ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მჟავანაძე და რუხაძე საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მჟავანაძე და რუხაძე საქართველოს წინააღმდეგ“
დოკუმენტის ნომერი 29760/21; 33931/21
დოკუმენტის მიმღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიღების თარიღი 15/07/2025
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2026
სარეგისტრაციო კოდი
29760/21; 33931/21
15/07/2025
ვებგვერდი, 16/02/2026
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მჟავანაძე და რუხაძე საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე

„მჟავანაძე და რუხაძე საქართველოს წინააღმდეგ“

 

 

მეოთხე სექცია

საქმე „მჟავანაძე და რუხაძე საქართველოს წინააღმდეგ“

(საჩივრები №№29760/21 და 33931/21)

გადაწყვეტილება


მე-6(1) მუხლი (სისხლისსამართლებრივი ასპექტი) • საქმის არასამართლიანი განხილვა მეორე მომჩივანთან მიმართებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრის დადებისას პოლიციელის ჩვენებაზე დაყრდნობა, რომელიც არ იყო გამყარებული სხვა მტკიცებულებებით • ეროვნული სასამართლოების დასკვნა, რომ არცერთი მტკიცებულება „ეწინააღმდეგებოდა“ პოლიციელის მიერ მიცემულ განმარტებას, რომელმაც მეორე მომჩივანი ჩააყენა ისეთ მდგომარეობაში, რომ მოუწია საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება • პირველ მომჩივანთან მიმართებით საერთო უსამართლობის არარსებობა, რადგან მისი მსჯავრი, ასევე, სხვა მტკიცებულებებს ეფუძნებოდა.

მე-11 მუხლი • მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება • მომჩივნების დაკავება მანიფესტაციის ადგილზე და მათი მსჯავრდება პოლიციის კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობისთვის • სადავო ქმედება, რომელიც არ იყო ისეთი ხასიათისა და სიმძიმის, რომ არ მოქცეულიყო მე-11 მუხლის დაცვის ფარგლებში • დემონსტრაციები საპარლამენტო არჩევნების შედეგების და COVID-19-ის პანდემიის დროს კომენდანტის საათის წინააღმდეგ გამოხატავდა საზოგადოების ინტერესებს და ხელს უწყობდა საზოგადოებაში უწყვეტ დებატებს • პირველი მომჩივნისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის სახით არაძალადობრივი ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთის სამდღიანი ზომის დაკისრების არაპროპორციულობა • სადავო ჩარევის აუცილებლობისა და პროპორციულობის დასაბუთებისთვის საკმარისი მიზეზების არარსებობა

 

მომზადებულია სამდივნოს მიერ. სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის.

 

 

სტრასბურგი

2025 წლის 15 ივლისი

 

ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული გარემოებების შემთხვევაში. ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციული ხასიათის შესწორებას.


საქმეზე „მჟავანაძე და რუხაძე საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეოთხე სექცია), პალატის სახით, შემდეგი შემადგენლობით:

ჟულიენ შუკინგი, თავმჯდომარე,
ლადო ჭანტურია,
ფარის ვეჰაბოვიჩი,
ანა მარია გიერა მარტინსი,
ანნე ლუიზ ბორმანი,
სებასტიან რადულენტუ,
ანდრე იაკაბი, მოსამართლეები,
და სიმეონ პეტროვსკი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,

გაითვალისწინა რა:

საჩივრები (NN 29760/21 და 33931/21) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2021 წლის 20 მაისსა და 18 ივნისს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოში შეიტანეს საქართველოს ორმა მოქალაქემ, ბ.-ნმა გიორგი მჟავანაძემ (შემდგომში „პირველი მომჩივანი“) და ბ.-ნმა ნოდარ რუხაძემ (შემდგომში „მეორე მომჩივანი“).

განჩინება საქართველოს მთავრობისთვის (შემდგომში „მთავრობა“) საჩივრების შესახებ შეტყობინებაზე;

მხარეთა პოზიციები;

2025 წლის 29 აპრილისა და 24 ივნისის დახურული თათბირების შემდეგ,

გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა ბოლოს აღნიშნული თარიღისთვის:

შესავალი

1. საქმე ეხება მომჩივნების საჩივრებს იმასთან დაკავშირებით, რომ მანიფესტაციის დროს მათი დაკავება და შემდეგ მათი დამნაშევედ ცნობა მოხდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, რაც გამოიხატებოდა პოლიციის კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობაში და რაც წარმოადგენდა კონვენციის მე-6, მე-10 და მე-11 მუხლების დარღვევას.

ფაქტობრივი გარემოებები

2. პირველი მომჩივანი დაიბადა 1993 წელს, ხოლო მეორე – 1996 წელს. ისინი ცხოვრობენ თბილისში. ორივე მომჩივანი არის სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი და „მოძრაობა სირცხვილია“-ს დამფუძნებელი წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციისა, რომლის მიზნებიც, შესაბამისი სადამფუძნებლო დოკუმენტის საფუძველზე, არის „საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მოქალაქეთა ინფორმირება.“

3. მომჩივნებს წარმოადგენდა ადვოკატი, ბ.-ნი ე. მარიკაშვილი, რომელიც საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს თბილისში.

4. საქართველოს მთავრობას წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ბ.-ნი ბ. ძამაშვილი.

5. საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად:

I. ზოგადი ინფორმაცია

6. 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

7. 2020 წლის 8 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად თბილისში მანიფესტაცია გაიმართა. პარლამენტის შენობის წინ მანიფესტაციის რამდენიმე ათასი მონაწილე შეიკრიბა და შემდეგ გადაინაცვლა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომში „ცესკო“) შენობასთან. მანიფესტაციის რამდენიმე მონაწილემ დაიწყო ძალადობრივი ქმედებები, ქვების სროლა პოლიციის კორდონის მიმართულებით და სცადეს მისი გარღვევა „ცესკოს“ შენობაში შეღწევის მიზნით. საბოლოო ჯამში, პოლიციამ მანიფესტაცია დაშალა.

8. 2020 წლის 9 ნოემბერს, როგორც COVID-19-ის პანდემიის გლობალური აფეთქების წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური ღონისძიება, მთავრობამ მიიღო დადგენილება N670 საღამოს 10 საათიდან დილის 5 საათამდე პერიოდისთვის კომენდანტის საათის შემოღებასთან დაკავშირებით.

9. 2020 წლის 9 ნოემბერს, მანიფესტაციის მონაწილეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც წინა დღიდან მოყოლებული პროტესტს განაგრძობდნენ (იხ., მე-7 პარაგრაფი ზემოთ), შეიკრიბნენ პარლამენტის შენობის წინ. ისინი ითხოვდნენ „ცესკოს“ თავმჯდომარის გადადგომას და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. იმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მონაწილეები გააფრთხილა, რომ კანონის ნებისმიერ დარღვევაზე დაუყოვნებლივ მოხდებოდა რეაგირება. მომჩივნები მანიფესტაციას საღამოს შეუერთდნენ.

10. ზემოაღნიშნული მანიფესტაციის პარალელურად, „მოძრაობამ სირცხვილია“ (იხ., მე-2 პარაგრაფი ზემოთ) გამოაცხადა, რომ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გაიმართებოდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია. ღონისძიების მიზანი იქნებოდა მთავრობის მიერ შემოღებული კომენდანტის საათის (იხ., მე-8 პარაგრაფი ზემოთ) დაგმობა, რადგან მიმდინარე პოლიტიკური პროტესტის ფონზე ის უსამართლო და გაუმართლებელი იყო. მისი მონაწილეები გეგმავდნენ პარლამენტის შენობის წინ ღამის გათენებას. ზოგმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ისინიც მიიღებდნენ მონაწილეობას.

II. მომჩივნების დაკავება

11. პირველი მომჩივნის ადმინისტრაციული დაკავების ოქმის თანახმად, ის დააკავეს 2020 წლის 9 ნოემბერს „პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე“ წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციელის კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობისთვის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა (შემდგომში „ასკ“) კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის, იხ., 32-ე პარაგრაფი ქვემოთ). მისი ქმედების ზუსტი არსი არ იყო დაკონკრეტებული. ოქმის თანახმად, ის განსაკუთრებით აგრესიული იყო და მისი დაკავების დროდ საღამოს 9:25 საათი იყო მითითებული.

12. მეორე მომჩივანიც წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციელის კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს „პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე“. მისი ქმედების ზუსტი არსი არ იყო დაკონკრეტებული. ადმინისტრაციული დაკავების ოქმში დაკავების დროდ საღამოს 10 საათი იყო მითითებული.

III. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება

13. პირველი და მეორე მომჩივნების საქმეები გაერთიანდა.

14. თბილისის საქალაქო სასამართლოში ზეპირი მოსმენა 2020 წლის 10 და 11 ნოემბერს გაიმართა.

15. 2020 წლის 10 ნოემბრის ზეპირ მოსმენაზე მომჩივნებმა მოითხოვეს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დაევალებინა პროკურატურისთვის ჩართულიყო პროცესში, როგორც პროცესის მონაწილე მხარე. ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეში მხარედ ჩართვასთან დაკავშირებით პროკურატურას დისკრეციული უფლებამოსილება ჰქონდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმის პროკურატურაში გადაგზავნა შეეძლო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მიიჩნევდა, რომ კონკრეტული დანაშაული სისხლისსამართლებრივი იყო და არა ადმინისტრაციული.

16. მომჩივნებმა, ასევე, მოითხოვეს 4 პოლიციელის (ა.ს., ა.პ., გ.ი. და ო.ს.) მოწმის სახით დაკითხვა. მოთხოვნა დაკმაყოფილდა მხოლოდ ა.ს.-სა და ო.ს.-ს დაკითხვასთან დაკავშირებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ ა.პ.-სა და გ.ი.-ის დაკითხვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რადგან, მომჩივნების პოზიციის მიხედვით, ისინი არ იყვნენ მომჩივნების მიერ სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის თვითმხილველნი და რომ მათ ჩვენების მიცემა მხოლოდ მომჩივნების დაკავების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებით შეეძლოთ.

17. 2020 წლის 11 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მომჩივნები „ასკ“-ის 173-ე მუხლის ფარგლებში (იხ., 32-ე პარაგრაფი ქვემოთ) ცნო დამნაშავედ სამართალდარღვევის ჩადენაში. სასამართლომ მომჩივნები გაამართლა, რადგან არ არსებობდა „ასკ“-ის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მტკიცებულებები, რომელიც, კერძოდ, მოიაზრებდა უმისამართო ლანძღვა-გინებას საჯარო სივრცეში. მომჩივნებს გადაწყვეტილების შესახებ ეცნობათ 2020 წლის 14 ნოემბერს.

18. გადაწყვეტილება ეყრდნობოდა შემდეგ მასალას: პირველი და მეორე მომჩივნების ჩვენებები, 4 პოლიციელის (ა.ს., მ.დ., და ი.უ.-ს ჩვენებები პირველ მომჩივანთან დაკავშირებით; ხოლო ო.ს.-ს ჩვენებები მეორე მომჩივანთან დაკავშირებით) მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებები, დაცვის მხარის მოწმეთა (გ.მ. და ა.ჭ.) ჩვენებები; ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც ო.ს.-ისა და ა.ს.-ის (რომლებმაც დააკავეს მომჩივნები) სამხრე ვიდეოკამერით იყო გადაღებული და ასახავდა მომჩივნების დაკავების შემდგომ პერიოდს, როდესაც ისინი პოლიციის მანქანაში მოათავსეს და ვიდეომასალას, რომელიც სატელევიზიო კომპანიამ გადაიღო და ასახავდა ტერიტორიაზე არსებულ არეულობასა და იმ მანქანის მოძრაობას, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი მიჰყავდა და რომელსაც მომჩივნებმა სავარაუდოდ ხელი შეუშალეს.

19. პოლიციელების მიერ სასამართლო პროცესზე მიცემული და სასამართლო გადაწყვეტილებაში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, მომჩივნები იმ პირთა ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ, რომლებიც იმ მანქანას აედევნენ, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გადაჰყავდა და გზა გადაუღობეს მას, რის შემდეგაც დაიწყეს უმისამართოდ გინება, ხოლო შემდეგ პირდაპირ პოლიციის მისამართით. ისინი დააკავეს იმის გამო, რომ უარი თქვეს გზის გათავისუფლებაზე. პოლიციელებმა აღნიშნეს, რომ პირველი მომჩივანი განსაკუთრებით აგრესიული იყო. პოლიციელებმა განმარტეს, რომ გარკვეული განსხვავება შესაძლოა ყოფილიყო დაკავების რეალურ დროსა და დაკავების ოქმში აღნიშნულ დროს შორის, ვინაიდან ამ ოქმების შევსება ადგილზე შეუძლებელი იყო. არეულ-დარეულობა, რომელსაც დაკავება მოჰყვა, საღამოს, დაახლოებით 9:40 საათზე დაიწყო, მაგრამ დაკავებებისას პოლიციელებმა ვერ შეძლეს ზუსტი დროის გადამოწმება.

20. პირველი მომჩივნის მიერ პროცესის დროს მიცემული ჩვენების თანახმად, იმ სადავო მოვლენების დროს მან გაიგო, რომ მისი მეგობარი დააკავეს. შესაბამისად, მან გააღო პოლიციის შავი მანქანის კარი (იხ., მე-19 პარაგრაფი ზემოთ) იმის სანახავად, იყო თუ არა მისი მეგობარი შიგნით. როდესაც მან დაინახა, რომ მისი მეგობარი არ იყო მანქანაში, მან კარი დახურა. შემდეგ, მანქანა წავიდა. გზის გათავისუფლება მისთვის არ უბრძანებიათ. ის დააკავეს მაშინ, როდესაც ცდილობდა მისულიყო მანიფესტაციის მეორე მონაწილესთან. სამი პოლიციელიდან, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მომჩივანი დააკავეს, მხოლოდ ორმა დააკავა ის და მესამე პოლიციელს (ა.ს.-ს) ის მხოლოდ პოლიციის მანქანაში შეხვდა. დაკავებისას პოლიციამ ძალა გამოიყენა, რასაც მისი მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობა მოჰყვა. პირველი მომჩივნის თანახმად, პოლიციის მიერ ძალის გამოყენება იყო მიზეზი, რის გამოც მათ მტკიცებულების სახით ვერ წარადგინეს მისი დაკავების (განსხვავებით შემდგომი პერიოდისგან) ამსახველი, სამხრე ვიდეოკამერებით გადაღებული ვიდეოჩანაწერი.

21. მეორე მომჩივნის მიერ სასამართლო პროცესის დროს მტკიცებულების სახით მიცემული ჩვენების თანახმად, ის ცდილობდა შეშა მიეტანა მანიფესტაციის ადგილზე, რადგან მონაწილეებს განზრახული ჰქონდათ ღამისთევა და სჭირდებოდათ გათბობის საშუალება. აღნიშნულის განხორციელებაში მას პოლიციამ ხელი შეუშალა და, შესაბამისად, მან ვერ განახორციელა თავისი ჩანაფიქრი, თუმცა პარლამენტის შენობასთან მანიფესტაციის მონაწილეებს მაინც შეუერთდა. მალევე მან დაინახა, როგორ დააკავა ორმა პოლიციელმა პირველი მომჩივანი და გაემართა იმ ადგილისკენ. ის შეეცადა ახლოს მისვლას, მაგრამ დააკავეს, ვინაიდან პოლიციამ შენიშნა, რომ ის იყო მანიფესტაციის აქტიური მონაწილე. მეორე მომჩივანმა პოლიციელ ო.ს.-ს ნათქვამის საპირისპირო განაცხადა, კერძოდ, რომ ამ პოლიციელმა დააკავა იგი და რომ ო.ს. იდგა პოლიციის იმ მანქანასთან, რომელთანაც ის მიიყვანეს დაკავებისთანავე.

22. მომჩივანი დავობდა, რომ ვიდეომასალა მათ დაკავებამდე პერიოდს არ ასახავდა და რომ პოლიციელების ჩვენებები ერთმანეთს არ შეესაბამებოდა. დაკავების ოქმებში ასახული დაკავების დროები შეუსაბამო იყო იმ ვიდეომასალასთან, რაც მედია წყაროებით იქნა მოპოვებული და ფიქსირდებოდა საქმის მასალებში. საქმის მასალებში არ იყო მტკიცებულება, რომ პოლიციელებმა მომჩივნებს რაიმე კანონიერი ბრძანება მისცეს, რომელსაც მომჩივნები არ დაემორჩილნენ.

23. როდესაც სასამართლო პროცესზე დაუსვეს კითხვა მსგავს სიტუაციებში სამხრე ვიდეოკამერების გამოყენებასთან დაკავშირებით, ო.ს.-მ (იხ., მე-18 პარაგრაფი ზემოთ) საპასუხოდ განაცხადა, რომ სამუშაოს დროს კამერებს ყოველთვის არ რთავდა, ვინაიდან უწყვეტი გამოყენების შედეგად ბატარეა დაჯდებოდა. თუმცა, პოლიციელები კამერებს რთავდნენ მაშინ, როდესაც გარემოებებიდან გამომდინარე იყო საჭირო. მეორე მომჩივნის ადვოკატმა ო.ს.-ს ჰკითხა, მისი სამხრე ვიდეოკამერა ჩართული იყო თუ არა სადავო მოვლენების დროს და გადაღებული ვიდეომასალა ასახავდა თუ არა იმ გარემოებებს, რომლებიც გახდა მეორე მომჩივნის დაკავების საფუძველი, როგორც ეს აღწერილი იყო ო.ს.-ს მოწმის სახით მიცემულ ჩვენებაში. ო.ს.-მ უპასუხა, რომ იმ დროს მისი ვიდეოკამერა „ჩართული უნდა ყოფილიყო“, მოგვიანებით კი განაცხადა: „აუცილებლად ჩავრთავდი.“ ასევე, მან ახსნა სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერების მართვის პროცედურა. კერძოდ, ო.ს.-მ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მომჩივანთან დაკავშირებული გარემოებები მისი კამერის ჩანაწერებში „[პრინციპში] უნდა ყოფილიყო“, მან იმ ჩანაწერის ზუსტი შინაარსი არ იცოდა, ვინაიდან ჩანაწერის გაკეთებისთანავე პოლიციელს, ვისი სამხრე კამერითაც გაკეთდა ჩანაწერი, აღარ ჰქონდა მასზე წვდომა. არამედ, ჩანაწერები იტვირთებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში „შსს“) შესაბამისი სამსახურის ცენტრალიზებულ სერვერზე, რომელიც მათ დამუშავებაზე იყო პასუხისმგებელი. პირველი ინსტანციის მოსამართლემ „შსს“-ს წარმომადგენელს სთხოვა, რომ სასამართლოსთვის მიეწოდებინა ო.ს.-სა და ა.ს.-ს სამხრე ვიდეოკამერებით ჩაწერილი ვიდეომასალა და ნებისმიერი სხვა ჩანაწერი, რომელიც ადგილზე მყოფი სხვა პოლიციელების სამხრე ვიდეოკამერებით იყო გადაღებული. შემდეგ, „შსს“-ს წარმომადგენელმა წარადგინა ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ო.ს.-სა და ა.ს.-ს სამხრე კამერებით იყო გადაღებული და მომჩივნების დაკავების შემდგომ მოვლენებს ასახავდა. თუმცა, „შსს“-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეუძლებელი იყო რაიმე დამატებითი ჩანაწერის წარდგენა, რადგან გარდა იმ პოლიციელებისა, რომლებიც იყვნენ მოწმეები მომჩივნების წინააღმდეგ გამართულ სასამართლო პროცესში, იმ ორ პოლიციელს, რომლებიც, ცნობილი იყო, რომ იქ მყოფებოდნენ, არ ჰქონდათ სამხრე კამერები. რაც შეეხება სხვა პოლიციელებს, რომლებსაც იმ მოვლენების დროს შესაძლოა ჰქონოდათ ჩართული სამხრე ვიდეოკამერები, მათი ვინაობა ვერ დადგინდებოდა იმის გამო, რომ მანიფესტაციის დროს იქ ბევრი სხვა პოლიციელი იმყოფებოდა და იმ პოლიციელებს, რომლებმაც მომჩივნები დააკავეს, არ ახსოვდათ დაკავების დროს იქ იყო თუ არა სხვა პოლიციელი. რაც შეეხება იმას, თუ რატომ იყო მომჩივნების დაკავების შემდგომი პერიოდი ასახული სასამართლოში წარდგენილ მასალაში, „შსს“-ს წარმომადგენელმა ივარაუდა, რომ შესაძლოა პოლიციელებმა კამერის ღილაკს ხელი დააჭირეს, მაგრამ კამერები არ ჩაირთო. საქმის განხილვისას მოსამართლესთან სხვა კითხვა-პასუხის დროს „შსს“-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პოლიციელების უფლება იყო და არა ვალდებულება, რომ ჩაერთო სამხრე ვიდეოკამერა მოვლენების ჩაწერის მიზნით და განაცხადა, რომ შესაძლოა მათ ეს გადაწყვიტეს მხოლოდ დაკავების შემდეგ. „შსს“ აცხადებდა, რომ მან სასამართლოს გადასცა ყველა ის მასალა, რომელიც მას გადასცა ჩანაწერების დამუშავებაზე პასუხისმგებელმა შესაბამისმა სამსახურმა.

24. მომჩივნების მიერ გამოძახებულმა მოწმემ (გ.მ.) განაცხადა, რომ მან დაინახა პოლიციელების მიერ ნახსენები შავი მანქანა, რომელიც რუსთაველის გამზირისკენ მიემართებოდა. პირველი მომჩივანი იყო მის უკან და მოგვიანებით გაბრუნდა. სხვა მოწმემ (ა.ჭ.) განაცხადა, რომ მან მოვლენათა განვითარების ადგილზე მეორე მომჩივანი დაინახა. ის არ იგინებოდა, არამედ ცდილობდა „სიტუაციაში გარკვევას“ და მანიფესტაციის სხვა მონაწილის აშკარა დაკავების მიზეზში გარკვევას, თუმცა, ის თვითონ არ შესწრებია მეორე მომჩივნის დაკავებას.

25. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის მასალებში არსებული ვიდეომტკიცებულებები შემდეგი ფორმულირებით აღწერა:

„საქმის მასალებში არსებული ვიდეოჩანაწერით (სატელევიზიო კომპანიის მიერ გაკეთებული) დგინდება, რომ 2020 წლის 9 ნოემბერს შავი ფერის ავტომანქანა გადაადგილდებოდა 9 აპრილის ქუჩაზე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით. ჩანაწერით დასტურდება, რომ ავტომანქანის მოძრაობა შეაფერხა მოქალაქეთა გარკვეულმა ჯგუფმა, რომელთა გზიდან გადაყვანა მოუხდათ პოლიციელებს.

[ა.ს.-ს] სახელზე განპიროვნებული სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერი ... ასახავს ადმინისტრაციული წესით დაკავებული [პირველი მომჩივნის] პატრულის მიერ [საპატრულო ავტომანქანით] ტრანსპორტირებას ...

[ო.ს.-ს] სახელზე განპიროვნებული სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერი ... ასახავს ადმინისტრაციული წესით დაკავებული [მეორე მომჩივნის] პატრულის მიერ [საპატრულო ავტომანქანით] ტრანსპორტირებას ...“

26. რაც შეეხება მტკიცებულებებთან და მომჩივნების მსჯავრდებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიდგომას, გადაწყვეტილებაში ნათქვამია შემდეგი:

„სასამართლო აღნიშნავს, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებათა შეფასებისას, ფაქტის დადგენისთვის, შემთხვევის ადგილის ვიდეოჩანაწერი (მათ შორის, სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერი) შეუცვლელია, რომელზეც ასახულია სადავო მოვლენა ...; თუმცა, მისი არარსებობა არ გამორიცხავს სამართალდარღვევის დადგენას სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. ...

ამდენად, მოცემულ საქმეში უნდა დადგინდეს ჩაიდინეს თუ არა [მომჩივნებმა] [„ასკ“-ის] 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა საქმეში წარმოდგენილი [ყველა] მტკიცებულებების შემოწმების და [„ასკ“-ის] 237-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად, ორგანო [ან თანამდებობის პირი] ხელმძღვანელობს კანონით და მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით, რომელიც ემყარება საქმის ყველა გარემოების ერთობლივ, ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას...

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ადმინისტრაციული დაკავების ოქმის შემდგენ პირთა ჩვენებები არ არის სანდო, რადგან ეს პირები საქმის შედეგით დაინტერესებულ პირებს წარმოადგენენ. მსგავსი [განმარტება] წინააღმდეგობაში მოვიდოდა [„ასკ“-ის] 236-ე მუხლთან, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ისევე როგორც ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელთა საფუძველზეც შესაძლოა დადგინდეს, ან არ დადგინდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მტკიცებულებას წარმოადგენს. გარდა ამისა, დაცვის მხარის პოზიციის გათვალისწინების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირიც წარმოადგენს საქმის შედეგით უშუალოდ დაინტერესებულ პირს... სწორედ აღნიშნული სუბიექტური ელემენტების გამორიცხვას ემსახურება [„ასკ“-ის] 237-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს საქმის განმხილველი პირის მიერ მტკიცებულებათა შეფასებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც ემყარება საქმის ყველა გარემოების ერთობლივ, ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებას. ასევე, აღნიშნულია, რომ [შესაბამისი ოქმების] შემდგენი პირები სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხნენ და ისინი გააფრთხილეს, რომ განზრახ არასწორი ჩვენების მიცემისთვის შეიძლება დაკისრებოდათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რაც შეიძლება სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი გამხდარიყო.

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მოწმეთა ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით; ის აღნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენებებში არსებული უსწორობები ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მოწმე იძლევა ცრუ ჩვენებას, ვინაიდან ჩვენებაში ხარვეზები შეიძლება გამოწვეული იყოს პიროვნების მიერ ფაქტებისა და გარემოებების აღქმით, მათი დამახსოვრებისა და გადმოცემის უნარით. შესაბამისად, ხარვეზები შესაძლოა იმ ადამიანების ჩვენებებშიც, რომელთაც სურთ შემთხვევის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოწმის ჩვენების შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, რომლებსაც შეეძლოთ უარყოფითი გავლენა მოეხდინა ჩვენების სიზუსტეზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებულ მოწმეთა ჩვენებებში ისეთი უზუსტობები არ გამოკვეთილა, ამ ჩვენებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რომლებმაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს მათი სანდოობა [.] ადმინისტრაციულ დაკავებაში მონაწილე პირთა მიერ მიცემული ჩვენებები და დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები ავსებს და არ გამორიცხავს ერთმანეთს.

...

განსახილველ საქმეში [მომჩივნების] მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს [„ასკ“-ის] 173-ე მუხლი. კერძოდ, საპატრულო პოლიციის წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ..., [მომჩივნები] არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ ბრძანებას გაეთავისუფლებინათ გზა, რომელიც დაბლოკეს ავტომობილის გადაადგილებაში ხელის შეშლის მიზნით; ასევე, მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს.

...

სასამართლო განმარტავს [შესაბამის ნორმათა, მათ შორის, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ და „პოლიციის შესახებ“ კანონების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე], რომ ქვეითის მიერ გზის სავალ ნაწილზე გადასვლა და ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება წარმოადგენს კანონის დარღვევას ... შესაბამისად, ქვეითის მიერ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისა და ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების შეწყვეტის მოთხოვნა წარმოადგენს პოლიციელთა კანონიერ ბრძანებას და ასეთი ბრძანებისადმი დამორჩილების ვალდებულება დადგენილია [„ასკ“-ის] 173-ე მუხლით.

განსახილველ საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის 9 ნოემბრის ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ შავი ფერის ავტომობილი გადაადგილდებოდა 9 აპრილის ქუჩაზე რუსთაველის [გამზირის] მიმართულებით. აღნიშნული ავტომობილის [იმ ქუჩაზე] გადაადგილება ასევე დადასტურდა მოწმის სახით დაკითხული პირების [ო.ს., ა.ს., ი.ბ., ა.ჭ.] ჩვენებებით და [პირველი მომჩივნის] მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით.

იგივე ვიდეოჩანაწერი ადასტურებს, რომ ავტომობილის მოძრაობა შეფერხდა მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის მიერ, რომლებიც პოლიციელებმა გადაიყვანეს გზიდან. აღნიშნული, ასევე დაადასტურეს მოწმეებმა: [ო.ს., ა.ს., და ი.ბ.-მ] მოწმე [მ.დ.-მ] ავტომობილის ეპიზოდთან დაკავშირებით სასამართლოს ჩვენება ვერ მისცა, ვინაიდან მისი [ადგილმდებარეობისა] და ხალხის სიმრავლის გათვალისწინებით, გზის სავალ ნაწილს ვერ ხედავდა. მოწმე [გ.მ.-მ] ამასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მას ავტომობილის მოძრაობა [იმ ქუჩაზე] არ დაუნახავს. [შ]ესაბამისად, ვერ დაინახავდა ავტომობილის [მოძრაობის] შეფერხების ფაქტს, [რადგან] ავტომობილი დაინახა უკვე რუსთაველის გამზირზე. მოწმე [ა.ჭ.-მ] განმარტა, რომ ავტომობილმა „ფანტანებამდე“ აიარა შეუფერხებლად, შემდეგ რა მოხდა არ დაუნახავს, რადგან მისი ყურადღება მიიქცია ჩოჩქოლმა [პარლამენტის შენობის გვერდით მდებარე შენობასთან]. საკითხის შეფასებისას, ასევე, მნიშვნელოვანია [პირველი მომჩივნის] ახსნა-განმარტების [გათვალისწინება], რომლის თანახმად 9 აპრილის ქუჩაზე გადასვლისას მან შავი მანქანის კარი გააღო [რათა ენახა, იყო თუ არა მისი მეგობარი შიგნით]. ... [მან] აღნიშნა, რომ მანქანა არ მოძრაობდა, როდესაც მან კარი გააღო [და ავტომობილი დაიძირა, კარის დახურვისთანავე]. ყველა მტკიცებულების (ვიდეომტკიცებულება, მოწმეთა ჩვენებები, [და] ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტება] გამოკვლევის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ავტომობილის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია სწორედ გზის სავალ ნაწილზე მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის შეგროვებამ. [ის ფაქტი, რომ, როგორც პირველმა მომჩივანმა განმარტა] კარის გაღებისას ავტომობილი არ მოძრაობდა, გამოწვეული იყო სწორედ აღნიშნული შეფერხებით. ...

მოწმე [ო.ს.-მ] დაადასტურა, რომ მოქალაქეთა ჯგუფში, რომელმაც შეაფერხა ავტომობილის მოძრაობა, იმყოფებოდა [მეორე მომჩივანიც]. [მეორე მომჩივნის მიერ მიცემული] ახსნა-განმარტებით, პარლამენტის შენობის ხელმარჯვნივ ატყდა ჩოჩქოლი და მან გაიფიქრა, რომ აკავებდნენ [მის ნაცნობ გოგონებს], რის შემდეგაც ის გაიქცა მათი მიმართულებით, რისთვისაც 9 აპრილის ქუჩა გადაჭრა.... [ა.ჭ.-მ] აღნიშნა, რომ მან [მეორე მომჩივანი] დაინახა შენობასთან [სადაც ჩოჩქოლი ატყდა]... მტკიცებულებათა გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ [მეორე მომჩივანმა] 9 აპრილის ქუჩაზე შეაფერხა ავტომობილის მოძრაობა.

სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოქალაქეთა ჯგუფში, რომელმაც 9 აპრილის ქუჩაზე შეაფერხა ავტომობილის მოძრაობა, იმყოფებოდა [პირველი მომჩივანი]. მოწმე [ა.ს.-მ] ... [ის] დაინახა იმ დროს, როდესაც იგი მანქანას უახლოვდებოდა მძღოლის მხრიდან... მოწმე [ი.ბ.-მ] განმარტა, რომ [პირველი მომჩივანი] შავ ავტომობილს წინ გადაუდგა და ასევე, მის კარსაც მიუახლოვდა. უნდა აღინიშნოს, რომ [პირველი მომჩივნის] განმარტების მიხედვით, 9 აპრილის ქუჩაზე მან ავტომობილის კარი გააღო. შესაბამისად, მტკიცებულებათა გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ [პირველმა მომჩივანმა] 9 აპრილის ქუჩაზე შეაფერხა ავტომობილის მოძრაობა.

... სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ 2020 წლის 9 ნოემბერს, საღამოს 10 საათზე, „მოძრაობა სირცხვილია“ მართავდა მანიფესტაციას რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. [მომჩივნები] მანიფესტაციის ორგანიზატორებს შორის იყვნენ. მართალია, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ტრანსპორტის სავალი ნაწილისა და მოძრაობის შეფერხების უფლებას აძლევს იმ შემთხვევაში, თუ მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გამო მათი გადაადგილება სხვაგვარად შეუძლებელია, მოცემულ საქმეში მხარეთა განმარტებებით არ ვლინდება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მათი ყოფნის გამამართლებელი ან გზის გათავისუფლების შესახებ პოლიციელების კანონიერი ბრძანებისადმი დამორჩილების გამომრიცხავი გარემოებები.

...

რაც შეეხება პოლიციელთა ზემოაღნიშნული კანონიერი ბრძანებისადმი [მომჩივნების] დაუმორჩილებლობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე ო.ს.-ს განმარტებით დგინდება, რომ მან სხვა პოლიციელებთან ერთად მოუწოდა ავტომანქანის წინ მდგომ ხალხს გზის გათავისუფლებისკენ, თუმცა ბრძანებას არ დაემორჩილნენ [და] ისინი გზის სავალი ნაწილიდან პოლიციამ გადაიყვანა. [ო.ს.] უშუალოდ დაელაპარაკა [მეორე მომჩივანს] იმ მომენტში, როდესაც სთხოვა გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება. მოწმე [ა.ს.-მ] განმარტა, რომ [პირველ მომჩივანს] არაერთხელ სთხოვეს გზის სავალი ნაწილიდან გადასვლა, მაგრამ [ის არ დაემორჩილა და] პოლიციელებმა გადაიყვანეს [სხვა მხარეს]. მან, ასევე, განაცხადა, რომ პოლიციელებმა მოქალაქეებს, ავტომანქანის გატარების მიზნით, გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება არაერთხელ მოსთხოვეს. აღნიშნული გარემოებების უარმყოფელი მტკიცებულებები მოცემულ საქმეში წარმოდგენილი არ არის. მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ [მომჩივნები] არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას გადასულიყვნენ გზის სავალი ნაწილიდან. შესაბამისად, მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა [„ასკ“-ის] 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ... სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ... არ აქვს მნიშვნელობა [პოლიციელის] ბრძანება ზოგადი ხასიათის არის, თუ კონკრეტული პირის მიმართ არის გაცემული.

[„ასკ“-ის] 173-ე მუხლით გათვალისწინებული [ბრალდება] ასევე უკავშირდებოდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ... მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს ... რომ [მომჩივნებმა] ... პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

განსახილველ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება [მეორე მომჩივნის მიერ] პოლიციელთათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მოწმე [ო.ს.]-მ აღნიშნა, რომ მან გაიგონა [მეორე მომჩივნის] გინება, მაგრამ კონკრეტულად ... ვის აგინებდა, არ გაუგონია. მოწმე [ა.ჭ.]-ის ჩვენებით, [მეორე მომჩივანი] არ იგინებოდა ... რაც შეეხება [პირველი მომჩივნის] მიერ პოლიციელთათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, მოწმეების [ა.ს., მ.დ. და ი.ბ.] ჩვენებებით ეს დასტურდება.“

27. რაც შეეხება მომჩივნებისთვის დაკისრებულ სახდელებს, პირველი ინსტანციის სასამართლომ ეს დაასაბუთა შემდეგნაირად:

„ ... ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი გადაცდომა. ყოველი კონკრეტული საქმის განხილვის პროცესში, სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს არსებული სიტუაციის თავისებურება, გადაცდომის ხასიათი და სახდელის შეფარდების პროცესში იხელმძღვანელოს თანაზომიერების პრინციპით, რაც გამოიხატება კანონით დაცულ ინტერესთა ბალანსის დადგენაში.

[„ასკ“-ის] 33-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სახდელის დადება ხდება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ... სახდელის დადებისას [შემდეგი გარემოებები] მიიღება მხედველობაში [:] ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, [და] პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის გარემოებების (ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათის, მისი მნიშვნელობის, ბრალის ხარისხის, დამრღვევის პიროვნების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების) გათვალისწინებით, [მეორე მომჩივანს] ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს [„ასკ“-ის] 173-ე მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში და სახდელის ზომად უნდა განისაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

საქმის გარემოებების (ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათის, მისი მნიშვნელობის, ბრალის ხარისხის, დამრღვევის პიროვნების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების) გათვალისწინებით, [პირველ მომჩივანს] ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს [„ასკ“-ის] 173-ე მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, [კერძოდ], ადმინისტრაციული პატიმრობა 3 დღის ვადით.

28. პირველ მომჩივანზე დაკისრებული თავისუფლების აღკვეთის ღონისძიების ათვლა დაიწყო 2020 წლის 11 ნოემბერს, საღამოს 11:06 საათზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტიდან. წინასწარ პატიმრობაში გატარებული დრო, 2020 წლის 9 ნოემბრის საღამოს 9:25 საათიდან 2020 წლის 10 ნოემბრის საღამოს 10:58 საათამდე ჩაითვალა მოხდილად. თავისუფლების აღკვეთის ღონისძიების დარჩენილი დროის მოსახდელად ის „შსს“-ს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

29. 2020 წლის 13 ნოემბერს მომჩივნებმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს კანონით გათვალისწინებულ 48 საათიან ვადაში (იხ., 34-ე პარაგრაფი ქვემოთ). 2020 წლის 16 ნოემბერს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მომჩივნებმა პირველად საჩივართან ერთად დამატებითი არგუმენტები გააგზავნეს. ისინი დავობდნენ, მათ შორის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ირღვეოდა კონვენციის მე-6, მე-10 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებული უფლებები. მათ შორის, ისინი დავობდნენ, რომ პროკურორის, როგორც სასამართლო პროცესის მონაწილე მხარის დაუსწრებლობამ საქმის სამართლიანი განხილვა ეჭვქვეშ დააყენა; პირველი ინსტანციის სასამართლო ძირითადად ეყრდნობოდა პოლიციელების ჩვენებებს იმ გარემოებებში, როდესაც შემთხვევის ვიდეოჩანაწერები და დაცვის მხარის მოწმეები იგივე ფაქტს არ ადასტურებდნენ; მტკიცების ტვირთი ბრალმდებელ მხარეს უნდა დაკისრებოდა, რათა დაედასტურებინა მომჩივნების წინააღმდეგ არსებული გარემოებები; და სასამართლომ სათანადოდ არ გაითვალისწინა დემოკრატიულ საზოგადოებაში მომჩივნების გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. მომჩივნები, ასევე, დავობდნენ, რომ პოლიციელების მიერ მიცემული ჩვენებები შეიცავდა არაერთ უზუსტობას (მომჩივნების დაკავების დროის, მოვლენების განვითარებისა და მომჩივნების ქცევასთან დაკავშირებული დეტალების ჩათვლით), რაც მათ ჩვენებებს არ ხდიდა სარწმუნოს. მაგალითად, მეორე მომჩივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციული დაკავების ოქმში დაკავების დროდ მითითებული იყო საღამოს 10 საათი მაშინ, როდესაც საქმის მასალებში არსებული ვიდეომასალა (მედიასაშუალების მიერ გადაღებული) ნათლად მიუთითებდა, რომ დაკავების დრო იყო საღამოს 9:40 საათი. ასეთ გარემოებებში, დამკავებელი პოლიციელის ახსნა-განმარტება, რომელიც იყო მეორე მომჩივნის დაკავების ერთადერთი მოწმე პოლიციელი, იმასთან დაკავშირებით, რომ ოქმში მითითებული დრო იყო „მექანიკური შეცდომა“, არ იყო დამაჯერებელი. გარდა ამისა, აღნიშნული პოლიციელის კატეგორიული მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე მომჩივანი მისდევდა შავ მანქანას და იგინებოდა, ვიდეომასალით აღნიშნული არ დადასტურდა. მომჩივნებმა აღნიშნეს ის, რაც პოლიციელებმა სასამართლოში საქმის განხილვის დროს განაცხადეს, რომ მათ ჩართეს სამხრე ვიდეოკამერები მომჩივნების დაკავებამდე; თუმცა სასამართლოს მხოლოდ ის გადაღებული ვიდეომასალა წარუდგინეს, რომელიც მათი დაკავების შემდგომ პერიოდს ასახავდა, რაც აჩენდა ეჭვს, რომ იმ ჩანაწერებს, რომლებიც ადრე პერიოდს უკავშირდებოდა, შესაძლოა მომჩივნების ვერსია დაედასტურებინა. მომჩივნები ხაზს უსვამდნენ, რომ იმ გარემოებებში, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ წარმოადგინა პოლიციის მიერ მომჩივნების დაკავებისას გამოყენებული სხვადასხვა სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერი, დამკავებელი პოლიციელების ჩვენებები საყურადღებო იყო. მომჩივნები, ასევე, ჩიოდნენ, რომ ადმინისტრაციული დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმები შევსებული იყო ზოგადი ტერმინებით, ფაქტებზე მითითების გარეშე; ორ მომჩივანს ბრალად ედებოდა ფაქტობრივად იდენტური ქმედება ერთი და იმავე პერიოდში, მაშინ როდესაც პირველი მომჩივნის დამკავებელი პოლიციელი ამტკიცებდა, რომ არ უნახავს მეორე მომჩივანი, ხოლო მეორე მომჩივნის დამკავებელი პოლიციელი ამტკიცებდა, რომ არ უნახავს პირველი მომჩივანი; მეორე მომჩივნის ბრალდება ეფუძნებოდა მხოლოდ პოლიციელის განმარტებას; დაკავებისას პირველი მომჩივნისთვის არ განუმარტავთ მისი პროცედურული უფლებები; თითქმის ორი საათის შემდეგ მას მიეცა ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა; და მისი დაკავებისას გამოყენებული ძალაუფლება იყო გადამეტებული. მომჩივნები, ასევე, დავობდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მათზე დაკისრებულ სანქციებთან დაკავშირებით ერთმანეთის მსგავსი იყო და განმარტებული არ იყო, თუ რატომ დაეკისრა პირველ მომჩივანს, საგამონაკლისო წესით, მკაცრი ადმინისტრაციული პატიმრობა.

30. 2020 წლის 20 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ბოლო ინსტანციის სასამართლოს სახით, ზეპირი მოსმენის გარეშე არ დააკმაყოფილა პირველი მომჩივნის სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუსაბუთებელი. მან მოკლედ აღნიშნა, რომ პირველმა მომჩივანმა არ ახსნა, რომელი მნიშვნელოვანი საკითხები ან მტკიცებულებები არ იყო საკმარისად შეფასებული ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ, კანონის რომელი მოთხოვნები იყო დარღვეული და/ან რა ხარვეზები იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისი საქმის განხილვაში. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ გამართლებული იყო საჩივრის დაუშვებლად გამოცხადება, ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლომ შესაბამისი გარემოებების შეფასებისას ყველა შესაბამისი ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივი საკითხი მიიღო მხედველობაში.

31. 2020 წლის 18 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, როგორც ბოლო ინსტანციის სასამართლომ, მეორე მომჩივნის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ზეპირი მოსმენის გარეშე სრულად დატოვა ძალაში ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო

32. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდგომში „ასკ“) 166-ე მუხლი, იმ დროს არსებული ფორმულირების მიხედვით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას („წვრილმანი ხულიგნობა“) განმარტავდა შემდეგი სახით: „საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.“ ის ისჯებოდა ჯარიმით ან/და ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე ვადით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, იმ დროის ფორმულირების მიხედვით, ითვალისწინებდა, რომ „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ... კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან [ამ პირის] სიტყვიერი შეურაცხყოფა“ ისჯებოდა ჯარიმით, მინიმალური 1000 ლარის და მაქსიმალური 4000 ლარის, ან მეტი ოდენობით, ან ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე ვადით.

33. „ასკ“-ის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება აღსრულდება მისი გამოტანის მომენტიდან; [და] დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას, თუ [ამ კოდექსით] ან საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.“ „ასკ“-ის 275-ე მუხლის 1-ელი და 11 ნაწილების თანახმად, სხვებს შორის, დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა შეაჩერებს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გარკვეული განჩინებების აღსრულებას, გარდა ადმინისტრაციული გაფრთხილების ან ადმინისტრაციული დაკავების შესახებ განჩინებებისა; ან „ასკ“-ის 208-ე და 2082 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შესახებ განჩინებებისა. „ასკ“-ის 208-ე მუხლში მითითებული სამართალდარღვევები მოიცავს 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებსაც (იხ., 32-ე პარაგრაფი ზემოთ). „ასკ“-ის 2812 მუხლის მე-3 ნაწილი, ასევე, აკონკრეტებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილების, რომელიც მოიაზრებს ადმინისტრაციულ პატიმრობას, სააპელაციო წესით გასაჩივრება არ აჩერებს ამ სახდელის აღსრულებას.

34. „ასკ“-ის 273-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გასაჩივრების ვადა არის ათი დღე. ეს ვადა 48 საათამდე მცირდება, „ასკ“-ის 2811 მუხლის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ადმინისტრაციულ პატიმრობას. „ასკ“-ის 2812 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების მიღებიდან 24 საათში წყვეტს ასეთი საჩივრის დასაშვებობის საკითხს, ხოლო „ასკ“-ის 2813 მუხლის თანახმად, არსებითი მხარე განიხილება დასაშვებად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანიდან 48 საათში.

35. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის (შემდგომში „კანონი“) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ დროს არსებული ფორმულირების მიხედვით, იკრძალებოდა [...] „ტრანსპორტის გადაადგილებისთვის დაბრკოლებების განზრახ შექმნა, მათ შორის, ამ კანონის 111 მუხლის მოთხოვნების დარღვევით“.

36. ამ კანონის 111 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, იმ დროს არსებული ფორმულირების მიხედვით, „დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, აგრეთვე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა.“

37. უფრო ფართოდ შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო შეჯამებულია საქმეში „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ (NN 23158/20 და 2 სხვა საქმე, §§ 30-44, 2022 წლის 1 სექტემბერი).

კანონმდებლობა

I. საჩივრების გაერთიანება

38. საჩივრების მსგავსი შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ისინი გაერთიანებულად განიხილოს საერთო გადაწყვეტილების მისაღებად.

II. კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა

39. კონვენციის მე-6 მუხლზე დაყრდნობით, მომჩივნები ჩიოდნენ, რომ მათ წინააღმდეგ წარმოებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება არასამართლიანი იყო. ისინი დავობდნენ, მათ შორის, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არასათანადო წონა მიანიჭეს პოლიციელების ჩვენებებს, რამაც მტკიცების ტვირთი მომჩივნებზე გადაიტანა; და საქმისწარმოებისას პროკურორის არყოფნამ პირველი ინსტანციის მოსამართლეს ბრალმდებლის ფუნქციები დააკისრა, რაც ამ წესის პირველი პარაგრაფით დადგენილ სასამართლოს მიუკერძოებლობის პრინციპს არღვევდა. კონვენციის მე-6 მუხლი, რამდენადაც განსახილველ საკითხს შეეხება, შემდეგნაირად იკითხება:

„1. ყოველი ადამიანი მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია ... მისი საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლებით. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

  1. მისაღებობა

40. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნების საჩივარი აშკარად უსაფუძვლო იყო.

41. მომჩივნებმა თავიანთი საჩივრები ხელახლა წარმოადგინეს.

42. მართალია, სადავო ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით მე-6 მუხლის გამოყენება სადავო არ არის, სასამართლო ამ საკითხის განხილვას მაინც აუცილებლად მიიჩნევს. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველ მომჩივანთან დაკავშირებით გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა – ზომა, რომელიც გულისხმობდა თავისუფლების აღკვეთას, რასაც წმინდა სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მომჩივანს ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა დაეკისრა, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას შესაძლოა პოტენციურად გამოეწვია ადმინისტრაციული პატიმრობა, ანუ ზომა, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, კარგად დამკვიდრებულ პრეცედენტულ სამართალზე მითითებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეში სამართალწარმოება უნდა კვალიფიცირდეს, როგორც მომჩივნების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი ბრალდების განმსაზღვრელი, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ბრალდებები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით „ადმინისტრაციულ“ ხასიათს ატარებს (იხ., მაგალითად, საქმე Huseynli and Others v. Azerbaijan, NN 67360/11 და 2 სხვა, § 103, 2016 წლის 11 თებერვალი).

43. სასამართლოს მიაჩნია, რომ მომჩივნების პრეტენზიები კონვენციის მე-6 მუხლის ფარგლებში არც აშკარად უსაფუძვლოა და არც მიუღებელია კონვენციის 35-ე მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, საჩივრები მისაღებად უნდა გამოცხადდეს.

  1. არსებითი მხარე

1. მხარეთა არგუმენტები

(a) მომჩივნები

44. მომჩივნებმა გაიმეორეს მათი პრეტენზიები (იხ., 39-ე პარაგრაფი ზემოთ) და დაამატეს, რომ მათი მსჯავრდება მოხდა ძირითადად პოლიციელების მიერ მიცემული განმარტებების საფუძველზე, რაც ეწინააღმდეგება სასამართლოს მიერ საქმეში „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ (NN 23158/20 და 2 სხვა საქმე, §§ 59-64, 2022 წლის 1 სექტემბერი) დადგენილ პრინციპებს. ისინი, ასევე, ჩიოდნენ, რომ ეროვნული კანონმდებლობა, რითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება რეგულირდებოდა, არ იყო კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი.

(b) მთავრობა

45. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნები ძირითადად სადავოდ ხდიდნენ მათ წინააღმდეგ არსებული სამართალწარმოების შედეგს და არა ამ სამართალწარმოების სამართლიანობას პროცედურულ ნაწილში. გარდა ამისა, მათ წინააღმდეგ არსებული საქმის პროცესში პროკურორის არყოფნასთან დაკავშირებული საკითხი სასამართლოს მიერ უკვე გადაწყვეტილი იყო წინა საქმეში, სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ მხოლოდ ეს ელემენტი, ამ საკითხზე საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, არ წარმოადგენდა კონვენციის დარღვევას (მთავრობამ მიუთითა საქმეზე “მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ციტირებულია ზემოთ, § 59).

46. გარდა ამისა, მთავრობის პოზიციის მიხედვით, ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივნების საქმეებში უზრუნველყვეს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვა. კერძოდ, მხარეებს მიეცათ საქმისწარმოებაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა, რომ წარედგინათ სათანადო მტკიცებულებები და დაესაბუთებინათ თავიანთი საჩივრები, ჯვარედინად დაეკითხათ ერთმანეთის მოწმეები, პოლიციელების ჩათვლით, და წარედგინათ სხვადასხვა შუამდგომლობა. მომჩივნების საქმეების განხილვის პროცესში შეჯიბრებითობის პრინციპის გამოყენებამ, პრაქტიკულად არ მოახდინა მტკიცების ტვირთის მათზე გადატანა. აღნიშნული დასტურდებოდა იმ ფაქტით, რომ მიუხედავად პოლიციელების განმარტებისა მომჩივნების მიერ სავარაუდო გინებასთან დაკავშირებით, ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ მოიპოვეს საკმარისი სამხილები ამ მტკიცების გასამყარებლად; საბოლოო ჯამში, მომჩივნები გაამართლეს და მათ მოეხსნათ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდება.

2. სასამართლოს შეფასება

47. შესაბამისი ზოგადი პრინციპები შეჯამებულია საქმეში „მაქარაშვილი და სხვები“ (ციტირებულია ზემოთ, § 57) და საქმეში Karelin v. Russia (N926/08, §§ 51-57, 2016 წლის 20 სექტემბერი).

48. რაც შეეხება მომჩივნების პოზიციას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობის არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობასთან დაკავშირებით სასამართლო იმეორებს, რომ მისი ამოცანა არ არის შესაბამისი კანონმდებლობის ან სადავო პრაქტიკის აბსტრაქტულად განხილვა; ის, რამდენადაც ეს შესაძლებელია და ზოგადი კონტექსტის გათვალისწინებით, უნდა შემოიფარგლებოდეს მის წინაშე არსებულ საქმეში წამოჭრილი საკითხების განხილვით (იხ., საქმე N.C. v. Italy [GC], N24952/94, § 56, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2002-X).

49. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ ის ფორმა, როგორც ეს საკითხი რეგულირდება საქართველოში და ის, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოებაში პროკურორი არ მონაწილეობს, თავისთავად, ზიანს არ აყენებს კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ობიექტური მიუკერძოებლობის მოთხოვნას (იხ., საქმე „მაქარაშვილი და სხვები“, ზემოთ ციტირებული, § 59; შედარებისთვის და განსხვავებისთვის იხ., საქმე Karelin, ზემოთ ციტირებული, § 79). თუმცა, მან ასევე დაადგინა, რომ გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა არსებობდეს მჭიდრო კავშირი ასეთ სამართალწარმოებაში პროკურორის არყოფნასთან დაკავშირებულ პრეტენზიასა და იმ ფორმას შორის, რომლითაც ეროვნული სასამართლოები მიუდგნენ პოლიციელების და კონკრეტულ საქმეში ბრალმდებლის როლის შემსრულებლის მიერ მიცემულ მტკიცებულებებს (იხ., საქმე „მაქარაშვილი და სხვები“, ზემოთ ციტირებული, § 60).

50. მოცემულ საქმეში პირველი ინსტანციის სასამართლომ არ ჩათვალა, რომ იმ პოლიციელების მიერ მიცემული მტკიცებულება, რომელთაგან ზოგი მათგანი პროცესების დროს მოქმედებდა, როგორც დევნის განმახორციელებელი პირი, აუცილებლად ძლიერ სანდო უნდა ყოფილიყო. თუმცა, პოლიციელების (რომელთაგან ერთ-ერთი იყო მეორე მომჩივნის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე) მიერ მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებით მან ხაზი გაუსვა, რომ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც წინააღმდეგობაში მოვიდოდა იმ სიტუაციასთან, რომელიც პოლიციელებმა აღწერეს, თუ როგორ ვერ შეასრულა მომჩივანმა პოლიციელების სავარაუდო სიტყვიერი ბრძანება, არ შეეფერხებინათ ავტომანქანა (იხ., 26-ე პარაგრაფი ზემოთ). სასამართლო, ასევე, მხედველობაში იღებს ფაქტს მომჩივნების წინააღმდეგ საქმეში არსებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, რომ პოლიციელებმა მხოლოდ მომჩივნების დაკავების შემდგომ ჩაწერილი ვიდეოები წარმოადგინეს, ხოლო „შსს“-მ არ წარმოადგინა სამხრე ვიდეოკამერების მეშვეობით ჩაწერილი ის ვიდეომასალა, რომელიც დაკავებამდე არსებულ მოვლენებს უკავშირდებოდა (იხ., 23-ე პარაგრაფი ზემოთ). ამდენად, სასამართლო აფასებს, თუ რა ფაქტობრივი გავლენა ჰქონდა მომჩივნების საქმეზე პოლიციელების მიერ მიცემულ ჩვენებებისადმი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიდგომას.

51. ამ კონტექსტში, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ ორივე მომჩივანს მათ მიერ არჩეული ადვოკატები წარმოადგენდნენ და რომ მას ჰქონდა მათ წინააღმდეგ მოწმეთა, მათ შორის, შესაბამისი პოლიციელების დაკითხვის შესაძლებლობა. გარდა ამისა, სასამართლო არ ივიწყებს იმ ფაქტს, რომ პოლიციელების ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივნები იგინებოდნენ, „ასკ“-ის 166-ე მუხლის მნიშვნელობით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა არარსებობის გამო არ დადგინდა და სასამართლომ ორივე მომჩივანი ამ ბრალდებაში გაამართლა (იხ., მე-17 პარაგრაფი ზემოთ).

52. რაც შეეხება „ასკ“-ის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, მათ წინააღმდეგ ბრალი მოიცავდა ორ ელემენტს: მანიფესტაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, რამაც პოლიციის მანქანის გადაადგილება შეაფერხა და გინებაs პოლიციელების მისამართით. პირველ ელემენტთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის სადავო ის ფაქტი, რომ მიუხედავად მედიის მიერ გაკეთებული ვიდეოჩანაწერის არსებობისა, რომელიც ასახავდა ადგილზე არსებულ საერთო არეულობასა და მოვლენების განვითარებას, არ არსებობდა ვიდეო ან აუდიომასალა, სადაც ასახული იქნებოდა მომჩივნების კონკრეტული ქცევა, პოლიციის მანქანის გადაადგილების შეფერხება და დაშლასთან დაკავშირებით პოლიციელების მითითება. თუმცა, პირველი მომჩივნის მსჯავრდება ეფუძნებოდა მისივე აღიარებას, რომ მან პოლიციის მანქანის კარი გააღო მაშინ, როდესაც შეფერხდა პოლიციის მანქანის მოძრაობა. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ ეთანხმებოდა მის მონაწილეობას მანქანის შეფერხების პროცესში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ აკისრია ის როლი, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს აღნიშნულთან დაკავშირებით იმ ეროვნული სასამართლოების მიერ გამოტანილი დასკვნები არსებით მხარესთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც უკეთესად გასაგები უნდა იყოს საქმეში არსებული მასალები, პირველი მომჩივნის ჩვენების ჩათვლით. შესაბამისად, ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაში იყო განეხილათ, რამდენად შესაფერისი და საკმარისი იყო ასეთი მასალა მომჩივნის მსჯავრდებისთვის.

53. ასევე, ეს ეხება ეროვნული სასამართლოების დასკვნებს, რომ პირველმა მომჩივანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს „ასკ“-ის 173-ე მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში (იხ., 26-ე პარაგრაფი ზემოთ, in fine), რითაც შეიძლება აიხსნას პირველი მომჩივნისთვის სახდელის დაკისრება, რომელიც უფრო მკაცრი იყო, ვიდრე მეორე მომჩივნის სახდელი, რომელსაც გინების ბრალდება არ დაუმტკიცდა. რაც შეეხება ამასთან დაკავშირებულ, მაგრამ განსხვავებულ საკითხს, იმას, თუ რამდენად შეესაბამებოდა დაკისრებული სახდელის დასასაბუთებლად ეროვნული სასამართლოების მიერ წარმოდგენილი საფუძვლები კონვენციით გათვალისწინებულ სტანდარტებს, რომლებიც მე-10 და მე-11 მუხლებით დაცულ უფლებებში ჩარევას ასაბუთებს, საკითხი უფრო სათანადოდ განიხილება პირველი მომჩივნის მიერ მე-10 და მე-11 მუხლების ფარგლებში წარმოდგენილი საჩივრების კონტექსტში.

54. რაც შეეხება „ასკ“-ის 173-ე მუხლის ფარგლებში მეორე მომჩივნის მსჯავრდებას, როგორც ზემოთ აღინიშნა, მის მიერ პოლიციის მისამართით გინება არ დადასტურდა. თუმცა ის დამნაშავედ იქნა ცნობილი მანიფესტაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვაში, რამაც პოლიციის მანქანის გადაადგილება შეაფერხა. უდავოა ის ფაქტი, რომ პოლიციელის მიერ მის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები სხვა მტკიცებულებებით არ იყო გამყარებული. მთავრობის განცხადებით მეორე მომჩივანმა თავად აღიარა, რომ მოვლენების ადგილზე იმყოფებოდა, რითაც პოლიციის ჩვენება დასტურდებოდა. მართლაც, მოწმე ა.ჭ.-მ, ასევე, დაადასტურა მისი ადგილზე ყოფნა. თუმცა შემთხვევის ადგილზე ყოფნა, თავისთავად, არ წარმოადგენს პოლიციის მანქანისთვის ხელშეშლას, ან, როგორც ამ საქმეშია მოცემული, პოლიციის მითითებებისადმი დაუმორჩილებლობას.

55. სასამართლო ითვალისწინებს სამართალდამცავი ორგანოების წინაშე არსებულ სირთულეებს მასობრივი მანიფესტაციების კონტექსტში წარმოშობილი სამართალდარღვევების გამოძიებისა და დასჯის კუთხით. ამასთან, ის ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ მოცემულ საქმეში ეროვნულმა სასამართლოებმა უპირატესობა არ მიანიჭეს მოწმე პოლიციელების ჩვენებებს.

56. თუმცა, იმავდროულად, სასამართლო ვერ უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ მეორე მომჩივნის წინააღმდეგ ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება მოწმე პოლიციელის ჩვენება იყო, რომელიც, ასევე, ბრალდების მხარეს წარმოადგენდა იმ გარემოებებში, რომელშიც დამატებითი მტკიცებულებები, როგორიცაა სადავო გარემოებების ამსახველი ვიდეომასალა, უნდა დაეფიქსირებინა ამ პოლიციელის სამხრე ვიდეოკამერას და შემდეგ მას უნდა წარედგინა ისინი სასამართლოსთვის. კერძოდ, თუმცა გასაგებია, რომ პოლიციის სამხრე ვიდეოკამერა ვერ შეძლებს უწყვეტად ჩაწერას, აშკარაა, რომ ასეთი კამერების მიზანი უნდა იყოს მოვლენების გადაღება, რომელთა გარემოებები შესაძლოა მოგვიანებით სხვადასხვა მიზეზით გახდეს სადავო. შესაბამისი პოლიციელის განმარტების მიხედვით, ისეთ გარემოებებში მუშაობის დროს, რომლებიც იყო მიზეზი მომჩივნების დაკავებისა, უნდა ჩართულიყო სამხრე კამერა და, პრინციპში, იმ დროს მას თავისი ვიდეოკამერა უნდა ჰქონოდა ჩართული (იხ., 23-ე პარაგრაფი ზემოთ), ეს კი შესაბამისობაშია იმასთან, რაც გონივრულად მოსალოდნელი იყო ასეთ გარემოებებში. ამის საპირისპიროდ, მეორე მომჩივანთან დაკავშირებული ვიდეოჩანაწერი ასახავდა მხოლოდ მისი დაკავების შემდგომ მოვლენებს (იხ., 25-ე პარაგრაფი, in fine). დამაკმაყოფილებლად არ ყოფილა განმარტებული, თუ რატომ მოხდა მხოლოდ იმ პერიოდის ჩაწერა იმ გარემოებებში, როდესაც მომჩივნის საქმისთვის ყველაზე შესაფერისი პერიოდი იყო ის დრო, რომელიც მის დაკავებას წინ უსწრებდა, როგორც ეს შესაბამისმა პოლიციელმაც აღნიშნა (იხ., 23-ე პარაგრაფი ზემოთ). ამ კონკრეტულ გარემოებებში და მეორე მომჩივნის წინააღმდეგ სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ეროვნული სასამართლოების დასკვნამ იმის შესახებ, რომ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც პოლიციელების ჩვენებას „ეწინააღმდეგებოდა“ (იხ., 50-ე პარაგრაფი ზემოთ), ფაქტობრივად, მეორე მომჩივანი ჩააყენა ისეთ პოზიციაში, რომ საქმისწარმოებისას მას უნდა ემტკიცებინა მისი უდანაშაულობა პოლიციის მხრიდან ბრალდებების კონტექსტში, რომელიც „სისხლისსამართლებრივად“ კვალიფიცირდებოდა კონვენციის მე-6 მუხლის ფარგლებში (იხ., 42-ე პარაგრაფი ზემოთ; იხ., ასევე, საქმე „მაქარაშვილი და სხვები“, ციტირებულია ზემოთ, § 64). შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ პოლიციელის მიერ მიცემული ჩვენების მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიდგომამ დააზიანა მეორე მომჩივნის წინააღმდეგ წარმოებული საქმისწარმოების საერთო სამართლიანობა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიდგომა სათანადოდ განიხილა.

57. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მეორე მომჩივანთან მიმართებით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი ნაწილი დარღვეულია, ხოლო პირველ მომჩივანთან მიმართებით ეს დებულება არ დარღვეულა.

III. კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების სავარაუდო დარღვევა

58. მომჩივნები დავობდნენ, რომ მანიფესტაციის ადგილზე მათი დაკავება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის მათი შემდგომი მსჯავრდება მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებებში ჩარევა იყო, რაც არღვევდა კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებს. მე-10 და მე-11 მუხლები, რამდენადაც მოცემულ საქმეს ეხება, შემდეგნაირად იკითხება:

მუხლი 10

„1. ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად.

2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“.

მუხლი 11

„1. ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და სხვებთან გაერთიანების თავისუფლება ...

2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელების შეზღუდვა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

59. მხედველობაში მიიღო რა მომჩივნების საჩივრების არსი, სასამართლოს მიაჩნია, რომ მათი საჩივრები განხილული უნდა იქნეს მხოლოდ მე-11 მუხლის ფარგლებში, რომელიც, თავის მხრივ, განხილული უნდა იქნეს მე-10 მუხლის გათვალისწინებით.

  1. მისაღებობა

1. მხარეთა არგუმენტები

60. მთავრობამ განაცხადა, რომ საჩივრები მიუღებლად უნდა გამოცხადებულიყო, როგორც კონვენციის დებულებებთან ratione materiae შეუსაბამო. ის ამტკიცებდა, რომ მომჩივნებს ჰქონდათ ტრანსპორტის მოძრაობისა და ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმის შეფერხების მიზანი, რაც გონივრულად გაუმართლებელი იყო, და რომ მსგავსი ქმედება არ ექცეოდა შეკრების თავისუფლების უფლების ფარგლებში.

61. ალტერნატიულად, ის ამტკიცებდა, რომ მომჩივნებმა თავიანთ საჩივრებთან დაკავშირებით ვერ ამოწურეს შიდასამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებები, როდესაც პოლიციის წინააღმდეგ სამოქალაქო-სამართლებრივი პროცესი დაიწყეს.

62. საპასუხოდ მომჩივნები დავობდნენ, რომ ამ ნაწილში მოხდა მათ უფლებებში ჩარევა. რაც შეეხება დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვას, მათ განაცხადეს, რომ მათ წინააღმდეგ წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებული პროცესები საკმარისი იყო საჩივრებისთვის.

2. სასამართლოს შეფასება

63. რაც შეეხება შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვასთან დაკავშირებულ პოზიციას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ფარგლებში მომჩივნებმა მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებებში ჩარევასთან დაკავშირებული საჩივრები წარმოადგინეს (იხ., 29-ე პარაგრაფი ზემოთ). პირველი ინსტანციის სასამართლომ განიხილა საკითხი და გამოიტანა განჩინება, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, მომჩივნებს არ მოეთხოვებოდათ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოებისას მათი არგუმენტების დაკმაყოფილებაზე უარის შემდეგ წამოეწყოთ ცალკე სამოქალაქო სამართალწარმოება (იხ., საქმე „მაქარაშვილი და სხვები“, ციტირებულია ზემოთ, § 70 და საქმე „ჩხარტიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, N31349/20, § 42, 2023 წლის 11 მაისი). აქედან გამომდინარე, მთავრობის შედავება ამასთან დაკავშირებით არ უნდა იქნეს მიღებული.

64. რაც შეეხება მთავრობის შედავებას იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივნების საჩივრები ratione materiae სავარაუდოდ არ შეესაბამებოდა კონვენციის მე-11 მუხლს იმ ბრალდებების გამო, რომ მომჩივნებმა განზრახ გადაკეტეს ტრანსპორტის მოძრაობა და შეაფერხეს ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმი, ეს საკითხი, ამ კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მჭიდროდ უკავშირდება მომჩივნების საჩივრების არსებით მხარეს. შესაბამისად, ეს შედავება უნდა გაერთიანდეს საჩივრის არსებით მხარესთან (იხ., საქმე „მაქარაშვილი და სხვები“, ციტირებულია ზემოთ, §71).

65. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კონვენციის 35-ე მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე სხვა საფუძვლით საჩივარი არც აშკარად უსაფუძვლოა და არც მიუღებელი. აქედან გამომდინარე, ის უნდა გამოცხადდეს მისაღებად.

  1. არსებითი მხარე

1. მხარეთა არგუმენტები

66. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ მათი დაკავება და შემდგომი მსჯავრდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არ იყო კანონიერი ან აუცილებელი, და რომ დაცული არ იყო სამართლიანი ბალანსი გამოყენებულ საშუალებებსა და მისაღწევ მიზანს შორის. შესაბამისად, მათმა დაკავებამ და მსჯავრდებამ მსუსხავი ეფექტი იქონია სხვა პირების სურვილზე, გამოეხატათ მოსაზრებები და ჩართულიყვნენ მშვიდობიან პროტესტში.

67. მთავრობამ განაცხადა, რომ უფლებებში ჩარევა არ მომხდარა, ვინაიდან მომჩივნებს შეძლოთ მათი გამოყენება ამ უფლებებში ჩარევის გარეშე მანამ, სანამ მათ დააკავებდნენ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო. ალტერნატიულად, მთავრობამ განაცხადა, რომ უფლებებში ჩარევა კანონით იყო გათვალისწინებული, ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს და ორგანოების წარმომადგენლებმა დაიცვეს სამართლიანი ბალანსი გამოყენებულ საშუალებებსა და მისაღწევ მიზანს შორის. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ განიხილეს ყველა შესაბამისი გარემოებები და მათი დადგენილებები მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებაში ჩარევის აუცილებლობასთან დაკავშირებით შეესაბამებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პრინციპებს.

2. სასამართლოს შეფასება

(a) ზოგადი პრინციპები

68. მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს მისი პრეცედენტული სამართლით დადგენილ პრინციპებზე (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Kudrevičius and Others, ზემოთ ციტირებული, §§ 142-60).

69. კერძოდ, სასამართლო იმეორებს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ნებისმიერმა მანიფესტაციამ შეიძლება გამოიწვიოს ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმის გარკვეული დონეზე დარღვევა. თვითონ ეს ფაქტი, თავისთავად, არ ამართლებს შეკრების თავისუფლების უფლებაში ჩარევას, ვინაიდან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისთვის მნიშვნელოვანია გამოიჩინონ გარკვეული დონის შემწყნარებლობა (იქვე, § 155; იხ., ასევე Disk and Kesk v. Turkey, N38676/08, § 29, 2012 წლის 27 ნოემბერი და საქმე Budaházy v. Hungary, N41479/10, § 34, 2015 წლის 15 დეკემბერი). შესაბამისი „შემწყნარებლობის დონე“ არ შეიძლება განისაზღვროს აბსტრაქტულად: სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს საქმის კონკრეტული გარემოებები, კერძოდ, „ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმის დარღვევის“ მასშტაბი (იხ., საქმე Kudrevičius and Others, ციტირებული ზემოთ, § 155).

(b) აღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში

i. მე-11 მუხლის გამოყენებადობა და უფლებებში ჩარევის არსებობა

70. სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ 2020 წლის 9 ნოემბერს ზედიზედ ორი მანიფესტაცია გაიმართა. პირველის მიზანი იყო არჩევნების შედეგების (იხ., მე-9 პარაგრაფი ზემოთ), ხოლო მეორესი – COVID‑19-ის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული კომენდანტის საათის გაპროტესტება (იხ., მე-10 პარაგრაფი ზემოთ). მომჩივნები იყვნენ პირველი მანიფესტაციის მონაწილეები და მეორე მანიფესტაციის ორგანიზატორები. ისინი დააკავეს პირველი მანიფესტაციის დასასრულს და მეორე მანიფესტაციის დასაწყისში, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით (იხ., მე-11-12 პარაგრაფები ზემოთ). ეს უკანასკნელი ბრალდება ეყრდნობოდა მტკიცებას, რომ მომჩივნებმა გზა გადაკეტეს, რამაც პოლიციის ავტომანქანის გადაადგილება შეაფერხა და გზის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. საბოლოოდ, ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მომჩივნებს ბრალდება დაუმტკიცდათ და რომ გზის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოლიციელების მოთხოვნებისადმი მომჩივნების დაუმორჩილებლობას შედეგად მოჰყვა მოძრაობის შეფერხება (იხ., 26-ე და 52-ე პარაგრაფები ზემოთ).

71. იმის აღიარებით, რომ პირველმა მომჩივანმა მართლაც შეაფერხა პოლიციის ავტომანქანის მოძრაობა (იხ., 52-ე პარაგრაფი ზემოთ, in fine) და თუნდაც იმის დაშვებით, რომ იგივე ქმედება შესაძლოა მეორე მომჩივნის მიმართებითაც ყოფილიყო განხილული (შედარებისთვის იხ., 54-56-ე პარაგრაფები ზემოთ), საქმის მასალებში არაფერია ისეთი, რის საფუძველზეც დადასტურდებოდა, რომ მომჩივნებმა განზრახ დაგეგმეს მანიფესტაცია ისე, რომ მას გამოეწვია ცხოვრების ჩვეული რიტმის დარღვევა ან სხვა ისეთი მასშტაბის აქტივობები, რომელიც აღემატება იმ მასშტაბს, რაც, ჩვეულებრივ, დამახასიათებელია სახალხო დემონსტრაციებისთვის. ფაქტობრივად, საქმის მასალებში არ იყო რაიმე მითითება იმასთან დაკავშირებთ, რომ პოლიციის აღნიშნული ავტომანქანის გარდა, მომჩივნებმა სხვა რომელიმე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას შეუშალეს ხელი.

72. შესაბამისად, სასამართლოს არ მიაჩნია, რომ სადავო ქმედება, რისთვისაც მომჩივნებს პასუხისმგებლობა დაეკისრათ, იმ ხასიათისა და ხარისხის იყო, რომ მომჩივნების მანიფესტაციაში მონაწილეობა არ მოქცეულიყო კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების დაცვის ფარგლებში (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Kudrevičius and Others, ზემოთ ციტირებული, § 98).

73. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნებს უფლება აქვთ დაეყრდნონ მე-11 მუხლით გათვალისწინებული დაცვის უფლებებს, რაც, შესაბამისად, ვრცელდება მოცემულ საქმეზე, და რომ მათი დაკავება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების შედეგად მათი მსჯავრდება წარმოადგენდა მათი მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებაში ჩარევას. შესაბამისად, სასამართლო უარყოფს მთავრობის შედავებას.

ii. იყო თუ არა ჩარევა კანონით დადგენილი

74. მანიფესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებული წესები მოცემული იყო „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში და მოიცავდა ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების აკრძალვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია მანიფესტაციის მონაწილეთა დიდი რაოდენობის გამო (იხ., 33-36-ე პარაგრაფები ზემოთ).

75. შესაბამისად, სასამართლო უშვებს, რომ სადავო ზომების მიღებას საფუძველი ჰქონდა ეროვნულ კანონმდებლობაში.

iii. ემსახურებოდა თუ არა ჩარევა ლეგიტიმურ მიზანს

76. სასამართლო უშვებს, რომ კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რისთვისაც მომჩივნები დააკავეს და შემდგომში მსჯავრი დაადეს, ჰქონდა უწესრიგობის თავიდან აცილებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლეგიტიმური მიზნები.

iv. იყო თუ არა ჩარევა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში

77. 2019 წლის 9 ნოემბრის მანიფესტაციების საერთო კონტექსტთან დაკავშირებით სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ პირველი საპროტესტო მანიფესტაცია საპარლამენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გამართული მანიფესტაციების სერიების ნაწილი იყო, ხოლო მეორე, მიუხედავად იმისა, რომ ის ზოგადად, მიზნად ისახავდა COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული კომენდანტის საათის გაპროტესტებას, უფრო კონკრეტულად ეხებოდა საკითხს, თუ რამდენად პროპორციული ზომა იყო კომენდანტის საათის შემოღება საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაპროტესტების უფლების მნიშვნელობის ფონზე. ეს ის საკითხები იყო, რომლებიც საჯარო ინტერესს ეხებოდა და საზოგადოებაში მიმდინარე დებატებს უწყობდა ხელს. შესაბამისად, მანიფესტაციის დროს მომჩივნების აზრის გამოხატვის შეზღუდვის გამართლებისთვის ძალიან ძლიერი საფუძვლები იქნებოდა საჭირო (შედარებისთვის, იხ., საქმე Bumbeș v. Romania, N18079/15, § 92, 2022 წლის 3 მაისი).

78. იმავდროულად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნები არ დასჯილან იმის გამო, რომ მათ ორგანიზება გაუწიეს ამ ორ მანიფესტაციას და მონაწილეობა მიიღეს მათში. არამედ, მათ სახდელები ძირითადად დაეკისრათ იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ გზა გადაკეტეს, პოლიციის ავტომანქანის მოძრაობა შეაფერხეს და პოლიციის მოთხოვნას, შეეწყვიტათ ეს მოქმედება, არ დაემორჩილნენ.

79. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ უკვე დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევა მეორე მომჩივნის სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ის ფაქტობრივად ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ ასეთი ბრალდებების გამო მას მოუწია მისი უდანაშაულობის დამტკიცება (იხ., 54-56-ე პარაგრაფები ზემოთ). შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი და საკმარისი საფუძვლები, რომლებიც გაამართლებდა მეორე მომჩივნის კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ უფლებებში ჩარევის აუცილებლობას.

80. რაც შეეხება პირველ მომჩივანს, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ მან ნაწილობრივ აღიარა ის ქმედება, რაშიც ედავებოდნენ (იხ., 52-ე პარაგრაფი ზემოთ). თუმცა, მისი დაკავების გამართლებისთვის საკმარისი საფუძვლების არსებობის დაშვების შემთხვევაშიც, პირველი მომჩივანი ასევე დავობდა, რომ მისი ქმედებისთვის დაკისრებული სახდელი, კონვენციის მე-11 მუხლის პერსპექტივიდან, არაპროპორციული იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო იმეორებს, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოების დისკრეციული უფლება, დასაჯოს ისეთი უკანონო ქმედება, რომელიც დაკავშირებულია გამოხატვის ან შეკრების თავისუფლებასთან, მართალია, ფართოა, მაგრამ შეუზღუდავი არ არის და მას ევალება განსაკუთრებით დეტალურად განიხილოს საქმეები, სადაც ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ არაძალადობრივი ქმედებისთვის დაკისრებული სახდელები მოიაზრებს თავისუფლების აღკვეთას (იხ., საქმე Chernega and Others v. Ukraine, N74768/10, § 221, 2019 წლის 18 ივნისი).

81. მიღებული ღონისძიების პროპორციულობის განხილვისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი პოტენციური მსუსხავი ეფექტი, ვინაიდან აღსრულების ისეთმა ღონისძიებებმა, როგორიც არის, მაგალითად, მანიფესტაციის მონაწილეების დაკავება, დაპატიმრება და/ან ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება, შესაძლოა მას ან სხვებს მომავალში დააკარგვინოს მსგავს შეკრებებში მონაწილეობის სურვილი (იხ., საქმე Balçık and Others v. Turkey, N25/02, § 41, 2007 წლის 29 ნოემბერი). აღნიშნულთან დაკავშირებით, დაკისრებული სანქციების ბუნება და სიმკაცრე ის ფაქტორებია, რომლებიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი ჩარევის პროპორციულობის შეფასებისას (იხ., საქმე Kudrevičius and Others, ციტირებული ზემოთ, § 146).

82. ამ კონტექსტში, სასამართლო ვერ უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ მომჩივნის მანიფესტაციაზე დასწრება მოტივირებული იყო მისი სურვილით, გამოეხატა უკმაყოფილება საზოგადოებრივი ინტერესის სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით (იხ., 77-ე პარაგრაფი ზემოთ). მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მსჯელობა არ უნდა იყოს გაგებული ისე, თითქოს ის იწონებს მანიფესტაციის დროს პირველი მომჩივნის ქცევის ფორმას და იმ ფაქტის მიუხედავად, რომ მომჩივნის ქმედების გამო შესაძლოა გამართლებული ყოფილიყო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ჩარევა, ამ უკანასკნელს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ თავისუფლების აღკვეთის შესაბამისი ზომა ეხებოდა ფუნდამენტურ თავისუფლებას და, შესაბამისად, განსაკუთებით ფრთხილ მიდგომას მოითხოვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არავინ ამტკიცებდა მომჩივნის ქმედებების ძალადობრივ ხასიათს (შედარებისთვის იხ., მე-7 პარაგრაფი ზემოთ) და ამ ქმედებებს არ გამოუწვევია ადგილზე ვითარების ესკალაცია (შედარებისთვის იხ., საქმე Osmani and Others v. the former Yugoslav Republic of Macedonia (განჩინება), N50841/99, ECHR 2001-X).

83. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების საფუძველზე პირველი მომჩივნისთვის თავისუფლების აღკვეთის ზომის დაკისრებასთან დაკავშირებით მოყვანილი საფუძვლები, რომლებიც ეხებოდა მის „პიროვნებას“ და მისი ქმედების „სიმძიმეს“, დამატებითი გამოკვლევის გარეშე საკმარისი არ იყო იმისათვის, რომ არაძალადობრივი, თუნდაც წესრიგის დამრღვევი ქმედების გამო მომჩივნისთვის დაკისრებული სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პროპორციულად მიჩნეულიყო.

84. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ ეროვნულმა სასამარლოებმა ვერ წარმოადგინეს საკმარისი დასაბუთება, რომელიც გაამართლებდა მოცემულ საქმეში ჩარევის აუცილებლობასა და პროპორციულობას.

85. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ ორივე მომჩივანთან მიმართებით დაირღვა კონვენციის მე-11 მუხლი.

IV. კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა

86. მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლზე დაყრდნობით, პირველი მომჩივანი ჩიოდა იმ ფორმასთან დაკავშირებით, რა ფორმითაც იქნა განხილული მისი სააპელაციო საჩივარი. პირველი მომჩივნის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს ყურადღებით უნდა განეხილა მისი საჩივრის არსებითი მხარე, მის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის ზომის გამოყენებასთან დაკავშირებით. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაუშვებლად ცნობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს დადგენილებამ მას წაართვა კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების მტკიცებისთვის სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების გამოყენების შესაძლებლობა. შესაბამისი დებულება შემდეგნაირად იკითხება:

„1. ყველას, ვინც სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის, აქვს უფლება, მისი მსჯავრდება ან მისთვის დანიშნული სასჯელი გადაასინჯვინოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამ უფლების განხორციელება იმ საფუძვლების ჩათვლით, რომლებზე დაყრდნობითაც ის შეიძლება განხორციელდეს მოწესრიგებულია კანონით.

2. ამ წესიდან გამონაკლისი დასაშვებია მცირე მნიშვნელობის დანაშაულის მიმართ, როგორადაც იგი კანონით არის განსაზღვრული, ან როდესაც შესაბამისი პირი პირველი ინსტანციის წესით გასამართლებულია უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ანდა მას ხელახლა დაედო მსჯავრი მის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გადასინჯვის შედეგად.“

მისაღებობა

87. სასამართლოს მიერ დასმული კითხვის პასუხად მთავრობამ განაცხადა, რომ სააპელაციო განხილვამდე პირველი მომჩივნისთვის დაკისრებული თავისუფლების აღკვეთის ზომის დაუყოვნებელი აღსრულება მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლთან შესაბამისობაში იყო. ნებისმიერ შემთხვევაში მთავრობა დავობდა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე პირველი მომჩივნის მიერ წარმოდგენილი საჩივარი, პირველ რიგში, ეხებოდა სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული საჩივრის განხილვის ადეკვატურობას. ამასთან დაკავშირებით მთავრობამ აღნიშნა, რომ პირველი მომჩივნის შემთხვევაში არ შეზღუდულა ზემდგომი სასამართლოსთვის მიმართვის უფლება და ამ უკანასკნელმა ამომწურავად შეისწავლა მისი საჩივრები, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ ისინი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

88. 2023 წლის 3 ივლისის მთავრობის მოსაზრებების პასუხად პირველმა მომჩივანმა განაცხადა, რომ არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ თავისუფლების აღკვეთის სამდღიანი სანქციის მოხდა მანამ, სანამ სააპელაციო სასამართლო მის აპელაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებდა, აუცილებელი ან გარდაუვალი იყო. შემდეგ ის კვლავ მიუბრუნდა პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითი მხარის განხილვის ფარგლებთან დაკავშირებით და ამტკიცებდა, რომ ამ უკანასკნელმა სათანადოდ არ განიხილა მის სააპელაციო საჩივარში აღნიშნული საკითხები და დავობდა, რომ აღნიშნულით დაირღვა მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი.

89. სასამართლო აღნიშნავს, რომ მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის ფარგლებში პირველი მომჩივნის საჩივარს აქვს ორი ასპექტი. ის მათ რიგრიგობით განიხილავს.

90. პირველი მომჩივნის თავდაპირველი საჩივარი, როგორც ეს საჩივრის ფორმაში იყო წარმოდგენილი, ეხებოდა სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი სააპელაციო საჩივრის განხილვის ფორმას. კერძოდ, ის სადავოდ ხდიდა იმ ფაქტს, რომ მისი სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და არ მოხდა საჩივრის არსებითი მხარის შეფასება, რის საფუძველზეც უნდა დასაბუთებულიყო თავისუფლების აღკვეთის დაკისრებული ზომა (იხ., 86-ე პარაგრაფი ზემოთ).

91. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველმა მომჩივანმა ისარგებლა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით. უდავოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ჰქონდა იმის კომპეტენცია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაეუქმებინა, როგორც ამას მომჩივანი ითხოვდა. მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლთან დაკავშირებით სასამართლოს პრეცედენტული სამართლის პრინციპების გათვალისწინებით (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Shvydka v. Ukraine, N17888/12, §§ 48-51, 2014 წლის 30 ოქტომბერი, შემდგომი მითითებებით) სასამართლო ასკვნის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი მომჩივნის იმ სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად გამოცხადება, რომელიც ეხებოდა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას (იხ., 30-ე პარაგრაფი ზემოთ), არ წარმოშობს დარღვევის საფუძველს მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის ფარგლებში. შესაბამისად, მომჩივნის საჩივრის ეს ასპექტი აშკარად უსაფუძვლოა და უნდა გამოცხადდეს მიუღებლად კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად.

92. რაც შეეხება მომჩივნის საჩივრის მეორე ასპექტს, რომელიც ეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი საჩივრის განხილვამდე თავისუფლების აღკვეთის ზომის მოხდას (იხ., 88-ე პარაგრაფი ზემოთ) სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საკითხი არ იყო მისი თავდაპირველი საჩივრის ნაწილი (იხ., 86-ე პარაგრაფი ზემოთ; იხ., ასევე, საქმე Fu Quan, s.r.o. v. the Czech Republic [დიდი პალატა], N24827/14, §§ 145-48, 2023 წლის 1 ივნისი). შესაბამისად, ეს იყო ახალი და განსხვავებული საჩივარი, რაც მან სასამართლოს მიერ მხარეებისთვის დასმულ კითხვებზე მთავრობის მოსაზრებების საპასუხო პოზიციაში წარმოადგინა. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი უშლის ხელს მომჩივანს სასამართლოში სამართალწარმოების დროს წარადგინოს ახალი საჩივარი, მსგავსმა საჩივარმა, როგორც ნებისმიერმა სხვამ, უნდა დააკმაყოფილოს დასაშვებობასთან დაკავშირებული მოთხოვნები (იხ., საქმე Radomilja and Others v. Croatia [დიდი პალატა], NN 37685/10 და 22768/12, § 135, 2018 წლის 20 მარტი).

93. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი მომჩივნის შემთხვევაში სასამართლო განხილვები 2020 წლის 20 ნოემბერს დასრულდა (იხ., 30-ე პარაგრაფი ზემოთ), მაშინ როცა მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის ფარგლებში ზემოაღნიშნული საჩივარი მომჩივანმა 6 თვეზე მეტი ხნის შემდეგ, 2023 წლის 3 ივლისს წარმოადგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო იმეორებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა თავის პოზიციაში არ შედავებია 6-თვიანი ვადის წესთან შესაბამისობას, სასამართლოს არ შეუძლია 6-თვიანი ვადის გამოყენების წესი უგულებელყოს მხოლოდ იმიტომ, რომ მთავრობას ამასთან დაკავშირებით წინასწარი პრეტენზიები არ გამოუხატავს (იხ., საქმე Radomilja and Others, ციტირებული ზემოთ, § 138, შემდგომი მითითებებით).

94. აქედან გამომდინარე, პირველი მომჩივნის მიერ მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის ფარგლებში წარდგენილი საჩივრის მეორე ასპექტი კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტის გათვალისწინებით მიუღებელია 6-თვიანი ვადის წესის დაუცველობის გამო და, შესაბამისად, კონვენციის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

V. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

95. კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს შემდეგს:

„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“

96. მეორე მომჩივანმა მოითხოვა 1500 ლარი (დაახლოებით 529 ევრო) მატერიალური ზიანისთვის, რაც სადავო სამართალწარმოებისას მასზე დაკისრებულ ადმინისტრაციულ სანქციას შეესაბამებოდა (იხ., 27-ე პარაგრაფი ზემოთ). თითოეულმა მომჩივანმა ასევე მოითხოვა 2000 ევრო მორალური ზიანისთვის.

97. მთავრობამ განაცხადა, რომ საჩივრები დაუსაბუთებელი იყო და, ნებისმიერ შემთხვევაში, იყო გადაჭარბებული.

98. სასამართლომ აღნიშნა, რომ წინამდებარე საქმეში არსებობს აშკარა კავშირი მეორე მომჩივნისთვის დაკისრებულ ჯარიმასა და მე-6 და მე-11 მუხლებით დადგენილ დარღვევას შორის. შესაბამისად, სასამართლო მეორე მომჩივანს აკუთვნებს 529 ევროს მატერიალური ზიანისთვის.

99. გარდა ამისა, სასამართლო ადასტურებს, რომ მომჩივნებმა მორალური ზიანი განიცადეს, რომლის კომპენსაციაც მხოლოდ დარღვევის აღიარებით ვერ მოხდება. შესაბამისად, ამ თავის ფარგლებში, მას მიაჩნია, რომ პირველ მომჩივანს სათანადოდ მიაკუთვნოს 1200 ევრო, ხოლო მეორე მომჩივანს 1600 ევრო, რასაც უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა მათ დაეკისროთ.

ამ მოტივით სასამართლომ ერთხმად,

  1. გადაწყვიტა, რომ გააერთიანოს საჩივრები.
  2. გადაწყვიტა, რომ საქმის არსებით მხარესთან გააერთიანოს მთავრობის შედავება კონვენციის მე-11 მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით და ის არ დააკმაყოფილოს.
  3. კონვენციის მე-6 და მე-11 მუხლების ფარგლებში საჩივრებს აცხადებს მისაღებად, ხოლო საჩივრების დანარჩენ ნაწილებს – მიუღებლად.
  4. ადგენს, რომ არ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლი პირველ მომჩივანთან მიმართებით.
  5. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლი მეორე მომჩივანთან მიმართებით.
  6. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-11 მუხლი ორივე მომჩივანთან მიმართებით.
  7. ადგენს:

(a) რომ კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის ვადაში მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივნებს უნდა გადაუხადოს შემდეგი თანხები, რასაც უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც უნდა დაკონვერტირდეს მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს არსებული კურსით:

(i) 529 ევრო (ხუთას ოცდაცხრა ევრო) მიეკუთვნოს მეორე მომჩივანს მატერიალური ზიანთან დაკავშირებით, რასაც უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა მას დაეკისროს;

(ii) 1 200 (ათას ორასი) ევრო მიეკუთვნოს პირველ მომჩივანს მორალურ ზიანთან დაკავშირებით, რასაც უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა მას დაეკისროს;

(iii) 1 600 (ათას ექვსასი) ევრო მიეკუთვნოს მეორე მომჩივანს მორალურ ზიანთან დაკავშირებით, რასაც უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა მას დაეკისროს;

(b) რომ ზემოხსენებული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან თანხების სრულად გადახდამდე, ზემოთ აღნიშნულ გადასახდელ თანხას დაერიცხება მარტივი პროცენტი იმ განაკვეთით, რომელიც შეესაბამება გადახდის გადავადების პერიოდში მოქმედ ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რომელსაც დაემატება სამი საპროცენტო პუნქტი;

8. უარყოფს მომჩივნების საჩივარს სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2025 წლის 15 ივლისს სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

 

                    სიმეონ პეტროვსკი                                                            ჟულიენ შუკინგი
           განმწესრიგებლის მოადგილე                                                       თავმჯდომარე