დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 21 აგვისტოს №32/2017 დადგენილებით დამტკიცებულ თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22/2026 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 16/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010210010.15.008.016850 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 92-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 21 აგვისტოს №32/2017 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 22/08/2017, 010210010.15.008.016346) დამტკიცებული თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქციის:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 172-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 151-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებული არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი უფლებამოსილია წარადგინოს მერობის კანდიდატი, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 172-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მერობის კანდიდატის წარდგენის მიზნით, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი მიმართავს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. გამონაკლისია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, რომლის საბუთებიც ცესკოს წარედგინება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და 92-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:“. 2. პირველი მუხლის: ა) მე-3 პუნქტის: ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) სქესი;“; ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);“; ა.გ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს; ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, უნდა ერთოდეს მერობის კანდიდატის ფოტოსურათი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა და მის მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი. განაცხადში მითითებული უნდა იყოს: ა) მერობის კანდიდატის თანხმობა ამ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარდგენით მერად კენჭისყრაზე; ბ) რომ მერობის კანდიდატი უპარტიოა; გ) მერობის კანდიდატის მიერ კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში ნებისმიერი პარტიის დატოვების შემთხვევაში − შესაბამისი პარტიიდან გასვლის ზუსტი თარიღი და პარტიის სახელწოდება; დ) მერობის კანდიდატის საქართველოში არანაკლებ 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი. 5. განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს. თუ დარღვეულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 151-ე მუხლის მე-4–მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხარვეზის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს. შესწორებული საბუთები არაუგვიანეს მე-3 დღისა უბრუნდება შესაბამის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გასატარებლად.“. 3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები მოწმდება და კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მონაცემების წარდგენიდან 3 დღის ვადაში.“. 4. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი;“; ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მერობის კანდიდატის ფოტოსურათი;“; ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 172-ე მუხლის მე-7–მე-9 პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი განცხადება და საბუთები არ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას ან დაკმაყოფილებული არ არის საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით განსაზღვრული სხვა პირობები, კერძოდ: ა) არასრულია ან არასწორია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ამ დადგენილებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ან/და გათვალისწინებული მონაცემები; ბ) ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მერობის კანდიდატის თანხმობა სხვა მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში, ან/და ნებისმიერი საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე; გ) დარღვეულია მერობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობის მოთხოვნები; დ) დარღვეულია საარჩევნო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ან/და 53-ე მუხლის მოთხოვნები; ე) მერობის კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული პარტიის წევრია; ვ) მერობის კანდიდატი არის პირი, რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება; ზ) საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“. 5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5 შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მერობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 29-ე დღისა.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები