დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის №3/467 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/29 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.088.016097 |
|
„ქ. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის №3/467 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის №405-IIმს-XIმპ კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქ. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის №3/467 ბრძანებაში (სსმ, 147, 30/10/2006, სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.028.009.508) და ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დებულება ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულება მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი (შემდგომ – თეატრი) შექმნილია „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ქ. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის №3/467 ბრძანების შესაბამისად. 2. თეატრი დაფუძნებულია ქ. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ბაზაზე. 3. თეატრი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს კულტურის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. 4. თეატრი ქმნის სპექტაკლებს და დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედებით საქმიანობას. თეატრში იდგმება დრამატული, ტრაგიკული, კომედიური და სხვა ჟანრის სპექტაკლები, რომელთა ძირითადი გამომსახველობითი საშუალებაა სცენური მოქმედება და სიტყვა. 5. თეატრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 6. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად თეატრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობაში. 7. თეატრს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, ბიუჯეტი და სათანადო ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, საბანკო ანგარიშები, ლოგო და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 8. თეატრის იურიდიული მისამართია: ქ. ოზურგეთი, ი. ჭავჭავაძის ქ. №1. მუხლი 2. თეატრის მიზნები თეატრის ძირითადი მიზანია მსოფლიო და ეროვნულ ღირებულებათა განვითარებისათვის მაღალხარისხოვანი სპექტაკლების დადგმა, მათი მეშვეობით თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, საქართველოს თეატრალური ხელოვნების მსოფლიო კულტურულ სივრცეში გაერთიანება, ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარება, ტრადიციების აღორძინება და ზოგადსაკაცობრიო იდეალების პოპულარიზაცია. მუხლი 3. თეატრის უფლება-მოვალეობები 1. თეატრი უფლებამოსილია: ა) უზრუნველყოს თეატრის შემოქმედებითი საქმიანობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა; ბ) უზრუნველყოს მხატვრული მიმართულებისა და რეპერტუარის თავისუფალი არჩევა; გ) ისარგებლოს თავის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით/ნაწარმოებით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ შესრულებული სპექტაკლის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ყველა ფორმა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადასცეს ამ სპექტაკლის დადგმის უფლება სხვა თეატრებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, ასევე, გასცეს თანხმობა (უფლებამოსილ პირთან შეთანხმებით) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიითა და რადიოსაშუალებით გადაცემის, ნაწარმოების ჩანაწერის, ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ; დ) მიიღოს გადაწყვეტილება რეპერტუარის შერჩევის, მხატვრული ნაწარმოების საჯარო შესრულებისა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაციის შესახებ; ე) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებები, განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებები როგორც სახელმწიფო დაწესებულებებთან, ასევე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე) და ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მოახმაროს თეატრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, თანამშრომელთა სოციალურ დაცვას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას, აგრეთვე, თეატრის მიზნებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას; ზ) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თეატრის ეკონომიკური პროგრამა, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს ბილეთების, მის მიერ წარმოებული პროდუქციისა და სხვა კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი და საფასური; თ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიმუშაოს და დაამტკიცოს თეატრის შინაგანაწესი, განსაზღვროს სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა; ი) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე, ამ დებულების შესაბამისად; კ) განახორციელოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა უფლებამოსილება, რაც აუცილებელია თეატრის მიზნების მისაღწევად. 2. თეატრი ვალდებულია: ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმართოს შრომითი ურთიერთობები, ასევე, შემოქმედებითი, ორგანიზაციული და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ანგარიშგება; გ) უზრუნველყოს თეატრის სარგებლობაში არსებული ქონების უსაფრთხოების დაცვა; დ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებები. მუხლი 4. თეატრის სტრუქტურა და მართვა 1. თეატრის შემადგენლობა განისაზღვრება „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად. თეატრის სტრუქტურას ამტკიცებს დირექტორი. 2. თეატრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც წარმართავს თეატრის შემოქმედებით, ფინანსურ, ადმინისტრაციულ, ორგანიზაციულ და ტექნიკურ საქმიანობას „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. თეატრის დირექტორს ნიშნავს მინისტრი საკუთარი შეხედულებით. მინისტრი ასევე უფლებამოსილია თეატრის დირექტორად დანიშნოს კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატი ან სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს (მისი არსებობის შემთხვევაში) მიერ წარდგენილი კანდიდატი ან/და უარი თქვას აღნიშნული საბჭოების მიერ წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე და თეატრის დირექტორი საკუთარი შეხედულებით დანიშნოს. 4. თეატრის დირექტორი უნდა იყოს უმაღლესი განათლების მქონე პირი. თეატრის დირექტორი: ა) არის თეატრის ხელმძღვანელი; ბ) პასუხისმგებელია თეატრის საქმიანობაზე და პერსონალურად არის პასუხისმგებელი მისი საქმიანობის ჯეროვნად წარმართვისთვის; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს თეატრის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს; დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროსთან შეთანხმებით, განსაზღვრავს თეატრის თეატრალური საქმიანობის წახალისების ფორმებსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის ზღვრულ ოდენობას; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ; ვ) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებთან კონკრეტული ვადით დებს შრომით ხელშეკრულებებს, რომლებიც, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ხანგრძლივობის მიუხედავად, უვადო ხელშეკრულებებად არ ჩაითვლება; ზ) საჭიროების შემთხვევაში მოწვეულ სპეციალისტებთან კონკრეტული ვადით დებს შრომით ხელშეკრულებებს, რომლებიც, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ხანგრძლივობის მიუხედავად, უვადო ხელშეკრულებებად არ ჩაითვლება; თ) უფლებამოსილია შეითავსოს სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილებები, თუ მას აქვს უმაღლესი სახელოვნებო განათლება ან მოიწვიოს სამხატვრო ხელმძღვანელი; ი) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სამხატვრო ხელმძღვანელის ან რეჟისორის (რეჟისორების) მოზიდვასა და დასაქმებას თეატრის შემოქმედებითი ზრდის, რეპერტუარის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით; კ) უზრუნველყოფს მსახიობთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და მათ პროფესიულ ზრდას; ლ) ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს (მისი არსებობის შემთხვევაში); მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებსა და სტაჟიორებს; ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და დამხმარე პერსონალის წევრებს; ო) წარმართავს თეატრის შემოქმედებით, ფინანსურ, ადმინისტრაციულ, ორგანიზაციულ და ტექნიკურ საქმიანობას; პ) უფლებამოსილია მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება (უფლებამოსილების დელეგირება თეატრის დირექტორს არ ათავისუფლებს თეატრის საქმიანობაზე პასუხისმგებლობისგან); ჟ) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს, მათ შორის, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; რ) თეატრის სახელით დებს გარიგებებს, კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს მემორანდუმებს, ხელშეკრულებებს, მათ შორის, შრომით ხელშეკრულებებს; ს) ამტკიცებს თეატრის შრომის შინაგანაწესს; ტ) ხელს აწერს თეატრის ოფიციალურ დოკუმენტებს; უ) წარმოადგენს თეატრს მესამე პირებთან ურთიერთობაში, თეატრის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, გასცემს მინდობილობებს; ფ) უფლებამოსილია შექმნას კომისიები და სამუშაო ჯგუფები; ქ) ამტკიცებს თეატრის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობებს; ღ) პასუხისმგებელია თეატრისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლების მიზნობრივ გამოყენებაზე; ყ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გასცეს თანამშრომლებზე სახელფასო დანამატი; შ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. თეატრის დირექტორი ვალდებულია მინისტრის მოთხოვნის შემთხვევაში, წელიწადში ერთხელ სამინისტროში წარადგინოს ანგარიში იმ სამოქმედო პროგრამისა და სამუშაო გეგმის (შემოქმედებითი, ორგანიზაციული და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის შესახებ) შესრულების თაობაზე, რომლის საფუძველზეც ის იქნა დანიშნული თანამდებობაზე. 6. თეატრის დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი: ა) სარეკომენდაციო საბჭოს მიერ წარდგენილი დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე; ბ) თეატრის დასის ან სამხატვრო საბჭოს (მისი არსებობის შემთხვევაში) დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, თუ მინისტრი გაიზიარებს წარდგენილ დასაბუთებას; გ) საკუთარი ინიციატივით, რის შესახებაც თეატრის დირექტორს ეცნობება 1 თვით ადრე და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით ან ეცნობება 3 კალენდარული დღით ადრე და ეძლევა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; დ) სამოქმედო პროგრამისა და სამუშაო გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში. 7. დირექტორის არყოფნის, მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის, გათავისუფლების ან გადადგომის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული პირი. მუხლი 5. თეატრის ფინანსები, ქონება, აღრიცხვა და ანგარიშგება 1. თეატრის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები; ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრები; გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების სახსრები; დ) დამფუძნებელთა კერძო საწესდებო ფონდი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახსრები; ე) უცხოური ინვესტიციები; ვ) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულობანი; ზ) კერძო შემოწირულობანი; თ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი; ი) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები ხმარდება მხოლოდ თეატრის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, მისი უფლებამოსილებისა და ფუნქციების აღსრულებას. 3. თეატრს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაეცემა ქონება, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. თეატრის ქონებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. 4. თეატრი პასუხისმგებელია საკუთარ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე. 5. თეატრი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს. 6. თეატრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი და ამტკიცებს სამინისტრო. მუხლი 6. თეატრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი 1. თეატრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. თეატრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს თეატრის მიერ მიღებული არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 4. თეატრს მხოლოდ სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე თეატრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები თეატრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. მუხლი 7. თეატრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია თეატრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია შეიძლება მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. მუხლი 8. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები