დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 130 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 31/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130070000.63.075.016200 |
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „რ.ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის №33 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს დებულება
|
თავი I
ზოგადი დებულებანი |
| მუხლი 1 |
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს (შემდგომში – მთავარი სამმართველო) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მთავარი სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
|
| მუხლი 2 |
1. მთავარი სამმართველო არის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის მოსამსახურეებსაც შეიძლება მინიჭებული ჰქონდეთ სპეციალური წოდება.
2. მთავარი სამმართველო თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურს. |
| მუხლი 3 |
მთავარი სამმართველო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის (შემდგომში – სამსახურის უფროსი) სამართლებრივი აქტებით, ასევე სხვა ნორმატიული აქტებით. |
| მუხლი 4 |
მთავარი სამმართველო ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
| მუხლი 5 |
მთავარ სამმართველოს აქვს ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით. |
თავი II
მთავარი სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები |
| მუხლი 6 |
მთავარი სამმართველოს ამოცანებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა, ასევე საჭიროების შემთხვევაში, სამსახურთან შეთანხმებით, სხვა სახელმწიფო ორგანოს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსება და მათი უფლებების დაცვაზე მონიტორინგის განხორციელება; ბ) დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული პირებისა და იზოლატორის მოსამსახურეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) ცალკეულ შემთხვევებში, სამსახურის შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფების უფლებამოსილ მოსამსახურეთა მხრიდან ინფორმაციის მიღება მათ მიერ დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსების აუცილებლობის თაობაზე, ტერიტორიული თუ სხვა ნიშნის მიხედვით; დ) ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ სუბიექტებთან ურთიერთობის წარმართვა; ე) დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული პირების სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. |
| მუხლი 7 |
მთავარი სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს დროებითი მოთავსების იზოლატორის მართვას და ერთიანი პოლიტიკის წარმართვას, მისი საქმიანობის ადმინისტრაციულ და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას; ბ) ახორციელებს იზოლატორის მოსამსახურეთა საქმიანობისა და იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვის მონიტორინგს; გ) ადგენს იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დარღვევის გამომწვევ მიზეზებს, ახდენს რეაგირებას აღნიშნულის თაობაზე მიღებულ განცხადებებსა და ინფორმაციაზე, ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს; დ) დანაშაულის ან სხვა სახის სამართალდარღვევის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანოს ან სამსახურის შესაბამისი დანაყოფის ინფორმირებას; ე) უზრუნველყოფს დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურებას და ამ მიზნით თანამშრომლობს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედ სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციასთან; ვ) დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ პირთა უფლებების დაცვის მიზნით თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან; ზ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, ასევე სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. |
თავი III
მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები |
| მუხლი 8 |
1. მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მონიტორინგისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება; ბ) სამედიცინო მომსახურების განყოფილება; გ) სამსახურის №1 დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამსახური). 2. სამსახურის №1 დროებითი მოთავსების იზოლატორის (შემდგომში – იზოლატორი) ადგილმდებარეობა და მასში მოსათავსებელ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით. |
| მუხლი 9 |
მონიტორინგისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება:
ა) კონტროლს უწევს იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვას; ბ) ახორციელებს იზოლატორის მოსამსახურეთა მიერ იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვის მონიტორინგს; გ) ახორციელებს იზოლატორში მოთავსებულ პირთა საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პირობების მონიტორინგს; დ) კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას ახდენს მიღებული განცხადებების, ინფორმაციის ან/და მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ შესაძლო დარღვევებზე; ე) ახორციელებს დანაშაულის ან სხვა სახის სამართალდარღვევის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანოს ან სამსახურის შესაბამისი დანაყოფის ინფორმირებას; ვ) იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დარღვევის პრევენციის მიზნით ადგენს მათ გამომწვევ მიზეზებს და ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს; ზ) კომპეტენციისა და საჭიროების ფარგლებში აგროვებს და ამუშავებს იზოლატორში წარმოებულ სტატისტიკას მონიტორინგის ეფექტიანად წარმართვის მიზნით; თ) ადგენს მონიტორინგის ჩატარების გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი სამმართველოს უფროსს; ი) ადგენს ანგარიშს ყოველი ჩატარებული მონიტორინგის შესახებ და წარუდგენს მთავარი სამმართველოს უფროსს/მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს; კ) ამ მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანგარიშების საფუძველზე 6 თვეში ერთხელ ამზადებს საერთო ანგარიშს და წარუდგენს მთავარი სამმართველოს უფროსს/მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს; ლ) სამსახურის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით, ორგანიზებასა და კონტროლს უწევს მთავარი სამმართველოს საქმისწარმოებას; მ) ორგანიზებას უწევს მთავარი სამმართველოს შესაბამისი ინვენტარითა და მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებებით მომარაგებას; ნ) მთავარ სამმართველოში ჩასატარებელი სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შესახებ წარმართავს ურთიერთობას სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან; ო) აღრიცხავს და აანალიზებს მთავარი სამმართველოს მიერ გამოყენებულ მატერიალურ-ტექნიკურ რესურსს; პ) წარმართავს ურთიერთობას სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა შრომითი ანაზღაურების, სადაზღვევო, სატელეფონო მომსახურებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების თაობაზე; ჟ) სამსახურის ადმინისტრაციის კოორდინაციით, კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან; რ) ახორციელებს მთავარი სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას; ს) მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების მიზნით თანამშრომლობს სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან; ტ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მთავარი სამმართველოს უფროსის/მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს. |
| მუხლი 10 |
სამედიცინო მომსახურების განყოფილება:
ა) უზრუნველყოფს იზოლატორში მოთავსებულ, ასევე აუცილებლობის შემთხვევაში იზოლატორში უშუალოდ მყოფ სხვა პირთა შესაბამის სამედიცინო მომსახურებას; ბ) წარუდგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს უფროსს/მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს იზოლატორში ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო პირობების შექმნასთან დაკავშირებით; გ) ადგენს მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის ნუსხას და მთავარი სამმართველოს შესაბამის განყოფილებას წარუდგენს მოთხოვნას მათი შესყიდვის უზრუნველყოფის მიზნით; დ) აღრიცხავს სამედიცინო მომსახურების განხორციელებისას გაცემულ მედიკამენტებს; ე) აწარმოებს სტატისტიკას გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ; ვ) პერიოდულად, მთავარი სამმართველოს უფროსს/მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების საქმიანობის შესახებ; ზ) თანამშრომლობს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან; თ) ვალდებულია სატელეფონო გზით, დაუყოვნებლივ, ხოლო პირველივე შესაძლებლობისთანავე წერილობითი ფორმით შეატყობინოს საქართველოს პროკურატურას ინფორმაცია: თ.ა) თუ ეჭვი გაუჩნდა იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე ან სხვა ძალადობრივ ქმედებაზე; თ.ბ) თუ მოსათავსებელი/მოთავსებული პირი განაცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადგილი ჰქონდა მის მიმართ წამებას, წამების მუქარას, დამამცირებელ/არაადამიანურ მოპყრობას ან სხვა ძალადობრივ ქმედებას ან/და მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით აიძულეს განმარტების/ჩვენების მიცემა. ი) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მთავარი სამმართველოს უფროსის/მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს. |
| მუხლი 11 |
დროებითი მოთავსების იზოლატორი
1. დროებითი მოთავსების იზოლატორი (შემდგომში - იზოლატორი) არის განსაკუთრებულად დაცული დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს მთავარი სამმართველოს სტრუქტურულ დანაყოფს და ფუნქციონირებს მთავარ სამმართველოში შემავალის სამსახურის სახით. 2. იზოლატორი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში), მთავარი სამმართველოს უფროსის, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის ან/და მთავარი სამმართველოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. იმ შემთხვევაში, როდესაც იზოლატორში არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი. იზოლატორის სამედიცინო პუნქტი უშუალოდ ექვემდებარება მთავარი სამმართველოს სამედიცინო მომსახურების განყოფილებას და არ შედის იზოლატორის შემადგენლობაში. 4. იზოლატორის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სამსახური. 5. იზოლატორს აქვს ბეჭედი იზოლატორის სახელწოდების აღნიშვნით. |
| მუხლი 12 |
1. იზოლატორის ამოცანაა:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად დაკავებულ პირთა იზოლატორში დროებითი მოთავსების აღსრულების უზრუნველყოფა; ბ) იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) იზოლატორში შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა და მოთავსებულ პირთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა. 2. იზოლატორის ფუნქციაა: ა) იზოლატორში სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა და მოთავსებულ პირთა კვებით უზრუნველყოფა; ბ) იზოლატორში მოთავსებულ პირთათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდება; გ) იზოლატორში მოთავსებულ პირთათვის ამანათის მიღების უფლებით სარგებლობის უზრუნველყოფა; დ) ბრალდების ან/და დაცვის მხარისათვის საპროცესო საქმიანობაში ხელშეწყობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) იზოლატორში მოთავსებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვა, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ასაკის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო; ვ) იზოლატორში მოთავსებულ პირთა ერთიან მონაცემთა ელექტრონული ბაზისა და პირადი საქმეების წარმოება, ასევე მათი ფოტოგრაფირება; ზ) იზოლატორში უსაფრთხოების დაცვის მიზნით იზოლატორის ტერიტორიაზე მყოფი პირებისა და მათი ნივთების, აგრეთვე იზოლატორში მოთავსებულ პირთა საკნების შემოწმება; თ) იზოლატორში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და იზოლატორში მყოფი პირების უსაფრთხოების დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 3. იზოლატორში მსახურობენ მორიგე-გუშაგები, რომელთაც იზოლატორის სპეციფიკის გათვალისწინებით შეიძლება დაეკისროთ იზოლატორის ცვლის უფროსის უფლება-მოვალეობა. 4. იზოლატორში დამხმარე ფუნქციებს ასრულებენ შტატგარეშე მოსამსახურეები. 5. იზოლატორში, როდესაც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, მოთავსებულ პირთათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევას უზრუნველყოფს მთავარი სამმართველოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოსამსახურე. |
თავი IV
მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა |
| მუხლი 13 |
1. მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
2. მთავარი სამმართველოს უფროსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მთავარ სამმართველოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე. 3. მთავარი სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს მთავარ სამმართველოს, წყვეტს მთავარი სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს მთავარი სამმართველოს საქმიანობას და პასუხისმგებელია მთავარ სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მთავარ სამმართველოში დასანიშნი კანდიდატების განხილვასა და შერჩევას, ხოლო აღნიშნული ღონისძიებების განსახორციელებლად და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურული საკითხის მოსაწესრიგებლად, თავის კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; გ) ანაწილებს მოვალეობებს მთავარი სამმართველოს სტრუქტურულ ერთეულებს შორის და თვალყურს ადევნებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას; დ) ახორციელებს იზოლატორში მოთავსებულ პირთა ერთიან მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოების პროცედურების დაცვაზე კონტროლს; ე) ანაწილებს მთავარ სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას მთავარი სამმართველოს სტრუქტურულ ერთეულებს შორის; ვ) პერიოდულად აანალიზებს მთავარი სამმართველოს საქმიანობას და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და მუშაობის გაუმჯობესების შესახებ; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის უფროსს და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისების შესახებ; თ) მიმართავს სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; ი) მიმართავს სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს მთავარი სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფის თაობაზე; კ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების უფროსების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ლ) კომპეტენციის ფარგლებში წარადგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ; მ) ახორციელებს მთავარ სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; ნ) არანაკლებ 6 თვეში ერთხელ წარუდგენს სამსახურის უფროსს და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანგარიშს მთავარი სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ო) ამტკიცებს იზოლატორის დღის განრიგს; პ) ამტკიცებს მონიტორინგის ჩატარების გეგმას; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ბრძანებებს; რ) კომპეტენციის ფარგლებში აღრიცხავს და ინახავს იზოლატორის საქმიანობასთან დაკავშირებულ ბრძანებებს, ინსტრუქციებს, საიდუმლო საქმეებსა და სხვა დოკუმენტაციას; ს) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე სამსახურის უფროსის და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცალკეულ დავალებებს. 4. მთავარი სამმართველოს უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – სამსახურის უფროსის მიერ საამისოდ უფლებამოსილი მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი. |
| მუხლი 14 |
1. მთავარი სამმართველოს უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
2. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავარ სამმართველოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მთავარი სამმართველოს უფროსის წინაშე. 3. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს მთავარი სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; გ) ახორციელებს მთავარ სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; დ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მთავარი სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს. |
თავი V
მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა |
| მუხლი 15 |
1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
2. განყოფილების უფროსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მთავარი სამმართველოს უფროსისა და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის წინაშე. 3. განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და წყვეტს განყოფილების გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) ანაწილებს მოვალეობებს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ზედამხედველობს მათ შესრულებას; გ) მთავარი სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე; დ) მთავარი სამმართველოს უფროსს/მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფის თაობაზე; ე) ახორციელებს სამსახურში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; ვ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე მთავარი სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს. |
| მუხლი 16 |
1. განყოფილების უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
2. განყოფილების უფროსის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განყოფილებაზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მთავარი სამმართველოს უფროსის, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილისა და განყოფილების უფროსის წინაშე. 3. განყოფილების უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს განყოფილების უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ანაწილებს მოვალეობებს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ზედამხედველობს მათ შესრულებას; გ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; დ) ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ კორესპონდენციას განყოფილების მოსამსახურეთა შორის; ე) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე მთავარი სამმართველოს უფროსისა და განყოფილების უფროსის ცალკეულ დავალებებს. |
| მუხლი 17 |
იზოლატორის უფროსი:
ა) ახორციელებს იზოლატორის საქმიანობის ხელმძღვანელობას, წყვეტს იზოლატორის საქმიანობასთან დაკავშირებულ და იზოლატორის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და შეიმუშავებს წინადადებებს იზოლატორის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით; ბ) ანაწილებს ფუნქციებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; გ) აკონტროლებს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, შეიმუშავებს და ახორციელებს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებებს; დ) პერიოდულად ისმენს იზოლატორის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე; ე) აკონტროლებს იზოლატორში პირის მოთავსების პროცედურის განხორციელებას, უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს შინაგანაწესისა (შემდგომში – შინაგანაწესი) და იზოლატორის დღის განრიგის დაცვას; ვ) აკონტროლებს იზოლატორში მოთავსებულ პირთა დაკავების ვადებს; ზ) არანაკლებ თვეში ერთხელ ამოწმებს იზოლატორში არსებული სამსახურებრივი გასაღებების რაოდენობასა და საკეტების მდგომარეობას; თ) უზრუნველყოფს იზოლატორის ტექნიკური და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლს, აწარმოებს იზოლატორის ქონების აღრიცხვას; ი) იზოლატორის მოსამსახურეებს აცნობს ბრძანებებსა და მითითებებს, კონტროლს უწევს იზოლატორში საქმისწარმოების განხორციელებას; კ) პერიოდულად ამოწმებს იზოლატორში ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების რაოდენობასა და მათ მდგომარეობას; ლ) წარმოადგენს იზოლატორს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს იზოლატორში მომზადებულ დოკუმენტებს; მ) შემდგომი რეაგირების მიზნით აცნობებს შესაბამის ორგანოებს იზოლატორში მოთავსებული პირის მიერ იზოლატორის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან/და მის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების შესახებ; ნ) ამზადებს და მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობას დასამტკიცებლად წარუდგენს იზოლატორის მოსამსახურეთა საგუშაგოზე მორიგეობის გრაფიკებს; ო) იზოლატორში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით მიმართავს სამსახურის შესაბამის დანაყოფებს; პ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. ჟ) დაუყოვნებლივ ატყობინებს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობასა და მონიტორინგის დანაყოფს დროებითი მოთავსების იზოლატორში: ჟ.ა) სუიციდის ან/და თვითდაზიანების მიყენების მცდელობის შესახებ; ჟ.ბ) მოთავსებული პირის მხრიდან შიმშილობის გამოცხადების/შეწყვეტის შესახებ; ჟ. გ) მოთავსებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების და მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის აუცილებლობის შესახებ; ჟ.დ) მოთავსებული პირის იზოლატორიდან დროებით გაყვანის შესახებ; ჟ.ე) მოთავსებული პირის მხრიდან პრეტენზიის გამოთქმის შესახებ; ჟ.ვ) მოთავსებული პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გამოთქმული ჩივილების თაობაზე; ჟ.ზ) მოსათავსებელი ან მოთავსებული პირის მიერ სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთის (იარაღი, ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა, ცივი იარაღი, სამედიცინო დანიშნულების საგანი და სხვა მსგავსი ნივთი, ასევე ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებები, ყალბი დოკუმენტაცია და ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც ამოღებულია სამოქალაქო ბრუნვიდან) წარმოდგენის, აგრეთვე იზოლატორის მოსამსახურის მიერ აღნიშნული ნივთის აღმოჩენის შესახებ; ჟ.თ) წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაციის შესახებ; ჟ.ი) მოთავსებული სხვა ქვეყნის მოქალაქეების, მოქალაქეობის არმქონე პირების, არასრულწლოვნებისა და ქალების შესახებ; ჟ.კ) მოსათავსებელი ან მოთავსებული პირის მხრიდან პირველად სამედიცინო შემოწმებაზე ან/და სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის თაობაზე; ჟ.ლ) შინაგანაწესის მე-20 მუხლით გათვალისწინებული პირების იზოლატორში მისვლის შესახებ; ჟ. მ) მოსათავსებელი პირის იზოლატორში არმიღების შესახებ; ჟ.ნ) მომხდარი შემთხვევის თაობაზე, რომლის დროსაც გამოყენებულ იქნა შინაგანაწესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები; ჟ.ო) მოთავსებული პირის მიერ შინაგანაწესის დარღვევის შესახებ; ჟ.პ) მომხდარი ფაქტების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის იზოლატორის ნორმალურ ფუნქციონირებას; ჟ. ჟ) საგანგებო სიტუაციის არსებობის შესახებ; რ) ვალდებულია წერილობითი ფორმით შეატყობინოს საქართველოს პროკურატურას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ: რ.ა) წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ან სხვა ძალადობრივი ქმედების შესაძლო ჩადენის შესახებ; რ.ბ) მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით განმარტების/ჩვენების მიცემის შესაძლო იძულების შესახებ; რ.გ) სხვა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ, რომელმაც გამოიწვია იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა ნებისმიერ ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ. |
| მუხლი 18 |
1. იზოლატორის ცვლის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და აკონტროლებს სამორიგეო ცვლაში მყოფი იზოლატორის მორიგე-გუშაგების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, უზრუნველყოფს იზოლატორში წესრიგისა და იზოლატორის დღის განრიგის დაცვას; ბ) სამორიგეო ცვლის შესაბამისად იზოლატორში დასაქმებულ მოსამსახურეებს აძლევს შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; გ) უშუალოდ უზრუნველყოფს იზოლატორში პირთა მოთავსების პროცედურის განხორციელებას და ამოწმებს იმ დოკუმენტაციას, რომელიც წარმოადგენს პირის იზოლატორში მოთავსების საფუძველს ან/და ავალებს აღნიშნულის განხორციელებას სხვა მოსამსახურეს; დ) აკონტროლებს იზოლატორში შესვლის წესის დაცვასა და უსაფრთხო გადაადგილების ორგანიზებას; ე) დაუყოვნებლივ ატყობინებს იზოლატორის უფროსს ამ დებულების მე-17 მუხლის „ჟ.ა“–„ჟ.ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფაქტების შესახებ; ვ) ვალდებულია სატელეფონო გზით, დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს პროკურატურას და იზოლატორის უფროსს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ: ვ.ა) წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ან სხვა ძალადობრივი ქმედების შესაძლო ჩადენის შესახებ; ვ.ბ) მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით განმარტების/ჩვენების მიცემის შესაძლო იძულების შესახებ; ვ.გ) სხვა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ, რომელმაც გამოიწვია იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა ნებისმიერ ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ. ზ) ზედამხედველობას უწევს იზოლატორში მოსამსახურეების მორიგეობის განრიგის და საგუშაგო გრაფიკის შესრულებას; თ) ადგენს ოქმებსა და სხვა შესაბამის დოკუმენტაციას; ი) საჭიროების შემთხვევაში ასრულებს იზოლატორის მორიგე-გუშაგის უფლება-მოვალეობას; კ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე იზოლატორის უფროსის ცალკეულ დავალებებს. 2. იზოლატორის ცვლის უფროსს ეკრძალება, დატოვოს იზოლატორის შენობა ან გაათავისუფლოს მის სამორიგეო ცვლაში მყოფი იზოლატორის მოსამსახურეები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელი ხდება მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება და არსებობს იზოლატორის უფროსის ან მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობის თანხმობა. |
| მუხლი 19 |
1. იზოლატორის მოსამსახურეები, რომლებიც სამორიგეო ცვლაში უშუალოდ იმყოფებიან იზოლატორში და ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას იზოლატორის ცვლის უფროსის ხელმძღვანელობით, არიან იზოლატორის მორიგე-გუშაგები.
2. იზოლატორის მორიგე-გუშაგი: ა) ამოწმებს იზოლატორის საკნებს და იცავს საგუშაგოს (იზოლატორის საკნებთან არსებულ ტერიტორიას) მოთავსებული პირის გაქცევის ან სხვა სამართალდარღვევის თავიდან აცილების მიზნით; ბ) იზოლატორში უსაფრთხოების დაცვის მიზნით მეთვალყურეობს მოთავსებულ პირებს და ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს; გ) დადგენილი წესით ამოწმებს იზოლატორში მიღებულ ამანათებს და გადასცემს მათ ადრესატს; დ) დაუყოვნებლივ ატყობინებს იზოლატორის ცვლის უფროსს ამ დებულების მე-17 მუხლის „ჟ.ა“-„ჟ.ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფაქტების შესახებ; ე) ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს იზოლატორის ცვლის უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ: ე.ა) წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ან სხვა ძალადობრივი ქმედების შესაძლო ჩადენის შესახებ; ე.ბ) მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით განმარტების/ჩვენების მიცემის შესაძლო იძულების შესახებ; ე.გ) სხვა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ, რომელმაც გამოიწვია იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა ნებისმიერ ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ. ვ) იზოლატორში მოთავსებულ პირებს აწვდის საკვების ულუფას დღის განრიგითა და შინაგანაწესის 28-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად; ზ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს იზოლატორში პირის მოთავსების პროცედურებს და არეგისტრირებს შესაბამის ინფორმაციას მოთავსებულ პირთა ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში; თ) ესწრება ოქმებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას; ი) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე იზოლატორის შესაბამისი ცვლის უფროსის ცალკეულ დავალებებს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები