დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ტექნიკური რეგლამენტის – ცივი იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140120000.10.003.025587 |
|
| მუხლი 1 |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტისა და 141 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი – ცივი იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 თებერვლიდან.
|
|
ტექნიკური რეგლამენტი – ცივი იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები
|
მუხლი 1. ტექნიკური რეგლამენტის გამოყენების სფერო და ობიექტი
1. „ტექნიკური რეგლამენტი – ცივი იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) განსაზღვრავს ცივი იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებსა და კატეგორიებს. 2. ეს ტექნიკური რეგლამენტი გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის. მუხლი 2. ცივი იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები 1. ცივ იარაღად მიიჩნევა იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ცივ იარაღად უნდა ჩაითვალოს საგანი, რომელიც თავისი კონსტრუქციით, ზომებით და მასალით, ხოლო მოქმედების პრინციპით არის საჩეხი, მჩხვლეტავი, მჭრელი, მჩხვლეტავ-მჭრელი, მჩხვლეტავ-საჩეხი, დასარტყმელ-დამჩეხი, მჩხვლეტავ-ბასრი, მსხვრევად-დასარტყმელი ან კომბინირებული (მრავალსაგნობრივი). 3. ცივი იარაღის (გარდა მსხვრევად-დასარტყმელი ცივი იარაღისა) ძირითადი ნაწილებია პირი და სახელური. ცივ იარაღს პირსა და სახელურს შორის შეიძლება გააჩნდეს შემზღუდველი (დამცველი), რომელიც დარტყმის მომენტში ხელის მტევანს იცავს დაცურებისაგან. მუხლი 3. ცივი იარაღის კატეგორიები 1. მჩხვლეტავ იარაღებს, მათ შორის, მიეკუთვნება: ა) სტილეტი; ბ) მახვილი; გ) დაშნა; დ) ქორდიკი (კორტიკი); ე) ხიშტი. 2. მჭრელ იარაღებს, მათ შორის, მიეკუთვნება: ა) დასაკეცი დანები; ბ) არადასაკეცი დანები. 3. მჩეხავ იარაღებს, მათ შორის, მიეკუთვნება: ა) ხმალი; ბ) გორდა; გ) საჩეხელა; დ) მაჩეტე; ე) ცული. 4. მჩხვლეტავ-ბასრ იარაღებს, მათ შორის, მიეკუთვნება: ა) ხანჯალი; ბ) სანადირო დანა; გ) ფინური დანა. 5. მსხვრევად-დასარტყმელ იარაღებს, მათ შორის, მიეკუთვნება: ა) საჯიგველი (კასტეტი); ბ) კვერთხი; გ) გურზი; დ) ხელგულა. 6. დამზადების მიხედვით ცივი იარაღები იყოფა სამ ჯგუფად: ა) ქარხნული იარაღები; ბ) კუსტარული იარაღები; გ) თვითნაკეთი იარაღები. მუხლი 4. საგნის ცივ იარაღად კლასიფიცირების წესი 1. საგნის ცივ იარაღად კლასიფიცირების მიზნით, ტარდება კრიმინალისტიკური გამოკვლევა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი პირი (ექსპერტი) ახორციელებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კვლევისას ხორციელდება საგნის ვიზუალური დათვალიერება-აღწერა, მათ შორის, დგინდება საგნის პირის ზომა, კონსტრუქციის სიმტკიცე და დრეკადობა. 3. არადასაკეცი და დასაკეცი დანები, ასევე სხვადასხვა სახის ხელსაწყოები და საგნები (გარდა მსხვრევად-დასარტყმელი ცივი იარაღისა) მიეკუთვნებიან ცივ იარაღთა კატეგორიას, თუ მათი პირის მაქსიმალური სიგრძე 40 მმ და მეტია. 4. საგანი კლასიფიცირდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ცივ იარაღად, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კვლევისას დადგინდა, რომ საგანი უძლებს არანაკლებ 1 კგ-ის ოდენობით დატვირთვას (გარდა მსხვრევად-დასარტყმელი ცივი იარაღისა). 5. ცივი იარაღის კონსტრუქციის სიმტკიცე და დრეკადობა დგინდება შემდეგი თანმიმდევრობით: ცივი იარაღი მაგრდება გირაკში, რის შემდეგაც 1 კგ-ის ოდენობით დატვირთვა მოედება ცივი იარაღის ორივე მხარეს, მართობის მიმართულებით. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის შემდეგ ცივი იარაღი არ უნდა განიცდიდეს ნარჩენ დეფორმაციას მისი საერთო სიგრძის 5%-ზე მეტად. 7. საგნის ცივ იარაღად კლასიფიცირების მიზნით, ნებისმიერი გამოსაკვლევი საგნის (მოწყობილობის) გამოცდა უნდა ჩატარდეს არანაკლებ 3-ჯერ. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები