დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 78 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 30/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170050.57.069.016226 |
|
შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
|
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.11.2025, სარეგისტრაციო კოდი: 040090000.05.001.102853) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესი“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
|
|
შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესი“ (შემდგომ – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – კანონი) შესაბამისად და ადგენს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის მოსამზადებლად ბაზარზე არსებული მდგომარეობის მოკვლევის (შემდგომ – ბაზრის კვლევის), მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების/გამარტივებული შესყიდვის ღირებულების განსაზღვრის წესს, აგრეთვე წლიური გეგმის შესამუშავებლად ბაზრის პირველადი კვლევის განხორციელების წესს. 2. შემსყიდველი ორგანიზაცია ბაზრის კვლევას ახორციელებს ყოველი კონკრეტული: ა) ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის გამოცხადებამდე; ბ) გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე ან გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომ – სისტემა) შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების SMP მოდულში (შემდგომ – გამოქვეყნების/შეთანხმების მოდული) გამოქვეყნებამდე. 3. შემსყიდველი ორგანიზაცია ბაზრის პირველად კვლევას ახორციელებს წლიური გეგმის შემუშავებამდე, მათ შორის წლიურ გეგმაში შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ბაზრის პირველადი კვლევა განახორციელოს, ამ წესით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მის მიერ შერჩეული სხვა მეთოდ(ებ)ით, მათ შორის, შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს შესყიდვის განხორციელების გამოცდილება, სტატისტიკური, ანალიტიკური, შედარებითი მონაცემები ან/და სხვა. 4. ბაზრის კვლევის განხორციელებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს კანონის მიზნები, როგორიცაა, სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა, ჯანსაღი კონკურენციის განვითარება, შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომის, თანასწორი მოპყრობისა და სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა. 5. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის მიზნით, ბაზრის კვლევაში მონაწილე პოტენციური მიმწოდებლებისთვის წარსადგენი მოთხოვნა იდენტურად უნდა იქნეს ფორმულირებული. 6. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ბაზრის კვლევა განახორციელოს დაქირავებული სპეციალიზებული ექსპერტის/კონსულტანტის მეშვეობით, თუ მას არ გააჩნია შიდა ორგანიზაციული რესურსი, ცოდნა ან უნარ-ჩვევები ბაზრის კვლევის დამოუკიდებლად განსახორციელებლად. დაქირავებული სპეციალიზებული ექსპერტი/კონსულტანტი უფლებამოსილია ბაზრის კვლევა განახორციელოს ამ წესით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მის მიერ შერჩეული მეთოდ(ებ)ით. 7. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, ასევე, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, კანონის საფუძველზე მიღებულ/გამოცემულ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში. მუხლი 2. ბაზრის კვლევის მიზანი 1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, განახორციელოს ბაზრის კვლევა კანონით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველსაყოფად. 2. ბაზრის კვლევა უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ან/და წლიური გეგმის შემუშავების მიზანს, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის საშუალების/მეთოდის შერჩევას. 3. ბაზრის კვლევის მიზანია უზრუნველყოს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის ეფექტიანად განხორციელება, ბაზარზე არსებული შემოთავაზებების, მათ შორის, პოტენციურ მიმწოდებელთა ვინაობის, საქმიანობის არეალის, მათი შესაძლებლობებისა და ოპერირების თავისებურებების, შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების, სპეციფიკაციების, მიწოდების პირობებისა და ვადების, შესაბამისი შესყიდვის ობიექტის ალტერნატივების, ასევე სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების/გამარტივებული შესყიდვის ღირებულების ან/და შესყიდვის წარმატებით განხორციელებისათვის საჭირო სხვა ფაქტორების შესახებ სრული და ობიექტური ინფორმაციის მოძიების გზით. 4. დაუშვებელია ბაზრის კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის იმგვარად გამოყენება, რომლითაც შეიზღუდება ჯანსაღი კონკურენცია ან/და დაირღვევა სახელმწიფო შესყიდვის მონაწილეთა მიმართ პროპორციულობის, არადისკრიმინაციული მიდგომის ან/და თანასწორი მოპყრობის პრინციპები. მუხლი 3. ბაზრის კვლევის საგანი 1. ბაზრის კვლევის განხორციელებამდე შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, განსაზღვროს ბაზრის კვლევის საგანი. 2. ბაზრის კვლევის საგანს შესაძლოა წარმოადგენდეს ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა: ა) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების, მათ შორის, ტექნიკურ-ეკონომიკური და ხარისხობრივი პარამეტრების, აგრეთვე შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ან/და სოციალური ასპექტების განსაზღვრა/დაზუსტება; ბ) სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების/გამარტივებული შესყიდვის ღირებულების დადგენა; გ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადებისა და პირობების, დანიშნულების ადგილის, აგრეთვე, სხვა ლოგისტიკური ასპექტების განსაზღვრა/დაზუსტება; დ) შესყიდვის ობიექტის ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ნიშან-თვისებებისა და სპეციფიკის, მათ შორის, შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის, პოტენციურ მიმწოდებელთა რაოდენობის, ოპერირების არეალის ან/და კონკურენციის დონის, პირობების ან/და ფორმების დადგენა; ე) პოტენციური მიმწოდებლებისა და მათი შესაძლებლობების იდენტიფიცირება; ვ) სახელმწიფო შესყიდვის წარმატებით განხორციელებისათვის საჭირო სხვა ფაქტორების შესახებ ინფორმაციის მოძიება. 3. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში, ამ წესის შესაბამისად არ განახორციელოს ბაზრის კვლევა სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების/გამარტივებული შესყიდვის ღირებულების დასადგენად, თუ შესყიდვა ხორციელდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელიც, თავის მხრივ, მომზადებულია „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 1 დეკემბრის №2006 განკარგულებით გათვალისწინებული წესითა და შესაბამისი საბაზრო ღირებულებით. 4. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების/გამარტივებული შესყიდვის ღირებულების დასადგენად, ბაზრის კვლევას ახორციელებს ამ წესის შესაბამისად და არ ხელმძღვანელობს ამ მუხლის მე-3 პუნქტით, იგი ვალდებულია დაასაბუთოს აღნიშნული. 5. კონკურსისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული ბაზრის კვლევის განხორციელების მეთოდების საშუალებით მოკვლეული ფასების საშუალო არითმეტიკულს. ამ წესის მიზნებისთვის, სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შესაძლებელია, განისაზღვროს მოკვლეული ფასებიდან მინიმალური ან მინიმალურზე დაბალი ფასითაც. 6. გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, გამარტივებული შესყიდვის ღირებულება განისაზღვრება ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული ბაზრის კვლევის განხორციელების მეთოდების შესაბამისად მოკვლეული ფასებიდან მინიმალური ფასით. მუხლი 4. ბაზრის კვლევის განხორციელების მეთოდები 1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ბაზრის კვლევა განახორციელოს ბაზრის კვლევის განხორციელების შესახებ განცხადების (შემდგომ – ბაზრის კვლევის განცხადება) სისტემის ბაზრის კვლევის მოდულში (შემდგომ – MRS მოდული) გამოქვეყნებით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. 2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ბაზრის კვლევის განცხადების MRS მოდულში გამოქვეყნებასთან ერთად, აგრეთვე, გამოიყენოს ამ მუხლით გათვალისწინებული ბაზრის კვლევის სხვა რომელიმე მეთოდი. 3. შემსყიდველი ორგანიზაცია ბაზრის კვლევის მეთოდ(ებ)ს განსაზღვრავს ინდივიდუალურად, შესყიდვის ობიექტის თავისებურებებისა და მისი საჭიროების გათვალისწინებით, ბაზრის კვლევის ჩატარების კონკრეტული მიზნიდან გამომდინარე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, ამ წესის შესაბამისად, სავალდებულოა ბაზრის კვლევის MRS მოდულით განხორციელება. 4. ბაზრის კვლევის განცხადების MRS მოდულში გამოქვეყნებასთან ერთად ბაზრის კვლევა შესაძლებელია, განხორციელდეს ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე მეთოდით: ა) არანაკლებ ორ პოტენციურ მიმწოდებელთან კომუნიკაციით (მათ შორის, პირისპირ, ტელეფონით, ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებების მეშვეობით) ან/და მათგან საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვით (წერილობითი შეთავაზების, ინვოისის, ინტერნეტსივრცეში განთავსებული ინფორმაციის ან სხვა); ბ) არანაკლებ ორი პოტენციური მიმწოდებლის მიერ ინტერნეტსივრცეში განთავსებული ინფორმაციის ანალიზით; გ) სისტემის სხვა მოდულებში (გარდა სისტემის სატესტო ვერსიისა) განთავსებული ინფორმაციის ანალიზით; დ) მსგავსი ან იდენტური მახასიათებლების მქონე შესყიდვის ობიექტის შესყიდვის მიზნით, წარსულში სისტემის მეშვეობით გამოცხადებული არანაკლებ ორი ელექტრონული ტენდერის ანალიზით, რომლის შედეგად დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა შეადგენს გამოსაცხადებელი ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის რაოდენობას/მოცულობას ან არაუმეტეს 20%-ით მეტია/ნაკლებია გამოსაცხადებელი ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის რაოდენობაზე/მოცულობაზე, ასევე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, სულ მცირე, ორმა პრეტენდენტმა და ახალი ელექტრონული ტენდერის გამოცხადებამდე არაუგვიანეს 12 თვით ადრე მიენიჭა სტატუსი – „ხელშეკრულება დადებულია“; ე) მიზანშეწონილობიდან გამომდინარე – მწარმოებელთან მიმართვით, თუ შესყიდვის ობიექტია საქონელი; ვ) პოტენციურ მიმწოდებლებთან შეხვედრის გამართვით (შემდგომ – ღია კარის დღე). ამასთან, ასეთ შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს შემდეგი პირობები: ვ.ა) შემსყიდველი ორგანიზაცია პოტენციურ მიმწოდებლებთან ურთიერთობას წარმართავს ბაზრის კვლევის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით ან/და ამ პუნქტით განსაზღვრული სხვა რომელიმე მეთოდით განხორციელებასთან ერთად; ვ.ბ) ღია კარის დღე იმართება გამჭვირვალე გარემოში; ვ.გ) ღია კარის დღის გამართვის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება საჯაროდ; ვ.დ) შემსყიდველი ორგანიზაცია ღია კარის დღეზე მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ეფუძნება შესყიდვის ობიექტის მიწოდების ბაზრისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს და არ წარმოადგენს რომელიმე კონკრეტული პოტენციური მიმწოდებლის ან მიმწოდებელთა ერთი ჯგუფის სურვილს/ინტერესს; ვ.ე) ღია კარის დღის გამართვის შესახებ დგება წერილობითი დოკუმენტი (ოქმი, მოხსენებითი ბარათი ან სხვ.). 5. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ბაზრის კვლევა განახორციელოს ამ მუხლის პირველი, მე-2 ან/და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მის მიერ შერჩეული სხვა მეთოდ(ებ)ით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) კონკრეტული შესყიდვის ობიექტის ღირებულება ნაკლებია 5000 (ხუთი ათასი) ლარზე; ბ) სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის: ბ.ა.) „ა“, „გ“, „ვ“, „ზ“ ან „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლით; ბ.ბ.) „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის გასული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გარანტიის ვადა; ბ.გ.) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით, თუ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების სააგენტოსთან შეთანხმება/გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამოქვეყნება შეუძლებელია, რადგან შესყიდვის დაყოვნება, ალბათობის მაღალი ხარისხით, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას; გ) იმავე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ იდენტური შესყიდვის ობიექტის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ იქნა ელექტრონული ტენდერი, რომლის შედეგად დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა შეადგენს გამოსაცხადებელი ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის რაოდენობას/მოცულობას, ან არაუმეტეს 20%-ით მეტია/ნაკლებია გამოსაცხადებელი ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის რაოდენობაზე/მოცულობაზე, ასევე რომელშიც მონაწილეობა მიიღო, სულ მცირე, ორმა პრეტენდენტმა და ახალი ელექტრონული ტენდერის გამოცხადებამდე არაუადრეს ერთი თვით ადრე მიენიჭა სტატუსი – „ხელშეკრულება დადებულია“; დ) სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლების მიერ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის საშუალებით; ე) სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის – „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 52-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლით. 6. თუ სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“ ან „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბაზრის კვლევის განხორციელების მეთოდად ჩაითვლება შესაბამისი, ექსკლუზიური უფლებამოსილების ან ხარისხის გაუარესების დამადასტურებელი დოკუმენტის ან ნორმატიული აქტის მოძიება და შეფასება. მუხლი 5. ბაზრის კვლევის განცხადების MRS მოდულში გამოქვეყნება 1. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია MRS მოდულში აქვეყნებს ბაზრის კვლევის განცხადებას. 2. ბაზრის კვლევის განცხადება ივსება ელექტრონულად, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ და უნდა შეიცავდეს: ა) ბაზრის კვლევის განცხადების ნომერს; ბ) ბაზრის კვლევის განცხადების სტატუსს; გ) მითითებას შესყიდვის პროცედურაზე; დ) შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელებას; ე) ბაზრის კვლევის განცხადების რეგისტრაციის თარიღს ზუსტი დროის მითითებით; ვ) წინადადებების მიღების დაწყების თარიღს ზუსტი დროის მითითებით; ზ) წინადადებების მიღების დასრულების თარიღს ზუსტი დროის მითითებით; თ) ბაზრის კვლევის ობიექტის CPV კოდს (კლასიფიკატორის კატეგორია, კლასი, ჯგუფი ან დანაყოფი. კლასიფიკატორის დაბალი იერარქიული დონის მითითების შეუძლებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია უთითებს მის მომდევნო ზედა იერარქიულ დონეს); ი) შესყიდვის ობიექტის აღწერას; კ) ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაზე; ლ) შესყიდვის დაფინანსების წელს; მ) მითითებას ბაზრის კვლევის შემცირებული ვადით გამოცხადების მიზეზებზე, თუ წინადადების მიღების დასრულების ვადა არ აღემატება 3 (სამი) დღეს; ნ) მითითებას ბაზრის კვლევის ფასისა და პირობების ან მხოლოდ პირობების დადგენის მიზნით განხორციელების თაობაზე; ო) სხვა დამატებით ინფორმაციას (არსებობის შემთხვევაში). 3. ბაზრის კვლევის განცხადებასთან ერთად MRS მოდულში იტვირთება ბაზრის კვლევის დოკუმენტაცია. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია ბაზრის კვლევის განცხადებაში ავტომატურად გენერირდება სისტემის მეშვეობით. 5. ბაზრის კვლევის განცხადება გამოქვეყნებულად ითვლება მისი MRS მოდულში რეგისტრაციისთანავე. 6. ბაზრის კვლევის განცხადებისთვის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, წაშალოს ან გააუქმოს მის მიერ ატვირთული დოკუმენტი. ასეთ შემთხვევაში წინადადების მიღების დაწყების თარიღი გადაიწევს ცვლილების განხორციელებამდე გასული ვადის შესაბამისად. 7. ბაზრის კვლევის განცხადებისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების შემდეგ დაუშვებელია ბაზრის კვლევის განცხადების შეცვლა. 8. ბაზრის კვლევის განცხადებისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, შეწყვიტოს ბაზრის კვლევა. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შეადგინოს წერილობითი დოკუმენტი (ოქმი, მოხსენებითი ბარათი ან სხვ.) ბაზრის კვლევის შეწყვეტის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ კონკრეტულ გარემოებებზე, რამაც გამოიწვია ბაზრის კვლევის შეწყვეტა. აღნიშნული წერილობითი დოკუმენტი იტვირთება MRS მოდულის შესაბამის ველში. 9. ბაზრის კვლევის განცხადების რეგისტრაციისთანავე, ბაზრის კვლევაში მონაწილეობის ნებისმიერ მსურველს უფლება აქვს გაეცნოს მას. მუხლი 6. განმარტების მიღების უფლება 1. ბაზრის კვლევის განცხადებისათვის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან, სტატუსის „წინადადების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში ამ წესის მე-7 მუხლის მე-3-მე-4 პუნქტების შესაბამისად რეგისტრირებული ნებისმიერი პირი უფლებამოსილია, MRS მოდულში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით შემსყიდველ ორგანიზაციას მოსთხოვოს ბაზრის კვლევის განცხადების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, გონივრულ ვადაში, თუმცა არაუგვიანეს ბაზრის კვლევის განცხადებისთვის სტატუსის „წინადადების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე გააკეთოს შესაბამისი განმარტება. 3. შემსყიდველი ორგანიზაციის განმარტება არ უნდა იყოს ბუნდოვანი და კონკრეტულად უნდა პასუხობდეს დასმულ კითხვას. 4. სისტემა უზრუნველყოფს MRS მოდულში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის, მათ შორის, პოტენციურ მიმწოდებელთა ანონიმურობას. მუხლი 7. წინადადების წარდგენა MRS მოდულში 1. MRS მოდულში წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით. 2. ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მსურველს წინადადების წარდგენა შეუძლია ბაზრის კვლევის განცხადებისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების ეტაპზე. 3. წინადადების წარსადგენად სავალდებულოა, სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით „მიმწოდებლის“ სტატუსით რეგისტრაცია, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. სისტემაში არარეგისტრირებულ არარეზიდენტ პირს წინადადების წარდგენა შეუძლია „მიმწოდებლის“ სტატუსით რეგისტრაციის გარეშე, მარტივი რეგისტრაციის გავლით. 5. წინადადების წარდგენის მიზნით ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მსურველი MRS მოდულის შესაბამის ველში ტვირთავს მის შეთავაზებას ტექსტურად ან/და თანხობრივად, აგრეთვე, ბაზრის კვლევისათვის გათვალისწინებულ დოკუმენტაციას (არსებობის შემთხვევაში). 6. თუ გამოქვეყნებულ ბაზრის კვლევაში წინადადების მიღების ვადის დასრულება შაბათ-კვირას ან უქმე დღეს ემთხვევა, წინადადების მიღების ვადა დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს. 7. პოტენციური მიმწოდებელი სრულად აგებს პასუხს მის მიერ წარდგენილი წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის სისწორეზე. 8. სისტემა უზრუნველყოფს ბაზრის კვლევაში მონაწილე პირთა რაოდენობის, მათი ვინაობისა და წინადადებების ანონიმურობას, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 9. წინადადებების მიღების ვადის დასრულების შემდგომ ბაზრის კვლევის განცხადებას ავტომატურად, სისტემის მეშვეობით ენიჭება სტატუსი – „წინადადების მიღება დასრულებულია“. მუხლი 8. ბაზრის კვლევის დასრულება MRS მოდულში 1. ბაზრის კვლევის განცხადებისთვის სტატუსის „წინადადების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, MRS მოდულის შესაბამის ველში ატვირთოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სხვა რომელიმე მეთოდით განხორციელებული ბაზრის კვლევის შედეგები, რომელიც მიღებულია/მოძიებულია MRS მოდულში წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე. წინადადებების მიღების ვადის დასრულების შემდგომ მიღებული შედეგები არ გაითვალისწინება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შედეგების MRS მოდულში ატვირთვის შემდგომ, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განცხადებას ენიჭება სტატუსი – „ბაზრის კვლევა დასრულებულია“. 3. ბაზრის კვლევის განცხადებისთვის სტატუსის ,,ბაზრის კვლევა დასრულებულია” მინიჭების შემდგომ, დაუშვებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შედეგების ან/და სხვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის ატვირთვა, წაშლა ან/და ცვლილება, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. ბაზრის კვლევის განცხადებისთვის სტატუსის ,,ბაზრის კვლევა დასრულებულია” მინიჭების შემდგომ, ბაზრის კვლევაში მონაწილე პირთა რაოდენობა, მათი ვინაობა და წინადადებები ცნობილი ხდება მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციისთვის. 5. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ბაზრის კვლევის განცხადებისთვის სტატუსის „ბაზრის კვლევა დასრულებულია” მინიჭების შემდგომ, ბაზრის კვლევაში MRS მოდულის ან/და სხვა მეთოდების საშუალებით მონაწილე თითოეულ პოტენციურ მიმწოდებელს, ინდივიდუალურად, მიმართოს წინადადების დაზუსტების მოთხოვნით. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ყველა პოტენციურ მიმწოდებელს ზუსტად მიუთითოს დასაზუსტებელი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესახებ, თუ წინადადება საჭიროებს დაზუსტებას. 6. დაზუსტებას არ ექვემდებარება პოტენციური მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ფასი. ამასთან, კონკრეტული პოტენციური მიმწოდებლის მიერ MRS მოდულში დაფიქსირებულ ფასსა და მის მიერ ამავე მოდულში ან/და ბაზრის კვლევის სხვა მეთოდების საშუალებით წარდგენილ ინფორმაციაში/დოკუმენტაციაში (არსებობის შემთხვევაში) მითითებულ ფასებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, ბაზრის კვლევის შედეგებისთვის გაითვალისწინება მინიმალური ფასი. 7. თუ პოტენციური მიმწოდებლის მიერ MRS მოდულის საშუალებით წარდგენილი წინადადება საჭიროებს დაზუსტებას, მის წინადადებას შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ენიჭება სტატუსი „დასაზუსტებელია“, ხოლო თუ ბაზრის კვლევის სხვა მეთოდებში მონაწილე პოტენციური მიმწოდებლის მიერ წარდგენილი წინადადება საჭიროებს დაზუსტებას – შემსყიდველი ორგანიზაცია ინდივიდუალურად მიმართავს თითოეულ პოტენციურ მიმწოდებელს. 8. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია დაზუსტების მოთხოვნის დღის განმავლობაში, წინადადების დაზუსტების მიზნით, პოტენციურ მიმწოდებელს წარუდგინოს სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 9. დასაზუსტებელი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შინაარსი ცნობილი ხდება მხოლოდ იმ პოტენციური მიმწოდებლისათვის, რომლის წინადადებაც ექვემდებარება დაზუსტებას. 10. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია პოტენციურ მიმწოდებელს განუსაზღვრავს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადას. დაზუსტების ვადა აითვლება წინადადებისთვის სტატუსის „დასაზუსტებელია“ მინიჭების მომდევნო სამუშაო დღიდან, ხოლო ბაზრის კვლევის სხვა მეთოდით განხორციელების შემთხვევაში – დაზუსტების მოთხოვნის მომდევნო სამუშაო დღიდან. 11. დაზუსტებული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება ბაზრის კვლევის იმავე მეთოდის საშუალებით. 12. ბაზრის კვლევის MRS მოდულის საშუალებით განხორციელებისას: ა) დაზუსტებისათვის განსაზღვრული ვადის გასვლისთანავე კონკრეტული პოტენციური მიმწოდებლის წინადადებას, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ავტომატურად ენიჭება სტატუსი „დაზუსტებულია“ და დაზუსტებული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია ცნობილი ხდება შემსყიდველი ორგანიზაციისთვის; ბ) წინადადების დადგენილ ვადაში დაუზუსტებლობის შემთხვევაში მას ავტომატურად, სისტემის მეშვეობით ენიჭება სტატუსი „დაუზუსტებელია“. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია იმსჯელოს ბაზრის კვლევის შედეგებში თავდაპირველად წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებაზე; გ) პოტენციური მიმწოდებელი უფლებამოსილია დაზუსტებული ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის წარდგენისთანავე მის წინადადებას, სისტემის მეშვეობით, მიანიჭოს სტატუსი „დაზუსტებულია“. ასეთ შემთხვევაში მას უფლება არ აქვს, შეცვალოს, დაამატოს ან წაშალოს დაზუსტებული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია დაზუსტებისათვის განსაზღვრულ ვადაში; დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, განიხილოს დაზუსტებული წინადადება წინადადებისთვის სტატუსის „დაზუსტებულია“ მინიჭებისთანავე. 13. MRS მოდულის გარდა, ბაზრის კვლევის სხვა მეთოდ(ებ)ით განხორციელებისას შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დაზუსტებული ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში), დაზუსტებისათვის განსაზღვრული ვადის გასვლისთანავე იტვირთება MRS მოდულის შესაბამის ველში. 14. დაუშვებელია წინადადების განმეორებით დაზუსტება. მუხლი 9. ბაზრის კვლევის შედეგიანად განხორციელება 1. ბაზრის კვლევა შედეგიანად დასრულებულად ითვლება, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნა კმაყოფილდება მინიმუმ 2 (ორი) პოტენციური მიმწოდებლის მიერ. 2. ბაზრის კვლევის შედეგები იურიდიული ძალის მქონეა ბაზრის კვლევის დასრულების თარიღიდან (ბაზრის კვლევის განცხადებისთვის სტატუსის ,,ბაზრის კვლევა დასრულებულია” მინიჭებიდან) სამი თვის განმავლობაში. ამ ვადაში სახელმწიფო შესყიდვის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ბაზრის კვლევას ახორციელებს თავიდან, კანონითა და ამ წესით განსაზღვრული პირობების დაცვით. 3. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ ოქმში, ბაზრის კვლევაში მონაწილე პოტენციურ მიმწოდებელთა იდენტიფიცირების გარეშე, ასახოს ის ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც ხორციელდება კონკრეტული შესყიდვა. მუხლი 10. ბაზრის კვლევის უშედეგოდ განხორციელება 1. თუ ბაზრის კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეუძლებელია ბაზრის კვლევისთვის დასახული მიზნის მიღწევა, მათ შორის პოტენციური მიმწოდებლ(ებ)ის იდენტიფიცირება ან/და შესყიდვის ობიექტის მოძიება/შესყიდვა, შემსყიდველი ორგანიზაცია, ახორციელებს პოტენციურ მიმწოდებელთა და შესყიდვის ობიექტის მიმართ წაყენებული მოთხოვნების, აგრეთვე მისი საჭიროებ(ებ)ის დამატებით კვლევასა და ანალიზს, მათი შემდგომი მოდიფიკაციის მიზნით, რის შემდეგაც იგი საჭიროების შემთხვევაში ხელმეორედ ახორციელებს ბაზრის კვლევას, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. 2. გამარტივებული შესყიდვის საფუძვლად არ მიიჩნევა ბაზრის კვლევის უშედეგოდ განხორციელება.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები