დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 458 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340080000.10.003.025352 |
|
„ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №263 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/04/2020, 340080000.10.003.021977) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის“:
1. მე-3 მუხლის: ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ბენეფიციარი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელთანაც სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში გაფორმებულია დაფინანსების/თანადაფინანსების ხელშეკრულება ან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთანაც სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში გაფორმებული არაა დაფინანსების/თანადაფინანსების ხელშეკრულება ან უცხოელი კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსების მიზნობრიობის ბენეფიციარი − არანაკლებ 10 პირისგან შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ასოციაცია) და/ან სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი და/ან არანაკლებ 10 პირისგან შექმნილი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება; ბ) პოტენციური ბენეფიციარი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელთანაც სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში გაფორმებულია დაფინანსების/თანადაფინანსების ხელშეკრულება და შესაძლებელია, გაფორმდეს ხელშეკრულება ან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთანაც სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში გაფორმებული არაა დაფინანსების/თანადაფინანსების ხელშეკრულება და შესაძლებელია, გაფორმდეს ხელშეკრულება ან უცხოელი კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსების მიზნობრიობის პოტენციური ბენეფიციარი − არანაკლებ 10 პირისაგან შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ასოციაცია) და/ან სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი და/ან არანაკლებ 10 პირისგან შექმნილი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელთანაც შესაძლებელია, გაფორმდეს ხელშეკრულება;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები: „ი) კონსულტანტი − უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური ან უცხოეთში რეგისტირებული იურიდიული პირი, რომელიც განახორციელებს ერთწლოვან და მრავალწლოვან კულტურებზე, როგორც ღია, ასევე დახურული გრუნტის შემთხვევაში, აგროსაქმიანობასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს; კ) ტექნიკური კონსულტანტი − უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც განახორციელებს მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების მიმართულებით კონსულტაციებს (გარდა პროდუქციის გადამუშავებასთან დაკავშირებული საკითხებისა).“. 2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. პროგრამის მიზნობრიობები პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ მიზნობრიობებს: ა) სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/ სტანდარტების დანერგვისა და სერტიფიცირების მომსახურების თანადაფინანსებას; ბ) ბრენდირების ან/და შეფუთვის დიზაინის შექმნის თანადაფინანსებას; გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ(ებ)ისათვის მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ბრენდირებისათვის/საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის შეძენის თანადაფინანსებას; დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიესათვის ბუღალტერიის შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსის თანადაფინანსებას; ე) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ(ებ)ის მიერ სასაქონლო ნიშნ(ებ)ის რეგისტრაციის ღირებულების თანადაფინანსებას; ვ) უცხოელი კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსებას.“. 3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 5. თანადაფინანსება და შეზღუდვები 1. სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/ სტანდარტების დანერგვისა და სერტიფიცირების თანადაფინანსების შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა, ხოლო, თუ პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არაუმეტეს 30%-ით, მაგრამ არაუმეტეს 6 000 ლარისა. სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/ სტანდარტების დანერგვისა და სერტიფიცირების თანადაფინანსება განხორციელდება მხოლოდ იმ პოტენციური ბენეფიციარისათვის, რომელსაც სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში უკვე გაფორმებული აქვს თანადაფინანსების/დაფინანსების ხელშეკრულება. 2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების დანერგვისა და სერტიფიცირების შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 80%-ით, არაუმეტეს 16 000 ლარისა, ხოლო, თუ პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება − არაუმეტეს 40%-ით, მაგრამ არაუმეტეს 8 000 ლარისა. სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების დანერგვისა და სერტიფიცირების თანადაფინანსება განხორციელდება მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის, რომელსაც სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში უკვე გაფორმებული აქვს თანადაფინანსების/დაფინანსების ხელშეკრულება. 3. ბრენდირების ან/და შეფუთვის დიზაინის შექმნის შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 40%-ით, მაგრამ არაუმეტეს 6 000 ლარისა, ხოლო თუ პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არაუმეტეს 30%-ით, მაგრამ არაუმეტეს 4 000 ლარისა. ბრენდირების ან/და შეფუთვის დიზაინის შექმნის თანადაფინანსება განხორციელდება მხოლოდ იმ მიმართულებით/მიზნობრიობით, რაზეც პოტენციურ ბენეფიციარს სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში უკვე გაფორმებული აქვს თანადაფინანსების/დაფინანსების ხელშეკრულება. 4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ ბრენდირების ან/და შეფუთვის დიზაინის შექმნის შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა, ხოლო, თუ ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება − არაუმეტეს 40%-ით, მაგრამ არაუმეტეს 6 000 ლარისა. ბრენდირების ან/და შეფუთვის დიზაინის შექმნის თანადაფინანსება განხორციელდება მხოლოდ იმ მიმართულებით/ მიზნობრიობით, რაზეც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში უკვე გაფორმებული აქვს თანადაფინანსების/დაფინანსების ხელშეკრულება. 5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ წარმოებული პროდუქტის ბრენდირებისათვის/საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის შეძენის შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა. 6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიესათვის ბუღალტერიის შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსის თანადაფინანსების შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება კურსის ღირებულების 80%-ით, მაგრამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მხოლოდ ერთ მეპაიეზე არაუმეტეს 1 200 ლარისა. 7. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება სასაქონლო ნიშნ(ებ)ის რეგისტრაციის ღირებულების არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 750 ლარისა. 8. უცხოელი კონსულტანტების მომსახურების თანადაფინანსების მიზნობრიობის შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე განისაზღვრება არაუმეტეს ოთხჯერ, მაგრამ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ (ერთი კონსულტანტის და ერთი ტექნიკური კონსულტანტის), შემდეგნაირად: ა) პირველ წელს პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილ არაუმეტეს ორ განაცხადზე ერთი წლის განმავლობაში, საიდანაც კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსება განისაზღვრება ერთი განაცხადით მოთხოვნილი ანაზღაურების ოდენობის არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს ჯამურად ერთი წლის განმავლობაში 30 000 ლარისა, ხოლო ტექნიკური კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსება განისაზღვრება ერთი განაცხადით მოთხოვნილი ანაზღაურების ოდენობის არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს ჯამურად ერთი წლის განმავლობაში 10 000 ლარისა. ერთი განაცხადის ფარგლებში შესაძლებელია, სააგენტოს თანადაფინანსება გაიცეს ერთი ან რამდენიმე კონსულტანტის ან ტექნიკური კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსებისათვის; ბ) მეორე წელს პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილ არაუმეტეს ორ განაცხადზე ერთი წლის განმავლობაში, საიდანაც კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსება განისაზღვრება ერთი განაცხადით მოთხოვნილი ანაზღაურების ოდენობის არაუმეტეს 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს ჯამურად ერთი წლის განმავლობაში 22 500 ლარისა, ხოლო ტექნიკური კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსება განისაზღვრება ერთი განაცხადით მოთხოვნილი ანაზღაურების ოდენობის არაუმეტეს 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს ჯამურად ერთი წლის განმავლობაში 7 500 ლარისა. ერთი განაცხადის ფარგლებში შესაძლებელია, სააგენტოს თანადაფინანსება გაიცეს ერთი ან რამდენიმე კონსულტანტის ან ტექნიკური კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსებისათვის; გ) პირველ წელს კონსულტანტის მომსახურების შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება გაიცემა კონსულტანტის მომსახურების არაუმეტეს 30 დღეზე, ხოლო ტექნიკური კონსულტანტის მომსახურების შემთხვევაში, არაუმეტეს 10 დღეზე, მაგრამ ერთ სამუშაო დღეზე არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით. განაცხადში მითითებული თითოეული საკონსულტაციო პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს; დ) მეორე წელს კონსულტანტის მომსახურების შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება გაიცემა კონსულტანტის მომსახურების არაუმეტეს 30 დღეზე, ხოლო ტექნიკური კონსულტანტის მომსახურების შემთხვევაში, არაუმეტეს 10 დღეზე, მაგრამ ერთ სამუშაო დღეზე არაუმეტეს 750 ლარის ოდენობით. განაცხადში მითითებული თითოეული საკონსულტაციო პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. 9. სააგენტოს თანადაფინასება გაიცემა ბენეფიციარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ.“. 4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პოტენციურ ბენეფიციართან სააგენტოს პროგრამების/პროექტების ფარგლებში გაფორმებული უნდა იყოს თანადაფინანსების ხელშეკრულება (გარდა უცხოელი კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსების მიზნობრიობის პოტენციური ბენეფიციარისა ან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისა, რომელიც არ არის პროგრამის მე-4 მუხლის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრიობის პოტენციური ბენეფიციარი);“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები: „გ) უცხოელი კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსების მიზნობრიობის პოტენციურ ბენეფიციარს ან/და მის წევრ(ებ)ს ან/და წევრების მეპაიე(ებ)ს ან/და მეპაიეებს, რომელთაც განაცხადით მოთხოვნილი აქვთ: გ.ა) კონსულტანტის თანადაფინანსება უნდა გააჩნდეს: გ.ა.ა) მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში არანაკლებ 50 ჰა, ხოლო კენკროვანი კულტურების შემთხვევაში არანაკლებ 30 ჰა გაშენებული ერთი კულტურის ბაღ(ებ)ი. მრავალწლოვანი კულტურების ბაღები (გარდა იმ კულტურებისა, რომლებიც არაა გათვალისწინებული „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის − „დანერგე მომავალი“ (შემდგომში − სახელმწიფო პროგრამა − „დანერგე მომავალი“) ფარგლებში) მოწყობილი უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამის − „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ან სახელმწიფო პროგრამის − „დანერგე მომავალი“ განსაზღვრული სტანდარტის შესაბამისად; გ.ა.ბ) კარტოფილის ან მარცვლოვანი ერთწლოვანი კულტურებისათვის ერთი კულტურის წარმოებისათვის არანაკლებ 100 ჰა, ხოლო ბოსტნეულის ან ბაღჩეულის ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში, ერთი კულტურის წარმოებისათვის არანაკლებ 50 ჰა მიწის ფართობ(ებ)ი; გ.ა.გ) სათბურის შემთხვევაში, არანაკლებ 1 ჰა სასათბურე მეურნეობა; გ.ბ) ტექნიკური კონსულტანტის თანადაფინანსება უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2000 ტონის ტევადობის შემნახველი ინფრასტრუქტურა; დ) უცხოელი კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსების მიზნობრიობის პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰყავდეს აგრონომი.“. 5. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი: „ მუხლი 61. კონსულტანტისა და ტექნიკური კონსულტანტის შესაბამისობის კრიტერიუმები კონსულტანტს/ტექნიკურ კონსულტანტს, როგორც დამოუკიდებელი კონსულტანტის/ტექნიკური კონსულტანტის, ასევე კომპანიაში დასაქმებული კონსულტანტის/ტექნიკური კონსულტანტის შემთხვევაში, უნდა: ა) ჰქონდეს მიღებული განათლება მცენარეთა მოვლა-მოყვანისა ან/და მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების განხრით; ბ) გააჩნდეს არანაკლებ 5 წლიანი საკონსულტაციო ან/და სამეცნიერო ან/და პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება, ასევე განაცხადის წარდგენის თარიღამდე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არანაკლებ ხუთ პირთან განხორციელებული დოკუმენტურად დადასტურებული კონსულტაცია უცხოელი კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსების მიზნობრიობის პოტენციური ბენეფიციარის მიერ განაცხადით მოთხოვნილი კულტურის წარმოების მიმართულებით ან/და მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების მიმართულებით.“. 6. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ბენეფიციარის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები ბენეფიციარი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების დანერგვა და სერტიფიცირება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში; ბ) უზრუნველყოს ბრენდირებისა და შეფუთვის დიზაინის შექმნა შესაბამისი მიზნობრიობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 18 თვის ვადაში; გ) არ მოახდინოს პროდუქტის ბრენდირებისათვის/საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის გასხვისება შესაბამისი მიზნობრიობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანადაფინასების მიღებიდან 24 თვის განმავლობაში; დ) პროგრამის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრიობის შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ბენეფიციარმა სააგენტოში წარადგინოს დეტალური ანგარიში კონსულტანტის/ტექნიკური კონსულტანტის მიერ გაწეული საქმიანობისა და რეკომენდაციების შესახებ; ე) უზრუნველყოს კონსულტანტის ან/და ტექნიკური კონსულტანტის მიერ არანაკლებ 1-დღიანი სასწავლო კურსის ჩატარება სააგენტოს მიერ განსაზღვრული პირებისთვის და შესაბამისი საპრეზენტაციო მასალის მომზადება, პროდუქციის შენახვა/ტრანსპორტირების მიმართულებით ან/და შესაბამისი კულტურის წარმოების შესახებ.“. 7. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 9. განაცხადის მიღებისა და თანადაფინანსების გაცემის პროცედურა ა) განაცხადის მიღების, განხილვის, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს სააგენტო; ბ) პროგრამის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრიობის დაფინანსების მიზნით წარმოდგენილ განაცხადებს განიხილავს სააგენტოში შექმნილი პროექტების/პროგრამების საკითხების განმხილველი სპეციალური კომისია სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წარმომადგენელთან/წარმომადგენლებთან ერთად.“. 8. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 10. პროგრამის მონიტორინგი ბენეფიციარმა, პროგრამის მე-4 მუხლის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად, უნდა წარადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ანგარიში, ან სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნა საინვესტიციო ღირებულების მიზნობრივად ხარჯვასა და მიზნობრიობის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელშიც აღწერილი უნდა იყოს დასკვნის მომზადების მეთოდოლოგია და თან უნდა ახლდეს ფულადი სახსრების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლ(ებ)ი (საგადახდო დავალება ან/და სალაროს ჩეკი).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები