აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ -მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ -მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/198
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 29/05/2026
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2026
სარეგისტრაციო კოდი
1-1/198
29/05/2026
ვებგვერდი, 02/06/2026
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ -მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 

ბრძანება № 1-1/198 

 2026 წლის 29 მაისი 

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ – მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა სსიპ – მუნიციპალური განვითარების ფონდის (შემდგომში – ფონდი) 2026 წლის 6 თებერვლის №474-გ განცხადება – აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია: 

ფონდი ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მეორე მონაკვეთის (კმ 5+000-8+300) მშენებლობის პროექტს, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს. ფონდმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის (SUTIP) ფარგლებში უკვე განახორციელა თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის (სიგრძე – 17.4 კმ) მშენებლობის პროექტი. ამასთან, პროექტი გაიყო სამ მონაკვეთად. პირველი და მესამე მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები (10,6 კმ) დასრულდა 2016 წლის მაისში. მეორე მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტიდან (6,8 კმ) „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 მაისის №1044 განკარგულებით ამოღებული იქნა მე-2 და მე-3 ფაზების (3.3 კმ) სამუშაოები, ხოლო პირველი ფაზით გათვალისწინებული 3.6 კმ სიგრძის მონაკვეთი სრულად განხორციელდა და დასრულდა 2020 წლის ოქტომბერში. აღნიშნული მონაკვეთის დასრულების შემდეგ თბილისი-რუსთავის ახალი საავტომობილო გზა დაერთდა ფონიჭალის დასახლებაში არსებული გზის 3 კმ-იან მონაკვეთთან. ამ ეტაპზე გზა გახსნილია და პროექტის მიზანი ნაწილობრივ მიღწეულია, თუმცა ფონიჭალის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობის სიჩქარე მკვეთრად შეზღუდულია (40კმ/სთ), რაც წარმოშობს საცობებს და ამცირებს საინვესტიციო პროექტის განხორციელების შედეგად მიღწეულ შედეგებს. თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის პროექტის სრული სახით დასრულებისა და გზის მთელ სიგრძეზე ტრანსპორტის სიჩქარით მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, დღის წესრიგში დადგა დარჩენილი 3,3 კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობა მდინარე მტკვრის გასწვრივ. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ დონორის – აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული SUTIP პროგრამა დასრულდა, დარჩენილი გზის მშენებლობა ხორციელდება საბიუჯეტო ასიგნებებიდან.

„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 4 ივნისის №791 განკარგულების და საქართველოს მთავრობის 2025 წლის 2 ივნისის №918 განკარგულების გათვალისწინებით, ფონდს დაევალა მშენებლობისათვის საჭირო დეტალური საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურებისა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. მათ შორის, სამშენებლო ბუფერში არსებული შენობა-ნაგებობების და ნარგავების გამოსყიდვა – საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წესების შესაბამისად. პროექტის თანახმად, ფონიჭალაში არსებული საავტომობილო გზა გადადის მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, უერთდება საგზაო კვანძს და უბრუნდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ფონიჭალის დასახლებაში არსებულ საავტომობილო გზას. ამასთან, თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მოწყობა აუმჯობესებს ქალაქ თბილისის კავშირს ქალაქ რუსთავთან. ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქის მიმდებარე უბნებს (ფონიჭალა, ლითონკონსტრუქციების დასახლება), რაც ზრდის მათი და ზოგადად ქალაქის სოციალური და ეკონომიკური ასპექტების განვითარების პერსპექტივას.

პროექტს გააჩნია ორი წამყვანი ასპექტი: 1. ადგილობრივი და ურბანული, რომელიც დაკავშირებულია ურბანული კავშირის გაუმჯობესებასთან თბილისის ორ დასახლებასა და თბილისსა და რუსთავს შორის. 2. საერთაშორისო კავშირის გაუმჯობესება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, შესაბამისად კასპიის ზღვასა (ბაქოს პორტი) და შავ ზღვას შორის (ფოთისა და ბათუმის პორტები).

პროექტთან დაკავშირებით ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ტრანზიტული ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განვითარება მისი სატრანსპორტო კორიდორების გაუმჯობესების გზით. 

მიმდინარე ეტაპზე მიმდინარეობს თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მეორე მონაკვეთის (კმ 5+000-8+300) განსახლების პროცესი. ფონდი მიუთითებს, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარე მიწის ნაკვეთის (ს.კ №81.05.02.138) მესაკუთრე შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალთან“ (ს/ნ 211385268) შეთანხმება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული უძრავი ქონების (ნაწილის) გამოსყიდვასთან დაკავშირებით ვერ შედგა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა და ფონდს მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ფონდის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მეორე მონაკვეთის (კმ 5+000-8+300) მშენებლობის პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე №52-ში მდებარე 151117.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ №81.05.02.138) და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების მესაკუთრეა შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალსი“ (ს/ნ 211385268).

დადგენილია, რომ პროექტის ზემოქმედების არეალში მოექცა შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალსის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი – 14 031 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა ნაგებობები (ს.კ № 81.05.02.138).

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

შესაბამისად, ვინაიდან ფონდის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. 

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2026 წლის 20 მაისის სხდომის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ: 

1. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მეორე მონაკვეთის (კმ 5-000-8-300) მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სსიპ – მუნიციპალური განვითარების ფონდს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალსის“ (ს/ნ 211385268) საკუთრებაში არსებულ ქალაქ თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე №52-ში მდებარე 151117.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ №81.05.02.138) ნაწილზე – 14 031 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებზე.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). 

 

მინისტრი                                                      მარიამ ქვრივიშვილი