№17 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ

№17 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1173
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 21/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.027.017656
1173
21/01/2026
ვებგვერდი, 22/01/2026
100020020.22.027.017656
№17 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №1173

2026 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

 

№17 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ

პენიტენციური კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის, 32-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს №17 პენიტენციური დაწესებულების თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №17 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №110 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია




№17 პენიტენციური დაწესებულების დებულება

 

თავი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) №17 პენიტენციური დაწესებულების (შემდგომ – დაწესებულება) სტრუქტურას, საქმიანობის წესს, ადგენს დაწესებულებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ამოცანებსა და ფუნქციებს, აწესრიგებს დაწესებულებაში სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

2. ეს დებულება სავალდებულოა შესასრულებლად დაწესებულების მოსამსახურეთათვის, დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულებისთვის და ყველა იმ პირისთვის, რომელიც შედის ან იმყოფება დაწესებულების ტერიტორიაზე.

3. ამ დებულების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, პენიტენციური კოდექსითა და ამ დებულებით დადგენილი წესით.

4. ეს დებულება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მსჯავრდებულისთვის დაწესებულებაში არსებული ბიბლიოთეკის მეშვეობით.

 

მუხლი 2. დაწესებულება

1. დაწესებულება არის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელიც დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნია, არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სამსახურის სისტემაში. დაწესებულება, მისთვის პენიტენციური კოდექსითა და ამ დებულებით განსაზღვრული ცალკეული ფუნქციების შესრულებისას, არის ადმინისტრაციული ორგანო.

2. დაწესებულების ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში სასჯელს იხდიან, როგორც წესი: პირი, რომელიც მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და რომლისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 10 წელს არ აღემატება; მსჯავრდებული, რომელიც პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესით გადმოყვანილია სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან.

3. დაწესებულების დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში სასჯელს იხდიან, როგორც წესი: პირი, რომელიც პირველად არის მსჯავრდებული განზრახი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და რომელსაც სასამართლომ დაუნიშნა 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა; განზრახი დანაშაულისთვის არაერთგზის ნასამართლევი პირი, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირი და ადრე ნასამართლევი პირი, რომლებსაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ დანიშნული; მსჯავრდებული, რომელიც პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესით გადმოყვანილია სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან.

4. დაწესებულებაში შეიძლება მოთავსდეს აგრეთვე სხვა მსჯავრდებული რისკის ფაქტორის გათვალისწინებით.

5. დაწესებულების ტერიტორია იყოფა ნახევრად ღია ტიპის და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილებად. დაწესებულებაში შესაბამისი ნაწილების კონკრეტულ ტერიტორიებად დაყოფას დაწესებულების დირექტორის წარდგინებით განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი.

 6. დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სასიგნალიზაციო სისტემით აღჭურვილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.

7. დაწესებულება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, პენიტენციური კოდექსით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

8. დაწესებულებას არ აქვს საკუთარი ქონება და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სამსახური. დაწესებულების დაფინანსება ხორციელდება სამსახურისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

9. დაწესებულებას აქვს საკუთარი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დაწესებულების სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით.

10. დაწესებულების მისამართია ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. №94.

 

მუხლი 3. დაწესებულების ამოცანები და ფუნქციები:

1. დაწესებულების ამოცანებია:

ა) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება;

ბ) დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

გ) მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შემცირების ხელშეწყობა;

დ) მსჯავრდებულის რეაბილიტაციის/რესოციალიზაციის და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

2. დაწესებულების ფუნქციებია:

ა) მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის მომზადება და ამ გეგმის შესაბამისად სასჯელის მოხდის ორგანიზება;

ბ) ინდივიდუალური გეგმის ფარგლებში მსჯავრდებულთათვის შრომის, განათლების ან/და სოციალურ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობის შექმნა;

გ) დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდისთვის შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა და მსჯავრდებულთა კვებით უზრუნველყოფა;

დ) დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების ორგანიზება;

ე) მსჯავრდებულის გარე სამყაროსთან კონტაქტის − პაემნების, სატელეფონო საუბრის, მიმოწერის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით სარგებლობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ვ) დაწესებულების ტერიტორიასა და მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების, დაწესებულების დღის განრიგისა (შემდგომ − დღის განრიგი) და სამართლებრივი რეჟიმის დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ზ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;

თ) მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმების ჩატარებისა და მკურნალობის ხელშეწყობა;

ი) დაწესებულებაში, უსაფრთხოების დაცვის, აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობების,მსჯავრდებულთა და მათი ნივთების, სპეციალური საკნისა და შიდა კლასიფიკაციის საკნის (შემდგომ − საკანი), აგრეთვე საერთო საცხოვრებლის შემოწმება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამსვლელი პირების შემოწმების ხელშეწყობა;

ლ) ამ დებულების მოთხოვნების შესაბამისად, დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დაწესებულების ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ან აკრძალვა, დაწესებულებაში გარეშე პირების შესვლის შეჩერება, მათ მიერ შესაბამისი ტერიტორიის დატოვების უზრუნველყოფა;

მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიებების გამოყენება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვა;

ო) პენიტენციური კოდექსით განსაზღვრული დისციპლინური სახდელისა სახეებისა და წახალისების ფორმების გამოყენება;

პ) დაწესებულებაში განთავსებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსჯავრდებულებზე და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვა, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ასაკის ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით;

ჟ) მსჯავრდებულთა პირადი საქმისა და მსჯავრდებულთა რეესტრის წარმოება, საჭიროების შემთხვევაში, მსჯავრდებულთა ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება;

რ) მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღებისას მისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღების უზრუნველყოფა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ს) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებით, აგრეთვე თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებით, წინადადებების შემუშავება და სამსახურის გენერალური დირექტორისთვის წარდგენა;

ტ) მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური მომსახურებითა და სხვადასხვა სოციალური აქტივობებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა, მსჯავრდებულთა შემთხვევის მართვის პროცესში ჩართულობა;

უ) დაწესებულებაში კულტურული, რელიგიური, სპორტული და სხვა სოციალური აქტივობების ორგანიზების ხელშეწყობა;

ფ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის/რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავების/განხორციელების მიზნით;

ქ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

თავი II

დაწესებულების მართვა და მისი საქმიანობის ორგანიზება

 

მუხლი 4. დაწესებულების მართვა

1. დაწესებულებას მართავს და ხელმძღვანელობს დაწესებულების დირექტორი, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრთან (შემდგომ – მინისტრი) შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის გენერალური დირექტორი.

2. დაწესებულების დირექტორი დაწესებულებას მართავს მისი მოადგილეებისა და დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების უფროსების, აგრეთვე ოპერატიული მორიგეებისა და მათი თანაშემწეების მეშვეობით.

3. დაწესებულების დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე.

4. დაწესებულების დირექტორის მოადგილეების საკურატორო სფეროებს, დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი სამსახურის გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით.

5. დაწესებულების სამორიგეო ცვლას ხელმძღვანელობს ოპერატიული მორიგე, რომელსაც სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში ხელს უწყობს ოპერატიული მორიგის თანაშემწე. ოპერატიული მორიგე უშუალოდ ექვემდებარება დაწესებულების დირექტორს. ოპერატიული მორიგის თანაშემწე უშუალოდ ექვემდებარება ოპერატიულ მორიგეს.

 

მუხლი 5. დაწესებულების დირექტორი

1. დაწესებულების დირექტორის უფლებამოსილებებია:

ა) დაწესებულების მართვა, დაწესებულების გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტა და დაწესებულების მოსამსახურეთა მიერ ფუნქციების შესრულებაზე ზედამხედველობა;

ბ) დაწესებულების წარმომადგენლობა და დაწესებულების წარმომადგენლობის უფლების მინიჭება;

გ) სამსახურის გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით, კურატორების სამოქმედო სფეროების განსაზღვრა;

დ) დაწესებულებაში მომზადებული დოკუმენტების ხელმოწერა/ვიზირება კომპეტენციის ფარგლებში;

ე) სამსახურის გენერალური დირექტორისთვის დაწესებულების მუშაობის ორგანიზების, ადამიანური რესურსის გამოყოფის, მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე წინადადებების წარდგენა;

ვ) სამსახურის გენერალური დირექტორისთვის დაწესებულების ფუნქციონირებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფის თაობაზე მოთხოვნის წარდგენა;

ზ) დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და მათ საქმიანობასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშების მოსმენა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა;

ი) მსჯავრდებულისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე განკარგულების, ხოლო წახალისების თაობაზე − ბრძანების გამოცემა;

კ) დეესკალაციის ოთახის, სამარტოო, შიდა კლასიფიკაციისა და მოსაცდელი საკნების განსაზღვრა;

ლ) მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფის/ჯგუფების შექმნა;

მ) მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის დამტკიცება;

ნ) დღის განრიგის დამტკიცება;

ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღება;

პ) მულტიდისციპლინური გუნდის/გუნდების შექმნა;

ჟ) განსაკუთრებული შემთხვევების განსაზღვრა, როდესაც შესაძლებელია ცვლაში მომუშავე მოსამსახურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა აღემატებოდეს 24 საათს;

რ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის ამ დებულებითა და სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. დაწესებულების დირექტორი პასუხისმგებელია დაწესებულების საქმიანობასა და დაწესებულებისთვის გამოყოფილ მატერიალური რესურსების ეფექტიან განკარგვაზე.

3. დაწესებულების დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.

 

მუხლი 6. დაწესებულების საქმიანობის ორგანიზება

1. დაწესებულების ამოცანების განხორციელების, ფუნქციების შესრულებისა და სამართლებრივი რეჟიმის სრულყოფილად ორგანიზების მიზნით იქმნება სტრუქტურული ერთეულები.

2. დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული განყოფილება;

ბ) უსაფრთხოების განყოფილება;

გ) სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება;

დ) სპეციალური აღრიცხვის განყოფილება.

3. დაწესებულების სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.

4. დაწესებულებაში საქმიანობას ახორციელებს დაწესებულების მოხელე, სამსახურის მოხელე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი (შემდგომ – მოსამსახურე).

5. დაწესებულების მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებითა და სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.

6. დაწესებულების მოსამსახურეთა შრომითი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

 

მუხლი 7. ადმინისტრაციული განყოფილება

ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კორესპონდენციის, მსჯავრდებულთა წერილების, მოთხოვნების, საჩივრების, წინადადებების და განცხადებების აღრიცხვა, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება;

ბ) საიდუმლო დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება და შენახვის კონტროლი;

გ) დაწესებულების საბუღალტრო-საფინანსო მომსახურების განხორციელება;

დ) დაუყოვნებლივ, ან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა, განხორციელებული საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობის შესახებ სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება, მათ შორის, საბუღალტრო-საფინანსო სფეროში დაწესებულების მიერ შექმნილი პირველადი დოკუმენტების სამსახურისთვის გადაგზავნა;

ე) საჭიროებისამებრ, არანაკლებ კვარტალში ერთხელ, სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს მიერ დაწესებულებაში გადაგზავნილი ანგარიშის (შესაბამისი ელექტრონული პროგრამიდან ექსპორტირებული მონაცემები – „რეპორტი“) შედარება და ხელმოწერით დადასტურება.

ვ) სასამართლოში დაწესებულების მხარედ (მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირი) ყოფნის შემთხვევაში, მოცემული გარემოების გამოვლენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს წერილობითი ფორმით ინფორმირება;

ზ) დაწესებულების საქმიანობიდან გამომდინარე, მოქალაქეებისთვის კონსულტაციის გაწევა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ი) დაწესებულების დირექტორისთვის განყოფილების საქმიანობის პერიოდული ანგარიშების წარდგენა;

კ) დაწესებულებისა და მსჯავრდებულთა მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) სამუშაო და ყოფითი პირობების ტექნიკური მოწყობის უზრუნველყოფა;

მ) დაწესებულების ელექტროენერგიით, ბუნებრივი აირითა და წყლით მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და დანახარჯების აღრიცხვა;

ნ) დაწესებულების საწყობში მიღებული ინვენტარის აღრიცხვა და მიღება-გაცემა;

ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 

მუხლი 8. უსაფრთხოების განყოფილება

1. უსაფრთხოების განყოფილების ფუნქციებია:

ა) მსჯავრდებულების, დაწესებულების მოსამსახურეების და დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ბ) დაწესებულებაში დანაშაულისა და სამართალდარღვევების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა;

გ) დაწესებულების საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების გამოყენების დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე კონტროლი;

დ) დაწესებულების ტერიტორიაზე დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებზე კონტროლი;

ე) სასჯელის მოხდის დადგენილი წესის დარღვევის თავიდან აცილება;

ვ) დაწესებულებიდან გაქცეულ მსჯავრდებულთა ძებნაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის, აკრძალული ნივთების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიაზე მყოფ მსჯავრდებულთა და მათი ნივთების ადგილსამყოფლის შემოწმება, აგრეთვე, აკრძალული ნივთების ამოღება, მიღების არხების გამოვლენა და აღკვეთის უზრუნველყოფა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამსვლელი პირების შემოწმების ხელშეწყობა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა ამანათების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიღება-გაგზავნის პროცესში მონაწილეობა დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;

კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება და შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათი დროულად მიღება-გაგზავნის ორგანიზება და შენახვის კონტროლი;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულების ტერიტორიაზე საკონტროლო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების ხელშეწყობა, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;

მ) სატრანსპორტო საშუალების დაწესებულების ტერიტორიაზე შესვლისას სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ზედამხედველობა და კონტროლი;

ნ) მსჯავრდებულისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარების კონტროლი;

ო) შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, დაწესებულებაში კრიმინალური სუბკულტურის მიმდევარ პირთა გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულთა დახასიათების მომზადება;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

რ)დაწესებულების ხელმძღვანელებისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა;

ს) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილება ვალდებულია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განხორციელებას, აგრეთვე მსჯავრდებულთა სხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებებში მონაწილეობას.

 

მუხლი 9. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება

1. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ფუნქციებია:

ა) მსჯავრდებულთა მიერ ამ დებულებისა და დღის განრიგის დაცვაზე ზედამხედველობა, ამ დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნებსა ან სხვა დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება;

ბ) მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოხდის პირობების, მათი უფლებების და მათ მიმართ დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესების, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესების, დისციპლინური და სხვა სახის მოთხოვნების განმარტება მათთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე; აგრეთვე მსჯავრდებულთა გაფრთხილება ამ დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე;

გ) მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში, დისციპლინური დარღვევის ოქმის შედგენა და დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული სხვა მასალების მომზადება, მსჯავრდებულთათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის აღსრულება;

დ) მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების ან წახალისების მიზნით, უფლებამოსილი თანამდებობის პირისთვის წინადადებების წარდგენა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულთან შეხვედრებისა და პაემნების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) დაწესებულების ტერიტორიაზე დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების კონტროლი;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა ამანათების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიღება-გაგზავნის პროცესში მონაწილეობა დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;

თ) მსჯავრდებულთა განთავსებისა და მსჯავრდებულთა სამუშაო ადგილებში მათ ქცევაზე ვიზუალური კონტროლის განხორციელება;

ი) მსჯავრდებულთა მიერ მოწყობილობების, სამუშაო ინსტრუმენტების, ელექტროენერგიის, ნედლეულისა და მასალების არადანიშნულებისამებრ ან ფარულად გამოყენების, აგრეთვე, სხვადასხვა ნაგებობის, მოწყობილობის, სათავსოს თვითნებურად აგების/გადაკეთების აღკვეთა;

კ) მსჯავრდებულთათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარების კონტროლი;

ლ) დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ ოპერატიული მორიგის სისტემატური ინფორმირება;

მ) დასაცავი ობიექტების, შესაბამისი ინვენტარის, ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების გამართულობის და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულების ტერიტორიაზე საკონტროლო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების ხელშეწყობა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამსვლელი პირების შემოწმების ხელშეწყობა;

პ) დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულთა გადაადგილების, მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური ტანსაცმლის/ფეხსაცმლის გამოყენების დაცვაზე კონტროლი;

ჟ) დაწესებულების მოსამსახურეთა და დაწესებულებაში მყოფ პირთა მიერ მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლი;

რ) დადგენილი წესის შესაბამისად, მსჯავრდებულთა რაოდენობრივი და ვიზუალური შემოწმება;

ს) საჭიროების არსებობისას, დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულთა ორგანიზებულად გადაადგილება;

ტ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას, მსჯავრდებულთა პირადი სრული და არასრული შემოწმების ჩატარება, საკნის/საერთო საცხოვრებლის, სხვა სივრცეების, სათავსოებისა და ეზოს შემოწმება-დათვალიერება, აკრძალული ნივთების ამოღება დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;

უ) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულის დახასიათების მომზადება;

ფ) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასებასა და პერიოდულ გადაფასებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობა;

ქ) კომპეტენციის ფარგლებში, შემთხვევის მართვის პროცესში ჩართულობა და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესით (შემთხვევის მართვის წესით)“ გათვალისწინებული შესაბამისი დანართების შევსება;

ღ) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ყ) დაწესებულების ხელმძღვანელებისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა;

შ) საგუშაგოებზე სამორიგეო ჯგუფების საქმიანობის კოორდინაცია;

ჩ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება ვალდებულია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განხორციელებას, აგრეთვე მსჯავრდებულთა სხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებებში მონაწილეობას.

 

მუხლი 10. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება

1. სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ფუნქციებია:

ა) მსჯავრდებულთა აღრიცხვა;

ბ) მსჯავრდებულთა პირადი საქმისა და მსჯავრდებულთა რეესტრის წარმოება;

გ) დაწესებულებიდან მსჯავრდებულთა ესკორტირების (დაწესებულებიდან გაყვანისას, გადაყვანისას და ექსტრადიციისას) დოკუმენტაციის მომზადება;

დ) მსჯავრდებულთა შეწყალების, მსჯავრდებულის გათავისუფლების დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ვ) დაწესებულების დირექტორისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულთა დახასიათების მომზადება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, შემთხვევის მართვის პროცესში ჩართულობა და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესით (შემთხვევის მართვის წესით)“ გათვალისწინებული შესაბამისი დანართების შევსება;

ი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე და 73-ე მუხლებით განსაზღვრული ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადების გამოთვლა და კონტროლი;

კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია, ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს მიაწოდოს ინფორმაცია განყოფილების საქმიანობის, მსჯავრდებულის გათავისუფლებისა და მისი პირადი საქმის წარმოების შესახებ.

3. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და გამოიყენოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები.

 

მუხლი 11. მულტიდისციპლინური გუნდი

1. დაწესებულებაში მსჯავრდებულის ინდივიდუალური გეგმის შედგენის, განხორციელების, კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების, მათ შორის, შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება/თავმოყრის მიზნით, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით იქმნება მულტიდისციპლინური გუნდი.

2. მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შედიან დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეები, სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურეები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების სხვა სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეებიც.

3. საჭიროებიდან გამომდინარე, დაწესებულებაში შესაძლებელია შეიქმნას რამდენიმე მულტიდისციპლინური გუნდი.

 

მუხლი 12. საექიმო-სამედიცინო პუნქტი

1. მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და მათთვის სათანადო სამედიცინო სერვისების მიწოდების მიზნით, დაწესებულებაში ფუნქციონირებს საექიმო-სამედიცინო პუნქტი, რომელიც სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულია და არ შედის დაწესებულების სტრუქტურაში. საექიმო-სამედიცინო პუნქტში საქმიანობას ახორციელებს სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის მოსამსახურე და მსჯავრდებულის მიერ მოწვეული სპეციალისტი.

2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ფუნქციაა მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე დაწესებულებაში სამედიცინო კონტროლისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 

თავი III

თავისუფლების აღკვეთის აღსრულება

 

მუხლი 13. დაწესებულებაში სასჯელის მოხდის ძირითადი პირობები

1. დაწესებულების ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მსჯავრდებულები განთავსებული არიან საერთო საცხოვრებელში, სადაც მათი ან სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე და ამ დებულების მოთხოვნათა დაცვის მიზნით, შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულებს უფლება აქვთ, დამოუკიდებლად, ამ დებულებით დადგენილი წესით, გადაადგილდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე, გარდა ღამის საათებისა.

2. დაწესებულების დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც მათი ან სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე და ამ დებულების მოთხოვნათა დაცვის მიზნით, შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. დაწესებულებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXVI (სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ დანაშაული), XXVII (ფულად-საკრედიტო სისტემაში დანაშაული), XXVIII (საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაული), XXIX (სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ დანაშაული), XXXV (კიბერდანაშაული) და XXXIX (სამოხელეო დანაშაული) თავებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული, როგორც წესი, განთავსებულია სხვა მსჯავრდებულისგან განცალკევებით.

4. დაწესებულებაში არამწეველი მსჯავრდებული, როგორც წესი, განთავსებულია თამბაქოს მომხმარებელი მსჯავრდებულისგან განცალკევებით.

 

მუხლი 14. მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღება და განთავსება

1. დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიღება ხდება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მხოლოდ დინამიკური უსაფრთხოების პრინციპების შესაბამისად. მსჯავრდებულის მიღებას ერთობლივად ახორციელებენ ოპერატიული მორიგე და დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის, სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეები.

2. მსჯავრდებულის დაწესებულებაში მოთავსებისთვის აუცილებელია:

ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;

ბ) მსჯავრდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით;

გ) ნახევრად ღია/დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის მოთავსების/გადაყვანის თაობაზე სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანება;

დ) მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების გუნდის გადაწყვეტილება მსჯავრდებულისთვის საშიშროების მომეტებული რისკის განსაზღვრის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მის საფუძველზე გამოცემული სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანება მსჯავრდებულის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე;

ე) დაკავების ოქმი, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა;

ვ) პენიტენციური კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღებისას დაწესებულება უზრუნველყოფს მისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღებას „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. მსჯავრდებულის ბიოლოგიური ნიმუში მისი გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, აღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესი არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომლის გენეტიკური პროფილი რეგისტრირებულია დნმ-ის მონაცემთა ბაზაში.

6. მსჯავრდებულის დაწესებულებაში განთავსება ხდება დაწესებულების დირექტორის მიერ.

7. მსჯავრდებულის დაწესებულებაში მოყვანის ფაქტს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურე ატყობინებს ოპერატიულ მორიგეს, რომელიც თავის მხრივ ატყობინებს დაწესებულების დირექტორს (მისი არყოფნის შემთხვევაში – დაწესებულების დირექტორის მოადგილეს), დაწესებულების მთავარ ექიმს (მისი არყოფნის შემთხვევაში − მორიგე ექიმს), დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსს (მისი არყოფნის შემთხვევაში − ამავე განყოფილების მორიგე მოსამსახურეს), დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსს (მისი არყოფნის შემთხვევაში − ამავე განყოფილების მორიგე მოსამსახურეს) და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს (მისი არყოფნის შემთხვევაში − მორიგე მოსამსახურეს).

8. ოპერატიული მორიგის ნებართვით, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ მსჯავრდებულთა ესკორტირებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების შეშვებას სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისთვის გამოყოფილ კარიბჭეთაშორის სივრცეში.

9. დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურე, ოპერატიულ მორიგესთან ერთად, ახდენს მსჯავრდებულის იდენტიფიცირებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების, პირადი საქმისა და მასზე დართული მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმისა და ბრალდებულთა რეესტრის/მსჯავრდებულთა რეესტრის წარმოების წესით“ გათვალისწინებული ცნობის მიხედვით, გამოჰკითხავს მსჯავრდებულს და ადარებს მის პასუხებს პირად საქმესა და ცნობაში მითითებულ მონაცემებთან.

10. თუ მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეა და მას დაწესებულებაში მიღებისას არ აქვს პირადობის ელექტრონული მოწმობა, ხოლო მისი იდენტიფიცირება ხდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ფოტოსურათიანი სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე ვალდებულია, ამის შესახებ შეადგინოს ოქმი, რომელიც მიეწოდება დაწესებულების დირექტორს. დაწესებულების დირექტორი მიმართავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მსჯავრდებულისთვის 10 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონული პირადობის მოწმობის უფასოდ დამზადების მოთხოვნით.

11. მსჯავრდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ინახება მის პირად საქმეში.

12. იდენტიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ, ოპერატიული მორიგე მსჯავრდებულის მიღების თაობაზე ხელს აწერს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმისა და ბრალდებულთა რეესტრის/მსჯავრდებულთა რეესტრის წარმოების წესით“ გათვალისწინებულ მსჯავრდებულის გამყოლ ფურცელზე და იტოვებს დაწესებულებისთვის განკუთვნილ ეგზემპლარს.

13. დაწესებულებაში მოთავსებული ყველა მსჯავრდებულის სახელი და გვარი ოპერატიულ მორიგეს შეაქვს სადღეღამისო უწყისში, რომელიც ბარდება დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებას.

14. იდენტიფიცირების განხორციელების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მსჯავრდებულები განთავსდებიან მოსაცდელ საკანში კუთვნილი ნივთების გარეშე, საიდანაც ხდება მათი სათითაოდ გამოყვანა შიდა კლასიფიკაციის საკანში, პირადი სრული შემოწმებისა და კუთვნილი ნივთების შემოწმების მიზნით.

15. მსჯავრდებულის და მისი ნივთების შემოწმებას ორგანიზებას უწევს ოპერატიული მორიგე, ხოლო შემოწმებას ახორციელებენ სამორიგეო ცვლაში ამ მიზნით გამოყოფილი მოსამსახურეები. შემოწმება შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეების მიერ.

16. მსჯავრდებულის და მისი ნივთების შემოწმება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.

17. მსჯავრდებულის პირადი საქმე „მსჯავრდებულის გამყოლ ფურცელთან“ და „პირადი საქმის მიხედვით ცნობასთან“ ერთად გადაეცემა სპეციალური აღრიცხვის განყოფილებას. „პირადი საქმის მიხედვით ცნობა“ ინახება პირად საქმეში.

18. იმ ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა ეკრძალება მსჯავრდებულს და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას (დანართი №1), მსჯავრდებულს ჩამოერთმევა დადგენილი წესით, დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ხოლო ის ნივთები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული იმ პირველადი მოხმარების საგნების, კვების პროდუქტების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში, რომელთა ამანათის სახით მიღებისა და დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეძენის (მათ შორის, კვების პროდუქტები), შენახვისა და კანონიერად გამოყენების უფლება აქვს მსჯავრდებულს (დანართი №2 და №3) და არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, მსჯავრდებულს ჩამოერთმევა დადგენილი წესით და გადაეცემა შესანახად დაწესებულებას ან მსჯავრდებულის ნებართვით პენიტენციური კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ პირებს, რის თაობაზეც დგება შესაბამისი აქტი და გაეცნობა მსჯავრდებულს, რომელსაც იგი ადასტურებს ხელმოწერით.

19. მსჯავრდებულისა და მისი კუთვნილი ნივთების შემოწმების შემდგომ, მსჯავრდებულმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რომელსაც ახორციელებს დაწესებულების ექიმი. სამედიცინო შემოწმების დროს ხდება მსჯავრდებულის გარეგნული დათვალიერება და დადგენილი წესით ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის შევსება. გარეგნული დათვალიერების შესახებ ექიმის მიერ დგება შესაბამისი ცნობა, რომელიც მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათში ინახება. მსჯავრდებულის სხეულზე დეფორმაციის, ნაწიბურის და ნანემსარის, აგრეთვე მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში, ხდება მათი სრულყოფილი აღწერა, რისთვისაც პასუხისმგებელია დაწესებულების შესაბამისი ექიმი. მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში დაწესებულების ექიმი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. შეტყობინება ხორციელდება ტელეფონით, ხოლო პირველივე შესაძლებლობისთანავე – ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მეშვეობით, რის თაობაზეც აგრეთვე ეცნობება მსჯავრდებულს.

 20. თუ ამ მუხლის მე-19 პუნქტით დადგენილი წესით მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამედიცინო პერსონალი შეამჩნევს მას რაიმე ფიზიკურ დაზიანებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღნიშნული პაციენტის მიმართ შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის განხორციელების ეჭვს აღუძრავდა, მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმება ხორციელდება მისი თანხმობის არსებობის გარეშეც. დაწესებულებაში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად მსჯავრდებულის დაზიანების აღრიცხვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით „პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“.

21. თუ დაწესებულებაში მიღებისას მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ მას ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, მას დაუყოვნებლივ გაეწევა სამედიცინო მომსახურება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობისას, განცალკევებით თავსდებიან არამართვადი ინფექციური დაავადების მქონე პირები. ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული პირის დაწესებულებიდან გადაყვანა ხდება დაუყოვნებლივ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეპიდზედამხედველობის ქვეშ, იზოლირებულად. ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული მსჯავრდებული დაწესებულებიდან გადაყვანამდე თავსდება განცალკევებით, რის თაობაზეც, სამედიცინო პერსონალის მიმართვის საფუძველზე, დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას.

22. დაწესებულებაში მიღებისას, მსჯავრდებული, რომელსაც დაწესებულების ექიმის დასკვნით ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა და რომლის უზრუნველყოფა შეუძლებელია დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, არ განთავსდება დაწესებულებაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ გადამისამართდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

23. მსჯავრდებულს, დაწესებულებაში მიღებისას, სამედიცინო პერსონალის მიერ უტარდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგი, რომლის შედეგად გამოკვეთილი საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალი ვალდებულია მსჯავრდებული წერილობითი შეტყობინებით გადაამისამართოს ფსიქოლოგთან სუიციდის რისკის შეფასების მიზნით.

24. ამ მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ფსიქოლოგი ვალდებულია შეხვდეს მსჯავრდებულს სუიციდის რისკის შეფასების მიზნით.

25. შემოწმებისა/დათვალიერებისა და სამედიცინო შემოწმების შედეგად თუ სახეზე არ არის ამ მუხლის 21-ე და 22-ე პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, მსჯავრდებული, მისი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით გონივრული ვადით განთავსდება შიდა კლასიფიკაციის საკანში, რომელშიც მოხდება მასზე დაკვირვება შესაბამის საერთო საცხოვრებელში/სპეციალურ საკანში განაწილების მიზნით.

26. შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებამდე ხდება მსჯავრდებულის დაბანა/გასუფთავება. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ შიდა კლასიფიკაციის საკნის მომზადებას/დათვალიერებას მსჯავრდებულის განთავსებამდე.

27. შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებისას სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურე ან მისი არყოფნის შემთხვევაში − დაწესებულების სხვა მოსამსახურე, მსჯავრდებულს წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე გააცნობს სასჯელის მოხდის პირობებს, საერთო საცხოვრებელში/სპეციალურ საკანში განაწილების წესებს, მის უფლებებს და მოვალეობებს, მის მიმართ მოსამსახურეთა მოპყრობის წესებს, მის მიერ ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესებს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და სახეებს, დისციპლინური სამართალწარმოების წესებს, აგრეთვე მის მიმართ წაყენებულ სხვა მოთხოვნებს, რომელთა გაცნობასაც მსჯავრდებული ადასტურებს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმს ხელს აწერს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − დაწესებულების სხვა მოსამსახურე.

28. წერა-კითხვის არმცოდნე მსჯავრდებულს ამ მუხლის 27-ე პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ზეპირი ფორმით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს – საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობით, რის შესახებაც უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს მსჯავრდებული. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

29. დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აცნობოს განაჩენის გამომტან სასამართლოსა და მსჯავრდებულის ახლო ნათესავს, აგრეთვე მსჯავრდებულის თხოვნით – სხვა პირს ან/და მსჯავრდებულის ადვოკატს. გაგზავნილ უწყებაში მიეთითება დაწესებულების საფოსტო მისამართი, იმ პირველადი მოხმარების საგნების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც მსჯავრდებულებს შეუძლიათ ამანათით, აგრეთვე მიმოწერის წესის, ფულადი გზავნილების გაგზავნა-მიღების, შეხვედრებისა და სატელეფონო საუბრის წესის თაობაზე.

30. უცხო ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღების შესახებ შეტყობინება იგზავნება შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში. თუ მსჯავრდებულის მოქალაქეობის სახელმწიფოს საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო დაწესებულება არ აქვს, შეტყობინება იგზავნება იმ სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულოში, რომელსაც მინდობილი აქვს მსჯავრდებულის მოქალაქეობის სახელმწიფოს წარმომადგენლობის ფუნქცია.

31. დაწესებულებაში მიღებული მსჯავრდებული სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ აღირიცხება მსჯავრდებულთა რეესტრში.

32. ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ, გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის საერთო საცხოვრებელში/სპეციალურ საკანში განაწილების თაობაზე იღებს დაწესებულების დირექტორი, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეების მიერ მსჯავრდებულთა თავსებადობის საკითხის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე.

33. დაწესებულებაში, როგორც წესი, განცალკევებით თავსდებიან:

ა) პირველად მსჯავრდებული პირები;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე დაზარალებულად ცნობილი პირები;

გ) პირებს, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მათი წარსული სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, შეიძლება საფრთხე შეექმნას;

დ) განსაკუთრებით საშიში პირები, რომელთა პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასა და გარშემომყოფთ.

 

მუხლი 15. დღის განრიგი

1. დაწესებულებაში დგება მკაცრად რეგლამენტირებული დღის განრიგი მსჯავრდებულთა სხვადასხვა ჯგუფთან მუშაობის თავისებურებების, ადგილობრივი პირობების, ინდივიდუალური გეგმის, წელიწადის დროის და სხვა კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.

2. დღის განრიგი მოიცავს მსჯავრდებულის ადგომის, დაძინების, პირადი ჰიგიენის, ფიზიკური ვარჯიშის, კვების, სამუშაოს, განათლების, სოციალურ და საკნის გარე აქტივობებში, სპორტულ, კულტურულ, რელიგიურ ღონისძიებებში, აგრეთვე მსჯავრდებულთათვის სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობის დროს. გაითვალისწინება მსჯავრდებულთა უწყვეტი რვასაათიანი ძილისა და მათთვის პირადი თავისუფალი დროის გამოყოფის აუცილებლობა.

3. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეების მიერ კვირაში არანაკლებ ერთხელ ტარდება ყველა მსჯავრდებულის დათვალიერება, რომლის დროსაც მოწმდება მათი გარეგანი სახე, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მდგომარეობა.

4. დღის განრიგს ამტკიცებს დაწესებულების დირექტორი.

 

მუხლი 16. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდება

1. უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე მსჯავრდებულს (გარდა განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, აგრეთვე ოჯახური დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირისა) დაწესებულებაში მოთავსებისთანავე, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, დაწესებულების უფლებამოსილი პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, აწვდის ინფორმაციას:

ა) სასჯელის მოხდის შემდეგ ან სასჯელის მოხდისგან ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლების შემდეგ საქართველოდან მისი შესაძლო გაძევების შესახებ;

ბ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებისა და ამ უფლების რეალიზების ვადის შესახებ;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში 5 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, აგრეთვე ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ.

2. დაწესებულებაში მოთავსებული შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე  მსჯავრდებულისთვის საქართველოდან მისი შესაძლო გაძევების, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის განმარტების წესი და ფორმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და  დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესი განისაზღვრება „პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის განმარტების წესისა და ფორმის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის  ერთობლივი ბრძანებით.

 

მუხლი 17. დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულთა გადაადგილება

1. დაწესებულების ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში, დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან თავისუფალ დროს, მსჯავრდებულს შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილდეს ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ იზოლირებულ ტერიტორიაზე.

2. დაწესებულების დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში, მსჯავრდებული დღე-ღამის განმავლობაში იმყოფება სპეციალურ საკანში, გარდა ამ დებულებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

3. დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან თავისუფალ დროს დაწესებულების დირექტორის თანხმობითა და დაწესებულების მოსამსახურის ზედამხედველობით, მსჯავრდებული შეიძლება გადაადგილდეს დაწესებულების ტერიტორიის სხვა ნაწილებში.

4. ღამის საათებში მსჯავრდებულის გადაადგილება თავისი საცხოვრებლის (საერთო საცხოვრებელი/საკანი) ფარგლებს გარეთ აკრძალულია, გარდა განსაკუთრებულ შემთხვევებში (მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის თანხლებით. ღამის საათები განისაზღვრება დაწესებულების დღის განრიგით.

5. მსჯავრდებულთა ჯგუფების გადაადგილება დაწესებულების ტერიტორიაზე ხორციელდება მწყობრად, დაწესებულების მოსამსახურის წარმართვით.

6. მსჯავრდებულის გადაადგილების დროს დაწესებულების შესაბამის თანამშრომელს უფლება აქვს უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოსთხოვოს მას ხელების ზურგს უკან დაწყობა.

7. სამარტოო საკანში განთავსებული პირის სამარტოო საკანს გარეთ გადაადგილება ხორციელდება მხოლოდ დაწესებულების მოსამსახურის თანდასწრებით.

8. დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა პროცედურების (შემოწმება, სამუშაოზე გასვლა, პაემანი ან სხვა შეხვედრა, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა და სხვა) გავლის დროს, მსჯავრდებული ვალდებულია დაიცვას წესრიგი, დაემორჩილოს მოსამსახურის კანონიერ მოთხოვნას.

9. დაწესებულების დღის განრიგით განსაზღვრულ კვების დროს ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში არსებული საერთო საცხოვრებლები იკეტება.

 

მუხლი 18. მსჯავრდებულთა ადგილზე ყოფნის შემოწმება

1. დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ადგილზე ყოფნის შემოწმება ხდება ყოველდღიურად, დილით და საღამოს, დღის განრიგით განსაზღვრულ საათებში. საჭიროების შემთხვევაში, არაგეგმური შემოწმება შეიძლება ჩატარდეს დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

2. მსჯავრდებულთა ადგილზე ყოფნის შემოწმება ტარდება მსჯავრდებულთა დათვლისა და სიის ამოკითხვის გზით. შემოწმების დროს მსჯავრდებული მოწესრიგებულ მდგომარეობაში გამოდის საკნიდან/საერთო საცხოვრებლიდან და შემოწმებისა და სიის ამოკითხვის შემდეგ ბრუნდება უკან.

 

მუხლი 19. მსჯავრდებულის, მისი ნივთებისა და მოთავსების ადგილის შემოწმება

1. ამ დებულების დაცვის, პენიტენციური სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის ან/და სამართალდარღვევის თავიდან აცილების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, აგრეთვე სხვა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნით, დასაშვებია მსჯავრდებულის პირადი შემოწმება, აგრეთვე მისი მოთავსების ადგილისა და მისი ნივთების შემოწმება, რა დროსაც საკნიდან/საერთო საცხოვრებლიდან გამოდის ყველა მსჯავრდებული, რომელთაგან ერთ-ერთი, პირადი შემოწმების შემდეგ, ბრუნდება საერთო საცხოვრებელში/საკანში და ესწრება მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმებას/დათვალიერებას.

2. მსჯავრდებულის პირადი შემოწმება, აგრეთვე მისი მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმება ხდება საგულდაგულოდ აკრძალული ნივთების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, აგრეთვე, იმ ნივთების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, რომლებიც არ ეკუთვნის მსჯავრდებულს. მსჯავრდებულის შემოწმება არ შეიძლება განხორციელდეს დამამცირებელი ან ღირსების შემლახავი ფორმით.

3. შენახვისა და გამოყენებისთვის აკრძალულ ნივთს განეკუთვნება ის ნივთები, ნივთიერებები და კვების პროდუქტები, რომლებიც:

ა) წარმოადგენენ საფრთხეს სიცოცხლისთვის ან/და ჯანმრთელობისთვის;

ბ) შეიძლება გამოყენებულ იქნეს დანაშაულის ჩადენის იარაღად ან სასჯელის მოხდის მიზნის საწინააღმდეგოდ;

გ) გათვალისწინებულია ამ დებულების №1 დანართით განსაზღვრული იმ ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების ჩამონათვალში, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა ეკრძალება მსჯავრდებულს და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

დ) არ არის გათვალისწინებული ამ დებულებით განსაზღვრული (დანართები: №2 და №3) იმ პირველადი მოხმარების საგნების, კვების პროდუქტების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში, რომლებიც მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს, კანონიერად გამოიყენოს ან შეიძინოს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში;

ე) აჭარბებენ კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ფეხსაცმლის, ტანსაცმლის სხვა ნივთებისა და იმ დოკუმენტთა ოდენობას, რომელიც დადგენილია ამ დებულების №1 დანართის მე-14 პუნქტითა და №2 დანართით.

4. მსჯავრდებულის პირადი შემოწმება შეიძლება იყოს არასრული და სრული.

5. მსჯავრდებულის პირადი შემოწმება ხორციელდება დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების იმავე სქესის უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ. დაუშვებელია ამ პროცესს ესწრებოდეს სხვა სქესის პირი.

6. მსჯავრდებულის პირადი არასრული შემოწმება ტარდება:

ა) მსჯავრდებულის ფოტოდაქტილოსკოპთან, ექიმთან, გამომძიებელთან წარდგენამდე და წარდგენის შემდეგ;

ბ) ახლო ნათესავებთან ან სხვა პირებთან შეხვედრამდე და მის შემდეგ;

გ) სხვა საერთო საცხოვრებელში/საკანში გადაყვანისას;

დ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანისას;

ე) აბაზანაში გაყვანისას;

ვ) დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერებისას;

ზ) სხვა შემთხვევებში დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.

7. პირადი არასრული შემოწმებისას ხდება მსჯავრდებულის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოწმება/დათვალიერება მისი გახდის გარეშე.

8. მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება:

ა) დაწესებულებაში მიღებისას;

ბ) დაწესებულებიდან გაგზავნისას;

გ) სამარტოო საკანში მოთავსებისას;

დ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დაწესებულების დროებით დატოვებისას/დაბრუნებისას;

ე) დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლისას/დაბრუნებისას;

ვ) ხანგრძლივი პაემნის დაწყებამდე და დასრულების შემდგომ;

ზ) აბაზანაში გაყვანისას (მხოლოდ იმ მსჯავრდებულის, რომელიც ჩართულია მსჯავრდებულის სუიციდის პრევენციის პროგრამაში);

თ) სხვა შემთხვევებში დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე პირადი სრული შემოწმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტურია. გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მიზნის პროპორციული. შესაბამისი ბრძანების გამოცემიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, დაწესებულების დირექტორი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობოს სამსახურის გენერალურ დირექტორს.

10. მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება სკანერის გამოყენებით (შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში) ან ამ მუხლის მე-12−მე-15 პუნქტებით დადგენილი წესით. შემოწმების საშუალებას ირჩევს მსჯავრდებული. შემოწმების ჩატარების წინ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე მსჯავრდებულს შესთავაზებს აირჩიოს შემოწმების მისაღები საშუალება. მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება სკანერის გამოყენებით ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ხორციელდება.

11. მსჯავრდებული ამ მუხლის მე-12−მე-15 პუნქტებით დადგენილი წესით შემოწმებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) იგი უარს განაცხადებს სკანერით შემოწმებაზე;

ბ) სკანერით შემოწმებამ დაადასტურა მსჯავრდებულის მიერ აკრძალული ნივთის ფლობა;

გ) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მსჯავრდებულს თან აქვს ისეთი აკრძალული ნივთი, რომლის გარჩევა გართულებულია ან/და სკანერით ფიქსირდება ჩრდილის სახით, – დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით;

დ) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მსჯავრდებულს სხეულზე აქვს ისეთი ნიშანი/წარწერა, რომელიც შესაძლოა იყოს დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის ხერხი/საშუალება, – დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით;

ე) არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სკანერით შემოწმებისთვის.

12. მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას ხდება მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. პირადი სრული შემოწმებისას მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება სამედიცინო პერსონალთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. პირადი სრული შემოწმებისას დაუშვებელია მსჯავრდებულის სრული გაშიშვლება.

13. პირადი სრული შემოწმებისას მოწმდება ფეხისა და ხელის თითებს შორის ადგილები, ტერფის გულები, ხელის მტევანი ორივე მხრიდან, კანის საფარი, ყურის ნიჟარები, იღლიები, პირის ღრუ, ცხვირის ნესტოები და სხვა ადგილები, ივარცხნება თმა თავზე. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შემოწმებისას საეჭვო ადგილები იჩხვლიტება სადგისით. ჯიბეები, ტანსაცმლის სახელოები, შარვლები, საცვლები, წინდები უკუღმა ბრუნდება. ფეხსაცმელი ექვემდებარება გულდასმით დათვალიერებას შიდა და გარე მხრიდან. დეტალურად უნდა იქნეს დათვალიერებული მსჯავრდებულის თამბაქოს ნაწარმი, მუნდშტუკი და სხვა საგნები.

14. მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას შინაგან შემოწმებას ატარებს სამედიცინო პერსონალი, სამედიცინო ეთიკის ნორმების დაცვით. შინაგანი შემოწმება ტარდება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, პირის სხეულში აკრძალული ნივთის არსებობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობისას. შინაგანი შემოწმება ტარდება იზოლირებულ ოთახში. დაუშვებელია შინაგანი შემოწმების პროცესზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გამონაკლის შემთხვევაში, როცა უსაფრთხოების დაცვის ან/და სხვა კანონიერი ინტერესები ამას მოითხოვს, იმ ადგილის ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი, სადაც ხდება მსჯავრდებულის შინაგანი შემოწმება, შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ იმგვარად, რომ ვიდეოკამერის ხედვის არეში არ მოექცეს შესამოწმებელი პირის სხეული. თუ ამგვარი რამ ტექნიკურად შეუძლებელია, შინაგანი შემოწმება უნდა განხორციელდეს სპეციალური ტიხრის (შირმის) მიღმა.

15. ამ მუხლის მე-12−მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული პირადი სრული შემოწმება მიმდინარეობს იზოლირებულ ოთახში, გარეშე პირთა დაუსწრებლად. დაუშვებელია პირად სრულ შემოწმებაზე ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით დაკვირვება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.

16. პირადი შემოწმების შემდეგ მსჯავრდებულს დარჩება მხოლოდ ამ დებულებით დადგენილი ნებადართული პირველადი მოხმარების საგნები, კვების პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, სხვა ნივთები და საგნები. მსჯავრდებულისთვის დატოვებული პირადი ნივთები აღირიცხება საკნის ბარათში.

17. მსჯავრდებულის ნივთები მოწმდება:

ა) დაწესებულებაში მიღებისას;

ბ) დაწესებულებიდან სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას;

გ) სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანისას;

დ) სხვა საერთო საცხოვრებელში/საკანში გადაყვანისას;

ე) სამარტოო საკანში გადაყვანისას;

ვ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანისას;

ზ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.

18. ამ მუხლის მე-17 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის ნივთები შეიძლება შემოწმდეს მსჯავრდებულის დასწრების გარეშე. სხვა შემთხვევაში, მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება ხდება მსჯავრდებულის თანდასწრებით.

19. მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის შემოწმება ტარდება დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.

20. მსჯავრდებულის პირადი შემოწმების, მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის ან ნივთების შემოწმების თაობაზე დგება ოქმი, რომელშიც აისახება ინფორმაცია ამოღებული ნივთების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების თაობაზე, აგრეთვე ინფორმაცია, თუ რა გარემოების საფუძველზე ხდება შემოწმება. მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმების, მისი მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმების ერთდროული წარმოებისას დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერს მსჯავრდებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება ხდება მსჯავრდებულის დასწრების გარეშე, და დაწესებულების მოსამსახურეები, რომლებმაც ჩაატარეს შემოწმება. მსჯავრდებულის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში შენიშვნის სახით კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. მსჯავრდებულის უარი შემოწმებაზე და მისი ყველა პრეტენზია აისახება ოქმში. ოქმი დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს. მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმების, მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის ან ნივთების შემოწმების თაობაზე კეთდება აღნიშვნა მსჯავრდებულის საერთო საცხოვრებლის/საკნის ბარათში, თარიღისა და შემოწმების ჩამტარებელი პირის/პირების ვინაობისა და თანამდებობის მითითებით.

21. შემოწმების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტექნიკური საშუალებები, მათ შორის, ხელის მეტალმძებნი. რენტგენის აპარატურის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ტანსაცმლისა და ნივთების შემოწმებისას.

 

მუხლი 20. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერება

1. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერება ხორციელდება თვეში არანაკლებ ორჯერ, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში − დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით არსებული ვითარებიდან გამომდინარე.

2. ცალკეული სათავსო და ტერიტორია შეიძლება დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეებმა ერთობლივად დაათვალიერონ.

3. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერების ჩატარება უნდა იყოს მოულოდნელი და მისი მზადება უნდა მიმდინარეობდეს ფარულად.

4. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერებაში შეიძლება ჩართულ იქნეს სამორიგეო ცვლის შემადგენლობა.

5. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების არაგეგმური დათვალიერება განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის მიერ ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე.

6. დათვალიერების ჩატარებისას, დაწესებულებაში მსჯავრდებულები შეგროვდებიან ამისთვის წინასწარ გათვალისწინებულ ადგილას, რომელიც წინასწარ მოწმდება და ტარდება მსჯავრდებულთა პირადი არასრული შემოწმება. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერების დროს ტერიტორიაზე მსჯავრდებულების გადაადგილება დაუშვებელია.

7. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერების დროს შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა ტექნიკური საშუალება.

 

მუხლი 21. აკრძალული ნივთების ამოღება

1. მსჯავრდებულებისგან აკრძალული ნივთების ამოღების უფლება აქვთ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეებს.

2. ამ დებულების №1 დანართით გათვალისწინებული იმ ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების ამოღების შემთხვევაში, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა ეკრძალება მსჯავრდებულს და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

3. მსჯავრდებულის პირადი შემოწმებისას, აგრეთვე მსჯავრდებულის მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმებისას ამოღებული აკრძალული ნივთები, რომელთა შენახვა და გამოყენება არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, შესანახად გადაეცემა დაწესებულებას ან მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით – მის ახლო ნათესავს.

4. დაწესებულებისთვის შესანახად გადაცემული ნივთები მსჯავრდებულის გათავისუფლებამდე ინახება დაწესებულების საწყობში და მსჯავრდებულს მიეცემა შესაბამისი ქვითარი, ხოლო ამოღებული ნივთების მსჯავრდებულის ახლო ნათესავისთვის გადაცემის შემთხვევაში, ამოღების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ოქმის შემდგენი მოსამსახურე და მსჯავრდებულის ახლო ნათესავი.

5. ამოღებული მალფუჭებადი კვების პროდუქტები ნადგურდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი.

6. თუ დაწესებულებაში შენახული ნივთები მსჯავრდებულს დასჭირდება, ისინი შეიძლება მსჯავრდებულს დაუბრუნდეს ან მისი წერილობითი თანხმობით გადაეცეს მსჯავრდებულის ახლო ნათესავს, თუ ამით არ დაირღვევა ამ დებულების მოთხოვნები. შენახული ნივთების გადაცემის თაობაზე დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი მოსამსახურე და მსჯავრდებულის ახლო ნათესავი.

7. მსჯავრდებულს უფლება აქვს სამსახურის გენერალური დირექტორის ნებართვითა და დაწესებულების უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების მოსამსახურეების კონტროლით შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში იყენებდეს ამ დებულების №1 დანართით გათვალისწინებულ აკრძალულ ნივთს.

8. დაწესებულების ტერიტორიაზე აღმოჩენილი ფულის, აგრეთვე სხვა ფასეულობების თაობაზე, რომელთა კუთვნილების დადგენა შეუძლებელია, დაწესებულება დაუყოვნებლივ აცნობებს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

 

მუხლი 22. უსაფრთხოების ღონისძიებები

1. მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, სხვისი და ქონების დაზიანების თავიდან ასაცილებლად, დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღსაკვეთად, მსჯავრდებულის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღსაკვეთად უფლებამოსილი პირის დასაბუთებული გადაწყვეტილებით მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი უსაფრთხოების ღონისძიებები:

ა) სპეციალური საშუალებების გამოყენება

ბ) სხვა მსჯავრდებულთაგან განცალკევება;

გ) დროებით სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა;

დ) არაუმეტეს 24 საათით სამარტოო საკანში მოთავსება;

ე) დროებითი საგუშაგოს ან დამატებითი საგუშაგოს მოწყობა;

ვ) დეესკალაციის ოთახში გადაყვანა.

2. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელება წყდება დაუყოვნებლივ, იმ საფრთხის აღმოფხვრისთანავე, რომლის აღსაკვეთადაც ეს ღონისძიება გამოიყენებოდა.

3. დაწესებულებაში ან მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გაყვანისას, გადაყვანისას და ექსტრადიციისას უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების სხვა პირობები და გარემოებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

4. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების შემდეგ, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიებისა, დაწესებულების მოსამსახურე, რომლის ინიციატივითაც გამოყენებულ იქნა უსაფრთხოების ღონისძიება, ხოლო, ღამის საათებში − ოპერატიული მორიგე, დაწესებულების ხელმძღვანელობასთან და სამედიცინო პერსონალთან ერთად დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმებას. მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმების შესახებ დგება შესაბამისი აქტი. 

5. დაუშვებელია უსაფრთხოების ღონისძიების მსჯავრდებულის დასჯის მიზნით გამოყენება.

6. მსჯავრდებულების ან სხვა პირების მხრიდან საფრთხის წარმოშობისას, პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მსჯავრდებული უფლებამოსილია მიმართოს დაწესებულების ნებისმიერ მოსამსახურეს ზეპირი ან წერილობითი განცხადებით. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია უზრუნველყოს განმცხადებლის პირადი უსაფრთხოება. იმწუთიერი საფრთხის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულთაგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე დაწესებულების დირექტორი გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი საგუშაგო ან დამატებითი საგუშაგო ეწყობა დაწესებულების დირექტორის ბრძანების საფუძველზე. დროებითი საგუშაგოს მეშვეობით დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მსჯავრდებულის ვიზუალურ კონტროლს.

 

მუხლი 23. მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულთაგან განცალკევება

1. ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, შესაძლებელია მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულებისგან განცალკევებით მოთავსება.

2. ამ დებულების 22-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის განცხადების, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის ან უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის პატაკის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, თუ არსებობს ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლები, დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულებისგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე იმ საფრთხის აღმოფხვრამდე, რომლის საფუძველზეც მოხდა მსჯავრდებულის განცალკევება, მაგრამ არაუმეტეს 90 დღისა. დაწესებულების დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მსჯავრდებული სხვა მსჯავრდებულებისგან განცალკევებით მოთავსდება დაწესებულების დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, მაგრამ არაუმეტეს 24 საათის ვადით.

3. მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულებისგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე დაწესებულების დირექტორი გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას.

4. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე მიიღოს გადაწყვეტილება გამოყენებული უსაფრთხოების ღონისძიების შეწყვეტის ან მისი ვადის გაგრძელების თაობაზე.

5. მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულთაგან განცალკევებით მოთავსების ვადა შეიძლება გაგრძელდეს რამდენჯერმე, თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 90 დღის ხანგრძლივობით, ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრამდე.

6. თუ უსაფრთხოების ღონისძიებების გამოყენების შედეგად ვერ იქნა მიღწეული შესაბამისი მიზანი, დაწესებულების დირექტორი სამსახურის გენერალური დირექტორის წინაშე შუამდგომლობს მსჯავრდებულის ან მსჯავრდებულის უსაფრთხოებისთვის საშიში პირების სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში დადგენილი წესით გადაყვანის თაობაზე. შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, ასეთი შუამდგომლობის წარსადგენად აუცილებელი არ არის ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვა.

 

მუხლი 24. დეესკალაციის ოთახში გადაყვანა

1. თუ მსჯავრდებული საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციისა და დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკის საფუძველზე გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, იგი შეიძლება განთავსდეს დაწესებულების სათანადოდ აღჭურვილ დეესკალაციის ოთახში სამედიცინო პერსონალის უწყვეტი ხელმისაწვდომობის და დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის 24-საათიანი ვიზუალური საშუალებებით მეთვალყურეობის პირობებში. დეესკალაციის ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხო ლეიბით, დისტანციურად მართვადი სათვალთვალო კამერით, დაზიანებისადმი მედეგი ღია ტიპის ტუალეტით, ონკანით, განათებით და სათანადო ვენტილაციით.

 2. დეესკალაციის ოთახში გადაყვანილი მსჯავრდებულის მდგომარეობა გადაყვანიდან არაუგვიანეს 24 საათის ვადაში ფასდება მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სპეციალური პროგრამის ფარგლებში გადამზადებული სამედიცინო პერსონალი, დაწესებულების უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების მოსამსახურეები.

3. საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის საფუძველზე მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, არაუგვიანეს მომდევნო 24 საათის ვადაში მსჯავრდებულის მდგომარეობა დამატებით შეიძლება შეფასდეს შესაბამისი დარგის სპეციალისტის/სპეციალისტების მიერ.

4. დაწესებულების დირექტორი მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნისა და შესაბამისი დარგის სპეციალისტის/სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამ დოკუმენტაციის მისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს მომდევნო 24 საათის განმავლობაში წყვეტს მსჯავრდებულის საერთო საცხოვრებელში/საკანში დაბრუნების საკითხს. თუ დასკვნა/რეკომენდაცია ითვალისწინებს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანას, შესაბამის გადაწყვეტილებას, დაწესებულების დირექტორის მიმართვის საფუძველზე, ამავე ვადაში იღებს სამსახურის გენერალური დირექტორი.

5. თუ მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნა ან/და შესაბამისი დარგის სპეციალისტის/სპეციალისტების რეკომენდაცია ითვალისწინებს სამსახურის ფსიქიატრიული კომისიისთვის მიმართვას, დაწესებულებაში მოთავსებული იმ მსჯავრდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესასწავლად, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, დაწესებულების დირექტორი ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მიმართავს კომისიას. მსჯავრდებულისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. დეესკალაციის ოთახში პირის მიმართ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყენებულ იქნეს ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები.

7. დეესკალაციის ოთახში პირის განთავსებისთანავე დგება ოქმი, სადაც უნდა აისახოს დეესკალაციის ოთახში პირის მოთავსების ზუსტი დრო. ოქმში გონივრული შუალედებით კეთდება შესაბამისი ჩანაწერი პირის მდგომარეობის შესახებ.

8. მსჯავრდებული დეესკალაციის ოთახში შეიძლება განთავსდეს იმ საფრთხის აღმოფხვრამდე, რამაც მისი დეესკალაციის ოთახში მოთავსება განაპირობა, მაგრამ არაუმეტეს 72 საათისა. ამ შემთხვევაში დეესკალაციის ოთახის დატოვება ხდება დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, მათ შორის, ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტების შესაბამისად მიმდინარე ღონისძიებების პროცესში. დეესკალაციის ოთახში პირის მოთავსებისა და შესაბამისი ღონისძიების დასრულების შემდეგ სამედიცინო პერსონალი მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ უტარებს სამედიცინო შემოწმებას.

9. ამ მუხლით დადგენილი წესით პირის დეესკალაციის ოთახში მოთავსების რაოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს.

10. დაუშვებელია მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში დასჯის მიზნით გადაყვანა.

11. დაუშვებელია მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახიდან გამოყვანა მისი დეესკალაციის ოთახში მოთავსების საფუძვლების აღმოფხვრამდე, გარდა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევისა და დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის შემთხვევებისა. გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევისა და დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის შემდგომ, მსჯავრდებული ბრუნდება დეესკალაციის ოთახში, თუ არ აღმოფხვრილა დეესკალაციის ოთახში განთავსების შესაბამისი საფუძველი.

12. შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, დეესკალაციის ოთახიდან მსჯავრდებულის გამოყვანა დასაშვებია საგამოძიებო ან/და სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების მიზნით, რის შემდგომ, მსჯავრდებული ბრუნდება დეესკალაციის ოთახში, თუ არ აღმოფხვრილა დეესკალაციის ოთახში განთავსების შესაბამისი საფუძველი.

13. დოკუმენტაცია მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში მოთავსების შესახებ ინახება მსჯავრდებულის პირად საქმეში.

 

მუხლი 25. დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღება

1. სტიქიური უბედურების, ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების, სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებათა ეპიდემიის ან მასობრივი არეულობის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება დაზიანდა ან გამოუსადეგარია კანონით გათვალისწინებული მიზნებისთვის, დაწესებულებაში შეიძლება შემოღებულ იქნეს განსაკუთრებული პირობები.

2. დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების არაუმეტეს 15 დღის ვადით შემოღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის გენერალური დირექტორი მინისტრის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ვადა მინისტრის თანხმობით, შეიძლება გაგრძელდეს გონივრული ვადით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრამდე.

3. მსჯავრდებულის, დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აშკარა საფრთხის შექმნის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად შემოიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობები.

4. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობების დამოუკიდებლად შემოღების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამსახურის გენერალურ დირექტორს. სამსახურის გენერალური დირექტორი აღნიშნული შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში, მინისტრის წერილობითი თანხმობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული პირობების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ.

5. თუ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების რეჟიმის მოქმედების დროს სხვა საშუალებებით ვერ ხერხდება შექმნილი ვითარების ლოკალიზება ან დაწესებულების უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების მოსამსახურეების მიერ აკრძალული ნივთების ამოღების მიზნით ფართო მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება მაშინ, როდესაც არსებობს ჯგუფური დაუმორჩილებლობის, მასობრივი არეულობის წარმოშობის დიდი საშიშროება ან საფრთხე ექმნება სახელმწიფო უსაფრთხოებას, მინისტრის სათანადო მიმართვით და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით დაწესებულების დაცვა შეიძლება გაძლიერდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფებით.

 

მუხლი 26. დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვა

1. დაწესებულებაში კრიზისულ ვითარებად შეიძლება შეფასდეს ისეთი მდგომარეობა, როდესაც ხდება დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების ისეთი დარღვევა, რომელიც აშკარა საშიშროებას უქმნის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას და რომლის დაწესებულების ძალებით, პენიტენციური კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში აღმოფხვრა შეუძლებელია.

2. დაწესებულებაში შექმნილ მდგომარეობას კრიზისულ ვითარებად აფასებს დაწესებულების დირექტორი. იგი კრიზისული ვითარების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სამსახურის გენერალურ დირექტორს. თუ სამსახურის გენერალური დირექტორი სათანადო ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ ვითარებას კრიზისულად მიიჩნევს, იგი ამის შესახებ ატყობინებს მინისტრს.

3. დაწესებულებაში კრიზისული ვითარების სამართავად დასაშვებია დაწესებულების ტერიტორიაზე სამსახურის სპეციალური ინტერვენციების რაზმების შესაბამის მოსამსახურეთა მოქმედება. მათ უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ პენიტენციური კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი.

4. დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვის პროცესში სამსახურის სპეციალური ინტერვენციების რაზმების ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას მინისტრის თანხმობით იღებს სამსახურის გენერალური დირექტორი.

5. დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვისას სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციას.

 

მუხლი 27. უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმა

მასობრივი არეულობის შემთხვევაში, აგრეთვე ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თავდასხმის, დაწესებულებიდან გაქცევის, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის აღსაკვეთად, თუ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების სამსახურის ძალებით მართვა შეუძლებელია, ხორციელდება უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით. უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე მტკიცდება მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. ამ გეგმით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები.

 

მუხლი 28. მსჯავრდებულთა და მოსამსახურეთა ურთიერთობა

1. მსჯავრდებულები მოსამსახურეებს მიმართავენ „თქვენობით“.

2. მოსამსახურეები მსჯავრდებულებს მიმართავენ თავაზიანად, მოსამსახურეთა ეთიკის ნორმების დაცვით (სახელით ან სახელითა და გვარით).

 

მუხლი 29. მსჯავრდებულის პირადი საქმე

1. მსჯავრდებულის პირადი საქმე იწარმოება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმისა და ბრალდებულთა რეესტრის/მსჯავრდებულთა რეესტრის წარმოების წესის“ შესაბამისად.

2. დაწესებულების მოსამსახურე მსჯავრდებულის პირადი საქმის წარმოებისას ვალდებულია დაიცვას მსჯავრდებულის პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

თავი IV

მსჯავრდებულის უფლებრივი მდგომარეობა

 

მუხლი 30. მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობები

1. მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისას გარანტირებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, პენიტენციური კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები.

2. მსჯავრდებულს უფლება აქვს:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს:

ა.ა) საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით/ფეხსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით;

ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით;

ა.გ) ახლო ნათესავთან შეხვედრით (პაემნით), დამცველთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან შეხვედრით (თუ მსჯავრდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა);

ა.დ) სატელეფონო საუბრითა და მიმოწერით;

ა.ე) ამანათისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნით;

ა.ვ) უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციით;

ბ) მიიღოს ზოგადი განათლება და პროფესიული განათლება;

გ) მონაწილეობა მიიღოს სპორტულ, კულტურულ და რელიგიურ ღონისძიებებში;

დ) მიიღოს ინფორმაცია პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით; ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით;

ე) დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით ახორციელებდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და დაწესებულების ხელშეწყობით ახდენდეს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციას;

ვ) შეიტანოს მოთხოვნა და საჩივარი;

ზ) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა, თუ მსჯავრდებული უცხოელია ან მოქალაქეობის არმქონე პირია;

თ) ყოველდღიურად, არანაკლებ 1 საათისა სუფთა ჰაერზე იმყოფებოდეს (ისარგებლოს გასეირნების უფლებით);

ი) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს დაწესებულება;

კ­) ისარგებლოს შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამებით;

ლ) უზრუნველყოფილი იყოს არადისკრიმინაციული მოპყრობით;

მ) დაცული იყოს ძალადობისა და შეურაცხყოფისგან;

ნ) უზრუნველყოფილი იყოს პირადი უსაფრთხოების დასაცავად დაწესებულებისგან შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით;

ო) შეინახოს და გამოიყენოს ამ დებულების №2 და №3 დანართებით გათვალისწინებული ნივთები და საგნები;

პ) მისთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია უფლება-მოვალეობების შესახებ;

ჟ) საქართველოს სახელმწიფო ენის არცოდნის შემთხვევაში, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;

რ) ისარგებლოს დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლით;

ს) მიიღოს განათლება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე;

ტ) ისარგებლოს პროფესიული მომზადებითა და გადამზადებით;

უ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.

3. მსჯავრდებულს უფლება აქვს, დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში და შეხვდეს სასულიერო პირებს, თან იქონიოს და გამოიყენოს რელიგიური ლიტერატურა და საკულტო საგნები.

4. მსჯავრდებულის უფლებების რეალიზება ხდება საქართველოს კანონმდებლობის დაცვითა და სხვა პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.

5. მსჯავრდებული ვალდებულია:

ა) დაიცვას ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, დღის განრიგი და შეასრულოს მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნები;

ბ) გაუფრთხილდეს დაწესებულების ან სხვა პირის ქონებას და არ დააზიანოს ის;

გ) თავაზიანად მოეპყროს სხვა მსჯავრდებულებს და დაწესებულების მოსამსახურეებს;

დ) შეინახოს კვების პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები სათანადოდ გამოყოფილ ადგილებსა და სათავსებში;

ე) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, საწოლი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი;

ვ) სურვილის შემთხვევაში, იმუშაოს მხოლოდ დაწესებულების დირექტორის მიერ გამოყოფილ სამუშაო ადგილზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით;ზ) არ ჩაიდინოს ისეთი ქმედება, რომელიც ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით ეკრძალება.

6. მსჯავრდებულს ეკრძალება:

ა) მოახდინოს ფიზიკური ზემოქმედება სხვა მსჯავრდებულზე ან სხვა პირზე, შეუქმნას საფრთხე მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

ბ) შექმნას კონფლიქტური სიტუაცია;

გ) სიტყვიერად შეურაცხყოს ან სხვაგვარად შელახოს დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის ღირსება;

დ) რაიმე სახით ხელი შეუშალოს დაწესებულებაში არსებული დაცვის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მუშაობას;

ე) შეიძინოს, დაამზადოს, შეინახოს ან/და გამოიყენოს აკრძალული ნივთები;

ვ) მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით ითამაშოს, გაყიდოს ან სხვაგვარად გაასხვისოს კვების პროდუქტები, პირად სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული ნივთები ან ნივთიერებები;

ზ) დაარღვიოს ობიექტების დაცვის ხაზი ან დაწესებულების ტერიტორიის საზღვრები;

თ) ავიდეს შენობის სახურავზე, მიუახლოვდეს შიდა აკრძალული ზონის ზღვარს;

ი) დაარღვიოს დაწესებულებაში გადაადგილების წესები;

კ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე გავიდეს საცხოვრებელი ან/და საწარმოო ტერიტორიის იზოლირებული მონაკვეთებიდან;

ლ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე დატოვოს სამუშაო ადგილი, სარეაბილიტაციო ღონისძიების ფარგლებში ჩატარებული მასობრივი ღონისძიებების ჩატარების ადგილი.

მ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე იმყოფებოდეს იმ საერთო საცხოვრებელში/საკანში, სადაც იგი არ ცხოვრობს ან საწარმოო ობიექტზე, სადაც იგი არ მუშაობს;

ნ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე შეიცვალოს საძინებელი ადგილი;

ო) თვითნებურად მოაწყოს საძინებელი ადგილი დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და სხვა ნაგებობებში;

პ) სხვადასხვა ობიექტზე თვითნებურად მოაწყოს ნებისმიერი ნაგებობა, კარადა, სეიფი და სხვა ნაკეთობა;

ჟ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე, საერთო სარგებლობის სივრცეში, ფანჯარაზე, კედელზე, ტუმბოსა და საწოლზე გამოფინოს ფოტო, რეპროდუქცია, ბარათი, გაზეთიდან და ჟურნალიდან ამოჭრილი და სხვა ნივთები;

რ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე დაამზადოს რაიმე სახის ელექტრო ან მექანიკური მოწყობილობა;

ს) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე გამოიყენოს მოწყობილობები, ინსტრუმენტები, არასაწარმოო მიზნით გამოყენებადი მექანიზმები და მასალები;

ტ) მოამზადოს და მიიღოს საკვები ამისთვის გაუთვალისწინებელ ადგილებში;

უ) გამოიწვიოს ხმაური, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;

ფ) უკანონო ფორმით მიაწოდოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია საერთო საცხოვრებლიდან/საკნიდან საერთო საცხოვრებელში/საკანში ან დაწესებულების გარეთ;

ქ) რაიმე ფორმით იერსახე შეუცვალოს ან დააზიანოს დაწესებულების კედლები, იატაკი, ჭერი, შენობის სხვა ნაწილები ან/და იქ განთავსებული ინვენტარი;

ღ) განახორციელოს ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ამ დებულებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს ან/და დღის განრიგს.

 

მუხლი 31. მატერიალური პასუხისმგებლობა

1. მსჯავრდებულს, რომელიც დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მატერიალურ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს, იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა:

ა) შრომითი ვალდებულებების შესრულებისას მიყენებული ზიანისთვის − საქართველოს შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და ოდენობით;

ბ) სხვა ქმედებით მიყენებული ზიანისთვის – საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით.

2. მსჯავრდებული ანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თვითდაზიანების ან სხვისი დაზიანების შემთხვევაში, აგრეთვე დაწესებულებისთვის მიყენებულ ზიანს, დაწესებულებიდან მისი გაქცევის აღკვეთასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს.

3. თუ მსჯავრდებული ნებაყოფლობით არ აანაზღაურებს ზიანს, ზიანის ანაზღაურების საკითხი განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. მსჯავრდებულისთვის არასწორად გადახდევინებული თანხა მას უბრუნდება და პირად საბანკო ანგარიშზე ერიცხება.

4. მსჯავრდებულის ქმედებით დაწესებულების ტერიტორიაზე პირის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში ამ პირის გადაუდებელი მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.

 

მუხლი 32 . საცხოვრებელი პირობები

1. მსჯავრდებულისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი უნდა შეესაბამებოდეს მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილ „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს“ და უნდა უზრუნველყოფდეს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

2. მსჯავრდებულის საცხოვრებელი ფართობის ნორმა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 4 კვადრატულ მეტრზე ნაკლები.

3. საერთო საცხოვრებელი და საკანი უნდა უზრუნველყოფდეს მსჯავრდებულის უსაფრთხოებას.

4. საერთო საცხოვრებლის და საკნის პირობები არ უნდა ხელყოფდეს მსჯავრდებულის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

5. დაუშვებელია მსჯავრდებულის ისეთ საერთო საცხოვრებელში/საკანში განთავსება, რომელშიც არის სხვა საერთო საცხოვრებელზე/საკანზე შედარებით ნაკლები ბუნებრივი განათება, გათბობა, ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაცია, ან ნაკლებად არის უზრუნველყოფილი სხვა საცხოვრებელი პირობებით ისე, რომ მსგავსი განთავსება ობიექტური პირის მიერ აღიქმება მსჯავრდებულის დასჯად.

6. მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულთა ძალადობისგან დაცვის მიზნით დაწესებულების მოსამსახურეთა მიერ უნდა ხორციელდებოდეს საერთო საცხოვრებლისა და საკნის რეგულარული მეთვალყურეობა, განსაკუთრებით − ღამის საათებში.

7. დაწესებულება მსჯავრდებულს გონივრულ ფარგლებში უქმნის ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს, რომლებიც უნდა მიესადაგებოდეს დაწესებულების ინფრასტრუქტურას და საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. მსჯავრდებულის სარგებლობაში/საკუთრებაში არსებული, ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის ჩამონათვალი განისაზღვრება ამ დებულების №2 და №3 დანართებით.

8. საერთო საცხოვრებელსა და საკანში მსჯავრდებულის ძირითადი საყოფაცხოვრებო ნივთები (საწოლი, მაგიდა, სკამი, ტუმბო) უნდა იყოს რკინის, მყარად შეკრული და იატაკზე ან კედელზე დამონტაჟებული კონსტრუქცია, რომლის გადაადგილება სპეციალური იარაღების დახმარების გარეშე შეუძლებელია.

9. მსჯავრდებულის საერთო საცხოვრებელსა და საკანს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას. მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობით. საერთო საცხოვრებელი/საკანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს აგრეთვე ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაციით.

10. მსჯავრდებულს, რომელიც არის ავადმყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან ხანდაზმული (65 წლიდან) უნდა ჰქონდეს მისი სპეციფიკური საჭიროების შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობები.

11. მსჯავრდებულს ან მსჯავრდებულთა ჯგუფს, შესაბამისი განცხადების საფუძველზე, დაწესებულების დირექტორის ნებართვით, შეიძლება მიეცეს მაცივრით სარგებლობის უფლება. მსჯავრდებულმა ან მსჯავრდებულთა ჯგუფმა მაცივარი შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. მაცივრის მაქსიმალური მოცულობა შეიძლება იყოს 100სმX60სმX60სმ.

12. მაცივრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას დაწესებულების დირექტორი აფასებს, არის თუ არა შესაბამის საერთო საცხოვრებელსა და სპეციალურ საკანში პენიტენციური კოდექსით განსაზღვრული მინიმალური საცხოვრებელი ფართობი, აგრეთვე ითვალისწინებს მასში არსებულ ინფრასტრუქტურას (მათ შორის, ელექტროსადენების მდგომარეობას და მსჯავრდებულის ძირითადი საყოფაცხოვრებო ნივთების განლაგებას), მსჯავრდებულის (მსჯავრდებულთა) პიროვნულ თვისებებს (მათ შორის, თვითდაზიანებისაკენ მიდრეკილებას, სუიციდის მცდელობის შემთხვევებს და სხვ.) და სხვა ობიექტურ გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე.

13. დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულს შესაძლებელია ჩამოერთვას მაცივრით/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით სარგებლობის უფლება და იგი გადაეცეს მის ახლო ნათესავს ან შესანახად მოთავსდეს დაწესებულების საწყობში, თუ:

ა) გამოვლინდა მაცივრით/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით არადანიშნულებისამებრ სარგებლობის ფაქტი;

ბ) მაცივრით/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით სარგებლობისას მსჯავრდებული არღვევს სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს ან/და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესებს;

გ) მსჯავრდებულის მხრიდან საფრთხე ექმნება მის, სხვა მსჯავრდებულის ან სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

14. მაცივრით/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით სარგებლობის უფლება ვერ ჩამოერთმევა მსჯავრდებულს მხოლოდ იმიტომ, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი.

15. თუ მაცივარი/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთი შეძენილია მსჯავრდებულთა ჯგუფის მიერ, ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის ერთობლივად ჩადენის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულთა ჯგუფს შესაძლებელია ჩამოერთვას მაცივრით/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით სარგებლობის უფლება და იგი შესანახად მოთავსდეს დაწესებულების საწყობში. თუ მაცივარი/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთი შეძენილია მსჯავრდებულთა ჯგუფის მიერ და შესაძლებელია იმ მსჯავრდებულის იდენტიფიცირება, რომლის მიერაც ჩადენილია ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დამრღვევს შესაძლებელია ჩამოერთვას მაცივრით/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით სარგებლობის უფლება და ამ მიზნით მოხდეს მისი სხვა საერთო საცხოვრებელში/სპეციალურ საკანში გადაყვანა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 33. გასეირნება

1. მსჯავრდებულს აქვს დღის განმავლობაში არანაკლებ 1 საათისა სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლება. სუფთა ჰაერზე ყოფნის ადგილი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მეტეოროლოგიურმა პირობებმა ხელი არ შეუშალოს შესაბამისი უფლების რეალიზებას.

2. მსჯავრდებულთა გასეირნების რიგითობა ისე უნდა იქნეს ორგანიზებული, რომ გამოირიცხოს მსჯავრდებულებს შორის კონტაქტი. საკანში ორი მსჯავრდებულის ერთად განთავსების შემთხვევაში დასაშვებია მათი ერთად გასეირნება.

3. მსჯავრდებულის გასეირნება ხდება დღის საათებში, დაწესებულების მიერ ამისთვის გამოყოფილ ადგილზე. გასეირნება შეიძლება ვადამდე შეწყდეს მსჯავრდებულის მიერ ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.

4. გასეირნების უფლება შეიძლება შეიზღუდოს მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში ყოფნისას ან/და განსაკუთრებული პირობების არსებობისას, რაც დაკავშირებულია მასობრივ არეულობასთან, სტიქიურ უბედურებასთან ან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებასთან, რაც შეუძლებელს ხდის გასეირნების უფლებით სარგებლობას, აგრეთვე როდესაც დაწესებულებაში შემოღებულია განსაკუთრებული პირობები.

 

მუხლი 34. პირადი ჰიგიენა, ტანსაცმელი/ფეხსაცმელი და თეთრეული

1. მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად.

2. მსჯავრდებული, როგორც წესი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შხაპის კვირაში ორჯერ მიღების შესაძლებლობით, აგრეთვე საპარიკმახერო მომსახურებით არანაკლებ თვეში ერთხელ.

3. დაწესებულებას უფლება აქვს, მოსთხოვოს მსჯავრდებულს თმის გადაპარსვა, თუ არსებობს ექიმის შესაბამისი მოთხოვნა ან ეს აუცილებელია ჰიგიენის დასაცავად.

4. თუ მსჯავრდებულს არ აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთი, დაწესებულება უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით/ფეხსაცმლით ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთით. მისი ფორმა არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.

5. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეების მიერ კვირაში არანაკლებ ერთხელ ტარდება ყველა მსჯავრდებულის დათვალიერება, რომლის დროსაც მოწმდება მათი გარეგანი სახე, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მდგომარეობა.

6. აუცილებლობის შემთხვევაში მსჯავრდებულს ეძლევა სამუშაო ტანსაცმელი.

7. მსჯავრდებულს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული. მას სუფთა და დაუზიანებელი თეთრეული უნდა გადაეცეს.

8. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს დაწესებულების ტერიტორიისა და თეთრეულის სისუფთავე.

9. დაწესებულება უფლებამოსილია მსჯავრდებულს მისცეს სპეციალური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი. მისი ფორმა არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. მსჯავრდებული ვალდებულია ეცვას სპეციალური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი.

10. მსჯავრდებული ვალდებულია გაუფრთხილდეს, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, თეთრეული და საცხოვრებელი.

 

მუხლი 35. კვება

1. დაწესებულებაში არსებული საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ კომპონენტებს. მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საჭმლის კალორიულობის შემცირება აკრძალულია.

2. მსჯავრდებულის კვების ნორმები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებით“.

3. კვების რაციონის განსაზღვრისას გაითვალისწინება მსჯავრდებულთა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური კუთვნილება, კულტურული თავისებურებები და ფიზიკური დატვირთვა.

4. მსჯავრდებულს უფლება აქვს ისარგებლოს პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთებით (სარკე, ერთჯერადი სამართებელი (ქარხნულ მდგომარეობაში), საპარსი ქაფი, ფრჩხილის მკვნეტარა, მაკრატელი, ნემსი და ძაფი) დაწესებულების მოსამსახურის ზედამხედველობითა და კონტროლით არაუმეტეს 30 წუთისა. აღნიშნული ნივთები ინახება საკნის კარზე დამაგრებულ სპეციალურ ყუთში.

5. დაწესებულება მსჯავრდებულს ყოველდღიურად უზრუნველყოფს არანაკლებ სამჯერადი კვებით.

6. მსჯავრდებულს, რომელიც არის ავადმყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ხანდაზმული (65 წლიდან) უნდა შეექმნას მისი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები.

7. მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები ამ დებულების 36-ე მუხლით დადგენილი წესით.

8. მსჯავრდებულს უფლება აქვს, სამსახურის გენერალური დირექტორის ნებართვით დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები ამანათის სახით მიიღოს.

9. დაწესებულების ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში განთავსებული მსჯავრდებულები იკვებებიან დღის განრიგით დადგენილ საათებში სასადილოში, საერთო საცხოვრებელში ან გამანაწილებელ პუნქტში სამუშაო ობიექტზე. ხოლო ის მსჯავრდებულები, რომელთაც, ექიმის დასკვნის თანახმად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ გადაადგილება, საკვებს იღებენ განთავსების ადგილას.

10. დაწესებულების დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში განთავსებული მსჯავრდებულები იკვებებიან საკნებში, დღის განრიგით დადგენილ საათებში.

11. საკვების მიღებისას წესრიგის დაცვის მიზნით, სასადილოში იმყოფებიან დაწესებულების მოსამსახურეები.

12. მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.

13. დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულის ყოფნის პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

 

მუხლი 36. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზია

1. დაწესებულების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მაღაზია, სადაც მსჯავრდებულს უფლება აქვს შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით, რომელიც მან დაწესებულებაში მუშაობისას გამოიმუშავა ან პირად ანგარიშზე ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა ჩარიცხეს.

2. დაწესებულების ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში განთავსებულ მსჯავრდებულებს კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები მაღაზიაში შეუძლიათ შეიძინონ დამოუკიდებლად.

3. დაწესებულების დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებული მსჯავრდებული მაღაზიაში კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად, ანგარიშზე თანხის არსებობის დამადასტურებელ ქვითართან ერთად განცხადებით მიმართავს დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს. მაღაზიის თანამშრომელი ამოწმებს თანხის არსებობას მსჯავრდებულის ანგარიშზე. შეძენილი საქონელი განაწილდება სპეციალური საკნების მიხედვით და მსჯავრდებულს გადაეცემა ხელწერილით.

4. მაღაზიაში გასაყიდად დაიშვება ამ დებულების №3 დანართით განსაზღვრული კვების პროდუქტები, პირველადი მოხმარების საგნები, ჰიგიენური საშუალებები და სხვა საგნები.

5. დამატებითი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შეძენა ხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.

6. მსჯავრდებულს შეუძლია მაღაზიაში ყოველთვიურად დახარჯოს არაუმეტეს 1500 ლარისა. აღნიშნული თანხის ოდენობა შეიძლება გაიზარდოს მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე, გენერალური დირექტორის თანხმობით გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, არაუმეტეს 2000 ლარამდე

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის განცხადების მიღების შემდეგ, დაწესებულების დირექტორი დასაბუთებული პატაკით მიმართავს სამსახურის გენერალურ დირექტორს თანხის ოდენობის გაზრდის თაობაზე. გენერალური დირექტორის თანხმობის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას მსჯავრდებულის მიერ მაღაზიაში ყოველთვიური ხარჯვის ლიმიტის გაზრდის თაობაზე.

 

მუხლი 37. ამანათისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნა

1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს ან გაუგზავნოს ამანათი და ფულადი გზავნილი უნაღდო ანგარიშსწორებით ახლო ნათესავს, ხოლო დაწესებულების დირექტორის ნებართვით – სხვა პირს. მიღებული თუ გზავნილი ნაღდი ფულის სახით არის გამოგზავნილი მსჯავრდებულს არ გადაეცემა და გამომგზავნს უბრუნდება.

2. მსჯავრდებულს უფლება აქვს მიიღოს ამანათი და ფულადი გზავნილი დაწესებულებაში მოთავსებისთანავე.

3. ამანათის მიღება მსჯავრდებულს შეუძლია თვეში ორჯერ, ხოლო უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს −  თვეში ოთხჯერ.

4. ამანათი მიიღება მხოლოდ სრულწლოვანი პირისგან.

5. ამ დებულების №2 დანართის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნივთის მიღება შეიძლება აგრეთვე ფოსტის მეშვეობით.

6. მსჯავრდებულის მიერ მისაღები ამანათის ზღვრული წონა ერთობლიობაში არ უნდა აღემატებოდეს თვეში 40 კგ-ს.

7. ამანათის მიღება ხდება საამისოდ გამოყოფილ შენობაში, სადაც გამოიკვრება იმ კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალი, რომელთა შენახვის, გამოყენების ამანათით მიღებისა და დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეძენის უფლება აქვს მსჯავრდებულს (დანართი №2 და №3).

8. მსჯავრდებულს უფლება აქვს შეინახოს და კანონიერად გამოიყენოს იმ რაოდენობის კვების პროდუქტები, ნივთები და საგნები, რაც განსაზღვრულია ამ დებულების №2 და №3 დანართებით.

9. მსჯავრდებულს უფლება აქვს გამონაკლის შემთხვევაში ამანათის სახით მიიღოს მედიკამენტი. მედიკამენტი უნდა იყოს სააფთიაქო წესით შეფუთული და თან უნდა ახლდეს ექიმის დანიშნულება, რის შემდგომაც მედიკამენტის დაწესებულებაში დაშვების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების დირექტორი, დაწესებულების მთავარ ექიმთან წერილობით შეთანხმებით. 

10. ამანათის მიმტანი პირი დაწესებულების საზოგადოებრივ მისაღებში იღებს რიგის ნომერს.

11. დაუშვებელია დაწესებულებაში ამანათის მიმტანი პირის ალკოჰოლური ან/და ნარკოტიკული საშუალების/ფსიქოტროპული ნივთიერების (გარდა ექიმის დანიშნულებისა), აგრეთვე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების  ზემოქმედების ქვეშ გამოცხადება.

12. სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის აღმოსავლეთ სამმართველოს №17 განყოფილების (შემდგომ – №17 განყოფილება) მოსამსახურე უფლებამოსილია, ამანათის მიმტანი პირის ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მოსთხოვოს ამ პირს სპეციალური შემოწმების გავლა. თუ იგი უარს განაცხადებს შემოწმებაზე, №17 განყოფილების მოსამსახურე ვალდებულია მას განუმარტოს, რომ უარის შემთხვევაში არ დაიშვება ამანათის გასაგზავნად.

13. №17 განყოფილების მოსამსახურე ამანათის მომტან პირს განუმარტავს მსჯავრდებულისთვის ამანათის გადაცემის შესახებ განცხადების შევსების წესს და გადასცემს მსჯავრდებულისთვის ამანათის გადაცემის შესახებ განცხადების შესავსებ ფორმას (დანართი №6), რომელიც ივსება ორ ეგზემპლარად. ორივე ეგზემპლარი, ამანათი და მისი მომტანი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცემა №17 განყოფილების მოსამსახურეს.

14. №17 განყოფილების მოსამსახურე ამოწმებს მსჯავრდებულისთვის ამანათის გადაცემის შესახებ განცხადებაში (დანართი №6) მითითებული ნივთების შესაბამისობას იმ პირველადი მოხმარების საგნების, კვების პროდუქტების, ჰიგიენური საშუალებებისა, სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალთან, რომლებიც მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად (დანართი №2).

15. №17 განყოფილების მოსამსახურე ახდენს ამანათის მომტანი პირების გამოძახებას რიგითობის მიხედვით და მათი თანდასწრებით ამოწმებს მსჯავრდებულისთვის ამანათის გადაცემის შესახებ განცხადებაში მითითებული ნივთების შესაბამისობას ამანათით წარმოდგენილ ნივთებთან, რის შემდეგაც ახორციელებს ნივთების აწონვასა და დათვალიერება-შემოწმებას ამანათის მომტანი პირის თანდასწრებით.

16. ამანათის შემცველობის ჩამონათვალი რეგისტრირდება სპეციალურ ჟურნალში, რის შემდეგაც იგი ხელწერილით გადაეცემა ადრესატს.

17. №17 განყოფილების მოსამსახურე ამანათის მიღების შემდეგ უბრუნებს ამანათის მიმტან პირს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და მსჯავრდებულისთვის ამანათის გადაცემის შესახებ განცხადების პირველ ეგზემპლარს, ხოლო მეორე ეგზემპლარს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ურთავს მსჯავრდებულის პირად საქმეს, მსჯავრდებულის მიერ ამანათის ხელწერილით მიღების შემდეგ. თუ მსჯავრდებული უარს იტყვის ხელის მოწერაზე, განცხადებაზე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

18. ამანათი არ მიიღება თუ:

ა) მსჯავრდებული გათავისუფლდა;

ბ) მსჯავრდებული დაწესებულებიდან გაყვანილია/გადაყვანილია 3 დღეზე მეტი ვადით;

გ) მსჯავრდებული გადაყვანილია სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში;

დ) მსჯავრდებული გარდაიცვალა;

ე) მსჯავრდებულს არ აქვს შესაძლებლობა პირადად მიიღოს ამანათი ან გამოიყენოს მისი შემცველობა დანიშნულებისამებრ;

ვ) ამანათი აჭარბებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ზღვრულ წონას;

ზ) ამანათი გაგზავნილია ფოსტის მეშვეობით, გარდა ამ დებულების №2 დანართის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნივთისა;

თ) ამანათის მიმტანი პირი არ წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ი) ამანათის მიმტანი პირი არასრულწლოვანია;

კ) არასწორადა არის შევსებული მსჯავრდებულისთვის ამანათის გადაცემის შესახებ განცხადება ამანათის მიღების თაობაზე;

ლ) არსებობს მსჯავრდებულის წერილობითი უარი ამანათის მიღების თაობაზე;

მ) მსჯავრდებულს დისციპლინური სახდელის სახით დაკისრებული აქვს ამანათის მიღების შეზღუდვა.

19. ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას ამანათი უბრუნდება ამანათის მომტან პირს, ხოლო ამანათის ფოსტის მეშვეობით გამოგზავნისას გამომგზავნ პირს მისივე ხარჯით, დაბრუნების მიზეზის მითითებით. თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია ამანათი შესანახად გადაეცემა დაწესებულების საწყობს ან ნადგურდება მსჯავრდებულის თანდასწრებით.

20. იმ მსჯავრდებულის მიერ ამანათის მიღებისას, რომელიც მკურნალობის კურსს გადის, გაითვალისწინება მკურნალი ექიმის რეკომენდაციები.

21. ამანათი მოწმდება რენტგენული დანადგარის (შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში) მეშვეობით. რენტგენული დანადგარით შემოწმებისას ამანათში აკრძალული ნივთის არსებობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ამანათი მოწმდება ამ მუხლის 22-ე პუნქტით დადგენილი წესით.

22. თუ დაწესებულებაში არ არის რენტგენული დანადგარი, რენტგენში გამოჩნდა საეჭვო ნივთი ან/და არსებობს ეჭვი ამანათში აკრძალული ნივთის არსებობის თაობაზე, ამანათი იხსნება და მოწმდება ამანათის მიმტანი პირის (მისი არსებობის შემთხვევაში) სავალდებულო დასწრებით. ნივთები და საკვები პროდუქტები მოწმდება გულდასმით. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შემოწმებისას საეჭვო ადგილები იჩხვლიტება სადგისით. ჯიბეები, ტანსაცმლის სახელოები, შარვლები, საცვლები, წინდები უკუღმა ბრუნდება. ფეხსაცმელი დათვალიერდება გულდასმით შიდა და გარე მხრიდან. დეტალურად უნდა იქნეს დათვალიერებული მსჯავრდებულისთვის განკუთვნილი საგნები. თხევადი ნივთიერება, მოთავსებული უნდა იყოს პოლიეთილენის ან პლასტმასის ჭურჭელში.

23. დაწესებულებაში ფოსტის მეშვეობით მიღებული ამანათი მოწმდება ამ მუხლის 21-ე და 22-ე პუნქტებით დადგენილი წესით.

24. ამანათის შემოწმების პროცედურა ხორციელდება სანიტარიულ-ჰიგიენური დამცავი საშუალების, კერძოდ, ერთჯერადი მოხმარების ხელთათმანებისა და თავსაბურავების გამოყენებით. ყოველი მორიგი ამანათის შემოწმების შემდგომ №17 განყოფილების მოსამსახურე ვალდებულია შეიცვალოს ხელთათმანები.

25. ამანათის შემოწმებისას აღმოჩენილი აკრძალული ნივთი, რომლის შენახვა და გამოყენება არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ამოიღება და ამ მუხლის მე-19 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად უბრუნდება ამანათის მომტან/გამომგზავნ პირს, შესანახად გადაეცემა დაწესებულების საწყობს ან ნადგურდება.

26. ამანათის შემოწმებისას იმ ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა ეკრძალება მსჯავრდებულს და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას (დანართი №1) დაუყოვნებლივ ეცნობება №17 განყოფილების უფროსს, რომელიც თავის მხრივ აცნობებს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, დაწესებულების დირექტორს, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსს და ამავე მთავარი სამმართველოს გარე დაცვის აღმოსავლეთის სამმართველოს უფროსს. შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საშუალებით, აგრეთვე სატელეფონო შეტყობინებით. №17 განყოფილების უფროსის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში, ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობას ასრულებს №17 განყოფილების უფროსის მოადგილე, ხოლო №17 განყოფილების უფროსისა და მისი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში − განყოფილების უფროსი ინსპექტორი.

27. ამანათის შემოწმებისას №17 განყოფილების მოსამსახურის მიერ დგება ამანათის შემოწმების ოქმი (დანართი №13).

28. ამანათის შემოწმების შემდეგ თუ აღმოჩენილი არ არის აკრძალული ნივთი, ამანათი ილუქება №17 განყოფილების მოსამსახურის მიერ და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის მიერ ხდება მისი გადატანა შესაბამის საერთო საცხოვრებლის/სპეციალური საკნის ტერიტორიაზე, მსჯავრდებულისთვის გადასაცემად.

29. ამანათი იხსნება დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის მიერ მსჯავრდებულის სავალდებულო დასწრებით, რის შემდეგაც მას ამანათი გადაეცემა, რის თაობაზეც მსჯავრდებული ხელს აწერს მსჯავრდებულისთვის ამანათის გადაცემის შესახებ განცხადებას (დანართი №6). თუ მსჯავრდებული უარს იტყვის ხელის მოწერაზე, განცხადებაზე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

30. ამანათი უნდა გადაეცეს მსჯავრდებულს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 კალენდარული დღისა, ხოლო მსჯავრდებულის დაწესებულებიდან 3 დღემდე ვადით გაყვანის/გადაყვანის, დაწესებულების დროებით დატოვების ან დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შემთხვევაში − მისი დაბრუნებისთანავე.

31. ამანათი, რომელიც მოსულია იმ მსჯავრდებულის სახელზე, რომელიც მოთავსებულია სამარტოო საკანში/დეესკალაციის ოთახში ჩაბარდება შესანახად დაწესებულების საწყობში და გადაეცემა მსჯავრდებულს სამარტოო საკანში/დეესკალაციის ოთახში ყოფნის ვადის დამთავრების შემდეგ.

32. დაწესებულება უზრუნველყოფს ამანათის შემცველობის შენახვას. ხანგრძლივი შენახვის გამო მისი ბუნებრივი გაფუჭების ან შემოწმების შედეგად სასაქონლო სახის დაკარგვის თაობაზე დაწესებულებას პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

33. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე მსჯავრდებულის მიერ ამანათით მიღებულ ნივთებს აღრიცხავს მსჯავრდებულის საკნის/საერთო საცხოვრებლის ბარათში, რაზეც ხელს აწერს მსჯავრდებული.

34. მსჯავრდებული ამანათის გაგზავნას უზრუნველყოფს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურის დახმარებით.

35. მსჯავრდებულის მიერ გასაგზავნი ამანათი მოწმდება ამ მუხლის 21-ე და 22-ე პუნქტებით დადგენილი წესით.

36. მსჯავრდებულს ამანათის გაგზავნის უფლება ეზღუდება ადრესატის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებულს დაზარალებულისთვის ამანათის გაგზავნის უფლება ეზღუდება დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

 

მუხლი 38. მიმოწერა და მიმოწერის შემოწმება

1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევისა, აგრეთვე წარადგინოს განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები.

2. პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთა შორის მიმოწერა აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები (მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილი (ნაშვილები), გერი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, და, ძმა) არიან. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრთან მიმოწერის უფლება მსჯავრდებულს შეიძლება შეეზღუდოს დაწესებულების დირექტორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.

3. მსჯავრდებულს მიმოწერის უფლება ეზღუდება ადრესატის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირს დაზარალებულთან მიმოწერის უფლება ეზღუდება დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

4. მსჯავრდებულის სახელზე შესული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე მსჯავრდებულის წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება მსჯავრდებულის ხარჯით.

5. პირადი ხასიათის არის ნებისმიერი სახის კორესპონდენცია, მათ შორის, საჩივარი, გარდა მსჯავრდებულის მიერ გასაგზავნი იმ კორესპონდენციისა, რომლის ადრესატი არის:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;

დ) საქართველოს პარლამენტის წევრი;

ე) სასამართლო;

ვ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო;

ზ) საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;

თ) საქართველოს სამინისტრო;

ი) სამსახური;

კ) საქართველოს სახალხო დამცველი ან/და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი;

ლ) მსჯავრდებულის ადვოკატი;

მ) საქართველოს პროკურატურა;

ნ) სამსახურის ადგილობრივი საბჭო;

ო) კომერციული ბანკი, რომელიც დაწესებულებაში ახორციელებს საბანკო საქმიანობას;

პ) უცხო ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებულის შემთხვევაში, მისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ან იმ ქვეყნის უფლებამოსილი დიპლომატიური წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში ითავსებს მსჯავრდებულის ქვეყნის ინტერესების დაცვას;

ჟ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − იურიდიული დახმარების სამსახური.

6. დაწესებულება ვალდებულია მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს იგი საწერი საშუალებითა და ქაღალდით, ხოლო მსჯავრდებული, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია − მიმოწერისთვის საჭირო შესაბამისი საშუალებებით. მსჯავრდებულს გადაეცემა გონივრული რაოდენობის საწერი საშუალება და ქაღალდი.

7. საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულებს შეუძლიათ წარადგინონ წინადადებები, განცხადებები და საჩივრები საქართველოს სახელმწიფო ენაზე. უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე მსჯავრდებულებს შეუძლიათ წარადგინონ განცხადებები და საჩივრები მშობლიურ ენაზე ან ნებისმიერ სხვა ენაზე, რომელსაც ისინი ფლობენ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლონ თარჯიმნის მომსახურებით. მსჯავრდებულს პასუხი გაეცემა მიმართვის ენაზე, ხოლო ასეთი შესაძლებლობის არარსებობისას − სახელმწიფო ენაზე, პასუხის მიმართვის ენაზე გადათარგმნით, რომელსაც უზრუნველყოფს დაწესებულება.

8. თუ წერილები საჭიროებს სახელმწიფო ენაზე თარგმნას, მათი გადაცემის ვადა შეიძლება გაიზარდოს თარგმნისთვის აუცილებელი ვადით.

9. გასაგზავნ წერილზე მითითებული უნდა იყოს ადრესატის ვინაობა და მისამართი, აგრეთვე გამგზავნის ვინაობა და დაწესებულების საფოსტო მისამართი. წერილის გაგზავნისთვის საჭირო თანხის მოხსნას მსჯავრდებულის ანგარიშიდან ახორციელებს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურე მსჯავრდებულის თანდასწრებით. გადახდის ქვითრის ერთი ნაწილი გადაეცემა მსჯავრდებულს, ხოლო მეორე ნაწილი დაერთვის მსჯავრდებულის პირად წერილს.

10. შემოსულ წერილზე მითითებული უნდა იყოს ადრესატი, გამომგზავნი პირის ვინაობა და მისამართი.

11. მსჯავრდებულისგან მიღებული წერილის გაგზავნამდე, აგრეთვე შემოსული წერილის მსჯავრდებულისთვის გადაცემამდე დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებას და სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შესაბამის მოსამსახურეს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მათ შენახვასა და მიმოწერის საიდუმლოების დაცვაზე.

12. დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება მიღებული წერილის, მათ შორის მოთხოვნებისა და საჩივრების გაგზავნას ან მიღებული წერილის მსჯავრდებულისთვის გადაცემას უზრუნველყოფს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მეშვეობით, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, თუ არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოებები. წერილის ჩაბარება დასტურდება მსჯავრდებულის ხელმოწერით. მსჯავრდებული გასაგზავნ კორესპონდენციას, გარდა საჩივრების ყუთით გასაგზავნისა, გადასცემს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შესაბამის მოსამსახურეს, რომელიც უზრუნველყოფს კორესპონდენციის დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილებისთვის მიწოდებას.

13. დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება უზრუნველყოფს წერილობითი ხასიათის განცხადებებისა და მოთხოვნების რეგისტრაციას და არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა უგზავნის/აცნობს შესაბამის ადრესატს.

14. ცნობებს ახლო ნათესავის გარდაცვალების ან მძიმე ავადმყოფობის შესახებ მსჯავრდებულს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურე გადასცემს დაუყოვნებლივ.

15. მსჯავრდებულის  დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მის სახელზე მოსული წერილები  უბრუნდება გამომგზავნს.

16. ის განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები, რომლებიც შეეხება ამანათის ან ფულადი გზავნილის მიღების, ფულის განკარგვის, ხელფასის ჩარიცხვის, შრომასთან დაკავშირებულ, სამედიცინო დახმარების, მატერიალური უზრუნველყოფის, აგრეთვე ამ ხასიათის სხვა საკითხებს, ადგილზე განიხილავს და გადაწყვეტს დაწესებულების დირექტორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოცემული საკითხის გადაწყვეტა სხვა ორგანოს/პირის უფლებამოსილებას განეკუთვნება. ასეთ შემთხვევაში, დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უგზავნის კორესპონდენციას შესაბამის ადრესატს.

17. მსჯავრდებულის კორესპონდენცია მოწმდება. შემოწმება მოიცავს კორესპონდენციის ვიზუალურ დათვალიერებას, მისი შინაარსის გაცნობის გარეშე. ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა. აღნიშნული შეზღუდვის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს და კორესპონდენცია შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ეგზავნება.

18. ადრესატს არ მიეწოდება/არ ეგზავნება და უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს გადაეცემა კორესპონდენცია, რომლის შინაარსის გაცნობის შედეგად დადგინდა, რომ იგი:

ა) შეიცავს ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სისხლის სამართალწარმოების ინტერესებს;

ბ) შეიცავს ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ახალი დანაშაულის ჩადენას;

გ) შესრულებულია შიფრით;

დ) შეიცავს სახელმწიფო ან სხვა საიდუმლოების გასაჯაროების საფრთხეს;

ე) შეიცავს ინფორმაციას, რომლის გავრცელებამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას დაწესებულების, მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრის უსაფრთხოებას;

ვ) შეიცავს ინფორმაციას აკრძალული ნივთის მსჯავრდებულისთვის მიწოდების საშუალებების თაობაზე.

19. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია მსჯავრდებულის თანდასწრებით უნდა გაიხსნას. აღნიშნული კორესპონდენციის ვიზუალური დათვალიერება, მისი შინაარსის გაცნობის გარეშე უნდა განხორციელდეს.

20. დაწესებულების ნებისმიერ მოსამსახურეს ეკრძალება შეაჩეროს ან/და შეამოწმოს მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;

დ) საქართველოს პარლამენტის წევრი;

ე) სასამართლო;

ვ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო;

ზ) საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;

თ) საქართველოს სამინისტრო;

ი) სამსახური;

კ) საქართველოს სახალხო დამცველი;

ლ) ადვოკატი;

მ) საქართველოს პროკურატურა;

ნ) სამსახურის ადგილობრივი საბჭო.

 

მუხლი 39. სატელეფონო საუბარი

1. მსჯავრდებულს აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, რომელიც ხორციელდება მსჯავრდებულის ხარჯითა და დაწესებულების კონტროლით, მიყურადების გარეშე. საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზის (1481), საქართველოს პროკურატურის ცხელი ხაზის (0(32)2405222) და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის (0(32)2405599) მეშვეობით. მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება დაწესებულების ხარჯით.

2. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს შორის სატელეფონო საუბარი აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები (მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილი (ნაშვილები), გერი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, და, ძმა) არიან.

3. მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახის წევრთან სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობის თაობაზე მიმართავს დაწესებულების დირექტორს ამ უფლებით სარგებლობამდე 10 დღით ადრე.

4. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრთან სატელეფონო საუბრის უფლება მსჯავრდებულს შეიძლება შეეზღუდოს დაწესებულების დირექტორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.

5. დაწესებულების ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში განთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის სატელეფონო საუბარი − დღე-ღამეში 90 წუთით, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − 15 წუთით.

6. დაწესებულების დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში განთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – 15 წუთით, ხოლო, წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული 15 წუთით.

7. განსაკუთრებული გარემოების (მსჯავრდებულის ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულის ოჯახის წევრის დაბადების დღე, შვილის დაბადება, სხვა გარემოება) არსებობისას დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით მსჯავრდებულს შეიძლება მიენიჭოს დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლება, რომელიც ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი სატელეფონო საუბრის ხანგრძლივობით.

8. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული სატელეფონო საუბრის ლიმიტები არ ვრცელდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე. ცხელი ხაზის მეშვეობით სატელეფონო საუბრის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, 07:00 საათიდან 23:00 საათამდე, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებშიც.

9. მსჯავრდებულს სატელეფონო საუბრის უფლება ეზღუდება ადრესატის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირს დაზარალებულთან სატელეფონო საუბრის უფლება ეზღუდება დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

 

მუხლი 40. პაემანი

1. მსჯავრდებულის სრული იზოლაცია აკრძალულია.

2. მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს ხანმოკლე პაემნის უფლება პენიტენციური კოდექსის 120-ე მუხლის შესაბამისად.

3. მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს ხანგრძლივი პაემნის უფლება პენიტენციური კოდექსის 122-ე მუხლის შესაბამისად.

4. მსჯავრდებულს (გარდა პენიტენციური კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულისა – განსაკუთრებით საშიში პირებისა, რომელთა პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასა და გარშემომყოფთ) შეიძლება მიეცეს ვიდეოპაემნის უფლება პენიტენციური კოდექსის 123-ე მუხლის შესაბამისად.

5. პაემნის შეცვლა ხდება ამ დებულების 44-ე მუხლით განსაზღვრული წესით.

6. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს შორის პაემანი აკრძალულია.

 

მუხლი 41. ხანმოკლე პაემანი

1. მსჯავრდებულს, მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შეიძლება მიეცეს თავის ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისშვილი, ძმისშვილი და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება. აღნიშნულ პირებთან შეხვედრაზე დაწესებულების დირექტორის თანხმობა/მოტივირებული უარი მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.

2. დაწესებულების ნახევრად ღია ტიპის ნაწილში მოთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი.

3. დაწესებულების დახურული ტიპის ნაწილში მოთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი.

4. მსჯავრდებულს დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით, სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არ არის.

5. მსჯავრდებულს, ამ მუხლით განსაზღვრული რაოდენობის პაემნების გარდა, წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, ამ დებულებით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს აგრეთვე იმ პირთან საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არ არის.

 

მუხლი 42. ხანმოკლე პაემნით სარგებლობის წესი

1. მსჯავრდებულმა ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე არანაკლებ 5 დღით ადრე წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს დაწესებულების დირექტორს.     

2. ხანმოკლე პაემნის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, ამ დებულების მე-41 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი დაწესებულების დირექტორს წარუდგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე მსჯავრდებულთან ახლო ნათესაობის დამადასტურებელ დოკუმენტს ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა მიერ გაცემულ დოკუმენტს ან პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე მსჯავრდებულთან ბოლო 1 წლის განმავლობაში თანაცხოვრების და საერთო მეურნეობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს (სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ან/და სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტი). კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, დაწესებულება უფლებამოსილია განცხადება მიიღოს 5 დღიანი ვადის დაუცველად.

3. დაწესებულება ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა ორგანიზებას უწევს ხანმოკლე პაემანს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემაზე მოტივირებული უარის თქმის საფუძველი. ამ საფუძვლის არსებობის თაობაზე მსჯავრდებული იმავე დღეს უნდა იქნეს ინფორმირებული.

4. ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემის საკითხს წყვეტს დაწესებულების დირექტორი.

5. ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემაზე დაწესებულების დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.

6. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მსჯავრდებული სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტისა და პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს საზოგადოებრივი მისაღების სამმართველოს მოსამსახურეების დახმარებით, უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემანზე მოსასვლელი პირის მოწვევას.

7. დაწესებულებაში ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს მინის გამყოფი ბარიერის მიღმა. უშუალო შეხვედრის ფორმით ხანმოკლე პაემანი დაიშვება მხოლოდ დაწესებულების დირექტორის წერილობითი თანხმობით, ამისთვის გამოყოფილ სპეციალურ ოთახებში, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით.

8. ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემნის ხანგრძლივობა დაწესებულების მიერ შეიძლება შემცირდეს შეხვედრებზე მყოფი პირების მოთხოვნით.

9. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებისა და სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს მოსამსახურე ახორციელებს ხანმოკლე პაემნის მიმდინარეობის ვიზუალურ ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობას, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე მსჯავრდებულის და მასთან ხანმოკლე პაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.

10. ამ დებულების 41-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებთან ურთიერთობის კონტროლი ხორციელდება მისი პატივისა და ღირსების შეულახავად.

11. ხანმოკლე პაემნის უფლების განხორციელების ერთთვიანი საანგარიშო პერიოდი აითვლება მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების დაწყების დღიდან.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ერთთვიანი საანგარიშო პერიოდი გრძელდება მომდევნო თვის იმავე დღემდე. თუ მომდევნო თვეს არ აქვს იგივე დღე, მაშინ საანგარიშო პერიოდი დამთავრდება მომდევნო თვის ბოლო დღეს. საანგარიშო პერიოდში ჩაითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულებს არ ჰქონდათ ხანმოკლე პაემანი მოსაცდელ ან შიდა კლასიფიკაციის საკანში ყოფნისას, სტიქიურ უბედურებებთან ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელს უშლიან დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.

13. ხანმოკლე პაემანზე მსჯავრდებული შეიძლება ერთდროულად შეხვდეს არაუმეტეს 2 სრულწლოვან პირს, რომელთაც შეიძლება ახლდნენ ამ დებულების მე-41 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არასრულწლოვნებიც. ხანმოკლე პაემანზე მიმსვლელ პირთა ზღვრულ ოდენობას, არსებული პირობების გათვალისწინებით, განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი, მსჯავრდებულის უსაფრთხოების, დაწესებულების რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე.

14. ხანმოკლე პაემანზე მსჯავრდებული უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მითითებები.

15. აკრძალული ნივთის დაწესებულებაში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, მსჯავრდებული ხანმოკლე პაემნის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გადის პირად არასრულ შემოწმებას.

16. შეხვედრაზე მოსულ პირს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურე განუმარტავს ხანმოკლე პაემნის ჩატარების წესს. შეხვედრაზე მოსული პირი აკრძალულ ნივთებს შესანახად ხელწერილით აბარებს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილ მოსამსახურეებს.

17. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ხანმოკლე პაემანზე მოსულ პირს განზრახული აქვს დაწესებულებაში შეიტანოს აკრძალული ნივთი ან დაწესებულებიდან გაიტანოს არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობები, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურე ამ პირს განუცხადებს, რომ მას დაწესებულებაში შესვლის ან დაწესებულებიდან გასვლის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანხმობას განაცხადებს მისი კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმების შედეგად გადამალული საგნების, ნაკეთობების ან ნივთიერებების აღმოჩენისას, რომელთა დაწესებულებაში შეტანა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე ხანმოკლე პაემანზე მოსულ პირს დროებით შეაჩერებს, რაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება სამსახურსა და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად.

18. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება აწარმოებს მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემნების აღრიცხვის ბარათს (დანართი №11), რომელიც დახურვის შემდგომ ინახება მსჯავრდებულის პირად საქმეში.

 

მუხლი 43. ხანმოკლე პაემნის უფლების შეწყვეტა და შეჩერება

1. ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურების ან სხვა განსაკუთრებული გარემოების არსებობისას, რაც ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, ხანმოკლე პაემანზე მოსული პირების, მსჯავრდებულის მიერ ამ დებულების მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას ხანმოკლე პაემნები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს.

2. შესაბამისი მოსამსახურე, რომელიც ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით აკვირდება ხანმოკლე პაემანს, უფლებამოსილია დაუყოვნებლივ მოითხოვოს ხანმოკლე პაემნის შეწყვეტა გამოძიებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.

3. ხანმოკლე პაემნის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ვიზუალური მეთვალყურეობისას დაწესებულების მოსამსახურე წერილობით ან ზეპირსიტყვიერად მოახსენებს დაწესებულების დირექტორს, ხოლო ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისას სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს მოსამსახურე – დაწესებულების დირექტორსა და სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს. მოხსენებით ბარათში მიეთითება ხანმოკლე პაემნის შეწყვეტის მიზეზის თაობაზე.

 

მუხლი 44 . პაემნის შეცვლა

1. მსჯავრდებულს შეიძლება შეეცვალოს:

ა) ხანმოკლე პაემანი − სატელეფონო საუბრით ან ვიდეოპაემნით;

ბ) ხანგრძლივი პაემანი − ხანმოკლე პაემნით, ვიდეოპაემნით ან სატელეფონო საუბრით.

2. მსჯავრდებულს, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს ხანმოკლე პაემნის ან ხანგრძლივი პაემნის უფლებით, შეუძლია ამ უფლების შეცვლის თხოვნით, მოტივირებული წერილობითი განცხადებით, მიმართოს დაწესებულების დირექტორს. ამ თხოვნის უფლება მსჯავრდებულს არ აქვს თუ მან უარი მიიღო ხანმოკლე პაემნის ან ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელებაზე.

3. განცხადებაში აღინიშნება ტელეფონზე მოსაუბრე პირის ან პაემანში მონაწილე პირის ვინაობა და სხვა საჭირო ინფორმაცია მის შესახებ.

4. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში სატელეფონო საუბარი, ხანმოკლე პაემანი და ვიდეოპაემანი ხორციელდება ამ დებულებითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

 

მუხლი 45. ხანგრძლივი პაემანი

შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, მსჯავრდებულის ხანგრძლივი პაემანი ხორციელდება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის“ შესაბამისად.

 

მუხლი 46. ვიდეოპაემანი

შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, მსჯავრდებულის ვიდეოპაემანი ხორციელდება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ვიდეოპაემნით განხორციელების წესის“ შესაბამისად.

 

მუხლი 47. დაწესებულების დროებით დატოვება და დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა

მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვების წესი, აგრეთვე მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის წესი განისაზღვრება პენიტენციური კოდექსითა და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციური დაწესებულების დროებითი დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესით“.

 

მუხლი 48. დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ხანმოკლე პაემნით ან სატელეფონო საუბრით შეცვლა

1. მსჯავრდებული, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლით, შეუძლია ამ უფლების ხანმოკლე პაემნით ან სატელეფონო საუბრით შეცვლის თხოვნით, მოტივირებული წერილობითი განცხადებით, მიმართოს დაწესებულების დირექტორს. ამ თხოვნის უფლება მსჯავრდებულს არ აქვს თუ მან უარი მიიღო დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლების განხორციელებაზე.

2. განცხადებაში აღინიშნება ხანმოკლე პაემანზე მომსვლელი პირის ვინაობა და სხვა საჭირო ინფორმაცია მის შესახებ. ამ შემთხვევაში, ხანმოკლე პაემანზე დაიშვება მხოლოდ პაემნის უფლების მქონე პირი.

3. განცხადებაში აღინიშნება ტელეფონზე მოსაუბრე პირის ვინაობა და სხვა საჭირო ინფორმაცია მის შესახებ.

4. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხანმოკლე პაემანი და სატელეფონო საუბარი ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.

 

მუხლი 49. საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში ან ტერორიზმში მსჯავრდებული პირისთვის უფლების (უფლებების) შეზღუდვა

1. სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVII ან XXXVIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენაში:

ა) მსჯავრდებულ პირს შეიძლება შეეზღუდოს მიმოწერის უფლება, სატელეფონო საუბრის უფლება, ხანმოკლე პაემნის უფლება, ხანგრძლივი პაემნის უფლება, აგრეთვე განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დაწესებულების დროებით დატოვების უფლება;

ბ) მსჯავრდებულ პირს, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების (უფლებების) გარდა, შეიძლება შეეზღუდოს აგრეთვე ვიდეოპაემნის უფლება, დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების დირექტორი პენიტენციური კოდექსის 1261 მუხლით დადგენილი წესითა და ვადით.

3. შესაბამისი უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ დაწესებულების დირექტორის ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მსჯავრდებულს გადაეცემა მისი მიღებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე.

5. შესაბამისი უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ დაწესებულების დირექტორის ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. დაწესებულების დირექტორის აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

6. შესაბამისი უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ დაწესებულების დირექტორის ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება უქმდება პენიტენციური კოდექსის 1261 მუხლით დადგენილი წესით.

 

მუხლი 50. რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების განხორციელება

მსჯავრდებულის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის და სასულიერო პირებთან შეხვედრის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

 

მუხლი 51. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გაცნობა

1. მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობის უფლება. დაწესებულებაში, როგორც წესი, ხორციელდება რადიო- და ტელეტრანსლაცია. დაწესებულებაში მსჯავრდებულმა შეიძლება ისარგებლოს აგრეთვე ელექტრონული სარეაბილიტაციო საგანმანათლებლო პროგრამით.

2. მსჯავრდებულს, გარდა იმ მსჯავრდებულისა, რომელსაც შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა ან/და, რომელიც მოთავსებულია სამარტოო საკანში, შეიძლება მიეცეს სამუშაოსგან თავისუფალ დროს, ამ დებულებით დადგენილი წესით რადიოტრანსლაციის მოსმენისა და ტელეტრანსლაციის ნახვის უფლება.

3. მსჯავრდებულს ან მსჯავრდებულთა ჯგუფს უფლება აქვს, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს პირადი რადიომიმღები ან/და ტელევიზორი. მსჯავრდებულმა ან მსჯავრდებულთა ჯგუფმა აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით. აღნიშნულ მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს მის საბაზრო ღირებულებას.

4. თუ მსჯავრდებულის მიერ პირადი რადიომიმღების ან/და ტელევიზორის გამოყენებით ირღვევა ეს დებულება და სხვა მსჯავრდებულთა სიმშვიდე, დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მსჯავრდებულს ჩამოართვას აღნიშნული ტექნიკა და ის მის ახლო ნათესავს გადასცეს. თუ მსჯავრდებულს ახლო ნათესავი არ ჰყავს, ეს ტექნიკა დაწესებულებაში ინახება.

5. მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუძლია საკუთარი სახსრებით, გონივრული ოდენობით გამოიწეროს სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, რელიგიური და მხატვრული ლიტერატურა, ჟურნალ-გაზეთები, მიიღოს საწერი საშუალებები, გარდა აკრძალული ნივთებისა.

 

მუხლი 52. ადვოკატთან შეხვედრა

1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.

2. მსჯავრდებულს უფლება აქვს შეუზღუდავად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე, შეხვდეს თავის ადვოკატს, რომელიც ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ საადვოკატო საქმიანობას. დაწესებულების მოსამსახურე უფლებამოსილია მსჯავრდებულის ადვოკატთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.

3. მსჯავრდებულის ადვოკატთან შეხვედრა არ შედის პენიტენციური კოდექსითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ პაემნების რაოდენობაში.

4. სამსახურმა და დაწესებულებამ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა უზრუნველყოს მსჯავრდებულის ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელება.

5. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს მსჯავრდებულის ადვოკატთან შეხვედრის უსაფრთხოების დაცვა, მიიღოს და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები და ღონისძიებები.

6. მსჯავრდებული შეხვედრაზე უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს შესაბამისი უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მითითებები.

7. აკრძალული ნივთის დაწესებულებაში ფარულად მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, მსჯავრდებული შეხვედრის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გადის შესაბამის შემოწმებას.

8. დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე შეხვედრაზე მოსულ ადვოკატს განუმარტავს შეხვედრის ჩატარების წესს. შეხვედრაზე მოსული ადვოკატი აკრძალულ ნივთებს შესანახად, ხელწერილით აბარებს დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს.

9. ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რაც ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, ადვოკატის, მსჯავრდებულის მიერ ამ დებულების მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას შეხვედრები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს.

10. მსჯავრდებულთან ადვოკატის შეხვედრა შეიძლება შეწყდეს ადვოკატის მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, რის შესახებაც დაწესებულების მოსამსახურის მიერ დგება შესაბამისი ოქმი, რომელიც გადაეგზავნება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას. ხოლო დაწესებულების მოსამსახურის მიერ მიეთითება ადვოკატს დაუყოვნებლივ დატოვოს დაწესებულების ტერიტორია.

11. მსჯავრდებულის მიერ ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

 

მუხლი 53. უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე მსჯავრდებულის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულებისა წარმომადგენელთან შეხვედრა და ურთიერთობა

1. მსჯავრდებულს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, უფლება აქვს, შეუზღუდავად შეხვდეს თავისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენელს ან იმ ქვეყნის უფლებამოსილ დიპლომატიურ წარმომადგენელს, რომელიც საქართველოში მისი ქვეყნის ინტერესების დაცვას ითავსებს. მსჯავრდებულს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა ან მოქალაქეობის არმქონე პირია, უფლება აქვს, ურთიერთობა ჰქონდეს თავისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებასთან.

2. იმ სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება არ აქვს, უფლება აქვს, ურთიერთობა ჰქონდეს იმ სახელმწიფოს წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებასთან, რომელმაც მისი ინტერესების დაცვა საკუთარ თავზე აიღო, ან იმ სახელმწიფოთაშორის ორგანოსთან, რომელიც მის ინტერესებს იცავს.

3. დაწესებულება ხელს უწყობს მსჯავრდებულს ურთიერთობა ჰქონდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ პირებთან.

4. შეხვედრა მიმდინარეობს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის მხოლოდ ვიზუალური კონტროლით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კონტროლი უნდა განხორციელდეს მსჯავრდებულის პატივისა და ღირსების შეულახავად.

5. დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე შეხვედრაზე მოსულ პირს განუმარტავს შეხვედრის ჩატარების წესს. შეხვედრაზე მოსული პირი დაწესებულებაში აკრძალულ ნივთებს, შესანახად, ხელწერილით აბარებს დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს.

6. მსჯავრდებული შეხვედრაზე უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს შესაბამისი უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მითითებები.

7. აკრძალული ნივთის დაწესებულებაში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, მსჯავრდებული შეხვედრის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გადის პირად არასრულ შემოწმებას.

8. შეხვედრა ხორციელდება სპეციალურ ოთახებში.

9. შეხვედრის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ გარკვეული დროით, თუ არსებობს შეხვედრის უზრუნველყოფისთვის დამაბრკოლებელი ობიექტური გარემოებები, რაც დაკავშირებულია თავად დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენლის უსაფრთხოებასთან. შეხვედრა შედგება ასეთი გარემოებების აღმოფხვრისთანავე.

10. ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურების ან სხვა განსაკუთრებული გარემოების არსებობისას, რაც ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, შეხვედრაზე მოსული პირის, მსჯავრდებულის მიერ ამ დებულების მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას შეხვედრები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს.

 

მუხლი 54. დაწესებულებაში გარეშე პირების შეხვედრა მსჯავრდებულთან

1. დაწესებულებაში მსჯავრდებულთან გარეშე პირის შესახვედრად შესვლა ხორციელდება მსჯავრდებულის თანხმობით, სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, გარდა პენიტენციური კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, როდესაც საფრთხე ექმნება მსჯავრდებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მართლმსაჯულების განხორციელებას ან სხვა სამართლებრივ სიკეთეებს, სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, დაწესებულებაში მსჯავრდებულთან გარეშე პირის შესახვედრად შესვლა შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დროის პერიოდის დაუცველად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს პატაკით მიაწოდოს ინფორმაცია განხორციელებული ვიზიტის შესახებ. სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი მიღებულ ინფორმაციას მომდევნო სამუშაო დღეს აწვდის სამსახურის გენერალურ დირექტორს.

4. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება პენიტენციური კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირებზე, სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადის წევრებსა და დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიებისთვის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებების ჩასატარებლად შესულ პირებზე.

 

მუხლი 55. განათლება

1. დაწესებულება ვალდებულია შექმნას პირობები მსჯავრდებულის მიერ ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მისაღებად.

2. დაწესებულება ვალდებულია მოაწყოს ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში უნდა იყოს როგორც საგანმანათლებლო ლიტერატურა, ისე პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო კანონმდებლობა მსჯავრდებულისთვის გასაგებ ენაზე.

3. მსჯავრდებულს, რომელმაც არ იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, უნდა შეექმნას პირობები მის შესასწავლად.

4. დაწესებულება ხელს უწყობს მსჯავრდებულს ექსტერნატის ფორმით, აგრეთვე ერთიან ეროვნულ გამოცდებში, საერთო სამაგისტრო გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობას.

5. მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში მიღებული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტში (დიპლომი, სერტიფიკატი, ატესტატი და სხვა) არ მიეთითება ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია, როგორც ნასამართლევის აგრეთვე ყოფილი მსჯავრდებულის, იდენტიფიცირება.

 

მუხლი 56. ზოგადი განათლება

1. მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიწოდება ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ დამტკიცებული საგანმანათლებლო პროგრამით. ეს პროგრამა უნდა უზრუნველყოფდეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევას. ამ პროგრამაზე არ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და საათობრივი ბადე.

3. დაწესებულებაში ზოგადი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისგან განსხვავებული წესით.

 

 მუხლი 57. პროფესიული განათლება

1. დაწესებულებაში მსჯავრდებულს უნდა შეექმნას პირობები პროფესიული განათლების მისაღებად.

2. მსჯავრდებულის მიერ პროფესიული განათლების მიღების დროს უპირატესობა ენიჭება იმ პროფესიებს, რომელთა შესწავლაც დაწესებულებაშია შესაძლებელი.

3. მსჯავრდებულის მიერ პროფესიული განათლების მიღების წესი და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

 

მუხლი 58. უმაღლესი განათლება

მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე განათლების მიღების უფლებით. მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე განათლების მიღების წესი და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

 

მუხლი 59. შრომა და სამუშაოზე განაწილება

1. მსჯავრდებულის შრომითი საქმიანობა ხორციელდება პენიტენციური კოდექსით, ამ დებულებითა და საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. აკრძალულია მსჯავრდებულის იძულება, შეასრულოს ისეთი სამუშაო, რომელიც ლახავს ადამიანის პატივსა და ღირსებას.

2. მსჯავრდებული შეიძლება დასაქმდეს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში.

3. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში, როგორც წესი, დასაქმებული უნდა იყოს მხოლოდ მსჯავრდებული. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა ისეთი სამუშაოს შესრულება, რომლის შესაბამისი კვალიფიკაცია მსჯავრდებულს არ აქვს, ან როდესაც ასეთი კვალიფიკაციის მსჯავრდებულის მოკლე დროში მომზადება შეუძლებელია, ან როდესაც სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა დაწესებულების ტერიტორიიდან სისტემატური გასვლა, შესაძლებელია, საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ იქნეს პირი, რომელიც არ არის მსჯავრდებული.

4. საწარმოსა და სამსახურს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც საწარმო იღებს ვალდებულებას, რომ ის საქმიანობას განახორციელებს ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ასეთივე ვალდებულება ეკისრება საწარმოში დასაქმებულ მსჯავრდებულს. ეს ვალდებულება უნდა აისახოს მის მიერ საწარმოსთან დადებულ შრომით ხელშეკრულებაში.

5. მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების მიერ შეთავაზებული სამუშაოებიდან ამოარჩიოს მისთვის შესაფერისი სამუშაო.

6. დაწესებულება და დამსაქმებელი ვალდებულები არიან მსჯავრდებულს შეუქმნან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო შრომის პირობები. მსჯავრდებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა, შრომის, უსაფრთხოებისა და საწარმოს სანიტარიული წესები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.

7. მსჯავრდებული შესრულებული სამუშაოსთვის იღებს ხელფასს საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად. მსჯავრდებულისთვის შრომის ანაზღაურების მიცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

8. მსჯავრდებულს ხელფასი ერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე. მას ხელფასის სრული განკარგვის უფლება მიეცემა გათავისუფლებისას. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ეს თანხა თავისი შეხედულებისამებრ გადაუგზავნოს ახლო ნათესავებსა და სხვა პირებს.

9. შრომის პირობების გათვალისწინებით მსჯავრდებულთა ქცევის წესებს დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოო ობიექტებზე განსაზღვრავს მინისტრი. ეს წესები არეგულირებს მსჯავრდებულთა სამუშაოზე მისვლას, საამქროთა უფროსების ან ოსტატების მიერ ინსტრუქტაჟის ჩატარებას, მუშაობის შედეგების შეჯამებას, სამუშაო ადგილების ჩაბარებას და სხვა საკითხებს.

10. იმ სამუშაოთა ჩამონათვალი, რომელთა შესასრულებლად მსჯავრდებულის დასაქმება აკრძალულია, განისაზღვრება ამ დებულების №5 დანართის შესაბამისად.

11. მსჯავრდებული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით შეიძლება ჩაირიცხოს სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესის“ შესაბამისად.

 

მუხლი 60. ინდივიდუალური საქმიანობა

1. მსჯავრდებულს უფლება აქვს დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით ახორციელებდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და დაწესებულების ხელშეწყობით ახდენდეს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციას.

2. მსჯავრდებულის მიერ ინდივიდუალური საქმიანობის განხორციელება, როგორც წესი, ხდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, რის თაობაზეც დაწესებულების დირექტორი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.

3. ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია ხორციელდება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის გაწევის წესით“.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური საქმიანობა შეიძლება იყოს:

ა) ხატწერა/ხატის შექმნა;

ბ) ფსკვნილისა და სხვა საეკლესიო ნაკეთობების დამზადება;

გ) ხატვა;

დ) პურის გულზე, პლასტილინსა და პოლიეთილენზე მუშაობა;

ე) თიხის ნაკეთობებზე მუშაობა;

ვ) ქვისა და ხის მხატვრული დამუშავება;

ზ) დურგლობა.

5. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ჩამონათვალისა, მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს სხვა საქმიანობის უფლება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, სამსახურის გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით.

 

თავი V

რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია

 

მუხლი 61. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია

1. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია არის მსჯავრდებულისთვის საზოგადოების, სხვა ადამიანების, ზნეობის ნორმებისა და ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესების პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება.

2. მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ძირითადი საშუალებებია:

ა) დადგენილი წესით სასჯელის მოხდა;

ბ) მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება;

გ)დასაქმება;

დ) ზოგადი განათლების, პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების მიღება;

ე) პროფესიული მომზადება და გადამზადება;

ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობა.

3. მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საშუალებები გამოიყენება მისთვის დანიშნული სასჯელის სახის, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, აგრეთვე მსჯავრდებულის პიროვნების, ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ქცევის გათვალისწინებით.

4. მსჯავრდებულის რესოციალიზაციას სამსახური და დაწესებულება უზრუნველყოფენ სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურეებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა პირების მეშვეობით.

5. მსჯავრდებულთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი.

 

მუხლი 62. სარეაბილიტაციო პროგრამების ამოცანები

1. დაწესებულებაში მსჯავრდებულთან ტარდება სარეაბილიტაციო მუშაობა, რომლის მიზანია:

ა) მსჯავრდებულისთვის კანონის, სხვა ადამიანების, შრომის, ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისა და ნორმების პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება;

ბ) დაწესებულებაში მსჯავრდებულთა შორის ნორმალური ფსიქოლოგიური ატმოსფეროს შექმნა;

გ) მსჯავრდებულის განათლებისა და პროფესიული დონის ამაღლება;

დ) მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის მომზადება;

ე) სხვადასხვა დამოკიდებულების მქონე პირთა რეაბილიტაცია.

2. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა გათვალისწინებული იქნება მსჯავრდებულის გამოსწორების ხარისხის შეფასებისას და მის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენებისას.

 

მუხლი 63. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზება

1. დაწესებულებაში მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამას ორგანიზებას უწევს დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი.

2. სამსახური მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიზნით თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებსა და სხვა ორგანიზაციებთან.

3. დღის განრიგი უნდა ითვალისწინებდეს მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულის მონაწილეობის დროს.

4. მსჯავრდებული მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამაში მისი თანხმობით მონაწილეობს.

5. მსჯავრდებულთან სარეაბილიტაციო მუშაობა ტარდება მისი პიროვნული თვისებებისა და ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით.

6. დაწესებულებაში მყოფ სრულწლოვან მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით, შესაბამისი რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესი (შემთხვევის მართვის წესი) მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

7. დაწესებულებაში ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის განხორციელების წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

8. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამის ორგანიზებისთვის დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საჭიროების შემთხვევაში მოიწვევიან სათანადო სპეციალისტები.

9. ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირის რეაბილიტაციის მიზნით, სამსახურის ორგანიზებით ტარდება ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსები. სამსახური ამ კურსებს ორგანიზებას უწევს სახელმწიფო უწყებებსა და სხვა დაინტერესებულ და შესაბამის სფეროში საქმიანობის გამოცდილების მქონე ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

 

თავი VI

მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა

 

მუხლი 64. სამედიცინო მომსახურება

1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით. მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების გაწევის სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროების მქონე პირისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის დამატებითი სტანდარტების, პრევენციული მომსახურების პაკეტისა და სამედიცინო მომსახურებისთვის აუცილებელი საბაზისო მედიკამენტების ნუსხით“ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის მეშვეობით.

2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების შესაბამისი მოსამსახურეები.

3. დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. ამ შემოწმების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა, რომელიც მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათში ინახება.

4. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოწმდება არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

5. მსჯავრდებულთა მიღება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში ხორციელდება მათი საჭიროებიდან გამომდინარე, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეების დაუსწრებლად, გამონაკლისია, როდესაც ექიმი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ითხოვს ასეთი პირის დასწრებას კონსულტაციის მიმდინარეობისას.

6. ექიმი ვალდებულია დადგენილ ვადებში მოახდინოს მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმება და მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის საშიში პირობების არსებობის შემთხვევაში აცნობოს დაწესებულების მთავარ ექიმსა და დაწესებულების დირექტორს.

7. დაწესებულებაში მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას მის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. თუ მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამედიცინო პერსონალი შეამჩნევს მას რაიმე ფიზიკურ დაზიანებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღნიშნული პაციენტის მიმართ შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის განხორციელების ეჭვს აღუძრავდა, მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმება ხორციელდება მისი თანხმობის არსებობის გარეშეც. დაწესებულებაში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად მსჯავრდებულის დაზიანების აღრიცხვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“.

8. დაავადებულ მსჯავრდებულს უტარდება გადაუდებელი მკურნალობა.

9. მსჯავრდებულს ამბულატორიული დახმარება აღმოეჩინება, როგორც წესი, საექიმო-სამედიცინო პუნქტში, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში საერთო საცხოვრებელში/საკანში. მედიკამენტების გაცემა ხდება ექიმის დანიშნულებით. მსჯავრდებულის მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტის პერორალური მიღება ხორციელდება უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის თანდასწრებით, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10. საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. მოთხოვნის შემთხვევაში მსჯავრდებულს აქვს დაწესებულების მიერ შეძენილზე მეტი ღირებულების ან ანალოგიური თვისებების მქონე სამკურნალო საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენის უფლება.

11. დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, მსჯავრდებულს უფლება აქვს სამსახურის გენერალური დირექტორის ნებართვით დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების მიღების მიზნით, საკუთარი სახსრებით მოიწვიოს პირადი ექიმი. დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების მიღება განხორციელდება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის პირობებში.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობისთვის მსჯავრდებული შესაბამისი დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავს გენერალურ დირექტორს. განცხადებაში აღინიშნება შესაბამისი ექიმ-სპეციალისტის ვინაობა და დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სახეობა. საკითხის გადაწყვეტისას გაითვალისწინება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმის აზრი.

13. განცხადების განხილვის შემდეგ განისაზღვრება ექიმ-სპეციალისტის მოწვევის დრო.

14. ექიმ-სპეციალისტის მოწვევისას მოწმდება, აქვს თუ არა მას შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის უფლება.

15. დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სახეობა და მისი მოცულობა ფიქსირდება მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათში.

16. თუ მსჯავრდებულის მკურნალობა დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შეუძლებელია, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

17. დაწესებულებაში ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიისა და პანდემიის მართვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ნორმებისა და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

მუხლი 65. სანიტარიულ-პროფილაქტიკური დახმარების ორგანიზება

1. დაწესებულებაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ნორმებისა და მოთხოვნების შესრულება. დაწესებულებაში მიყვანილი ყველა მსჯავრდებული გადის კომპლექსურ სანიტარიულ პროცედურებს, რომელიც მოიცავს სადეზინფექციო საკანში ტანსაცმლის გარეცხვასა და დამუშავებას.

2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმი ვალდებულია რეგულარულად შეამოწმოს:

ა) მსჯავრდებულებისთვის გასაცემი საკვების ხარისხი და ოდენობა, მათი მომზადების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები ყოველ ჯერზე;

ბ) დაწესებულების ტერიტორიისა და ნაგებობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა (ყოველდღე);

გ) მსჯავრდებულთა ტანსაცმლის/ფეხსაცმლის და საწოლის თეთრეულის მდგომარეობა სეზონის პირობებთან შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმებებისას დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით ეცნობება დაწესებულების დირექტორს.

4. თუ დაწესებულების დირექტორი ჩათვლის, რომ ექიმის მიერ გამოვლენილ დარღვევათა აღმოფხვრა დაწესებულების შესაძლებლობებს აღემატება, იგი ვალდებულია მიმართოს სამსახურს. მიმართვას უნდა დაერთოს დაწესებულების ექიმის წერილი.

 

მუხლი 66. მსჯავრდებულისთვის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება

 1. თუ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სამართალწარმოება დასრულებულია, ფსიქიკური აშლილობის ნიშნები აღენიშნება და სამსახურის ფსიქიატრიული კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს მისთვის არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევას, დაწესებულების დირექტორი სამსახურის ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას მსჯავრდებულისთვის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით.

2. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება მსჯავრდებულისთვის არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის აუცილებლობა, 48 საათში მიმართოს სასამართლოს მისთვის არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის თაობაზე.

 

თავი VII

დაწესებულებაში შესვლა

 

მუხლი 67. ტერმინთა განმარტება

ამ თავის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შემოწმების ზონა – დაწესებულებაში სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც ხორციელდება დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამსვლელი პირების პირადი შემოწმება და მიღებული ამანათების შემოწმება;

ბ) პირადი არასრული შემოწმება – პირის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოწმება/დათვალიერება, მისი გაშიშვლების გარეშე;

გ) პირადი სრული შემოწმება – პირის შემოწმება სკანერის ან/და დათვალიერების მეთოდის გამოყენებით;

დ) სრული შინაგანი შემოწმება – სამედიცინო პერსონალის მიერ პირის სხეულის შინაგანი შემოწმება;

ე) დათვალიერების მეთოდი – პირის სხეულის (გარდა სრული შინაგანი შემოწმებისა), ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.

 

მუხლი 68. დაწესებულებაში შესვლის უფლება

1. დაწესებულების მოსამსახურეები დაწესებულებაში შედიან სამსახურებრივი მოწმობის მეშვეობით.

2. სამინისტროსა და სამსახურის მოსამსახურეები დაწესებულების ტერიტორიაზე შედიან:

ა) მინისტრის, სამსახურის გენერალური დირექტორის, სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილის, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მიერ გაცემული ერთჯერადი ნებართვით;

ბ) მინისტრის, სამსახურის გენერალური დირექტორის, სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილის, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მიერ გაცემული მრავალჯერადი ნებართვით.

3. ნებისმიერი პირი, გარდა სამინისტროს, სამსახურისა და დაწესებულების მოსამსახურეებისა, დაწესებულებაში შესასვლელად საჭიროებს სპეციალურ საშვს, რომელსაც ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის გასცემს დაწესებულების დირექტორი ან მისი მოადგილე.

4. დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია კონკრეტული პირისთვის გაიცეს მრავალჯერადი ვადიანი სპეციალური საშვი. მრავალჯერად საშვს გასცემს დაწესებულების დირექტორი.

5. დაწესებულებაში შემსვლელი პირები გაივლიან შემოწმებას/დათვალიერებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. დაწესებულებაში შემსვლელი პირების შემოწმებას/დათვალიერებას ახორციელებს №17 განყოფილების უფლებამოსილ მოსამსახურეთაგან შემდგარი ჯგუფი (შემდგომ − ჯგუფი).

7. დაუშვებელია დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიო-ვიდეოტექნიკისა და ფიქსაციისთვის განკუთვნილი სხვა სახის ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა. სპეციალურ ნებართვას გასცემს სამსახურის გენერალური დირექტორი, გარდა ამ მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

8. მსჯავრდებულის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება ან მასთან ინტერვიუს ჩაწერა შეიძლება მხოლოდ მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება პენიტენციური კოდექსით გათვალისწინებულ ვიზუალურ და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობაზე.

10. ამ მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება აგრეთვე სამსახურის მიერ განხორციელებულ გადაღებაზე. გადაღების შესახებ მსჯავრდებულის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა.

11. დაწესებულება უფლებამოსილია, განახორციელოს მსჯავრდებულის ფოტო-ვიდეოგადაღება მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

12. დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ან/და სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, მინისტრის მიერ დადგენილი წესით გასცეს სპეციალური წერილობითი ნებართვა დაწესებულებაში იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის თაობაზე, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და სარგებლობა მსჯავრდებულს ეკრძალება და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

13. საქართველოს სახალხო დამცველი, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის წინასწარი წერილობითი თანხმობით − სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილია, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესისა და სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, დაწესებულებაში განახორციელოს მსჯავრდებულთა ან/და მათი უშუალო განთავსების პირობების ფოტოგადაღება მხოლოდ მსჯავრდებულთა წერილობითი თანხმობით.

14. საქართველოს სახალხო დამცველი/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილია განახორციელოს დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გასეირნების ადგილების, დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტების, კვების ობიექტების, საერთო სარგებლობის საშხაპეების, საერთო სარგებლობის საპირფარეშოების და შეხვედრების ოთახების ფოტოგადაღება.

15. დაწესებულების მოსამსახურე უფლებამოსილია ამ მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებულ პირს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ფოტოგადაღების რეჟიმის შემოწმება ვიდეოგადაღების თავიდან ასაცილებლად, ხოლო ვიდეოგადაღების რეჟიმის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღკვეთოს იგი.

16. საქართველოს სახალხო დამცველი, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილია მსჯავრდებულს შეხვდეს სპეციალურ ოთახში, სადაც პენიტენციური კოდექსის 58-ე მუხლით გათვალისწინებული ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი არ ხორციელდება. სპეციალურ ოთახში მაგიდა და სკამი უნდა იყოს მყარად შეკრული და იატაკზე ან კედელზე დამონტაჟებული კონსტრუქცია, რომლის გადაადგილება სპეციალური იარაღის დახმარების გარეშე შეუძლებელია. სპეციალური ოთახი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაციით და გათბობით.

17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული შეხვედრის მიმდინარეობისას დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის უსაფრთხოება.

18. სამსახურთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე დაწესებულების ტერიტორიაზე გარკვეული მიზნით მყოფი ორგანიზაციების წარმომადგენლების (გარდა სპეციალური პრევენციული ჯგუფისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ორგანიზაციების წარმომადგენლებისა) ქცევის წესები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

 

მუხლი 69. დაწესებულებაში შესვლა

1. სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს მოსამსახურე საზოგადოებრივი მისაღებიდან საკონტროლო-გამშვები პუნქტის მიმართულებით გაატარებს:

ა) სამინისტროს, სამსახურისა და დაწესებულების მოსამსახურეებს – სამსახურებრივი მოწმობით;

ბ) გამომძიებლებს – სამსახურებრივი მოწმობითა და შესაბამისი საშვით;

გ) პაემანზე მისულ პენიტენციური კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირებს, დაწესებულების მოსამსახურის თანხლებით, თუ მათ აქვთ დაწესებულების დირექტორის წერილობითი ნებართვა, აგრეთვე ამ დებულების 68-ე მუხლის საფუძველზე გაცემული საშვი;

დ) სხვა პირებს, რომლებიც თავიანთი სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე უნდა შევიდნენ დაწესებულებაში – ერთჯერადი ან დროებითი საშვითა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით.

2. გამშვებ დერეფანში პირების გაშვებისას, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურე იცავს შემდეგ თანმიმდევრობას:

ა) აღებს პირველ შემსვლელ კარს, შეუშვებს გამშვებ დერეფანში პირს და დაკეტავს კარს;

ბ) ამოწმებს საშვს და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, დარწმუნდება მათ სისწორესა და კუთვნილებაში წარმდგენი პირის მიმართ;

გ) გამოჰკითხავს პირს აქვს თუ არა მას იარაღი. თუ პირს იარაღი აქვს, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურე მოახსენებს უშუალო უფროსს, მისი ბრძანებით ინახავს იარაღს შესაბამის დაცულ ადგილას და სანაცვლოდ აძლევს პირს შესაბამის ნომერს. იარაღის მიღება/გაცემა რეგისტრირდება სათანადო ჟურნალში (დანართი №14);

დ) სთავაზობს პირს დატოვოს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ჩანთა, პორტფელი, ფული, მობილური ტელეფონი და სხვა ნივთები; გააღებს მეორე შემსვლელ კარს, გაატარებს მოსულ პირს და დაკეტავს კარს. თუ სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილ მოსამსახურეს გაშვების სისწორეში ეჭვი შეეპარება, იგი საშვის (დოკუმენტის) დაბრუნების გარეშე მოახსენებს უშუალო უფროსს და შემდეგ იმოქმედებს მისი მითითებით;

ე) არ დაუშვებს გამშვებ დერეფანში 3 პირზე მეტის ყოფნას, დაწესებულებიდან გამსვლელი და დაწესებულებაში შემსვლელი პირების ერთად ყოფნას, აგრეთვე მსჯავრდებულთა და სხვა პირების ერთდროულ გაშვებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსჯავრდებულს ახლავს მოსამსახურე.

3. პირს, რომელიც შედის დაწესებულებაში, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურე ართმევს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და გადასცემს საშვს, ხოლო გამოსვლისას უბრუნებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს. დაწესებულებაში ერთჯერადი საშვით შემსვლელ პირს, აგრეთვე პენიტენციური კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირს, რომელიც ხანმოკლე პაემანზეა მოსული, ჩამოერთმევა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაეცემა საშვი (საკონტროლო ტალონის მოხევის შემდეგ), გამოსვლისას უბრუნდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ჩამოერთმევა საშვი. პირს, რომელმაც დაწესებულებიდან გამოსვლის დროს გადაამეტა, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურე შეაჩერებს დროის გადამეტების მიზეზის გარკვევამდე.

4. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ საკონტროლო-გამშვებ პუნქტში გამსვლელ პირს განზრახული აქვს დაწესებულებაში შეიტანოს აკრძალული ნივთები ან დაწესებულებიდან გაიტანოს არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობები, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურე ამ პირს განუცხადებს, რომ მას დაწესებულებაში შესვლის ან დაწესებულებიდან გასვლის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანხმობას განაცხადებს მისი კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმებას ახორციელებს იმავე სქესის მოსამსახურე, რა სქესსაც მიეკუთვნება შესამოწმებელი პირი. შემოწმების შედეგად იმ გადამალული საგნების, ნაკეთობების ან ნივთიერებების აღმოჩენის შესახებ, რაც იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ეცნობება ოპერატიულ მორიგესა და დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეს, რომლებიც პირს დროებით შეაჩერებენ, რის თაობაზეც დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი დაუყოვნებლივ აცნობებს სამსახურსა და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად.

5. დაწესებულებაში მსჯავრდებულთან შეხვედრაზე შემსვლელი პირისთვის აკრძალულია ამ დებულების №4 დანართით გათვალისწინებული ნივთების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების შეტანა.

6. საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე პირის შეჩერების შესახებ ყარაულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს პუნქტის ჟურნალში და მიუთითებს ვინ, როდის და რა მიზეზით იქნა შეჩერებული შესამოწმებლად, ვინ ატარებს შემოწმებას და ასახავს შემოწმების შედეგებს.

7. დაწესებულებაში და დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოებში სტუმრები შეიშვებიან მხოლოდ დაწესებულების მოსამსახურეთა თანხლებით.

8. დაწესებულებაში იქმნება დაწესებულებაში შემსვლელ და დაწესებულებიდან გამსვლელ პირთა სარეგისტრაციო ჟურნალი, რომელსაც აწარმოებს №17 განყოფილების უფროსის მიერ უფლებამოსილი პირი.

 

მუხლი 70. პირადი არასრული შემოწმება

1. პირად არასრულ შემოწმებას ექვემდებარება დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამსვლელი ყველა პირი, აგრეთვე დაწესებულებისა და №17 განყოფილების მოსამსახურეები.

2. დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამსვლელი პირის პირადი არასრული შემოწმება ხორციელდება შემოწმების ზონაში.

3. პირადი არასრული შემოწმებისას ხდება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის, აგრეთვე სხვა თანმხლები ნივთების შემოწმება/დათვალიერება, გაშიშვლების გარეშე.

4. პირადი არასრული შემოწმება ხორციელდება ტექნიკური მოწყობილობების გამოყენებით, ხოლო თუ დაწესებულებაში, არ არის შესაბამისი საშუალებები, შემოწმება ხორციელდება ხელით, ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.

5. პირადი არასრული შემოწმებისას, დაწესებულებაში შემსვლელ და დაწესებულებიდან გამსვლელ პირს შესაძლებლობა აქვს, სურვილის შემთხვევაში შემოწმება გაიაროს სკანერის აპარატის (შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში) მეშვეობით.

6. პირადი არასრული შემოწმება ხორციელდება შემდეგი პროცედურების დაცვით:

ა) პირს შეეთავაზება, თავად წარმოადგინოს აკრძალული ნივთები და ლითონის შემცველი საგნები, გაიხადოს ზედა ტანსაცმელი (პალტო, ქურთუკი, ლაბადა, პიჯაკი, და ა.შ.), მოიხსნას თავსაბურავი და მოიხსნას ქამარი, აგრეთვე შესამოწმებლად წარმოადგინოს ელექტრონული მოწყობილობები (მაგ: პორტატიული კომპიუტერი, პლანშეტური კომპიუტერი და ა.შ.) მათი დაწესებულებაში შეტანის ნებართვის არსებობის შემთხვევაში;

ბ) პირს შეეთავაზება, გაიაროს თაღურ მეტალმძებნში, ხოლო მისი არქონის შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ხელით შემოწმებას;

გ) პირის ხელით შემოწმება ხორციელდება თავიდან ფეხების მიმართულებით, ხელების თანმიმდევრული მოძრაობით, ტანსაცმლის წინა და უკანა მხარეების გულდასმით შემოწმებით, რაც მოიცავს შემდეგ ზონებს:

გ.ა) ზედა ტანსაცმელს (ზურგი, საყელო, ზედა ტანსაცმლის გადანაკეცები, მხრები, ჯიბეები, მკლავები, ყელსახვევი, ჰალსტუხი, კაშნე, პერანგი, პულოვერი და ა.შ.);

გ.ბ) ქვედა ტანსაცმელს (შარვალი, კაბა, შარვლის, ქვედაბოლოს სათავის ან სხვა ტანსაცმლის წელის გარშემოწერილობის გარე და შიდა მხარე, ქამარი, ჯიბეები, შარვლის, კაბის გადანაკეცები);

დ) შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, ხორციელდება პირის შემოწმება ნარკოტიკული და ფეთქებადი ნივთიერებების აღმომჩენი დეტექტორის მეშვეობით.

7. აკრძალული ნივთების დაწესებულებაში მოხვედრის პრევენციის მიზნით, ჯგუფის წევრი, პერიოდულად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა პირად არასრულ შემოწმებას ატარებს თაღური მეტალმძებნით/ხელის მეტალმძებნითა და ხელით.

8. თუ პირი უარს აცხადებს პირად არასრულ შემოწმებაზე, ჯგუფის წევრი ვალდებულია მას განუმარტოს, რომ უარის შემთხვევაში შემოწმების ზონას გაივლის მხოლოდ პირადი სრული შემოწმების შემთხვევაში ან არ დაიშვება დაწესებულებაში.

9. შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, რენტგენული დანადგარის ან/და ნარკოტიკული და ფეთქებადი ნივთიერებების აღმომჩენი დეტექტორის მეშვეობით ხორციელდება პირის თანმქონი ნივთების შემოწმება. ჯგუფის წევრი უნდა დარწმუნდეს, რომ თანმქონ ნივთებში არ არის მოთავსებული აკრძალული ნივთები. საჭიროების შემთხვევაში, ნივთები შეიძლება შემოწმდეს ხელით ან/და ხელის მეტალმძებნის მეშვეობით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შემოწმებისას მისი ეტლი, ყავარჯენი ან/და ხელჯოხი მოწმდება როგორც თანმქონი ნივთი. ის ნივთები, რომელთა გაბარიტები აღემატება რენტგენული დანადგარის გვირაბის გაბარიტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოწმდება ხელით, ხელის მეტალმძებნის ან/და ნარკოტიკული და ფეთქებადი ნივთიერებების აღმომჩენი დეტექტორის მეშვეობით.

10. თაღური მეტალმძებნის სიგნალიზაციის ამოქმედების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

ა) პირის ზედმეტი საგნებისგან გათავისუფლების შემდეგ, განხორციელდეს მისი სხეულის თაღური მეტალმძებნით/ხელის მეტალმძებნით განმეორებითი შემოწმება;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს პირის ხელის მეტალმძებნით შემოწმება, აგრეთვე სხეულის იმ ზონების ხელით შემოწმება, რომელმაც გამოიწვია სიგნალიზაციის ამოქმედება.

11. პირადი არასრული შემოწმების დროს აკრძალული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, რაც იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, დაუყოვნებლივ ეცნობება №17 განყოფილების უფროსს, რომელიც, თავის მხრივ, აცნობებს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსს, ამავე მთავარი სამმართველოს გარე დაცვის დასავლეთის სამმართველოს უფროსსა და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საშუალებით, აგრეთვე სატელეფონო შეტყობინებით. №17 განყოფილების უფროსის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში, ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობებს ასრულებს №17 განყოფილების უფროსის მოადგილე, ხოლო №17 განყოფილების უფროსისა და მისი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – განყოფილების უფროსი ინსპექტორი.

12. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დაყოვნების შემთხვევაში, №17 განყოფილება ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა პირის მიერ აკრძალული ნივთის მოშორების თავიდან ასაცილებლად.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ პირს, საჭიროების შემთხვევაში გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება სამედიცინო პერსონალის მიერ ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გამოძახების გზით.

14. თუ პირადი არასრული შემოწმების შემდგომ შესამოწმებელი პირი უარს აცხადებს პირადი სრული შემოწმების გავლაზე, ან/და თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ, დაუყოვნებლივ ეცნობება №17 განყოფილების უფროსს, რომელიც, თავის მხრივ, აცნობებს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსს, ამავე მთავარი სამმართველოს გარე დაცვის დასავლეთის სამმართველოს უფროსსა და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დაყოვნების შემთხვევაში, №17 განყოფილება ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა პირის მიერ დანაშაულის დაფარვის თავიდან ასაცილებლად. №17 განყოფილების უფროსის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში, ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობებს ასრულებს №17 განყოფილების უფროსის მოადგილე, ხოლო №17 განყოფილების უფროსისა და მისი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში − განყოფილების უფროსი ინსპექტორი.

15. პირადი არასრული შემოწმების დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177​13 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის დადგენის შემთხვევაში, №17 განყოფილების უფროსი უფლებამოსილია გამოწეროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მინისტრის მიერ დამტკიცებული „პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის, საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესით“.

16. დაწესებულებიდან გამოსული პირი ექვემდებარება შემოწმებას ამ მუხლით დადგენილი წესით, რის შემდგომ გადაეცემა თავისი კუთვნილი ნივთები.

17. დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამსვლელი პირის ხელით შემოწმების შემთხვევაში, შემოწმებას ახორციელებს იმავე სქესის მოსამსახურე, რომელ სქესსაც მიეკუთვნება შესამოწმებელი პირი.

18. პირადი არასრული შემოწმებისას აკრძალული ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში, რაც იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ჯგუფის წევრის/წევრების მიერ ხორციელდება ნივთის ამოღება და დალუქვა.

19. პირადი არასრული შემოწმებისას აკრძალული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში იწარმოება დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამსვლელი პირის პირადი შემოწმების ოქმი (დანართი №12).

20. პირადი არასრული შემოწმების პროცედურა ხორციელდება სანიტარიულ-ჰიგიენური დამცავი საშუალების – ერთჯერადი მოხმარების ხელთათმანების გამოყენებით. ყოველი მორიგი შემოწმების შემდგომ ჯგუფის წევრი ვალდებულია შეიცვალოს ხელთათმანები.

21. დაწესებულებაში შემსვლელი/დაწესებულებიდან გამსვლელი პირის პირადი არასრული შემოწმება არ შეიძლება განხორციელდეს დამამცირებელი და ღირსების შემლახავი ფორმით.

 

მუხლი 71. პირადი სრული შემოწმება

1. პირადი სრული შემოწმება ტარდება:

ა) პირის ხელით/ხელის მეტალმძებნით შემოწმებისა და მისი ყველა ზედმეტი საგნისგან გათავისუფლების შემდგომ, თაღური მეტალმძებნის სიგნალიზაციის განმეორებით ამოქმედებისას;

ბ) ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც ობიექტურ პირს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე აღუძრავს საფუძვლიან ეჭვს, რომ პირს განზრახული აქვს, დაწესებულებაში შეიტანოს აკრძალული ნივთი ან დაწესებულებიდან გაიტანოს არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობები, რისი დადგენაც შეუძლებელია პირადი არასრული შემოწმების გზით;

გ) ხანგრძლივი პაემნით სარგებლობამდე და სარგებლობის შემდეგ;

დ) სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

2. პირადი სრული შემოწმება ტარდება სკანერის (შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში) ან/და დათვალიერების მეთოდის გამოყენებით, როგორც წესი, ჯგუფის ორი წევრის თანდასწრებით. შემოწმების მეთოდს თავად ირჩევს დაწესებულებაში შემსვლელი/დაწესებულებიდან გამსვლელი პირი.

3. ჯგუფის წევრი ვალდებულია შესამოწმებელ პირს განუმარტოს პირადი სრული შემოწმების პროცედურა. თუ პირი უარს აცხადებს პირად სრულ შემოწმებაზე, ჯგუფის წევრი ვალდებულია მას განუმარტოს, რომ უარის შემთხვევაში იგი არ დაიშვება დაწესებულებაში.

4. პირადი სრული შემოწმების დროს, №17 განყოფილების უფროსის გადაწყვეტილების შესაბამისად, შესაძლებელია მოწვეულ იქნეს სამედიცინო პერსონალი, რომელიც განუმარტავს პირს, რომ მის მიერ განსახორციელებელი შემოწმება ემსახურება უსაფრთხოების დაცვას და არ ატარებს სამედიცინო ხასიათს. №17 განყოფილების უფროსის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში, ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობებს ასრულებს №17 განყოფილების უფროსის მოადგილე, ხოლო №17 განყოფილების უფროსისა და მისი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – განყოფილების უფროსი ინსპექტორი.

5. პირის სკანერით შემოწმება ხორციელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში. ამასთანავე, დაუშვებელია იმ პირის სკანერით შემოწმება, რომელსაც აქვს იმპლანტირებული აპარატი ან/და გულის მოქმედების სტიმულატორი, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციით.

6. დათვალიერების მეთოდით პირი შემოწმებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) უარს განაცხადებს სკანერით შემოწმებაზე;

ბ) სკანერით შემოწმებით დადასტურდა პირის მიერ აკრძალული ნივთის ან/და არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობების ფლობა;

გ) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დაწესებულებაში შემსვლელი ან დაწესებულებიდან გამსვლელ პირს თან აქვს აკრძალული ნივთები ან/და არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობა, რომლის გარჩევა გართულებულია ან/და სკანერით ფიქსირდება ჩრდილის სახით;

დ) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დაწესებულებაში შემსვლელ/დაწესებულებიდან გამსვლელ პირს სხეულზე აქვს ისეთი ნიშანი/წარწერა, რომელიც შესაძლოა იყოს დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის ხერხი/საშუალება;

ე) დაწესებულებაში არ არის სკანერი ან არსებული სკანერი გაუმართავია.

7. დათვალიერების მეთოდის გამოყენებისას ხორციელდება პირის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. ჯგუფის წევრის მითითების შემთხვევაში, პირი ვალდებულია გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირი და სხვა ნახვევები მოწმდება სამედიცინო პერსონალთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას, ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. ამგვარი შემოწმება უნდა განახორციელოს ჯგუფის იმავე სქესის წევრმა, რომელ სქესსაც მიეკუთვნება შესამოწმებელი პირი. დათვალიერების მეთოდის გამოყენებისას, დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება.

8. პირის სხეულში აკრძალული ნივთების არსებობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალის მიერ ტარდება სრული შინაგანი შემოწმება. თუ პირი უარს აცხადებს სრულ შინაგან შემოწმებაზე, ჯგუფის წევრი ვალდებულია მას განუმარტოს, რომ უარის შემთხვევაში იგი არ დაიშვება დაწესებულებაში.

9. ამ მუხლის მე-6-მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემოწმება მიმდინარეობს იზოლირებულ ოთახში და დაუშვებელია შემოწმების პროცესზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა. გამონაკლის შემთხვევაში, უსაფრთხოებისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლებელია განხორციელდეს იმ ადგილის ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი, სადაც ხდება პირადი სრული შემოწმება. ამ შემთხვევაში, ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა იმდაგვარად უნდა განხორციელდეს, რომ კამერის ხედვის არეში არ მოხვდეს შესამოწმებელი პირის სხეული, წინააღმდეგ შემთხვევაში პირადი სრული შემოწმება უნდა განხორციელდეს სპეციალური ტიხრის (შირმა) მიღმა.

10. პირადი სრული შემოწმების შედეგად აკრძალული ნივთების აღმოჩენისას, რაც იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, დაუყოვნებლივ ეცნობება №17 განყოფილების უფროსს, რომელიც, თავის მხრივ, აცნობებს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსს, ამავე მთავარი სამმართველოს გარე დაცვის დასავლეთის სამმართველოს უფროსსა და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საშუალებით, აგრეთვე სატელეფონო შეტყობინებით. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დაყოვნების შემთხვევაში, №17 განყოფილება ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა პირის მიერ დანაშაულის დაფარვის თავიდან ასაცილებლად. განყოფილების უფროსის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში, ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობებს ასრულებს №17 განყოფილების უფროსის მოადგილე, ხოლო №17 განყოფილების უფროსისა და მისი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში − განყოფილების უფროსი ინსპექტორი.

11. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დაყოვნების შემთხვევაში, №17 განყოფილება ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა პირის მიერ აკრძალული ნივთის მოშორების თავიდან ასაცილებლად.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ პირს, საჭიროების შემთხვევაში, გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება სამედიცინო პერსონალის მიერ ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გამოძახების გზით.

13. პირადი სრული შემოწმების დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177​13 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის დადგენის შემთხვევაში, №17 განყოფილების უფროსი უფლებამოსილია გამოწეროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მინისტრის მიერ დამტკიცებული „პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის, საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესით“.

14. პირადი სრული შემოწმება, როგორც წესი, ხორციელდება ჯგუფის არანაკლებ 2 წევრის მიერ, რომლებიც არიან იმავე სქესის, რა სქესსაც მიეკუთვნება შესამოწმებელი პირი.

15. პირადი სრული შემოწმებისას იწარმოება დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამსვლელი პირის პირადი შემოწმების ოქმი (დანართი №12).

16. პირადი სრული შემოწმების პროცედურა ხორციელდება სანიტარიულ-ჰიგიენური დამცავი საშუალების − ერთჯერადი მოხმარების ხელთათმანების გამოყენებით. ყოველი მორიგი შემოწმების შემდგომ ჯგუფის წევრი ვალდებულია შეიცვალოს ხელთათმანები.

17. დაწესებულებაში შემსვლელი/დაწესებულებიდან გამსვლელი პირის პირადი სრული შემოწმება არ შეიძლება განხორციელდეს დამამცირებელი და ღირსების შემლახავი ფორმით.

 

მუხლი 72. პირად შემოწმებაზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა

1. დაწესებულებაში შემსვლელ და დაწესებულებიდან გამსვლელ პირთა პირად არასრულ შემოწმებაზე მიმდინარეობს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა, რასაც უზრუნველყოფს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველო.

2. პირად სრულ შემოწმებაზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა შეიძლება განხორციელდეს ამ დებულების 71-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში და წესით.

3. მეთვალყურეობის მიმდინარეობის შედეგად წარმოებული ჩანაწერები ინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადით.

 

მუხლი 73. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლა

1. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრი;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;

დ) პროკურატურის სისტემის საამისოდ უფლებამოსილი პირები;

ე) საქართველოს სახალხო დამცველი;

ვ) მინისტრი და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები;

ზ) სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები.

2. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მქონე პირს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეუმოწმებს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. თუ დოკუმენტი წესრიგშია სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურე მას გადასცემს დაწესებულებაში შესასვლელ საშვს და გაატარებს.

 

თავი VIII

მსჯავრდებულის მოთხოვნა და საჩივარი

 

მუხლი 74. მოთხოვნა და მისი შეტანის წესი

1. მოთხოვნის შეტანით მსჯავრდებულს შეუძლია მოითხოვოს ის უფლებები, რომელთა მინიჭებაც დაწესებულების უფლებამოსილებას განეკუთვნება.

2. მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნა შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, წერილობითი ფორმით. მოთხოვნა შეიძლება კონფიდენციალური იყოს.

3. მსჯავრდებულის მოთხოვნა რეგისტრირდება დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებაში. მას გადაეცემა მოთხოვნის რეგისტრაციის ნომერი.

4. მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნით მიმართოს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. იგი ვალდებულია მსჯავრდებულს წერილობით, 5 დღის ვადაში უპასუხოს.

5. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს და შეიცავდეს გასაჩივრების წესს

 

მუხლი 75. საჩივრის შეტანის უფლება

1. საჩივრის შეტანის საფუძველია პენიტენციურ სისტემაში საქმიანობის განმახორციელებელი მოსამსახურის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება, აგრეთვე პენიტენციური კოდექსითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლებათა სხვაგვარი ხელყოფა.

2. მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივარი შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს წერილობითი ფორმით.

3. საჩივრის შეტანა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.

4. საჩივარი შეიძლება შეიტანოს აგრეთვე მსჯავრდებულის ადვოკატმა, კანონიერმა წარმომადგენელმა ან ახლო ნათესავმა, თუ:

ა) მას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაირღვა მსჯავრდებულის უფლებები;

ბ) მსჯავრდებულს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, თავად შეიტანოს საჩივარი.

5. დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მისცეს საშუალება, გაეცნოს წერილობით ინფორმაციას თავისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, მათ შორის, საჩივრის შეტანის უფლებისა და გასაჩივრების კანონით დადგენილი წესის თაობაზე.

6. წერა-კითხვის არმცოდნე მსჯავრდებულს შესაბამისი ინფორმაცია ზეპირად უნდა მიეწოდოს. უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ, რომელსაც მსჯავრდებული ხელმოწერით ადასტურებს.

 

მუხლი 76. საჩივრის ადრესატი

1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს დაწესებულების დირექტორს, თუ საჩივარი უკავშირდება დაწესებულების მოსამსახურის საქმიანობას, ან სამსახურის გენერალურ დირექტორს, თუ საჩივარი უკავშირდება სამსახურის მოსამსახურის საქმიანობას.

2. მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრის დაკმაყოფილებაზე დაწესებულების დირექტორის უარი გაასაჩივროს სამსახურის გენერალურ დირექტორთან, აგრეთვე იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება დაწესებულების დირექტორის საქმიანობას, მიმართოს სამსახურის გენერალურ დირექტორს.

3. მსჯავრდებულს უფლება აქვს, იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება სამსახურის გენერალური დირექტორის საქმიანობას, მიმართოს მინისტრს.

4. დაუშვებელია საჩივრის გადაწყვეტაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის ქმედება, სამართლებრივი აქტი ან გადაწყვეტილება საჩივრდება.

5. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს საჩივრით საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს/საქართველოს პროკურატურას.

 

მუხლი 77. საჩივრის შეტანის წესი

1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრის ადრესატის განსაზღვრის ან სხვა ტექნიკური საკითხის მოგვარების მიზნით, მოითხოვოს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურის კონსულტაცია.

2. საჩივრის შედგენისას მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ადვოკატის კონსულტაცია. ადვოკატის ხარჯები ანაზღაურდება კანონით დადგენილი წესით.

3. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს წერილობით, მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

 

მუხლი 78. საჩივრის წარდგენის ენა

1. მსჯავრდებულს, რომელმაც არ იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, არ ესმის სამართალწარმოების ენა, უფლება აქვს, ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით.

2. მსჯავრდებულს პასუხი გაეცემა საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა.

 

მუხლი 79. საჩივრის შეტანის ხელშეწყობა

1. დაწესებულება ვალდებულია, მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს იგი საჩივრის შესატანად აუცილებელი რაოდენობის შესაბამისი საშუალებებით, მათ შორის, საწერი საშუალებით, ქაღალდით, კონფიდენციალური საჩივრისთვის საჭირო კონვერტით.

2. დაუშვებელია მსჯავრდებულის უფლების შეზღუდვა, აგრეთვე მსჯავრდებულისთვის უფლებით სარგებლობაზე უარის თქმა მის მიერ საჩივრის შეტანის გამო.

3. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს მსჯავრდებულის საჩივარში აღნიშნული პრობლემის ადგილზე გადაჭრა. არაკონფიდენციალური საჩივარი, რომელიც დაწესებულებამ შეიძლება ადგილზე განხილვით გადაწყვიტოს, გადაწყდება იმ ორგანოს და პირის მიერ მისი განხილვის შედეგების დალოდების გარეშე, რომელსაც ის გაეგზავნა.

 

მუხლი 80. საჩივრების ყუთი

1. მსჯავრდებულთა საჩივრების ყუთი განთავსებულია დაწესებულების ტერიტორიაზე ყველა მსჯავრდებულისთვის ხელმისაწვდომ ადგილას. დაწესებულების ტერიტორიაზე შეიძლება განთავსდეს საჩივრების რამდენიმე ყუთი.

2. საჩივრების ყუთი უნდა განთავსდეს ისეთ ადგილას, სადაც არ ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა.

3. საჩივრების ყუთს უნდა გაუკეთდეს აბრა, წარწერით − „საჩივრების ყუთი“.

4. საჩივრების ყუთი დალუქული უნდა იყოს.

5. სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურე საჩივრების ყუთს ხსნის, კეტავს და ლუქავს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს დაწესებულების დირექტორის ან მისი მოადგილის თანდასწრებით.

6. საჩივრების ყუთის გახსნისთანავე ხდება კონვერტების ვიზუალური დათვალიერება და მათი ნომრების აღრიცხვა.

7. დაწესებულებაში საჩივრების აღრიცხვას უზრუნველყოფს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურე სპეციალურად ამისთვის შედგენილ ოქმში, რის შემდეგაც, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, იგი მოთხოვნას/საჩივარს ადრესატთან გაგზავნის მიზნით, ხელწერილით გადასცემს დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებას. დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება დაუყოვნებლივ არეგისტრირებს საჩივრებს და აგზავნის დანიშნულებისამებრ.

8. საჩივრების ყუთის დაზიანების შემთხვევაში, ის უმოკლეს ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 3 დღისა, უნდა შეკეთდეს ან უნდა განთავსდეს საჩივრების ახალი ყუთი.

 

მუხლი 81. საჩივრის გადაგზავნის წესი

1. დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება ვალდებულია საჩივარი მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა გადაუგზავნოს ადრესატს.

2. დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს მისთვის განკუთვნილი საჩივარი შეუფერხებლად ამ დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით მიეწოდება.

3. საჩივრის გადაგზავნიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა საჩივრების ყუთთან გამოიკვრება გადაგზავნილი საჩივრის რეგისტრაციის ნომერი და შესაბამისი კონვერტის კოდი.

4. არაკონფიდენციალური საჩივარი განსახილველად არ ეგზავნება იმ პირს ან პირისადმი უშუალოდ დაქვემდებარებულ პირს, რომლის ქმედებასაც ეხება საჩივარი.

 

მუხლი 82. საჩივრის განხილვის ვადები

1. დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი საჩივარს განიხილავს მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ საჩივრის ავტორს დაუყოვნებლივ, ზეპირად ან წერილობით ეცნობება.

2. სამსახურის გენერალური დირექტორი საჩივარს განიხილავს მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია საჩივრის განხილვის ვადა გააგრძელოს არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ საჩივრის ავტორს წერილობით ეცნობება.

3. საჩივარი, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, განიხილება კანონით დადგენილ ვადაში.

 

მუხლი 83. კონფიდენციალური საჩივარი

1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეიტანოს კონფიდენციალური საჩივარი.

2. კონფიდენციალურია საჩივარი, რომელიც დალუქულ კონვერტშია მოთავსებული და რომელზედაც მითითებულია ადრესატი.

3. დაწესებულება უზრუნველყოფს საჩივრის კონფიდენციალურობის დაცვას. თუ კონფიდენციალურ საჩივარზე ადრესატი მითითებული არ არის ან მასზე მითითებული ადრესატის იდენტიფიცირება შეუძლებელია, დაწესებულება საჩივრის კონვერტის ნომერსა და საჩივრის გაგზავნაზე უარის თქმის მიზეზის შესახებ ინფორმაციას საჩივრების ყუთთან, თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრავს. მსჯავრდებულს უფლება აქვს, კონფიდენციალური საჩივარი 2 კვირის ვადაში დაიბრუნოს. დაწესებულება ვალდებულია კონფიდენციალური საჩივარი შეინახოს არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა და ამ ვადის ამოწურვისთანავე, კონფიდენციალურობის დაცვით გაანადგუროს ის.

4. თუ ადრესანტმა 2 კვირის ვადაში მოითხოვა პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის უკან დაბრუნება, დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი, პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტის ვინაობის გადამოწმების მიზნით, პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტის თანდასწრებით ხსნის მას. აღნიშნულის თაობაზე დგება ოქმი, რაზეც ხელს აწერენ ოქმის შემდგენი და ადრესანტი. ოქმი ინახება მსჯავრდებულის (ადრესანტის) პირად საქმეში.

5. თუ 2 კვირის ვადაში პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტმა არ უზრუნველყო პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის გაგზავნისთვის საჭირო ხარჯების დაფარვა ან არ მოითხოვა მისი უკან დაბრუნება, დაწესებულება უზრუნველყოფს პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის განადგურებას მის გაუხსნელად, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი.

6. სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურე უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა კონფიდენციალური საჩივრების აღრიცხვას, რის შემდგომაც მოქმედებს ამ დებულების მე-80 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესი.

 

მუხლი 84. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები

1. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრების შეტანა განსაკუთრებულ შემთხვევას განეკუთვნება და დაუყოვნებლივ უნდა იქნეს განხილული.

2. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრების შესახებ მათი მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, სპეციალურ პრევენციულ ჯგუფსა და საქართველოს პროკურატურას.

 

მუხლი 85. საჩივრის განხილვის შედეგები. გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. საჩივრის განხილვის შედეგად დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილი პირი იღებს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;

ბ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

2. საჩივრის განხილვის შედეგები შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა მსჯავრდებულს ხელწერილით გაეცნობა და მის პირად საქმეს დაერთვება.

3. საჩივარში მითითებულ ყოველ კონკრეტულ მოთხოვნას დასაბუთებული პასუხი უნდა გაეცეს.

4. საჩივართან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მსჯავრდებულს უნდა ეცნობოს დასაბუთებული პასუხი.

5. მსჯავრდებულს უფლება აქვს საჩივრის განხილვის შედეგები გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი IX

მსჯავრდებულის წახალისება

 

მუხლი 86. წახალისების გამოყენება

1. მსჯავრდებულის მიერ დისციპლინის დაცვის, სანიმუშო ყოფაქცევის ან/და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისება.

2. მსჯავრდებულის მიმართ წახალისების სახის გამოყენებისას გაითვალისწინება მისი საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის ფაქტი და ხარისხი.

 

მუხლი 87. წახალისების სახეები

1. მსჯავრდებულის წახალისების სახეებია:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

გ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა;

დ) დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა;

ე) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;

ვ) სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;

ზ) სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც პენიტენციური კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არ არის;

თ) დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;

ი) დამატებითი ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;

კ) კომპიუტერით სარგებლობის უფლების მიცემა ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გარეშე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახე გამოიყენება მხოლოდ დაწესებულების ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მყოფ მსჯავრდებულის მიმართ;

ბ) „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახე გამოიყენება მხოლოდ დაწესებულების დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ.

 

 თავი X

მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა

 

მუხლი 88. დისციპლინა

1. მსჯავრდებულის დისციპლინა არის მის მიერ საქართველოს კონსტიტუციის, პენიტენციური კოდექსის, ამ დებულების, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების, სამსახურის გენერალური დირექტორისა და დაწესებულების დირექტორის ბრძანებების, განკარგულებებისა და მითითებების შესრულება.

2. მსჯავრდებულის მიერ დისციპლინის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს მის დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

 

მუხლი 89. დისციპლინური დარღვევა

1. დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს ამ დებულებას, წესრიგს, ზიანს აყენებს უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ:

ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა;

ბ) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევა;

გ) დაწესებულების მოსამსახურის, სხვა უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მისდამი დაუმორჩილებლობა ან მისთვის წინააღმდეგობის სხვაგვარად გაწევა;

დ) სხვა პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან მისი ღირსების სხვაგვარად შელახვა;

ე) დაწესებულების ან სხვა პირის ქონების დაზიანება ან განადგურება (მათ შორის, მისი ვიზუალური მხარის შეცვლით);

ვ) დაწესებულების მიერ დადგენილი გადაადგილების შეზღუდვების დარღვევა/საზღვრების უნებართვოდ გადაკვეთა;

ზ) სარგებლის მისაღებად დაწესებულების ტერიტორიაზე საქმიანობის დაწესებულების დირექტორის ნებართვის გარეშე განხორციელება;

თ) დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებული მოწყობილობის/სისტემის ფუნქციონირებაში დაწესებულების დირექტორის ნებართვის გარეშე ჩარევა, შენობა-ნაგებობის დიზაინისა და ფუნქციების თვითნებურად შეცვლა;

ი) დაწესებულების ტერიტორიაზე იმ ნივთის დამზადება, ფლობა ან გამოყენება, რომლის ქონაც ეკრძალება მსჯავრდებულს და არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

კ) ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;

ლ) ნებისმიერი ინფორმაციის უკანონო ფორმით მიწოდება საერთო საცხოვრებლიდან/საკნიდან საერთო საცხოვრებელში/საკანში ან დაწესებულების გარეთ;

მ) ამ დებულების, დღის განრიგისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმების დარღვევა.

2. დარღვევის აღმოჩენის დროს დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი მოსამსახურე ადგენს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმს (დანართი №7), რომელშიც მითითებული უნდა იყოს დარღვევის დრო, ადგილი, მნიშვნელოვანი გარემოებები, დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დარღვევის მოწმე, დაზარალებული (მათი არსებობის შემთხვევაში) და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ოქმის შედგენისას დარღვევის მოწმედ არ შეიძლება განიხილებოდეს ოქმის შემდგენი მოსამსახურე.

3. ოქმის შედგენის დროს, აგრეთვე დისციპლინური სამართალწარმოების შემდგომ ეტაპებზე, მტკიცებულებების შეგროვების მიზნით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ფოტო-, ვიდეო- და აუდიო მასალა/ტექნიკა.

4. თუ არსებობს ნივთიერი მტკიცებულებები, ის ამოიღება, შეიფუთება, დაილუქება, მიეთითება რომელ საქმეზე და როდის არის დალუქული და შეინახება დისციპლინური დასრულებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადით, ხოლო დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გასაჩივრების შემთხვევაში − სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადით.

5. თუ ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება წარმოადგენს აკრძალულ ნივთს, რომლის შენახვა და გამოყენება არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ან არ წარმოადგენს აკრძალულ ნივთს, ის განადგურდება შენახვის ვადის გასვლიდან ერთი კვირის განმავლობაში.

6. დარღვევის ოქმის შედგენის შემდგომ, შემდგენი პირებიდან თანამდებობით ან/და წოდებით უფროსი მოსამსახურე უზრუნველყოფს ოქმის დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებაში რეგისტრაციას და პატაკით დაწესებულების დირექტორისთვის წარდგენას.

 

მუხლი 90. დისციპლინური სახდელი

1. დისციპლინური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, მსჯავრდებულს ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური დარღვევისთვის გამოყენებული დისციპლინური სახდელი შესაბამისი ქმედების პროპორციული უნდა იყოს.

2. მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური სახდელი/ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე, მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტის დადასტურების შემდეგ.

3. ჯგუფური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, მსჯავრდებულის მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური სახდელი ინდივიდუალურად განისაზღვრება.

4. თუ დისციპლინური დარღვევის გარემოებები წარმოშობს ამ დებულების 22-ე მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიების გამოყენების საფუძველს, უსაფრთხოების ღონისძიება გამოიყენება ამ თავით განსაზღვრული დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებამდე.

 

მუხლი 91. დისციპლინური სახდელის სახეები

1. დისციპლინური სახდელის სახეებია:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;

დ) ნებადართული ნივთებით (გარდა ექიმის მიერ დანიშნული კვების აუცილებელი პროდუქტებისა და მედიკამენტებისა) სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;

ე) ამანათის მიღების შეზღუდვა ან/და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;

ვ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 3 თვემდე ვადით;

ზ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით;

თ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;

ი) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;

კ) დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;

ლ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არაუმეტეს წელიწადში 6-ჯერ;

მ) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;

ნ) ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით.

2. 65 წელს მიღწეული მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

4. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების ერთდროულად შეზღუდვა.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.

6. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, სამსახური, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სამსახურის ადგილობრივი საბჭო.

 

მუხლი 92. დისციპლინური დარღვევის ჩადენაში მხილებული მსჯავრდებულის უფლებები

მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დისციპლინური სამართალწარმოება მიმდინარეობს, უფლება აქვს:

ა) მისთვის გასაგებ ენაზე ეცნობოს დარღვევის არსი და საფუძველი;

ბ) დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში, ჰქონდეს დაცვის მოსამზადებლად საკმარისი დრო და საშუალება;

გ) ისარგებლოს იურიდიული დახმარებით, მათ შორის, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ამ დებულების 91-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ამას თავად მოითხოვს დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში;

დ) დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში, მოითხოვოს მის განხილვაზე მოწმეთა დასწრება და დაკითხოს ისინი;

ე) ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით, თუ მას არ ესმის სამართალწარმოების ენა.

 

მუხლი 93. დისციპლინური სამართალწარმოება

1. დისციპლინური დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს, საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს.

2. დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას, მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჰყავდეს ადვოკატი.

3. მსჯავრდებულს განემარტება უფლება (დანართი №8) − მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება.

4. მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით. მსჯავრდებულის მიერ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე ადგენს ოქმს.

5. დისციპლინური დარღვევის ჩამდენ მსჯავრდებულს, მოწმეს, დაზარალებულს უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები ისინი დაერთვის დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულებას.

6. დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს დაჯდომისა და ჩანაწერების გაკეთების საშუალება.

7. მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენებისას გაითვალისწინება მისი პიროვნება და ქცევა, მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის გარემოებები და მსჯავრდებულის ახსნა-განმარტება ამ დარღვევასთან დაკავშირებით. დისციპლინური დარღვევის საქმის განხილვის შემდეგ, მტკიცებულების შეფასების საფუძველზე დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

8. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, რომელიც ეხება ამ დებულების 91-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების გამოყენებას. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში მსჯავრდებულის ადვოკატი არ გამოცხადდება ზეპირ მოსმენაზე, მსჯავრდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. თუ მსჯავრდებული ზეპირ მოსმენაზე დასწრებაზე უარს აცხადებს, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება. საწინააღმდეგო შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს მსჯავრდებული.

9. ზეპირი მოსმენა/სხდომა, რომელიც ეხება დისციპლინური სახდელის გამოყენებას, შეიძლება გაგრძელდეს ზეპირი მოსმენის გარეშე და მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, თუ მსჯავრდებული არ ცხადდება სხდომაზე ან თავისი ქმედებით არღვევს წესრიგს ან სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის მიმდინარეობას.

10. დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას იწარმოება დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი (დანართი №9).

 

მუხლი 94. განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ

1. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. ამ უფლების სხვა პირისთვის მინიჭების შესახებ დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ცალკე არ საჩივრდება.

2. მსჯავრდებულს დისციპლინური სახდელი უნდა დაეკისროს დისციპლინური დარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

3. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულებაში (დანართი №10) მითითებული უნდა იყოს:

ა) გამომცემი თანამდებობის პირის სახელი და გვარი;

ბ) შედგენის თარიღი, დრო და ადგილი;

გ) სარეგისტრაციო ნომერი;

დ) დისციპლინური დარღვევის ჩამდენი მსჯავრდებულის შესახებ მონაცემები (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და სხვა);

ე) დისციპლინური დარღვევის ჩადენის ადგილი და დრო, დარღვევის არსი, მისი გამოვლენის დრო. თუ დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროის განსაზღვრა შეუძლებელია, დარღვევის ჩადენის დროდ მიიჩნევა მისი გამოვლენის დრო;

ვ) მოწმისა და დაზარალებულის (მათი არსებობის შემთხვევაში) შესახებ მონაცემები;

ზ) მითითება დისციპლინური დარღვევის საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე (მათი არსებობის შემთხვევაში).

4. თარჯიმნის მოწვევის შემთხვევაში, ამის თაობაზე უნდა აღინიშნოს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულებაში.

5. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი უნდა იყოს და კანონიერ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. მსჯავრდებულისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს. აღნიშნული განკარგულება წერილობითი უნდა იყოს და მასში მითითებული უნდა იყოს ამ განკარგულების გასაჩივრების პროცედურა.

6. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების ერთი ასლი მისი გამოცემისთანავე გადაეცემა მსჯავრდებულს ან მის ადვოკატს.

7. დისციპლინური დარღვევის საქმის მასალები უნდა დაერთოს მსჯავრდებულის პირად საქმეს.

8. დისციპლინური სახდელის აღსრულება უნდა დაიწყოს მსჯავრდებულისთვის მისი დაკისრებიდან 1 თვის ვადაში.

9. მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, მისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის აღსრულება გრძელდება საერთო წესით.

 

მუხლი 95. დისციპლინური სახდელის გასაჩივრება

1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების მისთვის გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

2. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა ან სხვა განსაკუთრებული გარემოება, რომელიც აფერხებს დისციპლინური სახდელის აღსრულებას, იწვევს მისი აღსრულების გადავადებას მსჯავრდებულის დაწესებულებაში დაბრუნებამდე.

 

მუხლი 96. მსჯავრდებულის გარანტიები მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისას

1. დაუშვებელია ერთი დისციპლინური დარღვევის ჩადენისთვის მსჯავრდებულისთვის 2 ან 2-ზე მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება, გარდა ამ დებულების 98-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამარტოო საკანში მოთავსების შემთხვევისა.

2. მსჯავრდებულისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი არ უნდა იყოს მისი დამამცირებელი და პატივისა და ღირსების შემლახველი.

3. დაუშვებელია მსჯავრდებულისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენიდან 1 წელი გავიდა.

4. მსჯავრდებული დისციპლინურსახდელდაუდებლად ითვლება, თუ მან აღნიშნული სახდელის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდინა დისციპლინური დარღვევა. მსჯავრდებულისთვის ამ დებულების 91-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის დაკისრების შემთხვევაში მსჯავრდებული დისციპლინურსახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ მან მისი მოხდიდან 1 წლის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდინა დისციპლინური დარღვევა.

5. დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია მსჯავრდებულს დისციპლინური სახდელი ვადამდე მოუხსნას, თუ ამ სახდელის მიზანი მიღწეულია.

6. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს ვადამდე მოუხსნას სხვა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დაკისრებული დისციპლინური სახდელი.

 

მუხლი 97. საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა

1. საკნის ტიპის საცხოვრებელი წარმოადგენს სპეციალურ საცხოვრებელს, სადაც დისციპლინურსახდელდადებული პირი, როგორც წესი, მოთავსებულია სხვა მსჯავრდებულებთან ერთად.

2. დაუშვებელია მსჯავრდებულის მოთავსება სრული სენსორული იზოლაციის პირობებში.

3. საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანილი მსჯავრდებული სარგებლობს ყველა უფლებით, გარდა დღის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებისა.

4. საკნის ტიპის საცხოვრებელში მოთავსებულ მსჯავრდებულს აქვს სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლება დღეში არანაკლებ 1 საათისა.

5. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანილი მსჯავრდებულისთვის განათლების უფლების შეუფერხებელი განხორციელება

 

მუხლი 98. სამარტოო საკანში მოთავსება

1. სამარტოო საკანში მოთავსება, როგორც დისციპლინური სახდელი, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.

2. სამარტოო საკანში მოთავსებულ მსჯავრდებულს ეკრძალება ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემანი, ვიდეოპაემანი, სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა, აგრეთვე შრომითი საქმიანობისა და ინდივიდუალური საქმიანობის უფლებები. მას შეუძლია ისარგებლოს გასეირნების უფლებით − ყოველდღიურად, არანაკლებ 1 საათისა.

3. სამარტოო საკანში მოთავსებულ მსჯავრდებულს უნარჩუნდება სასწავლო მასალის ხელმისაწვდომობა და სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება, თუ ეს ხელს არ უშლის დისციპლინური სახდელის აღსრულებას.

4. სამარტოო საკანში მოთავსებულ მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.

5. მსჯავრდებული, მისი უსაფრთხოების დასაცავად სამარტოო საკანში მოთავსების შემთხვევაში, სარგებლობს პენიტენციური კოდექსითა და ამ დებულებით გათვალისწინებული ყველა უფლებით.

6. სამარტოო საკანი უნდა იყოს განათებული და ვენტილაციით უზრუნველყოფილი. მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სკამი და საწოლი. მას უფლება აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში, მიიღოს საკითხავი მასალა.

7. დაუშვებელია მსჯავრდებულის სრული სენსორული იზოლაციის პირობებში მოთავსება.

8. დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე ვალდებულია სამედიცინო პერსონალს აცნობოს მსჯავრდებულის სამარტოო საკანში პირის მოთავსების შესახებ. სამედიცინო პერსონალი სამარტოო საკანში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ ყოველდღიურ, განსაკუთრებულ მეთვალყურეობას უნდა ახორციელებდეს. აუცილებლობის შემთხვევაში მისი სამარტოო საკანში ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს დაწესებულების ექიმის დასკვნის საფუძველზე.

 

მუხლი 99. დისციპლინური პატიმრობა

1. თუ დაწესებულების დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა ამ დებულებით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, მას შეიძლება შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა.

2. დისციპლინური პატიმრობის შეფარდებისა და მოხდის წესი, დისციპლინური პატიმრობის ვადა, დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმა განსაზღვრულია პენიტენციური კოდექსის XIII თავითა და მინისტრის ბრძანებით.

 

მუხლი 100. დისციპლინური დარღვევების პრევენცია

1. დაწესებულებამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები დისციპლინური დარღვევის თავიდან ასაცილებლად.

2. ეს დებულება, დისციპლინური დარღვევებისა და შესაბამისი დისციპლინური სახდელების დეტალური ჩამონათვალით, ყველა მსჯავრდებულისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

 

თავი XI

მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლება

 

მუხლი 101. მსჯავრდებულის გათავისუფლება

1. მსჯავრდებული სასჯელის მოხდისგან თავისუფლდება პენიტენციური კოდექსის XV თავით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. მსჯავრდებული გათავისუფლებისას პენიტენციური კოდექსის შესაბამისად თავისუფლდება სასჯელის მოხდის დასრულების დღის წინა დღეს. თუ მისი გათავისუფლების დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს. გათავისუფლებისას მას ეძლევა სათანადო ცნობა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულის გათავისუფლებისას სავალდებულოა მისი დაქტილოსკოპირება პენიტენციური კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

4. გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომლებიც დაწესებულებაში ინახებოდა.

5. თუ გათავისუფლებულ მსჯავრდებულს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი არ აქვს ან ის არ შეეფერება შესაბამის სეზონს, დაწესებულება ვალდებულია მას უსასყიდლოდ გადასცეს ამ სეზონის შესაფერისი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი.

6. მსჯავრდებულს მის პირად საბანკო ანგარიშზე დაგროვილი თანხის სრულად განკარგვის უფლება ეძლევა გათავისუფლების დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.

7. თუ მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ, მაშინ მისი ოჯახის წევრებს გათავისუფლების შესახებ დაწესებულების დირექტორის მიერ ეცნობება გათავისუფლებამდე არანაკლებ 1 სამუშაო დღით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებული წინასწარ უარს განაცხადებს აღნიშნულზე.

8. თავისუფლების აღკვეთის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 3 თვისა დაწესებულება მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს აცნობებს მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლების, მისი საცხოვრებელი ადგილის, შრომისუნარიანობისა და სპეციალობის შესახებ.

9. დაწესებულება ვალდებულია მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

10. პენიტენციური  დაწესებულება ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს „პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის განმარტების წესისა და ფორმის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს იმ მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლების თაობაზე, რომელსაც სასჯელის სახედ განესაზღვრა უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.

11. დაწესებულება ვალდებულია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირს დაწესებულების დატოვებისას განუმარტოს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვა (უფლების ჩამორთმევა).

12. დაწესებულება ვალდებულია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირის დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევისა და პენიტენციური კოდექსის 125-ე მუხლით დადგენილი წესით დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ წერილობითი შეტყობინება დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

13. დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევისა და პენიტენციური კოდექსის 125-ე მუხლით დადგენილი წესით დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ.

 

თავი XII

სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზება

 

მუხლი 102. სამორიგეო ცვლა

1. სამორიგეო ცვლა არის ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეებისგან ჩამოყალიბებული სადღეღამისო (24 საათიანი) ჯგუფების ერთობლიობა.

2. სამორიგეო ცვლაში შემავალი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ:

ა) დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვას;

ბ) მსჯავრდებულთა მიერ დღის განრიგის შესრულებასა და დარღვევებზე დროულ რეაგირებას;

გ) შემოწმება-დათვალიერების ჩატარების ორგანიზებას;

დ) გადაღობვის მოწყობილობების, საკონტროლო-საკვალე ზოლის, მიწისქვეშა კომუნიკაციების და სხვა ადგილების მდგომარეობის რეგულარულ შემოწმებას;

ე) აკრძალული ნივთების ამოღების შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას;

ვ) დაწესებულების დირექტორის ან მისი მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურეების მიერ თანამდებობრივი ინსტრუქციების და ამ დებულების დაცვის კონტროლს;

ზ) საკნების/საერთო საცხოვრებლების ტექნიკურ დათვალიერებას, სატელეფონო და სხვა კავშირგაბმულობის საშუალებების, მეთვალყურეობის ტექნიკური საშუალებების ფუნქციონირების შემოწმებას;

თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

3. სამორიგეო ცვლის შემადგენლობა სტაბილურია. კონკრეტულ სამორიგეო ცვლაში მოსამსახურე განწესდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, მისი სახელისა და გვარის მითითებით. სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა ერთი სამორიგეო ცვლიდან მეორეში გადაყვანა დასაშვებია დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში.

4. სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები ნაწილდებიან დაწესებულებაში შექმნილ საგუშაგოებზე. საგუშაგო არის დაწესებულების დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დაწესებულების შენობის ან/და ტერიტორიის შემადგენელი ნაწილი, საიდანაც ხორციელდება დასაცავი ობიექტის კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოეწყოს ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი საგუშაგო ან დამატებითი საგუშაგო.

5. თუ ოპერატიულ მორიგეს მის ხელთ არსებული ძალებითა და საშუალებებით არ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, იგი უფლებამოსილია დაწესებულების დირექტორთან შეთანხმებით დამატებით გამოიძახოს დაწესებულების მოსამსახურეები.

6. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების დაცვისა და ზედამხედველობის განხორციელების ბრძანებით, რომელსაც გამოსცემს დაწესებულების დირექტორი, სამორიგეო ცვლებს მიეცემათ მითითება საგუშაგოებზე დაცვის გაძლიერების მიზნით. ამ ბრძანებაში აღინიშნება დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული ადგილები, რომლებშიც უნდა ჩატარდეს ტექნიკური დათვალიერებები და ღონისძიებები დაცვის გაძლიერებისთვის.

7. დაწესებულების დირექტორის ბრძანებით მტკიცდება საგუშაგო ტაბელი, რომელშიც აღინიშნება საგუშაგოთა ჩამონათვალი, ასახულია მათი სქემობრივი განლაგება საგუშაგოების მიხედვით, საგუშაგოში არსებული ყველა დოკუმენტისა და საგნის ჩამონათვალი და სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები, აგრეთვე საგუშაგოს დაცვის ქვეშ მყოფი კონკრეტული ობიექტის დასახელება.

8. საგუშაგოს ტაბელი დგება 3 ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სამსახურის პენიტენციურ დეპარტამენტს, მეორე ინახება დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებაში, ხოლო მესამე – ოპერატიულ მორიგესთან.

9. საგუშაგოზე მდგომი სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები და ოპერატიული მორიგე ყოველდღე უნდა იყვნენ ინფორმირებული არსებული ვითარების თაობაზე, აგრეთვე ყოველდღიურად ინფორმაცია უნდა მიეწოდოს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტს. საგუშაგოებზე სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე.

10. სამორიგეო ცვლების გრაფიკი განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

11. თავისი ფუნქციების განხორციელების დროს ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდების მიზნით სამორიგეო ცვლის ოპერატიულ მორიგეს უშუალო კონტაქტი აქვს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს შტაბთან (სამმართველოსთან).

12. ოპერატიული მორიგე და ოპერატიული მორიგის თანაშემწე უწყვეტ რეჟიმში აწვდიან შესაბამის პირებს დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, უზრუნველყოფენ სამორიგეო ცვლის საქმიანობის კოორდინაციას, სამორიგეო ცვლის მიღება-გადაბარებას და ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 103. საგუშაგოსა და სამორიგეო ცვლის მიღება-გადაბარება

1. ყოველ დილას ახალი სამორიგეო ცვლა დაწესებულებაში ცხადდება მოწესრიგებული, ფორმის ტანსაცმლით (უნიფორმით). სამორიგეო ცვლის წარმომადგენლები ესწრებიან საგუშაგოებზე განაწილების თაობაზე ახალი ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით ჩატარებულ შეკრებას. ოპერატიული მორიგე ეცნობა დაწესებულებაში არსებულ ვითარებას, სამორიგეო ცვლის წარმომადგენლებს ოპერატიული მორიგე უტარებს ინსტრუქტაჟს და აძლევს მითითებებს/დავალებებს.

2. ახალი ოპერატიული მორიგე და ოპერატიული მორიგის თანაშემწე ცხადდებიან შეკრების დაწყებამდე 30 წუთით ადრე და წინა ოპერატიული მორიგისა და მისი თანაშემწისგან ეცნობიან დაწესებულებაში არსებულ ვითარებას, ამასთანავე, ამოწმებენ დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ სამორიგეო გრაფიკს.

3. სამორიგეო ცვლას განაწილებისთვის ამზადებს ოპერატიული მორიგის თანაშემწე, რომელიც უზრუნველყოფს სამორიგეო ცვლის მოწყობას.

4. ოპერატიული მორიგის თანაშემწე კორპუსის ოფიცრებთან ერთად, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული სამორიგეო გრაფიკის მიხედვით, ამოწმებს სამორიგეო ცვლის შემადგენლობის სამსახურში გამოცხადებას, მათ ვიზუალურ მხარეს, ფორმის ტანსაცმელს (უნიფორმას) და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის მზადყოფნას.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომზადების პროცესის დასრულების შემდეგ ოპერატიული მორიგის თანაშემწე მოახსენებს ოპერატიულ მორიგეს ახალი სამორიგეო ცვლის განაწილებისთვის მზადყოფნის შესახებ და იმ მოსამსახურეთა თაობაზე, რომლებიც არ გამოცხადდნენ ცვლაში.

6. ოპერატიული მორიგე, სამართლებრივი რეჟიმის სფეროს კურატორთან კოორდინაციით, ანაწილებს მოსამსახურეებს საგუშაგოებზე, კორპუსის ოფიცრებს გადასცემს საგუშაგო უწყისებს და განაწილებას დასრულებულად აცხადებს.

7. მოსამსახურის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ოპერატიული მორიგე უზრუნველყოფს მის ჩანაცვლებას დაწესებულების სარეზერვო ჯგუფიდან ან ავალებს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების განყოფილების შესაბამის მოსამსახურეს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობების შესრულებას.

8. განაწილების დასრულების შემდეგ სამორიგეო ცვლა განლაგდება შესაბამის საგუშაგოზე და დღის განრიგით გათვალისწინებული დროის შესაბამისად იწყებს დილის შემოწმებას წინა სამორიგეო ცვლასთან (გრაფიკის მიხედვით) ერთად.

9. საგუშაგოების მიღება-ჩაბარების დროს და მის დაწყებამდე 30 წუთით ადრე წყდება მსჯავრდებულთა ყოველგვარი გადაადგილება, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა.

10. დილის შემოწმება ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით ხორციელდება წინა და ახალი ცვლის კორპუსის ოფიცრების, მთავარი ინსპექტორების, უფროსი ინსპექტორებისა და ინსპექტორ-კონტროლიორების მიერ.

11. პირველ რიგში, ხორციელდება დაწესებულების სივრცეების შემოწმება-გადაბარება, შემოწმებაში მონაწილეობენ წინა და ახალი ცვლის კორპუსის ოფიცრები, მთავარი ინსპექტორები, უფროსი ინსპექტორები და ინსპექტორ-კონტროლიორები. შემოწმებისას წინა ცვლის ერთ-ერთი ინსპექტორ-კონტროლიორი განაგრძობს საგუშაგოზე საქმიანობას.

12. სივრცეების შემოწმება ხორციელდება შემდეგნაირად:

ა) მოწმდება სივრცეზე განთავსებული ჰოლები, დერეფნები, განათება, ტელეფონები, საკომუნიკაციო შახტები, დერეფნისა და სახანძრო კიბეზე გამავალი კარები, კიბეების უჯრედების ცხაურები, ჰოლისა და დერეფნის ფანჯრები და ფანჯრის ცხაურები;

ბ) ამ მუხლის მე-11 პუნქტში მითითებული მოსამსახურეები:

ბ.ა) შედიან გასახდელსა და საშხაპეებში, სადაც ამოწმებენ სველი წერტილების გამართულობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს;

ბ.ბ) შედიან სამრეცხაოსა და საშრობში, სადაც ამოწმებენ დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, ვიზუალური კონტროლის საშუალებებს, ჭერს, იატაკს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს.

13. საკომუნიკაციო შახტის კარი იღება მხოლოდ შემოწმების ან მომსახურების გაწევისთვის საჭირო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, აგრეთვე სანიტარიულ-ჰიგიენური სივრცეების (საშხაპეები, სამრეცხაო, საშრობი) კარები იღება მხოლოდ ექსპლუატაციის პერიოდში.

14. დაწესებულების სივრცეების შემოწმება-გადაბარების დასრულების შემდეგ წინა და ახალი სამორიგეო ცვლის მთავარი ინსპექტორები, უფროსი ინსპექტორები და ინსპექტორ-კონტროლიორები ერთობლივად ახორციელებენ სპეციალური საკნების/საერთო საცხოვრებლების და მსჯავრდებულების შემოწმება-გადაბარებას, კერძოდ:

ა) საკნის/საერთო საცხოვრებლის კარის გაღებამდე წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი მოუწოდებს მსჯავრდებულებს მოემზადონ შემოწმებისთვის;

ბ) წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი აღებს საკნის/საერთო საცხოვრებლის კარს, მსჯავრდებული გამოდის საკნიდან/საერთო საცხოვრებლიდან, სადაც შედიან წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები, უფროსი ინსპექტორები და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები, რომლებიც:

ბ.ა) ამოწმებენ მსჯავრდებულებს, მათ ვიზუალურ მდგომარეობას, კომპეტენციის ფარგლებში გამოჰკითხავენ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ახდენენ მათ გადათვლას, ეცნობიან მათ პრობლემებსა და საჭიროებებს, აფრთხილებენ მსჯავრდებულებს დღის განრიგით გათვალისწინებული აქტივობების თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულის და მისი ნივთების იდენტიფიცირებისთვის იყენებენ საკნის/საერთო საცხოვრებლის ბარათს ან/და კარტოთეკას;

ბ.ბ) ამოწმებენ სველი წერტილების მდგომარეობას, განათებას, კედლებს, ფანჯრებს და ფანჯრის გარე ცხაურებს, მაგიდას, სკამებს, საწოლებს, ტუმბოებს, იატაკს, ჭერს, განათებას, ელექტრო-ტექნიკას (არსებობის შემთხვევაში), სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას.

15. წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები, უფროსი ინსპექტორები, აგრეთვე წინა და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები ამოწმებენ დაწესებულების ეზოს, კერძოდ: მოწმდება ეზოს ინვენტარი, ფანჩატურები, გრძელი სკამები, ტელეფონები მსჯავრდებულთა კომუნიკაციისთვის, კორპუსის კედელზე გამავალი ხილული კომუნიკაციები, ეზოში სანიაღვრეები და ჭები, ეზოს კარი, ეზოს გამწვანება, ეზოს სარწყავი სისტემები, შადრევნები, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმები.

16. შემოწმების შედეგები აისახება შესაბამისად, საგუშაგო უწყისსა და სამორიგეო ჟურნალში. იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა მსჯავრდებულის მიერ ამ დებულების დარღვევა ან სხვა ხარვეზი/დაზიანება, ამის თაობაზე დგება ოქმი და შესაბამისი რეაგირებისთვის წარედგინება სამართლებრივი რეჟიმის სფეროს კურატორსა და ოპერატიულ მორიგეს.

17. საკნიდან/საერთო საცხოვრებლიდან გამოსვლის შემდეგ წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი კეტავს მსჯავრდებულებს საკანში/საერთო საცხოვრებელში.

18. საკნების/საერთო საცხოვრებლების და მსჯავრდებულების შემოწმების დასრულების შემდეგ ხდება მსჯავრდებულთა რაოდენობის შედარება წინა ცვლის საგუშაგო უწყისში აღნიშნულ მსჯავრდებულთა რაოდენობასთან.

19. მსჯავრდებულის საკანში/საერთო საცხოვრებელში არყოფნის შემთხვევაში, მოწმდება მისი არყოფნის მიზეზები და აისახება საგუშაგო უწყისსა და სამორიგეო ჟურნალში. წინა სამორიგეო ცვლის ოპერატიული მორიგე ახალი სამორიგეო ცვლის ოპერატიულ მორიგეს გადასცემს პროკურორთან, გამომძიებელთან, ადვოკატთან, თარჯიმანთან, პაემანზე, სასამართლო პროცესზე მყოფ მსჯავრდებულთა გამოძახებაზე მოთხოვნის ბარათებს.

20. მსჯავრდებულის საკანში/საერთო საცხოვრებელში არყოფნის მიზეზების გაურკვევლობისას ტარდება ხელახალი შემოწმება. აღნიშნული და სხვა ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობება სამართლებრივი რეჟიმის სფეროს კურატორსა და ოპერატიულ მორიგეს.

21. ახალი ცვლის ოპერატიული მორიგე კორპუსის ოფიცერთან ერთად წინა ცვლის ოპერატიული მორიგისგან და კორპუსის ოფიცრისგან იბარებს საკნის/საერთო საცხოვრებლის ბარათებს, საკომუნიკაციო საშუალებებს, საკნის/საერთო საცხოვრებლის და დაწესებულების სივრცეების გასაღებებს და მასზე განპიროვნებულ სხვა ნივთებს, ამ მომენტიდან სამორიგეო ცვლა გადაბარებულად ითვლება.

22. საგუშაგოს მიღება-გადაბარების თაობაზე წინა და ახალი ცვლის კორპუსის ოფიცრები და მთავარი ინსპექტორები ხელს აწერენ სამორიგეო ჟურნალში, ხოლო წინა და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები – წინა ცვლის საგუშაგო უწყისში. მიღება-გადაბარების შედეგების შესახებ ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორი და კორპუსის ოფიცერი მოახსენებს ოპერატიულ მორიგეს, რომელიც თავის მხრივ მოახსენებს დაწესებულების დირექტორს ან/და სამართლებრივი რეჟიმის სფეროს კურატორს, აგრეთვე აცნობებს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს შტაბს (სამმართველოს).

23. წინა ცვლის კორპუსის ოფიცრები, მთავარი ინსპექტორები, უფროსი ინსპექტორები, ინსპექტორ-კონტროლიორები და ახალი ცვლის კორპუსის ოფიცრები, მთავარი ინსპექტორები, უფროსი ინსპექტორები და ინსპექტორ-კონტროლიორები იკრიბებიან დაქვემდებარების მიხედვით შესაბამის განყოფილების უფროსებთან და მოახსენებენ გადაბარების შედეგების შესახებ. წინა სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები მოახსენებენ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ვითარების, პრობლემების და საქმიანობის შედეგების თაობაზე.

24. მიღებული ინფორმაციისა და ვითარების გათვალისწინებით, შესაბამისი განყოფილების უფროსი, მოსამსახურეებს უტარებს ინსტრუქტაჟს და აძლევს მითითებებს/დავალებებს.

25. შესაბამისი განყოფილების უფროსი წინა სამორიგეო ცვლას ათავისუფლებს მორიგეობიდან, რის შემდეგ წინა სამორიგეო ცვლა თავის საგუშაგო უწყისს აბარებს ოპერატიულ მორიგეს.

26. წინა სამორიგეო ცვლის გათავისუფლების შემდეგ განყოფილების უფროსები ახორციელებენ სამოქმედო ტერიტორიის შემოვლა/დათვალიერებას და საჭიროების შემთხვევაში მთავარ ინსპექტორებს, უფროს ინსპექტორებსა და ინსპექტორ-კონტროლიორებს აძლევენ მითითებებს/დავალებებს.

 

მუხლი 104. საღამოს შემოწმება

1. საღამოს შემოწმებისას, დღის განრიგით განსაზღვრულ პერიოდში, მსჯავრდებული ვალდებულია იმყოფებოდეს თავის საკანში/საერთო საცხოვრებელში.

2. შემოწმების დაწყების წინ ყველა საკანი/საერთო საცხოვრებელი უნდა იყოს ჩაკეტილ მდგომარეობაში.

3. შემოწმებას ახორციელებს სამორიგეო ცვლა კორპუსის ოფიცრების, მთავარი ინსპექტორების, უფროსი ინსპექტორისა და ინსპექტორ-კონტროლიორების შემადგენლობით.

4. საღამოს შემოწმება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. მსჯავრდებულების გადათვლისა და საკნის/საერთო საცხოვრებლის ვიზუალური დათვალიერების შემდეგ ინსპექტორ-კონტროლიორი მოუწოდებს მსჯავრდებულებს, დღის განრიგით განსაზღვრული დროის გათვალისწინებით მოემზადონ დასაძინებლად და კეტავს მათ საკანში/საერთო საცხოვრებელში, რის შემდეგაც სამორიგეო ცვლა იწყებს დაწესებულების დანარჩენი სივრცეების შემოწმებას, კერძოდ:

ა) შედის გასახდელსა და საშხაპეებში, სადაც ამოწმებს სველი წერტილების გამართულობას, ფანჯრებს, ფანჯრის ცხაურებს, განათებასა და სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს;

ბ) შედის სამრეცხაოსა და საშრობში, სადაც ამოწმებს დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, ვიზუალური კონტროლის საშუალებებს, ჭერს, იატაკს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს.

6. შემოწმების დამთავრების შემდეგ სივრცეების კარები იკეტება ინსპექტორ-კონტროლიორის მიერ.

7. საღამოს შემოწმების დასრულებისას სამორიგეო ცვლა ხელმძღვანელობს ამ დებულების შესაბამისად.

 

მუხლი 105. სარეზერვო ჯგუფი

1. საჭიროებიდან გამომდინარე, სამორიგეო ცვლაში დაწესებულების მოსამსახურეების შემადგენლობით დაწესებულების დირექტორის ბრძანებით იქმნება სარეზერვო ჯგუფი.

2. სარეზერვო ჯგუფს ხელმძღვანელობს სარეზერვო ჯგუფის უფროსი, რომელიც ექვემდებარება ოპერატიულ მორიგეს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ოპერატიული მორიგის თანაშემწეს და მოქმედებს მისი მითითებით.

3. სარეზერვო ჯგუფის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სარეზერვო ჯგუფს;

ბ) იმყოფება დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, თვალყურს ადევნებს მსჯავრდებულთა მიერ ამ დებულებისა და დღის განრიგის შესრულებას.

4. სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:

ა) შეტყობინების მიღებისას დახმარება აღმოუჩინონ საგუშაგოზე მდგომ სამორიგეო ცვლის მოსამსახურეებს;

ბ) ოპერატიული მორიგის ან ოპერატიული მორიგის თანაშემწის მითითებით მონაწილეობა მიიღონ საკნების/საერთო საცხოვრებლების დათვალიერებაში;

გ) განახორციელონ ხელმძღვანელი პირების სხვა მითითებები.

 

მუხლი 106. დაწესებულების მოსამსახურეთა გამოძახება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის

1. დაწესებულების მოსამსახურეები შეიძლება გამოძახებულ იქნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად დაწესებულების დირექტორის დავალებით.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის გამოძახებულ დაწესებულების მოსამსახურეთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯგუფის უფროსი, რომელსაც განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის გამოძახებულ დაწესებულების მოსამსახურეთა ჯგუფი ახორციელებს იმავე უფლება-მოვალეობებს, რასაც − სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები.

4. საჭიროების შემთხვევაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის გამოძახებული დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორები შეიძლება გამოყენებულ იქნენ სარეზერვო ჯგუფის შემადგენლობაში.

5. დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღების შემთხვევაში დაცვის გაძლიერების მიზნით, დაწესებულების მოსამსახურეთა შემადგენლობიდან შეიძლება ჩამოყალიბდეს სპეციალური ჯგუფი, რომლის შემადგენლობა, მოქმედების ვადა და საქმიანობა განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.