გემის პერსონალის წევრის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის, გემის პერსონალის წევრის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და გემის პერსონალის წევრის სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

გემის პერსონალის წევრის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის, გემის პერსონალის წევრის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და გემის პერსონალის წევრის სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 94
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 30/03/2026
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016220
94
30/03/2026
ვებგვერდი, 31/03/2026
310020000.55.067.016220
გემის პერსონალის წევრის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის, გემის პერსონალის წევრის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და გემის პერსონალის წევრის სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №94

2026 წლის 30 მარტი

ქ. ბათუმი

გემის პერსონალის წევრის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და გემის პერსონალის წევრის სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლისა და „საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  – საზღვაო ტრანსპორტის  სააგენტოს  დებულების  დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს  ეკონომიკისა  და მდგრადი  განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით  დამტკიცებული დებულების მე-4  მუხლის მე-2 პუნქტის „დ“  ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „გემის პერსონალის წევრის გადამზადების პროგრამის აღიარების, გემის პერსონალის წევრის სერტიფიცირების წესი და პირობები“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.

 


სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიივანე აბაშიძე



გემის პერსონალის წევრის გადამზადების პროგრამის აღიარების, გემის პერსონალის წევრის სერტიფიცირების წესი და პირობები 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „გემის პერსონალის წევრის გადამზადების პროგრამის აღიარების, გემის პერსონალის წევრის სერტიფიცირების წესი და პირობები“ (შემდეგში – წესი) ადგენს გემის პერსონალის წევრის გადამზადების პროგრამის (შემდეგში – გადამზადების პროგრამა) აღიარებისა და გემის პერსონალის წევრის სერტიფიცირების წესსა და პირობებს.

2. ამ წესის მიზანია, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფილ იქნეს საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტის სფეროსთვის (სავაჭრო, სატვირთო, სამგზავრო) გემის პერსონალის წევრის (რესტორნის / ბარის დამხმარე პერსონალი, კაზინოს მომსახურე პერსონალი, სპეციალისტი, რომელიც იმყოფება გემზე კონკრეტული ტექნიკური მომსახურების შესასრულებლად, ანიმატორი, უსაფრთხოების თანამშრომელი, ექიმი და სხვა) გადამზადება და სერტიფიცირება.

3. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე  უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომელთაც სურთ გემზე პერსონალის წევრად განახორციელონ საქმიანობა.

 

მუხლი 2 . ტერმინთა განმარტება

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

) დაწესებულება –  ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდეგში – სააგენტო) მიერ აღიარებული საზღვაო საწვრთნელი დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს გემის პერსონალის წევრის გადამზადების პროგრამა;

) გადამზადების პროგრამა საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესის დანართი №1-ის საფუძველზე შემუშავებული და სააგენტოს მიერ აღიარებული პროგრამა;

) მსმენელი პირი, რომელიც დარეგისტრირდა და სწავლობს ამ წესის საფუძველზე შემუშავებულ გადამზადების პროგრამაზე;

დ) გემის პერსონალის წევრი – ნებისმიერი პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულია გემზე (რესტორნის / ბარის დამხმარე პერსონალი, კაზინოს მომსახურე პერსონალი, სპეციალისტი, რომელიც იმყოფება გემზე კონკრეტული ტექნიკური მომსახურების შესასრულებლად, ანიმატორი, უსაფრთხოების თანამშრომელი, ექიმი და სხვა), გარდა გემის ეკიპაჟის წევრისა და გავლილი აქვს ამ წესის თანახმად გადამზადების პროგრამა და ფლობს სათანადო სერტიფიკატს;

ე) გემის პერსონალის წევრის სერტიფიკატი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის  №002 „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებით დადგენილი „სხვა სერტიფიკატები“.

2. ტერმინები, რომლებიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე წესში, განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

 

მუხლი 3. გემის პერსონალის წევრის გადამზადების პროგრამის აღიარების პირობები

1. გადამზადების პროგრამის აღიარების პირობები სააგენტოს მიერ ცხადდება საჯაროდ და განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

2. გადამზადების  პროგრამის აღიარების მიზნით აუცილებელია სააგენტოს მიერ დამტკიცებული  განაცხადის წარდგენა, შემდეგი თანდართული დოკუმენტებით:

ა) გადამზადების პროგრამაზე მსმენელთა მიღების მინიმალური მოთხოვნები (ასაკი, კვალიფიკაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა);

ბ) გადამზადების პროგრამის სასწავლო გეგმა, პროგრამის ხანგრძლივობა, განრიგი, სწავლების მეთოდი, რომლებიც შემუშავებულია ამ წესის დანართებში მოცემული გადამზადების პროგრამის შესაბამისად;

გ) გადამზადების პროგრამაზე მისაღებ მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა, პროგრამის მსმენელების პროპორციულობა ინსტრუქტორთა რაოდენობასთან მიმართებით;

დ) შეფასების ფორმა (მიმდინარე და დასკვნითი), კრიტერიუმები და მიზანი;

ე) აღნიშნული პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში (საჭიროებისამებრ);

ვ) ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი;

ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის  №1-1/592 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის  განაკვეთების, ასევე  საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

3. სააგენტოს მიერ გადამზადების პროგრამის აღიარების განაცხადი განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

4. სააგენტო გადაწყვეტილებას გადამზადების პროგრამის აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ იღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 10-15 სამუშაო დღის ვადაში.

5. სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მათი ნამდვილობის დადასტურების მიზნით.

6. სააგენტოს გადაწყვეტილება გადამზადების პროგრამის აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ შესაძლებელია გასაჩივრდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

7. გადამზადების პროგრამის აღიარების ვადად განისაზღვრება 5 წელი.

8. სააგენტო ახორციელებს აღიარებული გადამზადების პროგრამის მონიტორინგს ყოველწლიურად. იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის დროს გამოვლინდა აღიარების პირობების დარღვევა, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გადამზადების პროგრამის აღიარების შეჩერების ან/და გაუქმების შესახებ.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული აღიარების შეჩერების შემთხვევაში შესაბამის დაწესებულებას განესაზღვრება ვადა (არაუმეტეს 2 თვისა), რომლის განმავლობაში იგი ვალდებულია აღმოფხვრას სააგენტოს მიერ მითითებული ხარვეზები. ხარვეზების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს აღიარება.

10. აღიარების გაუქმების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამის დაწესებულებას უწყდება უფლებამოსილება, განაგრძოს გადამზადების პროგრამა ან/და გასცეს შესაბამისი პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

11. აღიარების გაუქმებიდან არანაკლებ 3 თვის განმავლობაში შესაბამის დაწესებულებას უფლება არა აქვს პროგრამის ხელახალი აღიარების მოთხოვნით მიმართოს სააგენტოს.

12. დაწესებულება ვალდებულია გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხული მსმენელები დაარეგისტრიროს სააგენტოს მეზღვაურის დოკუმენტთა მართვის სისტემის ელექტრონულ მოდულში, სადაც ხდება გადამზადების პროგრამის დაწყების დადასტურება სააგენტოს მიერ.

13. გადამზადების პროგრამის სასწავლო გეგმაში შესაძლო ცვლილების განხორციელებისათვის დაინტერესებული მხარე განცხადების საფუძველზე მიმართავს სააგენტოს. სააგენტო განცხადებას ცვლილების შესახებ განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და თუ გადამზადების პროგრამის სილაბუსში შესული ცვლილება დამაკმაყოფილებელია, სააგენტო ცვლილების შეტანას ადასტურებს ოფიციალური წერილით.

14. აღიარებული გადამზადების კურსის განმახორციელებელი დაწესებულებები ვალდებული არიან, საერთაშორისო აქტებში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, განაახლონ და საერთაშორისო აქტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი გადამზადების პროგრამა.

15. გადამზადების პროგრამის საბოლოო შეფასების გამოცდა ტარდება სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებაში სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ, რომელიც წინასწარ უნდა ეცნობოს სააგენტოს.

16. დაწესებულება ვალდებულია წელიწადში ერთხელ განაახლოს საგამოცდო კითხვები და წარუდგინოს სააგენტოს.

 

მუხლი 4. გადამზადების პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის აუცილებელი რეკვიზიტები

გადამზადების პროგრამის გავლის დოკუმენტური დასაბუთება უნდა მოიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა)  დაწესებულების სახელწოდებას, მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას;

ბ) დოკუმენტის უნიკალურ ნომერს;

გ) გავლილი გადამზადების პროგრამის დასახელებას;

დ)  კურსდამთავრებულის სახელს, გვარს, პირად ნომერს ან/და მეზღვაურის ნომერს;

ე) მითითებას კურსდამთავრებულის მიერ გადამზადების პროგრამის წარმატებით დასრულების  შესახებ;

ვ) დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

 

მუხლი 5. გემის პერსონალის წევრის  სერტიფიცირების წესი და პირობები

1. პირს უფლება აქვს მიიღოს გემის პერსონალის წევრის სერტიფიკატი, თუ იგი არის 16 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი და სააგენტოში წარმოადგენს:

ა) სამოქალაქო პასპორტს;

ბ) გადამზადების პროგრამის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს;

გ) მეზღვაურის სამედიცინო  მოწმობას;

დ) საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

2. გემის პერსონალის წევრის  სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ.

 

მუხლი 6. დასკვნითი და გარდამავალი დებულებები

1. იმ პირებს, რომელთაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე აღებული აქვთ დაწესებულების მიერ გაცემული გემის პერსონალის წევრის სერტიფიკატი, ვალდებული არიან 2027 წლის 1 იანვრამდე გაიარონ გემის პერსონალის წევრის გადამზადების პროგრამა ამ წესის შესაბამისად.

2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე სააგენტოს მიერ გაცემული გემის პერსონალის საზღვაო-საწვრთნელი კურსის აღიარება ძალაშია ამ აღიარების მოქმედების ვადით.                             

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხევაში დაწესებულება ვალდებულია ამ ბრძანების ამოქმედებამდე კურსი შესაბამისობაში მოიყვანოს ამ წესთან.