„მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 ივლისის №229 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 ივლისის №229 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 215
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2026
ძალაში შესვლის თარიღი 22/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.025764
215
21/05/2026
ვებგვერდი, 22/05/2026
240140000.10.003.025764
„მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 ივლისის №229 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №215 

2026 წლის 21 მაისი

   ქ. თბილისი

 

„მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 ივლისის №229 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 ივლისის №229 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/07/2024, 240140000.10.003.024623) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და:

1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. სააქციო საზოგადოებამ – საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში  სახელმწიფო პროგრამა) „ტერმინთა განმარტება“  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

ტერმინთა განმარტება

პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პროგრამა − „მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“;

ბ) კორპორაცია − სააქციო საზოგადოება – საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია;

გ) მეწარმე სუბიექტი − „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული პირი, გარდა სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა;

დ) ბენეფიციარი − მეწარმე სუბიექტი, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული აქვს სესხი და ამავე პროგრამის ფარგლებში მიიღებს/იღებს  შესაბამის მხარდაჭერას;

ე) სესხი − კომერციული ბანკის/მიკრობანკის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარზე დამტკიცებული/გაცემული სესხი;

ვ) კომერციული ბანკი − „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი, რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში კორპორაციას გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება. აღნიშნული ტერმინი შემდგომში ასევე მოხსენიებულია, როგორც ბანკი;

ზ) მიკრობანკი − „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიკრობანკი, რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში კორპორაციას გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება. ამ პროგრამის ფარგლებში და პროგრამის მიზნებისათვის, აღნიშნული ტერმინი შემდგომში ასევე მოხსენიებულია, როგორც ბანკი;

თ)  დეფოლტი − ბენეფიციარის მიერ ბანკის წინაშე პროგრამის ფარგლებში გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველზე ბანკის მიერ ბენეფიციარისთვის სესხის თანხის სრულად დაბრუნების შესახებ შეტყობინების გაგზავნა ან ბენეფიციარის გადახდისუუნარობის საქმის დაწყება და ბანკის მიერ სესხის ამოღების მიზნით შესაბამისი ქმედებების განხორციელების დაწყება, მათ შორის და არამხოლოდ, სასამართლოსთვის ან/და არბიტრაჟისთვის მიმართვა, სააღსრულებო ფურცლის გაცემის მიზნით, ნოტარიუსისთვის მიმართვა, აღსრულების ორგანოსთვის ან/და კერძო აღმასრულებლისთვის მიმართვა ან/და ქონების დასაკუთრების/რეალიზაციის პროცედურის  დაწყების მიზნით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადახდევინების მიქცევის სხვა პროცედურის  დაწყების მიზნით, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსათვის/პირისთვის მიმართვა;

ი) სესხის რეფინანსირება − ბენეფიციარის მიერ მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში აღებული მიმდინარე სესხის გადაფარვა იმავე ან სხვა ბანკში აღებული რეფინანსირების სესხით, რომელიც არ აჭარბებს გადასაფარი სესხის დამტკიცებულ მოცულობას და მოიცავს მხოლოდ გადასაფარი სესხის ნარჩენ ძირსა და სესხზე არსებულ დამტკიცებულ, აუთვისებელ თანხას. ამასთან, დამტკიცებული, აუთვისებელი თანხა, თავის მხრივ, უნდა გაიცეს ამ პროგრამის მე-5 მუხლით განსაზღვრული პირობებით. ამასთან, ამ პროგრამის მიზნებისათვის არ დაიშვება მიმდინარე სესხის უცხოურ ვალუტაში რეფინანსირება;

კ) ხაზინა − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სახაზინო სამსახური;

ლ) შემოსავალი – მეწარმე სუბიექტის ან/და მისი დამფუძნებლის/წილის მესაკუთრის კალენდარული წლის ერთობლივი შემოსავალი, რომლის დადგენის წესი განისაზღვრება კორპორაციის დირექტორის მიერ;

მ) სადეპოზიტო ანგარიში − კორპორაციის მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბანკში ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გახსნილი ანგარიში, რომელიც განკუთვნილია ამავე პროგრამით განსაზღვრული კონკრეტული მიზნისათვის;

ნ) სხვა სადეპოზიტო ანგარიში − ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-7​​ პუნქტის განხორციელების მიზნით, კორპორაციის მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბანკში გახსნილი ანგარიში, რომელსაც ბანკი ყოველდღიურად არიცხავს საპროცენტო სარგებელს;

ო) აუთვისებელი თანხები − ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დადასტურებული სესხებისათვის გარანტირებული ნაწილის უზრუნველსაყოფად, ამავე პროგრამის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტიდან კორპორაციისთვის ჩარიცხული თანხა, რომლის განთავსებაც სადეპოზიტო ანგარიშ(ებ)ზე კორპორაციის მიერ არ განხორციელებულა ამავე პროგრამის მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად და არ არსებობს მისი ამ მიზნით შემდგომი გამოყენების საფუძველი. აღნიშნული თანხები, სრულად ან ნაწილობრივ, საქართველოს ფინანსთა სამინიტროსთან შეთანხმებით, კორპორაციის მიერ შესაძლოა, მიმართულ იქნეს ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ფორმირებულ საერთო სახსრებში;

პ) საერთო სახსრები − ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული თანხა, რომლის მოცულობის თაობაზე ინფორმაცია კორპორაციის მიერ ასახულია პროგრამულ უზრუნველყოფაში, რომელზედაც წვდომა აქვთ პროგრამაში ჩართულ ბანკებს;

ჟ) გუდვილი − ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS 3) შესაბამისად განსაზღვრული გუდვილი;

რ) საკრედიტო ხაზი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის“ მე-2 მუხლის „ჰ​​​1“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საკრედიტო ხაზი;

ს) სესხის გარანტირებული ნაწილი − ამ პროგრამის პირობების შესაბამისად გაცემულ სესხზე ბანკში კორპორაციის მიერ განთავსებული/ განსათავსებელი თანხა;

ტ) განაცხადი − კორპორაციის მიერ დადგენილი ფორმით ბანკის მიერ კორპორაციაში წარდგენილი დოკუმენტი სადეპოზიტო ანგარიშზე სესხის გარანტირებული ნაწილის ჩარიცხვის თაობაზე.“.

3. სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3.   პროგრამის განხორციელება

1. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო), რომელიც ასევე  უზრუნველყოფს კორპორაციის მიერ ამავე პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას.

2. კორპორაციასა და ბანკებს შორის, პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები.

3. კორპორაცია უფლებამოსილია, რისკების შეფასების საფუძველზე, შეუჩეროს ან შეუწყვიტოს კონკრეტულ ბანკს პროგრამაში მონაწილეობის უფლება, რის შესახებაც მინიმუმ 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღით ადრე უნდა აცნობოს მას. აღნიშნული არ გამოიწვევს უკვე გაცემული გარანტიების გაუქმებას.

4. კორპორაცია, სამინისტროსთან შეთანხმებით, უფლებამოსილია ეკონომიკის გარკვეულ სექტორში (მათ შორის, სექტორში შემავალ ცალკეულ საქმიანობის სახეებში) ან/და რეგიონში სესხების მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში, შესაბამისი ანალიზის საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტულ სექტორში (მათ შორის, სექტორში შემავალ ცალკეულ საქმიანობის სახეებში) ან/და კონკრეტულ რეგიონში პროგრამის ფარგლებში სესხის გაცემის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული არ გამოიწვევს პროგრამის ფარგლებში უკვე გაცემულ სესხებზე მხარდაჭერის შეწყვეტას.

5. კორპორაცია, სამინისტროსთან შეთანხმებით, უფლებამოსილია, რისკების (როგორებიცაა: ბანკის მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედება ან/და პროგრამის პირობების დარღვევა ან არაჯეროვანი შესრულება) შეფასების საფუძველზე, შეუჩეროს ან შეუწყვიტოს კონკრეტულ ბანკს პროგრამაში მონაწილეობის უფლება, რის შესახებაც მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე უნდა აცნობოს მას.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას კორპორაცია მოქმედებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ბანკისათვის ყოველგვარი დასაბუთების წარდგენის გარეშე.“.

4. სახელმწიფო პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის ფარგლებში სესხი არ დამტკიცდება მეწარმე სუბიექტზე, რომელმაც ამავე პროგრამის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დიაგნოსტიკის გავლის ეტაპზე ამ პროგრამის ან/და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის − „საკრედიტო საგარანტიო სქემის“ ფარგლებში ერთხელ უკვე განიცადა დეფოლტი ან/და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის − „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ან/და უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილის 12​34 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეუწყდა თანადაფინანსება ან/და რეგისტრირებულია კორპორაციის ვადაგადაცილებულ დებიტორად ან/და მის წინააღმდეგ დაწყებულია სამართლებრივი დავა.“.

5. სახელმწიფო პროგრამის მე-5 მუხლის:

ა)  მე-4  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხზე ბანკის მიერ დასარიცხი წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ოდენობას განსაზღვრავს კორპორაცია, სამინისტროსთან შეთანხმებული წესის შესაბამისად.“;

ბ) მე-8მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პროგრამის ფარგლებში სესხი/სესხის პირველი ტრანში (რომელიც უნდა იყოს არანაკლებ 20 000 ლარისა) უნდა გაიცეს კორპორაციის მიერ სესხის დადასტურებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვის ვადაში. ამ ვადის დარღვევით სესხის/სესხის ტრანშის გაცემის შემთხვევაში კორპორაცია არ განახორციელებს მეწარმე სუბიექტის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერას.

9. პროგრამის ფარგლებში სესხი სრული ოდენობით უნდა გაიცეს კორპორაციის მიერ სესხის დადასტურებიდან არაუგვიანეს 6 (ექვსი) თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნულ სესხზე ტრანშის გაცემა არ დაიშვება.

10. ბენეფიციარი ვალდებულია, უზრუნველყოს სესხის მიზნობრივი ათვისება/ხარჯვა პროგრამის ფარგლებში სესხის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) წლის ვადაში, რომელიც დასტურდება კორპორაციის მიერ დადგენილი ფორმით განხორციელებული მონიტორინგის შედეგად.“;

გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ბენეფიციარის მიერ ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული პირობის დარღვევის შემთხვევაში კორპორაცია უფლებამოსილია, მისცეს ბენეფიციარს გონივრული ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად, წინააღმდეგ შემთხვევაში მეწარმე სუბიექტი კარგავს პროგრამის ბენეფიციარის სტატუსს, რომლის დროსაც კორპორაცია ვალდებულია, კონკრეტულ სესხზე შეწყვიტოს გარანტია და მოითხოვოს ბანკისგან სესხის გარანტირებული ნაწილის უკან დაბრუნება. ამასთან, ზემოაღნიშნული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი ასევე სარგებლობდა ამ პროგრამის მე-10 მუხლის შესაბამისად სესხის პროცენტის სუბსიდირებით, ბენეფიციარი ასევე ვალდებულია, დაუყოვნებლივ დააბრუნოს კორპორაციის მიერ პროგრამის ფარგლებში გადახდილი თანხები.“.

6. სახელმწიფო პროგრამის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. პროგრამის განხორციელების პროცესი

1. პროგრამა ხორციელდება კორპორაციის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის/უზრუნველყოფების გამოყენებით.

2. პროგრამაში ჩართვისთვის მეწარმე სუბიექტი გადის კორპორაციის მიერ დამტკიცებულ დიაგნოსტიკას (შემდგომში − დიაგნოსტიკა).

3. დიაგნოსტიკის შედეგად მეწარმე სუბიექტისთვის პროგრამაში ჩართვის საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში, კორპორაცია მეწარმე სუბიექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას აგზავნის შესაბამის ბანკ(ებ)ში, პროგრამის ფარგლებში სესხის დამტკიცების მიზნით.

4. ბანკი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღების შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას სესხის დამტკიცებასთან დაკავშირებით, რომელსაც აცნობებს კორპორაციას შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით. ამასთან, პროგრამის ფარგლებში სესხ(ებ)ი უნდა იქნეს დამტკიცებული ბანკ(ებ)ის მიერ ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

5. სესხის დამტკიცების შემთხვევაში,  ინფორმაციის მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში კორპორაცია ადასტურებს ან უარყოფს სესხის ძირითადი მახასიათებლების შესაბამისობას პროგრამის პირობებთან. კორპორაციის დასტურის შემთხვევაში სესხი მიიჩნევა პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულად.“.

7. სახელმწიფო პროგრამის მე-7 მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხებისთვის გარანტირებული ნაწილის უზრუნველყოფის მიზნით:

ა) კორპორაცია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბანკში გახსნას სადეპოზიტო ანგარიში, რომელზეც არ განხორციელდება საპროცენტო სარგებლის დარიცხვა, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული სხვა სადეპოზიტო ანგარიშისა;

ბ​​) სამინისტრო, პროგრამით განსაზღვრული ასიგნების ფარგლებში, უზრუნველყოფს კორპორაციისათვის თანხის გადარიცხვას, სახელმწიფო ხაზინაში არსებულ, კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სესხების გარანტირებული ნაწილის უზრუნველყოფის მიზნით, ამ პროგრამით გათვალისწინებული წესითა და ოდენობით;

გ) კორპორაცია ვალდებულია, პროგრამით განსაზღვრული წესის დაცვით, სახელმწიფო ხაზინაში მის ანგარიშზე ან/და ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული თანხა განათავსოს ბანკში ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე. ამასთანავე, პირველ რიგში, დეპოზიტზე განთავსდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით პროგრამისთვის ამ მიზნით გამოყოფილი თანხა.

4. ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კორპორაციის მიერ დადასტურებული სესხებისათვის/სესხების ტრანშებისათვის ჩაურიცხავი სესხის გარანტირებული ნაწილის უზრუნველყოფის მიზნით:

ა) იმავე წლის ასიგნებების ფარგლებში − კორპორაციის ოფიციალური მიმართვის საფუძველზე სამინისტრო პროგრამით განსაზღვრულ ფარგლებში უზრუნველყოფს აღნიშნული სესხებისათვის განკუთვნილი თანხის გადარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებულ კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე;

ბ) მომდევნო წლის ასიგნებების ფარგლებში − იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ჩარიცხული თანხა სრულად არ არის საკმარისი კორპორაციის მიერ დადასტურებული სესხების შესაბამისად აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, კორპორაციის ოფიციალური მიმართვის საფუძველზე სამინისტრო პროგრამით განსაზღვრულ ფარგლებში უზრუნველყოფს აღნიშნული სესხებისათვის განკუთვნილი თანხის გადარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებულ კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე. ამასთან, სამინისტროს მიერ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვა არ ჩაითვლება წინა პერიოდის ვალდებულებების დაფარვად;

გ) კორპორაცია ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას ან სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას განათავსებს შესაბამის ბანკში ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გახსნილ კორპორაციის სადეპოზიტო ანგარიშზე, ამ პროგრამით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. ამასთან, პირველ რიგში, დეპოზიტზე განთავსდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით პროგრამისთვის ამ მიზნით გამოყოფილი თანხა.“;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ პროგრამის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ბანკებიდან ან/და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სხვა გზით სახელმწიფო ხაზინაში არსებული კორპორაციის სხვა შემოსავლების ანგარიშზე დაბრუნებული/მოზიდული სახსრები, მათ შორის, ამ მუხლის მე-7 პუნქტით სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე დარიცხული სარგებელი, ამ პროგრამის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ამოღებული თანხა და მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ყოველი საბიუჯეტო წლისათვის გამოყოფილი ასიგნებები წარმოადგენს ამავე პროგრამის ფარგლებში სესხების გარანტირებული ნაწილის უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებულ საერთო სახსრებს.

7. კორპორაცია, ხაზინაში მის სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე არსებულ თანხას (მათ შორის, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ფორმირებული საერთო სახსრები), თუ იგი ამ პროგრამის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გადაირიცხა სადეპოზიტო ანგარიშებზე, განათავსებს მის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შერჩეულ ბანკში გახსნილ სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე. ამ ანგარიშზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი ბანკის მიერ ირიცხება სახელმწიფო ხაზინაში კორპორაციის სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე და კორპორაციის მიერ მიიმართება ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ფორმირებულ საერთო სახსრებში.“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პროგრამაში მონაწილე ბანკის მიერ ამავე პროგრამაში მონაწილეობაზე უარის თქმისას მისთვის გამოყოფილი აუთვისებელი სესხის გარანტირებული ნაწილი კორპორაციის მიერ მიიმართება ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ფორმირებულ საერთო სახსრებში პროგრამაში მონაწილეობაზე ბანკის მიერ უარის თქმიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.“;

დ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. პროგრამის ფარგლებში, ბანკის მიერ ბენეფიციარისთვის სესხზე მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღირებულებისა და გარანტიის მოცულობის ჯამის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ძირი თანხის მთლიანი მოცულობის 110 (ას ათი) პროცენტს. სესხზე მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღირებულებისა და გარანტიის მოცულობის ჯამის მაქსიმალურ ოდენობაში არ გაითვალისწინება როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირის თავდებობა. ამასთანავე, თუ სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებულია ის ქონება, რომელიც ერთხელ ან რამდენჯერმე უკვე დაგირავებულია სხვა სესხის/სესხების უზრუნველსაყოფად, პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხზე მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღირებულებისა და გარანტიის მოცულობის ჯამური ოდენობა დაითვლება ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კორპორაციასა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

12. გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის მოცულობისა, ბანკი ვალდებულია, მოახდინოს პროგრამის ფარგლებში შეძენილი/შექმნილი ძირითადი საშუალებ(ებ)ის დატვირთვა, იმავე სესხის უზრუნველსაყოფად (კორპორაციის მიერ ამ სესხზე გაცემული გარანტიის ნაწილობრივ გამოთავისუფლებით ან გარეშე), რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს სესხის პირველად უზრუნველყოფას. ამასთან, ამ პროგრამის მიზნებისათვის, სამინისტროსთან შეთანხმებით, კორპორაციის დირექტორი განსაზღვრავს დასატვირთ ძირითად საშუალებებსა (საშუალებები) და აღნიშნული აქტივების დატვირთვის წესს.“.

8. სახელმწიფო პროგრამის მე-8 მუხლის:

ა) პირველი – მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სესხის/სესხის ტრანშის გაცემის შემდეგ, ბანკი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, კორპორაციასთან შეთანხმებული ფორმით და ვადაში, წარუდგენს მას განაცხადს სესხის გარანტირებული ნაწილის მოთხოვნის თაობაზე.

2.  კორპორაციის მიერ ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სადეპოზიტო ანგარიშზე ჩასარიცხი სესხის გარანტირებული ნაწილის ოდენობა განისაზღვრება ბანკის მიერ წინა თვის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხებზე მოთხოვნილი გარანტიის სრული ოდენობით, თუმცა არაუმეტეს სესხის ძირი თანხის 80 პროცენტის ოდენობისა.

3. კორპორაცია  სესხის გარანტირებული ნაწილის ჩარიცხვას უზრუნველყოფს ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ბანკებში გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე არაუგვიანეს ყოველი თვის 15 რიცხვამდე.

4. ყოველი თვის 5  რიცხვამდე ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული სესხების ძირი თანხის დაფარვების შესაბამისად თანხის დაბრუნებას სახელმწიფო ხაზინაში კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე.

5. ბანკი უზრუნველყოფს გარანტიის ვადის ამოწურვის, გარანტიაზე სრულად უარის თქმის ან გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში სესხის ძირი თანხის ნაშთის გარანტირებული ნაწილის ჩარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებულ კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე გარანტიის ვადის ამოწურვიდან, გარანტიაზე სრულად უარის თქმიდან, გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ბანკი, ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კორპორაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმითა (წერილობით, ელექტრონულად, პროგრამული უზრუნველყოფით) და პერიოდულობით, უზრუნველყოფს კორპორაციისთვის პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების, სესხის დაფარვების, ვადაგადაცილებებისა და დეფოლტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.“.

9. სახელმწიფო პროგრამის მე-9 მუხლის:

ა)  მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეფოლტის დადგომის შემთხვევაში ბანკი დაუყოვნებლივ აცნობებს კორპორაციას და აწვდის ინფორმაციას ასათვისებელი გარანტირებული ნაწილის ოდენობის თაობაზე (შემდგომში − ასათვისებელი თანხა).

3. ასათვისებელი თანხა წარმოადგენს პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის დეფოლტის საფუძველზე წარმოქმნილი ფინანსური რისკის გადანაწილების მიზნით ბანკის მიერ კორპორაციის სადეპოზიტო ანგარიშიდან ჩამოსაჭრელ სესხზე დარჩენილი გარანტირებული ნაწილის მოცულობას, რომელიც განისაზღვრება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ბანკსა და კორპორაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კორპორაციის მიერ ასათვისებელი თანხის ოდენობის სისწორის დადასტურების შემდეგ, ბანკი უფლებამოსილია, ჩამოჭრას სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული თანხიდან ასათვისებელი თანხის ოდენობა.“;

გ) მე-7მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პროგრამის ფარგლებში გადეფოლტებული სესხის ამოღების შედეგად მიღებული თანხიდან პირველ რიგში დაკმაყოფილდება ბანკის სესხის ამოღებასთან დაკავშირებული ხარჯი, შემდგომ დაკმაყოფილდება სესხის ძირზე ბანკის მოთხოვნა (გარდა ბანკის მიერ ბენეფიციარისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს, ჯარიმის ან/და ნებისმერი სახის სანქციისა) სრულად და თანხის დარჩენის შემთხვევაში აღნიშნული თანხის ფარგლებში მოხდება კორპორაციის მოთხოვნის დაკმაყოფილება, სესხის ამოღების შედეგად მიღებული გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, რომელიც ჩარიცხული უნდა იყოს ხაზინაში კორპორაციის სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე.

8. სესხის ამოღების შედეგად ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მიღებული თანხის გადანაწილების საფუძველზე, ხაზინაში კორპორაციის სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე გადარიცხული თანხა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშიდან ბანკის მიერ ჩამოჭრილი ასათვისებელი თანხის ფაქტობრივ ოდენობას.

9. იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამოღების პროცესში ვერ მოხდა უზრუნველყოფილი ქონების რეალიზაცია და, აქედან გამომდინარე, განხორციელდა ბანკის მიერ ბენეფიციარის ქონების დასაკუთრება, ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების რეალიზაცია უნდა განხორციელდეს მაქსიმუმ 2 (ორი) წლის განმავლობაში, კორპორაციისთვის კუთვნილი (ძირის გარანტირებული ნაწილის) ნაწილის ჩარიცხვა ხაზინაში კორპორაციის სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე განხორციელდება ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების რეალიზაციისა და მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად. აღნიშნული თანხები კორპორაციის მიერ მიიმართება ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ფორმირებულ საერთო სახსრებში.

10. თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ მოხდა დასაკუთრებული ქონების რეალიზაცია, აღნიშნული ქონების სალიკვიდაციო ღირებულების ხელახალი შეფასების საფუძველზე, ორი თვის განმავლობაში ბანკი უზრუნველყოფს კორპორაციისთვის კუთვნილი ნაწილის ჩარიცხვას ხაზინის ერთიან ანგარიშზე, ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად.“.

10. სახელმწიფო პროგრამის მე-10 მუხლის:

ა) პირველიმე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხზე ამავე პროგრამის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ბანკის მიერ პირველი ტრანშის გაცემის მომენტიდან დარიცხული 5 (ხუთი) წლის საპროცენტო განაკვეთის სრული ოდენობის სუბსიდირებით (დაფინანსებით) დამატებით ისარგებლებს ის ბენეფიციარი, რომელიც დიაგნოსტიკის გავლისას აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ პირობას მაინც:

ა) დიაგნოსტიკის შედეგად არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის“ ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურების მისაღებად განსაზღვრულ კრიტერიუმებს; 

ბ) არის ქალი მეწარმე. ამასთან, იურიდიული პირის შემთხვევაში, პროგრამის მიზნებისთვის, ქალ მეწარმედ მიიჩნევა მხოლოდ ის მეწარმე სუბიექტი, რომელსაც პროგრამაში ჩართვამდე ბოლო 6 თვის მანძილზე ჰყავს 100%-იანი წილის მესაკუთრე ქალ(ებ)ი;

გ) ბიზნესის განხორციელების ადგილია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში გათვალისწინებული დასახლება;

დ) ჩართულია სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტში − „მზის კარი“ (შემდგომში − პროექტი). ამასთან, კორპორაცია მოახდენს საპროცენტო განაკვეთის სრულ სუბსიდირებას იმ შემთხვევაშიც, თუ ბენეფიციარი პროგრამის ფარგლებში სესხის დამტკიცების შემდგომ ჩაერთვება პროექტში. ამ შემთხვევაში კორპორაციის მიერ დარიცხული საპროცენტო განაკვეთის სრული ოდენობით სუბსიდირება განხორციელდება პროექტში ჩართვის მომენტიდან, თუმცა არაუმეტეს სესხის/სესხის პირველი ტრანშის გაცემიდან 5 წლის ვადით.

2. კორპორაცია, ამ მუხლის პირველი პუნქტის აღსრულების მიზნით, სესხის პროცენტის სუბსიდიას რიცხავს სპეციალურად აღნიშნული მიზნით გახსნილ ბანკის სატრანზიტო ანგარიშზე. ბანკის მიერ ბენეფიციარის კონკრეტული ვალდებულებისათვის თანხის მიმართვის წესი რეგულირდება ბანკსა და კორპორაციას შორის ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების შესაბამისად. ბანკი ვალდებულია კორპორაციის წილი ვალდებულების (სუბსიდირების) ბენეფიციარისათვის დაფარვის შემდეგ, სატრანზიტო ანგარიშზე თანხის დარჩენის შემთხვევაში, ნაშთი დააბრუნოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს კორპორაციას.

3. ბანკი ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სატრანზიტო ანგარიშზე აწარმოოს მონიტორინგი თანხების ბრუნვის თაობაზე და მიაწოდოს კორპორაციას ინფორმაცია მასთან შეთანხმებული პერიოდულობით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 5 წელზე ნაკლებია, კორპორაცია განახორციელებს გაცემულ სესხზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული სესხის ვადით.“.

 11. სახელმწიფო პროგრამის მე-11 და მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. გრანტის კომპონენტი

1. ამ პროგრამის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარი ასევე უფლებამოსილია, მიმართოს კორპორაციას პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული და ამავე პროგრამის    მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში სრულად ათვისებული სესხის მოცულობის 25%-ის (შემდგომში − გრანტი) ოდენობით ანაზღაურების მოთხოვნით, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად.

2.  ბენეფიციარს გრანტის განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი მხრიდან მოხდება პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სესხის სრული ოდენობით ათვისება, რომელიც დასტურდება ამ პროგრამის მე-12 მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის შედეგად. ამასთან, ბენეფიციარი უფლებამოსილია, საგრანტო განაცხადი წარადგინოს კორპორაციაში არაუგვიანეს სესხის პროგრამის ფარგლებში დამტკიცებიდან 2 წლის ვადაში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი გრანტის კომპონენტის გამოყენების მსურველი ბენეფიციარი გრანტის განაცხადით მიმართავს კორპორაციას, რომელიც, თავის მხრივ, განაცხადის წარდგენიდან 3 კალენდარული თვის ვადაში ახდენს გრანტის ბენეფიციარისათვის ჩარიცხვას ბენეფიციარის მიერ განაცხადში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

 მუხლი 12. პროგრამის მონიტორინგი

1. კორპორაცია, მის მიერ დადგენილი წესითა და ვადებში, უზრუნველყოფს ბენეფიციარის ან/და ბანკის მხრიდან პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს. ბანკი, თავის მხრივ, ვალდებულია, ხელი შეუწყოს კორპორაციას ამ პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის ჩატარებაში.

2. ბენეფიციარის მხრიდან პროგრამის არამიზნობრივი განხორციელების აღმოჩენის ან/და პროგრამით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს კორპორაციას აღნიშნულის თაობაზე.

3. პროგრამის ფარგლებში კორპორაცია უფლებამოსილია, კომერციული ბანკისგან მოითხოვოს სესხთან/ბენეფიციართან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა.

4. თუ კორპორაციის მონიტორინგის შედეგად დადგინდა მიზნობრიობის ან/და პროგრამით განსაზღვრული  სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევა/შემთხვევები, კორპორაცია იმოქმედებს  ამავე პროგრამის მე-5 მუხლის მე-12 პუნქტითა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.“.

12. სახელმწიფო პროგრამის მე-13 მუხლის:

ა)  პირველი და მე-2  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებები.

2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა, დაფინანსდეს საერთაშორისო ან/და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით. ამ შემთხვევაში შესაძლებელია დაფინანსება სრული/ნაწილობრივი ოდენობით მოხდეს დონორი ორგანიზაციის მეშვეობით ან/და ჩაირიცხოს სახელმწიფო ხაზინაში არსებულ კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კორპორაცია განსაზღვრავს ყოველი საბიუჯეტო წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამის გარანტიის კომპონენტისთვის გამოყოფილი ასიგნებების მოცულობას, რომელიც უნდა მიიმართოს ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ფორმირებულ საერთო სახსრებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 22 მაისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე