„იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 217
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2026
ძალაში შესვლის თარიღი 22/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 190000000.10.003.025766
217
21/05/2026
ვებგვერდი, 22/05/2026
190000000.10.003.025766
„იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №217

2026 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

 

„იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №387 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/06/2020, 190000000.10.003.022101) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. სააქციო საზოგადოებამ – საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის − „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმი“ (შემდგომში  სახელმწიფო პროგრამა) პირველი მუხლის:

ა)  „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) პროექტის თანადაფინანსება – სახელმწიფო პროგრამის სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში კორპორაციის მხრიდან კომერციული ბანკის მიერ გაცემულ იპოთეკურ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის პროგრამით განსაზღვრული პირობებით დაფარვა;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) კორპორაცია − სააქციო საზოგადოება – საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია;“;

გ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ხელშეკრულება − კორპორაციასა და კომერციულ ბანკს შორის ამ პროგრამის ფარგლებში  (მისი ორივე კომპონენტის ან ერთ-ერთის მაინც) ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება;“;

დ) „რ“„ტ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) მიმართვის ფორმა – საგარანტიო კომპონენტის ფარგლებში, კორპორაციასა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი ფორმით კომერციული ბანკის მიერ კორპორაციაში წარდგენილი დოკუმენტი, სადეპოზიტო ანგარიშზე  პორტფელის შემადგენელი სესხისთვის  გათვალისწინებული საგარანტიო თანხის ჩარიცხვის თაობაზე;

ს) მიმართვა – კოპორაციასა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი ფორმით პროგრამის ფარგლებში ფიზიკური პირის მიერ კომერციულ ბანკში დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე;

ტ) განაცხადი – კორპორაციასა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი ფორმით  სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ კორპორაციაში წარსადგენი დოკუმენტი/ინფორმაცია მის პორტფელში კომპონენტით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სესხებისათვის, თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვის თაობაზე, იმ ბენეფიციარების მიხედვით, რომელთაც განაცხადის წარდგენის დღისათვის შესრულებული აქვთ ბანკის მიმართ არსებული ვალდებულებები.“.

3. სახელმწიფო პროგრამის მე-2 მუხლის:

ა)  მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ასევე უზრუნველყოფს კორპორაციის მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას.

3. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს კორპორაცია.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. კორპორაცია უფლებამოსილია, ფიზიკურ პირს უარი უთხრას პროგრამაში მონაწილეობაზე, თუკი იგი პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში ან/და გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება.“.

4. სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებები.“.

5. სახელმწიფო პროგრამის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კორპორაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დამტკიცებული პროექტებისათვის უზრუნველყოფს:

ა) კომერციული ბანკის მიერ კომპონენტის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში განსაზღვრული კრიტერიუმებისა და ლიმიტების შესაბამისად;

ბ) სუბსიდირების კომპონენტის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას.

2. კორპორაციასა და კომერციულ ბანკებს შორის სუბსიდირების კომპონენტის ეფექტიანად განხორციელების მიზნით ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები.“.

6. სახელმწიფო პროგრამის მე-5 მუხლის:

ა)  მე-4მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომერციული ბანკის მიერ ამ კომპონენტის მიხედვით კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, კორპორაცია, ამავე მუხლით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში, ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ კომპონენტის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, სესხის გაცემიდან 60 (სამოცი) თვის განმავლობაში (ამასთან, თუ კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 60 (სამოცი) თვეზე ნაკლებია, კორპორაცია განახორციელებს გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული სესხის ვადით), არაუმეტეს 4 %-ისა, შემდეგი წესით:

ა) მცურავ საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხ(ებ)ის შემთხვევაში – კორპორაციის თანადაფინანსების წილი განისაზღვრება დარიცხულ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 4.25 პროცენტის ოდენობით, იმ დრომდე, სანამ დარიცხული რეფინანსირების განაკვეთი გაუტოლდება 5 %-ს;

ბ) ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხ(ებ)ის შემთხვევაში – კორპორაციის თანადაფინანსების წილი განისაზღვრება ფიქსირებულად, სესხის ხელშეკრულების გაფორმების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 4.25 პროცენტის ოდენობით;

გ) ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხის მცურავ საპროცენტო განაკვეთში გადაყვანის შემთხვევაში – კორპორაციის თანადაფინანსების წილი საპროცენტო განაკვეთის ცვლილების დღემდე განისაზღვრება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შემდეგ ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

დ) მცურავ საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხის ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთში გადაყვანის შემთხვევაში – კორპორაციის თანადაფინანსების წილი საპროცენტო განაკვეთის ცვლილების დღემდე განისაზღვრება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შემდეგ ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

5. რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში, მცურავ საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხის შემთხვევაში კორპორაციის თანადაფინანსების წილი განისაზღვრება შეცვლილი რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 4.25%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 4%-ისა.

6. რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება არ იწვევს კორპორაციის თანადაფინანსების წილის ცვლილებას ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთში გაცემულ სესხებზე.

7. რეფინანსირების განაკვეთის 5%-მდე შემცირების შედეგად კორპორაციის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემული სესხისთვის შეწყვეტილი თანადაფინანსება განახლდება რეფინანსირების განაკვეთის 5%-ზე მეტად გაზრდისთანავე, თანადაფინანსების დარჩენილი ვადით.“;

ბ) მე-9მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. კორპორაცია კომერციული ბანკის მიერ კომპონენტის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ახორციელებს კორპორაციაში ბანკის მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანხის ბანკისათვის სპეციალურად აღნიშნული მიზნით გახსნილ ანგარიშზე გადარიცხვით, ხოლო ბანკი ახორციელებს ბენეფიციარის სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას სესხის მომსახურების გრაფიკის შესაბამისად.

10. ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, პროგრამის მოქმედების პერიოდში კორპორაციასა და კომერციულ ბანკს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

ა) კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში, კომპონენტის ბენეფიციარს კომერციული ბანკის მიმართ არ წარმოეშობა წინსწრებით დაფარვის საკომისიო/ჯარიმა;

ბ) კომერციული ბანკის მიერ ამ კომპონენტის ფარგლებში მიმდინარე კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში, არ უნდა იზრდებოდეს კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა ან/და კორპორაციის გადასახდელი თანადაფინანსების დარჩენილი ჯამური მოცულობა;

გ) სხვა კომერციული ბანკის მიერ კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში იმოქმედებს არაუმეტეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ასეთი შემთხვევებისათვის დაწესებული საკომისიო განაკვეთი;

დ) გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, კომერციული ბანკი უფლებამოსილია, მხოლოდ გადასახდელ ძირითად თანხაზე დაარიცხოს კომპონენტის ბენეფიციარს ჯარიმა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ვადაგადაცილებული თანხის 0.1 (ნული მთელი და ერთი მეათედი) პროცენტს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ე) კრედიტის გაცემისას დარღვევების დაფიქსირების, მათ შორის, კრედიტის გაცემისას ამ კომპონენტით ან/და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, კომერციულ ბანკს ეკისრება ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული ჯარიმა;

ვ) კომერციული ბანკის მიერ პროგრამით განსაზღვრული კრედიტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში დასაშვებია პარალელური კრედიტის გაცემა, რომლის დროსაც კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული ვადის ათვლა იწყება თავიდან;

ზ) კომერციული ბანკის ვალდებულება იპოთეკის საგანთან დაკავშირებით საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების ან/და ყადაღის) რეგისტრაციის შემთხვევაში უზრუნველყოს საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის აღმოჩენის დღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში  კორპორაციის  ინფორმირება.

11. ბანკი ვალდებულია, ბენეფიციარისათვის გათვალისწინებული თანხის ამ მუხლის მე-9 პუნქტით  განსაზღვრულ ანგარიშზე ზედმეტობის წარმოშობის შემთხვევაში რიცხული ნაშთი (ზედმეტობა) დააბრუნოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს კორპორაციას.

12. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, კორპორაცია უფლებამოსილია, სუბსიდირების კომპონენტთან დაკავშირებით დაადგინოს დამატებითი პირობები კომერციული ბანკებისათვის მათთან გაფორმებული ხელშეკრულებით.“.

7. სახელმწიფო პროგრამის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. კორპორაციის თანადაფინანსების შეწყვეტის პირობები

1. პროგრამის სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში, კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება კორპორაციის მიერ წყდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) ამ კომპონენტით დადგენილი პირობებით, კორპორაციის, კომერციული ბანკის და კომპონენტის ბენეფიციარის მიერ ამავე კომპონენტით განსაზღვრული ვალდებულებების სრულად შესრულებისას;

ბ) კომპონენტის ბენეფიციარის მიერ შესაბამის კომერციულ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას, კერძოდ, სესხის გრაფიკით გათვალისწინებული მინიმალური შენატანის 120 (ას ოცი) დღეზე მეტი ვადაგადაცილების ან/და კომერციული ბანკის სააღსრულებო ფურცლის მიღებისას;

გ) კომპონენტის ფარგლებში გაცემული კრედიტის კომპონენტით განსაზღვრული პირობების შეუსაბამოდ რესტრუქტურიზაცია /რეფინანსირებისას;

დ) კომპონენტის ბენეფიციარის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;

ე) იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმებისას;

ვ) სესხის ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტისას.

2. პროგრამის სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში, კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება კორპორაციის მიერ შეიძლება, შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ პროგრამით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

3. პროგრამის სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება კორპორაციის მიერ  წყდება, თუ აღნიშნულ კრედიტთან მიმართებით ბენეფიციარი იყენებს ამავე პროგრამის საგარანტიო კომპონენტსაც და ამ კომპონენტის ფარგლებში დადგა სესხის დეფოლტის შემთხვევა.“.

8. სახელმწიფო პროგრამის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კორპორაცია, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს კომერციული ბანკების მიერ კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხებიდან გამომდინარე კომერციული ბანკების ფინანსური რისკის გადანაწილებას, ამ პროგრამის მე-9 მუხლით განსაზღვრული პირობებისა და ლიმიტების შესაბამისად.

2. კორპორაციასა და კომერციულ ბანკებს შორის, იპოთეკური კრედიტის საგარანტიო კომპონენტის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები.“.

9. სახელმწიფო პროგრამის მე-9 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გარანტია წარმოადგენს კორპორაციასა და კომერციულ ბანკებს შორის კომერციული ბანკ(ებ)ის მიერ საგარანტიო კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხების დეფოლტის საფუძველზე წარმოქმნილი ფინანსური რისკის გადანაწილების ინსტრუმენტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნული კომპონენტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში და კომპონენტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომერციული ბანკის მიერ სესხებისთვის საგარანტიო თანხის უზრუნველყოფის მიზნით:

ა) კორპორაცია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომერციულ ბანკში გახსნას სადეპოზიტო ანგარიში;

ბ) სამინისტრო, კომპონენტით  განსაზღვრული  ასიგნების ფარგლებში, უზრუნველყოფს კორპორაციისთვის თანხის გადარიცხვას, სახელმწიფო ხაზინაში არსებულ კორპორაციის საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფის მიზნით, ამ კომპონენტით გათვალისწინებული წესითა და ოდენობით;

გ) კორპორაცია ვალდებულია, ამ კომპონენტით განსაზღვრული წესის დაცვით,  სახელმწიფო ხაზინაში მის ანგარიშზე, კომპონენტის ფარგლებში ჩარიცხული თანხა განათავსოს კომერციულ ბანკში, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე. ამ ანგარიშზე   დარიცხული საპროცენტო სარგებელი  ეკუთვნის სახელმწიფო ბიუჯეტს და ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში გადაირიცხება ხაზინის ერთიან ანგარიშზე და მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში. სახელმწიფო ბიუჯეტში ასევე მიიმართება კომპონენტის ფარგლებში აუთვისებელი (უკან მობრუნებული) თანხები.

4. კომერციული ბანკი უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტისა და კომერციულ ბანკს და კორპორაციას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში დადგენილი წესის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე არსებულ საგარანტიო თანხაზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვას ყოველდღიურად, რეფინანსირების განაკვეთის შესაბამისად.“.

10. სახელმწიფო პროგრამის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომერციული ბანკის მიერ კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარისთვის გაცემულ სესხზე კორპორაცია ახორციელებს გარანტიის უზრუნველყოფას დადგენილი ლიმიტების შესაბამისად.“.

 11. სახელმწიფო პროგრამის მე-12 მუხლის:

ა) მე-2მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომერციული ბანკი ამოწმებს ფიზიკური პირის შესაბამისობას დადგენილების მოთხოვნებთან და დასახელებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში კორპორაციას უგზავნის მიმართვის ფორმასა და საგარანტიო თანხის ჩარიცხვის მოთხოვნას.

3. კორპორაცია უზრუნველყოფს კომერციული ბანკის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისობის შემოწმებას კომპონენტის კრიტერიუმებსა და პირობებთან.

4. კომერციული ბანკის მიერ სესხის ძირითადი მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის კორპორაციისთვის მიწოდებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში კორპორაცია ადასტურებს ან უარყოფს სესხის ძირითადი მახასიათებლების შესაბამისობას პროგრამის კომპონენტის კრიტერიუმებსა და პირობებთან. კორპორაციის დასტურის შემთხვევაში სესხი ითვლება პროგრამის კომპონენტის ფარგლებში დამტკიცებულად.

5. კორპორაციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ლიმიტის ფარგლებში სადეპოზიტო ანგარიშზე განსათავსებელი საგარანტიო თანხის ოდენობა განისაზღვრება კომერციულ ბანკის მიერ წინა თვის განმავლობაში კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხების ჯამური მოცულობის 4 პროცენტის ოდენობით.

6. კორპორაცია  გარანტიის თანხის ჩარიცხვას უზრუნველყოფს წინამდებარე კომპონენტის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კომერციულ ბანკებში გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე ყოველი თვის 15 რიცხვამდე.

7. კომერციული ბანკი უზრუნველყოფს  გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის ან საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში გაცემული სესხის  მოცულობის (სესხის რა მოცულობაზეც მოხდა გარანტიის გაცემა)  4 პროცენტის ჩარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებული საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული კორპორაციის სხვა შემოსავლების ანგარიშზე,  გარანტიის ვადის ამოწურვიდან,  გარანტიაზე სრულად უარის თქმიდან,  გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლებიდან, 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

8. კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის დეფოლტის შემთხვევაში, კორპორაციისთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, კომერციული ბანკი მოახდენს კორპორაციის სადეპოზიტო ანგარიშიდან ასათვისებელი თანხის ჩამოჭრას კომპონენტის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.“;

ბ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. კომერციული ბანკი ამ პროგრამის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კორპორაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმითა (წერილობით, ელექტრონულად, პროგრამული უზრუნველყოფით) და პერიოდულობით უზრუნველყოფს კორპორაციისთვის პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

12. ამ პროგრამის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კორპორაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმითა (წერილობით, ელექტრონულად, პროგრამული უზრუნველყოფით) და პერიოდულობით კომერციული ბანკი აწვდის კორპორაციას განახლებულ ინფორმაციას კომპონენტის ფარგლებში არსებული პორტფელის შესახებ, სესხის დაფარვების, ვადაგადაცილებების, დეფოლტისა და ახალი სესხების შესახებ.“.

12. სახელმწიფო პროგრამის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. ხელშეკრულებით გასათვალისწინებელი პირობები

ამ პროგრამის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე კორპორაციასა და კომერციულ ბანკებს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაში, მხარეთა შორის შეთანხმებულ სხვა პირობებთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ა) კომერციული ბანკის ვალდებულება იპოთეკის საგანთან დაკავშირებით საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების ან/და ყადაღის) რეგისტრაციის შემთხვევაში უზრუნველყოს საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის აღმოჩენის დღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში  კორპორაციის ინფორმირება;

ბ) სანქცია, რომელიც დაეკისრება კომერციულ ბანკს ამ კომპონენტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კერძოდ, სესხის მიზნობრიობის დარღვევით გაცემის შემთხვევაში;

გ) კომერციული ბანკსა და კორპორაციას შორის ინფორმაციის გაცვლის წესი და ფორმა.“.

13. სახელმწიფო პროგრამის მე-14 მუხლის:

ა)  მე-2 და მე-3  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეფოლტის დადგომის თაობაზე კომერციული ბანკი დაუყოვნებლივ აცნობებს კორპორაციას და აწვდის ინფორმაციას  გარანტიის თანხიდან ასათვისებელი თანხის ოდენობის თაობაზე (შემდგომში − ასათვისებელი თანხა).

3. ასათვისებელი თანხა წარმოადგენს კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის დეფოლტის საფუძველზე წარმოქმნილი ფინანსური რისკის გადანაწილების მიზნით კომერციული ბანკის მიერ კორპორაციის სადეპოზიტო ანგარიშიდან ჩამოსაჭრელი თანხის მოცულობას, რომელიც განისაზღვრება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომერციულ ბანკსა და კორპორაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კორპორაციის მიერ ასათვისებელი თანხის ოდენობის სისწორის დადასტურების შემდეგ, კომერციული ბანკი უფლებამოსილია, ჩამოჭრას სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული თანხიდან  ასათვისებელი თანხის  ოდენობა.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სესხის ამოღების შედეგად ამონაგები თანხიდან პირველ რიგში სრულად დაკმაყოფილდება ბანკის მოთხოვნა და თანხის დარჩენის შემთხვევაში დარჩენილი თანხის ფარგლებში მოხდება კორპორაციის მოთხოვნის დაკმაყოფილება ჩარიცხული საგარანტიო თანხის ოდენობით.“;

დ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თუ სესხის ამოღების პროცესში ვერ მოხდა იპოთეკით უზრუნველყოფილი ქონების რეალიზაცია და, აქედან გამომდინარე, განხორციელდა კომერციული ბანკის მიერ ბენეფიციარის ქონების დასაკუთრება, კომერციული ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების რეალიზაცია უნდა განხორციელდეს მაქსიმუმ ორი წლის განმავლობაში. კორპორაციისთვის კუთვნილი ნაწილის ჩარიცხვა ხაზინის ერთიან ანგარიშზე განხორციელდება კომერციული ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების რეალიზაციის შემდეგ, ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად.

10. თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ მოხდა დასაკუთრებული ქონების რეალიზაცია, აღნიშნული ქონების სალიკვიდაციო ღირებულების ხელახალი შეფასების საფუძველზე, ორი თვის განმავლობაში კომერციული ბანკი უზრუნველყოფს კორპორაციის კუთვნილი ნაწილის ჩარიცხვას ხაზინის ერთიან ანგარიშზე, ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად.“.

14. სახელმწიფო პროგრამის მე-16 და მე-17 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. მონიტორინგი, გამჭვირვალობა და ანგარიშგება

1. კორპორაცია ახორციელებს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის, მათ შორის, კომპონენტის ფარგლებში არსებული პორტფელის ხარისხისა და დეფოლტის მაჩვენებლების ანალიზს (საკმარისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში), საჭიროების შემთხვევაში ამზადებს რეკომენდაციებს საგარანტიო კომპონენტში ცვლილებების შეტანის შესახებ და წარუდგენს სამინისტროს.

2. კომპონენტის ფარგლებში კორპორაცია უფლებამოსილია, კომერციული ბანკისგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა.

მუხლი 17. დამატებითი პირობები

კომპონენტზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე კომპონენტით დადგენილი წესით, შესაბამისი მიმართვის ფორმის კორპორაციაში წარდგენის ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2020 წლის 20 დეკემბრით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 22 მაისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე