დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1477-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 01/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 02/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.103033 |
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მსუბუქი ავტომობილისთვის (გარდა სპორტული დანიშნულების ავტომობილისა) და მოტოციკლისთვის (მოპედის ჩათვლით) – მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით;“. 2. 188-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის: ა.ა) ცხრილის მე-4 გრაფა ამოღებულ იქნეს; ა.ბ) შენიშვნის მე-3−მე-5 ნაწილები ამოღებულ იქნეს; ბ) მე-11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12−მე-18 ნაწილები: „12. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული 0-დან 6 წლის ასაკის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილისთვის აქციზის განაკვეთია 1.50 ლარი ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი. 13. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქი ავტომობილისთვის აქციზის განაკვეთია 4.50 ლარი ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე. 14. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული 0-დან 6 წლის ასაკის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილისთვის ამ მუხლის მე-12 ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთი მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში 60 პროცენტით მცირდება. 15. აქციზის განაკვეთი ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული 0-დან 6 წლის ასაკის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილისთვის, რომელსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, შეადგენს იმავე ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთის სამმაგ ოდენობას. 16. აქციზის განაკვეთი ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქი ავტომობილისთვის, რომელსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, შეადგენს იმავე ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთის სამმაგ ოდენობას. 17. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ელექტროძრავიანი მსუბუქი ავტომობილისთვის, რომელსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, აქციზის განაკვეთი შეადგენს 3 000 ლარს. 18. ამ მუხლის მიზნებისთვის მსუბუქი ავტომობილის (გარდა სპორტული დანიშნულების ავტომობილისა) წლოვანება განისაზღვრება, როგორც სხვაობა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის, ხოლო იმპორტის შემთხვევაში – სხვაობა საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის.“. მუხლი 2. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილი ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი აქციზის განაკვეთით იბეგრება, თუ: ა) ავტომობილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია/ასახვა ან გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა 2026 წლის 2 აპრილამდე განხორციელდა; ბ) ავტომობილის ტრანსპორტირება 2026 წლის 2 აპრილამდე დაიწყო, რაც დასტურდება კონოსამენტით, რომელშიც აღნიშნულია საზღვაო გადამზიდავის მიერ ავტომობილის გემზე მიღების თარიღი, ან საზღვაო გადამზიდავის მიერ გაცემული დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს ავტომობილის საზღვაო კონტეინერში 2026 წლის 2 აპრილამდე ჩატვირთვას ან/და გამომგზავნ საზღვაო პორტში 2026 წლის 2 აპრილამდე მიღებას და რომელშიც სხვა მონაცემებთან ერთად მითითებულია კონტეინერის ნომერი და ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN); გ) ავტომობილის საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტით ტრანსპორტირება 2026 წლის 2 აპრილამდე დაიწყო, რაც დგინდება შესაბამისი გადაზიდვის დამადასტურებელი ზედნადებით (საავტომობილო ტრანსპორტის შემთხვევაში − საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო საგზაო გადაზიდვის ხელშეკრულების დადების დამადასტურებელი ზედნადებით (CMR)) ან გადამზიდავის მიერ გაცემული სხვა დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს ავტომობილის/ტვირთის გადასაზიდად 2026 წლის 2 აპრილამდე მიღებას/ჩატვირთვას და რომელშიც მითითებულია ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN/შასის ნომერი) ან/და ავტომობილის შესახებ სხვა მონაცემი, რომლითაც შესაძლებელია გადამზიდავის მიერ გადასაზიდად მიღებული/ჩატვირთული ავტომობილის იდენტიფიკაცია, ამასთანავე, ავტომობილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია/ასახვა ან გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა 2026 წლის 1 ივლისამდე განხორციელდა; დ) ავტომობილის თავისი სვლით ტრანსპორტირება 2026 წლის 2 აპრილამდე დაიწყო, რაც დასტურდება ავტომობილის შეძენის თაობაზე 2026 წლის 2 აპრილამდე შედგენილი/გაცემული საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებით/ანგარიშ-ფაქტურით (ინვოისით)/სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობით ან სატრანსპორტო საშუალების მოწმობიდან ამონაწერით, რომელშიც აღნიშნულია სატრანსპორტო საშუალებისა და მისი მესაკუთრის (შემძენის) მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, ამასთანავე, ავტომობილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია/ასახვა ან გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა 2026 წლის 1 ივლისამდე განხორციელდა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 2 აპრილიდან. |
თბილისი, 1 აპრილი 2026 წ. N1477-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები