„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1290-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010320050.05.001.102958
1290-IVმს-XIმპ
17/12/2025
ვებგვერდი, 23/12/2025
010320050.05.001.102958
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ც2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 52 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 52

თუ საჯარო მოსამსახურე ან მისი ოჯახის წევრი საჩუქრის მიღების შემდეგ დაადგენს, რომ ამ საჩუქრის ღირებულება აღემატება ამ კანონით დასაშვებ ოდენობას, ან/და თუ გარკვეული მიზეზით (საჩუქრის ფოსტით მიღება, საჩუქრის საჯაროდ გადაცემა) შეუძლებელი იყო მის მიღებაზე უარის თქმა, იგი ვალდებულია 3 სამუშაო დღის ვადაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია მიღებული საჩუქრის დასახელების, შეფასებითი ან ზუსტი ღირებულების/ოდენობის და მჩუქებლის ვინაობის შესახებ, ხოლო ამ კანონით აკრძალული საჩუქარი გადასცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

„მუხლი 61

საქართველოს მთავრობა:

ა) შეიმუშავებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებულ წინადადებებს;

ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმას;

გ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით კოორდინაციას უწევს შესაბამისი ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას;

დ) ზედამხედველობას უწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულებას, მათი შესრულების მიზნით შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს და გასცემს სათანადო რეკომენდაციებს.“.

4. 135 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არ მიიღოს ასეთი სარგებელი, ხოლო შეთავაზების შესახებ 3 სამუშაო დღის ვადაში წერილობით შეატყობინოს თავის უშუალო ხელმძღვანელსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს;“.

5. 136 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 136

1. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ე“ და „ე2“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანამდებობის პირი ვალდებულია გენერალური აუდიტორის მიერ მისთვის დადგენილ ვადაში გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება და შესაბამისი ცნობა მისი გაცემიდან 3 დღის ვადაში წარუდგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცნობა საჯაროა და ქვეყნდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე.“.

6. მე-14 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან 2 თვის ვადაში წარუდგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“;

ბ) 52 და 53 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„52. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულმა კანდიდატად რეგისტრირებულმა პირმა იმავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საჩივრის განხილვის ვადის გასვლიდან 3 სამუშაო დღეში უნდა შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. აღნიშნული დეკლარაცია საჯაროა და დაუყოვნებლივ ქვეყნდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე.

53. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინონ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თუ ეს 2-თვიანი ვადა მომდევნო კალენდარულ წელს გადადის, აღნიშნული პირები ვალდებული არიან თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეავსონ და წარადგინონ არაუგვიანეს მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის კალენდარული წლის 31 დეკემბრისა.“;

გ) მე-9−მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის, თანამდებობის პირის ან/და თანამდებობიდან განთავისუფლებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური გასცემს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესასვლელ რეკვიზიტებს და პირს განუმარტავს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

10. შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა წერილობით მიაწოდოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ინფორმაცია პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამის შესახებ აცნობებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, რაც შესაძლებელია გახდეს ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელისთვის ან საამისოდ უფლებამოსილი პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მიწოდების ვალდებულებისგან.

101. სასამართლო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური ვალდებულია ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა წერილობით მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გენერალური აუდიტორი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს შესაბამისად სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს. მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს სათანადო უფლებამოსილების მქონე პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება აღნიშნულ პირს არ ათავისუფლებს ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მიწოდების ვალდებულების შესრულებისგან.

11. თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისთვის დაჯარიმების შესახებ განკარგულების გამოცემის ვადის გასვლის შემთხვევაში დეკლარაციის შევსების 2-თვიანი ვადის ათვლა დაიწყება პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მიწოდების მომენტიდან.

12. თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური შესაბამის პირს ამ დეკლარაციის წარდგენიდან 1-თვიან პერიოდში მიუთითებს აღნიშნულ ხარვეზზე და მის აღმოსაფხვრელად 1-თვიან ვადას განუსაზღვრავს. აღნიშნული 1-თვიანი პერიოდის ან 1-თვიანი ვადის განმავლობაში ამ დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია. ამ პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელება პირს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის არსებობისთვის კანონით დადგენილი პასუხისმგებლობისგან. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ, რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატად რეგისტრირებული პირის მიერ ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურაში კანდიდატად რეგისტრირებული პირის მიერ წარდგენილ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაზე.“.

7. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18

თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღების, მისი შევსებისა და ჩაბარების კონტროლის, აგრეთვე მისი შენახვის, მონიტორინგისა და საჯაროობის მიზნებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახური უზრუნველყოფს:

ა) თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ ინსტრუქციის შედგენას;

ბ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის დაუბრკოლებელ ხელმისაწვდომობას;

გ) თანამდებობის პირის მიერ შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღებასა და შენახვას და დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს;

დ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შინაარსის საჯაროობას;

ე) ამ კანონის მე-2 მუხლში მოცემული ჩამონათვალის საფუძველზე იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის შედგენას და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენას, რომელთათვისაც დეკლარაციების შევსება სავალდებულოა, აგრეთვე აღნიშნულ რეესტრში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების მომზადებას და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენას;

ვ) კანონის შესაბამისად სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელებას.“.

8. 181 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანისა და დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ თანამდებობის პირების შემთხვევითი შერჩევა;“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ყოველწლიურად შესამოწმებელ თანამდებობის პირებს მიეკუთვნებიან აგრეთვე გენერალური აუდიტორის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი კომისიის მიერ შერჩეული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები და განსაკუთრებული ფაქტორების გათვალისწინებით შერჩეული თანამდებობის პირები. განსაკუთრებული ფაქტორებია: განსაკუთრებული კორუფციული რისკი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, განხორციელებული მონიტორინგით გამოვლენილი დარღვევა.“;

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დამოუკიდებელი კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი. დამოუკიდებელ კომისიაში საჯარო მოსამსახურეები არ შედიან.“;

ე) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური შესაბამის თანამდებობის პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აცნობებს მონიტორინგის დაწყების შესახებ და განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღის ვადას მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (მათ შორის, საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან) და საკუთარი მოსაზრების წარმოსადგენად.

9. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში არსებული მონაცემების სისწორის საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში გადამოწმებით, თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილი ან/და სხვა წერილობითი მტკიცებულების გადამოწმებით, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16–მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების ვალდებულების შესრულებით.“;

ვ) მე-11−132 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად სახელმწიფო აუდიტის სამსახური იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ;

ბ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ;

გ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია უარყოფითად ფასდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების, აგრეთვე ამ კანონსა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენის შემთხვევაში.

13. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის განზრახ შეტანის შემთხვევაში დანაშაულის ნიშნების არსებობისას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია შესაბამისი დეკლარაცია და წარმოების მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სათანადო სამართალდამცავ ორგანოს გადაუგზავნოს.

131. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (გარდა ამავე მუხლის 132 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილებას სახელმწიფო აუდიტის სამსახური იღებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში შემდეგი ცდომილებების არსებობისას:

ა) საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობის შემთხვევაში დეკლარაციაში მითითებული საცხოვრებელი ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 60 კვ. მ-ისა; არასაცხოვრებელი ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 30 კვ. მ-ისა; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 20%-ს, მაგრამ არაუმეტეს 200 კვ. მ-ისა; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1 000 კვ. მ-ისა; არ არის მითითებული ინფორმაცია თანამესაკუთრის შესახებ;

ბ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში ანგარიშის ან/და შენატანის არსებობის შემთხვევაში, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, არსებული ნაშთის/ნაშთების გრაფაში ჯამური ცდომილებაა არაუმეტეს 1 000 ლარისა; საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, დეკლარირებული არ არის, თუმცა ვლინდება, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მასზე ბრუნვა არ დაფიქსირებულა ან სხვა სახის საბანკო ტრანზაქცია არ განხორციელებულა ან ფიქსირდება ბრუნვა, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა;

გ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში საწარმოს საქმიანობაში პირის, მისი ოჯახის წევრის პირდაპირი მონაწილეობისა და არაპირდაპირი მონაწილეობის შესახებ ინფორმაციაში მითითებული არ არის საწარმო, რომლის საქმიანობაშიც თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი პირდაპირ ან/და არაპირდაპირ მონაწილეობს და რომელსაც დეკლარაციის შევსების თარიღამდე 3 წლის ან 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრუნვა არ ჰქონია და ტრანზაქცია არ განუხორციელებია ან ფიქსირდება ბრუნვა წლის განმავლობაში არაუმეტეს 2 000 ლარისა;

დ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში დეკლარაციაში მითითებულ ანაზღაურებასა და რეალურ მონაცემებს შორის ცდომილებაა არაუმეტეს 1 000 ლარისა;

ე) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების შესახებ ინფორმაცია მითითებული არ არის, თუმცა ვლინდება, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ამ სამუშაოს შესრულებისთვის მიღებული ანაზღაურებაა არაუმეტეს 1 000 ლარისა;

ვ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ნებისმიერი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგის დაანგარიშებისას აღმოჩენილი ცდომილებაა არაუმეტეს 2 000 ლარისა.

132. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ გადაწყვეტილებას სახელმწიფო აუდიტის სამსახური იღებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში შემდეგი ცდომილებების არსებობის მიუხედავად:

ა) საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობის შემთხვევაში დეკლარაციაში მითითებული საცხოვრებელი ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 10%-ს, მაგრამ არაუმეტეს 20 კვ. მ-ისა; არასაცხოვრებელი ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 10%-ს, მაგრამ არაუმეტეს 10 კვ. მ-ისა; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 10%-ს, მაგრამ არაუმეტეს 100 კვ. მ-ისა; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 10%-ს, მაგრამ არაუმეტეს 300 კვ. მ-ისა; უძრავი ქონება შეცდომით მითითებულია თანამდებობის პირის ოჯახის წევრის საკუთრებად ან/და თანამდებობის პირია მითითებული იმ ქონების მესაკუთრედ, რომლის მესაკუთრეც მისი ოჯახის წევრია; მითითებულია არასწორი ინფორმაცია თანამესაკუთრის შესახებ;

ბ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში ანგარიშის ან/და შენატანის არსებობის შემთხვევაში, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, არსებული ნაშთის/ნაშთების გრაფაში ჯამური ცდომილებაა არაუმეტეს 500 ლარისა; საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, დეკლარირებული არ არის, თუმცა ვლინდება, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მასზე ბრუნვა არ დაფიქსირებულა ან სხვა სახის საბანკო ტრანზაქცია არ განხორციელებულა ან ფიქსირდება ბრუნვა, მაგრამ არაუმეტეს 200 ლარისა;

გ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში საწარმოს საქმიანობაში პირის, მისი ოჯახის წევრის პირდაპირი მონაწილეობისა და არაპირდაპირი მონაწილეობის შესახებ ინფორმაციაში მითითებული არ არის საწარმო, რომლის საქმიანობაშიც თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი პირდაპირ ან/და არაპირდაპირ მონაწილეობს და რომელსაც დეკლარაციის შევსების თარიღამდე 6 წლის ან 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრუნვა არ ჰქონია და ტრანზაქცია არ განუხორციელებია ან ფიქსირდება ბრუნვა წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 ლარისა;

დ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში დეკლარაციაში მითითებულ ანაზღაურებასა და რეალურ მონაცემებს შორის ცდომილებაა არაუმეტეს 500 ლარისა;

ე) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ნებისმიერი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგის დაანგარიშებისას აღმოჩენილი ცდომილებაა არაუმეტეს 1 000 ლარისა.“.

9. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეკლარაციისა და დეკლარაციასთან დაკავშირებით თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით წარდგენილი სხვა მასალების ასლის მისაღებად „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გადაიხდევინება საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი.“.

10. 191 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 191

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ თავით გათვალისწინებულ შეტყობინებას, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სათანადო პირს აბარებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ეს შეტყობინება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი აღნიშნულ სისტემაში ასახვის მომენტიდან.“.

11. მე-20 მუხლის:

ა) 13−21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ კანონის 136 მუხლით გათვალისწინებული ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის ან შესაბამისი ცნობის წარდგენისთვის თავის არიდება გამოიწვევს თანამდებობის პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, რის თაობაზედაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ. ეს განკარგულება საჯაროა და ქვეყნდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე.

2. ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულებას გამოსცემს გენერალური აუდიტორი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. თანამდებობის პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების ოფიციალური გაცნობიდან არაუგვიანეს 30 დღისა. ჯარიმა გადახდილად ჩაითვლება ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარდგენის მომენტიდან. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა თანამდებობის პირს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისგან.

21. გაფრთხილების შესახებ განკარგულებას გამოსცემს გენერალური აუდიტორი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მომდევნო მონიტორინგის განხორციელებისას დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური იღებს ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ მუხლით გათვალისწინებულ შეტყობინებას, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სათანადო პირს აბარებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ეს შეტყობინება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი აღნიშნულ სისტემაში ასახვის მომენტიდან.“.

12. 203 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მხილება შეიძლება განხორციელდეს წერილობით, ზეპირად, ელექტრონულად, ტელეფონით, ფაქსით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით ან სხვა საშუალებით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია მამხილებელს სამართლებრივი ან/და ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიოს და მხილების ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაცია, დოკუმენტი, მტკიცებულება მასზე რეაგირებისთვის სათანადო ორგანოს/თანამდებობის პირს გაუგზავნოს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების წესი დგინდება გენერალური აუდიტორის ბრძანებით.“.

13. V2 თავი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

1. 2026 წლის 2 მარტს ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ანტიკორუფციული ბიურო (შემდგომ − ანტიკორუფციული ბიურო). ამ მომენტში ანტიკორუფციული ბიუროს ყველა თანამდებობის პირსა და თანამშრომელს შეუწყდეს უფლებამოსილება და შეწყდეს მათსა და ანტიკორუფციულ ბიუროს შორის არსებული შრომითი ურთიერთობები, აგრეთვე შეწყდეს ანტიკორუფციულ ბიუროში სტაჟირების გავლასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი ურთიერთობა (ასეთი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის შემთხვევაში).

2. ანტიკორუფციული ბიუროს იმ ყოფილ თანამდებობის პირს/თანამშრომელს, რომელსაც 2026 წლის 2 მარტს შეუწყდება უფლებამოსილება/შრომითი ურთიერთობა, ამ დღიდან 1 თვის ვადაში მიეცეს ერთჯერადი კომპენსაცია, თუ აღნიშნული პირი ამ მუხლის ამოქმედებიდან 2026 წლის 2 მარტის ჩათვლით პერიოდში არ დასაქმდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში. ამ კომპენსაციის ოდენობაა შესაბამისი პირისთვის 2025 წლის 12 ნოემბერს განსაზღვრული შრომის ანაზღაურების სამმაგი ოდენობისა და ამ ოდენობის 10%-ის ჯამი. ამ პუნქტით დადგენილი კომპენსაციის გაცემა უზრუნველყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მისთვის განსაზღვრული საბიუჯეტო ასიგნებებიდან ან/და „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ანტიკორუფციული ბიუროსთვის (პროგრამული კოდი − 44 00) გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

3. 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამონაცვლეა სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

4. ანტიკორუფციული ბიუროს მიერ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში წარმოებული შესაბამისი საქმეების წარმოება 2026 წლის 2 მარტიდან განაგრძოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა.

5. 2026 წლის 2 მარტიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიენიჭოს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ანტიკორუფციული ბიუროსთვის (პროგრამული კოდი − 44 00) გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება.

6. 2026 წლის 2 მარტიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცეს ანტიკორუფციული ბიუროს მფლობელობაში არსებული დოკუმენტები და ინფორმაცია, აგრეთვე ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ელექტრონული სისტემების ადმინისტრირების უფლება.

7. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა უზრუნველყონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო სამართლებრივი აქტების მიღება (გამოცემა) და სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, აგრეთვე ამ კანონის შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ღონისძიებებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელება. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია ამ კანონის შესასრულებლად საჭირო ადამიანური რესურსის უზრუნველსაყოფად 2026 წლის 2 მარტამდე შექმნას შესაბამისი საშტატო ერთეულები (თანამდებობები) და ჩაატაროს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსები ამ თანამდებობების 2026 წლის 1 მარტის შემდეგ დასაკავებლად.

8. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს ქონების განკარგვა, აგრეთვე სათანადო ქონების, დოკუმენტებისა და ინფორმაციის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გადასაცემად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს ამ საკითხების გადაწყვეტის წესი.

9. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით მოქმედია და 2026 წლის 2 მარტიდან ძალადაკარგულად არ ცხადდება, 2026 წლის 1 მარტის შემდეგ ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი სამართლებრივი ნორმის/სამართლებრივი ნორმების ამოქმედებამდე. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ გამოცემულ ასეთ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის ან მისი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება 2026 წლის 2 მარტიდან გენერალურ აუდიტორს ენიჭება.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 2 მარტიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

17 დეკემბერი 2025 წ.

N1290-IVმს-XIმპ