დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტის განხილვის, ჭკვიანი მარშრუტიზაციის დანერგვის, მონიტორინგისა და აღსრულების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 67/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 23/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010000.18.011.016982 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 201 მუხლის 132 პუნქტისა და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12/12/2025, ს/კ: 200020000.05.001.102886) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტის განხილვის, ჭკვიანი მარშრუტიზაციის დანერგვის, მონიტორინგისა და აღსრულების უზრუნველყოფის წესი“ თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტის განხილვის, ჭკვიანი მარშრუტიზაციის დანერგვის, მონიტორინგისა და აღსრულების უზრუნველყოფის წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები |
1. ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტის განხილვის, ჭკვიანი მარშრუტიზაციის დანერგვის, მონიტორინგისა და აღსრულების უზრუნველყოფის წესის (შემდგომში – „წესი“) მიზანია ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტის შემუშავების, წარდგენის, დანერგვისა და მონიტორინგის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტის განხილვისა და დამტკიცების პროცესის განსაზღვრა.
2. ეს წესი ვრცელდება ჭკვიანი მარშრუტიზაციის განმახორციელებელ საგადახდო მომსახურების პროვაიდერზე, ექვაირერზე და სუბექვაირერზე, რომლებსაც ეკისრებათ ჭკვიანი მარშრუტიზაციის დანერგვის ან/და ჭკვიანი მარშრუტიზაციის მხარდამჭერი მექანიზმების ხელმისაწვდომობის/მიწოდების ვალდებულება, აგრეთვე, საგადახდო მომსახურების პროვაიდერზე, რომელსაც სურვილი აქვს ისარგებლოს ჭკვიანი მარშრუტიზაციით და საგადახდო სისტემასა და სისტემის ოპერატორზე, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს ჭკვიანი მარშრუტიზაციის დანერგვის ტექნიკური მხარდაჭერა. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ჭკვიანი მარშრუტიზაცია – საბარათე ინსტრუმენტით გადახდის ოპერაციისთვის ყველაზე ოპტიმალური, ნაკლებად ხარჯიანი ან/და მომხმარებლის (მათ შორის, სავაჭრო/მომსახურების ობიექტის) მიერ არჩეული გადახდის არხის დინამიკური შერჩევის მეთოდი შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: გადახდის ოპერაციის ღირებულება (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის გადასახდელი საკომისიო, სხვა გადასახდელი საკომისიო, გადახდის ოპერაციის განსახორციელებლად აუცილებელი სხვა ხარჯი), გადახდის ოპერაციის დამუშავების სიჩქარე, ქსელის ხელმისაწვდომობა ან/და გადახდის სისტემა/მეთოდი, რომელსაც მომხმარებელი (მათ შორის, სავაჭრო/მომსახურების ობიექტი) უპირატესობას ანიჭებს; ბ) სათადარიგო სცენარი – ძირითადი მარშრუტის ან სისტემის მიუწვდომლობის შემთხვევაში გადახდის ოპერაციის ალტერნატიული პროცესით შესრულების მექანიზმი. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მნიშვნელობები. მუხლი 3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის უფლებამოსილება საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა, რომელსაც სურვილი აქვს ისარგებლოს ჭკვიანი მარშრუტიზაციით, უფლება აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს: ა) ჭკვიანი მარშრუტიზაციის გამოყენების კონცეფციური ხედვა და მიზნები, მათ შორის: ა.ა) ჭკვიანი მარშრუტიზაციის დანერგვის მიზნობრივი შედეგები; ა.ბ) მოსალოდნელი გავლენა გადახდის ოპერაციის ღირებულებაზე, სისწრაფესა და ქსელის ხელმისაწვდომობაზე; ბ) ჭკვიანი მარშრუტიზაციის მუშაობის პრინციპები, მათ შორის: ბ.ა) ჭკვიანი მარშრუტიზაციის კრიტერიუმების ზოგადი ჩარჩო, მათ შორის, გადახდის ოპერაციის ღირებულების, დამუშავების სიჩქარის, ქსელის ხელმისაწვდომობის და მომხმარებლის (მათ შორის, სავაჭრო/მომსახურების ობიექტის) მიერ არჩეული გადახდის სისტემის/მეთოდის გათვალისწინების პრინციპები; ბ.ბ) მომხმარებლების (მათ შორის, სავაჭრო/მომსახურების ობიექტის) არჩევანის გათვალისწინების პრინციპები; გ) ჭკვიანი მარშრუტიზაციის გამოყენების საოპერაციო მოდელის აღწერა, მათ შორის: გ.ა) ჭკვიანი მარშრუტიზაციის გამოყენების მეთოდი და იმ მხარდამჭერი მექანიზმების აღწერა, რომელიც უზრუნველყოფს არადისკრიმინაციულ მიდგომას, მათ შორის, გადახდის ოპერაციის შესრულების დროის, პრიორიტეტულობის და საკომისიოების თვალსაზრისით; გ.ბ) ჭკვიანი მარშრუტიზაციის ფარგლებში ექვაირერთან, სუბექვაირერთან და სხვა მონაწილე სუბიექტებთან ურთიერთქმედება. მუხლი 4. ჭკვიანი მარშრუტიზაციის განმახორციელებელი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, ექვაირერისა და სუბ-ექვაირერის ვალდებულებები ჭკვიანი მარშრუტიზაციის განმახორციელებელი საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ექვაირერი და სუბ-ექვაირერი ვალდებული არიან საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინონ ჭკვიანი მარშრუტიზაციის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: ა) ჭკვიანი მარშრუტიზაციის კონკრეტული ტექნიკური გადაწყვეტის და ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტის პროექტი, მათ შორის: ა.ა) ჭკვიანი მარშრუტიზაციის ალგორითმების აღწერა; ა.ბ) ჭკვიანი მარშრუტიზაციით გადაწყვეტილების მიღების ლოგიკა და პრიორიტეტების განსაზღვრის წესი; ა.გ) გამოყენებული ტექნიკური პარამეტრები; ბ) ჭკვიანი მარშრუტიზაციის ტექნიკური და ოპერაციული არქიტექტურის დეტალური აღწერა, მათ შორის: ბ.ა) ჩართული სისტემები და ინტერფეისები; ბ.ბ) საგადახდო სისტემებთან ურთიერთქმედების მექანიზმები; ბ.გ) სათადარიგო (fallback) და აღდგენითი (backup) სცენარები; გ) ინფორმაციის უსაფრთხოების, მონაცემთა დაცვის და არადისკრიმინაციული ოპერაციული პროცესების უზრუნველყოფის მექანიზმები, მათ შორის: გ.ა) მონაცემთა კონფიდენციალურობისა და მთლიანობის დაცვის მექანიზმები; გ.ბ) მონიტორინგის, ლოგირების და ინციდენტების მართვის პროცესები და ჭკვიანი მარშრუტიზაციის მხარდამჭერი მექანიზმების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გადაწყვეტები ყველა მონაწილე სუბიექტისთვის; დ) ჭკვიანი მარშრუტიზაციის დანერგვის ფარგლები და ეტაპობრივი გეგმა, მათ შორის: დ.ა) იმ სავაჭრო/მომსახურების ობიექტების კატეგორიები, სადაც იგეგმება ჭკვიანი მარშრუტიზაციის დანერგვა; დ.ბ) ჭკვიანი მარშრუტიზაციის საპილოტე და სრულმასშტაბიანი დანერგვის ვადები. მუხლი 5. ძირითადი მოთხოვნები ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტის მიმართ 1. ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტის პროექტი და კონკრეტული ტექნიკური გადაწყვეტები უნდა უზრუნველყოფდეს ჭკვიანი მარშრუტიზაციის ობიექტურ, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ ფუნქციონირებას, არ უნდა იწვევდეს კონკრეტული საგადახდო სისტემის ან სხვა მონაწილე სუბიექტის არამართლზომიერ პრიორიტეტიზაციას, ასევე უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ჭკვიანი მარშრუტიზაციის მხარდამჭერი მექანიზმები ხელმისაწვდომი იყოს ყველა მონაწილე სუბიექტისთვის თანაბრად, მათ შორის, გადახდის ოპერაციის შესრულების დროის, პრიორიტეტულობის და საკომისიოების თვალსაზრისით. 2. ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტის პროექტი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად, უნდა უზრუნველყოფდეს, რომ: ა) ჭკვიანი მარშრუტიზაცია ითვალისწინებდეს და არ ზღუდავდეს მომხმარებლის (მათ შორის, სავაჭრო/მომსახურების ობიექტის) კანონით მინიჭებულ უფლებას, აირჩიოს მისთვის სასურველი გადახდის სისტემა/მეთოდი; ბ) მომხმარებლისთვის (მათ შორის, სავაჭრო/მომსახურების ობიექტისთვის) ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გადახდის ოპერაცია განხორციელდა ჭკვიანი მარშრუტიზაციის გამოყენებით; გ) ჭკვიანი მარშრუტიზაცია არ იწვევდეს მომხმარებლისთვის (მათ შორის, სავაჭრო/მომსახურების ობიექტისთვის) დამატებითი ხარჯების ან გაუმჭვირვალე საკომისიოების წარმოშობას. მუხლი 6. საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის განხილვა და ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება 1. საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად წარდგენილ ინფორმაციას და დოკუმენტაციას, მათ შორის, ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტის პროექტს, კანონმდებლობის, მათ შორის, ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის, ბაზრის საჭიროებებისა და რისკების გათვალისწინებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განხილვის პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკი, მათ შორის, მხედველობაში იღებს: ბ) კონკურენციის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის საკითხს; გ) წარდგენილი ტექნიკური გადაწყვეტების უსაფრთხოებას, მდგრადობას და ოპერაციულ საიმედოობას; დ) საგადახდო სისტემებთან და ბაზრის სხვა მონაწილეებთან თავსებადობას; ე) საერთაშორისო პრაქტიკასა და ტექნოლოგიური ნეიტრალობის პრინციპს. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს წარდგენილი პროგრამული გადაწყვეტების დაზუსტება ან/და ცვლილება; ბ) მოითხოვოს წარდგენილი ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტის/ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტების ან/და ტექნიკური გადაწყვეტების დაზუსტება, გაერთიანება ან/და ცვლილება; გ) საჭიროების შემთხვევაში განსაზღვროს ჭკვიანი მარშრუტიზაციის დანერგვისთვის სავალდებულო დამატებითი ტექნიკური ან/და პროცედურული მოთხოვნები. 4. საქართველოს ეროვნული ბანკი ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებულ სუბიექტებს უგზავნის წერილობით შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინებითაც აღნიშნული სუბიექტები ვალდებული არიან წარადგინონ განახლებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადებში. 5. საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ჭკვიანი მარშრუტიზაციის ერთიან სტანდარტს/ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტებს ან/და ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტების მინიმალურ მოთხოვნებს, რომელიც სავალდებულოა ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტებისთვის. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სამართლებრივ აქტს საქართველოს ეროვნული ბანკი თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს. 7. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მისაღებად მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. მუხლი 7. საგადახდო სისტემისა და სისტემის ოპერატორის ვალდებულებები 1. საგადახდო სისტემა და სისტემის ოპერატორი ვალდებული არიან, ამ წესის და ჭკვიანი მარშრუტიზაციის ერთიანი სტანდარტის/ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტების ან/და ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტების მინიმალური მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყონ საგადახდო სისტემის ფუნქციონირების დონეზე ჭკვიანი მარშრუტიზაციის დანერგვის ტექნიკური მხარდაჭერა, მათ შორის:
ა) საჭირო ტექნიკური ინტერფეისების, პარამეტრებისა და ფუნქციონალის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გ) ოპერაციების დამუშავების პროცესში ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტის/ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტების, ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტების მინიმალური მოთხოვნების შესრულების ტექნიკური უზრუნველყოფა.
2. საგადახდო სისტემა და სისტემის ოპერატორი ვალდებული არიან ჭკვიანი მარშრუტიზაციის ტექნიკური მხარდაჭერისას: ბ) არ მიანიჭონ არამართლზომიერი უპირატესობა რომელიმე გადახდის სისტემას, ქსელს ან მომსახურებას; გ) უზრუნველყონ, რომ მხარდაჭერის პროცესმა არ შეზღუდოს მომხმარებლის (მათ შორის, სავაჭრო/მომსახურების ობიექტის) მიერ გადახდის სისტემის/მეთოდის არჩევის უფლება. 3. საგადახდო სისტემა და სისტემის ოპერატორი ვალდებული არიან, საქართველოს ეროვნულ ბანკს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინონ ინფორმაცია/დოკუმენტაცია ჭკვიანი მარშრუტიზაციის დანერგვის ტექნიკური მხარდაჭერის განხორციელების სტატუსის, ტექნიკური შეზღუდვებისა და შესაძლო რისკების შესახებ. 4. საგადახდო სისტემა და სისტემის ოპერატორი ვალდებული არიან, დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს ეროვნულ ბანკს იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც შეიძლება უარყოფითად აისახოს ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტის/ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტების ან/და ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტების მინიმალური მოთხოვნების დროულ ან/და სრულფასოვან დანერგვაზე. მუხლი 8. ჭკვიანი მარშრუტიზაციის მონიტორინგი და ანგარიშგება 1. ამ წესის მე-4 მუხლში მითითებული სუბიექტები, ასევე საგადახდო სისტემა და სისტემის ოპერატორი ვალდებული არიან, უზრუნველყონ ჭკვიანი მარშრუტიზაციის ფუნქციონირების უწყვეტი მონიტორინგი, მათ შორის: ა) ჭკვიანი მარშრუტიზაციით მიღებული გადაწყვეტილებების შედეგების ანალიზი; ბ) ტექნიკური შეფერხებებისა და სათადარიგო (fallback) სცენარების გამოყენების სიხშირის აღრიცხვა; გ) მომხმარებელთა (მათ შორის, სავაჭრო/მომსახურების ობიექტების) საჩივრების და ინციდენტების სტატისტიკის წარმოება. 2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის პერიოდული ან/და ერთჯერადი ანგარიშგების სახით წარდგენა. 3. ჭკვიანი მარშრუტიზაციის მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაცია და შედეგების ანალიზი უნდა გამოიყენებოდეს ჭკვიან მარშრუტიზაციასთან დაკავშირებული ოპერაციული, ტექნიკური და უსაფრთხოების რისკების იდენტიფიცირების, შეფასებისა და მართვისთვის, აგრეთვე, ჭკვიანი მარშრუტიზაციის ეფექტიანობის, უსაფრთხოების და მომხმარებელთა (მათ შორის, სავაჭრო/მომსახურების ობიექტის) ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად. მუხლი 9. ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტსა და ტექნიკურ გადაწყვეტაში ცვლილების განხორციელება 1. ამ წესის მე-4 მუხლში მითითებული სუბიექტები, საგადახდო სისტემა და სისტემის ოპერატორი ვალდებული არიან ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტში ან ჭკვიანი მარშრუტიზაციის ტექნიკურ გადაწყვეტაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში ცვლილების (გარდა ცვლილებებისა, რომელთა მიზანია საოპერაციო ან/და კიბერრისკების შემცირება) განხორციელებამდე არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე აცნობონ საქართველოს ეროვნულ ბანკს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ წესის მე-4 მუხლში მითითებული სუბიექტები, საგადახდო სისტემა და სისტემის ოპერატორი ვალდებული არიან, საქართველოს ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინონ განახლებული დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს დაგეგმილი ცვლილების შინაარსს, მიზანს, ტექნიკურ და ოპერაციულ გავლენას. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მოითხოვოს ცვლილების დაზუსტება, შეზღუდვა ან/და გადავადება. 4. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეროვნული ბანკი ეთანხმება ამ მუხლით გათვალისწინებულ ცვლილებას, მას ამ წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სამართლებრივ აქტში შეაქვს შესაბამისი ცვლილება. მუხლი 10. ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტის დანერგვის ვადა ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტები ვალდებული არიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული ჭკვიანი მარშრუტიზაციის ერთიანი სტანდარტი/ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტები ან/და ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტების მინიმალური მოთხოვნები დანერგონ მათი დამტკიცებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვის ვადაში, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემულ შესაბამის სამართლებრივ აქტში სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. მუხლი 11. გარდამავალი დებულებები 1. ამ წესის მე-3 მუხლში მითითებულმა სუბიექტებმა საქართველოს ეროვნულ ბანკს იმავე მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა წარუდგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 1 აპრილისა. 2. ჭკვიანი მარშრუტიზაციის განმახორციელებელი საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ექვაირერი და სუბ-ექვაირერი ვალდებული არიან, საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარუდგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 1 აპრილისა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები