სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შიდა კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შიდა კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 002
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 11/03/2026
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 010230000.58.070.016097
002
11/03/2026
ვებგვერდი, 12/03/2026
010230000.58.070.016097
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შიდა კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №002

2026 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შიდა კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

 


„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „ა“, „ბ“, „მ“ ქვეპუნქტებისა და 32-ე მუხლის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1.    
   
1. დამტკიცდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შიდა კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების წესი.
2. დამტკიცდეს შიდა კონკურსში მონაწილე კანდიდატთა შეფასების ფორმა (დანართი №1).

მუხლი 2.   
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორიგიორგი გაბიტაშვილი



სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შიდა კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების წესი
  

  

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში (შემდგომ – სამსახური) შიდა კონკურსის ჩატარების მიზანია სამსახურის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა.

2. სამსახურში შიდა კონკურსი შესაძლოა გამოცხადდეს სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს სამსახურში დასაქმებულ პირს.  

3. შიდა კონკურსის ეტაპების, ჩატარების ფორმის და პირობების, საკონკურსო მოთხოვნების, ვადის, საკონკურსო და საპრეტენზიო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გენერალური აუდიტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით  ბრძანებით. 

4. შიდა კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტი, რომელიც ასრულებს საკონკურსო კომისიის სამდივნოს ფუნქციას და ახორციელებს მისი საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.


მუხლი 2. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება
შიდა კონკურსის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის მიერ თანამშრომლებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეგზავნებათ ინფორმაცია, რომელიც მოიცავს:

ა) იმ ვაკანტური თანამდებობის დასახელებას, რომელზეც ტარდება შიდა კონკურსი;

ბ) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

გ) კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალს;

გ) კანდიდატის მიერ განაცხადის წარმოდგენის ვადას;

დ) შიდა კონკურსის ჩატარების ვადას, ეტაპებსა და ფორმას;

ე) შიდა კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ  სხვა სახის ინფორმაციას.


მუხლი 3. საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა
1. კანდიდატების მიერ განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულების შემდეგ, საკონკურსო კომისიის სამდივნო, არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ადგენს კანდიდატების შესაბამისობას კონკურსის ფორმალურ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემდეგ კანდინატების შესახებ ინფორმაცია და მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მიეწოდება  საკონკურსო კომისიას. საკონკურსო მოთხოვნებთან კანდიდატის შეუსაბამობის დადგენიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა, საკონკურსო კომისიის სამდივნო აცნობებს კანდიდატს აღნიშნულის თაობაზე.

2. საკონკურსო კომისია სამდივნოს მიერ წარდგენილ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში ეცნობა და იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის შემდეგი ეტაპის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ, რის თაობაზეც საკონკურსო კომისიის სამდივნო კანდიდატს აცნობებს მის ჩატარებამდე არანაკლებ 2 (ორი) სამუშაო დღით ადრე. 


მუხლი 4. საკონკურსო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი
1. საკონკურსო კომისიის შემადგენლობას, ვაკანტური თანამდებობის სპეციფიკისა და საჭიროების გათვალისწინებით, განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი.

2. საკონკურსო კომისიაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.

3. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

4. საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 (სამი) წევრისა.

5. საკონკურსო კომისია კანდიდატთა შეფასებას ახორციელებს გასაუბრების შედეგად.

6. საბოლოო გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისია იღებს კანდიდატის შეფასების დადგენილი ფორმით გათვალისწინებული ქულათა სისტემის საფუძველზე. კანდიდატთა თანაბარი ქულებით შეფასების  შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს თავმჯდომარე. 

7. საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის საბოლოო შეფასების შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ადგენს საკონკურსო კომისიის სამდივნო და ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და საკონკურსო კომისიის დამსწრე წევრები.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ხელმოწერილი ოქმი არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა წარედგინება გენერალურ აუდიტორს, რომელიც შერჩეული კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისიის ოქმის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

9. საკონკურსო კომისიის სამდივნო კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციას კონკურსში მონაწილე კანდიდატებს აცნობებს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გენერალური აუდიტორის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა.


მუხლი 5. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი
1. კონკურსის პროცედურებთან, ეტაპებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით სამსახურში იქმნება საპრეტენზიო კომისია, რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი.

2. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.

3. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

4. პირი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში.

5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 (სამი) წევრისა.

6. საპრეტენზიო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება აისახება საპრეტენზიო კომისიის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები.

8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

9. კანდიდატს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ წერილობითი ფორმით, მის მიერ წარმოდგენილი განაცხადის ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენიდან ან კონკურსის შედეგების შეტყობინებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.

10. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება კომისიის მიერ განიხილება არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში და წარედგინება საკონკურსო კომისიას.


მუხლი 6. კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება
1. კონკურსი ჩაშლილად ითვლება, თუ მასში მონაწილეობისათვის წარდგენილი არ იქნა არც ერთი განაცხადი ან თუ კონკურსის საფუძველზე ვერ შეირჩა შესაბამისი კანდიდატი.

2. კანდიდატის მიერ თანამდებობის დაკავებაზე უარის თქმის ან სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში მის მიერ თანამდებობაზე დანიშვნისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის თაობაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლილად გამოცხადებასთან დაკავშირებით.


მუხლი 7. კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი
შიდა კონკურსის მონაწილე კანდიდატს უფლება აქვს, კონკურსის პროცედურების, ეტაპებისა და შედეგების თაობაზე მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.