თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ

თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 115
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017644
115
28/11/2025
ვებგვერდი, 01/12/2025
140130000.22.034.017644
თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №115

2025 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 26-ე მუხლის მე-12 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ვბრძანებ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული თავშესაფრის პროცედურა.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის №33 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 07/04/2020; სარეგისტრაციო კოდი: 010170000.22.034.016965);

ბ) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 3 ივნისის №78 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 04/06/2020; სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.017009);

გ) „თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმის, მისი გაცემისა და შეცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის №34 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 07/04/2020; სარეგისტრაციო კოდი: 010170000.22.034.016966);

დ) „თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდების აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 3 ივნისის №79 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 04/06/2020; სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.017010).

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე



თავშესაფრის პროცედურა

თავშესაფრის პროცედურა განსაზღვრავს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიღების, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციისა და განხილვის, ლტოლვილის სტატუსის, დამატებითი ან დროებითი დაცვის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმებისა და ჩამორთმევის, ასევე დამატებითი დაცვის და დროებითი დაცვის გაგრძელების წესს.

 

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მიზანი

თავშესაფრის პროცედურის მიზანს წარმოადგენს თავშესაფრის სფეროში საქმიანობის ერთიანი სტანდარტების დამკვიდრება, სამართლიანი, სრულყოფილი, ეფექტიანი და თანმიმდევრული თავშესაფრის პროცედურის უზრუნველსაყოფად.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ პროცედურის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დეპარტამენტი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიგრაციის დეპარტამენტი;

ბ) სამმართველო – დეპარტამენტის სტატუსის დადგენის სამმართველო;

გ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი წესით განხილვის განყოფილება − სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი წესით განხილვას უზრუნველყოფს;

დ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის განყოფილება − სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვას უზრუნველყოფს;

ე) უფლებამოსილი თანამდებობის პირი – დეპარტამენტის მოსამსახურე, რომელიც „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს;

ვ) სტატუსის დამდგენი სპეციალისტი – სამმართველოს თანამშრომელი, რომელიც ადგენს, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ პროცედურის შესაბამისად, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის საჭიროებას;

ზ) წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სამმართველო – დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს ამ პროცედურის 34-ე მუხლით გათვალისწინებულ ფუნქციებს;

თ) მისაღები სივრცე – დეპარტამენტის შენობაში სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, რომელიც განკუთვნილია თავშესაფრის პროცედურის განხორციელებისთვის და შედგება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღების და მასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისათვის გამოყოფილი სივრცისა და საკონსულტაციო, რეგისტრაციის, ანკეტირებისა და გასაუბრებისთვის განკუთვნილი ოთახებისა და მოსაცდელი არისაგან;

ი) პირადი საქმე – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიმართ თავშესაფრის პროცედურასთან ან ამ პირთან დაკავშირებით არსებული ყველა დოკუმენტის ან/და მასალის ერთობლიობა;

კ) რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილება − დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღება/რეგისტრაციას და მასთან დაკავშირებულ პროცედურას;

ლ) პერსონალური მონაცემი − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით;

მ) წაშლა – შენახვის ვადის გასვლის შემდეგ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამუშავებულ მონაცემთა ელექტრონულ მატარებელზე არსებული პერსონალური მონაცემების ისეთი ფორმით გასუფთავება, როდესაც ამ მონაცემის შინაარსის აღდგენა შეუძლებელია;

ნ) განადგურება – შენახვის ვადის გასვლის შემდეგ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამუშავებულ მონაცემთა მატერიალური ფორმით არსებული დოკუმენტის ან მატერიალური მატარებლის და მასზე არსებული პერსონალური მონაცემის ისეთი ფორმით განადგურება, როდესაც ამ მონაცემის შინაარსის აღდგენა შეუძლებელია.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ ტერმინთაგან განსხვავებით, ამ ბრძანებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

 

მუხლი 3. კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვა თავშესაფრის პროცედურაში

1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პერსონალური მონაცემი, აგრეთვე მის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია და დაუშვებელია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის წერილობითი თანხმობის გარეშე ამ მონაცემის/ინფორმაციის მესამე პირებისთვის (მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის სახელმწიფო უწყებისა და მოქალაქისთვის) გამჟღავნება მისი გადაცემით (გარდა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებებისთვის გადაცემისა), გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით.

2. რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე, სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, თარჯიმანი, ასევე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ადვოკატი/კანონიერი წარმომადგენელი, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების სხვა წარმომადგენლები, აგრეთვე მესამე პირები, რომლებიც მონაწილეობენ თავშესაფრის პროცედურაში ვალდებულნი არიან დაიცვან პირის თავშესაფრის პროცედურასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

3. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის შესახებ ინფორმაციის გადაცემა ხდება საქართველოს სახელმწიფო უწყებებისათვის ტერორიზმთან ან ექსტრადიციის საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, იმ პირობით, რომ დაცული იქნება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ საქართველოში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის შესახებ ინფორმაცია გაიცემა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

5. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის კანონიერ წარმომადგენელს/შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატს შესაბამისი უფლებამოსილების და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ უფლება აქვს ჰქონდეს წვდომა ამ პირის თავშესაფრის პროცედურასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, გარდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა, რომელზე დაშვებაც ხდება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

მუხლი 4. თავშესაფრის პროცედურაში პირადი საქმის წარმოება

1. რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე და სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, მათი უფლებამოსილებების გათვალისწინებით, უზრუნველყოფენ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადი საქმის წარმოებას.

2. თავშესაფრის პროცედურის განმავლობაში მოპოვებული დოკუმენტაცია ინახება პირად საქმეში, მათი შედგენის თარიღის შესაბამისი ქრონოლოგიით.

3. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის პირადი საქმის წარმოება იწყება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დეპარტამენტში რეგისტრაციის დღიდან, გარდა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შემთხვევებისა.

4. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრების დოკუმენტაცია რეგისტრირდება და ინახება პირად საქმეში. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრის მიმართ დამოუკიდებელი თავშესაფრის პროცედურის დაწყების შემთხვევაში, იხსნება დამოუკიდებელი პირადი საქმე. საჭიროებისამებრ და თავშესაფრის პროცედურის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, თავშესაფრის პროცედურის ნებისმიერ ეტაპზე შესაძლებელია ოჯახის წევრის მიმართ საქმის წარმოების დამოუკიდებლად განხორციელება.

5. პირადი საქმის შემადგენლობაში შედის თავშესაფრის პროცედურასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, მათ შორის:

ა) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადება;

ბ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის და მისი ოჯახის წევრების საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის ასლები და საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ასლები, მათში მოცემული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისთვის საჭირო ინფორმაციის ქართული თარგმანით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან და მის სრულწლოვან ოჯახის წევრებთან ჩატარებული ანკეტირებ(ებ)ის მასალები, რომლებიც დადასტურებულია შესაბამისი ხელმოწერებით;

დ) თავშესაფრის მაძიებელთან და მის სრულწლოვან ოჯახის წევრებთან ჩატარებული, გასაუბრებ(ებ)ის მასალები, რომლებიც დადასტურებულია შესაბამისი ხელმოწერებით;

ე) უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან/თავშესაფრის მაძიებელთან და მის სრულწლოვან ოჯახის წევრებთან ჩატარებული ანკეტირებ(ებ)ისა და გასაუბრებ(ებ)ის აუდიოჩანაწერ(ებ)ი;

ვ) უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან/თავშესაფრის მაძიებელთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ოფიციალური მიმოწერა, გარდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა;

ზ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ან/და მისი ოჯახის წევრების საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება(ები);

თ) ექსტრადიციის ან გაძევების პროცედურასთან დაკავშირებული დოკუმენტ(ებ)ი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ი) თავშესაფრის პროცედურასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია, რომელიც დადასტურებულია შესაბამისი ხელმოწერ(ებ)ით;

კ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, ასევე დამატებითი დაცვის გაგრძელების პროცედურასთან დაკავშირებული სტატუსის დამდგენი სპეციალისტის მიერ მოპოვებული ან შედგენილი ან/და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ წარდგენილი ნებისმიერი სახის დოკუმენტაცია;

ლ) კანონიერი წარმომადგენლის/შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატის არსებობის შემთხვევაში – მათი უფლებამოსილების ან/და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. პირადი საქმე მოიცავს მასში არსებული დოკუმენტების ჩამონათვალს.

7. პირადი საქმის ორგანიზებისა და სისტემატიზაციის მიზნით, პირად საქმეს ენიჭება უნიკალური ნომერი.

8. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირად საქმეზე წვდომა შეზღუდულია. პირადი საქმე ინახება სათანადოდ იზოლირებულ და დაცულ ადგილზე. დასრულებული პირადი საქმეების (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება)  შენახვასა და დაარქივებას ახორციელებს რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილება, რომელსაც პირადი საქმე გადაეცემა მისი დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში, ხოლო მიმდინარე პირადი საქმეები ინახება სამმართველოში.

9. მიმდინარე პირად საქმესა და მასში არსებულ მონაცემებთან წვდომა აქვს სამმართველოს შესაბამის უფლებამოსილ მოსამსახურეს, რომელიც უზრუნველყოფს:

ა) პირადი საქმის სტატუსის დამდგენი სპეციალისტისთვის გადაცემას, რომელიც ახორციელებს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხის ხელახლა შესწავლას ან „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმებისა ან ჩამორთმევის, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების ან შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის პროცედურებს;

ბ) დეპარტამენტის გადაწყვეტილების კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში პირად საქმეში დაცული მასალების (როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური), აგრეთვე ანკეტირების და გასაუბრების აუდიოჩანაწერების ასლების დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურისთვის გადაცემას.

10. პირად საქმეზე წვდომა გააჩნია დეპარტამენტის დირექტორს, დეპარტამენტის დირექტორის შესაბამის მოადგილესა და დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოს უფროსს.

11. უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან, თავშესაფრის მაძიებელთან ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან დაკავშირებული საქმისწარმოების პროცედურა ითვალისწინებს:

ა) რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების შესაბამისი უფლებამოსილი მოსამსახურის განსაზღვრას, რომელსაც წვდომა აქვს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირად საქმეზე;

ბ) პირადი საქმის უსაფრთხოების უზრუნველყოფას;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მესამე პირის წვდომის უზრუნველყოფას უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადი საქმის მასალებზე, წვდომის ფარგლების წინასწარი განსაზღვრით.

12. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად მიიღება შესაბამისი ზომები, მათ შორის, დეპარტამენტის მოსამსახურეთა წვდომა მონაცემთა ბაზაზე ხორციელდება მიზნობრივად, მათი უფლებამოსილებისა და განსახორციელებელი ფუნქციების გათვალისწინებით, წვდომის დონეების დიფერენცირებისა და მონაცემთა შეცვლაზე შეზღუდვ(ებ)ის დაწესების გზით.

13. არქივიდან პირადი საქმის გატანა/დაბრუნება ფიქსირდება საქმისწარმოების აღრიცხვის ჟურნალში, პირადი საქმის გატანისა და დაბრუნების თარიღების, გამტანი სტატუსის დამდგენი სპეციალისტის ან დეპარტამენტის იმ მოსამსახურის ვინაობისა და ხელმოწერის მითითებით, რომელიც სამსახურებრივი ფუნქციების განსახორციელებლად საჭიროებს კონკრეტული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირად საქმეზე წვდომას.

14. დაუშვებელია პირადი საქმიდან დოკუმენტ(ებ)ის ამოღება ამ მუხლით განსაზღვრული წესის დარღვევით.

15. საქმის წარმოების პროცედურების ზედამხედველობას ახორციელებს ამ მიზნით სპეციალურად განსაზღვრული რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების მოსამსახურე, რომელიც:

ა) სტატუსის დამდგენ სპეციალისტს განუმარტავს საქმისწარმოების პროცედურას და მისი აღსრულების წესს; და

ბ) პირადი საქმის გადაცემისას ამოწმებს სტატუსის დამდგენი სპეციალისტის მიერ საქმისწარმოების პროცედურების დაცვას.

16. ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად დაარქივებულ პირად საქმეებზე წვდომის საკითხები რეგულირდება ამ მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 5. მისაღები სივრცე

1. მისაღებ სივრცეში უზრუნველყოფილია თავშესაფრის პროცედურის განხორციელება კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით.

2. თავშესაფრის პროცედურის კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად, ანკეტირებისა და გასაუბრებისთვის განკუთვნილი ოთახები გამოყოფილია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღების სივრცისა და მოსაცდელი არისგან.

3. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების  წარდგენის მიზნით, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის დეპარტამენტში მიღება ხორციელდება შესაბამისი განრიგის შესაბამისად, რომელსაც აკონტროლებს და ორგანიზებას უწევს რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილება.

4. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიღების პროცესი რეგულირდება რიგითი ნომრის გამოყენებით.

5. მისაღებ სივრცეში მოწყობილია მოსაცდელი არე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) მოსაცდელი ადგილები;

ბ) წვდომა საპირფარეშო ოთახთან;

გ) წვდომა სასმელ წყალთან;

დ) საჭიროებისამებრ უზრუნველყოფილია გათბობა, ჰაერის კონდიცირება და განათება.

6. ანკეტირებისა და გასაუბრებისთვის განკუთვნილ ოთახებში დაცულია შემდეგი მოთხოვნები:

ა) საჭიროებისამებრ უზრუნველყოფილია გათბობა, ჰაერის კონდიცირება და განათება;

ბ) ოთახში არსებული ავეჯისა და ტექნიკის განლაგება იძლევა უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ოთახის მარტივად და უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობას;

გ) განგაშის ღილაკი დამონტაჟებულია უფლებამოსილი თანამდებობის პირისთვის მარტივად ხელმისაწვდომ ადგილზე;

დ) როგორც წესი, ოთახში არსებული მობილური ტელეფონ(ებ)ი არის გამორთულ მდგომარეობაში;

ე) გასაუბრების მიმდინარეობისას ოთახის კარზე გაკეთებულია მინიშნება გასაუბრების მიმდინარეობის შესახებ;

ვ) ოთახში უზრუნველყოფილია სასმელი წყალი.

 

მუხლი 6. მისაღები სივრცის უსაფრთხოება

1. მისაღებ სივრცეში დაცულია ამ სივრცეში მყოფ პირთა უსაფრთხოება.

2. თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებულია შემდეგი ზომები:

ა) კონტროლდება მისაღებ სივრცეში პირთა შესვლა;

ბ) მისაღები სივრცის უსაფრთხოების დარღვევის პრევენციის ან/და დაუყოვნებელი დახმარების მიღების მიზნით, კონსულტაციის, რეგისტრაციის, ანკეტირებისა და გასაუბრებისთვის განკუთვნილი ოთახები უზრუნველყოფილია განგაშის ღილაკით.

3. მისაღებ სივრცეში უსაფრთხოების საკითხებზე კონტროლს ახორციელებს დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი.

4. თავშესაფრის პროცედურაში ჩართულ რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების უფლებამოსილ მოსამსახურეს და სტატუსის დამდგენ სპეციალისტს გავლილი აქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების თავიდან აცილებისათვის აუცილებელი მომზადება, მათ შორის:

ა) ეფექტური კომუნიკაციის დამყარების მიმართულებით (მათ შორის, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებთან, ნარკოტიკული საშუალებების ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირებთან კომუნიკაციის უნარი);

ბ) კონფლიქტური სიტუაციის მართვის მიმართულებით.

5. მისაღებ სივრცეში დაცულია უსაფრთხოების შემდეგი მოთხოვნები:

ა) მისაღები სივრცის მოსაცდელი არე პირდაპირაა დაკავშირებული კონსულტაციის, რეგისტრაციის, ანკეტირებისა და გასაუბრებისთვის განკუთვნილ ოთახებთან;

ბ) სტატუსის დამდგენ სპეციალისტს მარტივად და უსაფრთხოდ შეუძლია ანკეტირებისა და გასაუბრებისთვის განკუთვნილი ოთახების დატოვება;

გ) კონსულტაციის, რეგისტრაციის, ანკეტირებისა და გასაუბრებისთვის განკუთვნილ ოთახებში დაუშვებელია ბასრი ან/და მჩხვლეტავი საგნების ან ისეთი სახის საგნების შეტანა/შენახვა/გამოყენება, რაც მათი იარაღად გამოყენების საშუალებას იძლევა.

6. მისაღებ სივრცეში დაშვებამდე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ნებისმიერ პირს უტარდება ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, რომელსაც ატარებს დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი დაცვის თანამშრომელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 7. თარგმნა თავშესაფრის პროცედურაში

1. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი და საერთაშორისო დაცვის მქონე პირი უზრუნველყოფილი არიან თავშესაფრის პროცედურაში ჩართული თარჯიმნის მომსახურებით.

2. თავშესაფრის პროცედურაში ჩართული რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე და სტატუსის დამდგენი სპეციალისტი ფლობენ თავშესაფრის პროცედურაში ჩართული თარჯიმნის საშუალებით ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარს.

3. თავშესაფრის პროცედურაში ჩართული თარჯიმანი უნდა იცნობდეს თარჯიმნის ქცევის წესებს (დანართი №1).

4. თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას თავშესაფრის პროცედურაში თარჯიმნის ჩართულობას უზრუნველყოფს სამინისტრო. თარჯიმანს უნდა ჰქონდეს თავშესაფრის პროცედურის ჯეროვანი აღსრულებისთვის საკმარისი ენობრივი და მთარგმნელობითი უნარები და კომპეტენცია.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით შესაბამისი ენის თარჯიმნის დაქირავების შეუძლებლობის შემთხვევაში თავშესაფრის პროცედურაში თარჯიმნის მომსახურება/თარგმანი შესაძლოა განხორციელდეს იმ თარჯიმნის მიერ, რომლის პროცედურაში ჩართვაც მოითხოვა უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა, თავშესაფრის მაძიებელმა ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირმა. აღნიშნულ შემთხვევაში, სამინისტრო არ უზრუნველყოფს თარჯიმნის მომსახურების ანაზღაურებას.

6. თუ სამინისტროს მიერ შეუძლებელია ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული კომპეტენციის მქონე თარჯიმნის თავშესაფრის პროცედურაში ჩართვა, თარჯიმნის მომსახურება/თარგმნა შესაძლოა განახორციელოს საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოძიებულმა თარჯიმანმა.

7. თავშესაფრის პროცედურაში ჩართული თარჯიმანი ხელმოწერით ადასტურებს თავშესაფრის პროცედურაში ჩართული თარჯიმნის ქცევის წესების (დანართი №1) განუხრელ დაცვას. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში თარჯიმნის ქცევის წესების გაცნობა და დადასტურება შესაძლებელია მოხდეს ზეპირსიტყვიერად.

8. თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი, ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფილია მისთვის სასურველი სქესის უფლებამოსილი თანამდებობის პირისა და თარჯიმნის მომსახურებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უფლებამოსილ თანამდებობის პირს აქვს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ აღნიშნული მოთხოვნა დაფუძნებულია იმ გარემოებაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული სირთულეებთან, პირმა დაუბრკოლებლად წარმოადგინოს მისი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საფუძველი.

9. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სტატუსის დამდგენი სპეციალისტი ვალდებულია:

ა) მიიღოს ინფორმაცია თარჯიმნის მიერ ენის ცოდნის დონისა და თარჯიმნად მუშაობის გამოცდილებასთან დაკავშირებით;

ბ) დაადგინოს უცხოელსა ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირსა და თარჯიმანს შორის ინტერესთა კონფლიქტის არარსებობა;

გ) განუმარტოს თარჯიმანს „თავშესაფრის პროცედურაში ჩართული თარჯიმნის ქცევის წესები“ (დანართი №1).

10. დაუშვებელია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის კანონიერმა წარმომადგენელმა/შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატმა უზრუნველყოს თარგმანი თავშესაფრის პროცედურის განმავლობაში.

11. დაუშვებელია თავშესაფრის პროცედურაში მყოფი უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ან თავშესაფრის მაძიებლის მიერ თარჯიმნის მომსახურების გაწევა. შესაბამისი ენის თარჯიმნის არარსებობისას და მიზანშეწონილობის შემთხვევაში შესაძლებელია თავშესაფრის პროცედურის განმავლობაში თარჯიმნის მომსახურების გასაწევად საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დაქირავება. ამ შემთხვევაში სტატუსის დამდგენმა სპეციალისტმა უნდა მოიპოვოს იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის თანხმობა, ვის მიმართაც ტარდება თავშესაფრის პროცედურა.

12. თარჯიმანმა უნდა დაიცვას იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა დეპარტამენტში თავისი უფლება-მოვალეობის შესრულებისას და არ უნდა გადასცეს ეს ინფორმაცია სხვა პირებს, გარდა თავშესაფრის პროცედურის მონაწილე შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირისა.

13. თავშესაფრის პროცედურის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება ვრცელდება თარჯიმანსა და სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დასრულების შემდეგაც.

14. დაუშვებელია, თარჯიმანს ჰქონდეს წვდომა უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადი საქმის შენახვის ადგილთან.

15. თარჯიმანს მიეწოდება პირად საქმეში არსებული დოკუმენტების მხოლოდ ის ნაწილი, რაც აუცილებელია მისი მოვალეობების შესასრულებლად.

 

თავი II

უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიღება, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაცია და ანკეტირება

 

მუხლი 8. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიღება

1. მისაღებ სივრცეში უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირის მოწესრიგებულ მიღებას უზრუნველყოფს რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების მოსამსახურე ვიზიტების განრიგის შესაბამისად.

2. რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღების შემდეგ, უზრუნველყოფს შემდეგი პროცედურების განხორციელებას:

ა) იღებს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ფოტოსურათს, აგრეთვე მისი თითების ანაბეჭდებსა და ხელისგულების ანაბეჭდებს;

ბ) წინასწარ განსაზღვრული განრიგის შესაბამისად ჩანიშნავს ანკეტირების თარიღს;

გ) გასცემს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე ცნობას, №2 დანართის შესაბამისად;

დ) უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს გადასცემს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაზე თანდართულ კონსულტაციის ოქმებს მისთვის გასაგებ ენაზე, ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, №3 დანართის შესაბამისად, აგრეთვე ანკეტირების ჩანიშვნის თარიღს №5 დანართის შესაბამისად;

ე) ასკანერებს და საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას თან ურთავს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო ან/და სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლს;

ვ) მიღებულ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებებს სათარგმნად გადასცემს თარჯიმნებს;

ზ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გასცემს თავშესაფრის მაძიებლის ცნობას;

თ) თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემის შემდეგ იბარებს თავშესაფრის მაძიებლის სამგზავრო დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ი) დაუყოვნებლივ არეგისტრირებს თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნას, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას და ახორციელებს ამ პროცედურის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ან თავშესაფრის მაძიებელი ანკეტირების ან გასაუბრების პროცედურაზე გამოცხადებისას წარადგენს შესაბამის შეტყობინებას.

 

მუხლი 9. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ინფორმირება თავშესაფრის პროცედურის შესახებ

1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მიეწოდება ინფორმაცია თავშესაფრის პროცედურასთან, მათ შორის, მის უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით.

2. რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების მოსამსახურე, რომელიც ახორციელებს კონსულტაციას საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღების ეტაპზე, აწარმოებს კონსულტაციის ჩატარების ოქმს (დანართი №3). კონსულტაციის ჩატარების ოქმი ინახება პირად საქმეში. კონსულტაციის ოქმს ხელს აწერენ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი და რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების უფლებამოსილი პირი, ხოლო აღნიშნული კომუნიკაციის თარჯიმნის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში – აგრეთვე თარჯიმანი. კონსულტაციის ჩატარების ოქმის ასლი გადაეცემა უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, ხოლო დედანი რჩება დეპარტამენტში.

 

მუხლი 10. კონფიდენციალურობის დაცვა მისაღებ სივრცეში

1. მისაღებ სივრცეში უზრუნველყოფილია კონფიდენციალურობა. რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების მოსამსახურეს ან/და სტატუსის დამდგენ სპეციალისტს ეკრძალება ისეთი ქმედების განხორციელება, რაც იძლევა მისაღებ სივრცეში მყოფ პირთა მიერ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. მისაღებ სივრცეში კონფიდენციალურობის დასაცავად გამოიყენება რიგითი ნომრების მინიჭების სისტემა.

2. რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების მოსამსახურემ ან/და სტატუსის დამდგენმა სპეციალისტმა არ უნდა მოუხმოს თარგმანში დასახმარებლად მისაღებ სივრცეში მყოფ სხვა უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს, გარდა ამ პროცედურის მე-7 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

მუხლი 11. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღებაზე პასუხისმგებელი რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების მოსამსახურის მოვალეობები

უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღებასა და რეგისტრაციაზე რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების პასუხისმგებელ მოსამსახურეს მოეთხოვება:

ა) უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა, ასევე თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლება-მოვალეობების და თავშესაფრის პროცედურის ცოდნა;

ბ) სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის გამოვლენის პროცედურის ცოდნა და ამ შემთხვევაში „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოქმედება;

გ) უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა კულტურული, ასაკობრივი, გენდერული და სქესობრივი მახასიათებლების ცოდნა და მიზანშეწონილობისამებრ გათვალისწინება;

დ) სპეციფიკური საჭიროების მქონე პირებთან და თარჯიმნებთან მუშაობის მეთოდიკის ცოდნა;

ე) კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.

 

მუხლი 12. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღება და რეგისტრაცია

1. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მიზნით უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით (დანართი №4) პირადად მიმართავს დეპარტამენტს და რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილებაში საერთაშორისო დაცვაზე რეგისტრაციის შემდეგ უშუალოდ გადის ამ პროცედურის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პროცედურებს.

2. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული განმეორებით საერთაშორისო დაცვაზე განცხადება უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა უნდა წარადგინოს პირადად, დეპარტამენტში გამოცხადებით.

3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ავსებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ფორმას, რომელიც მომზადებულია მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს. საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას თან დაერთვის შესაბამისი თარგმანი ქართულ ენაზე.

4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის დღეს უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია დეპარტამენტს აცნობოს თავისი მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და საცხოვრებელი მისამართი (მისი არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია მისი შეცვლის შემთხვევაში. თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციისას უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ მიუთითებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას, იგი ვალდებულია ეს ინფორმაცია წარადგინოს ანკეტირებისას.

5. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის და მისი ოჯახის წევრების საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა რეგისტრირდება დაუყოვნებლივ, ოჯახის ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით.

6. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას თან დაერთვის პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და ის დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ პირის მოთხოვნის საფუძვლიანობას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

7. პირადი საქმის უნიკალური ნომრის მიხედვით, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს და მისი ოჯახის წევრებს ენიჭებათ ინდივიდუალური სარეგისტრაციო ნომრები, რომლებიც მოიცავს პირადი საქმის უნიკალურ ნომერს. დაუშვებელია სარეგისტრაციო ნომრის ცვლილება და იგი გამოიყენება პირის იდენტიფიკაციისათვის თავშესაფრის პროცედურის ყველა ეტაპზე, ასევე, შესაბამისი სტატუსის მინიჭების შემდგომ.

8. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება მიღებულად ითვლება დეპარტამენტში რეგისტრაციის დღიდან.

9. განცხადების რეგისტრაციის შემდეგ, რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უღებს ფოტოსურათს, ასევე, იღებს 14 წლის ან 14 წელზე მეტი ასაკის ყველა უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის თითების ანაბეჭდებსა და ხელისგულების ანაბეჭდებს და აღნიშნულ მონაცემებს ინახავს სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში. არსებობის შემთხვევაში ასევე იღებს მისი სამგზავრო დოკუმენტის ასლს, რომელსაც ინახავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა მონაცემთა ბაზასა და პირად საქმეში. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის თითების ანაბეჭდების და ხელისგულის ანაბეჭდების აღებისა და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი განისაზღვრება ამ პროცედურის IX თავის შესაბამისად.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი პროცედურის დასრულების შემდეგ უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გაიცემა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე ცნობა.

11. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, წერილობით ეცნობება ანკეტირების თარიღის (დანართი №5), ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართისა და მობილური ტელეფონის ნომრის წარდგენის (თუ ეს ინფორმაცია არ არის წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან ერთად), აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, მის ხელთ არსებული დოკუმენტაციის წარდგენის აუცილებლობის და ანკეტირებაზე ან გასაუბრებაზე არასაპატიო მიზეზით, შეტყობინების იგნორირებით, ორჯერ გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ თავშესაფრის პროცედურის პერიოდში უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის უფლება-მოვალეობების შესახებ წერილობითი კონსულტაციის(დანართი №3) შესაბამისად, რომელსაც ხელს აწერენ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი და უფლებამოსილი თანამდებობის პირი.

 

მუხლი 13. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენა თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიერ, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას

1. თუ საერთაშორისო დაცვა მოითხოვა თანმხლების გარეშე მყოფმა არასრულწლოვანმა ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, მის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა დაუყოვნებლივ რეგისტრირდება რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ შესაბამისი ოქმის შედგენის საფუძველზე, ხოლო საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენა ხდება მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის დანიშვნის შემდეგ. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის ათვლა იწყება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციის დღიდან.

2. თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანზე ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირზე, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, ოქმს ადგენს რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე, რომელსაც ხელს აწერენ რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე და საჭიროების შემთხვევაში – თარჯიმანი.

3. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით მიმართავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, განთავსებისა და მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის დანიშვნის თაობაზე, სანამ აღნიშნული პირი საქართველოში რჩება.

4. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენაზე პასუხისმგებელია მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი, რომელიც მოქმედებს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ინტერესების გათვალისწინებით.

5. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე ცნობა ან თავშესაფრის მაძიებლის ცნობა გაიცემა მის მეურვეზე/მზრუნველზე/მხარდამჭერზე.

6. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის დღეს, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, მის მეურვეს/მზრუნველს/მხარდამჭერს წერილობით ეცნობება ანკეტირების თარიღის, არასრულწლოვანის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის წარდგენის აუცილებლობის, არსებობის შემთხვევაში, მის ხელთ არსებული დოკუმენტაციის წარდგენის აუცილებლობის და ანკეტირებაზე არასაპატიო მიზეზით, შეტყობინების იგნორირებით, ორჯერ გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერისთვის ანკეტირების პროცედურაზე გამოცხადების თაობაზე შეტყობინების (დანართი №6) შესაბამისად, რომელსაც ხელს აწერენ მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი და უფლებამოსილი თანამდებობის პირი.

 

მუხლი 14. ანკეტირების და გასაუბრების პროცედურის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტატუსის დამდგენი სპეციალისტის მოვალეობები

ანკეტირების და გასაუბრების პროცედურის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სტატუსის დამდგენ სპეციალისტს მოეთხოვება:

ა) უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლება-მოვალეობებისა და თავშესაფრის პროცედურის ცოდნა;

ბ) სპეციფიკური საჭიროების მქონე პირთა იდენტიფიცირებისა და შესაბამისი ქმედებების განხორციელების უნარი;

გ) უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა კულტურული, ასაკობრივი და გენდერული მახასიათებლების გათვალისწინების უნარი;

დ) გასაუბრების ჩატარების, მათ შორის, სპეციფიკური საჭიროების მქონე პირებთან გასაუბრების ჩატარების, მეთოდიკის ცოდნა;

ე) თარჯიმანთან მუშაობის მეთოდიკის ცოდნა;

ვ) კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.

 

მუხლი 15. ანკეტირების გრაფიკის შედგენა

1. რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების მოსამსახურე ანკეტირებას ნიშნავს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. მისაღებ სივრცეში გადატვირთულობის თავიდან ასაცილებლად, უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ანკეტირება ინიშნება გრაფიკის მიხედვით.

2. რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების უფროსს მიეწოდება ინფორმაცია გრაფიკების შედგენისას გამოვლენილი იმ პრობლემების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს თავშესაფრის პროცედურის ჯეროვნად განხორციელებაზე.

3. ანკეტირების გრაფიკს რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების მოსამსახურე აწვდის სამმართველოს.

 

მუხლი 16. ანკეტირების პროცედურა

1. ანკეტის შევსების მიზნით, უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან გასაუბრება ტარდება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. ანკეტირების მიზნით გასაუბრება აგრეთვე ტარდება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრთან ინდივიდუალურად, მათი საქართველოში ყოფნის შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში ანკეტირება შეიძლება ჩატარდეს ოჯახის არასრულწლოვან წევრთან (დანართი №7), თუ იკვეთება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, არასრულწლოვანზე ორიენტირებული ქმედება. ამ შემთხვევაში, პროცედურაზე შესაძლოა მოწვეული იქნას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამშრომელი.

2. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ანკეტა ივსება №8 დანართის შესაბამისად, ხოლო უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის სრულწლოვანი ოჯახის წევრების ანკეტა ივსება ინდივიდუალურად. ანკეტის შევსების მიზნით გასაუბრებას ატარებს სტატუსის დამდგენი სპეციალისტი ამისთვის გამოყოფილ სპეციალურ ოთახში.

3. ანკეტირება ტარდება წერილობით და ფიქსირდება ხმის ჩამწერი მოწყობილობის საშუალებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ანკეტირების მასალების სიზუსტე. აუდიოჩაწერის თაობაზე უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ეცნობება ანკეტირების პროცედურის დაწყების წინ. აუდიოჩაწერა ხორციელდება შემდეგი პროცედურით:

ა) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის აუდიოჩაწერის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების შემდეგ ირთვება ხმის ჩამწერი მოწყობილობა;

ბ) ხმის ჩამწერი მოწყობილობის ჩართვისას სიტყვიერად ფიქსირდება ჩაწერის დაწყების დრო და თარიღი;

გ) აუდიოჩაწერის დროებით შეჩერების აუცილებლობის შემთხვევაში, სიტყვიერად ფიქსირდება დროებით შეჩერების მიზეზი და მიეთითება დრო. აუდიოჩაწერის განახლებისას სიტყვიერად ფიქსირდება აუდიოჩაწერის განახლების დრო;

დ) ანკეტირების პროცესის აუდიოჩაწერის დასრულება ფიქსირდება სიტყვიერად და აგრეთვე სიტყვიერად მიეთითება დასრულების დრო;

ე) ანკეტირების აუდიოჩანაწერი ინახება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის პირად საქმეში, ციფრულ ფორმატში.

4. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი, აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატი (არსებობის შემთხვევაში) ანკეტირების პროცედურაზე დაიშვება შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.

5. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შემთხვევაში რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, მისი მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი ანკეტირების პროცედურაზე დაიშვება შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დეპარტამენტში მიღების შემთხვევაში. შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის გარეშე ანკეტირება არ ჩატარდება. ამასთანავე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ანკეტა ივსება №9 დანართის შესაბამისად.

6. ანკეტირების პროცედურაზე, უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის ან უსაფრთხო მესამე ქვეყნის არსებობის გამოვლენის შემთხვევაში უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უნდა მიეცეს საშუალება, ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, წარადგინოს მტკიცებულება საფუძვლიანი ვარაუდისთვის, რომ ეს ქვეყანა მისთვის უსაფრთხო წარმოშობის ქვეყანა ან უსაფრთხო მესამე ქვეყანა არ არის.

7. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ანკეტირებაზე 30 წუთზე მეტი დროით დაგვიანება გათანაბრებულია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობასთან.

 

მუხლი 17. დოკუმენტაცია

1. ანკეტირების პროცედურის დაწყებამდე უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა, არსებობის შემთხვევაში, უნდა წარადგინოს დოკუმენტაცია, რომელიც უკავშირდება მის ასაკს, წარმომავლობას, ვინაობას, მოქალაქეობას (მოქალაქეობებს), წარმოშობის ან მესამე ქვეყანას (ქვეყნებს), საცხოვრებელ ადგილს (ადგილებს), საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას, წარმოშობის ქვეყნის დატოვების და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მიზეზებს და გარემოებებს, აგრეთვე, მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს დედნების სახით.

3. თავშესაფრის მაძიებელმა უნდა განმარტოს ამ მუხლის პირველ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარუდგენლობის მიზეზი. აღნიშნული ინფორმაცია შეიტანება ანკეტის ფორმაში.

4. იმ შემთხვევაში, თუ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შეუძლია საკუთარი ან სხვა პირების სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის რისკის გარეშე იმ დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც უკავშირდება საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას, მას დაენიშნება შეხვედრა დოკუმენტების დეპარტამენტისთვის გადასაცემად, რის შესახებ ინფორმაციაც შეიტანება ანკეტის ფორმაში.

5. დაუშვებელია, უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის შეთავაზებულ იქნეს დოკუმენტაციის მოსაპოვებლად წარმოშობის ქვეყნის ხელისუფლებასთან დაკავშირება, ან ისეთი ქმედების ჩადენა, რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს წარმოშობის ქვეყანაში მყოფ მის ოჯახის წევრებს ან ახლობლებს.

6. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ინახება მის პირად საქმეში თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას. თავშესაფრის პროცედურის დასრულების შემდეგ პირს უბრუნდება დოკუმენტაცია და მის პირად საქმეში ინახება წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები.

 

მუხლი 18. სპეციფიკური საჭიროების მქონე პირი

1. თავშესაფრის პროცედურის განხორციელებისას ხდება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის სპეციფიკური საჭიროების იდენტიფიცირება, რომელთა წრეც განსაზღვრულია „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტით.

2. სპეციფიკური საჭიროების მქონე პირს პრიორიტეტი ენიჭება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღებისა და რეგისტრაციის პროცედურებში.

3. სპეციფიკური საჭიროების მქონე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მოთხოვნის შემთხვევაში დეპარტამენტი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს მის ტრანსპორტირებასა და განთავსებას, თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში დროებით განთავსების, მიმღები ცენტრის დატოვების, მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტისა და მიმღებ ცენტრში განთავსებული პირის მფლობელობაში არსებული ნივთების განკარგვის საფუძვლებისა და წესის დამტკიცების შესახებ მინისტრის ნორმატიული აქტის შესაბამისად.

4. დეპარტამენტი დაუყოვნებლივ ახდენს კანონმდებლობით განსაზღვრული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინფორმირებას თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის და საჭიროების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შესახებ. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო საჭიროებისამებრ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს აღნიშნული პირებისთვის მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის დანიშვნას.

 

მუხლი 19. სპეციფიკური საჭიროების მქონე ქალი

1. ორსულ ქალს, გაუპატიურების მსხვერპლს, სხვა ფსიქოლოგიური, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალს ან მარტოხელა დედას უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა დაუყოვნებლივ უნდა გაუწიოს კონსულტაცია „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა და თავშესაფრის პროცედურის თაობაზე.

2. კონსულტაციის გამწევი უფლებამოსილი თანამდებობის პირი უნდა ფლობდეს სპეციფიკური საჭიროების მქონე ქალებთან გასაუბრების წარმოების მეთოდიკას და ამ პირთა მიერ აუცილებელი სამედიცინო, ფსიქოლოგიური, სოციალური და იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციას.

 

მუხლი 20. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის მიერ წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა

1. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის მიმართ თავშესაფრის პროცედურასთან დაკავშირებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ან/და ქმედება უნდა ეყრდნობოდეს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესს.

2. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან კონსულტაციას, უნდა ფლობდეს არასრულწლოვანთან გასაუბრებისთვის საჭირო სპეციალიზაციას. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა გაითვალისწინოს თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ასაკი და უნარები, მათ შორის განვითარების დონე, აღქმისა და კომუნიკაციის უნარი.

3. თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანს უნდა დაენიშნოს მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი, რომელიც წარმოადგენს არასრულწლოვანის ინტერესებს თავშესაფრის პროცედურის ყველა ეტაპზე და უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღებას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანი იმყოფება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ – პენიტენციური დაწესებულება) ან სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში, ანკეტირების მიზნით, მასთან გასაუბრება ხორციელდება მისი კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით, აგრეთვე მისი ადვოკატის თანდასწრებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

4. იმ შემთხვევაში, თუ თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანს არ შეუძლია საიდენტიფიკაციო დოკუმენტის წარდგენა, შესაბამისი უწყებებიდან ინფორმაციის მოპოვებამდე, მხედველობაში მიიღება თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის მიერ მოწოდებული მონაცემები. ნებისმიერი ეჭვი არასრულწლოვანის მიერ დასახელებულ ასაკთან დაკავშირებით წყდება არასრულწლოვანის სასარგებლოდ. თუ არსებობს საფუძველი ვარაუდისა, რომ თავშესაფრის მაძიებელი არ არის არასრულწლოვანი, შესაძლებელია მიღებულ უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო/საექსპერტო ზომები ასაკის დასადგენად.

 

მუხლი 21. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, სერიოზული ფიზიკური ან/და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების მქონე პირი, პოსტტრავმული აშლილობის მქონე პირი

1. თავშესაფრის პროცედურის საწყის ეტაპზე რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების მოსამსახურემ კონსულტაცია უნდა გაუწიოს შეზღუდული შესაძლებლობების, სერიოზული ფიზიკური ან/და ფსიქიკური აშლილობის, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების ან პოსტტრავმული აშლილობის მქონე პირს მისთვის კანონმდებლობით დადგენილი სოციალური, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სხვა შესაბამისი დახმარების გაწევის შესაძლებლობის თაობაზე.

2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთან, სერიოზული ფიზიკური ან/და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთან, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების მქონე პირთან ან პოსტტრავმული აშლილობის მქონე პირთან დაკავშირებით საერთაშორისო დაცვაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების მოსამსახურე შესაძლებლობის ფარგლებში აფასებს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის უნარს, თავშესაფრის პროცედურის გააზრებასთან და საერთაშორისო დაცვის მისაღებად აუცილებელი მტკიცებულების წარდგენასთან დაკავშირებით.

3. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის გონებრივ/ინტელექტუალურ ან ფსიქიკურ დარღვევებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, დეპარტამენტი, ასეთის საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარებისა და მხარდამჭერის დანიშვნის მიზნით.

4. მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების მქონე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შესწავლა დროებით ჩერდება მხარდამჭერის დანიშვნამდე.

5. ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების მქონე უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ანკეტირებას ან/და გასაუბრებას ატარებს სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური მომზადება. საჭიროების შემთხვევაში, ანკეტირება და გასაუბრება ტარდება შესაბამისი დარგის სპეციალისტის მონაწილეობით.

6. ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების მქონე უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან გასაუბრება შესაძლებელია არ ჩატარდეს, როდესაც პირს, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, არ გააჩნია ადეკვატური ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვაზე გადაწყვეტილება მიიღება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ პროცედურის გათვალისწინებით მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის საფუძველზე.

 

მუხლი 22. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის ეტაპი

1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას დეპარტამენტი იღებს უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ანკეტირების ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უფლებამოსილი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთჯერადად, არაუმეტეს 5 სამუშაო დღით.

2. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაუშვებლად მიიჩნევა და არსებითად არ განიხილება, თუ:

ა) უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საერთაშორისო დაცვა მიანიჭა სხვა სახელმწიფომ, რომელიც მისთვის უსაფრთხო ქვეყანაა;

ბ) არსებობს უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის უსაფრთხო მესამე ქვეყანა;

გ) უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ანდა ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის;

დ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ოჯახის წევრი შეიტანს განცალკევებულ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას მას შემდეგ, რაც იგი თანხმობას განაცხადებს, რომ მისი საქმე განხილულ იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ფარგლებში და არ არსებობს მის მდგომარეობასთან დაკავშირებული ახალი გარემოებები, რომლებიც გაამართლებდა მის მიერ განცალკევებული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეტანას;

ე) წარდგენილი განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების (დანართი №19) წინასწარი გამოკვლევის შედეგად დადგინდება, რომ არ არის დაკმაყოფილებული „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები.

3. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით, მისი სასამართლოში გასაჩივრების ამ კანონით დადგენილი წესის მითითებით.

4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გაიცემა თავშესაფრის მაძიებლის ცნობა. თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმა, მისი გაცემისა და შეცვლის წესი განისაზღვრება №20 დანართის შესაბამისად.

5. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მისაღებად თავშესაფრის მაძიებელს გადაეცემა თავშესაფრის მაძიებლის ცნობა და სამგზავრო დოკუმენტის ასლი.

6. ცნობის მიღებისთანავე, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი აბარებს სამგზავრო დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც მას უბრუნდება:

ა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ;

ბ) ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ დეპარტამენტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ხოლო მის მიერ დეპარტამენტის გადაწყვეტილების „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში − ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ;

გ) ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ დეპარტამენტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ხოლო მის მიერ დეპარტამენტის გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში − ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

7. სამგზავრო დოკუმენტის ჩაბარების, ისევე როგორც გატანის ფაქტი, ფიქსირდება აღრიცხვის ელექტრონულ ჟურნალში.

 

მუხლი 23. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებითად განხილვა

1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებითად განხილვა იწყება იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადება გაივლის ამ პროცედურის 22-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის ეტაპს.

2. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება არსებითად განიხილება:

ა) ჩვეულებრივი წესით;

ბ) დაჩქარებული წესით;

გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის წესით, რომელიც განისაზღვრება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესის შესაბამისად.

3. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით არსებითად განხილვა იწყება იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადება გაივლის ამ პროცედურის 22-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის ეტაპს.

 

მუხლი 24. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვა

1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის საკითხს წყვეტს სამმართველოს უფროსი, ანკეტირების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.

2. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის საფუძვლების გამოვლენისას, სამმართველოს უფროსი დაუყოვნებლივ გადასცემს საქმეს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის განყოფილების უფროსს, რომელიც თავის მხრივ, საქმეს გადასცემს ამ განყოფილების სტატუსის დამდგენ სპეციალისტს.

3. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვისას გამოიყენება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი წესით განხილვისთვის დადგენილი ყველა მოთხოვნა და პროცედურა.

4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაჩქარებული წესით განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება მისი რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში.

5. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვისას უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს მასთან ანკეტირების ჩატარების შემდეგ.

6. თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისას გამოიკვეთა დამატებითი გარემოებები, რომელთა გამოც საქმე დამატებით შესწავლას საჭიროებს, და საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვისთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ვერ ხერხდება, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი წესით განხილვისთვის დადგენილ ვადებში.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის განყოფილების უფროსის დასაბუთებული მიმართვის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე, სამმართველოს უფროსი დაუყოვნებლივ გადასცემს საქმეს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი წესით განხილვის განყოფილების უფროსს, რომელიც თავის მხრივ, საქმეს გადასცემს ამ განყოფილების შესაბამის სტატუსის დამდგენ სპეციალისტს.

 

მუხლი 25. საქმეების გადანაწილება სამმართველოს სტატუსის დამდგენ სპეციალისტებს შორის

1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამზადებს სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, რომელსაც მოეთხოვება:

ა) უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა, აგრეთვე თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლება-მოვალეობების და თავშესაფრის პროცედურის ცოდნა;

ბ) გასაუბრების ტექნიკის ფლობა;

გ) სპეციფიკური საჭიროების მქონე პირთა გამოვლენისა და შესაბამისი ქმედებების განხორციელების უნარი;

დ) უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა კულტურული, ასაკობრივი და სქესობრივი მახასიათებლების გათვალისწინების უნარი;

ე) სპეციფიკური საჭიროების მქონე პირებთან მუშაობის და თავშესაფრის პროცედურაში ჩართული თარჯიმნის ქცევის წესის ცოდნა;

ვ) კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.

2. სამმართველოს უფროსი ანაწილებს საქმეებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის ან საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი წესით განხილვის განყოფილებების უფროსებს შორის, რომლებიც, თავის მხრივ, აღნიშნულ საქმეებს უნაწილებენ სტატუსის დამდგენ სპეციალისტებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი ან დაჩქარებული წესით განხილვისა და განხილვის შესაბამისი ვადის მითითებით.

3. საქმეების განაწილებისას, როგორც წესი, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები:

ა) სტატუსის დამდგენი სპეციალისტის შესაბამისი ცოდნა წარმოშობის ქვეყნების, კონკრეტული რეგიონების ან საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული დევნის გარემოებების თავისებურებებთან დაკავშირებით;

ბ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის სქესი – შესაძლებლობის შემთხვევაში საქმეების განაწილება ხორციელდება იმავე სქესის სტატუსის დამდგენ სპეციალისტზე, რომელსაც წარმოადგენს უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი არ ითხოვს განსხვავებული სქესის სტატუსის დამდგენი სპეციალისტის მიერ საქმის განხილვას;

გ) ერთი ოჯახის წევრების ან იმ ახლო ნათესავების ურთიერთდაკავშირებული საქმეები, რომლებიც განიხილება დამოუკიდებლად, ნაწილდება ერთ სტატუსის დამდგენ სპეციალისტზე.

4. საქმეების განაწილება ხდება ანკეტირების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში, რათა სტატუსის დამდგენ სპეციალისტს ჰქონდეს საკმარისი დრო საქმის მასალების გაცნობისა და მათი განხილვისთვის.

5. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი აწარმოებს მისთვის გადაწერილი საქმეების სიას, თითოეული საქმის მდგომარეობის მითითებით. ყოველი თვის ბოლოს, სია წარედგინება სამმართველოს უფროსს.

 

მუხლი 26. გასაუბრების გრაფიკის შედგენა

1. გასაუბრების გრაფიკის შედგენისას მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები:

ა) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ სტატუსის დამდგენი სპეციალისტის ცოდნა;

ბ) თავშესაფრის მაძიებლის სპეციფიკური საჭიროება;

გ) საქმის სირთულე;

დ) კვირის განმავლობაში დაგეგმილი სხვა სახის შეხვედრების რაოდენობა (ოჯახის გაერთიანებასთან დაკავშირებული გასაუბრება, დამატებითი გასაუბრება, დოკუმენტების გადაცემასთან დაკავშირებით დაგეგმილი შეხვედრა ან სხვა გარემოებები).

2. გასაუბრება ინიშნება თავშესაფრის მაძიებლის მიერ ინფორმაციის მიწოდებისა და ამ ინფორმაციის ანალიზისთვის საკმარისი დროის გათვალისწინებით.

3. იმ თავშესაფრის მაძიებელთან, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან იგი ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირია ან მისი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება დაჩქარებული წესით, სტატუსის დამდგენი სპეციალისტი განცხადების განხილვის სავალდებულო ერთთვიანი ვადის გათვალისწინებით, საჭიროებიდან გამომდინარე, გასაუბრებას ნიშნავს პირველივე შესაძლო დღეს.

 

მუხლი 27. თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრების თარიღის შეცვლა

1. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, თავშესაფრის მაძიებლის თხოვნით, გასაუბრების თარიღის გადატანის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი საპატიო მიზეზების გათვალისწინებით. აღნიშნულთან დაკავშირებით დგება ოქმი, რომელიც შეიტანება თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში. გასაუბრების ახალი თარიღი განისაზღვრება გასაუბრების გრაფიკის შესაბამისად, მაგრამ გასაუბრების ჩანიშნული თარიღიდან არაუგვიანეს 2 კვირისა. თავშესაფრის მაძიებლის თხოვნით, გასაუბრება შესაძლებელია გადატანილ იქნეს მხოლოდ ერთხელ.

2. გასაუბრების გადატანის შესაძლო შედეგების გათვალისწინებით, გასაუბრების თარიღის გადატანა ხორციელდება სამმართველოს უფროსის თანხმობით.

3. თუ დაგეგმილი გასაუბრებების რაოდენობა აჭარბებს სამმართველოს ადამიანური რესურსის შესაძლებლობებს, გადაწყვეტილება გასაუბრების გადატანასთან დაკავშირებით მიიღება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი წესით განხილვის განყოფილების უფროსის მიერ, სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, მაგრამ გასაუბრების ჩანიშნული თარიღიდან არაუგვიანეს 30 დღისა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, იმ თავშესაფრის მაძიებელთან, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან იგი ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირია, ან მისი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება დაჩქარებული წესით, სტატუსის დამდგენი სპეციალისტი განცხადების განხილვის სავალდებულო ერთთვიანი ვადის გათვალისწინებით, გასაუბრების თარიღს გადაიტანს ჩანიშნული თარიღიდან არაუგვიანეს 3 დღისა.

 

მუხლი 28. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობა და განმეორებით მიმართვა

1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის, მისი კანონიერი წარმომადგენლის ან შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის/თავშესაფრის მაძიებლისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შესაძლებელია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობა.

2. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის მიზნით დეპარტამენტს მიმართავს შესაბამისი განცხადებით (დანართი №10).

3. უფლებამოსილი თანამდებობის პირი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, აცნობებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის სამართლებრივ შედეგებს, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი (დანართი №11). ოქმს ხელს აწერს სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირი, თარჯიმანი და უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი, მისი კანონიერი წარმომადგენელი ან შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის შემდეგ, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი უფლებამოსილია განმეორებით მიმართოს დეპარტამენტს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წინაპირობა. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით განმეორებით მიმართვის შემთხვევაში, უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა/თავშესაფრის მაძიებელმა უნდა მიუთითოს განცხადების გამოხმობისა და განმეორებით მიმართვის საფუძველი, №12 დანართის შესაბამისად.

5. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის საფუძველზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ შესაბამისი ოქმის ხელმოწერიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს ეს გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება წერილობით, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით, 3 სამუშაო დღის ვადაში, მისი სასამართლოში გასაჩივრების „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის მითითებით.

6. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ სამინისტროს ჩააბაროს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე ცნობა/დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში დატოვოს საქართველო, თუ საქართველოში მისი ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

თავი III

გადაწყვეტილების მიღება საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებით

 

მუხლი 29. თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრება

1. გასაუბრების ჩატარების მიზნით თავშესაფრის მაძიებელთან კომუნიკაცია ხორციელდება სათანადო შეტყობინების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსებით. სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაცია თავშესაფრის მაძიებელს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, მოკლეტექსტური შეტყობინების სახით ეგზავნება მის მიერ ბოლოს მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე.

2. სტატუსის დადგენის მიზნით, გასაუბრება ტარდება თავშესაფრის მაძიებელთან და აგრეთვე თავშესაფრის მაძიებლის ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრთან ინდივიდუალურად, მათი საქართველოში ყოფნის შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს ოჯახის არასრულწლოვან წევრთან სათანადო სპეციალიზაციის მქონე უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, თუ იკვეთება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, არასრულწლოვანზე ორიენტირებული ქმედება. თავშესაფრის მაძიებელთან ინდივიდუალური გასაუბრება, როგორც წესი, ოჯახის წევრების დაუსწრებლად ტარდება.

3. გასაუბრების მიზანია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების დადგენა, რაც მოიცავს ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვების ან/და დაუბრუნებლობის მიზეზების შესახებ, აგრეთვე ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელსაც შეუძლია დაადგინოს პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საჭიროება.

4. თავშესაფრის მაძიებელს ან მისი ოჯახის წევრს გასაუბრებისას შეუსაბამო/წინააღმდეგობრივი გარემოების წარმოდგენის შემთხვევაში, ეძლევა განმარტების გაკეთების შესაძლებლობა. თავშესაფრის მაძიებელს აგრეთვე ეძლევა განმარტების გაკეთების შესაძლებლობა მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასა და ალტერნატიულ ინფორმაციას, მათ შორის წარმოშობის ქვეყნის ინფორმაციას, შორის არსებული შეუსაბამობის/წინააღმდეგობის შესახებ.

5. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრების ჩატარებამდე იკვლევს საქმის გარემოებებს. კერძოდ:

ა) ეცნობა თავშესაფრის მაძიებლის და მისი ოჯახის წევრების ანკეტირების მასალებსა და საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას, გამოყოფს საქმესთან უშუალო კავშირში მყოფ არსებით დეტალებს და განსაზღვრავს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების თანმიმდევრობას;

ბ) შეისწავლის სამგზავრო და სხვა სახის დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს და მხედველობაში იღებს იმ მონაცემებს, რომლებიც უშუალო კავშირშია საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან;

გ) შეისწავლის თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციას, ქვეყნის რეგიონების რუკების ჩათვლით და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს შესაბამის რუკებს გასაუბრების პროცედურისთვის;

დ) გასაუბრებისთვის ამზადებს გადაწყვეტილების მისაღებად არსებითი მნიშვნელობის მქონე კითხვებს;

ე) თავშესაფრის მაძიებლის მიერ გასაუბრების პროცედურის მსვლელობისას, შესაბამისი განმარტებების წარდგენის მიზნით გამოყოფს ისეთ საკითხებს, რომლებიც აკლია საქმისწარმოების მასალებს, არის ბუნდოვანი ან არის ურთიერთშეუსაბამო.

6. თავშესაფრის მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელი, აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატი (არსებობის შემთხვევაში), სტატუსის დადგენის მიზნით ჩატარებულ გასაუბრებაზე დაიშვება შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. თავშესაფრის მაძიებლის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატს სტატუსის დამდგენმა სპეციალისტმა უნდა განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობები, კერძოდ:

ა) გასაუბრების მიმდინარეობისას პროცესში ჩარევის დაუშვებლობის შესახებ;

ბ) გასაუბრების დასრულებისას დამაზუსტებელი შეკითხვების დასმის უფლების შესახებ;

გ) გასაუბრებისთვის ხელის შეშლის დაუშვებლობის შესახებ. თუ კანონიერი წარმომადგენლის, აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატის მონაწილეობა ხელს უშლის გასაუბრების პროცესს, მან უნდა დატოვოს გასაუბრების პროცედურა, რის თაობაზეც დგება ოქმი ამ პირის გასაუბრების დატოვების მიზეზის მითითებით, რაც დაერთვის თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანზე. თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან გასაუბრებას ესწრება მისი კანონიერი წარმომადგენელი. კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია გასაუბრების მიმდინარეობისას დასვას შეკითხვები ან გააკეთოს კომენტარები უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში.

8. სტატუსის დამდგენმა სპეციალისტმა გასაუბრების დაწყებისთანავე, თავშესაფრის მაძიებელს უნდა გადასცეს წერილობით განმარტება მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, თავშესაფრის მაძიებლის უფლება-მოვალეობებისა და თავშესაფრის პროცედურის შესახებ „გასაუბრების საკონტროლო სიასთან დაკავშირებული წერილობითი კონსულტაციის“ (№13 დანართი) შესაბამისად.

9. გასაუბრებისას სტატუსის დამდგენი სპეციალისტის მიერ დასმული შეკითხვების მიზანია საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებული ფაქტების შესახებ სრული და ზუსტი განმარტების მიღება. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი უპირატესობას ანიჭებს ღია ტიპის შეკითხვების დასმას, რათა თავშესაფრის მაძიებელს მიეცეს არსებითი დეტალების საკუთარი სიტყვებით აღწერის შესაძლებლობა. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი თავშესაფრის მაძიებელს თხრობას არ აწყვეტინებს, გარდა ასეთის საჭიროებისა.

10. სტატუსის დამდგენმა სპეციალისტმა თავშესაფრის მაძიებელს უნდა შესთავაზოს ქრონოლოგიურად აღწეროს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასა და ანკეტირებაში მითითებული გარემოებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს წარდგენილი ფაქტების სრულყოფილი შეფასება, ხარვეზებისა და შეუსაბამობების გამოვლენა და მათი შესაძლო გამოსწორება.

11. დამატებითი გასაუბრება ტარდება გასაუბრების ჩატარებიდან გონივრულ ვადაში იმ შემთხვევაში, თუ:

ა) აუცილებელია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამატებითი შესწავლა;

ბ) გასაუბრების მსვლელობისას გამოიკვეთა ისეთი სახის ახალი გარემოება, რომელიც არ იყო ცნობილი სტატუსის დამდგენი სპეციალისტისთვის და საჭიროებს დამატებით შესწავლას;

გ) სახეზეა გამორიცხვის კრიტერიუმების შეფასების საჭიროება.

12. სტატუსის დამდგენმა სპეციალისტმა გასაუბრებისას უნდა გამოარკვიოს არასრული ან/და ურთიერთშეუსაბამო ფაქტები ან/და განცხადებები. გასაუბრებისას თავშესაფრის მაძიებელს უნდა მიეთითოს გამოვლენილ ურთიერთშეუსაბამობებზე და ეთხოვოს შესაბამისი განმარტება. თავშესაფრის მაძიებელს აგრეთვე უნდა მიეცეს საშუალება განმარტოს ინფორმაციის და მტკიცებულებების არარსებობის თუ წარუდგენლობის მიზეზები. იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფრის მაძიებელს არ მიეცა საშუალება, რათა აეხსნა გამოვლენილი ურთიერთშეუსაბამო ან სხვა არადამაჯერებელი ფაქტები, აგრეთვე ინფორმაციის და მტკიცებულებების არარსებობის თუ წარუდგენლობის მიზეზები, სტატუსის დამდგენ სპეციალისტს არ აქვს უფლება გადაწყვეტილების მომზადების პროცესში, სანდოობის შეფასებისას, არასანდოდ მიიჩნიოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებული ასეთი არსებითი ფაქტები.

13. თავშესაფრის მაძიებლის გასაუბრებაზე 30 წუთზე მეტი დროით დაგვიანება გათანაბრებულია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობასთან.

 

მუხლი 30. გასაუბრება თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან

1. შესაძლებლობის შემთხვევაში, თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან გასაუბრებას ატარებს სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, რომელიც ფლობს არასრულწლოვანთან გასაუბრებისთვის საჭირო სპეციალიზაციას და მომზადებულია არასრულწლოვანის ფსიქოლოგიური, ემოციური, ფიზიკური განვითარებისა და ქცევის საკითხებში.

2. თავშესაფრის პროცედურის განმავლობაში, სტატუსის დამდგენი სპეციალისტი ითვალისწინებს თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ასაკს და უნარებს, მათ შორის, განვითარების დონეს, აღქმის და კომუნიკაციის უნარს. გასაუბრების მიზნისა და წესების ახსნისას სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, არასრულწლოვანის ასაკის გათვალისწინებით, იყენებს მარტივ გამოთქმებს. არასრულწლოვანს განემარტება, რომ, იმ შემთხვევაში, თუ არ ესმის კითხვის შინაარსი ან პასუხი არ აქვს, შეუძლია განაცხადოს ამის შესახებ.

3. თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან გასაუბრება ტარდება მისი კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით, აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატის თანდასწრებით (მისი არსებობის შემთხვევაში).

4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებით ელემენტებთან დაკავშირებით, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის გამოკითხვისას გაითვალისწინება შემდეგი გარემოებები:

ა) ასაკი და მისი განვითარების დონე როგორც გასაუბრების, ისე საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული მოვლენების პერიოდში;

ბ) ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რაც შესაძლოა გამოეწვია საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებულ გარემოებებს;

გ) წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის ფლობის შესაძლო შეზღუდვები და სტატუსის დადგენისთვის მისი მნიშვნელობა.

5. თუ თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანს არ სურს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისათვის აუცილებელ ფაქტებზე და მოვლენებზე საუბარი, შესაძლებელია გასაუბრების გადადება ან შეწყვეტა. გასაუბრების შეწყვეტის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება წარმოშობის ქვეყნის შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე.

6. თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან გასაუბრებისას, საჭიროებისამებრ, არასრულწლოვანის თავისებურებების გათვალისწინებით, ცხადდება შესვენებები.

 

მუხლი 31. სტატუსის დადგენის მიზნით ჩატარებული გასაუბრების ჩაწერა

1. გასაუბრება ფორმდება წერილობით და ფიქსირდება ხმის ჩამწერი მოწყობილობის საშუალებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს გასაუბრების მასალების სიზუსტე. აუდიოჩაწერის თაობაზე თავშესაფრის მაძიებელს ეცნობება გასაუბრების პროცედურის დაწყების წინ. აუდიოჩაწერა ხორციელდება შემდეგი პროცედურით:

ა) აუდიოჩაწერის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების შემდეგ ირთვება ხმის ჩამწერი მოწყობილობა;

ბ) ხმის ჩამწერი მოწყობილობის ჩართვისას სიტყვიერად ფიქსირდება ჩაწერის დაწყების დრო და თარიღი;

გ) აუდიოჩაწერის დროებით შეჩერების აუცილებლობის შემთხვევაში სიტყვიერად ფიქსირდება დროებით შეჩერების მიზეზი და მიეთითება დრო. აუდიოჩაწერის განახლებისას სიტყვიერად ფიქსირდება აუდიოჩაწერის განახლების დრო;

დ) გასაუბრების პროცესის აუდიოჩაწერის დასრულება ფიქსირდება სიტყვიერად და აგრეთვე სიტყვიერად მიეთითება დრო;

ე) გასაუბრების აუდიოჩანაწერი ინახება ციფრულ ფორმატში, კომპაქტურ დისკზე, რომელიც ინახება თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში.

2. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი აწარმოებს გასაუბრების ოქმს, №14 დანართის შესაბამისად, რომელშიც მიეთითება შემდეგი მონაცემები:

ა) თავშესაფრის მაძიებლის სახელი, გვარი და დაბადების თარიღი;

ბ) სტატუსის დამდგენი სპეციალისტის სახელი და გვარი;

გ) თარჯიმნის სახელი და გვარი;

დ) კანონიერი წარმომადგენლის სახელი და გვარი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ე) გასაუბრების თარიღი;

ვ) სტატუსის დამდგენი სპეციალისტის მიერ დასმული შეკითხვები და თავშესაფრის მაძიებლის პასუხები;

ზ) თავშესაფრის მაძიებლის ქცევასთან და არავერბალურ კომუნიკაციასთან დაკავშირებული შენიშვნები;

თ) გასაუბრების ჩატარების ადგილი.

3. გასაუბრების ოქმში სტატუსის დამდგენი სპეციალისტი შეძლებისდაგვარად ზუსტად ასახავს თავშესაფრის მაძიებლის სიტყვებს და არა – მონათხრობის შინაარსს.

 

მუხლი 32. დოკუმენტების განხილვა სტატუსის დადგენის მიზნით ჩატარებულ გასაუბრებაზე

1. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში არსებული ასლების დედნებთან იდენტურობის შემოწმების მიზნით, განიხილავს თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტების დედნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. დოკუმენტის დედნის ნამდვილობის დასადგენად სტატუსის დამდგენი სპეციალისტი იკვლევს დოკუმენტის შემდეგ მახასიათებლებს:

ა) ქაღალდის ხარისხი და ერთგვაროვნება, რომელზეც შესრულებულია დოკუმენტი;

ბ) გვერდების ნუმერაცია და თანმიმდევრობა;

გ) ფოტოებისა და ხელმოწერების შესაბამისობა თავშესაფრის მაძიებლის ფოტოებსა და ხელმოწერებთან;

დ) მონაცემების გაუფერულება ან ბუნდოვანება;

ე) გათხაპნილი, მთლიანობადარღვეული ან არასწორი ბეჭდები;

ვ) ფოტოსურათის გვერდიდან განშრევება ან ლამინირებული დაფარვის მთლიანობის დარღვევა.

3. თავშესაფრის მაძიებელს მიეთითება დოკუმენტის ნამდვილობის შემოწმებისას გამოვლენილ ყველა სახის ხარვეზზე, რაზეც მას შესაძლებლობა ეძლევა წარადგინოს შესაბამისი განმარტებები.

4. თუ დოკუმენტის ნამდვილობის დადგენა ვერ ხდება, მაგრამ არ არსებობს საწინააღმდეგოს მტკიცების საფუძველი, ასეთი დოკუმენტი მიიღება, როგორც ნამდვილი.

 

მუხლი 33. გასაუბრების დასრულება

1. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი გასაუბრების დასრულებისას ვალდებულია:

ა) დარწმუნდეს, მიეცა თუ არა თავშესაფრის მაძიებელს საშუალება, სრულად მიეწოდებინა სტატუსის დადგენისათვის აუცილებელი ყველა გარემოება;

ბ) დაუსვას თავშესაფრის მაძიებელს შეკითხვა მოწოდებულ ინფორმაციაზე დამატებითი ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით;

გ) დარწმუნდეს, სრულად არის თუ არა მიწოდებული სტატუსის დადგენისათვის ყველა სახის ინფორმაცია.

2. გასაუბრების დასრულებისას გასაუბრების ოქმს ხელს აწერენ თავშესაფრის მაძიებელი, სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, თარჯიმანი, კანონიერი წარმომადგენელი და შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატი , ასეთის არსებობის შემთხვევაში .

 

მუხლი 34. წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვება

1. წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაზე პასუხისმგებელია წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სამმართველო.

2. სტატუსის დამდგენი სპეციალისტის მიმართვის საფუძველზე, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სამმართველო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იკვლევს, აგროვებს და სტატუსის დამდგენ სპეციალისტებს აწვდის უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციას.

3. წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სამმართველო ინფორმაციას ობიექტურად და მიუკერძოებლად ამუშავებს. წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სამმართველო, ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების პროცესში თავისუფალია ზემდგომი სტრუქტურული დანაყოფებისა და თანამდებობის პირების პოლიტიკური ან სხვა ისეთი სახის გავლენისგან, რაც ეჭვის ქვეშ დააყენებს მომზადებული ინფორმაციის ნეიტრალურობას და მიუკერძოებლობას.

4. წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სამმართველო ხელმძღვანელობს წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შესაბამისად (დანართი №15).

 

მუხლი 35. ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე მომზადებული დასკვნის სტრუქტურა

1. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი საქმის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ ამზადებს დასკვნას, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის/თავშესაფრის მაძიებლისთვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, რომლის საფუძველია:

ა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადება;

ბ) თავშესაფრის მაძიებელთან ჩატარებული ანკეტირება;

გ) ჩვეულებრივი წესით განხილვის შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელთან ჩატარებული გასაუბრება;

დ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია;

ე) თავშესაფრის მაძიებლისა და მისი თანმხლები ოჯახის წევრებისაგან მიღებული ინფორმაცია;

ვ) წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია;

ზ) სხვა სახელმწიფო სტრუქტურებიდან მიღებული ინფორმაცია.

2. სამმართველოს მიერ მომზადებული წერილობითი დასკვნა არის დასაბუთებული და შეიცავს:

ა) განცხადების მოკლე შინაარსს;

ბ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ჩამონათვალს;

გ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდოობის, მათ შორის, ამ ინფორმაციის რეალურობის, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის შეფასებას;

დ) ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისათვის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობას, მათ შორის:

დ.ა) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებთან კავშირის დადგენას;

დ.ბ) დევნის საფუძვლიანი შიშის დადგენას, მათ შორის, შიშის სუბიექტური და ობიექტური საფუძვლების განსაზღვრას;

დ.გ) დევნის ფაქტის დადგენას;

დ.დ) დევნის განმახორციელებელი სუბიექტ(ებ)ის დადგენას;

დ.ე) დაცვის განმახორციელებელი სუბიექტ(ებ)ის დადგენას;

დ.ვ) საჭიროების შემთხვევაში, შიდა გადაადგილების ალტერნატივის შესაძლო გამოყენების შეფასებას;

დ.ზ) საჭიროების შემთხვევაში, გამორიცხვის კრიტერიუმების შესაძლო გამოყენების შეფასებას;

დ.თ) საჭიროების შემთხვევაში, ლტოლვილის სტატუსზე უარის თქმის საფუძვლების შესაძლო გამოყენების შეფასებას;

ე) ლტოლვილის სტატუსის დადგენის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დამატებითი დაცვის მინიჭებისთვის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობას:

ე.ა) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირობებთან კავშირის დადგენას;

ე.ბ) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ რეალური რისკის არსებობის დადგენას;

ე.გ) სერიოზული ზიანის განმახორციელებელი სუბიექტ(ებ)ის დადგენას;

ე.დ) დაცვის განმახორციელებელი სუბიექტ(ებ)ის დადგენას;

ე.ე) საჭიროების შემთხვევაში, შიდა გადაადგილების ალტერნატივის შესაძლო გამოყენების შეფასებას;

ე.ვ) საჭიროების შემთხვევაში, გამორიცხვის კრიტერიუმების შესაძლო გამოყენების შეფასებას;

ე.ზ) საჭიროების შემთხვევაში, დამატებით დაცვაზე უარის თქმის საფუძვლების შესაძლო გამოყენების შეფასებას;

ვ) რეკომენდაციას.

3. დასკვნა მზადდება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით.

4. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დასკვნა წარედგინება დეპარტამენტის დირექტორს.

 

მუხლი 36. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადები

სტატუსის დამდგენი სპეციალისტი საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას განიხილავს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

მუხლი 37. ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და შეტყობინება

1. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი ამზადებს დასაბუთებულ დასკვნას ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, რომლის საფუძველზეც გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი.

2. თავშესაფრის მაძიებელს ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით, მისი სასამართლოში გასაჩივრების „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის მითითებით.

3. უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან/თავშესაფრის მაძიებელთან კომუნიკაცია ხორციელდება სათანადო შეტყობინების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსებით. დეპარტამენტის მიერ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის/თავშესაფრის მაძიებლისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა ამ გადაწყვეტილების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან. აღნიშნული შეტყობინების ან გადაწყვეტილების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაცია უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეგზავნება მის მიერ ბოლოს მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე.

4. პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის შემთხვევაში, გადაწყვეტილება ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის/თავშესაფრის მაძიებლისთვის გადაცემის მიზნით.

5. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი დროებითი განთავსების ცენტრში/სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, მას სათანადო შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება პირადად ჰბარდება, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს.

6. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გადაეცემა/ეგზავნება მის მეურვეს/მზრუნველს/მხარდამჭერს.

 

მუხლი 38. გადაწყვეტილება დამატებითი დაცვის გაგრძელების თაობაზე

1. დამატებითი დაცვა უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ენიჭება ერთი წლის ვადით და სამინისტროს გადაწყვეტილებით, ის შეიძლება იმავე ვადით არაერთგზის გაგრძელდეს, თუ კვლავ არსებობს გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც პირს ეს სტატუსი მიენიჭა.

2. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი იწყებს დამატებითი დაცვის გაგრძელების შესაძლებლობის საკითხის განხილვის პროცედურას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს ერთი თვისა.

3. დამატებითი დაცვის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი. გადაწყვეტილება მიიღება საქმის შესაბამის მასალებზე დაყრდნობით, გადაწყვეტილების მიღების მომენტში არსებული გარემოებების გათვალისწინებით.

4. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი დამატებითი დაცვის მქონე პირს, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, ატყობინებს მისთვის მინიჭებული სტატუსის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესწავლის მიზნით გასაუბრების თარიღის ჩანიშვნის შესახებ.

5. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვნის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება გადაეცემა/ეგზავნება მის მეურვეს/მზრუნველს/მხარდამჭერს.

6. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი უზრუნველყოფს გასაუბრების ჩატარებას დამატებითი დაცვის მქონე პირთან მისთვის მინიჭებული სტატუსის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე შესაბამისი პროცედურის დაწყებიდან ათი დღის ვადაში. გასაუბრების მიზანია დამატებითი დაცვის მქონე პირს მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს ინფორმაცია, რომელიც ასაბუთებს ამ პირისათვის შესაბამისი სტატუსის გაგრძელების საჭიროებას.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული გასაუბრება არ ტარდება იმ შემთხვევაში, თუ კვლავ არსებობს ის გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც პირს მიენიჭა დამატებითი დაცვა.

8. საქმის მასალების გამოკვლევის შემდეგ სტატუსის დამდგენი სპეციალისტის მიერ მომზადებული დასკვნა წარედგინება დეპარტამენტის დირექტორს გადაწყვეტილების მისაღებად.

9. დამატებითი დაცვის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილება პირს ეგზავნება/გადაეცემა 3 სამუშაო დღის ვადაში (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

10. იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი დაცვის მქონე პირთან დაკავშირება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლით გათვალისწინებული წესით შეუძლებელია მისი საკონტაქტო ინფორმაციის არარსებობის, მისი შეცვლის შემთხვევაში დეპარტამენტში ცვლილების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის ან პირის გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის გამო, მინიჭებული სტატუსის გაგრძელების ან გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სტატუსის დადგენის სპეციალისტისთვის მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე.

11. დამატებითი დაცვის მქონე პირის გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ იგი დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში გამოცხადდება დეპარტამენტში და გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებზე წარადგენს სათანადო განმარტებებს, მათი გამოკვლევის შედეგად უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და გასაუბრების დანიშვნის თაობაზე.

12. დამატებითი დაცვის მქონე პირს გასაუბრებას მისი დასაბუთებული მოთხოვნით, ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში უტარებს მისთვის სასურველი სქესის უფლებამოსილი თანამდებობის პირი და იგი სარგებლობს სასურველი სქესის თარჯიმნის მომსახურებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ აღნიშნული მოთხოვნა ეფუძნება გარემოებებს, რომლებიც არ უკავშირდება პირის მიერ წარსადგენი ინფორმაციისა და განმარტებების დაუბრკოლებლად წარმოჩენას.

13. დამატებითი დაცვის მქონე პირთან გასაუბრება ტარდება მისი კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.

14. უზრუნველყოფილი უნდა იყოს გასაუბრების მასალის სიზუსტე. დამატებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით წარმოებული პროცედურის მასალები ინახება დამატებითი დაცვის მქონე პირის პირად საქმეში.

15. დამატებითი დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით გასაუბრების მიმდინარეობისას, სტატუსის დამდგენი სპეციალისტი იკვლევს დამატებითი დაცვის მქონე პირის მიერ წარდგენილ ინფორმაციას და მტკიცებულებებს.

16. დამატებითი დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის გაგრძელების მიზანშეწონილობის დადგენის პროცედურის დასრულებამდე, ეს პირი სარგებლობს მის სტატუსთან დაკავშირებული ყველა უფლებით და ეკისრება შესაბამისი მოვალეობები.

17. დამატებითი დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ წერილობითი ფორმით მიღებული გადაწყვეტილება ამ პირს ჰბარდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად, 3 სამუშაო დღის ვადაში (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) და მისი სასამართლოში გასაჩივრების „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის მითითებით. 

 

თავი IV

საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა

 

მუხლი 39. საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა

1. საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში, მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა და თავშესაფრის პროცედურა მიმდინარეობს ერთდროულად, ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელის საქართველოდან გაძევების ან მის გაძევებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან/მინიჭებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება ერთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან/მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება.

 

მუხლი 40. საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების წესი

1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში წარდგენილ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას, საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, იხილავს სამმართველო.

2. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის შემთხვევაში სამმართველო, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ამოწმებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადება წარდგენილია თუ არა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის დაცვით.

3. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ აღნიშნული ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში, სამმართველო დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს პატაკს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევის გამო საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ პატაკში მოცემული დასაბუთება უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს მიერ აისახება, ამ პროცედურის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებაში.

4. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის შემთხვევაში სამმართველო, განცხადების კანონით დადგენილი წესით განხილვის შედეგად დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს დასკვნას საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის ან საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნულ დასკვნაში მოცემული დასაბუთება უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს მიერ აისახება, ამ პროცედურის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებაში.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო გაძევების საკითხის განხილვის შემდეგ ამზადებს გადაწყვეტილებას, სადაც აგრეთვე აისახება სამმართველოს მიერ მომზადებული დასკვნის სარეკომენდაციო ნაწილი.

6. ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების გათვალისწინებით, დეპარტამენტის დირექტორი იღებს ერთ-ერთი შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე ან უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის თაობაზე ან უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე;

ბ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობისა და უცხოელის საქართველოდან გაძევების ან გაძევებაზე უარის თქმის ან უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე;

გ) საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმისა და უცხოელის საქართველოდან გაძევების ან გაძევებაზე უარის თქმის ან უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე;

დ) საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე და უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის თაობაზე;

ე) თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტისა და უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე ან უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის თაობაზე ან უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე.

 

თავი V

ოჯახის გაერთიანების პრინციპზე დაფუძნებული საერთაშორისო დაცვაზე განცხადებების განხილვა

 

მუხლი 41. ოჯახის ერთიანობის პრინციპზე დაფუძნებული წარმოებული სტატუსის განხილვა

1. ოჯახის ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით, ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის თანმხლებ ოჯახის წევრ(ებ)ს ენიჭება საერთაშორისო დაცვის იგივე ფორმა, რაც მინიჭებული აქვს ლტოლვილს ან დამატებითი დაცვის მქონე პირს.

2. წარმოებული სტატუსის მინიჭების პროცედურის დაწყებისთვის ლტოლვილმა ან დამატებითი დაცვის მქონე პირმა წერილობით უნდა მიმართოს დეპარტამენტს.

3. ლტოლვილმა ან დამატებითი დაცვის მქონე პირმა განცხადებას უნდა დაურთოს ოჯახური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

4. ოჯახის ყველა წევრს უფლება აქვს საერთაშორისო დაცვაზე მისი განცხადება განხილულ იქნეს ინდივიდუალურად.

5. თუ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი ან დამატებითი დაცვა, ან გაუგრძელდა დამატებითი დაცვის ვადა, მაშინ მასთან ერთად მყოფ ოჯახის წევრებსაც, ისევე როგორც არასრულწლოვანებს, რომელთა კანონიერი წარმომადგენელიც არის ეს პირი, ენიჭება ლტოლვილის სტატუსი ან დამატებითი დაცვა, ან გაუგრძელდება დამატებითი დაცვის ვადა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17, მე-18, მე-20, 21-ე, 23-ე ან 24-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.

6. წარმოებული სტატუსის მოთხოვნის უფლება გააჩნიათ ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის შემდეგ წევრებს:

ა) მეუღლეს ანდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს;

ბ) დასაოჯახებელ არასრულწლოვან შვილს რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული ქორწინებიდან ანდა წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ნაშვილებ, დასაოჯახებელ არასრულწლოვანს;

გ) დასაოჯახებელი არასრულწლოვანი ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის დედას, მამას, კანონიერ წარმომადგენელს.

7. ოჯახის წევრის უფლება, მოიპოვოს წარმოებული სტატუსი ოჯახის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, შესაძლოა დადგინდეს ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების შემდეგ.

8. წარმოებული სტატუსის მოსაპოვებლად გასაუბრება ტარდება თავშესაფრის მაძიებლის ან ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრთან.

9. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, წარმოებული სტატუსის მინიჭების მიზნით, ოჯახური კავშირის დასადგენად, იკვლევს თავშესაფრის პროცედურაში ამ მიზნით წარდგენილ დოკუმენტაციას, ასეთის არსებობის შემთხვევაში და შესაბამის გარემოებებს.

10. წარმოებული სტატუსის მინიჭებისათვის ჩატარებულ გასაუბრებაზე, ოჯახური კავშირის დასადასტურებლად, წარმოდგენილი უნდა იყოს ოჯახის წევრობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დედნები (ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა და ა.შ.), ასეთის არსებობის შემთხვევაში.

11. ოჯახური კავშირის დასადასტურებლად დოკუმენტაციის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, სტატუსის დამდგენი სპეციალისტი გამოჰკითხავს ოჯახის წევრებს ოჯახის შემადგენლობასა და ცხოვრების პირობების შესახებ როგორც წარმოშობის ქვეყანაში, ისე საქართველოში ყოფნის პერიოდში, მათ შორის:

ა) ურთიერთობის ხანგრძლივობის და ხასიათის შესახებ;

ბ) ფინანსური, იურიდიული ან სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც მათ აღებული აქვთ ერთმანეთის მიმართ.

12. წარმოებული სტატუსის მისანიჭებლად ჩატარებული გასაუბრების შესახებ დგება ოქმი, რომელიც ინახება პირად საქმეში.

13. ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის მიერ ოჯახის წევრისთვის წარმოებული სტატუსის მინიჭების თაობაზე დეპარტამენტისთვის განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, სტატუსის დამდგენი სპეციალისტი წარმოებული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავს ერთი თვის ვადაში.

 

მუხლი 42. ოჯახის გაერთიანება

1. ოჯახის გაერთიანების პროცედურის დაწყებისთვის ლტოლვილი ან დამატებითი დაცვის მქონე პირი წერილობით მიმართავს დეპარტამენტს.

2. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანისთვის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ პროცედურით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების შემდეგ არასრულწლოვანის თანხმობის არსებობის შემთხვევაში სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, ამ არასრულწლოვანის მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის განცხადების საფუძველზე, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, იწყებს ოჯახის გაერთიანების პროცედურას.

3. ოჯახის გაერთიანების თაობაზე განცხადებას ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მქონე პირმა უნდა დაურთოს ნათესაური კავშირის დამადასტურებელი ყველა შესაძლო მტკიცებულება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

4. ოჯახური კავშირების დადგენის მიზნით, სტატუსის დამდგენი სპეციალისტი 1 თვის ვადაში განიხილავს ოჯახის გაერთიანების თაობაზე განცხადებას თანდართულ მტკიცებულებებთან ერთად, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

5. ოჯახური კავშირის დადგენის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორი მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრ(ებ)ისთვის ვიზის გაცემის თაობაზე, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.

6. ოჯახის ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და დეპარტამენტისთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში ენიჭება საერთაშორისო დაცვის იგივე ფორმა, რომელიც ლტოლვილს ან დამატებითი დაცვის მქონე პირს აქვს მინიჭებული.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრმა დეპარტამენტს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. თუ ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრმა ეს ვადა არასაპატიო მიზეზით დაარღვია, დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

8. პირს შეიძლება უარი ეთქვას ოჯახის გაერთიანებაზე, თუ ოჯახის წევრის მიმართ არსებობს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17, მე-18, მე-20 ან 21-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძველი.

 

მუხლი 43. თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტა

1. თავშესაფრის პროცედურა შეწყდება, თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი:

ა) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად გამოიხმობს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას;

ბ) არ თანამშრომლობს სამინისტროსთან;

გ) დეპარტამენტს/სასამართლოს არ აცნობებს სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას;

დ) დეპარტამენტს/სასამართლოს 3 სამუშაო დღის ვადაში არ აცნობებს შესაბამის საკონტაქტო ინფორმაციას მისი შეცვლის შემთხვევაში;

ე) არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ გამოცხადდება ანკეტირებაზე ან გასაუბრებაზე;

ვ) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ გამოცხადდება გასაუბრებაზე;

ზ) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადდება დეპარტამენტში ან/და დეპარტამენტს არ აცნობებს სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას;

თ) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადდება დეპარტამენტში ან/და დეპარტამენტს არ წარუდგენს სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას;

ი) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენისას ან ანკეტირებისას არ წარადგენს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას;

კ) დატოვებს საქართველოს;

ლ) გარდაიცვლება.

2. თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ დეპარტამენტის გადაწყვეტილება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ჰბარდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

თავი VI

ლტოლვილის სტატუსის, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა

 

მუხლი 44. ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები

1. პირს ლტოლვილის სტატუსი შეუწყდება, თუ:

 ა) მან მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა;

ბ) მან ნებაყოფლობით ისარგებლა წარმოშობის ქვეყნის დაცვით;

გ) მან წარმოშობის ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ ნებაყოფლობით კვლავ მოიპოვა მისი მოქალაქეობა;

დ) მან მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და სარგებლობს ამ ქვეყნის დაცვით;

ე) იგი ნებაყოფლობით დამკვიდრდა იმ ქვეყანაში, რომელიც დატოვა ან რომლის ფარგლების გარეთაც იმყოფებოდა დევნის შიშის გამო;

ვ) მას არ შეუძლია უარი თქვას წარმოშობის ქვეყნის დაცვაზე, რადგან გარემოებები, რომელთა გამოც მას ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა, აღარ არსებობს;

ზ) მან სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის შესახებ განცხადებით მიმართა;

თ) მან გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლიდან 1 თვეა გასული;

ი) იგი გარდაიცვალა.

2. ლტოლვილზე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება, თუ წარმოშობის ქვეყანაში მისი ადრინდელი დევნის გათვალისწინებით, მას შეუძლია წარადგინოს ინფორმაცია ამ ქვეყნის დაცვით სარგებლობაზე უარის თქმის დასაბუთებული მიზეზის შესახებ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი დეპარტამენტს მიმართავს შესაბამისი განცხადებით (დანართი №16).

4. პირისათვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი შეწყვეტა მასზე გაცემული ბინადრობის მოწმობისა და სამგზავრო დოკუმენტის გაუქმების საფუძველია.

 

მუხლი 45. დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის შეწყვეტის საფუძვლები

1. პირს დამატებითი დაცვა ან დროებითი დაცვა შეუწყდება, თუ:

ა) მან მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა;

ბ) მან მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და სარგებლობს ამ ქვეყნის დაცვით;

გ) იგი ნებაყოფლობით დამკვიდრდა იმ ქვეყანაში, რომელიც დატოვა ან რომლის ფარგლების გარეთაც იმყოფებოდა სერიოზული ზიანის გამო;

დ) მას არ შეუძლია უარი თქვას წარმოშობის ქვეყნის დაცვაზე, რადგან გარემოებები, რომელთა გამოც მას დამატებითი დაცვა ან დროებითი დაცვა მიენიჭა აღარ არსებობს;

ე) მან ნებაყოფლობით ისარგებლა წარმოშობის ქვეყნის დაცვით;

ვ) მან წარმოშობის ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ ნებაყოფლობით კვლავ მოიპოვა მისი მოქალაქეობა;

ზ) მას ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა;

თ) მან სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის შეწყვეტის შესახებ განცხადებით მიმართა;

ი) მან გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლიდან 1 თვეა გასული;

კ) იგი გარდაიცვალა.

2. დამატებითი დაცვის მქონე პირზე ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება, თუ წარმოშობის ქვეყანაში მისთვის მიყენებული ადრინდელი სერიოზული ზიანის გათვალისწინებით, მას შეუძლია წარადგინოს ინფორმაცია ამ ქვეყნის დაცვით სარგებლობაზე უარის თქმის დასაბუთებული მიზეზის შესახებ.

3. პირისთვის მინიჭებული დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის შეწყვეტა, შესაბამისად, დამატებითი დაცვის მქონე პირზე გაცემული ბინადრობის მოწმობისა და სამგზავრო პასპორტისა და დროებითი დაცვის მქონე პირზე გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობის გაუქმების საფუძველია.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის მქონე პირი დეპარტამენტს მიმართავს შესაბამისი განცხადებით (დანართი №17/დანართი №18).

 

მუხლი 46. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის გაუქმების ან ჩამორთმევის საფუძვლები

1. პირს საერთაშორისო დაცვა გაუუქმდება, თუ ცნობილი გახდა, რომ იგი არ აკმაყოფილებდა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15, მე-19 ან 22-ე მუხლის მოთხოვნებს ან/და მან არასწორი ინფორმაცია ან/და ყალბი დოკუმენტაცია წარადგინა, კერძოდ:

ა) პირის მიერ არასწორი ინფორმაციის ან/და ყალბი დოკუმენტაციის წარდგენამ გადამწყვეტი გავლენა მოახდინა მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე;

ბ) გამოიკვეთა ახალი გარემოებები, რომლებიც მიუთითებს, რომ პირს არ უნდა ესარგებლა საერთაშორისო დაცვით;

გ) პირი სხვა ბინადრობის ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ აღიარებულია ისეთი უფლებებისა და მოვალეობების მქონედ, რომლებიც დაკავშირებულია ამ ქვეყნის მოქალაქეობის ფლობასთან და, შესაბამისად, იგი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებდა;

დ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18, 21-ე ან 24-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება.

2. პირს საერთაშორისო დაცვა ჩამოერთმევა, თუ იგი საერთაშორისო დაცვის მიღების შემდეგ მსჯავრდებულ იქნა საქართველოში განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, ანდა ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, ან არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, მის ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს.

3. პირისთვის საერთაშორისო დაცვის გაუქმება ან ჩამორთმევა მასზე გაცემული ბინადრობის მოწმობისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის/სამგზავრო პასპორტის გაუქმების საფუძველია.

 

მუხლი 47. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურა

1. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურას იწყებს სტატუსის დამდგენი სპეციალისტი.

2. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი საერთაშორისო დაცვის მქონე პირს, მისთვის გასაგებ ენაზე, ან იმ ენაზე რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, ატყობინებს მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურის დაწყების შესახებ, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან დაკავშირება შეუძლებელია „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლით გათვალისწინებული წესით მისი საკონტაქტო ინფორმაციის არარსებობის ან/და მას დეპარტამენტში არ წარუდგენია შეცვლილი საკონტაქტო ინფორმაცია, ან პირი არ გამოცხადდა გასაუბრებაზე, გადაწყვეტილება მიიღება გასაუბრების გარეშე, არსებული ინფორმაციისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე.

3. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება ეგზავნება მის კანონიერ წარმომადგენელს.

4. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი უზრუნველყოფს ინდივიდუალურ გასაუბრებას საერთაშორისო დაცვის მქონე თითოეულ სრულწლოვან პირთან მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურის დაწყებიდან შესაძლო მოკლე ვადაში გადაწყვეტილების მიღების ერთთვიანი ვადის გათვალისწინებით, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს ინფორმაცია და გააკეთოს განმარტებები იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც დაიწყო მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურა, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომელიც ასაბუთებს ამ პირისათვის შესაბამისი სტატუსის შენარჩუნების საჭიროებას.

5. საერთაშორისო დაცვის მქონე პირის გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ იგი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში დაუკავშირდება და გამოცხადდება სამინისტროში და გამოუცხადებლობის მიზეზებზე წარადგენს სათანადო განმარტებებს საპატიო მიზეზების მითითებით, მათი გამოკვლევის შედეგად დეპარტამენტის დირექტორი, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და გასაუბრების დანიშვნის თაობაზე.

6. შესაძლებლობის შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის მიზნით საერთაშორისო დაცვის მქონე პირს  გასაუბრებას მისი დასაბუთებული მოთხოვნით, ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში უტარებს მისთვის სასურველი სქესის უფლებამოსილი თანამდებობის პირი, თარჯიმნის მომსახურებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უფლებამოსილ თანამდებობის პირს აქვს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ აღნიშნული მოთხოვნა ეფუძნება გარემოებებს, რომლებიც არ უკავშირდება პირის მიერ წარსადგენი ინფორმაციისა და განმარტებების დაუბრკოლებლად წარმოჩენას.

7. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის მიზნით გასაუბრება ტარდება მისი კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის საჭიროების შემთხვევაში), აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატის (არსებობის შემთხვევაში) თანდასწრებით.

8. გასაუბრების მასალის სიზუსტის უზრუნველსაყოფად, გასაუბრება ფორმდება წერილობით და ფიქსირდება ხმის ჩამწერი მოწყობილობის გამოყენებით. გასაუბრების მასალები ინახება საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირად საქმეში.

9. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის საკითხზე გასაუბრების მიმდინარეობისას სტატუსის დამდგენი სპეციალისტი იკვლევს იმ ინფორმაციას, რომელიც უტყუარად ასაბუთებს ამ პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის კანონიერებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ წარდგენილ ინფორმაციას და მტკიცებულებებს.

10. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურის დასრულებამდე ეს პირი სარგებლობს მის სტატუსთან დაკავშირებული ყველა უფლებით და ეკისრება შესაბამისი მოვალეობები.

 

მუხლი 48. გადაწყვეტილება საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ

1. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით, მისი სასამართლოში გასაჩივრების კანონით დადგენილი წესის მითითებით.

2. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა ამ გადაწყვეტილების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან. აღნიშნული შეტყობინების ან გადაწყვეტილების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეგზავნება მის მიერ ბოლოს მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე.

 

მუხლი 49. წარმოებული სტატუსის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა

საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა იწვევს ამ პირის ოჯახის წევრის/წევრების წარმოებული სტატუსის შეწყვეტას, გაუქმებას ან ჩამორთმევას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოჯახის წევრი/წევრები აკმაყოფილებს/აკმაყოფილებენ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 ან მე-19 მუხლებით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების საფუძვლებს. ოჯახის წევრებისათვის წარმოებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის საკითხს სტატუსის დამდგენი სპეციალისტი განიხილავს ინდივიდუალურად, ამ პროცედურით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურის შესაბამისად.

 

მუხლი 50. სამინისტროში უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა დიდი ოდენობით შემოსული განცხადებების ეფექტიანი მართვა

სამინისტროსადმი დიდი ოდენობით უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართვის შემთხვევაში, დაგროვებული საერთაშორისო დაცვაზე განცხადებების ეფექტიანად მართვის მიზნით, დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე დეპარტამენტში დაუყოვნებლივ იქმნება კომისია, რომელიც:

ა) ახდენს საკითხთან დაკავშირებული რისკის შეფასებას;

ბ) უზრუნველყოფს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებების დახარისხებას ტერიტორიული, რაოდენობრივი, მიზეზობრივი ნიშნით და წარმოშობის ქვეყნის შესახებ არსებულ ინფორმაციასთან შეჯერების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი მეთოდური სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების შესახებ;

გ) ადგენს დამატებითი ადამიანური და ფინანსური რესურსების გამოყოფის მოზიდვის საჭიროებას.

 

თავი VII

თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული სამინისტროს გადაწყვეტილების სახელმწიფო დაწესებულებებისათვის შეტყობინების წესი

 

მუხლი 51. თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საქართველოს პროკურატურისთვის შეტყობინება

ექსტრადიციას დაქვემდებარებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის/თავშესაფრის მაძიებლისათვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის, აგრეთვე თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ დეპარტამენტის გადაწყვეტილების ან ამ გადაწყვეტილების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება საქართველოს პროკურატურას, კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი რეაგირებისათვის.

 

მუხლი 52. თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის შეტყობინება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეგზავნება თავშესაფრის მაძიებლისთვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის, თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის, საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ ინფორმაცია მათზე გაცემული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, დროებითი ბინადრობის მოწმობისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის გასაუქმებლად.

 

თავი VIII

 „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადების განსაზღვრის წესი

 

მუხლი 53. პერსონალური მონაცემების შენახვის ზოგადი დებულებები

1. თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით დამუშავებული პერსონალური მონაცემები უნდა ინახებოდეს მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია ამ მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პერსონალური მონაცემები უნდა წაიშალოს ან/და განადგურდეს ან შენახული უნდა იქნეს პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით.

2. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, პერსონალური მონაცემები მუშავდება საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების, პირის იდენტიფიცირებისა და პარალელური პროცედურების თავიდან აცილების მიზნით.

3. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამუშავებული პერსონალური მონაცემების შენახვის ვადის ათვლა იწყება მონაცემის ფაილურ სისტემაში ასახვისთანავე.

4. ფაილურ სისტემებში არსებული პერსონალური მონაცემის შენახვის ვადის გასვლის შემდეგ მონაცემი უნდა წაიშალოს ან/და განადგურდეს.

 

მუხლი 54. პერსონალური მონაცემების შენახვის ვადები

1. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მიზნით დამუშავებული, საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პერსონალური მონაცემების შენახვის ვადად განისაზღვრება ამ პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებამდე ან გარდაცვალების ფაქტის დადგენამდე პერიოდი.

2. იმ პირის პირად საქმეში არსებული პერსონალური მონაცემები, ვის მიმართაც არსებობს დეპარტამენტის ან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ, ან საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის შესახებ ან საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, ან თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ, აგრეთვე, საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ, ინახება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 წლის ვადით.

3. პირის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით განმეორებით მიმართვის შემთხვევაში მის პირად საქმეში არსებული პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა აითვლება მის მიერ განმეორებითი განცხადების რეგისტრაციიდან.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლისთანავე მონაცემთა ბაზაში დაცული პერსონალური მონაცემები ავტომატურად იშლება სისტემიდან მათი სრული წაშლით, ხოლო პირად საქმეში მატერიალური სახით არსებობის შემთხვევაში, ნადგურდება მათი დაწვით, დაჭრით ან სხვა ისეთი გზით, რაც შეუძლებელს ხდის მათი აღდგენის შესაძლებლობას.

 

მუხლი 55. ვადაზე ადრე პერსონალური მონაცემების განადგურება

1. პერსონალური მონაცემები ამ პროცედურის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე ნადგურდება, თუ:

ა) პირმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა;

ბ) პირი გარდაიცვალა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პერსონალური მონაცემები ნადგურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 1 თვის ვადაში.

 

თავი IX

უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდები აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი

 

მუხლი 56. ამ თავის მიზანი

1. ამ თავის მიზანია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის განსაზღვრა.

2. ამ თავით განისაზღვრება თავშესაფრის პროცედურის სამართლიანი, სრულყოფილი, ეფექტიანი და თანმიმდევრული განხორციელების მიზნით, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღებისა და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცედურა.

3. ამ თავით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემი მუშავდება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ან დროებითი დაცვის მქონე პირის იდენტიფიცირებისა და მის მიმართ პარალელური პროცედურების თავიდან აცილების მიზნით.

 

მუხლი 57. ტერმინთა განმარტება

1. ამ თავის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული მონაცემი, რომელიც უნიკალური და მუდმივია თითოეული ფიზიკური პირისათვის და რომლითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება;

ბ) თანმდევი მონაცემი – ამ პროცედურის მე-60 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები, რომლებიც უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღებისას თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდებთან ერთად შეიტანება მონაცემთა ბაზაში;

გ) თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება – ბიომეტრიული სისტემის სენსორების საშუალებით ბიომეტრიული მონაცემების დაფიქსირება და ციფრულ ფორმატში გარდაქმნა, რის შემდეგაც ციფრულ ფორმატში არსებული მონაცემი გარდაიქმნება თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების კომპაქტურ ნიმუშად;

დ) თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების შედარება – პროცედურა, რა დროსაც მონაცემთა ბაზა ზომავს და ახდენს თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების ნიმუშის შედარებას მონაცემთა ბაზაში არსებულ სხვა თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების ნიმუშებთან, რის საფუძველზეც იღებს გადაწყვეტილებას, რამდენად შეესაბამება წარმოდგენილი ნიმუში მონაცემთა ბაზაში არსებულ სხვა ნიმუშებს;

ე) თანხვედრა – თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების შედარების შედეგი, როდესაც შესადარებელი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების ნიმუში ემთხვევა მონაცემთა ბაზაში არსებულ თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების ნიმუშს;

ვ) თანხვედრის უარყოფა – თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების შედარების შედეგი, როდესაც შესადარებელი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების ნიმუში არ ემთხვევა მონაცემთა ბაზაში არსებულ არცერთ თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების ნიმუშს.

 

მუხლი 58. უფლებამოსილი მოსამსახურის ვალდებულებები

1. ამ თავით გათვალისწინებული თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღებასა და შედარებას ახორციელებს რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების მოსამსახურე (შემდგომ – უფლებამოსილი მოსამსახურე), რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი მომზადება თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღების წესსა და ამ მონაცემის დამუშავებასთან დაკავშირებით.

2. უფლებამოსილი მოსამსახურე, ამ თავის შესაბამისად, უზრუნველყოფს:

ა) თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღებას;

ბ) აღებული თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების და მისი თანმდევი მონაცემის (სახელი და გვარი) ურთიერთშესაბამისობას და მათ მონაცემთა ბაზაში შეყვანას;

გ) თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების მონაცემთა ბაზაში არსებულ ყველა თითების ანაბეჭდებთან და ხელისგულების ანაბეჭდებთან შედარებასა და მონაცემთა ბაზაში შენახვას.

 

მუხლი 59. თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღების წესი

1. თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღებამდე, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უნდა მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღების მიზნისა და მისი შენახვის ვადის შესახებ.

2. დეპარტამენტისათვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვისა და განცხადების რეგისტრაციის შემდეგ, უფლებამოსილმა მოსამსახურემ უნდა აიღოს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მარჯვენა და მარცხენა ხელის თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტისა და ამ პროცედურის 63-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღებამდე, უფლებამოსილი მოსამსახურე ადგენს თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღებაზე და თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების თანმდევი მონაცემის დამუშავების თაობაზე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის თანხმობის ოქმს (დანართი №21), რომელიც თან დაერთვის საერთაშორისო დაცვაზე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის განცხადებას.

4. დაუშვებელია 14 წელს მიუღწეველი უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება. იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შეუსრულდა 14 წელი, მისი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება ხორციელდება ამ თავის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება ხდება 14 წლის ასაკის შესრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

5. იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი განთავსების ცენტრში და მისი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება ვერ ხერხდება ამ მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, უფლებამოსილი მოსამსახურის უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის თითების ანაბეჭდებსა და ხელისგულების ანაბეჭდებს გამოითხოვს ამ დაწესებულებებიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც ინახება ამ პროცედურის 64-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

6. სამინისტრო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული წესით, თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები აუღოს დროებითი დაცვის მქონე პირს.

7. თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების ხარისხი უნდა იძლეოდეს მისი შედარების შესაძლებლობას.

8. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური ხარვეზის არსებობის გამო, ვერ ხერხდება თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად, თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება შეიძლება გადაიდოს ხარვეზის აღმოფხვრამდე, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.

 

მუხლი 60. თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების თანმდევი მონაცემი

1. უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ თითების ანაბეჭდებთან და ხელისგულების ანაბეჭდებთან ერთად შესაბამის მონაცემთა ბაზაში მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:

ა) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის სახელი და გვარი;

ბ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წარმოშობის ქვეყანა;

გ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის დაბადების თარიღი;

დ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის სქესი;

ე) საერთაშორისო დაცვაზე განაცხადის წარდგენის თარიღი;

ვ) თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღების თარიღი და დრო;

ზ) თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების ამღები უფლებამოსილი მოსამსახურის ვინაობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტში მითითებული ინფორმაცია შესაბამის მონაცემთა ბაზაში აისახება მას შემდეგ, რაც ამ პროცედურის 61-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შედეგად დადგინდება, რომ მონაცემთა ბაზაში არ არსებობს იდენტური თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში არ მიეთითება ამ პროცედურის 59-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 

მუხლი 61. თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების შედარების პროცედურა

1. თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების შედარების მიზანია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის იდენტიფიცირება და მის მიერ წარსულში საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვის ფაქტის დადგენა.

2. დაუშვებელია თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების შედარების პროცედურისას დამუშავდეს მონაცემთა ბაზაში არსებული სხვა მონაცემი, გარდა თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების ან/და თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების თანმდევი მონაცემისა.

3. შედარების პროცედურა სრულდება მას შემდეგ, რაც მონაცემთა ბაზა ავტომატურად შეატყობინებს უფლებამოსილ მოსამსახურეს თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების მონაცემის თანხვედრის ან თანხვედრის უარყოფის შესახებ.

4. თანხვედრის შემთხვევაში უფლებამოსილი მოსამსახურე ეცნობა შესაბამისი თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების თანმდევ მონაცემს, რასთან დაკავშირებითაც ადგენს თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების შედარების შესახებ ოქმს (დანართი №22), რომელიც თან დაერთვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას.

5. თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების შედარების პროცედურა უნდა განხორციელდეს თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღებისთანავე.

6. ამ პროცედურის 59-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების გამოთხოვის შემთხვევაში თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების შედარების პროცედურა ხორციელდება თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების მიღებისთანავე.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელების შემდეგ შედარების შედეგი, თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების შედარების ოქმი და თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების თანმდევი მონაცემი ინახება მონაცემთა ბაზაში.

8. თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების თანხვედრის შემთხვევაში მონაცემთა ბაზაში აისახება თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების ის თანმდევი მონაცემი, რომელიც დადგინდება საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული შედარების პროცედურა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზას გააჩნია ამის ტექნიკური შესაძლებლობა.

 

მუხლი 62. უარი თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღებაზე

1. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი უარს აცხადებს თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღებაზე, უფლებამოსილმა მოსამსახურემ დეტალურად უნდა განუმარტოს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღების და თანამშრომლობის ვალდებულების შესახებ, აგრეთვე თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღებაზე უარის თქმის შედეგები.

2. იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი უარს აცხადებს თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღებაზე, უფლებამოსილი მოსამსახურე აღნიშნულთან დაკავშირებით ადგენს თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღებაზე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის უარის ოქმს (დანართი №23), რომელიც თან დაერთვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განხორციელებული პროცედურის შემდეგ თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღებაზე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის უარის თქმის შემთხვევაში უფლებამოსილი მოსამსახურე იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე.

 

მუხლი 63. თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღების შეუძლებლობა

1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ თითების ან ხელისგულების დაზიანების ან სხვა ობიექტური საფუძვლით თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღების შეუძლებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი მოსამსახურე თითების ანაბეჭდებს და ხელისგულების ანაბეჭდებს იღებს ასეთი საფუძვლების აღმოფხვრისთანავე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღების პროცედურა ხორციელდება პერიოდულად, გონივრული ვადის ინტერვალით, რათა დადგინდეს, კვლავ არსებობს თუ არა საფუძველი, რის გამოც ვერ ხერხდება თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღება.

3. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც პირის ფიზიკური ნაკლის ან სხვა სამედიცინო მდგომარეობის გამო შეუძლებელია თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღება უფლებამოსილი მოსამსახურე ადგენს თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღების შეუძლებლობის თაობაზე ოქმს (დანართი №24), სადაც მიეთითება თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღების შეუძლებლობის მიზეზები, რომელიც თან დაერთვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას.

4. იმ შემთხვევაში, თუ თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღება ვერ ხერხდება უცხოელის ან მოქალაქეობის ამქონე პირის ფსიქიკური აშლილობის გამო, უფლებამოსილი მოსამსახურე აღნიშნულთან დაკავშირებით ადგენს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ფსიქიკური აშლილობის გამო თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღების შეუძლებლობის თაობაზე ოქმს (დანართი №25), რომელიც თან დაერთვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საერთაშორისო დაცვაზე განცხადება არ განიხილება დაჩქარებული წესით.

 

მუხლი 64. მონაცემთა შენახვა, წაშლა და განადგურება

1. თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები ელექტრონულად ინახება შესაბამის მონაცემთა ბაზაში.

2. თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები და ამ პროცედურის მე-60 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების თანმდევი მონაცემები მონაცემთა ბაზაში ინახება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან 10 წლის ვადით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ მონაცემთა ბაზაში დაცული მონაცემები ავტომატურად იშლება, ხოლო მატერიალური ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები ნადგურდება მათი დაწვით, დაჭრით ან სხვა ისეთი გზით, რაც შეუძლებელს ხდის მათი აღდგენის შესაძლებლობას.

 

მუხლი 65. მონაცემების ვადაზე ადრე განადგურების საფუძვლები

1. თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები და მისი თანმდევი მონაცემები ამ პროცედურის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე ნადგურდება, თუ:

ა) პირმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა;

ბ) პირი გარდაიცვალა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები და მისი თანმდევი მონაცემები ნადგურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 1 თვის ვადაში.

 

მუხლი 66. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის უფლებები თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღებისას

1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს ინფორმაცია თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღების საჭიროებისა და მიზნების შესახებ;

ბ) ჰქონდეს წვდომა დეპარტამენტში მის შესახებ არსებულ თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების თანმდევ მონაცემებზე;

გ) მოითხოვოს მასთან დაკავშირებით არასწორად ან უკანონოდ დამუშავებული მონაცემების გასწორება ან წაშლა/განადგურება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების შესახებ პირს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღებამდე. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, მას ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მისი ასაკისა და განვითარების დონის გათვალისწინებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების შესაბამისად პირს მონაცემები უნდა მიეწოდოს მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ.

 

მუხლი 67. მონაცემთა ბაზის უსაფრთხოება

1. თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების დამუშავებისას უფლებამოსილმა მოსამსახურემ უნდა მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა ამ მონაცემთა უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად.

2. თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების დამუშავების მიზნით, მონაცემთა ბაზაზე წვდომა აქვს მხოლოდ იმ უფლებამოსილ მოსამსახურეს, რომლის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისთვისაც აუცილებელია ბაზაში დაცული ინფორმაციის დამუშავება.

3. მონაცემთა ბაზაზე უფლებამოსილ მოსამსახურეს წვდომა აქვს მხოლოდ იმ მოცულობის მონაცემებზე, რაც აუცილებელია წესით გათვალისწინებული მოქმედებების განსახორციელებლად.

 

მუხლი 68. პასუხისმგებლობა თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების არამართლზომიერი გამოყენებისთვის

1. დაუშვებელია თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების ან/და მისი თანმდევი მონაცემის დამუშავება წესით გათვალისწინებული პროცედურის დარღვევით.

2. მონაცემთა ბაზაზე არასანქცირებული წვდომის ან მონაცემთა არასანქცირებული გამოყენების შესახებ საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს დაშვების ბლოკირება და აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს დეპარტამენტის დირექტორსა და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი).

 

მუხლი 69. თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების და მისი თანმდევი მონაცემის გამჟღავნება

1. დაუშვებელია ამ თავის შესაბამისად დამუშავებული მონაცემების რაიმე ფორმით გამჟღავნება სხვა ორგანიზაციებისთვის, მასმედიისთვის, წარმოშობის ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისა და მოქალაქეებისთვის, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის წერილობითი თანხმობის გარეშე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მონაცემების გადაცემა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის წერილობითი თანხმობა და მონაცემების გადაცემა არ ეწინააღმდეგება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების და მისი თანმდევი მონაცემის გაცემა შესაძლებელია სხვა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებებისთვის მხოლოდ პირის იდენტიფიცირების მიზნით და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.