საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე ადგილობრივი წარმოების სიგარეტისთვის გათვალისწინებული აქციზის განაკვეთის გამოყენების წესის და პირობების, აგრეთვე კვოტირების წესის დამტკიცების შესახებ

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე ადგილობრივი წარმოების სიგარეტისთვის გათვალისწინებული აქციზის განაკვეთის გამოყენების წესის და პირობების, აგრეთვე კვოტირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 652
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 190040000.10.003.025546
652
31/12/2025
ვებგვერდი, 31/12/2025
190040000.10.003.025546
საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე ადგილობრივი წარმოების სიგარეტისთვის გათვალისწინებული აქციზის განაკვეთის გამოყენების წესის და პირობების, აგრეთვე კვოტირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №652

2025 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე ადგილობრივი წარმოების სიგარეტისთვის გათვალისწინებული აქციზის განაკვეთის გამოყენების წესის და პირობების, აგრეთვე კვოტირების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე ადგილობრივი წარმოების სიგარეტისთვის გათვალისწინებული აქციზის განაკვეთის გამოყენების წესი და პირობები, აგრეთვე კვოტირების წესი“.
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/ შეფუთვამდე ადგილობრივი წარმოების სიგარეტისთვის გათვალისწინებული აქციზის განაკვეთის გამოყენების წესის და პირობების, აგრეთვე კვოტირების წესის“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული I ლოტის ფარგლებში, 2026 წლის ყოველწლიური კვოტიდან სიგარეტის კვოტის გამოყოფის თაობაზე თამბაქოს წარმოების ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია, საგადასახადო ორგანოს განცხადებით მიმართოს 2026 წლის 1 თებერვლამდე.
მუხლი 3
ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განაწილებული კვოტა ძალაშია 2026 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



 

                                                                                                                  

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე ადგილობრივი წარმოების სიგარეტისთვის გათვალისწინებული აქციზის განაკვეთის გამოყენების წესი და პირობები, აგრეთვე კვოტირების წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე ადგილობრივი წარმოების სიგარეტისთვის გათვალისწინებული აქციზის განაკვეთის გამოყენების წესი და პირობები, აგრეთვე კვოტირების წესი“ (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ამ პუნქტით გათვალისწინებული სიგარეტისთვის (შემდგომში - სიგარეტი) საქართველოს საგადასახადო კოდექსით  დადგენილი აქციზის განაკვეთის (შემდგომში - კვოტირებული განაკვეთი) გამოყენების წესსა და პირობებს, აგრეთვე კვოტირების წესს.

2. კვოტირებული განაკვეთის გამოყენების მიზნით, პირისთვის კვოტის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფროსი.  

 

მუხლი 2. კვოტირების  წესი

1. ყოველწლიური კვოტიდან, რომელიც შეადგენს 35 მილიონ კოლოფს/შეფუთვას, კვოტის მოთხოვნის უფლება აქვს პირს (შემდგომში − ლიცენზიის მფლობელი), რომელიც  ერთდროულად აკმაყოფილებს  შემდეგ პირობებს:

ა) აწარმოებს სეს ესნ 2402 20 კოდით გათვალისწინებულ საქონელს;

ბ) ფლობს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ „თამბაქოს წარმოების ლიცენზიას“;

გ) ირიცხება თამბაქოს მწარმოებელ პირთა რეესტრში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

2. ყოველწლიური კვოტა იყოფა 4 თანაბარ ლოტად.

3. თითოეული ლოტის ფარგლებში კვოტის გამოყოფის თაობაზე ლიცენზიის მფლობელი, ამ წესის დანართით გათვალისწინებული „სიგარეტის კვოტის გამოყოფის თაობაზე“ განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს:

 ა) I ლოტის ფარგლებში − არაუგვიანეს 20 დეკემბრისა;

 ბ) II ლოტის ფარგლებში − არაუგვიანეს 20 აპრილისა;

 გ) III ლოტის ფარგლებში − არაუგვიანეს 20 ივლისისა;

 დ) IV ლოტის ფარგლებში − არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადება უნდა მოიცავდეს:

ა) ლიცენზიის მფლობელის სარეგისტრაციო მონაცემებს (სახელი, გვარი/დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი);

ბ) მოთხოვნას, კვოტის გამოყოფის/გაზრდის თაობაზე;

გ) საქმიანობის (სიგარეტის წარმოება) მოკლე აღწერას;

დ) ინფორმაციას, განცხადების წარდგენის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის წინა სამი კალენდარული თვის მდგომარეობით − სეს ესნ 2402 20 კოდით გათვალისწინებული საქონლის აქციზით დასაბეგრი ოპერაციის მოცულობის (კოლოფი/შეფუთვა) შესახებ (გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს სსიპ − შემოსავლების სამსახურში არსებულ დეკლარირებულ მონაცემებთან;

ე) თამბაქოს წარმოების ლიცენზიის ნომერს/თარიღს.

5. ლიცენზიის მფლობელის მიერ წარდგენილ განცხადებაში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, მათ შორის, დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით, განმცხადებელს განუსაზღვროს ვადა არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ოდენობით.  

6. ხარვეზის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო  იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

7. ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში, ლოტის ფარგლებში კვოტის განაწილების თაობაზე  საგადასახადო ორგანოს უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

8. განაწილებული კვოტა ძალაშია განცხადების წარდგენის ვადის თვის პირველი რიცხვიდან, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული I ლოტის ფარგლებში გაცემული კვოტისა, რომელიც ძალაშია მომდევნო წლის 1 იანვრიდან.

9. კალენდარული წლის განმავლობაში ლიცენზიის მფლობელის მიერ აუთვისებელი კვოტა მის მიერ გასხვისებას არ ექვემდებარება.

10. თუ ლიცენზიის მფლობელმა, რომელზეც განაწილებულია კვოტა, კალენდარული წლის განმავლობაში შეწყვიტა სიგარეტის წარმოება, ვალდებულია, საქმიანობის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია აუთვისებელი კვოტის ოდენობის თაობაზე.

11.  ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფროსის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში  შედის შესაბამისი ცვლილება, წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.

 

მუხლი 3. კვოტის განსაზღვრა

1. ლოტის ფარგლებში გაუნაწილებელი კვოტისა და ამ წესის მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, აუთვისებელი კვოტის ფარგლებში, კვოტის ოდენობა განისაზღვრება მისი გამოყოფის თაობაზე, განცხადების წარდგენის ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის წინა 3 კალენდარული თვის ფარგლებში ლიცენზიის მფლობელის მიერ განხორციელებული, სეს ესნ 2402 20 კოდში მითითებული საქონლის აქციზით დასაბეგრი ოპერაციების მოცულობაში (კოლოფი/შეფუთვა) თითოეული ლიცენზიის მფლობელის მიერ განხორციელებული, სეს ესნ 2402 20 კოდით გათვალისწინებული საქონლის აქციზით დასაბეგრი ოპერაციების (კოლოფი/შეფუთვა) პროცენტული წილის პროპორციულად.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პროპორციის გათვალისწინება ხორციელდება, თუ განცხადებებით მოთხოვნილი კვოტების ჯამური მოცულობა აღემატება შესაბამისი გასანაწილებელი კვოტის მოცულობას.

3. თუ ლიცენზიის მფლობელი ლოტის განაწილების შემდეგ იწყებს სეს ესნ 2402 20 კოდში მითითებული საქონლის წარმოებას, საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, გაუნაწილებელი ლოტიდან გამოყოს კვოტა 300 000 კოლოფის/შეფუთვის ოდენობით.

4. თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ კვოტის ათვისება მოხდა შემდეგი ლოტის განაწილებამდე, ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, მიმდინარე კვოტის გაზრდის მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს მომდევნო ლოტიდან წილის მისაღებად, მაგრამ არაუმეტეს მიმდინარე ლოტის ფარგლებში მის მიერ მიღებული კვოტის ოდენობისა.

 

 მუხლი 4. აქციზური მარკები

1. აქციზური მარკები კვოტის მფლობელზე  გაიცემა კვარტალური კვოტისა და  ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კვოტის  გაზრდილი მოცულობის ფარგლებში.

2. აქციზური მარკების დანაკლისის შემთხვევაში, კვოტაზე დადგენილი აქციზის კვოტირებული განაკვეთი მხედველობაში არ მიიღება და აქციზური მარკების დანაკლისი დაიბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.

3. აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში დაუბრუნებელი აქციზური მარკები მიიჩნევა კვოტის ფარგლებში ქვეყნის შიგნით მიწოდებად.

 

                                                                                                                                       დანართი

 

საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი

 

დასახელება/სახელი, გვარი

 

მისამართი:

 

განცხადება
სიგარეტის კვოტის გამოყოფის თაობაზე

 

 

გთხოვთ,

     გამომიყოთ  კვოტა  ----- კოლოფის/შეფუთვის ოდენობით.

     გამიზარდოთ   ------   ლოტის კვოტა ----- კოლოფის/შეფუთვის ოდენობით

საქმიანობის მოკლე აღწერა:

 

სეს ესნ 2402 20 კოდით გათვალისწინებული საქონლის აქციზით დასაბეგრი ოპერაციის მოცულობა (კოლოფი/შეფუთვა) წინა

3 კალენდარული თვის განმავლობაში

 

თამბაქოს წარმოების ლიცენზიის ნომერი/თარიღი

 

 

ვადასტურებ, რომ განცხადების მონაცემები შეესაბამება სინამდვილეს, არის სწორი და სრული.


ლიცენზიის მფლობელის/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ....................

თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)................/…………/…………..