დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის №30/2021 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21/2026 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 16/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240000.15.008.016849 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 92-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის №30/2021 დადგენილების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 16/07/2021, 010240000.15.008.016557) პირველი მუხლით დამტკიცებული წესის მე-5 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად/ხელმძღვანელ პირად არ შეიძლება აირჩეს: ა) პირი, რომელსაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად/ხელმძღვანელ პირად წარდგენის დღისთვის 18 წელი არ შესრულებია; ბ) პირი, რომელსაც არ აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი, გარდა საარჩევნო კოდექსის 26-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო ხელმძღვანელ პირად, თუ არ აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატი, გარდა საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში; დ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში; ე) ნასამართლევი პირი; ვ) საქართველოს პარლამენტის წევრი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები; ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრი, მისი მოადგილე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა სხვა წევრები, მათი მოადგილეები; თ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრი, მუნიციპალიტეტის მერი, მისი მოადგილე, სახელმწიფო რწმუნებული; ი) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, მისი მოადგილე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, მისი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, მისი მოადგილე; კ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს დეპარტამენტის, სამმართველოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) ხელმძღვანელი; ლ) სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურე; მ) მოსამართლე, მისი თანაშემწე; ნ) პროკურატურის თანამშრომელი; ო) პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის პარტიის ხელმძღვანელი პირი; პ) პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი წარმომადგენელი; ჟ) დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი, დამკვირვებელი; რ) შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებული პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები