერადი ფინანსური დახმარების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10000 ლარს. 3. თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს/მემკვიდრეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევა 3000 ლარის ოდენობით. 4. ამ წესის მიზნებისთვის ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ ფულად თანხაში იგულისხმება ფაქტობრივად მისაღები თანხა. 5. ამ წესის შესაბამისად თანამშრომელზე (მის ოჯახზე/მემკვიდრეზე) ფინანსური დახმარება შესაძლებელია გაიცეს იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელი სამინისტროსთან ან/და სამინისტროს სისტემის ნებისმიერ დაწესებულებასთან შრომით ურთიერთობაში, მათ შორის სტაჟირების განმავლობაში, ჯამში 3 თვეზე მეტი იმყოფება/იმყოფებოდა. 6. გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო მკურნალობისთვის თანამშრომელზე ფინანსური დახმარება გაიცემა, თუ მკურნალობა არ ფინანსდება/ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამებისა ან/და კერძო სადაზღვევო სისტემის ფარგლებში. მუხლი 3. ფინანსური დახმარების მოთხოვნა და წარსადგენი დოკუმენტები 1. გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ფინანსური დახმარების მოთხოვნით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, თანამშრომელმა (თუ თანამშრომელს ჯანმრთელობის ან სხვა განსაკუთრებული გარემოების გამო განცხადების პირადად წარმოდგენა არ შეუძლია – მის წარმომადგენელს) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა ფინანსური დახმარების საკითხთა შემსწავლელ კომისიას (შემდგომ – კომისია) უნდა წარუდგინოს: ა) განცხადება; ბ) სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელშიც ასახული იქნება პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დანიშნული მკურნალობა/მედიკამენტები (ფორმა №100, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტაცია) და ამის შესაბამისი ფინანსური გაანგარიშება; გ) დოკუმენტი სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამით დაფინანსებული ნაწილის/დაფინანსებაზე უარის ან/და კერძო სადაზღვევო სისტემის ფარგლებში დაფინანსებული ნაწილის/დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ. 2. თუ გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო თანხა თანამშრომელს უკვე ანაზღაურებული აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირმა კომისიას უნდა წარუდგინოს: ა) განცხადება; ბ) სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელშიც ასახული იქნება პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დანიშნული მკურნალობა/მედიკამენტები (ფორმა №100, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტაცია) და ამის შესაბამისი ფინანსური გაანგარიშება, აგრეთვე შესაბამისი მკურნალობისთვის თანხის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები; გ) დოკუმენტი კერძო სადაზღვევო სისტემის ფარგლებში დაფინანსებული ნაწილის/დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ. 3. თუ გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ განცხადების შეტანის შემდეგ თანამშრომელი გარდაიცვლება, თანამშრომლის წარმომადგენელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, აცნობოს კომისიას აღნიშნულის შესახებ. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესი. 4. თანამშრომლის ერთადერთი საცხოვრისის (სახლი/ბინა) განადგურების/საცხოვრებლად გამოყენების შეუძლებლობის ან თანამშრომლის გარდაცვალების (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გამო თანამშრომლის (მისი ოჯახის/მემკვიდრის) დახმარების მიზნით სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი (ხოლო სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლის შემთხვევაში – შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) ფინანსური დახმარების შესახებ წარდგინებით მიმართავს კომისიას. ერთადერთი საცხოვრისის (სახლი/ბინა) განადგურების/საცხოვრებლად გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში თანამშრომლისთვის გასაწევი ფინანსური დახმარების შესახებ წარდგინებას თან უნდა ახლდეს უფლებამოსილი პირის ინფორმაცია შესაბამისი ფაქტის შესახებ. მუხლი 4. კომისია 1. ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ განცხადების/წარდგინების განხილვის, გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ფინანსური დახმარებისთვის წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენისა და ფინანსური დახმარების გაწევაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრისთვის (შემდგომ – მინისტრი) რეკომენდაციით მიმართვის მიზნით, სამინისტროში იქმნება კომისია. 2. კომისიის შემადგენლობაში შედიან: ა) მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მინისტრის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე); ბ) სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი, აგრეთვე სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის, ეკონომიკური და სამართალშემოქმედების დეპარტამენტების უფროსები/მათი მოვალეობის შემსრულებლები; გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სპეციალური პენიტენციური სამსახური) სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი/დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და ამავე დეპარტამენტის ზოგადი პროფილის ექიმი. 3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ფუნქციას ასრულებს „საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს შორის უფლებამოსილებათა განაწილების შესახებ“ მინისტრის ბრძანების შესაბამისად განსაზღვრული მინისტრის მოადგილე. 4. კომისია უფლებამოსილია გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ფინანსური დახმარების საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი სპეციალიზაციის ექიმი, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული შემთხვევის დაფინანსების საკითხის გადასაწყვეტად კომისიის საქმიანობაში შესაბამისი სპეციალიზაციის ექიმის ჩართვის თხოვნით მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. 5. კომისიის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ. კომისია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. 6. კომისია თანამშრომლისთვის (თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახისთვისთვის/მემკვიდრისთვის) ფინანსური დახმარების გაწევაზე მინისტრისთვის რეკომენდაციით მიმართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. მუხლი 5. ფინანსური დახმარების შესახებ განცხადების/წარდგინების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება 1. კომისია განიხილავს ამ წესით გათვალისწინებულ განცხადებას/წარდგინებას, თანდართულ დოკუმენტაციას და რეკომენდაციით მიმართავს მინისტრს თანამშრომლისთვის ფინანსური დახმარების გაწევის თაობაზე. თუ კომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ვერ დგინდება ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან/ფაქტებთან შესაბამისობა, კომისია ამის შესახებ თანამშრომელს (მისი ოჯახის წარმომადგენელს/მემკვიდრეს) აცნობებს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილებით, საკითხის განხილვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 2. ფინანსური დახმარების გაწევის საკითხის განხილვისას კომისია აანალიზებს არსებულ მდგომარეობას მის წარმოებაში არსებულ საქმეთა შინაარსის, მთლიანობაში მოთხოვნილი ფინანსური დახმარების მოცულობისა და არსებული ფინანსური რესურსის გათვალისწინებით. 3. კომისიის მიერ თანამშრომლისთვის ფინანსური დახმარების გაწევის თაობაზე რეკომენდაციით მიმართვის შემთხვევაში მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება (გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შესაბამისი ოდენობით სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლისთვის (მისი ოჯახისთვის/მემკვიდრისთვის) ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ, ხოლო სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის/სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების თანამშრომლის შემთხვევაში – შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის/სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს მისცეს თანხმობა თანამშრომლისთვის (მისი ოჯახისთვის/მემკვიდრისთვის) ფინანსური დახმარების გაწევის თაობაზე. 4. განსაკუთრებულ შემთხვევაში მინისტრი უფლებამოსილია ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილება კომისიის რეკომენდაციის გარეშეც მიიღოს. 5. თუ გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ განცხადების შეტანის შემდეგ, როდესაც მკურნალობისთვის საჭირო თანხა თანამშრომელს არ აქვს ანაზღაურებული, თანამშრომელი კომისიის მორიგ სხდომამდე გარდაიცვლება, კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. 6. თუ გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ განცხადების შეტანის შემდეგ, როდესაც მკურნალობისთვის საჭირო თანხა თანამშრომელს ანაზღაურებული აქვს, თანამშრომელი კომისიის მორიგ სხდომამდე გარდაიცვლება, კომისია (ამ მუხლის მე-4 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში – მინისტრი) უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახზე/მემკვიდრეზე ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ, თუ წარდგენილი განცხადება ამ წესით განსაზღვრულ პირობებს აკმაყოფილებს. შესაბამისი თანხა გადაირიცხება გარდაცვლილი თანამშრომლის ან მისი ოჯახის წევრის/მემკვიდრის საბანკო ანგარიშზე. 7. თუ გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ განცხადების შეტანის შემდეგ თანამშრომელი კომისიის მორიგ სხდომამდე გარდაიცვლება, ხოლო კომისიას/მინისტრს თანამშრომლისთვის ფინანსური დახმარების შესახებ დადებითი გადაწყვეტილება მიღებული აქვს, მაგრამ ფინანსური დახმარებისთვის განკუთვნილი თანხა გადარიცხული არ არის, კომისია თანამშრომლის წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს თანამშრომლისთვის ფინანსური დახმარების შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, თუ მკურნალობისთვის საჭირო თანხა თანამშრომელს არ აქვს ანაზღაურებული; ბ) სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს/სამინისტროს სისტემის დაწესებულებას რეკომენდაციით მიმართავს გარდაცვლილი თანამშრომლის ან მისი ოჯახის წევრის/მემკვიდრის საბანკო ანგარიშზე მისი ფინანსური დახმარებისთვის განკუთვნილი თანხის გადარიცხვის შესახებ, თუ მკურნალობისთვის საჭირო თანხა თანამშრომელს ანაზღაურებული აქვს და თანხის გადარიცხვის შესახებ არსებობს გარდაცვლილი თანამშრომლის წარმომადგენლის თანხმობა. 8. თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5–მე-7 პუნქტებით განსაზღვრული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, თანამშრომლის ოჯახზე/მემკვიდრეზე გაიცემა ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი ფინანსური დახმარება. მუხლი 6. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა 1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი). 2. ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) უზრუნველყოფს: ა) თანამშრომელთა განცხადებებისა და ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის თანამდებობის პირთა წარდგინების მიღებას, თანდართული დოკუმენტაციის სისრულის შემოწმებას და რიგითობის მიხედვით კომისიისთვის წარდგენას; ბ) კომისიის სხდომების მოწვევასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგებას; გ) კომისიის სხდომის ოქმის წარმოებას, რომელშიც ასახული იქნება თითოეული განცხადების/წარდგინების განხილვის შედეგები და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მუხლი 7. ფინანსური დახმარებისთვის თანხის გამოყოფა 1. ამ წესის შესაბამისად სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლის (მისი ოჯახის/მემკვიდრის) ფინანსური დახმარებისთვის საჭირო თანხა გამოიყოფა სამინისტროს ბიუჯეტის სოციალური უზრუნველყოფის მუხლიდან, ხოლო სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის/სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების თანამშრომლის ფინანსური დახმარებისთვის საჭირო თანხა – შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის/სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ბიუჯეტის სოციალური უზრუნველყოფის მუხლიდან. თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევაში თანხა გადაეცემა გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახს/მემკვიდრეს. 2. სამინისტროს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის/სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ბიუჯეტის სოციალური უზრუნველყოფის მუხლიდან ამ წესით გათვალისწინებული ფინანსური დახმარებისთვის გამოყოფილი სახსრების ამოწურვა კომისიის მიერ საკითხის განხილვის გარეშე ფინანსური დახმარების გაწევაზე უარის თქმის საფუძველია. მუხლი 8. გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ფინანსური დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის ხარჯვის კონტროლი ამ წესის შესაბამისად მიღებული დაფინანსების ფარგლებში მკურნალობის დასრულების შემდეგ, 3 თვის ვადაში, თანამშრომელი, ხოლო მისი გარდაცვალების შემთხვევაში – მისი ოჯახი/მემკვიდრე, ვალდებულია კომისიას წარუდგინოს ფულადი სახსრების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები (საგადახდო დავალება ან/და სალაროს ჩეკი). წინააღმდეგ შემთხვევაში, თანამშრომელი (მისი ოჯახი/მემკვიდრე) ვალდებულია მკურნალობის დასრულების შემდეგ სრულად დააბრუნოს მკურნალობის დასაფინანსებლად მისთვის გადაცემული თანხა ან თანხის ის ნაწილი, რომლის დახარჯვის დოკუმენტაციაც კომისიისთვის არ იქნება წარმოდგენილი. მუხლი 9. გარდამავალი დებულება ამ წესის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთადერთი საცხოვრისის (სახლი/ბინა) განადგურების/საცხოვრებლად გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში თანამშრომლისთვის ფინანსური დახმარება შესაძლებელია გაიცეს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი იურიდიული ფაქტი (ფინანსური დახმარების საფუძველი) 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დადგა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები