„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 16/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2026
ძალაში შესვლის თარიღი 17/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.017441
7
16/02/2026
ვებგვერდი, 16/02/2026
040030000.22.026.017441
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველო თავდაცვის მინისტრის 

ბრძანება №7

2026 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში (სსმ, №96, 04/08/2010, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.014932) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ‘‘;

)  პირველი  და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაფუძნდეს სამხედრო მომზადებისა და განათლების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კადეტთა სამხედრო ლიცეუმი.

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წესდება.“.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წესდება ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 17 თებერვლიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი



საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  კადეტთა  სამხედრო  ლიცეუმის  წესდება

თავი I

 ზოგადი დებულებები


მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სტატუსი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კადეტთა სამხედრო ლიცეუმი (შემდგომში – ლიცეუმი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურზე ეროვნული და ლიცეუმის სასწავლო გეგმის შესაბამისად.

2. ლიცეუმი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, სამინისტროს სამართლებრივი აქტების, სხვა სამართლებრივი აქტებისა და ამ წესდების შესაბამისად.

3. მიზნებსა და დაკისრებულ ფუნქციებს ლიცეუმი ახორციელებს სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებში. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

4. ლიცეუმს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), ბეჭდები საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების გამოსახულებით, ბლანკები, შტამპები და ოფიციალური ვებგვერდი.

5. ლიცეუმის იურიდიული მისამართია: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქუჩა №51.

მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

1. ლიცეუმის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანია:

ა) ლიცეუმის მოსწავლეთა (შემდეგში – კადეტი) ინტელექტუალური, კულტურული, ფიზიკური და ზნეობრივი აღზრდა, საზოგადოებაში ცხოვრებისათვის ადაპტირება, სამხედრო და სამოქალაქო ასპარეზზე სამშობლოს სამსახურისათვის კადეტთა მოსამზადებლად საფუძვლის შექმნა;

ბ) ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა;

გ) კადეტის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, კადეტთა დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, კადეტის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა;

დ) კადეტის მიერ ზოგადი სამხედრო ცოდნისა და უნარების შეძენა, პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება. კადეტში სამხედრო სამსახურისადმი სიყვარულის და ოფიცრის პროფესიის დაუფლების მისწრაფების გაღვივება.

2. ლიცეუმი წარმოადგენს პანსიონს, რომელიც უზრუნველყოფს კადეტებს საცხოვრებელი პირობებით, სამედიცინო მომსახურებით და კვებით.

3. კადეტებს სასწავლო გეგმის გავლის შემდეგ გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნიმუშის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი-ატესტატი და  დაწყებითი სამხედრო მომზადების სერტიფიკატი.

4. ლიცეუმი საგანმანათლებლო პროცესში სამხედრო მომზადების მიზნით უზრუნველყოფს  დამატებითი სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამების ჩატარებას.

5. ყოველი სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ კადეტებისათვის სასწავლო გეგმის შესაბამისად ჩატარდება პრაქტიკული და საველე მეცადინეობები.

6. ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე კადეტები სასწავლო გეგმის შესაბამისად გაივლიან საადაპტაციო პერიოდს.

7. ლიცეუმი მეცადინეობების/სწავლებების დროს ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ დამტკიცებული წვრთნებისა და სწავლებების დროს დასაცავი უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად.

თავი II

ლიცეუმის სტრუქტურა და მართვა

 მუხლი 3. ლიცეუმის სტრუქტურა

1. ლიცეუმის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) დირექცია;

ბ) საფინანსო და შესყიდვების სამსახური;

გ) შტაბი:

გ.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

გ.ბ) G-1 პერსონალის დაგეგმვისა და მართვის სამსახური;

გ.გ) G-2/G-3 სასწავლო დაგეგმვისა და მონიტორინგის სამსახური;

გ.დ) G-4 ლოჯისტიკური დაგეგმვის სამსახური;

დ) კადეტთა სამხედრო სკოლები:

დ.ა) გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა;

დ.ბ) გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა;

ე) პედაგოგიური საბჭო;

ვ) სამეურვეო საბჭო;

ზ) კადეტთა თვითმმართველობა;

თ) დისციპლინური კომიტეტი;

ი) სააპელაციო კომიტეტი (მისი შექმნის შემთხვევაში).

2. კადეტთა სამხედრო სკოლების სტრუქტურა მოიცავს:

ა) სასწავლო განყოფილებას;

ბ) ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილებას;

გ) სასწავლო კურსებს;

დ) ლაზარეთს.

3. გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა განთავსებულია ქ. ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა №51, ხოლო გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა – გარდაბანში, სოფელ კრწანისში.

მუხლი 4. ლიცეუმის დირექცია

1. ლიცეუმის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი) სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირია.

2. დირექტორი:

ა) ახორციელებს ლიცეუმის მართვას;

ბ) მართავს ლიცეუმის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს;

გ) წარმოადგენს ლიცეუმს მესამე პირებთან ურთიერთობებში;

დ) სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს შინაგანაწესს, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, განვითარების სტრატეგიასა და ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას;

ე) შეიმუშავებს ლიცეუმის ბიუჯეტს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრს (შემდგომში – მინისტრი) ან მის მიერ უფლებამოსილ პირს;

ვ) ამტკიცებს საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;

ზ) მინისტრთან ან მის მიერ უფლებამოსილ პირთან შეთანხმებით უფლებამოსილია ლიცეუმის სამოქალაქო პერსონალისათვის განსაზღვროს დანამატი, აგრეთვე სამოქალაქო პერსონალზე გასცეს ერთჯერადი დახმარება, ლიცეუმისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში;

თ) მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო-სასწავლო გეგმის შემუშავებაში;

ი) უზრუნველყოფს მასწავლებლებთან და აღმზრდელებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, დებს შრომით ხელშეკრულებებს ლიცეუმის სხვა მოსამსახურეებთან;

კ) უფლებამოსილია ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება მასწავლებელთან ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისთვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

ლ) ახორციელებს ლიცეუმის მოსამსახურეების, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების:

ლ.ა) საქართველოს ფარგლებში მივლინებაში წარგზავნას;

ლ.ბ) შვებულებაში გაშვებას;

მ) მინისტრს წარუდგენს ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურის კანდიდატურას საქართველოს ფარგლების გარეთ მივლინებაში წარგზავნის მიზნით;

ნ) ახორციელებს ლიცეუმის მოსამსახურეების, გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა, საქართველოს ფარგლების გარეთ მივლინებაში წარგზავნას;

ო)  სამეურვეო საბჭოს ყოველი წლის 10 დეკემბრამდე აბარებს ფინანსური საქმიანობისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშს;

პ) უფლებამოსილია დადოს გარიგებები კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ჟ) შეიმუშავებს ლიცეუმის წესდების  პროექტს (მათ შორის, წესდებაში ცვლილებების პროექტს) და წარუდგენს მინისტრს დასამტკიცებლად;

რ) განკარგავს თანხებს დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით;

ს) განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;

ტ) ზედამხედველობს ლიცეუმის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესსა და ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების შესრულებას;

უ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ფ) უზრუნველყოფს ლიცეუმის ქონების და ფინანსების მიზნობრივ და სწორ ხარჯვას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობასა და რაციონალურ გამოყენებას;

ქ) უზრუნველყოფს ლიცეუმის პერსონალისა და კადეტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას;

ღ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ლიცეუმის წესდებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.

3. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დირექტორი უნდა აკმაყოფილებდეს სამხედრო მოსამსახურისადმი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

4. ახალი დირექტორის დანიშვნამდე დირექტორის უფლებამოსილებებს ახორციელებს მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი.

5. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს დირექტორის მოადგილე – შტაბის უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – ლიცეუმის სხვა სამხედრო მოსამსახურე.

6. დირექტორის მოადგილე – შტაბის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი დირექტორის წარდგინებით.

7. დირექტორის მოადგილე – შტაბის უფროსი ხელმძღვანელობს შტაბში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებს და პასუხისმგებელია მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.

8. მთავარი სერჟანტი უზრუნველყოფს:

ა) ლიცეუმში დისციპლინის განმტკიცებას;

ბ) ლიცეუმში დასაქმებული სერჟანტების საქმიანობის პროცესის ხელშეწყობას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ლიცეუმის უსაფრთხოების წესების დაცვის ხელშეწყობას;

დ) დირექტორის ბრძანებებისა და მითითების შესრულებას.

9. ექიმი უზრუნველყოფს:

ა) სამედიცინო საქმიანობის ორგანიზებას;

ბ)  ლიცეუმში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლს;

გ) სადაზღვევო კომპანიასთან და სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობას;

დ) სამედიცინო კომისიის გავლის პროცესის მართვას/ორგანიზებას.

მუხლი 5.  საფინანსო და შესყიდვების სამსახური

საფინანსო და შესყიდვების სამსახური უზრუნველყოფს:

ა) ლიცეუმის სტრუქტურული ერთეულებიდან ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წინადადებების შეგროვებას/შეჯერებას, ანგარიშგებებისა და ბიუჯეტის პროექტის მომზადებას;

ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ფინანსური ოპერაციების წარმოებას და ფულადი სახსრების კანონიერ ხარჯვას;

გ) შრომის ანაზღაურების, სამივლინებო და სხვა გასაცემლებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და დარიცხვას;

დ) სახელმწიფო შესყიდვების პროცესის წარმართვას არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 6. შტაბი

1. შტაბის ფუნქციებია:

ა) ლიცეუმის საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) ლიცეუმის მიზნებიდან გამომდინარე, საქმიანობის კოორდინაცია და ტექნიკური უზრუნველყოფის მონიტორინგი;

გ)  ლიცეუმის საქმისწარმოების სისტემის პროცედურული საკითხების ორგანიზება;

დ) ლიცეუმში საშტაბო დაგეგმარება  და საჯარისო სამსახურის კონტროლი;

ე) საიდუმლოების რეჟიმის დაცვის კონტროლი;

ვ) ლიცეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

ზ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ლიცეუმის ურთიერთობის კოორდინაცია;

თ) ლიცეუმის სარეკლამო და საინფორმაციო კამპანიის წარმოება და საჭიროებიდან გამომდინარე, ბრიფინგებისა და კონფერენციების ორგანიზება, პრესრელიზებისა და მსგავსი ინფორმაციის მომზადება;

ი) ადამიანური რესურსების დაგეგმვა, მოზიდვა, მათი შერჩევის/მიღების პროცესის ორგანიზება და მართვა;

კ) ლიცეუმსა და მოსამსახურეებს შორის შრომითი ურთიერთობების (დანიშვნა, გადაყვანა, დროებით მოვალეობის დაკისრება/შეთავსება/შეწყვეტა, გათავისუფლება, შვებულება, საქართველოს ფარგლებში მივლინება, წახალისება, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, ნამუშევარი/ნამსახურები წლების გაანგარიშება) შესახებ შესაბამისი პროცედურების ადმინისტრირება;

ლ) მოსამსახურეთა კარიერული წინსვლის, მოტივაციის, შეფასების სისტემების შექმნა, დანერგვა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

მ)  საიდუმლო და არასაიდუმლო საფოსტო გზავნილების მითითებულ მისამართებზე ჩაბარება, აგრეთვე ლიცეუმისთვის გადმოსაცემი დოკუმენტების მიღება და ლიცეუმის საქმისმწარმოებელთან ჩაბარება;

ნ)  ლიცეუმის სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მონიტორინგი;

ო) ოპერატიული გეგმების შემუშავება და სწავლებების ჩატარება;

პ) საბრძოლო მომზადების გეგმის შემუშავება და განხორციელების მონიტორინგი;

ჟ) დაცვისა და თავდაცვის გეგმის და სქემების შემუშავება;

რ) ლიცეუმისთვის სამინისტროს მიერ გადმოცემული შესაბამისი ქონების მიღების პროცესის წარმართვა და მონიტორინგი;

ს) ლიცეუმის სტრუქტურული ერთეულების განაცხადების საფუძველზე მოთხოვნილი და შესყიდული მატერიალურ-ტექნიკური ქონების მიღება, განაწილება და მიწოდება;

ტ) ლიცეუმის სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური ქონების ინვენტარიზაციის პროცესის კონტროლი;

უ) საბრძოლო მომზადების გეგმის მიხედვით საველე სწავლებებისათვის შესაბამისი შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების  გათვლის უზრუნველყოფა და კონტროლი;

ფ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

ქ) განცხადებებსა და ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

ღ) სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში ლიცეუმის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

ყ) ლიცეუმში დისციპლინისა და წესრიგის განმტკიცებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობა;

შ) ლიცეუმის მოსამსახურეთათვის სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა/კოორდინაცია;

ჩ) ლიცეუმში არჩევითი ორგანოების ფუნქციონირების სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ც) დირექტორის სამართლებრივი აქტების მომზადება და ვიზირება;

ძ) ლიცეუმის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და ლიცეუმის სახელით დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

წ) ლიცეუმის დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში მატერიალური და ელექტრონული სახით შემოსული კორესპონდენციის ბაზაში ასახვა/რეგისტრაცია, დამუშავება, კლასიფიკაცია და სარეზოლუციო ადრესატისათვის გაგზავნა დადგენილი წესითა და საჭიროების შესაბამისად;

ჭ) ლიცეუმის დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში ლიცეუმის მოსამსახურეთა მიერ შესრულებული კორესპონდენციის შესაბამის ადრესატებთან გადაგზავნა დადგენილი წესისა და საჭიროების შესაბამისად;

ხ) ლიცეუმის დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში შექმნილი და დაცული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ასლების დამოწმება დადგენილი წესისა და საჭიროების შესაბამისად;

ჯ) კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის შემცველი კორესპონდენციის/დოკუმენტაციის დადგენილი წესისა და პროცედურის შესაბამისად შენახვა/სისტემატიზაცია;

ჰ) საქმისწარმოება, ასევე დამთავრებული, ხანგრძლივად და მუდმივად შესანახი დოკუმენტების არქივში განთავსება, საქმეთა რეესტრის წარმოება და ლიცეუმის არქივის მუშაობის ორგანიზება;

1) განცხადების საფუძველზე, დაინტერესებული პირებისათვის არქივში დაცული დოკუმენტაციის დედნის ან მისი ასლის გაცნობა, დოკუმენტაციის არქივში არარსებობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;

2) ლიცეუმის საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართვისთვის თანაბარპროფილიან სამხედრო და სამოქალაქო სასწავლო დაწესებულებებთან  საჭირო ღონისძიებების გატარება;

3) ლიცეუმში  საპროტოკოლო ღონისძიებების  განხორციელება;

4) კადეტთა სამხედო ლიცეუმში პერსონალისთვის ქვეყნის ფარგლებში და უცხო ქვეყნებში ოფიციალური და  სამუშაო ვიზიტების ორგანიზებაში მონაწილეობა;

5) კომპეტენციის ფარგლებში ლიცეუმში და მის ფარგლებს გარეთ დაგეგმილი ღონისძიებების  გეგმა-სცენარებისა და პროგრამების მომზადება;

6) სამინისტროს,  თავდაცვის ძალებისა და სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ერთეულებთან კოორდინაცია.

2.  შტაბი ამ მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ვ“„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს ახორციელებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მეშვეობით;

ბ) „ი“„მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს ახორციელებს G-1 პერსონალის დაგეგმვისა და მართვის სამსახურის მეშვეობით;

გ) „ნ“ – „ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს ახორციელებს  G-2/G-3 სასწავლო დაგეგმვისა და მონიტორინგის სამსახურის მეშვეობით;

დ) „რ“ – „უ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს ახორციელებს G-4 ლოჯისტიკური დაგეგმვის სამსახურის მეშვეობით.

მუხლი 7. კადეტთა სამხედრო სკოლა

1. კადეტთა სამხედრო სკოლას ხელმძღვანელობს მეთაური, რომელიც უზრუნველყოფს:

ა) დირექტორის პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების იმპლემენტაციას კადეტთა სამხედრო სკოლაში და ყოველდღიურ ოპერაციულ მართვას;

ბ) ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების შესრულების ზედამხედველობას;

გ) კადეტთა სამხედრო სკოლის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ზედამხედველობას;

დ) კადეტთა სამხედრო სკოლის ქონების მიზნობრივ და სწორ ხარჯვას, კადეტთა სამხედრო სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობასა და რაციონალურ გამოყენებას;

ე) პერსონალისა და კადეტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.

2. კადეტთა სამხედრო სკოლის მეთაურის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს, ახორციელებს კადეტთა სამხედრო სკოლის მეთაურის მოადგილე ან კადეტთა სამხედრო სკოლის სხვა სამხედრო მოსამსახურე.

3. კადეტთა სამხედრო სკოლის მეთაურს ჰყავს მოადგილე, რომელიც უზრუნველყოფს:

ა) კადეტებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, სამხედრო სამსახურისადმი სიყვარულისა და ოფიცრის პროფესიის დაუფლების მისწრაფების გაღვივებას;

ბ) კადეტთა სამხედრო სკოლის მეთაურის დავალებით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას;

გ) კადეტთა სამხედრო სკოლის  სასწავლო-მატერიალური ბაზის მდგომარეობის კონტროლს;

დ)  კადეტთა სამხედრო სკოლის საბრძოლო და სასწავლო შეიარაღების გამართულობის და რაოდენობრივი მდგომარეობის კონტროლს, კვარტალში ერთხელ გადამოწმებას და კადეტთა სამხედრო სკოლის მეთაურისათვის მოხსენებას.

4. სასწავლო განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) პირად შემადგენლობასთან საბრძოლო მომზადების შეკრებების ჩატარებას;

ბ) კადეტთა სამხედრო სკოლის სასწავლო პროცესის მართვას;

გ) საჯარისო სამსახურის ორგანიზებას და წარმართვას;

დ) Eschool-ის ბაზის მართვას;

ე) სწავლების მექანიზმების გაუმჯობესებას;

ვ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ხელშეწყობას.

5. ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) კადეტთა სამხედრო სკოლას მატერიალურ-ტექნიკური ბაზით;

ბ) კადეტთა სამხედრო  სკოლაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების საბუღალტრო აღრიცხვას;

გ) კადეტთა სამხედრო სკოლის ტექნიკურ გამართულობას.

6. სასწავლო კურსები უზრუნველყოფს:

ა) კადეტთა სამხედრო სკოლის დღის განრიგის ზუსტ შესრულებასა და დაცვას;

ბ) კადეტების სამხედრო დისციპლინის უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და განმტკიცებას;

გ) ლიცეუმის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სამხედრო სწავლების, მეცადინეობის დაგეგმარებასა და განხორციელებას;

დ) კადეტების სპორტული შესაძლებლობების ამაღლებას;

ე) კადეტების 24-საათიან მეთვალყურეობასა და კონტროლს;

ვ) დაწყებითი სამხედრო მომზადების შესწავლას სიმულაციური სისტემების გამოყენებით;

ზ) თეორიულ-პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და კომბინირებული საბრძოლო შეიარაღების დაუფლებას;

თ) პრაქტიკულ და საველე მეცადინეობებს (მათ შორის, სასწავლო იარაღის გამოყენებით);

ი) კადეტებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, სამხედრო სამსახურისადმი სიყვარულისა და ოფიცრის პროფესიის დაუფლების მისწრაფების გაღვივებას;

კ) კადეტისთვის, მის მიერ ლიცეუმის სასწავლო გეგმის გავლის შემდეგ, შესაბამისი სერტიფიკატის მომზადებას;

ლ) სააღმზრდელო პროცესის ჩატარებას.

7. ლაზარეთი უზრუნველყოფს:

ა) კადეტთა სამხედრო სკოლაში დაავადებათა პრევენციულ ღონისძიებებს;

ბ) ლიცეუმს სამკურნალწამლო საშუალებებით;

გ) პირველად/გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას 24 საათის განმავლობაში;

დ) მკურნალობას არაუმეტეს 72 საათისა.

მუხლი 8. ლიცეუმის პედაგოგიური საბჭო

1. ლიცეუმის პედაგოგიური საბჭო (შემდგომში – პედაგოგიური საბჭო) არის ლიცეუმის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც შედის ლიცეუმის ყველა მასწავლებელი.

2. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც 3 წლის ვადით აირჩევა საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.

3. პედაგოგიურ საბჭოში ყველა მასწავლებელი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით.

4. პედაგოგიური საბჭოს წევრების ერთ მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა, მოითხოვოს სამეურვეო საბჭოში მათი წარმომადგენლის მოსმენა.

5. პედაგოგიური საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

6. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების ერთი მესამედისა.

7. პედაგოგიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე.

8. პედაგოგიურ საბჭოში მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებული არიან მის წინაშე.

9. პედაგოგიური საბჭო:

ა) ლიცეუმის სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით და დირექტორის მონაწილეობით  ამტკიცებს სასწავლო გეგმას;

ბ) საჭიროების შემთხვევაში დირექტორთან შეთანხმებით ამტკიცებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას;

გ)  ირჩევს თავის წარმომადგენლებს სამეურვეო საბჭოში;

დ) უფლებამოსილია ვადამდე გადაირჩიოს თავისი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში.

მუხლი 9. ლიცეუმის სამეურვეო საბჭო

1. ლიცეუმის სამეურვეო საბჭო არის ლიცეუმის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო, რომელიც შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული 12 წარმომადგენლისაგან (6 მასწავლებელი, 6 მშობელი), ასევე კადეტთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 2 წარმომადგენლისაგან,  სამინისტროს 1 წარმომადგენლისგან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 1 წევრისაგან. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოში დანიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

2. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა 3 წელი.

3. სამეურვეო საბჭოს არჩევის, სამეურვეო საბჭოს და სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4. სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც მონაცვლეობით აირჩევა საბჭოს შემადგენლობაში მშობლებისაგან და პედაგოგიური საბჭოსაგან არჩეულ წევრთაგან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლისაგან არაუმეტეს მათი უფლებამოსილების ვადით. კადეტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი არ შეიძლება არჩეულ იქნეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ.

5. სამეურვეო საბჭო იკრიბება სასწავლო წლის განმავლობაში სამჯერ მაინც, ყოველი მესამედის დასაწყისში.

6. სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

7. ხმების თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

8. სამეურვეო საბჭო:

ა) დირექტორთან ერთად მონაწილეობს ლიცეუმის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში, რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო, ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;

ბ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს ლიცეუმის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად უნდა განსაზღვრავდეს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, ლიცეუმიდან გადაყვანის პირობებს;

გ) ითანხმებს პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო-სასწავლო გეგმისა და ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან მასწავლებლების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;

დ) აკონტროლებს დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;

ე) განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;

ვ) უფლებამოსილია, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით, დაავალოს დირექტორს, მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დადოს შესაბამისი ხელშეკრულება;

ზ) უფლებამოსილია მოსთხოვოს დირექტორს, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

თ) ინახავს და აღრიცხავს სამეურვეო საბჭოში მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელთა არჩევნების ბიულეტენებს და ოქმებს;

ი) ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს;

კ) საჭიროების შემთხვევაში ქმნის სააპელაციო კომიტეტს;

ლ) სააპელაციო კომიტეტის არარსებობის შემთხვევაში განიხილავს დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრებს, მათ შორის, საჩივრებს, რომლებიც ეხება დირექტორის მიერ დისციპლინურ გადაცდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას;

მ) ითანხმებს დირექტორის მიერ წარმოდგენილ წესდების პროექტს;

ნ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს ლიცეუმის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას და ითანხმებს ლიცეუმის განვითარების სტრატეგიას და ლიცეუმის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას;

ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იხილავს ლიცეუმისათვის გათვალისწინებული სახელის მინიჭების შესახებ ინიციატივას.

მუხლი 10. კადეტთა თვითმმართველობა

1. კადეტთა თვითმმართველობა არის კადეტთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს ლიცეუმის სტრუქტურულ ერთეულს.

2. კადეტები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ გამჭირვალობისა და თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, ჯგუფების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით, შემდეგი წესით:

ა) თვითმმართველობის არჩევნები ტარდება სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში;

ბ) კადეტთა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღს ნიშნავს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე;

გ) კადეტთა თვითმმართველობაში თითოეული კლასის/ჯგუფის კადეტები ირჩევენ თითო წარმომადგენელს მომდევნო სასწავლო წელს სამეურვეო საბჭოს მიერ კადეტთა თვითმმართველობის ახალი არჩევნების ჩატარებამდე;

დ) კადეტთა თვითმმართველობების არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა კადეტს;

ე) თითოეული კლასის/ჯგუფის კადეტი ხმას აძლევს ერთ კანდიდატს კადეტთა თვითმმართველობაში ასარჩევად. გამარჯვებულად ითვლება კადეტი, რომელიც შესაბამის კლასში/ჯგუფში მეტ ხმას მოიპოვებს;

ვ) კადეტები, რომელთაც სურთ არჩეული იყვნენ თვითმმართველობაში, რეგისტრაციას გადიან შესაბამისი კლასის დამრიგებელთან არჩევნების ჩატარებამდე არაუგვიანეს 3 დღით ადრე, დამრიგებლის არარსებობის შემთხვევაში კი – კადეტთა სამხედრო სკოლის მეთაურთან;

ზ) კადეტთა თვითმმარველობის წევრობის კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოებაზე ვრცელდება ლიცეუმის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოებისათვის დადგენილი წესი.

3. თვითმმართველობის წევრები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში საკუთარი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევენ შესაბამისი კადეტთა სამხედრო სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარეს, რომელიც ხელმძღვანელობს კადეტთა თვითმმართველობას. თავმჯდომარე წარმოადგენს კადეტთა თვითმმართველობის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში.

4. კადეტთა სამხედრო სკოლის თვითმმართველობა:

ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს ლიცეუმის შინაგანაწესის შესახებ;

ბ) უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები ლიცეუმისათვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, მოპოვებული გრანტის განკარგვასთან დაკავშირებით;

გ) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სალიცეუმო კლუბებს.

5. თვითმმართველობის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ ლიცეუმში სწავლის შეწყვეტისთანავე/დასრულებისთანავე.

მუხლი 11. მასწავლებელთა, მშობელთა და კადეტთა უფლებები და თავისუფლებები

1. მასწავლებელთა, მშობელთა და კადეტთა უფლებები და თავისუფლებები განისაზღვრება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. კადეტს, მშობელსა და მასწავლებელს უფლება აქვთ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის და ლიცეუმის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საჩივრების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვის ეფექტიანი საშუალების შექმნის მიზნით დირექტორი უფლებამოსილია შექმნას შესაბამისი კომისია.

მუხლი 12. ლიცეუმის მოსამსახურეები

1. ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  მინისტრი.

2. ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება სამხედრო მოსამსახურის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები.

თავი III

 დისციპლინა და საჩივრის განხილვის წესი

მუხლი 13. დისციპლინური დევნა

1. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ლიცეუმის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. ლიცეუმის შინაგანაწესი ამომწურავად უნდა განსაზღვრავდეს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას, მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებსა და სახდელების შეფარდებაზე უფლებამოსილ პირებს.

3. კადეტის გაკვეთილიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მასწავლებელს/ინსტრუქტორს.

4. ლიცეუმის დისციპლინური კომიტეტი, შინაგანაწესის შესაბამისად, უფლებამოსილია მიიღოს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე მყოფი კადეტის ლიცეუმიდან გარიცხვის გადაწყვეტილება. 

5. დირექტორის და დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სამეურვეო საბჭოში ან სააპელაციო კომიტეტში ასეთის არსებობის შემთხვევაში.

მუხლი 14. დისციპლინური კომიტეტი

1. დისციპლინური კომიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული დისციპლინური გადაცდომების განხილვის მიზნით, სამეურვეო საბჭო ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედის მასწავლებელი, მშობელი და კადეტი. დისციპლინური კომიტეტის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ოდენობას.

2. დისციპლინური კომიტეტის არჩევნები ტარდება თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებიდან არაუადრეს 14 კალენდარული დღისა და არაუგვიანეს ერთი თვისა. დისციპლინური კომიტეტი იქმნება 1 წლის ვადით. დაუშვებელია დისციპლინური კომიტეტის სპეციალური შემადგენლობის არჩევა და მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით.

3. დისციპლინური კომიტეტის წევრებს სამეურვეო საბჭო ირჩევს დამსწრეთა უმრავლესობით. დისციპლინური კომიტეტის წევრობის კანდიდატურის დაყენების უფლება აქვს:

ა) სამეურვეო საბჭოს;

ბ) პედაგოგიურ საბჭოს;

გ) კადეტთა თვითმმართველობას (ზოგადი განათლების საშუალო საფეხურიდან). 

მუხლი 15. სააპელაციო კომიტეტი

1. დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ საჩივრების განხილვის მიზნით, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია შექმნას სააპელაციო კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედის მასწავლებელი, მშობელი და კადეტი.

2. სააპელაციო კომიტეტი იქმნება 1 წლის ვადით და დაუშვებელია სააპელაციო კომიტეტის სპეციალური შემადგენლობის მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით.

მუხლი 16. მასწავლებელთა, მშობელთა და კადეტთა საჩივრის განხილვა

1. კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში კადეტს, მასწავლებელსა და მშობელს უფლება აქვს წერილობითი საჩივრით მიმართოს დირექტორს 2 კვირის განმავლობაში, რაც მისთვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ. თუ საჩივარი ამ წესდების შესაბამისად სხვა სტრუქტურული ერთეულის განსახილველია, დირექტორი საჩივარს გადასცემს ამ სტრუქტურულ ერთეულს.

2. დირექტორი ან ლიცეუმის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ამ წესდების მიხედვით უფლებამოსილია განიხილოს შესაბამისი საჩივარი, საჩივარს განიხილავს საჩივრის შეტანიდან ორი კვირის ვადაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული თანამდებობის პირ(ებ)ის გადაწყვეტილება და ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა) შეიძლება გასაჩივრდეს სამეურვეო საბჭოში გადაწყვეტილების გაცნობიდან, ხოლო ქმედების შემთხვევაში იმ თარიღიდან, როდესაც პირისათვის ცნობილი უნდა გამხდარიყო ქმედების შესახებ ორი კვირის ვადაში. სამეურვეო საბჭო ვალდებულია განიხილოს საჩივარი 1 თვის ვადაში.

4. საჩივარი არ განიხილება, თუკი მასში არ არის მითითებული შემდეგი რეკვიზიტები:

ა) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი;

ბ) უფლების დარღვევის არსი;

გ) მოთხოვნის არსი;

დ) დარღვეულია საჩივრის შეტანის ვადები.

თავი IV

 ლიცეუმის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა, სახელმწიფო კონტროლი

მუხლი 17. ლიცეუმის ქონება

დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ლიცეუმს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სარგებლობის უფლებით გადაეცემა შესაბამისი სახელმწიფო ქონება.

მუხლი 18. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. ლიცეუმი უფლებამოსილია სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, ლიცეუმის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და სამოქალაქო პერსონალის სახელფასო ფონდის დამტკიცება;

ე) სხვა გადაწყვეტილებები ლიცეუმის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

3. ლიცეუმს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან გაასხვისოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 19. ლიცეუმის ფინანსები

1. ლიცეუმის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) საწევროები და შენატანები;

ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

გ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახსრები;

დ) სამინისტროს ასიგნებები;

ე) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

ვ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ლიცეუმის ყველა შემოსულობა და გადასახდელები აისახება მის ბიუჯეტში. ლიცეუმის ბიუჯეტში არ აისახება ის გადასახდელები, რომელიც გაიწევა სამინისტროს მიერ ლიცეუმის სასარგებლოდ.

მუხლი 20. ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა

ლიცეუმი ვალდებულია  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა, ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს უფლებამოსილ პირს.

მუხლი 21. სახელმწიფო კონტროლი

1. ლიცეუმის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს ლიცეუმის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. ლიცეუმი დადგენილ ვადებში მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის, სასწავლო პროცესისა და ფინანსური საქმიანობის შესახებ.

3. მაკონტროლებელ ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია. ლიცეუმმა მაკონტროლებელ ორგანოს მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარუდგინოს არაუგვიანეს 15 დღის ვადაში.

თავი V

ლიცეუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

მუხლი 22. ლიცეუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. ლიცეუმის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს სამინისტრო:

ა) თუ ლიცეუმის საქმიანობა არაკონსტიტუციურია;

ბ) თუ აუცილებელია ლიცეუმის ფიზიკური ან/და ადამიანური რესურსების ოპტიმიზაცია;

გ) თუ ლიცეუმი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. ლიცეუმის ლიკვიდაციას ახორციელებს სამინისტროს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი, რომელიც შეიძლება იყოს დირექტორი.

3. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

თავი VI

 განსაკუთრებული დებულებანი

მუხლი 23. პანსიონი

1. ლიცეუმი საბაზო და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებთან და სამხედრო მომზადებასთან ერთად ახორციელებს პანსიონურ მომსახურებას, უზრუნველყოფს კადეტებს საცხოვრებელი პირობებით, სამედიცინო მომსახურებითა და კვებით დადგენილი ნორმების შესაბამისად, ხოლო იმ კადეტებისათვის, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ სწავლა გააგრძელონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ლიცეუმი უფლებამოსილია უზრუნველყოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურის გადახდა და ზემოაღნიშნული მომსახურება ერთიანი ეროვნული გამოცდების დამთავრებამდე.

2. ლიცეუმის შინაგანაწესით განსაზღვრულია დღის განრიგი, რომელიც უზრუნველყოფს კადეტთა სამხედრო სწავლების, სამხედრო მომზადების შრომისა და დასვენების რაციონალურ შეხამებას, შედგენილია კადეტთა სავალდებულო სადღეღამისო დასწრების გათვალისწინებით.

3. ლიცეუმის სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს შტატით გათვალისწინებული სამედიცინო სამსახურის პერსონალი, სსიპ – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი და სამინისტროსთან ან/და ლიცეუმთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამედიცინო დაწესებულებები.

4. ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეები და კადეტები ექვემდებარებიან ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას.

5. ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფილი იქნებიან სამხედრო ფორმის ტანსაცმლით და სანივთე ქონებით, ხოლო ლიცეუმი კადეტებს დადგენილი ნორმების შესაბამისად უზრუნველყოფს ფორმის ტანსაცმლით, სანივთე ქონებით, საჭირო ინვენტარით, პირადი ჰიგიენის საგნებით, სახელმძღვანელოებით და საკანცელარიო საშუალებებით, რომელიც მათ გადაეცემათ სამინისტროს მიერ ან/და ლიცეუმის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის შედეგად.

 6. კადეტის ფორმის ტანსაცმელი და მისი ტარების წესი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან შეთანხმებით განისაზღვრება დირექტორის მიერ.

თავი VII

 გარდამავალი დებულებანი

მუხლი 24. გარდამავალი დებულებანი

ამ წესდებით გათვალისწინებული სამეურვეო საბჭოს არჩევამდე სამეურვეო საბჭოს ფუნქციებს ითავსებს დირექტორი.