დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 ივნისის №345 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 103 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.025652 |
|
„ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 ივნისის №345 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 ივნისის №345 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/07/2018, 300160070.10.003.020661) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი: „მუხლი 5. პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს ვეტერინარიის მიმართულების პროფესიული მომზადების ან პროფესიული გადამზადების პროგრამის მესამე ან მეოთხე დონის სერტიფიკატს, უფლებამოსილია, 2030 წლის 1 იანვრამდე, სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე განახორციელოს ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობა ვეტერინარულ აფთიაქში ან/და ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტში.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების“: ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების – ვეტერინარული პრეპარატების საწარმოს, ვეტერინარული აფთიაქის, ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტის, ვეტერინარული დაწესებულების, ცხოველების მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტის, შინაური ბინადარი ცხოველების რეალიზატორის, ზოომაღაზიის, ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტის (სასტუმრო), საშენის, კინოლოგიური/ ფელინოლოგიური დაწესებულების და ცხოველთა თავშესაფრის საქმიანობასთან დაკავშირებულ უფლება-მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს. 2. ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელმა ბიზნესოპერატორებმა უნდა დაიცვან ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის (WOAH) ხმელეთის და წყლის ცხოველების კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. 3. ვეტერინარულ აფთიაქში, ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტში, ვეტერინარულ დაწესებულებასა და ცხოველთა თავშესაფარში ვეტერინარული საქმიანობა უნდა განახორციელოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებულმა ვეტერინარმა ან/და ვეტერინარმა ტექნიკოსმა. 4. იმ შემთხვევაში, თუ ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორი ახორციელებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ რამდენიმე საქმიანობას, ის ვალდებულია დაიცვას ამ საქმიანობებთან დაკავშირებული, ამავე დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნები. 5. ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის/საქმიანობების რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გარდა: ა) ვეტერინარული დაწესებულება და ცხოველთა თავშესაფარი, როგორც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების გამომყენებელი ბიზნესოპერატორები ვალდებული არიან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დარეგისტრირდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) ვეტერინარულ და ცხოველთა ჭერის საქმიანობის განმახორციელებელ სამსახურად; ბ) საშენი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობას ახორციელებს მხოლოდ ვეტერინარული დაწესებულება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. ცხოველის ვეტერინარულ მომსახურებას ახორციელებს ვეტერინარი ან ვეტერინარი ტექნიკოსი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9. ზოომაღაზია, რომელიც თავისი საქმიანობის გარდა ახორციელებს შინაური ბინადარი ცხოველების რეალიზაციას, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დარეგისტრირდეს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, როგორც შინაური ბინადარი ცხოველის რეალიზატორი და დააკმაყოფილოს შინაური ბინადარი ცხოველის რეალიზატორის მოთხოვნები. 10. ცხოველების მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტი, ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო), კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება, შინაური ბინადარი ცხოველის რეალიზატორი და ზოომაღაზია ვალდებული არიან, შინაური ბინადარი ცხოველის მიღებისთანავე გადაამოწმონ მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული გადამოწმების შედეგად, ცხოველების მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტი, ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო) და კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება უფლებამოსილი არ არიან, მომსახურება გაუწიონ ცხოველს, რომელიც რეგისტრირებული არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში, ხოლო რეალიზატორს, ზოომაღაზიასა და საშენს უფლება არ აქვთ, ჰყავდეთ შინაური ბინადარი ცხოველი, რომელიც რეგისტრირებული არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში. 12. ვეტერინარული დაწესებულება და ცხოველთა თავშესაფარი ვალდებული არიან, ცხოველის მიღებისთანავე გადაამოწმონ მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. იმ შემთხვევაში, თუ ცხოველის შესახებ ინფორმაცია არ არის შეტანილი მონაცემთა ერთიან ბაზაში: ა) პატრონიანი ცხოველის მიღების შემთხვევაში, ვეტერინარული დაწესებულება და ცხოველთა თავშესაფარი ვალდებული არიან, თავად უზრუნველყონ მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს ცხოველის მეპატრონე; ბ) მიკედლებული/უპატრონო ცხოველის მიღების შემთხვევაში, ვეტერინარული დაწესებულება და ცხოველთა თავშესაფარი უფლებამოსილი არიან, თავად უზრუნველყონ ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ხოლო ამ პროცედურების ჩატარების შეუძლებლობის შემთხვევაში, ვალდებული არიან, მიმართონ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით. 13. ვეტერინარულ დაწესებულებასა და ცხოველთა თავშესაფარს უფლება აქვთ, მომსახურება გაუწიონ არაიდენტიფიცირებულ და არარეგისტრირებულ ცხოველს, რომელსაც ესაჭიროება გადაუდებელი ვეტერინარული მომსახურება. ასეთ შემთხვევაში, ვეტერინარული დაწესებულება და ცხოველთა თავშესაფარი ვალდებული არიან, მხოლოდ გადაუდებელი ვეტერინარული მომსახურების შემდეგ უზრუნველყონ ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურები. 14. ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორი ვალდებულია დაიცვას ცხოველის კეთილდღეობის პრინციპები: თავისუფალი ხელმისაწვდომობა წყალსა და საკვებზე; უსაფრთხო საარსებო გარემოსა და სათანადო საარსებო პირობების შექმნა; დაავადებების პრევენცია და მკურნალობა. 15. დაუშვებელია ცხოველის ევთანაზია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 16. ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს ნარჩენების მართვა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 17. ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სააგენტო. 18. ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორი ვალდებულია ხელი შეუწყოს სააგენტოს უფლებამოსილ პირს სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაში.“; ბ) მე-2 მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტის: ბ.ა.ა) „გ“ − „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ვეტერინარული დაწესებულება − პირი, რომელიც ახორციელებს ცხოველის ვეტერინარულ მომსახურებას, მათ შორის, ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სტერილიზაციას/კასტრაციას, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობას, ზოონოზური დაავადებებისგან დაცვას (მათ შორის, ანტირაბიულ ვაქცინაციას); დ) ცხოველების მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტი (შემდგომში − გრუმინგი) − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს ცხოველის ჰიგიენური და გარეგნული მდგომარეობის შენარჩუნებასთან/ გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ მომსახურებას; ე) ზოომაღაზია – ობიექტი, სადაც ხორციელდება ცხოველის (გარდა შინაური ბინადარი ცხოველისა), მათ შორის, ფრინველის, ცხოველთა საკვების (გარდა სამკურნალო საკვებისა) და საკვებდანამატის, ცხოველთა ჰიგიენური და მოვლის საშუალებების, ვეტერინარული დანიშნულების საგნებისა და აქსესუარების რეალიზაცია; ვ) ცხოველების თავშესაფარი (შემდგომში − თავშესაფარი) − პირი, რომელიც უზრუნველყოფს შინაური ბინადარი ცხოველის დროებით მოვლა-პატრონობას, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სტერილიზაციას/კასტრაციას და ვაქცინაციას ან/და უპატრონო ცხოველისთვის მეპატრონის/მიმკედლებლის მოძიებას. თავშესაფარი შესაძლებელია, იყოს მუნიციპალური თავშესაფარი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული კერძო თავშესაფარი;“; ბ.ა.ბ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ვეტერინარი − პირი, რომელსაც აქვს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი დიპლომი ან ვეტერინარის სერტიფიკატი, შეყვანილია ვეტერინართა რეესტრში და მოპოვებული აქვს ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატი, ვეტერინარული საქმიანობის განსახორციელებლად; ი) ვეტერინარი ტექნიკოსი − პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი, შეყვანილია ვეტერინარ ტექნიკოსთა რეესტრში, მოპოვებული აქვს ვეტერინარი ტექნიკოსის სახელმწიფო სერტიფიკატი და უფლება აქვს, ეწეოდეს ვეტერინარულ საქმიანობას ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ;“; ბ.ა.გ) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ − „ფ“ ქვეპუნქტები: „რ) ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო) (შემდგომში − სასტუმრო) − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც უზრუნველყოფს მეპატრონის მიერ მიბარებული ცხოველის დროებით განთავსებასა და მოვლა-პატრონობას; ს) საშენი − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს ცხოველების მიზნობრივ და გეგმაზომიერ მოშენებას, აგრეთვე ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სანაშენე წიგნის (დოკუმენტი, რომელშიც შეტანილია ინფორმაცია ცხოველის წინაპრების შესახებ) წარმოებას, სანაშენე ცხოველისა და მიღებული ნაყარის დოკუმენტურ აღრიცხვას; ტ) კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს საკონსულტაციო/საგანმანათლებლო მომსახურებას, მათ შორის, შინაური ბინადარი ცხოველის მოშენების, წვრთნის, სოციალიზაციის, ქცევის კორექციისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებებით; უ) შინაური ბინადარი ცხოველის რეალიზატორი (შემდგომში − რეალიზატორი) − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობას, ყიდის მას, აგრეთვე უზრუნველყოფს ცოფისა და სხვა საშიში დაავადებების საწინააღმდეგო დროულ ვაქცინაციასა და სხვა სახის ვეტერინარულ მომსახურებას; ფ) ვეტერინარული საქმიანობა – ღონისძიებათა სისტემა, რომელიც გამოიყენება ცხოველის/ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად, ცხოველების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და მოიცავს ცხოველთა ჯანმრთელობის, ცხოველური პროდუქტების ჰიგიენისა და ცხოველთა დაცვის სფეროში საქმიანობას.“; ბ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსითა და „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერმინები.“; გ) მე-5 მუხლის: გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ვეტერინარული დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები“; გ.ბ) პირველი პუნქტის: გ.ბ.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ვეტერინარული დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:“; გ.ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) აღჭურვილი უნდა იყოს, სულ მცირე, შემდეგი საშუალებებით: ცხოველების გასასინჯი მაგიდით, ინსტრუმენტების სტერილიზაციის აპარატურით, ვეტერინარული პრეპარატებისათვის განკუთვნილი მაცივრით, ბიოლოგიური და ბასრი ნარჩენების კონტეინერებით, სადეზინფექციო საშუალებებითა და სანიტარიული ინვენტარით, ვეტერინარული პრეპარატებისათვის განკუთვნილი დაცული კარადით კონტროლირებადი წვდომით;“; გ.ბ.გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმ დაავადების აღმოჩენის ან/და ეჭვის მიტანისას, რომლის შეტყობინების ფორმად მითითებულია „დაუყოვნებლივი“, ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს დაუყოვნებლივ, არაუმეტეს 24 საათისა, ხოლო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებების ჩამონათვალით განსაზღვრული იმ დაავადების აღმოჩენისას ან/და ეჭვის მიტანისას, რომლის შეტყობინების ფორმად მითითებულია „აგრეგირებული“ (შემაჯამებელი) ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს აგრეგირებულად (ყოველთვიურად);“; გ.ბ.დ) „ი“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) უნდა აწარმოოს ვაქცინირებული (ანტირაბიული ვაქცინაცია) ცხოველების აღრიცხვა სააგენტოს მიერ დადგენილი წესით და ინფორმაცია უნდა წარუდგინოს სააგენტოს ყოველწლიურად (გასული წლის ინფორმაცია არაუგვიანეს მომდევნო წლის 30 იანვრისა). მოწოდებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ მონაცემებს: გამოყენებული ვაქცინის დასახელება, მწარმოებელი ქვეყანა, ვაქცინის სერია, აცრილი ცხოველების რაოდენობა, სახეობების მიხედვით;“; გ.ბ.ე) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი: „ლ1) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების მიღება, შეძენა, შენახვა, გამოყენება, ჩამოწერა, განადგურება და ანგარიშგება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“; გ.ბ.ვ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) ვეტერინარმა/ვეტერინარმა ტექნიკოსმა თითოეულ ჩატარებულ ღონისძიებაზე უნდა აწარმოოს ჩანაწერები ელექტრონულად ან შესაბამის ჟურნალში, რომელიც უნდა ასახავდეს ვეტერინარული დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებულ დეტალებს;“; გ.გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 − მე-6 პუნქტები: „4. ვეტერინარულ დაწესებულებაში დაცული უნდა იქნეს ანტიმიკრობული საშუალებების რაციონალურად გამოყენების პრინციპი. 5. ვეტერინარულ დაწესებულებას დანერგილი უნდა ჰქონდეს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის გამართული სისტემა (ხელის ჰიგიენა, დეზინფექცია/სტერილიზაცია, ანტიბიოტიკების მართვა და ა. შ.). 6. ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაციის/კასტრაციის, კომპლექსური ვაქცინაციისა და ანტირაბიული ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია შეიტანოს მონაცემთა ერთიან ბაზაში.“; დ) მე-6 მუხლის: დ.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. თავშესაფარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:“; დ.ბ) პირველი პუნქტის: დ.ბ.ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ცხოველები განთავსებული უნდა იყვნენ შენობაში ან/და ვოლიერში და არ უნდა ეზღუდებოდეთ თავისუფალი სივრცის ხედვის საშუალება, შენობა ან/და ვოლიერი არ უნდა იყოს ოთხმხრივად დახურული; გ) შენობა ან/და ვოლიერი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვენტილაციით, კანალიზაციით, ცხელი და ცივი წყალმომარაგებით, საკვებურებითა და სარწყულებლებით და უნდა იძლეოდეს ცხოველისთვის გადაადგილებისა და საკვების მიღების საშუალებას;“; დ.ბ.ბ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა, ზოონოზური, გადამდები და არაგადამდები დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებები უნდა განხორციელდეს დადგენილი წესების შესაბამისად, სპეციალურად გამოყოფილ შესაბამის სივრცეში; ი) ქირურგიული და სხვა ვეტერინარული მომსახურება უნდა განხორციელდეს დადგენილი წესების შესაბამისად, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში;“; დ.ბ.გ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) მოწყობილი უნდა იქნეს გასასეირნებელი სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის სათანადო ფიზიკურ აქტივობას. საჭიროების შემთხვევაში მოწყობილი უნდა იქნეს საკარანტინო სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის იზოლაციას;“; დ.ბ.დ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმ დაავადების აღმოჩენისას ან/და ეჭვის მიტანისას, რომლის შეტყობინების ფორმად მითითებულია „დაუყოვნებლივი“, თავშესაფარი ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს დაუყოვნებლივ, არაუმეტეს 24 საათისა, ხოლო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებების ჩამონათვალით განსაზღვრული იმ დაავადების აღმოჩენისას ან/და ეჭვის მიტანისას, რომლის შეტყობინების ფორმად მითითებულია „აგრეგირებული“ (შემაჯამებელი) თავშესაფარი ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს აგრეგირებულად (ყოველთვიურად);“; დ.ბ.ე) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი: „მ1) უნდა აწარმოოს ვაქცინირებული (ანტირაბიული ვაქცინაცია) ცხოველების აღრიცხვა სააგენტოს მიერ დადგენილი წესით და ინფორმაცია უნდა წარუდგინოს სააგენტოს ყოველწლიურად (გასული წლის ინფორმაცია არაუგვიანეს მომდევნო წლის 30 იანვრისა). მოწოდებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ მონაცემებს: გამოყენებული ვაქცინის დასახელება, მწარმოებელი ქვეყანა, ვაქცინის სერია, აცრილი ცხოველების რაოდენობა სახეობების მიხედვით;“; დ.ბ.ვ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები: „ჟ) დანერგილი უნდა ჰქონდეს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის გამართული სისტემა (ხელის ჰიგიენა, დეზინფექცია/სტერილიზაცია, ანტიბიოტიკების მართვა და ა. შ.); რ) დაცული უნდა იქნეს ანტიმიკრობული საშუალებების რაციონალურად გამოყენების პრინციპი.“; დ.გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 − მე-6 პუნქტები: „4. თავშესაფარში შინაური ბინადარი ცხოველის მიღებისთანავე ვეტერინარი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ცხოველი. ამ შემოწმების საფუძველზე, ვეტერინარის გადაწყვეტილებით, ცხოველი შეიძლება მოთავსდეს კარანტინში/იზოლატორში. 5. კერძო თავშესაფარი ვალდებულია ითანამშრომლოს სააგენტოსთან, მათ შორის, ცოფის ან სხვა ზოონოზური დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. 6. კერძო თავშესაფარში ცხოველთა საშენის მოწყობა აკრძალულია.“; ე) მე-7 მუხლის: ე.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. გრუმინგის საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები“; ე.ბ) პირველი პუნქტის: ე.ბ.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გრუმინგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:“; ე.ბ.ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ვეტერინარმა/ვეტერინარმა ტექნიკოსმა/გრუმინგის განმახორციელებელმა თითოეულ ჩატარებულ ღონისძიებაზე უნდა აწარმოოს ჩანაწერები, ელექტრონულად ან შესაბამის ჟურნალში, რომელიც უნდა ასახავდეს გრუმინგის საქმიანობასთან დაკავშირებულ დეტალებს; ვ) დანერგილი უნდა ჰქონდეს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის გამართული სისტემა (ხელის ჰიგიენა, დეზინფექცია/ინსტრუმენტების სტერილიზაცია და ა. შ.).“; ე.გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. გრუმინგს უფლება არ აქვს, განახორციელოს ვაქცინაცია, დაავადებების დიაგნოსტირება, მკურნალობა, კბილების გაწმენდა, სტერილიზაცია/კასტრაცია.“; ვ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის: ვ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) დაუშვებელია ვეტერინარული პრეპარატების, ცხოველის სამკურნალო საკვების რეალიზაცია და ცხოველის მკურნალობა;“; ვ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) თითოეულ ჩატარებულ ღონისძიებაზე ელექტრონულად ან შესაბამის ჟურნალში აწარმოოს ჩანაწერები, რომელიც უნდა ასახავდეს ზოომაღაზიის საქმიანობასთან დაკავშირებულ დეტალებს, ასევე, ცხოველზე განხორციელებული ვეტერინარული მომსახურების თაობაზე;“; ვ.გ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) უზრუნველყოს ცხოველი ვეტერინარული მომსახურებით, მათ შორის, ცოფისა და სხვა საშიში დაავადებების საწინააღმდეგო დროული ვაქცინაციით.“; ზ) მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 − მე-12 მუხლები: „მუხლი 9. რეალიზატორი 1. შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველსაყოფად, რეალიზატორი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს შინაური ბინადარი ცხოველის სახეობების მიხედვით განსათავსებელი სივრცის გამოყოფა, მისი სათანადო ინსოლაცია/განათება, დათბუნება და ვენტილაცია; ბ) გააჩნდეს ინვენტარი, რომელიც უზრუნველყოფს სარეალიზაციო ცხოველების მოვლა-შენახვისა და ბუნებრივი ქცევისთვის საჭირო პირობების შექმნას, შინაური ბინადარი ცხოველის საკვებისა და წყლის ხელმისაწვდომობას დაავადებისაგან, ტკივილისაგან, შიშისა და სხვა სტრესფაქტორებისაგან დაცვას; გ) მოახდინოს ჯანმრთელი შინაური ბინადარი ცხოველების რეალიზაცია; დ) უზრუნველყოს ცხოველების სახეობის შესაბამისი კვება-დარწყულება; ე) უზრუნველყოს შინაური ბინადარი ცხოველის რეგულარული გასეირნება; ვ) უზრუნველყოს სარეალიზაციო ობიექტის ტერიტორიაზე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა; ზ) მარეგისტრირებელი ორგანოსთვის მიმართვით უნდა უზრუნველყოს შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია; თ) უზრუნველყოს შინაური ბინადარი ცხოველი ვეტერინარული მომსახურებით, მათ შორის, ცოფისა და სხვა საშიში დაავადებების საწინააღმდეგო დროული ვაქცინაციით; ი) სარეალიზაციო ობიექტის ტერიტორიაზე არ დაუშვას არავაქცინირებული (ანტირაბიული ვაქცინაცია) ან/და საშიში (მათ შორის, ზოონოზური) დაავადების მქონე ცხოველის განთავსება; კ) არ დაუშვას დედისგან მოშორება 2 თვის ასაკამდე ლეკვისა და 4 თვის ასაკამდე კნუტის, გაყიდვის მიზნით; ლ) უზრუნველყოს სარეალიზაციო ობიექტზე ცხოველის შემოყვანისა და გაყიდვის აღრიცხვა; მ) კანონმდებლობის შესაბამისად, გადამდებ დაავადებებზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს; ნ) თითოეულ ჩატარებულ ღონისძიებაზე ელექტრონულად ან შესაბამის ჟურნალში აწარმოოს ჩანაწერები, რომელიც უნდა ასახავდეს ინფორმაციას ცხოველზე განხორციელებული ვეტერინარული მომსახურების თაობაზე. 2. დაუშვებელია რეალიზატორის მიერ ვეტერინარული პრეპარატების რეალიზაცია და ცხოველის მკურნალობა. მუხლი 10. სასტუმროს საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. სასტუმრო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) დაცული უნდა იყოს შენობებისა და ვოლიერების სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. კედლების, ჭერისა და იატაკის მოპირკეთება უნდა იძლეოდეს სველი წესით დასუფთავების საშუალებასა და დეზინფექციას; ბ) შენობასა და ვოლიერს უნდა გააჩნდეს სათანადო ინსოლაცია/განათება, დათბუნება, ვენტილაცია, კანალიზაცია, ცხელი და ცივი წყალმომარაგება; გ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცხოველის კვება-დარწყულება სახეობის შესაბამისად; დ) ცხოველს უნდა ჰქონდეს თავისუფალი გადაადგილებისთვის საჭირო სივრცე და პირობები; ე) არსებული მოწყობილობები, ავეჯი, ინვენტარი უნდა შეესაბამებოდეს საქმიანობასა და ტექნიკურ პირობებს, იყოს გამართულ მდგომარეობაში, ჰქონდეს ჰიგიენური საფარი, რაც უზრუნველყოფს მათ სველი წესით დასუფთავებასა და დეზინფექციას. 2. სასტუმროს მოწყობა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში დასაშვებია ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე. 3. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში მოწყობილ სასტუმროში არ შეიძლება, ერთდროულად განთავსდეს 15-ზე მეტი ცხოველი. 4. სასტუმრო არ უნდა ახორციელებდეს ცხოველთა ვაქცინაციას, დაავადებების დიაგნოსტირებას, მკურნალობას, სტერილიზაციას/კასტრაციას. 5. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმ დაავადების აღმოჩენისას ან/და ეჭვის მიტანისას, რომლის შეტყობინების ფორმად მითითებულია „დაუყოვნებლივი“, სასტუმრო ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს დაუყოვნებლივ, არაუმეტეს 24 საათისა, ხოლო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებების ჩამონათვალით განსაზღვრული იმ დაავადების აღმოჩენისას ან/და ეჭვის მიტანისას, რომლის შეტყობინების ფორმად მითითებულია „აგრეგირებული“ (შემაჯამებელი), სასტუმრო ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს აგრეგირებულად (ყოველთვიურად). 6. სასტუმროში დაცული უნდა იქნეს ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ყველა არსებული პრინციპი. 7. სასტუმროს დანერგილი უნდა ჰქონდეს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის გამართული სისტემა (ხელის ჰიგიენა, დეზინფექცია/ სტერილიზაცია, ნარჩენების მართვა და ა. შ.). მუხლი 11. კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება და მის საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება ვალდებულია ჰყავდეს კინოლოგი/ფელინოლოგი. 2. ცხოველის კეთილდღეობის დაცვის მიზნით, კინოლოგიური/ ფელინოლოგიური დაწესებულება უზრუნველყოფს: ა) სანაშენე წიგნის (დოკუმენტი, რომელშიც შეტანილია ინფორმაცია ცხოველის წინაპრების შესახებ) წარმოებას; ბ) ჯიშიანობისა და მოსაშენებლად ვარგისობის შესახებ ცნობის გაცემას; გ) სხვადასხვა ჯიშის ცხოველების დატვირთვას, მათი ფიზიკური მახასიათებლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; დ) ცხოველის მოვლა-პატრონობასთან, მოშენებასთან, კვებასთან, სელექციასთან, ფიზიოლოგიურ თავისებურებებთან, აგრეთვე ქცევის შესწავლასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევას; ე) შესაბამის საწვრთნელ სივრცეში ცხოველის წვრთნას (ინდივიდუალური და სპორტული წვრთნა), სოციალიზაციას, ქცევის კორექციას; ვ) ცხოველის მდგომარეობის შეფასებასა და გადამეტებული აგრესიის დადგენას; ზ) ცხოველების გამოფენის ორგანიზება-ჩატარებას; თ) სასწავლო კურსებისა და მოდულების ორგანიზება-ჩატარებას. 3. ჯიშიანობისა და მოსაშენებლად ვარგისობის შესახებ ცნობად არ ჩაითვლება ის დოკუმენტი, რომელშიც მითითებული არ არის ინფორმაცია ცხოველის წინაპრების შესახებ. 4. კინოლოგიურ/ფელინოლოგიურ დაწესებულებას უფლება აქვს, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოში რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში, თავის ტერიტორიაზე მოაწყოს საშენი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება ცხოველის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ვალდებულია განახორციელოს აქტიური კომუნიკაცია სააგენტოსთან, მათ შორის, ინფორმაციის დროული გაცვლა. 6. კინოლოგიურ/ფელინოლოგიურ დაწესებულებას დანერგილი უნდა ჰქონდეს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის გამართული სისტემა (ხელის ჰიგიენა, დეზინფექცია/სტერილიზაცია, ნარჩენების მართვა და ა. შ.). 7. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმ დაავადების აღმოჩენისას ან/და ეჭვის მიტანისას, რომლის შეტყობინების ფორმად მითითებულია „დაუყოვნებლივი“, კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს დაუყოვნებლივ, არაუმეტეს 24 საათისა, ხოლო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებების ჩამონათვალით განსაზღვრული იმ დაავადების აღმოჩენისას ან/და ეჭვის მიტანისას, რომლის შეტყობინების ფორმად მითითებულია „აგრეგირებული“ (შემაჯამებელი), კინოლოგიური/ ფელინოლოგიური დაწესებულება ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს აგრეგირებულად (ყოველთვიურად). მუხლი 12. საშენი და მის საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. საშენი რეგისტრირებული უნდა იყოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. საშენის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა განთავსდეს მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილას. 3. სანაშენე ცხოველის მიზნობრივი და გეგმაზომიერი მოშენების უზრუნველყოფის მიზნით, საშენი ვალდებულია: ა) ჰყავდეს კინოლოგი/ფელინოლოგი; ბ) შეასრულოს კანონმდებლობით დადგენილი, ცხოველის მოშენებასთან დაკავშირებული მოთხოვნები; გ) დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები; დ) მოაწყოს ცხოველის განსათავსებელი ღია და დახურული სივრცეები, უზრუნველყოს მათი სათანადო ინსოლაცია/განათება, დათბუნება და ვენტილაცია; ე) მოაწყოს შესაბამისი სივრცე, ნაყარის მიღების შემთხვევაში; ვ) უზრუნველყოს სანაშენე ცხოველისა და მიღებული ნაყარის დოკუმენტური აღრიცხვის წარმოება; ზ) უზრუნველყოს სანაშენე წიგნის (დოკუმენტი, რომელშიც შეტანილია ინფორმაცია ცხოველის წინაპრების შესახებ) წარმოება; თ) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს ან/და სააგენტოს მიმართვის საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენა; ი) უზრუნველყოს ამ წესითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულება. 4. საშენი ვალდებულია უზრუნველყოს მიღებული ნაყარის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად. 5. საშენს დანერგილი უნდა ჰქონდეს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის გამართული სისტემა (ხელის ჰიგიენა, დეზინფექცია/ სტერილიზაცია, ნარჩენების მართვა და ა. შ.).“. |
| მუხლი 2 |
ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელ ბიზნესოპერატორებს, დადგენილებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, ამავე წესით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია-რეგისტრაციასა და მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებასთან დაკავშირებული ვალდებულებები წარმოეშობათ 2026 წლის 1 ივლისიდან. |
| მუხლი 3 |
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-11 მუხლისა და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-11 მუხლი და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2028 წლის 1 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები