საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1582-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.018179
1582-Vმს-XIმპ
27/05/2026
ვებგვერდი, 29/05/2026
010250000.04.001.018179
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) საკრებულოს უფლებამოსილებებს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებისა, განეკუთვნება აგრეთვე თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) მერის წარდგინებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და მისი წესდების/დებულების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება.“.

2. 54-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) მერი თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის შესახებ წინადადებას, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებას/დებულებას.“.

3. 105-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განკარგვა − მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა, მართვის უფლებით გადაცემა ან სახელმწიფოსთვის, ავტონომიური რესპუბლიკისთვის, შესაბამისი მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის, თბილისის ან სხვა თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით საკუთრებაში/სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა;“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1062 მუხლი:

„მუხლი 1062. თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების წესი

1. თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) საკრებულო უფლებამოსილია თვითმმართველი ქალაქის საკუთარი უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც თვითმმართველი ქალაქის მერის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს ამ მუხლით განსაზღვრულ საქმიანობას.

3. თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) საკრებულო უფლებამოსილია თვითმმართველი ქალაქის მერის წარდგინებით დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი მშენებლობის შეტყობინების შეთანხმების ან მშენებლობის ნებართვის გაცემის, ქალაქის ურბანული განვითარების კონცეფციისა და სივრცის დაგეგმარების გეგმის, გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, შესაბამისი კვლევის ჩატარებისა და რეკომენდაციების მომზადების, გარე რეკლამის განთავსების რეგულირების, ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესების განხორციელების უზრუნველყოფის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფისა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირების მიზნით ან სხვა მიზნით.

4. ამ მუხლით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და მისი წესდების/დებულების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებებს თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) მერის წარდგინებით იღებს თვითმმართველი ქალაქის საკრებულო.

5. თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) საკრებულო უფლებამოსილია თვითმმართველი ქალაქის მერის წარდგინებით თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დაუდგინოს მისი წესდებით/დებულებით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების, მომსახურების გაწევის ან/და დაჩქარებული მომსახურების გაწევის, მათ შორის, მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის მომსახურების გაწევის, საფასურის ოდენობა.

6. თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, მისი წესდებით/დებულებით, განსაზღვრული საქმიანობა.

7. თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) მერი უფლებამოსილია თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და გაცნობის წესი და პირობები.

8. თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის წესი დგინდება ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით/დებულებით.

9. თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თვითმმართველი ქალაქის მერი.

10. თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს უფლებამოსილებების განსახორციელებლად მოძრავი ქონება გადაეცემა სარგებლობის ან საკუთრების უფლებით, ხოლო უძრავი ქონება − სარგებლობის უფლებით, ამ კანონით დადგენილი წესით. თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველი ქალაქის მერი.

11. თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს უფლება აქვს, მის საკუთრებაში არსებული ქონება უსასყიდლოდ გადასცეს თვითმმართველ ქალაქს.

12. თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს უფლება აქვს, მის საკუთრებაში არსებული ქონება თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თანხმობით სარგებლობის უფლებით გადასცეს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონის XV თავით, დადგენილი წესით.

13. თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივრდება თვითმმართველი ქალაქის მერთან.

14. თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება თვითმმართველი ქალაქის საკუთრებაში გადადის.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

27 მაისი 2026 წ.

N1582-Vმს-XIმპ