დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1151-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 09/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140070000.05.001.102895 |
|
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.07.2018, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.05.001.018915) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 45-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მისაღები პირის (კანდიდატის) ჯანმრთელობის მდგომარეობის სამსახურებრივი საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება შემოწმდეს აგრეთვე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის (შემდგომ − ერთიანი საინფორმაციო ბაზა) საშუალებით.“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 471 მუხლი: „მუხლი 471. მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება 1. მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად სამინისტრო უფლებამოსილია მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადაამოწმოს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადამოწმებული მონაცემების საფუძველზე მოსამსახურესთან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებისა და მისი სამსახურიდან დათხოვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“. მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2026 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან. |
თბილისი, 9 დეკემბერი 2025 წ. N1151-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები