დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ალექსანდრე ახალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/11/1689 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 11/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.043936 |
საქართველოს სახელით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის
გადაწყვეტილება №3/11/1689
2025 წლის 11 დეკემბერი
ქ. ბათუმი
პლენუმის შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
გიორგი მოდებაძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ალექსანდრე ახალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, პირის მიერ ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო, დასრულებული საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარე – ალექსანდრე ახალაძე; მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი – ნუნუ შალამბერიძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – ლევან ღავთაძე, ანა ფერაძე და გიზო ქემერტელიძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 16 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1689) მომართა ალექსანდრე ახალაძემ. №1689 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2022 წლის 21 მარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის №3/3/1689 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. №1689 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2025 წლის 24 ივლისს.
2. №1689 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილია გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძვლებს.
4. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არაკონსტიტუციურია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. კერძოდ, ამავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მხარეებისა და მათი წარმომადგენლების დანაშაულებრივი ქმედების ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედების დადგენის შემთხვევაში ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას.
5. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის სამართლიანი და დროული განხილვის კონსტიტუციურ უფლებას.
6. №1689 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის №2/322-10 გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელე ალექსანდრე ახალაძეს დაეკისრა მოპასუხის სასარგებლოდ 26 500 აშშ დოლარის გადახდა ისევე როგორც, სახელმწიფო ბაჟისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება. ხსენებული გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 7 მარტს.
7. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2011 წლის 5 იანვრის დადგენილებით, მოსარჩელე ცნობილი იქნა დაზარალებულად სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც მიმდინარეობდა მისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. ხსენებულ საქმეზე ბრალდებულად იქნა ცნობილი პირი, რომლის სასარგებლოდაც, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის №2/322-10 გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელეს დაეკისრა თანხის გადახდა. მოცემულ საქმეზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის საოქმო განჩინებით, ბრალდებული პირის გარდაცვალების გამო, შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგინდა პირის ბრალეულობა და ფაქტები, რომელთა მიხედვითაც მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის საფუძვლად გამოყენებული სესხის ხელწერილი და სხვა წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. იმავდროულად, მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, ალექსანდრე ახალაძეს, როგორც დაზარალებულს, უარი ეთქვა სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაცემაზე.
8. მოსარჩელე მხარის მითითებით, 2019 წლის 14 ივნისს დაიწყო ახალი გამოძიება ალექსანდრე ახალაძის ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, რომელსაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის განცხადება პირის თაღლითობაში თანამონაწილეობის გამო გამოძიების დაწყების თაობაზე. ხსენებულ საქმეზე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2021 წლის 2 დეკემბრის დადგენილებით, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, გამოძიება შეწყდა. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განმარტებით, ქუთაისის რაიონული პროკურატურის ზემოაღნიშნული დადგენილებიდან ირკვევა, რომ საქმეში წარდგენილია ყალბი დოკუმენტები, პირთა შეგნებულად ცრუ ჩვენება, მხარეთა დანაშაულებრივი ქმედება. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეყრდნობა აღიარების ხელწერილს, მოწმეთა ჩვენებას, წარმომადგენლის ახსნა-განმარტებას, რაც წარმოადგენს ცრუ ინფორმაციასა და სასამართლოს განზრახ შეცდომაში შეყვანას.
9. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო რეგულირებით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გამო პირს ერთმევა უფლება, კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, მიმართოს სასამართლოს და ისარგებლოს გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის წარმოების განახლების საპროცესო ინსტიტუტით. ამასთან, მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მას გადაწყვეტილებით ადგება ქონებრივი ზიანი, რამდენადაც მის მიმართ განხორციელდება უკანონო გადაწყვეტილების აღსრულება ფულადი თანხის გადახდის ფორმით.
10. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე აღნიშნა, რომ საქმის წარმოების განახლების მიზნით, შესაბამისი განცხადების შეტანის შესაძლებლობა, ზოგადად, შემოსაზღვრული უნდა იყოს გარკვეული ვადით. ამავდროულად, ეს ვადა უნდა იყოს გონივრული, რა კრიტერიუმსაც სადავო დანაწესი არ აკმაყოფილებს. მოსარჩელის პოზიციით, საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედების ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედების დადგენა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან არის დაკავშირებული, რაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, ობიექტურად შეუძლებელი ხდება გასაჩივრებული რეგულაციით დადგენილი 5-წლიანი ვადის დაცვა, რის გამოც ნორმის ადრესატი უფლებების დაცვის შესაძლებლობის გარეშე რჩება.
11. წარმოდგენილ არგუმენტებზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმით დადგენილი დანაწესის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
12. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა განმარტებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სარგებლობს პრეზუმფციით, რომ იგი არის საბოლოო და სწორი. ასეთი გადაწყვეტილების შეცვლის შესაძლებლობა, რასაც ითვალისწინებს, სწორედ, გადასინჯვის ინსტიტუტი, წარმოადგენს საგამონაკლისო შემთხვევას და არა მეოთხე ინსტანციის დავას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების მკაცრი რეგულირების ჩარჩოში მოქცევა, განსაკუთრებით კი – ვადით შემოფარგვლა.
13. მოპასუხის მითითებით, სადავო საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საბოლოობა იცავს ისეთ მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს, როგორებიცაა: სამართლებრივი უსაფრთხოება, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და სამართლებრივი განსაზღვრულობა. იმ შემთხვევაში, თუ საგამონაკლისო წესი არ იქნება კონკრეტული ვადით შემოსაზღვრული, ხსენებულ მიზნებს შეექმნება საფრთხე, რადგან მუდმივად იარსებებს განცდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ნებისმიერ დროს შეიძლება გადაისინჯოს და, შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მისი საბოლოობა და res judicata ეფექტი.
14. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ხანდაზმულობის ვადის არსებობის მიზანს, მათ შორის, წარმოადგენს ისიც, რომ სასამართლო პროცესის მხარეს მუდმივად არ ევალებოდეს მტკიცებულებათა შენახვა და სასამართლოსათვის წარდგენა. მოპასუხის პოზიციით, საქმის წარმოების განახლების ინსტიტუტი ემსახურება სამართლიანობის აღდგენას, თუმცა მისი ზედმეტად გაფართოებითა და არათანმიმდევრული, ქაოსური მოწესრიგებით არ უნდა დადგეს უსამართლო შედეგები სხვა პირთა მიმართ, რომელთაც ნდობა აქვთ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიმართ და, ხშირ შემთხვევაში, მის საფუძველზე გარკვეული უფლებები შეიძინეს.
15. მოპასუხის წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ, ზოგადად, ხანდაზმულობის ვადის დადგენა წარმოადგენს საკანონმდებლო ორგანოს პრეროგატივას და მისი არაკონსტიტუციურობის საკითხი მხოლოდ მაშინ უნდა დადგეს დღის წესრიგში, როდესაც ხანდაზმულობის ვადა არის იმგვარად მცირე, რომ ილუზორულს ხდის ამავე ვადით შემოსაზღვრული კონკრეტული მექანიზმის პრაქტიკაში გამოყენებას. თავის მხრივ, მოპასუხე მხარის პოზიციით, გასაჩივრებული დანაწესით დადგენილი 5-წლიანი აღმკვეთი ვადა კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარ საფუძველთან მიმართებით (მხედველობაშია, როდესაც საქმეზე დადგენილია მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება) სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ შემდგომში იმ პირს, რომელსაც სარგებლობა უნდა ამ მექანიზმით, გამოიყენოს იგი.
16. მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ თუკი სადავო საფუძვლით საქმის წარმოების განახლებისთვის დაწესებული 5-წლიანი ხანდაზმულობის ფარგლებში არ ხდება სასამართლოსთვის მიმართვა, მოქმედი კანონმდებლობა სრულიად დაუცველს არ ტოვებს პირს, რომელსაც ზიანი მიადგა უკანონო გადაწყვეტილების შედეგად, რაც განპირობებული იყო განსახილველ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედების ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედების გამო. უფლების დაცვის ალტერნატიულ საშუალებად მოპასუხის წარმომადგენლებმა დაასახელეს დელიქტის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, დაწესებული ხანდაზმულობის ვადა გონივრულია და მისი გაზრდით შესაძლოა, გაუმართლებლად დაზიანდეს მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნები.
17. მოპასუხე მხარემ დამატებით განმარტა, რომ მხარეების და მათი წარმომადგენლების ან მოსამართლის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა პოზიციით, დანაშაულებრივ ქმედებას უნდა ეფუძნებოდეს განსახილველ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს იმას, რომ დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის პირობებში, სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მოპასუხის განმარტებით, საკითხისადმი ასეთ მიდგომაში ვლინდება ზემოხსენებული საგამონაკლისო წესის რაციონალი და სხვაგვარი, უფრო ფართო ხედვის შესაძლებლობას იგი არ იძლევა.
18. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო დანაწესი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს და კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. სადავო ნორმის არსი და შესაფასებელი მოცემულობის იდენტიფიცირება
1. №1689 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით დასრულებულ საქმეზე ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
2. როგორც მოსარჩელე მხარემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე განმარტა, მის მოთხოვნას არ წარმოადგენს, ზოგადად კანონით დადგენილი საპროცესო ვადის არაკონსტიტუციურად ცნობა, ვინაიდან გარკვეული პროცესუალური ვადების დაწესება თავისთავად არ იწვევს კონსტიტუციური უფლებების დარღვევას. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადა კონსტიტუციის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძველი. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი აწესებს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება.
3. ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სადავო დანაწესი ადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებისთვის აღმკვეთ ვადას. მხარე მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო დასრულებული საქმის წარმოების განახლება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დასახელებული აღმკვეთი ვადისგან გამონაკლისის დაშვების შეუძლებლობა არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული აღმკვეთი (5-წლიანი) ვადა ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
2. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო
5. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, თავის თავში, არაერთ უფლებრივ კომპონენტს აერთიანებს და გულისხმობს არა მხოლოდ პირის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, არამედ, სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი ნორმატიული წესრიგის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას. „სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. ... თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). ამასთანავე, ბუნებრივია, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალურად მიმართვის შესაძლებლობით, არამედ აუცილებელია, რომ საქმის განმხილველ სასამართლოს ჰქონდეს უფლების დარღვევის ფაქტზე რეაგირების ეფექტიანი საშუალება. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
6. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის უფლებრივი კომპონენტები მოიცავს, მათ შორის, სასამართლოსთვის მიმართვის, სასამართლოს პროცესის სრულყოფილად და კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისი პროცედურებით წარმართვის ისევე როგორც, სასამართლო გადაწყვეტილების ბათილობის მოთხოვნის/ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების უფლებასაც. იმ პირობებში, როდესაც სასამართლო პროცესი ჩატარდა კონსტიტუციის/კანონის ფორმალური ან/და მატერიალური მოთხოვნების დარღვევით ან გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამოვლინდა იმგვარი გარემოება, რომელიც ცნობილი რომ ყოფილიყო პროცესის მიმდინარეობისას, გამოიწვევდა სხვაგვარი სამართლებრივი შედეგის დადგომას და ამ დარღვევათა/ახალ გარემოებათა გამო მიღებული გადაწყვეტილება ვერ აკმაყოფილებს სამართლიანობის მოთხოვნას, ამგვარი გადაწყვეტილების ბათილობის ან წარმოების ხელახლა დაწყების მოთხოვნა წარმოადგენს პირის უფლებათა დაცვის აუცილებელ საშუალებას და სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევის წინაპირობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-14).
7. ხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, პირის უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილი სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის შესახებ, გულისხმობს, მათ შორის, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებისა და საქმის წარმოების განახლების უფლებასაც.
3. უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლება
3.1. შეფასების ტესტი
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება უდავოდ დიდი მნიშვნელობისაა, ის არ არის აბსოლუტური ხასიათის. იგი ვერ იარსებებს შესაბამისი პროცესუალურ-სამართლებრივი წესრიგის გარეშე, რამდენადაც ეს უკანასკნელი უფლების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლოებისკენ მიმავალი გზა არ არის შეუზღუდავად ღია. სასამართლოს ხელმისაწვდომობა და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს წინასწარ განსაზღვრულ ვადებზე, ვინაიდან ისინი უზრუნველყოფენ სამართლებრივ სტაბილურობასა და მართლმსაჯულების თანმიმდევრულობას.
9. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული მიდგომის თანახმად, კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრინციპია. „აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
10. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო ნორმით განსაზღვრული აღმკვეთი ვადის შესაბამისობა თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებთან.
3.2. ლეგიტიმური მიზანი
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, იმისათვის, რათა გასაჩივრებული საკანონმდებლო ღონისძიება შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს, აუცილებელია, იგი ემსახურებოდეს ღირებული საჯარო ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). შესაბამისად, წინამდებარე კონსტიტუციური დავის გადაწყვეტისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს, რა ლეგიტიმური საჯარო მიზნის/მიზნების მიღწევას ემსახურება სადავო რეგულირება.
12. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა ემსახურება ისეთი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, როგორებიცაა: სამართლებრივი უსაფრთხოება, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და სამართლებრივი განსაზღვრულობა. მოპასუხე მხარის მითითებით, დაუშვებელია, რომ უფლება მუდმივად სადავო იყოს და ამით სამართლებრივი გარკვეულობის მოთხოვნები გაუმართლებლად დაზარალდეს. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორის მუდმივად ეჭვქვეშ დაყენება ფუნდამენტურად შეარყევდა სტაბილურ სამართლებრივ წესრიგს და საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულებისადმი.
13. საკონსტიტუციო სასამართლო ადასტურებს, რომ დასრულებული საქმის წარმოების განახლებისათვის გასაჩივრებული წესით დადგენილი ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადა მიზნად ისახავს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და განსაზღვრულობის ისევე როგორც, მოწესრიგებული და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფას. დასახელებული ლეგიტიმური მიზნები მჭიდროდ უკავშირდებიან და განაპირობებენ ერთმანეთს. სტაბილური სამართლებრივი წესრიგი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოობაზე. სასამართლოს მიერ პირისათვის განსაზღვრული/მინიჭებული უფლებები არ შეიძლება მუდმივად საეჭვოობის (საცილოობის) ხასიათს ატარებდეს. თავის მხრივ, არასტაბილური სამართლებრივი წესრიგის პირობებში, რთულად მისაღწევი იქნებოდა სამართლის მიერ მისი უმთავრესი ფუნქციის – საზოგადოებრივ ურთიერთობათა მოწესრიგების – ეფექტიანად შესრულება.
14. ამასთანავე, სტაბილური სამართლებრივი წესრიგი წარმოუდგენელია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისადმი სანდოობის გარეშეც. სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი ნდობას კი განაპირობებს, მათ შორის, ის გარემოება, რომ მასში შეფასებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, აღარ ექვემდებარება ეჭვქვეშ დაყენებასა და შეცვლას. სასამართლოს გადაწყვეტილება, კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, იძენს საბოლოო, სავალდებულო და შეუქცევად ხასიათს. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ინსტიტუტი მჭიდროდაა დაკავშირებული საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპთან – res juticata, რომლის მიზანია, სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოობის უზრუნველყოფითა და მისი აღსრულებისადმი დაქვემდებარებით, სანდოობა და სტაბილურობა შესძინოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია მხარეებს შორის დავების დასრულება, უფლებრივი რეჟიმის დადგენა და სადავო საკითხთან მიმართებით ბუნდოვანების გაფანტვაა. ადამიანები უნდა ენდობოდნენ დადგენილი სამართლებრივი მდგომარეობის სიმყარეს.
15. აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს პროცესზე წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები. შესაბამისად, მტკიცებულებათა გამოყენებადობა, მათი მტკიცებითი ძალა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას. თავის მხრივ, დრო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საპროცესო უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობაზე. „როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21). ამდენად, „პროცესის უკვდავება“, ანუ ვითარება, როდესაც მხარეთა შორის დავის გადაწყვეტა საბოლოო არასდროს ხდება, საფრთხეს უქმნის სამართლებრივი სიცხადისა და გარკვეულობის მიღწევას.
16. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართლებრივი უსაფრთხოება და განსაზღვრულობა, ისევე როგორც, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა, წარმოადგენს იმგვარ ლეგიტიმურ მიზნებს, რომელთა მისაღწევადაც შეიძლება, შეიზღუდოს დასრულებული საქმის წარმოების განახლების შესახებ მოთხოვნის სასამართლოსათვის წარდგენის უფლება.
3.3. გამოსადეგობა და აუცილებლობა
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, საჯარო ლეგიტიმური მიზნის არსებობა, თავისთავადად, არ არის საკმარისი უფლებაშემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის. იმისათვის, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვა თანაზომიერების კონსტიტუციურ პრინციპთან შესაბამისად ჩაითვალოს, იგი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს გამოსადეგობისა და აუცილებლობის კრიტერიუმებს.
18. კონსტიტუციური უფლების მზღუდავი სადავო რეგულირების გამოსადეგობაზე მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი „დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48). ამავდროულად, „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებად მზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ სადავო რეგულირება იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
19. განსახილველ საქმეზე, მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვა შემოსაზღვრულია ზოგადი ხანდაზმულობის ვადით – 5 წლით. ამდენად, თუ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 5 წელზე მეტი დრო, აღარ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რომლის გამოყენებითაც შესაძლოა შეიცვალოს სასამართლოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის უფლების გარკვეული ვადით შეზღუდვა ნამდვილად წარმოადგენს ისეთი ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგ საშუალებას, როგორებიცაა: სამართლებრივი უსაფრთხოება, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და სამართლებრივი განსაზღვრულობა.
20. რაც შეეხება აუცილებლობის კომპონენტს: თითოეულ საქმეზე, კონკრეტული აღმკვეთი ვადის განსაზღვრის გარეშე, მოსამართლისათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, ინდივიდუალურად შეაფასოს, არსებობს თუ არა საქმის წარმოების განახლების აუცილებლობა, შესაძლებელია, წარმოადგენდეს მოსარჩელე მხარის უფლებების უფრო ნაკლებადმზღუდავ საშუალებას. თუმცა, ასეთი მოწესრიგების შემოღება ნიშნავს, რომ არ იარსებებს ის დროითი ზღვარი, რომლის შემდეგაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ხდება საბოლოო, შეუქცევადი. შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტა იმავე ეფექტიანობით ვერ უზრუნველყოფს ზემოთ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას და, ამ მხრივ, ვერ იქნება განხილული არსებული რეგულაციის ალტერნატიულ, უფლების უფრო ნაკლებად შემზღუდველ მექანიზმად.
21. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო დასრულებულ საქმეზე წარმოების განახლებისთვის დადგენილი ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადის დადგენა წარმოადგენს ზემოხსენებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას.
3.4. პროპორციულობა ვიწრო გაგებით
22. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განვითარებული იურისპრუდენციით, უფლებაშემზღუდველი ნორმატიული წესის კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისად მიჩნევისათვის, საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე უნდა გამოარკვიოს, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირების ფარგლებში დაცული ინტერესი, საკუთარი მნიშვნელობით, აღემატება თუ არა შეზღუდულ ინტერესს. ამ ეტაპზე უნდა გაანალიზდეს, რამდენადაა დაცული პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu), რომლის მოთხოვნაა, უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლი შეეხება იმგვარ გარემოებებს, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტში და დიდი მნიშვნელობა აქვთ ამ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. სწორედ ამ გარემოებებზე (ფაქტებზე) შეიძლება იყოს დამოკიდებული მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა და ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებზე. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიზანიც ის არის, რომ კანონიერ ძალაში შესულ და დასრულებულ საქმეზე წარმოების განახლების გზით შესაძლებელი გახადოს იმ პირის მიერ უფლებების აღდგენა და დაცვა, რომლის მიმართაც განსახილველ საქმეზე დადგენილია მოწინააღმდეგე მხარის, მისი წარმომადგენლის ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება.
24. რაც შეეხება დაპირისპირებულ ინტერესს, როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, კანონიერ ძალაში შესულ, დასრულებულ საქმეზე, წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართვის ხანდაზმულობის ვადის (5 წელი) მიზანია დაიცვას ისეთი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესები, როგორებიცაა: სამართლებრივი უსაფრთხოება სტაბილური სამოქალაქო ბრუნვა და სამართლებრივი განსაზღვრულობა.
25. ზემოაღნიშნული შეპირისპირებული ინტერესების გათვალისწინებით, მოცემული კონსტიტუციური დავის გადაწყვეტისას, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, ადგენს თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, კანონიერ ძალაში შესული და დასრულებული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის 5-წლიანი ვადით შეზღუდვა სამართლიან ბალანსს ზემოხსენებულ ინტერესებს შორის.
26. როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, (კანონიერ ძალაში შესული) საქმის წარმოების განახლების საფუძველი შესაძლოა წარმოიშვას, თუ დადგენილია საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება. ზოგადად, მხარეთა მიერ სასამართლო პროცესში უფლებებისა და ინტერესების დაცვა კანონიერი გზით და საშუალებების გამოყენებით ისევე როგორც, მოსამართლის მხრიდან საქმის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად განხილვა/გადაწყვეტა, მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებელი კომპონენტი და კანონიერების პრინციპის უმთავრესი გამოხატულებაა, რასაც ეფუძნება ნებისმიერი, მათ შორის, სამოქალაქო სამართალწარმოება. როგორც წესი, მაშინ, როდესაც მხარეები, მათი წარმომადგენლები და მოსამართლე არ გასცდებიან პროცესუალური წესრიგის ფარგლებს და საკუთარი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას იმოქმედებენ საქმის განხილვის პროცესში მათთვის დაწესებული ლეგალური ჩარჩოს ფარგლებში, ურთიერთდაპირისპირებული ინტერესების შეჯერებით და მტკიცებულებების ყოველ მხრივ გამოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებაც დააკმაყოფილებს კანონიერებისა და სამართლიანობის მოთხოვნებს. საპირისპირო შემთხვევაში, როდესაც კანონის მოთხოვნათა გვერდის ავლითა და აკრძალული მეთოდების გამოყენებით (დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა) ხორციელდება პროცესის მიმდინარეობაზე/საქმის შედეგზე ზეგავლენის მოხდენა, არასწორი გადაწყვეტილების მიღების მომეტებული რისკის გათვალისწინებით, მხარე დგება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის რეალური საფრთხის წინაშე.
27. ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი უთითებს განსახილველ საქმეზე მხარეების და მათი წარმომადგენლების ან მოსამართლის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაზე, აუცილებელია, რომ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დასტურდებოდეს მართლმსაჯულების აქტით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ექსპლიციტურად ადგენს, რომ ზემოხსენებული საფუძვლით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოება განახლდება, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
28. ზემოაღნიშნულ კონტექსტში, როდესაც სასამართლო დგას იმის წინაშე, შეაფასოს სამოქალაქო საქმეებზე დაწესებული 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადიდან გამონაკლისის დაშვების საჭიროება, გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს დროის ფაქტორს, გამომდინარე იმ სირთულეებიდან, რაც დროის გასვლის კვალობაზე ბუნებრივად წარმოიშობა განახლებულ საქმეზე ფაქტების დადგენის პროცესში. რაც მეტი დრო გადის, მით უფრო რთულია საქმის გარემოებების თაობაზე უტყუარი დასკვნების გაკეთება. ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ დიფერენცირებულად უნდა შეაფასოს შემთხვევათა ორი წყება – როდესაც მხარის, მისი წარმომადგენლის ან მოსამართლის მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება დაიწყო შესაბამის სამოქალაქო საქმეზე 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადაში, მაგრამ განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა ამ ვადის ამოწურვის შემდეგ (I); და როდესაც გამოძიების დაწყებაც და გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლაც უკავშირდება 5-წლიანი ვადის შემდგომ პერიოდს (II).
29. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ აღწერილ შემთხვევათა მეორე წყება, – როდესაც გამოძიება საქმის წარმოების განახლებისათვის დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ იწყება და სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენიც კანონიერ ძალაში 5-წლიანი აღმკვეთი ვადის ამოწურვის შემდეგ შედის – ფაქტობრივად შეიძლება უკავშირდებოდეს სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გაცილებით შორეულ პერიოდებს, კერძოდ, 6, 7, 10 და მეტი წლის გასვლას, რაც, ზემოთ დასახელებულ მიზეზთა გამო, კიდევ უფრო ართულებს საქმის განახლების პროცედურის ეფექტიანად წარმართვის შესაძლებლობას და იმ მიზნების მიღწევადობას, რასაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლება ისახავს საზოგადოდ. სასამართლო იმ აზრისაა, რომ ასეთ შემთხვევებში ბალანსი ინდივიდის კერძო ინტერესსა (მიმართოს სასამართლოს დარღვეულად ნაგულვები უფლების დასაცავად) და სადავო დანაწესის საფუძველზე მისაღწევ ლეგიტიმურ მიზნებს შორის (სამართლებრივი უსაფრთხოება, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და სამართლებრივი განსაზღვრულობა), ამ უკანასკნელის სასარგებლოდ უნდა იყოს გადახრილი. ასე რომ, ამგვარ შემთხვევებში, დასრულებული საქმის წარმოების განახლებისათვის დაწესებული 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების გაუმართლებელ შეზღუდვად საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის გაგებით.
30. რაც შეეხება შემთხვევათა მეორე წყებას – კერძოდ, როდესაც გამოძიება იწყება დასრულებული საქმის წარმოების განახლებისათვის დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში, მაგრამ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაში შედის 5-წლიანი აღმკვეთი ვადის ამოწურვის შემდეგ – ინტერესთა დაბალანსების პრიზმაში, ინდივიდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, სადავო მოწესრიგებით მისაღწევ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით და დარღვეულად ნაგულვები უფლებების აღდგენის პერსპექტიულობის გათვალისწინებით, მეტად იმსახურებს ანგარიშის გაწევას. ასეთ დროს, მეტი საფუძველი არსებობს საიმისოდ, რომ დასრულებული საქმის განახლება სამართლიანი მართლმსაჯულების ინტერესებს რეალურად მოემსახუროს, ხოლო სამართლებრივი უსაფრთხოების, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის ინტერესებთან მიმართებით პოტენციური ზიანი არ იყოს იმაზე მკვეთრად მეტი, რაც ბუნებრივად მოსალოდნელია საქმის განახლების დროს 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადაში.
31. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლო იმ აზრისაა, რომ შესატყვის შემთხვევაში (მხედველობაშია ვითარება, როდესაც გამოძიება იწყება 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადაში, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაში შედის 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ), გასაჩივრებული მოწესრიგებით მისაღწევი ლეგიტიმური მიზნები ვერ იქნება უპირატესი, იმ ინდივიდის სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით, რომლის საქმეზეც მართლმსაჯულება გამრუდდა მეორე მხარის, მისი წარმომადგენლის ან მოსამართლის მხრიდან სისხლისსამართლებრივად აკრძალული ქმედების/დანაშაულის ჩადენის შედეგად. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ სადავო ნორმატიული წესი მოქმედებს ბლანკეტურად და 5-წლიანი აღმკვეთი ვადის ავტომატურად დადგენით, მთლიანად აღუკვეთს პირს ყოველგვარ შესაძლებლობას, მოითხოვოს დასრულებული საქმის წარმოების განახლება, მიუხედავად მის საქმეზე დანაშაულის ჩადენის სავარაუდო ფაქტის გამოვლენისა და გამოძიების დაწყებისა ჯერ კიდევ საქმის განახლებისათვის დადგენილ 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადაში. ამგვარი ბლანკეტური აკრძალვა, სასამართლოს აზრით, არ არის შეთავსებადი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებთან.
32. საკონსტიტუციო სასამართლო, აქვე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც ჩადენილია მხარეთა და მათ წარმომადგენელთა ან მოსამართლის მიერ, შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი ისევე როგორც, განსხვავებული შეიძლება იყოს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების გავლენაუნარიანობა საქმის განხილვის შედეგზე. ამა თუ იმ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, შეიძლება იყოს მიზეზობრივ კავშირში მიღებულ გადაწყვეტილებასთან და შეიძლება არა; მეტიც, ჩადენილი დანაშაულის გავლენა საქმის შედეგზე აუცილებლობით არ გულისხმობს მიზეზობრივ კავშირს უშუალოდ უფლების დარღვევასთან ან მართლმსაჯულების გამრუდებასთან საზოგადოდ; ასევე, მხარის, წარმომადგენლის, ან მოსამართლის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მიღებულ გადაწყვეტილებასთან მიზეზობრივი კავშირის შემთხვევაშიც კი, a priori არ გულისხმობს, რომ საქმის განახლების პროცედურა აუცილებლად გამოიწვევს უფლების აღდგენას ან გამოსწორებას, და საერთოდ, განახლებულ სამოქალაქო სამართალწარმოებაში გადასასინჯი გადაწყვეტილებისგან განსხვავებული სამართლებრივი შედეგის დაყენებას. საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, რელევანტური შეიძლება იყოს იმის გამორკვევაც, იცოდა თუ არა მხარემ მოწინააღმდეგე მხარის, მისი წარმომადგენლის ან მოსამართლის მიერ ჩადენილი დანაშაულის თაობაზე, მოითხოვა თუ არა გამოძიების დაწყება; ასევე, შესაძლოა მხედველობაში იყოს მისაღები ისიც, გამოიყენა თუ არა მხარემ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მის ხელთ არსებული გასაჩივრების საპროცესოსამართლებრივი საშუალებები, თუკი მიაჩნდა, რომ მის საქმეზე უსამართლო/უკანონო გადაწყვეტილება იყო მიღებული, არსებობდა თუ არა საერთოდ ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრების პროცესუალური შესაძლებლობა და სხვა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული საკითხების შესწავლა და გაანალიზება მნიშვნელოვანია დარღვეულად ნაგულვები უფლების აღდგენა-გამოსწორების პერსპექტიულობის თვალსაზრისით, რა მიზანსაც უნდა ემსახურებოდეს დასრულებულ საქმეზე წარმოების განახლება, ისევე როგორც, საკუთრივ, საქმის განახლების საჭიროებაში დარწმუნებისათვის. ინდივიდუალურ შემთხვევებში, თითოეული, ზემოთ მითითებული გარემოება – ცალკე, თუ სხვებთან ერთად, და კუმულატიურად, შესაძლოა ნათელს ხდიდეს საქმის განახლების საჭიროებას მართლმსაჯულების ფუნდამენტური ინტერესების დასაცავად. თუმცა, ეს საკითხები უნდა შეფასდეს ყოველი კონკრეტული საქმის კონტექსტში, კონკრეტული გარემოებების მიხედვით. ეს კი საერთო სასამართლოში უნდა გადაწყდეს დასრულებული საქმის განახლების თაობაზე მოთხოვნის განხილვის შესაბამისი პროცედურის ფარგლებში. საკონსტიტუციო სასამართლო კი, მოცემული კონსტიტუციური სარჩელის კონტექსტში თავის ფუნქციას იმაში ხედავს, რომ გარკვეული წინაპირობის არსებობისას, სამოქალაქო საქმეზე მხარის ან მისი წარმომადგენლის, ან მოსამართლის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დასრულებულ სამოქალაქო საქმეზე დაუშვას საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობა კანონით დაწესებული 5-წლიანი ხანდაზმულობის ფარგლებს მიღმა და არაკონსტიტუციურად ცნოს ამ ფარგლებს მიღმა საქმის განახლების აკრძალვის ბლანკეტურობა.
33. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება) გათვალისწინებული საფუძვლით პირის მიერ დასრულებული საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოძიება დაიწყო დასრულებული საქმის წარმოების განახლებისათვის დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში, მაგრამ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 5-წლიანი აღმკვეთი ვადის ამოწურვის შემდეგ, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი, მე-5 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე და 47-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. №1689 კონსტიტუციური სარჩელი („ალექსანდრე ახალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პირის მიერ დასრულებული საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოძიება დაიწყო დასრულებული საქმის წარმოების განახლებისათვის დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის პერიოდში, მაგრამ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 5-წლიანი აღმკვეთი ვადის ამოწურვის შემდეგ.
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილებას დაერთოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
გიორგი მოდებაძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები