დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| Pomacea (Perry)-ს გვარის ლოკოკინას ქვეყანაში შემოჭრისა და გავრცელების თავიდან აცილების სალიკვიდაციო ღონისძიებების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 623 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2029 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.025517 |
|
Pomacea (Perry)-ს გვარის ლოკოკინას ქვეყანაში შემოჭრისა და გავრცელების თავიდან აცილების სალიკვიდაციო ღონისძიებების დამტკიცების თაობაზე
|
| მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „Pomacea (Perry)-ს გვარის ლოკოკინას ქვეყანაში შემოჭრისა და გავრცელების თავიდან აცილების სალიკვიდაციო ღონისძიებები“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2029 წლის 1 იანვრიდან.
|
|
Pomacea (Perry)-ს გვარის ლოკოკინას ქვეყანაში შემოჭრისა და გავრცელების თავიდან აცილების სალიკვიდაციო ღონისძიებები
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
„Pomacea (Perry)-ს გვარის ლოკოკინას ქვეყანაში შემოჭრისა და გავრცელების თავიდან აცილების სალიკვიდაციო ღონისძიებები“ (შემდგომში – წესი) ადგენს Pomacea (Perry)-ს გვარის ლოკოკინას ქვეყანაში შემოჭრისა და გავრცელების თავიდან აცილებისათვის ფიტოსანიტარიულ ზომებს და შემოჭრის შემთხვევაში სალიკვიდაციო ღონისძიებებს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) განსაზღვრული მცენარეები – ამ წესის დანართში ჩამოთვლილი დასარგავად განკუთვნილი მცენარეები, გარდა თესლისა, რომლებიც შეიძლება იზრდებოდეს მხოლოდ მტკნარ წყალში ან მუდმივად მტკნარი წლით გაჟღენთილ ნიადაგში; ბ) მავნე ორგანიზმის გამოკვლევის ბარათი – მავნე ორგანიზმის გავრცელების თაობაზე ვიზუალური გამოკვლევის ბარათი; გ) სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური; დ) სააგენტო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო; ე) წყლის რესურსები – გამოსაყენებლად ვარგისი წყალი, პრაქტიკულად ჰიდროსფეროს ყველა ნაწილი: მდინარეების, ტბების, არხების, წყალსაცავების, ზღვებისა და ოკეანეების წყალი, ნიადაგის ტენი; ვ) დემარკაცია − დასნებოვნებული და ბუფერული ზონების საზღვრების დადგენა; ზ) დემარკირებული ტერიტორია – ტერიტორია, რომელიც შედგება დასნებოვნებული ზონისა და ბუფერული ზონისაგან; თ) დასნებოვნებული ზონა – ტერიტორია, რომელიც მოიცავს მხოლოდ წყლის რესურსებს და მტკნარი წყლით გაჟღენთილ ტერიტორიას, სადაც დადგენილია მავნე ორგანიზმის არსებობა; ი) ბუფერული ზონა − დასნებოვნებული ზონის ირგვლივ, სულ მცირე 500 მ სიგანის ადგილი, რომელიც უნდა მოიცავდეს მხოლოდ წყლის რესურსებს და მტკნარი წყლით გაჟღენთილ ტერიტორიას; კ) მავნე ორგანიზმი – „Pomacea (Perry)“ გვარის ლოკოკინას სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპი. 2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი. მუხლი 3. მავნე ორგანიზმის შემოტანისადმი დაწესებული აკრძალვები ქვეყანაში აკრძალულია მავნე ორგანიზმის შემოტანა და გავრცელება. მუხლი 4. კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების კომპეტენციები ამ წესის შესრულებაზე კონტროლს კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ: ა) სააგენტო – სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას; ბ) სამსახური – საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად. მუხლი 5. ქვეყნის ტერიტორიის გამოკვლევა მავნე ორგანიზმის გამოვლენის მიზნით 1. სააგენტომ ყოველწლიურად უნდა ჩაატაროს რისკზე დაფუძნებული ფიტოსანიტარიული კონტროლის ფარგლებში გამოკვლევა: ა) ქვეყნის ტერიტორიაზე; ბ) ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული დემარკირებული ტერიტორიის გარეთ, სადაც მავნე ორგანიზმი არ არის გავრცელებული, მაგრამ შესაძლებელია გავრცელდეს „Pomacea (Perry)-ს გვარის ლოკოკინას გამოკვლევის ბარათში“ მოცემული ინფორმაციის შესაბამისად. – „Pomacea (Perry)-ს გვარის ლოკოკინას გამოკვლევის ბარათს“ შეიმუშავებს და დაამტკიცებს სააგენტო. 2. გამოკვლევა უნდა ჩატარდეს მავნე ორგანიზმის გამოსავლენად ყველაზე შესაფერის დროს, განსაზღვრული მცენარეების ნაკვეთებზე და ბუნებრივად ან ხელოვნურად დაჭაობებულ სავარგულებზე, როგორიცაა: მდინარეები, ტბები, აუზები, სარწყავი არხები, ვიზუალური შემოწმების გზით. მუხლი 6. ტერიტორიის დემარკაცია 1. იქ, სადაც ფიტოსანიტარიული კონტროლის შედეგად მავნე ორგანიზმის არსებობა დადასტურებულია, სააგენტო ახდენს ტერიტორიის დემარკაციას, რომელიც მოიცავს: ა) სულ მცირე 10 მ რადიუსის დასნებოვნებულ ზონას, სადაც აღმოჩენილ იქნა მავნე ორგანიზმი, ან იმ შემთხვევაში, თუ მავნე ორგანიზმი აღმოჩენილ იქნა დამუშავებულ ნაკვეთზე, დასნებოვნებულმა ზონამ უნდა მოიცვას მთელი ნაკვეთი; ბ) სულ მცირე 500 მ სიგანის ბუფერულ ზონას, რომელიც გარს აკრავს დასნებოვნებულ ზონას. 2. ბუფერული ზონა უნდა მოიცავდეს მხოლოდ წყლის რესურსებს და მტკნარი წყლით გაჟღენთილ ტერიტორიას. თუ დასნებოვნებული ზონა მოიცავს წყლის რესურსის ნაწილს, ბუფერული ზონა უნდა მოიცავდეს ამ წყლის რესურსის ქვედა დინების მიმართულებით სულ მცირე 1 000 მეტრს და ზედა დინების მიმართულებით 500 მეტრს იმ ადგილიდან, სადაც დადასტურდა მავნე ორგანიზმის არსებობა. 3. თუ სხვადასხვა დემარკირებული ტერიტორიების ბუფერული ზონები ერთმანეთს ემთხვევა, ან თუ მავნე ორგანიზმი ნაპოვნია ბუფერულ ზონაში, ხელახლა ხდება ტერიტორიის დემარკაცია. 4. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება: ა) დემარკირებული ტერიტორიების ფარგლებში, მავნე ორგანიზმის საფრთხისა და მის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების თაობაზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული დემარკირებული ტერიტორიების მიღმა მისი შემდგომი გავრცელება; ბ) დემარკირებული ტერიტორიების დელიმიტაციის თაობაზე. მუხლი 7. გამონაკლისები ტერიტორიების დემარკაციისას 1. გამონაკლისის სახით, სააგენტოს შეუძლია არ მოახდინოს ტერიტორიების დემარკაცია, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები: ა) მავნე ორგანიზმი ნაპოვნია ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთში: ა.ა) იზოლირებულ წყალსატევში (მაგ: ტბორი, ტბა); ა.ბ) წარმოების ადგილას, რომელიც ფიზიკურად იზოლირებულია გარემომცველი წყლებისგან; ა.გ) ბუნებრივ წყალსატევში, სადაც დაბალი ტემპერატურის გამო მავნე ორგანიზმს არ შეუძლია ადაპტირება/დამკვიდრება; ბ) არსებობს მტკიცებულება, რომ მავნე ორგანიზმის გავრცელება არ სცდება დასნებოვნებულ ზონას; გ) არსებობს იმის მტკიცებულება, რომ იზოლირებულ გარემოში, ერთეული მავნე ორგანიზმის პოვნა არ გამოიწვევს მის აკლიმატიზაციას; დ) არ არსებობს წყლის რესურსებს შორის კავშირი, რომელიც ხელს შეუწყობს მავნე ორგანიზმს ბუნებრივად გავრცელდეს, პოვნის ადგილსა და ბუნებრივ გარემოს შორის, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებში აღწერილ შემთხვევებში; ე) წყლის გამწმენდი სისტემის არსებობის შემთხვევაში, წყალსატევი გაწმენდილია მავნე ორგანიზმისგან. 2. თუ სააგენტო მიმართავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლისს, მან უნდა: ა) გაატაროს ღონისძიებები მავნე ორგანიზმის სწრაფი ლიკვიდაციის უზრუნველსაყოფად და გამორიცხოს მისი გავრცელების შესაძლებლობა; ბ) შეძლებისდაგვარად გამოიკვლიოს ინვაზიის წარმოშობა და შეისწავლოს მავნე ორგანიზმის პოვნის გზები; გ) მოახდინოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მავნე ორგანიზმის საფრთხის თაობაზე; დ) ჩაატაროს იმ ადგილების და მისი შემოგარენის ვიზუალური შემოწმება, სადაც მავნე ორგანიზმი იქნა ნაპოვნი და პოვნიდან სულ მცირე 2 წლის განმავლობაში, უზრუნველყოს, რომ მავნე ორგანიზმი აღარ იყოს, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებში აღწერილ შემთხვევებში. მუხლი 8. სალიკვიდაციო ღონისძიებები სალიკვიდაციო ღონისძიებები უნდა მოიცავდეს: ა) მავნე ორგანიზმის მოცილებას და ლიკვიდაციას; ბ) მავნე ორგანიზმის არსებობის თაობაზე, მონიტორინგს და ინსპექტირებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული უნდა იქნეს ბუფერულ ზონაზე; გ) ჰიგიენურ პროტოკოლს: გ.ა) ყველა გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო და აკვაკულტურის ტექნიკისათვის, რომლებიც შეიძლება შეხებაში იყო მავნე ორგანიზმთან და შეეძლო მისი გავრცელება; გ.ბ) სანაოსნო საქმიანობისა და ნავების ყველანაირი აღჭურვილობისათვის, სათევზაო ბადეების ჩათვლით, რომლებიც უძრავად რჩება დემარკირებულ ტერიტორიაზე; დ) წყლის მენეჯმენტის და მავნე ორგანიზმის წინააღმდეგ გამოყენებული დამუშავებების კომბინირებას, მათ შორის ნაკვეთების, ხელოვნური ტბების, აუზებისა და სარწყავი არხების ამოშრობას იმ ადგილებში, სადაც ეს გამოიყენება. მუხლი 9. დემარკირებული ტერიტორიის ყოველწლიური გამოკვლევა 1. სააგენტომ, დემარკირებულ ტერიტორიაზე, მავნე ორგანიზმის არსებობის გამოსავლენად, უნდა ჩაატაროს ყოველწლიური გამოკვლევა. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მავნე ორგანიზმის თაობაზე „მავნე ორგანიზმის გამოკვლევის ბარათში“ მითითებული ინფორმაცია. 2. აღნიშნული გამოკვლევები უნდა მოიცავდეს: ა) მავნე ორგანიზმის გამოსავლენად, ყველაზე შესაფერის დროს, განსაზღვრული მცენარეების ნაკვეთებზე და ბუნებრივად ან ხელოვნურად დაჭაობებულ ადგილებზე მდინარეების, ტბების, აუზების, სარწყავი არხების ვიზუალურ შემოწმებას; ბ) ნიმუშის აღებასა და შემოწმებას, მავნე ორგანიზმის არსებობის და არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში. მუხლი 10. დემარკაციის გაუქმება ამ წესის მე-6 მუხლში მითითებული დემარკაცია შეიძლება გაუქმდეს, თუ ამ წესის მე-9 მუხლში მითითებული გამოკვლევის საფუძველზე, მავნე ორგანიზმი არ იქნა გამოვლენილი დემარკირებულ ტერიტორიაზე, სულ მცირე, ზედიზედ 4 წლის განმავლობაში.
დანართი განსაზღვრული მცენარეები
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები