პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 95/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 19/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018730
95/ნ
19/09/2025
ვებგვერდი, 19/09/2025
430210000.22.022.018730
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №95/ნ

2025 წლის 19 სექტემბერი

ქ.თბილისი

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესი“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცხადებულ მიღებებზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე




 

დანართი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონული ჟურნალის (შემდგომ − ელექტრონული ჟურნალი) წარმოების წესი (შემდგომ − წესი) განსაზღვრავს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების (შემდგომ − დაწესებულება) პროფესიული სტუდენტების დასწრების აღრიცხვის, სწავლის შედეგების დადასტურების, ასევე, ელექტრონული ჟურნალის ადმინისტრირების, მასში ინფორმაციის/მონაცემების დამუშავების (ელექტრონულ ჟურნალში ინფორმაციის/მონაცემების ასახვა/შენახვა/რედაქტირება/მიღება/გაცემა) წესებს და პირობებს, ასევე პასუხისმგებლობებს ელექტრონულ ჟურნალში ინფორმაციის დამუშავებაზე.

2. ამ წესის მიზანია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს  განათლების, მეცნიერებისა და ახლგაზრდობის სამინისტროსა (შემდგომ – სამინისტრო) და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომ − მართვის სისტემა) მიერ ინფორმაციის/მონაცემების დამუშავების, ანალიზისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა.

მუხლი 2. ელექტრონული ჟურნალი

1. ელექტრონული ჟურნალი წარმოადგენს მართვის სისტემის სერვერზე განთავსებულ ელექტრონულ სისტემას, რომელიც აერთიანებს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციას და რომელშიც ინფორმაციის დამუშავება ხორციელდება მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლების მიერ.

2. ელექტრონულ ჟურნალში შესვლა შესაძლებელია ვებგვერდიდან onlinevet.emis.ge.

მუხლი 3. ელექტრონული ჟურნალის სუბიექტები და ინფორმაციაზე/მონაცემებზე წვდომის უფლებები

1. ელექტრონული ჟურნალით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ ელექტრონული ჟურნალის სუბიექტებს.

2. მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში, ელექტრონული ჟურნალის სუბიექტები არიან:

ა) სამინისტრო, ინფორმაციის/მონაცემებზე ხედვის უფლებით;

ბ) მართვის სისტემა, ტექნიკური ადმინისტრირების უფლებით;

გ) დაწესებულება,  ინფორმაციის/მონაცემების ასახვის/შენახვის/რედაქტირების/მიღების/გაცემის უფლებით;

დ) პროფესიული განათლების მასწავლებელი, ინფორმაციის/მონაცემების ასახვის/შენახვის/რედაქტირების/მიღების/გაცემის უფლებით;

ე) პროფესიული სტუდენტი, ინფორმაციის/მონაცემების ასახვის/შენახვის/რედაქტირების/მიღების/გაცემის უფლებით.

3. ელექტრონული ჟურნალი მოიცავს ინფორმაციაზე/მონაცემებზე წვდომის შემდეგი სახის უფლებებს:

ა) ინფორმაციის/მონაცემების ხედვა;

ბ) ინფორმაციის/მონაცემების ასახვა/შენახვა/რედაქტირება/მიღება/გაცემა;

გ) ტექნიკური ადმინისტრირება.

4. ინფორმაციაზე/მონაცემზე ხედვის უფლება გულისხმობს ელექტრონული ჟურნალის სუბიექტის მიერ ინფორმაციის/მონაცემების მხოლოდ დათვალიერების შესაძლებლობას.

5. ინფორმაციის/მონაცემის ასახვის/შენახვის/რედაქტირების/მიღების/გაცემის უფლება გულისხმობს ელექტრონული ჟურნალის სუბიექტის მიერ ინფორმაციის/მონაცემის ასახვის, შეცვლის, წაშლის/გაუქმების/მიღების და გაცემის შესაძლებლობას.

6. ელექტრონულ ჟურნალში ასახული ინფორმაციის/მონაცემის სისწორესა და სისრულეზე პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის/მონაცემის ასახვის ვალდებულების მქონე სუბიექტი.

მუხლი 4. ელექტრონულ ჟურნალში არსებული ინფორმაცია

1. ელექტრონულ ჟურნალში არსებული ინფორმაცია ელექტრონული ჟურნალის სუბიექტებისთვის ხელმისაწვდომია საქართველოს კანონმდებლობითა და მის საფუძველზე განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. ელექტრონული ჟურნალის ყველა სუბიექტს აქვს საკუთარი პროფილი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი მასშტაბის წვდომა პერსონალურ მონაცემზე.

2. ელექტრონული ჟურნალი მოიცავს:

ა) ინფორმაციას ჯგუფების შესახებ, რომლის ფორმირებასაც უზრუნველყოფს  დაწესებულება პროფესიული სტუდენტების, პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულების გათვალისწინებით;

ბ) კალენდარს, სადაც მოცემულია ინფორმაცია დაწესებულების მიერ დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების, უქმე დღეებისა და არდადეგების შესახებ;

გ) სასწავლო განრიგს, რაც გულისხმობს მოდულების გაწერას კვირებისა და საათების მითითებით, სასწავლო გეგმის შესაბამისად;

დ) ინფორმაციას აღრიცხვის/შეფასების შესახებ, რაც გულისხმობს პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ პროფესიულ სტუდენტთა ლექციაზე დასწრების აღრიცხვასა და შეფასებას  ელექტრონულ ჟურნალში;

ე) შეფასების უწყისს, რომელიც მოიცავს ელექტრონულ ჟურნალში პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ მოდულის ფარგლებში ჩატარებული შეფასების შედეგებს თითოეული პროფესიული სტუდენტისა და შეფასების მეთოდის მითითებით;

ვ) სასწავლო რესურსების გვერდს, რაც აერთიანებს მოდულთან დაკავშირებულ სასწავლო რესურსებს (ტექსტური, გრაფიკული, აუდიო/ვიდეო) და რომელიც ხელმისაწვოდომია ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტებისთვის;

ზ) შეტყობინებების გვერდს („ჩატი“), საიდანაც შესაძლებელია ელექტორნული ჟურნალის ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სუბიექტებს შორის შეტყობინების გაგზავნა;

თ) განაცხადის გვერდს, რომლითაც პროფესიული სტუდენტი უფლებამოსიალია შექმნას განაცხადი შიდა მობილობის ან საპატიო გაცდენის შესახებ და ატვირთოს შესაბამისი დოკუმენტები.

3. ელექტრონული ჟურნალის საშუალებით მიღებულ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ განაცხადს გააჩნია იგივე იურიდიული ძალა, რაც ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით დაწესებულების მიერ მიღებულ განცხადებას.

4. პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომ – სისტემა) წარმოადგენს ელექტრონული ჟურნალის მონაცემთა წყაროს, კერძოდ, ელექტრონულ ჟურნალში სისტემიდან აისახება:

ა)  პროფესიული განათლების მასწავლებლის:

ა.ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი (ფაქტობრივი/იურიდიული) ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ა.ბ) დაკავებული თანამდებობა, თანამდებობის დაკავების ან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის თარიღი, გათავისუფლების თარიღი;

ა.გ) განათლება (დაწყება/დასრულების თარიღები, აკადემიური ხარისხი, კვალიფიკაცია, გავლილი ტრენინგები/სასწავლო კურსები) და სამუშაო გამოცდილება;

ა.დ) განხორციელებული მოდულის შესახებ ინფორმაცია შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე  მიღების მითითებით.

ბ) პროფესიული სტუდენტის:

ბ.ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი (ფაქტობრივი/იურიდიული) ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ბ.ბ) განათლება (დაწყება/დასრულების თარიღები, კვალიფიკაცია).

გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდული და თითოეული მოდულის სასწავლო გეგმა/ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.

5. ელექტრონულ ჟურნალში ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე ინფორმაციის შეტანის შეუძლებლობის შემთხვევაში, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისიწინებული სუბიექტი უფლებამოსილია აწარმოოს ჟურნალი მატერიალური სახით.

6. მატერიალური სახით წარმოებულ ჟურნალში მითითებული ინფორმაცია, ფორსმაჟორული სიტუაციის აღმოფხვრიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა აისახოს ელექტრონულ ჟურნალში,  ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ.

7. მატერიალური სახით წარმოებულ ჟურნალსა და ელექტრონულ ჟურნალში ასახულ შესაბამის ინფორმაციას შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნება ელექტრონულ ჟურნალში ასახული ინფორმაცია.

მუხლი 5. ელექტრონულ ჟურნალში მიმდინარე პროცესები

ელექტრონულ ჟურნალში ელექტრონულად მიმდინარეობს შემდეგი პროცესები:

ა) სისტემაში ასახული სასწავლო გეგმის შესაბამისად, მოდულებისა და კვირების მიხედვით სასწავლო განრიგისა და კალენდრის ფორმირება;

ბ) ჯგუფების ფორმირება;

გ) პროფესიული სტუდენტის სასწავლო პროცესზე დასწრების აღრიცხვა;

დ) სწავლის შედეგების შეფასების ინსტრუმენტის დადგენა;

ე) სხვადასხვა სახის ღონისძიების ჩანიშვნა (სწავლის შედეგის დადასტურების ჩანიშვნა/სწავლის შედეგის დადასტურების აღდგენა);

ვ) შეფასება (სწავლის შედეგების დადასტურება/არ დადასტურება) მათ შორის ინტეგრირებული ზოგადი მოდულით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეფასება და პროფესიული სტუდენტის ელექტრონული პორტფოლიოს წარმოება;

ზ) განაცხადის გაკეთება;

თ) სასწავლო რესურსების ატვირთვა;

ი) შეფასების უწყისის ფორმირება;

კ) ელექტრონული ჟურნალის შეტყობინებების („ჩატი“) გვერდიდან ელექტორნული ჟურნალის ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სუბიექტებ შორის კომუნიკაცია;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა პროცესები.

მუხლი 6. დაწესებულების მიერ ელექტრონულ ჟურნალში განსახორციელებელი აქტივობები

1. დაწესებულება ელექტრონულ ჟურნალში, სისტემაში ასახული სასწავლო გეგმის შესაბამისად, უზრუნველყოფს:

ა) სასწავლო განრიგის შექმნას და კალენდრის ფორმირებას;

ბ) ჯგუფების ფორმირებას;

გ) პროფესიული სტუდენტის განაცხადზე შესაბამის რეაგირებას.

2. დაწესებულება უფლებამოსილია:

ა) პროფესიული განათლების მასწავლებელს განუსაზღვროს ელექტრონულ ჟურნალში შეტანილი ინფორმაციის რედაქტირებისთვის საჭირო ვადა, არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა;

ბ) პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ჩაანაცვლოს სხვა პროფესიული განათლების მასწავლებლით.

3. დაწესებულება ვალდებულია მონიტორინგი გაუწიოს ელექტრონული ჟურნალის ამ წესის შესაბამისად წარმოებას და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი გამოსწორება 1 თვის ვადაში.

მუხლი 7. პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ ელექტრონულ ჟურნალში განსახორციელებელი აქტივობები

1. პროფესიული განათლების მასწავლებელი ვალდებულია:

ა) ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი;

ბ) ელექტრონულ ჟურნალში ასახოს ინფორმაცია პროფესიული სტუდენტის სასწავლო პროცესზე დასწრების შესახებ, დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადებში;

გ) ჩანიშნოს მოდულის შესაბამისი სწავლის შედეგის დადასტურების თარიღი, აღნიშნული თარიღის დადგომამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე;

დ) განსაზღვროს შეფასების ინსტრუმენტი;

ე) შესაბამისი სწავლის შედეგების შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით, თითოეული პროფესიული სტუდენტის მიმართ მონიშნოს სწავლის შედეგის დადასტურება ან სწავლის შედეგის არდადასტურება და უზრუნველყოს შეფასების უწყისის ფორმირება დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადებში;

ვ) დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადებში პროფესიული სტუდენტის ელექტრონულ პორტფოლიოში ასახოს პროფესიული სტუდენტის პროგრესის ამსახველი მტკიცებულებები;  

ზ) ელექტრონულ ჟურნალში, მის მიერ არასწორად ასახული აღრიცხვის/შეფასების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებით მიმართოს დაწესებულებას არასწორად ასახული აღრიცხვის/შეფასების გაუქმების მოთხოვნით.

2. პროფესიული განათლების მასწავლებელი უფლებამოსილია:

ა) პროფესიული სტუდენტის მიერ სწავლის შედეგის დადასტურების საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში კალენდარში განსაზღვროს დადასტურების აღდგენის ვადა;

ბ) ელექტრონულ ჟურნალში ატვირთოს მოდულთან დაკავშირებული სასწავლო რესურსები;

გ) ელექტრონული ჟურნალის შეტყობინებების გვერდიდან („ჩატი“) გაუგზავნოს შეტყობინება პროფესიულ სტუდენტს.

მუხლი 8. პროფესიული სტუდენტის მიერ ელექტრონულ ჟურნალში განსახორციელებელი აქტივობები

1. პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია:

ა) გაეცნოს ელექტრონულ ჟურნალში ასახულ შეფასებებს, დასწრებისა და სხვა აქტივობების შესახებ ინფორმაციას;

ბ) ელექტრონული ჟურნალის მეშვეობით დაწესებულებას წარუდგინოს განაცხადი;

გ) ელექტრონული ჟურნალის შეტყობინებების გვერდიდან („ჩატი“) გაგზავნოს შეტყობინება და დაუბრუნოს პასუხი პროფესიული მასწავლებლისგან მიღებულ შეტყობინებაზე.

მუხლი 9.  ელექტრონულ ჟურნალში არსებული ინფორმაციის/მონაცემების კონფიდენციალობა და შენახვის ვადა

1. ელექტრონული ჟურნალის თითოეულ სუბიექტს ელექტრონულ ჟურნალში გააჩნია მისთვის მინიჭებული ინფორმაციაზე/მონაცემებზე წვდომის მასშტაბი, რომლის ფარგლებში შესაბამის სუბიექტს შესაძლებელია მიენიჭოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებები.

2. ელექტრონულ ჟურნალზე წვდომის მასშტაბი და ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ჟურნალის სუბიექტისათვის კონკრეტული სახის უფლების მინიჭების საკითხი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მის საფუძველზე განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, სისტემაში მითითებული პოზიციების შესაბამისად.

3. ელექტრონულ ჟურნალში ასახული ზოგიერთი ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს.

4. ელექტრონულ ჟურნალში ასახულ პერსონალურ მონაცემებზე შესაბამისი წვდომის მასშტაბი გააჩნია ელექტრონული ჟურნალის სუბიექტებს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალობა, არ გაამჟღავნონ  ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და“ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების შესახებ ინფორმაცია/მონაცემები ელექტრონულ ჟურნალში ინახება მათი აქტიური სტატუსის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. აქტიური სტატუსის შეწყვეტისას ინფორმაცია/მონაცემები ელექტრონულად არქივდება და ინახება 5 წლის განმავლობაში.

7. პროფესიული სტუდენტის ელექტრონულ პორტფოლიოში პროფესიული სტუდენტის სწავლის შედეგების მიღწევების ამსახველი მტკიცებულებები ინახება საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დამტკიცებული „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესით” დადგენილი ვადით.

8. დაარქივებული ინფორმაცია/მონაცემები ხელმისაწვდომი აღარ არის ელექტრონული ჟურნალის სუბიქტებისთვის. დაარქივებულ ინფორმაციაზე/მონაცემებზე წვდომა ექნება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პირს/პირებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 5-წლიანი ვადის გასვლის შემდგომ ინფორმაცია/მონაცემები წაიშლება აღდგენის შესაძლებლობის გარეშე.

9. ამ მუხლის მე-6 პუნქტის მიზნებისთვის აქტიური სტატუსის შეწყვეტაში იგულისხმება – პროფესიული სტუდენტისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა, ხოლო პროფესიული მასწავლებლისათვის – დაწესებულებასთან არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

10. ელექტრონულ ჟურნალში ასახული მონაცემები, რომლებიც არ განეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს ელექტრონულად არქივდება და ინახება მათი შექმნიდან 5 წლის განმავლობაში.

მუხლი 10. ელექტრონულ ჟურნალში ავტორიზაცია

1. ელექტრონული ჟურნალის სუბიექტის მხრიდან ელექტრონულ ჟურნალზე წვდომისათვის საჭიროა ავტორიზაციის გავლა.

2. პირის ავტორიზებულ მომხმარებლად რეგისტრაცია და ამ წესით გათვალისწინებული უფლების/უფლებების მინიჭება ხორციელდება უშუალოდ ელექტრონული ჟურნალის სუბიექტისა ან მართვის სისტემის მიერ.

3. ელექტრონულ ჟურნალზე წვდომისათვის საჭიროა მომხმარებელმა გაიაროს ავტორიზაცია, რომელიც ხორციელდება Microsoft 365-ის მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით.

4. ავტორიზაციის გავლის შემდეგ თითოეულ მომხმარებელს ელექტრონულ ჟურნალში გააჩნია მონაცემებზე მისთვის მინიჭებული წვდომის შესაბამისი მასშტაბი.

5. ავტორიზაციის მომხმარებლისა და/ან პაროლის დავიწყების შემთხვევაში მომხმარებლისა და/ან პაროლის აღდგენა შესაძლებელია.

6. პაროლის შეცვლა შესაძლებელია მომხმარებლის პირადი გვერდიდან.

მუხლი 11ელექტრონული ჟურნალის მიერ ავტომატურად განსახორციელებელი მოქმედებები

ელექტრონულ ჟურნალში ასახული მონაცემების საფუძველზე ხორციელდება პროფესიული სტუდენტის შეფასებებისა და გაცდენების ავტომატური დათვლა.

მუხლი 12. ელექტრონული ჟურნალის უსაფრთხოება

1.  ელექტრონული ჟურნალის უსაფრთხოებასა და მაღალტექნოლოგიურობას უზრუნველყოფს მართვის სისტემა.

2. ელექტრონული ჟურნალის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. ელექტრონული ჟურნალის მონაცემთა ბაზაზე წვდომა აქვს მხოლოდ მართვის სისტემის მონაცემთა ბაზის და სისტემურ ადმინისტრატორ(ებ)ს.

4. ელექტრონულ ჟურნალში არსებული ინფორმაციის სარეზერვო ასლის შექმნა ხორციელდება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი „სარეზერვო ასლების და ჩანაწერების შენახვის წესის” შესაბამისად.

5. დაუშვებელია ავტორიზებული მომხმარებლის მიერ მომხმარებლის სახელის და პაროლის გადაცემა სხვა პირებზე. უსაფრთხოების აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელი პასუხისმგებელია არაავტორიზებული წვდომით მიღებულ შედეგზე.