ანგარიშგების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის წესის შესახებ

ანგარიშგების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი ნ-1
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 24/02/2026
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 350090000.64.076.016159
ნ-1
24/02/2026
ვებგვერდი, 26/02/2026
350090000.64.076.016159
ანგარიშგების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის წესის შესახებ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №ნ-1
2026 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი

 

ანგარიშგების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის წესის შესახებ

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და   აუდიტის   შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 31 პუნქტისა და მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ანგარიშგების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტებთან  შესაბამისობის მიმოხილვის წესი“, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით მჭედლიძე



დანართი
ანგარიშგების  ვებგვერდზე გამოქვეყნებული  ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის წესი 

მუხლი 1. წესის მიზანი და რეგულირების სფერო
1. ეს  წესი  განსაზღვრავს  საქართველოში  ბუღალტრული  აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მიერ ანგარიშგების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინდივიდუალური/კონსოლიდირებული ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის წესს, რისკის მართვის, მიმოხილვისა და სამართალდარღვევის იდენტიფიცირების მიზნებისთვის ადმინისტრაციული წარმოების წარმართვის და შეუსაბამობების გამოვლენის პროცედურებს.
2. მიმოხილვას ექვემდებარება, მიმოხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე წარდგენილი და გამოქვეყნებული, უახლესი საანგარიშგებო პერიოდის ანგარიშგება.
3. ამ წესის მიზანია:

ა) ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების სამართლებრივი პროცედურის დადგენა;

ბ) მიმოხილვის შედეგად ანგარიშგების ხარისხის ზრდა, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ამაღლების ხელშეწყობა და სამართალდარღვევათა პრევენცია.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მიმოხილვა – მიმომხილველთა მიერ ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზი, რომელიც ემსახურება ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო გარემოებების გამოვლენასა და სამართალდარღვევის იდენტიფიცირებას;

ბ) მიმომხილველი – სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს ანგარიშგების ვებგვერდზე (www.reportal.ge) გამოქვეყნებული ანგარიშგებ(ებ)ის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომ – კანონი) განსაზღვრულ საერთაშორისო  სტანდარტებთან, მათ შორის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან (IFRS) და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტთან (IFRS for SMEs) შეუსაბამობების გამოვლენას;

გ) საერთაშორისო სტანდარტები (შემდგომ  სტანდარტები) – კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული, სამსახურის მიერ სამოქმედოდ შემოღებული, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS) და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი (IFRS for SMEs);

დ) არსებითი – განიმარტება სტანდარტების შესაბამისად.

2. ამ წესის მიზნებისთვის, მასში გამოყენებული ტერმინები განიმარტება კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 3. მიმოხილვის დაწყების საფუძვლები
1. სამსახური უფლებამოსილია, მიმოხილვა განახორციელოს, როგორც საკუთარი ინიციატივით, რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე აღმოჩენილი გარემოებების, ასევე, პირის, ან ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული მომართვის საფუძველზე. მომართვა ჩაითვლება დასაბუთებულად, თუ მასში მითითებულია ინფორმაცია ანგარიშგების სტანდარტებთან შეუსაბამობების შესახებ.
2. სამსახური რისკების მართვისათვის იყენებს შემდეგ კრიტერიუმებს ერთობლივად, ან ცალ-ცალკე:

ა) ანგარიშგებები, რომელთა აუდიტორული მომსახურების განხორციელებამდე ან მის შემდეგ, აუდიტორული მომსახურების განმახორციელებელ აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას შეუწყდა/შეეზღუდა უფლებამოსილება (შესაბამის კატეგორიის საწარმოებთან მიმართებაში) ან/და აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას არ აქვს გავლილი ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი ან/და აუდიტორი/აუდიტორული ფირმა სამსახურის ხედვით არ შეესაბამება სუბიექტის სიდიდეს და კომპლექსურობას;

ბ) აუდიტორის მოსაზრების ტიპი;

გ) განმარტებითი შენიშვნების თვალსაჩინო სიმწირე;

დ) ანგარიშგების წარდგენა კანონისა და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული წესების დარღვევით;

ე) საწარმოები, რომელთაც მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდში გადაიანგარიშეს ფინანსური ანგარიშგების მუხლები ან მოახდინეს რეკლასიფიკაცია;

ვ) სექტორული შერჩევა რისკისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით (მათ შორის დარგობრივი პრიორიტეტულობის განსაზღვრა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციის გზით);

ზ) უკვე მიმოხილული ანგარიშგების ფარგლებში დაშვებული შეცდომების არსებითობა.

3. რისკების მართვის სისტემის წარმოების მეთოდოლოგია არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.
4. რისკის მართვისა და ანგარიშგების შერჩევის პროცესში მოცული უნდა იყოს წესის რეგულირებას დაქვემდებარებული ყველა სუბიექტი. რისკის მართვისა და ანგარიშგების შერჩევის პროცესში სამსახური უფლებამოსილია ჩართოს ექსპერტები, სპეციალისტები და სხვა სახელმწიფო უწყებები.
5. კანონით განსაზღვრული ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, მიმოხილვის ეფექტიანი განხორციელების მიზნით, სამსახური თანამშრომლობს საზედამხედველო, მარეგულირებელ და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, მათ შორის, შესაძლოა განხორციელდეს ერთობლივი შეთანხმება მიმოხილვას დასაქვემდებარებელ ანგარიშგებათა შერჩევისათვის და მიმოხილვის საბოლოო შედეგები ეცნობოს შესაბამის უწყებას.

მუხლი 4. მიმოხილვის სახეები
1. მიმოხილვა შესაძლოა განხორციელდეს სრული ანგარიშგების მიმოხილვის ან ანგარიშგების თემატური მიმოხილვის გზით.
2. სრული ანგარიშგების მიმოხილვის შემთხვევაში სამსახური განიხილავს ანგარიშგებაში არსებულ კომპონენტებს და ანგარიშგებას ამოწმებს სტანდარტების მოთხოვნებთან შეუსაბამობის კუთხით.
3. თემატური მიმოხილვის შემთხვევაში შემოწმებას ექვემდებარება ანგარიშგების ცალკეული კომპონენტ(ებ)ი.
4. თემატური მიმოხილვის მსვლელობისას აღმოჩენილი შეუსაბამობების მნიშვნელოვნებიდან და სიმრავლიდან გამომდინარე, სამსახური უფლებამოსილია დაიწყოს სრული ანგარიშგების მიმოხილვა.

მუხლი 5. მიმოხილვის პროცესი და შედეგები
1. სტანდარტებთან შესაბამისობის თემატური ან სრული მიმოხილვა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) სუბიექტისთვის მიმოხილვის დაწყებასთან დაკავშირებული პირველადი წერილის გაგზავნა და მისი ჩაბარებიდან საპასუხო წერილის სამსახურისთვის 10 კალენდარული დღის ვადაში წარდგენა;

ბ) სუბიექტის მიერ   წარმოდგენილი უკუკავშირის შესწავლა/ანალიზი და საჭიროებისას დამატებითი ინფორმაციის მოძიება (მათ შორის, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის მიზნით, სამსახურმა შესაძლოა წარმართოს სუბიექტთან შეხვედრა ან/და გაგზავნოს დამაზუსტებელი წერილი ინფორმაციის 7 კალენდარული დღის ვადაში წარდგენის თაობაზე);

გ) სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის სამსახურის უფროსის სახელზე მომზადება, რომელშიც აისახება მიმოხილვის შედეგები, კერძოდ, სამართალდარღვევის არსებობის გამოვლენის ან სამართალდარღვევის არარსებობის შესახებ გარემოებები;

დ) სამსახურის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

2. ანგარიშგების კანონმდებლობით დადგენილი წესით მომზადებისთვის და წარდგენისათვის პასუხისმგებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სუბიექტს ეკისრება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ეტაპებს არ მოიცავს მიმოხილვის პროცესი, თუ ანგარიშგებაში ცალსახად იკვეთება სტანდარტთან შეუსაბამობა/შეუსაბამობები. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია განსაზღვროს სუბიექტის პასუხისმგებლობა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
4. სუბიექტი ვალდებულია წარუდგინოს სამსახურს მიმოხილვის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია-სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში.
5. სუბიექტის მხრიდან ანგარიშგების გათხოვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება ანგარიშგების ხელახალი გამოშვება.
6. მიმოხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. წარმოების ვადა შეჩერებულად ითვლება, სუბიექტისთვის წერილის გაგზავნისა და მასთან დაკავშირებით პასუხის წარდგენისთვის განსაზღვრული ვადით. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტის მხრიდან განსაზღვრულ ვადაში არ მოხდება შესაბამისი პასუხის დაბრუნება, სუბიექტის მიმართ გამოყენებული იქნება პასუხისმგებლობა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. ამასთან, სამსახური მიმოხილვის შედეგებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს მასთან დაცული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ურთიერთშეჯერების შედეგად.
7. სამართალდარღვევის გამოვლენასთან დაკავშირებული მოხსენებითი ბარათი დგება სუბიექტის მხრიდან ახსნა-განმარტებების შემცველი საპასუხო წერილის მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვისა, ხოლო თუ სუბიექტის ახსნა-განმარტებების შემცველი საპასუხო წერილი არ იქნა სამსახურისთვის წარდგენილი წარმოების დაწყებიდან – 3 თვის ვადაში.
8. სამართალდარღვევის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული მოხსენებითი ბარათის გამოცემის შემდგომი 1 თვის ვადაში სამსახური გამოსცემს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო თუ სუბიექტის ახსნა-განმარტებების შემცველი საპასუხო წერილი არ იქნა სამსახურისთვის წარდგენილი სამსახური გამოსცემს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – წარმოების დაწყებიდან 3 თვის ვადაში.
9. გადაწყვეტილება სუბიექტს ეგზავნება გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.
10. კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას სამსახურს უფლება აქვს, სუბიექტთან კომუნიკაციის მიზნით მატერიალური დოკუმენტის ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, გაგზავნოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, ანგარიშგების ვებგვერდი (www.reportal.ge).
11. მიმოხილვის შედეგად მიგნებების მიღმა დარჩენილ საკითხებზე/ფაქტორებზე მითითების არარსებობა არ შეიძლება იყოს გაგებული, როგორც სამსახურის თანხმობა ან რაიმე მინიშნება, რომ ეს საკითხები/ფაქტორები მოქმედ კანონმდებლობასთან ან/და კანონით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაშია.
12. ანგარიშგების სრული ან თემატური მიმოხილვის შედეგად სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სუბიექტისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
13. სამსახური სულ მცირე წელიწადში ერთხელ აქვეყნებს ანგარიშგების ხარისხის მდგომარეობის შესახებ საერთო ანგარიშს.

მუხლი 6. მიმოხილვაში ჩართული პირები
1. მიმოხილვა ხორციელდება არანაკლებ ორი მიმომხილველისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მეშვეობით.
2. სამსახური უფლებამოსილია მიმოხილვის პროცესში ჩართოს შესაბამისი კომპეტენციით აღჭურვილი მოწვეული პირი, მათ შორის, სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ან სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი.
3. მიმოხილვაში ჩართულ პირებს არ აქვთ უფლება აწარმოონ მიმოხილვის პროცესი, თუ მიმოხილვის პროცესში გამოვლინდა სუბიექტთან ან/და აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან/გარიგების პარტნიორთან კავშირი, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მიმოხილვის შედეგებზე.

მუხლი 7. გასაჩივრების წესი
სამსახურის უფროსის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებული დავა შესაძლებელია განიხილონ საბჭომ და სასამართლომ. საჩივრის ავტორს უფლება აქვს, დავის ნებისმიერ ეტაპზე მიმართოს სასამართლოს.