2025-2026 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

2025-2026 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 77/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 05/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.018712
77/ნ
05/09/2025
ვებგვერდი, 05/09/2025
430110000.22.022.018712
2025-2026 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №77/ნ

2025 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

2025-2026 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 80​​​​1 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,2025-2026 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრის, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 7 თებერვლის №33 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „2025-2026 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დანართი

 

2025-2026 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა

მუხლი 1. პროგრამის დაფინანსება

1. 2025-2026 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა შეადგენს 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარს.

2. 2025-2026 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომ – პროგრამა) ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარისა.

მუხლი 2. პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების უფლების მქონე სტუდენტი

1. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2025 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

2. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს, თუ იგი როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, არ არის შეყვანილი მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტში.

მუხლი 3. დაფინანსების პრინციპი

1. პროგრამის ფარგლებში ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მაგისტრანტები სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტს მოიპოვებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესით“ გათვალისწინებული საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად მიღებული აბსოლუტური ქულის საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახავენ იმავე ბრძანებით დამტკიცებული „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებით“ დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მაგისტრანტთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დასაფინანსებლად საჭირო თანხის ოდენობა აღემატება ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობას, დაფინანსება გაიცემა მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.

3. თუ ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულმა მაგისტრანტებმა თანაბარი აბსოლუტური ქულა მოიპოვეს და ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა არ არის საკმარისი ყველა მათგანის დასაფინანსებლად, დაფინანსება არ გაიცემა.

მუხლი 4. დარჩენილი თანხის გადანაწილება

1. თუ ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მაგისტრანტებზე, დარჩენილი თანხა გადაუნაწილდებათ მაგისტრანტებს, რომლებიც 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების საფუძველზე ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2024-2025 სასწავლო წელს და რომლებიც, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, არ არიან შეყვანილი 2024 წლის მაგისტრანტობის კანდიდატთა აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტში.

2. თუ ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ დანართის მე-2 მუხლით და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მაგისტრანტებზე, დარჩენილი თანხა დაემატება „2025-2026 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 ივლისის №260 დადგენილების  პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თანხას და გადანაწილდება პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„ი“ ქვეპუნქტებით და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტებზე, რომლებმაც აღნიშნული დადგენილების ფარგლებში ვერ მოიპოვეს დაფინანსება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება გადანაწილდება „2025-2026 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 ივლისის №260 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული თანმიმდევრობით.

მუხლი 5. განცხადების წარდგენა

1. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად ამ დანართის მე-2 მუხლით და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა მაგისტრანტებმა ამ დანართის დანართით განსაზღვრული განცხადება უნდა წარმოადგინონ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში 2025 წლის 15 სექტემბრიდან 2025 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ,  უნდა მოიცავდეს  სუბიექტის ინფორმირების ნაწილს მონაცემთა დამუშავების შესახებ ამ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნებისთვის. ასევე, განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც სურს განმცხადებელს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოპოვება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განცხადებას უნდა დაერთოს ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მუხლი 6. გადაწყვეტილება დაფინანსების მინიჭების შესახებ

1. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით  დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით,  სამინისტრო უფლებამოსილია სტუდენტების შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, პასპორტის ნომერი) გადააგზავნოს სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში და სსიპ  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

2. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით  დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით,  სამინისტრო უფლებამოსილია სტუდენტების შესახებ ინფორმაცია მიიღოს სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან (საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების წელი; მოქალაქეობა; საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულა) და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სადაც ჩაირიცხა; საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება; უმაღლესი განათლების საფეხური, სწავლის საფასური; პროგრამის აკრედიტაცია; სტუდენტის სტატუსი, ინფორმაცია სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით სარგებლობასთან დაკავშირებით).

3. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 7. პროგრამის გავრცელება და ხელმისაწვდომობა

პროგრამის შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უზრუნველყოფს ამ ბრძანების მიწოდებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, ასევე ინფორმაციის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას.


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე