დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 70 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270000000.10.003.025619 |
|
| მუხლი 1 |
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 134 მუხლის მე-9 პუნქტის, 135 მუხლის მე-10 პუნქტის, 136 მუხლის, 137 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-17 მუხლის 21 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან.
|
|
შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი“ (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელზე, რომლის მიზანია ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება საქართველოში ან დისტანციურად, ასევე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე თვითდასაქმებულ უცხოელზე, რომელიც საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას, მათ შორის, არის ვაჭრობის, მომსახურების ან სხვა ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი ან პარტნიორი, დამოუკიდებელი კონტრაქტორი, ან სხვაგვარად არის ჩართული სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში და ამ საქმიანობის მიზანი ფინანსური სარგებლის მიღებაა, შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პირობებს, კრიტერიუმებს, პროცედურებსა და ვადებს, შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტის, გაგრძელების, ასევე შრომითი საქმიანობის უფლების გამცემი და შრომითი საქმიანობის უფლების პირობების დაცვაზე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოს უფლებამოსილებას. 2. ამ წესის მიზნებისთვის, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელად განიმარტება მუდმივი ცხოვრების უფლებით გაცემული ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი ან/და მუდმივი ბინადრობის მოწმობის არმქონე უცხოელი, რომელმაც ბინადრობის მოწმობა ბინადრობის ნებართვის მიღების გარეშე მიიღო. 3. ეს წესი არ ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც უკავშირდება უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობას და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას, თუ იგი: ა) არის ლტოლვილი, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის მქონე პირი, რომელსაც ეს სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიენიჭა; ბ) საქართველოში რეგისტრირებულია თავშესაფრის მაძიებლად; გ) მუშაობს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, უცხო ქვეყნის საკონსულო დაწესებულებაში, საერთაშორისო ორგანიზაციის კანონიერ წარმომადგენლობაში ან/და ორგანოში; დ) არის საქართველოში კანონიერ საფუძველზე მოქმედი უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიერ აკრედიტებული ჟურნალისტი საქართველოში; ე) არის პირი, რომელზედაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად ვრცელდება შრომითი მოწყობის „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისგან განსხვავებული წესი; ვ) არის მოქმედი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირი.
მუხლი 2. შრომითი საქმიანობის უფლება 1. შრომითი საქმიანობის უფლება, რომელიც გაიცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უცხოელს ანიჭებს სპეციალურ უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა დამოუკიდებლად, ან იყოს შრომით ურთიერთობაში ადგილობრივ დამსაქმებელთან საქართველოში ან დისტანციური ფორმით. 2. შრომითი საქმიანობის უფლება ადასტურებს, რომ მისი მფლობელი შრომითი იმიგრანტი ან/და თვითდასაქმებული უცხოელი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებსა და კრიტერიუმებს. 3. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის მიერ, საქართველოში ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება, ან ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობა დისტანციურად, ასევე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის მიერ საქართველოში სამეწარმეო/შრომითი საქმიანობა, მათ შორის, ვაჭრობის, მომსახურების ან სხვა ტიპის საქმიანობის განხორციელება ან პარტნიორობა, დამოუკიდებელი კონტრაქტორობა ან სხვაგვარად სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში ჩართვა, რომლის მიზანიც არის ფინანსური სარგებლის მიღება, დასაშვებია მხოლოდ ამ უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდგომ. 4. შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად განცხადების წარდგენის უფლება აქვს საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელს. შრომითი საქმიანობის უფლება არ გაიცემა უცხოელზე, რომელიც განცხადების წარდგენის მომენტისთვის საქართველოში იმყოფება საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველზე. 5. შრომით იმიგრანტზე შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა კონკრეტულ ადგილობრივ დამსაქმებელთან, კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის უფლებით, ხოლო თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში − კონკრეტული სპეციალობისა და შრომითი/სამეწარმეო სფეროს მითითებით. დაუშვებელია შრომითი საქმიანობის უფლების სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა. 6. შრომითი საქმიანობის უფლებით გათვალისწინებული, შრომითი იმიგრანტის მიერ დაკავებული პოზიციის ან თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის სფეროს ცვლილების სურვილის შემთხვევაში შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ვალდებულია, მოიპოვოს შესაბამისი შრომითი საქმიანობის უფლება.
მუხლი 3. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პირობები 1. შრომით იმიგრანტზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის საფუძველია საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნა და ადგილობრივი შრომის ბაზრის საჭიროებები, ხოლო თვითდასაქმებულ უცხოელზე – ეკონომიკური საქმიანობის სფერო, გარდა ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. შრომითი იმიგრანტი ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, ვალდებულია, მოიპოვოს შრომითი საქმიანობის უფლება ადგილობრივი დამსაქმებლის მეშვეობით, ხოლო თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში − უშუალოდ. 3. შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა: ა) შრომითი იმიგრანტის შემთხვევაში – კონკრეტულ დამსაქმებელთან, კონკრეტულ სამუშაო პოზიციაზე; ბ) თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში – კონკრეტულ საქმიანობაზე ან/და საქმიანობის კონკრეტულ სფეროზე.
მუხლი 4. შრომითი საქმიანობის უფლების გასაცემად საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია 1. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად, ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტაცია: ა) ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული ინფორმაცია და დოკუმენტაცია; ბ) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (განხორციელდება საბანკო გადახდის დადასტურების გზით); გ) შრომითი იმიგრანტის დასაქმების სურვილის თაობაზე განაცხადის დადასტურების თაობაზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან ელექტრონული შტამპით დადასტურებული განაცხადის ფორმა. 2. თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში: ა) შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად უცხოელი ვალდებულია სააგენტოს უშუალოდ წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტაცია: ა.ა) ამ წესის №2 დანართით განსაზღვრული ინფორმაცია და დოკუმენტაცია; ა.ბ) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (განხორციელდება საბანკო გადახდის დადასტურების გზით); ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემდგომ უცხოელი სავალდებულოდ გადის ვიდეოგასაუბრებას სააგენტოსთან და ვიდეოგასაუბრების დასასრულს ადასტურებს ამ უკანასკნელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით გაკეთებულ ელექტრონულ განაცხადს, რომელსაც სააგენტო განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 3. სააგენტო უფლებამოსილია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის გაკეთებული განაცხადის განხილვის პროცესში ადგილობრივ დამსაქმებელს/თვითდასაქმებულ უცხოელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა ან/და ამ პროცესში გამოვლენილი უზუსტობის აღმოფხვრა. 4. იმ პროფესიებზე/კვალიფიკაციებზე, სამუშაო პოზიციებზე/ სფეროებზე და ეკონომიკური საქმიანობების სფეროებზე, რომელიც არ მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას ან რომლის მქონე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება საქართველოს (ეროვნულ) შრომის ბაზარზე აჭარბებს ან გადააჭარბებს მასზე მიმდინარე ან სამომავლო მოთხოვნას, ამ წესის №3 დანართით განისაზღვრება შესაბამისი წლიური კვოტები.
მუხლი 5. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პროცედურები 1. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში: ა) ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის განაცხადის გაკეთებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში www.worknet.moh.gov.ge განათავსოს ინფორმაცია იმ ვაკანტური სამუშაო პოზიციის თაობაზე, რომელზეც აპირებს დაასაქმოს შრომითი იმიგრანტი; ბ) იმ შემთხვევაში, თუ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში www.worknet.moh.gov.ge განთავსებულ ვაკანსიაზე, 10 სამუშაო დღის განმავლობაში, სააგენტო ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ განთავსებული ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატურ(ებ)ის მოძიებასა და დამსაქმებლისთვის მიწოდებას, ადგილობრივი დამსაქმებელი შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით განცხადებით მიმართავს სააგენტოს და ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას წარადგენს სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით შემდეგ მისამართზე: www.labourmigration.moh.gov.ge; გ) თუ ადგილობრივი დამსაქმებელი უარს იტყვის სააგენტოს მიერ შეთავაზებული კანდიდატის/კანდიდატების მიღებაზე, იგი ვალდებულია შერჩევის პროცესის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონული ფორმით აცნობოს სააგენტოს ამის შესახებ და დაასაბუთოს მისთვის შეთავაზებული კანდიდატურების დასაქმებაზე უარის თქმის მიზეზი. სააგენტო ადგილობრივი დამსაქმებლის განაცხადის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ მიზეზებს, მიიღებს გადაწყვეტილებას შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად პროცესის გაგრძელების/შეწყვეტის თაობაზე და მიღებულ გადაწყვეტილებას ელექტრონული ფორმით აცნობებს დამსაქმებელს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში დამსაქმებელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს და ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას წარადგენს სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით შემდეგ მისამართზე: www.labourmigration.moh.gov.ge; დ) სააგენტო ადგილობრივი დამსაქმებლის განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის სრულად მიღების შემდეგ იწყებს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემისთვის გათვალისწინებულ პროცედურებს და ამ წესის შესაბამისად, არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში, იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: დ.ა) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის შესახებ; დ.ბ) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის თქმის შესახებ; ე) სააგენტო უფლებამოსილია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის გაკეთებული განაცხადის განხილვის პროცესში ადგილობრივ დამსაქმებელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა ან/და ამ პროცესში გამოვლენილი უზუსტობის აღმოფხვრა მოთხოვნიდან არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა; ვ) სააგენტო, შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას ელექტრონული ფორმით უგზავნის ადგილობრივ დამსაქმებელს განაცხადისა და საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის თარიღიდან არაუგვიანეს 30-ე კალენდარულ დღისა, ხოლო განაცხადის დაჩქარებული ადმინისტრაციული წესით განხილვის შემთხვევაში - არაუგვიანეს მე-10 სამუშაო დღისა; ზ) ამ პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროცედურა არ გავრცელდება: ზ.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიაზე, ასევე „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლით გათვალისწინებულ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიაზე; ზ.ბ) სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრ საერთაშორისო ექსპერტებზე; ზ.გ) ისეთ შემთხვევებზე, როდესაც დამსაქმებლის მიერ განთავსებული მოთხოვნა ერთდროულად მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ პირობებს: ზ.გ.ა) ვაკანტური სამუშაო პოზიციისთვის გათვალისწინებული ყოველთვიური შრომის ანაზღაურება აღემატება 15000 ლარს (დარიცხული თანხა); ზ.გ.ბ) ვაკანტური სამუშაო პოზიციისთვის დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილია უმაღლესი განათლება იმ სპეციალობით, რომელიც დაკავშირებულია შესასრულებელ სამუშაოსთან და ობიექტურად მოითხოვება ამ სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წამოყენებისას არ იკვეთება სამუშაოს კონკრეტული უცხოელის მიერ პირადად შესრულების მნიშვნელობა და აუცილებლობა, სააგენტო უფლებამოსილია ადგილობრივ შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და საჭიროებების, აგრეთვე, საამისოდ მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების (შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკა, სამუშაოს შესასრულებლად ინდივიდუალური მახასიათებლების საჭიროება, შემსრულებლის რეპუტაცია, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესი ან/და სხვა ფაქტორები) გათვალისწინებით, აღნიშნულ სამუშაო პოზიციაზე გაავრცელოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროცედურა. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია წინასწარ შეათანხმოს საკითხი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ხოლო საჭიროებისამებრ დამატებით სხვა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებასთან. აღნიშნული საკითხის შეთანხმების თაობაზე ეცნობება განმცხადებელს და შეთანხმების მოპოვებამდე ამ დადგენილებით განსაზღვრული ვადების დინება ჩერდება. 3. თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში: ა) თვითდასაქმების მსურველი უცხოელი შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით სააგენტოში წარადგენს განცხადებას და ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით შემდეგ მისამართზე: www.labourmigration.moh.gov.ge; ბ) სააგენტო განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის სრულად მიღების შემდეგ იწყებს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემისთვის გათვალისწინებულ პროცედურებს და ამ წესის შესაბამისად, არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ბ.ა) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის შესახებ; ბ.ბ) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის თქმის შესახებ; გ) სააგენტო უფლებამოსილია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის გაკეთებული განაცხადის განხილვის პროცესში თვითდასაქმებულ უცხოელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა ან/და ამ პროცესში გამოვლენილი უზუსტობის აღმოფხვრა არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ვადაში; დ) სააგენტო, შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას, ელექტრონული ფორმით, უგზავნის თვითდასაქმებულ უცხოელს განაცხადისა და საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის თარიღიდან არაუგვიანეს 30-ე კალენდარული დღისა, ხოლო დაჩქარებული განაცხადის დაჩქარებული ადმინისტრაციული წესით განხილვის შემთხვევაში − არაუგვიანეს მე-10 სამუშაო დღისა. 4. შრომით იმიგრანტს/თვითდასაქმებულ უცხოელს, რომელსაც საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე/გაგრძელებაზე უარი ეთქვა ან შრომითი საქმიანობის უფლება ვადაზე ადრე შეუწყდა, უფლება აქვს, შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის/გაგრძელების თაობაზე განცხადება განმეორებით წარადგინოს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან არანაკლებ 1 თვის შემდეგ.
მუხლი 6. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე/გაგრძელებაზე უარის თქმის საფუძვლები 1. სააგენტო შრომითი იმიგრანტისთვის/თვითდასაქმებული უცხოელისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას, თუ: ა) სააგენტოში წარდგენილია არასრულყოფილი ინფორმაცია ან/და სავალდებულო დოკუმენტაცია და ეს ხარვეზი მისი დადგენიდან 10 კალენდარულ დღეში არ აღმოიფხვრა; ბ) შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადება ამ წესის მე-8 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადების დარღვევით არის წარდგენილი; გ) უცხოელის პროფესია/კვალიფიკაცია და სამუშაო პოზიცია/სფერო არ შეესაბამება საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და საჭიროებებს, გარდა ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან არის იმ პროფესიების/კვალიფიკაციებისა და სამუშაო პოზიციების/სფეროების ჩამონათვალში, რომლებზეც ამ წესის №3 დანართში განსაზღვრულია შესაბამისი წლიური კვოტა და ეს კვოტა უკვე შევსებულია; დ) დაწყებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა, ან მიღებულია უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება. 2. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების გაცნობიდან 1 თვის ვადაში. 3. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება: ა) საჩივრის განხილვის პერიოდში არ წარმოშობს ამ უცხოელის საქართველოში მუშაობის უფლებას; ბ) არ წარმოშობს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების სამართლებრივ საფუძველს; გ) არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაძევების საკითხის განხილვას ან/და გაძევების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
მუხლი 7. შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტა 1. ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების მქონე შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში სააგენტოს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია შრომითი მიგრაციის სპეციალური ელექტრონული სისტემის www.labourmigration.moh.gov.ge საშუალებით, შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა. 2. შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) ადგილობრივ დამსაქმებელსა და შრომით იმიგრანტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვა ან ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა; ბ) თუ მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ფაქტობრივად არ მუშაობს/არ საქმიანობს იმ პოზიციაზე/სფეროში, რაზეც გაცემულია შრომითი საქმიანობის უფლება და სააგენტო ამის შესახებ არ იყო ინფორმირებული; გ) თუ მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ფაქტობრივად მუშაობს/საქმიანობს სააგენტოს მიერ გაცემული უფლებით განსხვავებულ პოზიციაზე/სფეროში ან განსხვავებული პირობებით და სააგენტო ამის შესახებ არ იყო ინფორმირებული; დ) შრომითი იმიგრანტისთვის/თვითდასაქმებული უცხოელისთვის საქართველოში D1 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გასვლა ან შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას D1 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გასვლის ან შეწყვეტის მომენტში ბინადრობის ნებართვა არ ექნება მოპოვებული; ე) შრომითი იმიგრანტისთვის/თვითდასაქმებული უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლა ან შეწყვეტა; ვ) შრომითი იმიგრანტის/თვითდასაქმებული უცხოელის მიერ D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის ან/და შრომითი ბინადრობის ნებართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად დადგენილ ვადაში განცხადების წარუდგენლობა; ზ) შრომითი საქმიანობის უფლების მქონე შრომით იმიგრანტზე/თვითდასაქმებულ უცხოელზე D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის, შრომითი ბინადრობის ნებართვის, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება; თ) შრომითი იმიგრანტის/თვითდასაქმებული უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება; ი) თვითდასაქმებული უცხოელის მიერ საქართველოს საზღვრების უწყვეტად 6 თვეზე მეტი პერიოდით დატოვება. 3. სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტის თაობაზე ელექტრონული ფორმით ინფორმაციას უგზავნის ადგილობრივ დამსაქმებელს და შრომით იმიგრანტს/თვითდასაქმებულ უცხოელს არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“−„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში შრომით იმიგრანტზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია შეწყვიტოს აღნიშნულ შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და სააგენტოს, შრომითი მიგრაციის სპეციალური ელექტრონული სისტემის www.labourmigration.moh.gov.ge საშუალებით წარუდგინოს სავალდებულო ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია. 5. სააგენტო ვალდებულია შრომითი ბინადრობის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელისთვის შრომითი საქმიანობის უფლების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ, არაუგვიანეს შეწყვეტიდან 2 სამუშაო დღისა, აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. 6. სააგენტო ვალდებულია, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მქონე უცხოელისთვის შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტის შესახებ, შეწყვეტიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, აცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
მუხლი 8. შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება 1. თუ ადგილობრივ დამსაქმებელს სურს მასთან დასაქმებულ შრომით იმიგრანტთან გააგრძელოს შრომითი ურთიერთობა, იგი ვალდებულია შრომითი მიგრაციის სპეციალური ელექტრონული სისტემის www.labourmigration.moh.gov.ge საშუალებით მიმართოს სააგენტოს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელების თაობაზე, ამ შრომით იმიგრანტზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე. 2. თუ თვითდასაქმებულ უცხოელს სურს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება, იგი ვალდებულია შრომითი მიგრაციის სპეციალური ელექტრონული სისტემის www.labourmigration.moh.gov.ge საშუალებით მიმართოს სააგენტოს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელების თაობაზე, მასზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე. 3. შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელებაზე განაცხადის გაკეთებისას, ადგილობრივი დამსაქმებელი/თვითდასაქმებული უცხოელი ვალდებულია, განაახლოს მოქმედი შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად წარდგენილი ინფორმაცია (№1 და №2 დანართები). 4. სააგენტო ვალდებულია ადგილობრივ დამსაქმებელსა და შრომით იმიგრანტს/თვითდასაქმებულ უცხოელს ელექტრონული ფორმით აცნობოს გადაწყვეტილება შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელების თაობაზე განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
მუხლი 9. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები 1. შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდეგ ვალდებულია, თუ: ა) ჯერ არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებს ან საკონსულო დაწესებულებებს D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად; ბ) უკვე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შრომითი ბინადრობის ნებართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მისაღებად. 2. შრომით იმიგრანტს/თვითდასაქმებულ უცხოელს არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ვალდებულება, თუ მას უკვე აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა, ან იგი შრომით/სამეწარმეო საქმიანობას სრულად დისტანციურად ახორციელებს და ეს საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე მის შემოსვლას არ საჭიროებს.
მუხლი 10. შრომითი საქმიანობის უფლების ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა 1. შრომით იმიგრანტზე/თვითდასაქმებულ უცხოელზე (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული/თვითდასაქმებული უცხოელისა) პირველ ჯერზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლება ძალაში შედის ამ უცხოელის მიერ D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის ან შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღების დღიდან (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს უცხოელი უკვე ფლობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რომელიმე ტიპის ბინადრობის ნებართვას) და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრება ამ უფლების ძალაში შესვლის თარიღიდან 6 თვიდან 1 წლამდე ვადით. 2. შრომით იმიგრანტზე/თვითდასაქმებულ უცხოელზე, რომელიც შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით განაცხადის გაკეთების მომენტში უკვე ფლობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რომელიმე ტიპის ბინადრობის ნებართვას, პირველ ჯერზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლება ძალაში შედის სააგენტოს მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის დღიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრება ამ უფლების ძალაში შესვლის თარიღიდან 6 თვიდან 1 წლამდე ვადით. 3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული შრომითი საქმიანობის უფლების მოქმედების ვადა, პირველი ხუთი წლის განმავლობაში, შეიძლება გაგრძელდეს, ყოველ ჯერზე, არაუმეტეს 1 წლის ვადით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შრომითი საქმიანობის უფლების მოქმედების ვადის უწყვეტად 5 წლის განმავლობაში გაგრძელების შემთხვევაში ყოველი მომდევნო ვადა შეიძლება გაგრძელდეს, ყოველ ჯერზე, 1-დან 5-წლამდე ვადით. 5. ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებულ/თვითდასაქმებულ უცხოელზე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს უცხოელი უკვე ფლობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რომელიმე ტიპის ბინადრობის ნებართვას) პირველ ჯერზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლება ძალაში შედის ამ უცხოელის მიერ D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მიღების დღიდან და მოქმედებს ამ უფლების ძალაში შესვლის თარიღიდან არაუმეტეს 3 წლის ვადით. 6. ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებულ/თვითდასაქმებულ უცხოელზე, რომელიც შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით განაცხადის გაკეთების მომენტში უკვე ფლობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რომელიმე ტიპის ბინადრობის ნებართვას, პირველ ჯერზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლება ძალაში შედის სააგენტოს მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის დღიდან და მოქმედებს ამ უფლების ძალაში შესვლის თარიღიდან არაუმეტეს 3 წლის ვადით. 7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შრომითი საქმიანობის უფლების მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს, ყოველ ჯერზე, არაუმეტეს 3 წლით.
მუხლი 11. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მომსახურების საფასური 1. შრომითი იმიგრანტისთვის/თვითდასაქმებული უცხოელისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მომსახურება ფასიანია. მომსახურების საფასური დიფერენცირებულია ვადის მიხედვით და შეადგენს: ა) შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნა – განცხადებისა და სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისას – 200 ლარს; ბ) შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნა – განცხადებისა და სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისას – 400 ლარს; გ) შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება – განცხადებისა და სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან არაუმეტეს 30-ე კალენდარულ დღისა − 200 ლარს. 2. შრომით იმიგრანტზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მომსახურების საფასურს იხდის ადგილობრივი დამსაქმებელი. 3. თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მომსახურების საფასურს იხდის უშუალოდ ეს უცხოელი. 4. შრომითი იმიგრანტისთვის/თვითდასაქმებული უცხოელისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მომსახურების საფასურის გადახდა ხდება საბანკო ბარათის საშუალებით, უნაღდო ანგარიშსწორების გზით (მომსახურების მიღება ხელმისაწვდომია შრომითი მიგრაციის სპეციალური ელექტრონული სისტემის www.labourmigration.moh.gov.ge საშუალებით).
მუხლი 12. შრომითი საქმიანობის უფლების პირობების დაცვაზე მონიტორინგი და კონტროლი 1. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს მონიტორინგი შრომითი საქმიანობის უფლების პირობების დაცვის მიზნით. 2. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე სააგენტო ინფორმაციას აწვდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შრომის ინსპექციის სამსახურს (შემდგომ − შრომის ინსპექცია), რომელიც უფლებამოსილია, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების დარღვევისთვის სამართალდამრღვევს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 161, 162, 164, 165 და 166 მუხლების შესაბამისად. 3. მონიტორინგის შედეგად საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი შრომითი იმიგრანტის/თვითდასაქმებული უცხოელის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო შესაბამის ინფორმაციას უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის კონტროლი, ხოლო ამავე კანონის შესაბამისი ნორმების დარღვევისთვის შრომით იმიგრანტს ან თვითდასაქმებულ უცხოელს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 161 და 166 მუხლების შესაბამისად.
მუხლი 13. პერსონალური მონაცემების დაცვა სააგენტოს მიერ ამ წესით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და მონაცემების სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან გაცვლა ხორციელდება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 14. გარდამავალი დებულებები 1. იმ თვითდასაქმებულ უცხოელებთან მიმართებაში, რომლებიც 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით უკვე ახორციელებენ საქართველოში შრომით/სამეწარმეო საქმიანობას, არიან მოქმედი საწარმოების პარტნიორები ან სხვაგვარად არიან ჩართულნი სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში, რომლიდანაც იღებენ ფინანსურ სარგებელს, მათ მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული აღსრულების მექანიზმი ამუშავდეს 2026 წლის 1 მაისიდან. 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში (www.Labourmigration.moh.gov.ge) რეგისტრირებულმა იმ შრომითმა იმიგრანტმა, რომელსაც 2026 წლის 1 მარტის მომენტისთვის რეგისტრაციის სტატუსი აქვს აქტიური, არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა მოიპოვოს შრომითი საქმიანობის უფლება და შესაბამისი ბინადრობის ნებართვა.
დანართი №1 შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მისაღებად სავალდებულო ინფორმაცია და დოკუმენტები
1. ინფორმაცია ადგილობრივი დამსაქმებლის შესახებ: ა) ადგილობრივი დამსაქმებლის დასახელება; ბ) ადგილობრივი დამსაქმებლის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; გ) ადგილობრივი დამსაქმებლის ფაქტობრივი და იურიდიული მისამართები; დ) ადგილობრივი დამსაქმებლის ეკონომიკური საქმიანობის სფერო; ე) ადგილობრივი დამსაქმებლის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა). 2. ინფორმაციის წარდგენაზე პასუხისმგებელი პირის პერსონალური მონაცემები: ა) სახელი, გვარი (ქართულად და ლათინურად); ბ) პირადი ნომერი; გ) დაკავებული სამუშაო პოზიცია; დ) საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა). 3. შრომითი იმიგრანტის პერსონალური მონაცემები: ა) სახელი, გვარი (ქართულად და ლათინურად); ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი); გ) სქესი; დ) მოქალაქეობა; ე) წარმოშობის ქვეყანა; ვ) საზღვარგარეთის პასპორტის ნომერი; ზ) საზღვარგარეთის პასპორტის ფოტოასლი (იმ გვერდის, სადაც პიროვნების ფოტო და პერსონალური მონაცემებია); თ) საზღვარგარეთის პასპორტის გამცემი ორგანო (პასპორტში მითითებული ჩანაწერის შესაბამისად); ი) საზღვარგარეთის პასპორტის გაცემისა და მოქმედების ვადები; კ) საქართველოში მინიჭებული პირადი (თერთმეტნიშნა) ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ლ) საქართველოში ბინადრობის ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); მ) საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემისა და მოქმედების ვადები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 4. შრომითი იმიგრანტის მიერ დასაკავებელი პოზიცია და ამ პოზიციისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) შრომითი იმიგრანტის მიერ დასაკავებელი პოზიცია (აირჩევა სისტემაში არსებული კლასიფიკატორიდან); ბ) დასაკავებელი პოზიციისთვის განსაზღვრული მოთხოვნები: ბ.ა) პროფესიული ცოდნა/კვალიფიკაცია/ფუნქციები; ბ.ბ) მოთხოვნილი განათლების აუცილებელი დონე: ბ.ბ.ა) დაწყებითი; ბ.ბ.ბ) საბაზო საშუალო; ბ.ბ.გ) სრული საშუალო; ბ.ბ.დ) პროფესიული; ბ.ბ.ე) უმაღლესი; ბ.ბ.ვ) არ არის მოთხოვნილი; ბ.გ) პროფესიით მუშაობის გამოცდილება/სტაჟი (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში); ბ.დ) სპეციფიკური უნარები (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში); ბ.ე) დამატებითი ცოდნა და უნარები (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში); ბ.ვ) სხვა დამატებითი მოთხოვნები (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში). 5. დასასაქმებელი შრომითი იმიგრანტის პროფესია/კვალიფიკაცია, გამოცდილება და უნარები: ა) განათლება: ა.ა) დაწყებითი; ა.ბ) საბაზო საშუალო; ა.გ) სრული საშუალო; ა.დ) პროფესიული; ა.ე) უმაღლესი; ა.ვ) არ აქვს განათლება; ბ) პროფესია/კვალიფიკაცია; გ) პროფესიით მუშაობის გამოცდილება/სტაჟი (წლების და სფეროს მითითებით); დ) ზოგადი და სპეციფიკური უნარები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) დამატებითი ცოდნა და უნარები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 6. ადგილობრივ დამსაქმებელსა და შრომით იმიგრანტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების დადების, ძალაში შესვლისა და დასრულების ვადები (რიცხვი/თვე/წელი). 7. ადგილობრივ დამსაქმებელსა და შრომით იმიგრანტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ასლი. 8. შრომითი იმიგრანტის დასაქმების სურვილის შესახებ განაცხადის დადასტურების თაობაზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან ელექტრონული შტამპით დადასტურებული განაცხადის ფორმა. 9. შრომითი საქმიანობის უფლების საფასურის გადახდა საბანკო ბარათის საშუალებით, უნაღდო ანგარიშსწორების გზით (მომსახურების მიღება ხელმისაწვდომია შრომითი მიგრაციის სპეციალური ელექტრონული სისტემის www.labourmigration.moh.gov.ge საშუალებით).
დანართი №2
თვითდასაქმებული უცხოელისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მისაღებად სავალდებულო ინფორმაცია და დოკუმენტები
1. ინფორმაცია თვითდასაქმებული უცხოელის შესახებ: ა) სახელი, გვარი (ქართულად და ლათინურად); ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი); გ) სქესი; დ) მოქალაქეობა; ე) წარმოშობის ქვეყანა; ვ) საზღვარგარეთის პასპორტის ნომერი; ზ) საზღვარგარეთის პასპორტის ფოტოასლი (იმ გვერდის, სადაც ფოტო და პიროვნების პერსონალური მონაცემებია); თ) საზღვარგარეთის პასპორტის გამცემი ორგანო (პასპორტში მითითებული ჩანაწერის შესაბამისად); ი) საზღვარგარეთის პასპორტის გაცემისა და მოქმედების ვადები; კ) საქართველოში მინიჭებული პირადი (თერთმეტნიშნა) ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ლ) საქართველოში ბინადრობის ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); მ) საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემისა და მოქმედების ვადები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ნ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიის ამონაწერის მიხედვით საიდენტიფიკაციო ნომერი. 2. თვითდასაქმებული უცხოელის პროფესია/კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება: ა) განათლება: ა.ა) დაწყებითი; ა.ბ) საბაზო საშუალო; ა.გ) სრული საშუალო; ა.დ) პროფესიული; ა.ე) უმაღლესი; ა.ვ) არ აქვს განათლება; ბ) პროფესია/კვალიფიკაცია; გ) შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის გამოცდილება (წლების, სფეროსა და ფუნქციების მითითებით); დ) სპეციფიკური უნარები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) დამატებითი ცოდნა და უნარები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. ინფორმაცია თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის შესახებ: ა) თვითდასაქმებული უცხოელის მიერ საქართველოში შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის სფერო, საქმიანობის შინაარსი და ადგილი; ბ) თვითდასაქმებული უცხოელის მიერ საქართველოში უკვე დაფუძნებული საწარმოს შემთხვევაში: ბ.ა) კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი ან ინდ. მეწარმის პირადი ნომერი; ბ.ბ) სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული კომპანიის/ინდ. მეწარმის წლიური ბრუნვის დოკუმენტი (იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული პირის საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიასთან ან თავად არის რეგისტრირებული ინდ. მეწარმედ); გ) თვითდასაქმებული უცხოელის მიერ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის დაწყების სურვილის შემთხვევაში დეტალური ბიზნესგეგმა (დაგეგმილი ინვესტირებისა და წლიური ბრუნვის მოცულობის შესახებ, ასევე ინფორმაცია თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად საჭირო რესურსის თაობაზე და შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფის დოკუმენტი. 4. თვითდასაქმებულ უცხოელსა და სააგენტოს წარმომადგენელს შორის განხორციელებული ვიდეო გასაუბრების ჩანაწერი, რომელსაც უზრუნველყოფს სააგენტო. 5. შრომითი საქმიანობის უფლების საფასურის გადახდა საბანკო ბარათის საშუალებით, უნაღდო ანგარიშსწორების გზით (მომსახურების მიღება ხელმისაწვდომია შრომითი მიგრაციის სპეციალური ელექტრონული სისტემის www.labourmigration.moh.gov.ge საშუალებით).
დანართი №3
იმ პროფესიებისა და შრომითი/სამეწარმეო საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც დაწესებულია წლიური კვოტები 1. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ დანართით განისაზღვრება იმ პროფესიებისა და შრომითი/სამეწარმეო საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც კალენდარული წლის განმალობაში შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა ამავე დანართის მე-2 პუნქტში განსაზღვრული კვოტების ოდენობის შესაბამისად. 2. წლიური კვოტები წესდება შემდეგ პროფესიებსა და შრომით/სამეწარმეო საქმიანობებზე: ა) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც უკავშირდება საკურიერო მომსახურებას, წლიური კვოტაა – 0; ბ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია მგზავრების გადაყვანასთან, წლიური კვოტაა – 0; გ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტაა – 0; დ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტა – 200. 3. ამ დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კვოტები არ ვრცელდება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები