დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 321 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270000000.10.003.025870 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 თებერვლის №70 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/02/2026, 270000000.10.003.025619) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის“:
1. პირველი მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელზე, რომლის მიზანია ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება საქართველოში ან დისტანციურად, ასევე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე თვითდასაქმებულ უცხოელზე, რომელიც საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას, მათ შორის, არის ვაჭრობის, მომსახურების ან სხვა ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი, დამოუკიდებელი კონტრაქტორი, ან სხვაგვარად არის ჩართული სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში და ამ საქმიანობის მიზანი ფინანსური სარგებლის მიღებაა, შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პირობებს, კრიტერიუმებს, პროცედურებსა და ვადებს, შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტის, გაგრძელების, ასევე შრომითი საქმიანობის უფლების გამცემი და შრომითი საქმიანობის უფლების პირობების დაცვაზე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოს უფლებამოსილებას.“; ბ) მე-3 პუნქტს „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ – „ო“ ქვეპუნქტები: „ზ) არის საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე გაცემული, მოქმედი სპეციალური ბინადრობის ნებართვის მქონე პირი; თ) საქართველოში ახორციელებს მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობას და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ი) ახორციელებს საქმიანობას საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს სასარგებლოდ; კ) ადგილობრივი დამსაქმებლისთვის სრულად დისტანციურად ახორციელებს შრომით საქმიანობას და ეს საქმიანობა მის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას არ საჭიროებს; ლ) ახორციელებს შრომით საქმიანობას/სწევს მომსახურებას არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ და ეს შრომითი საქმიანობა/მომსახურება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას უკავშირდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს უცხოელი არის მეწარმე ფიზიკური პირი და ქვეყანაში კანონიერად ყოფნისთვის სჭირდება ბინადრობის ნებართვა; მ) „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირველ, მეორე ან მესამე კატეგორიის საწარმოში ან საწარმოში, რომელიც ამავე კანონის შესაბამისად დადგენილი ან საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე სამსახურის მიერ განსაზღვრული საზოგადოებრივი დაინტერესების პირია (შემდგომში − სდპ), ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ხელმძღვანელობით ან მმართველობით საქმიანობას, ან ახორციელებს საქმიანობას აუდიტის კომიტეტში; ნ) ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საკონსერვაციო, სარესტავრაციო ან/და სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებულ საქმიანობას; ო) არის პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება.“; გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 − მე-8 პუნქტები: „4. მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შრომითი იმიგრანტის მიერ ქვეყანაში მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის დაწყების დღიდან კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად 4 თვეს, არაუმეტეს შრომითი იმიგრანტის ქვეყანაში კანონიერად ყოფნის პერიოდისა. 5. შრომითი იმიგრანტის მიერ მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე ადგილობრივი დამსაქმებელი/მომსახურების ორგანიზატორი ვალდებულია, დაარეგისტრიროს შრომითი იმიგრანტი სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში შემდეგ მისამართზე: www.labourmigration.moh.gov.ge და წარადგინოს ამ წესის №4 დანართით გათვალისწინებული ინფორმაცია. 6. შრომითი იმიგრანტის მიერ განხორციელებული საქმიანობა არ ჩაითვლება მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობად, თუ: ა) ადგილობრივი დამსაქმებლის/მომსახურების ორგანიზატორის მიერ შრომითი იმიგრანტი არ არის რეგისტრირებული ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ან/და რეგისტრირებულია, მაგრამ სააგენტოს მიერ რეგისტრაციის სტატუსი არ არის დადასტურებული; ბ) შრომითი იმიგრანტი საქმიანობის განხორციელებისას ქვეყანაში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე; გ) შრომითი იმიგრანტი ახორციელებს საქმიანობას, რომელზეც ამ წესის №3 დანართით განსაზღვრულია შესაბამისი წლიური კვოტა. 7. თუ შრომითი იმიგრანტის მიერ განხორციელებული საქმიანობა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით არ ჩაითვლება მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობად, საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში შრომით იმიგრანტსა და ადგილობრივ დამსაქმებელს/მომსახურების ორგანიზატორს პასუხისმგებლობა დაეკისრება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის შესაბამისად. 8. მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით შრომითი მიგრაციის სპეციალური ელექტრონული სისტემის (www.labourmigration.moh.gov.ge) მეშვეობით რეგისტრაცია უფასოა.“. 2. მე-2 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის მიერ, საქართველოში ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება, ან ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობა დისტანციურად, ასევე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის მიერ საქართველოში სამეწარმეო/შრომითი საქმიანობა, მათ შორის, ვაჭრობის, მომსახურების ან სხვა ტიპის საქმიანობის განხორციელება, დამოუკიდებელი კონტრაქტორობა ან სხვაგვარად სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში ჩართვა, რომლის მიზანიც არის ფინანსური სარგებლის მიღება, დასაშვებია მხოლოდ ამ უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდგომ.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. შრომითი საქმიანობის უფლებით გათვალისწინებული, შრომითი იმიგრანტის მიერ დაკავებული პოზიციის ან თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის სფეროს ცვლილების სურვილის შემთხვევაში შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ვალდებულია, მოიპოვოს შესაბამისი შრომითი საქმიანობის უფლება. იმ შემთხვევაში, როდესაც შრომით ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად იცვლება მხოლოდ დასაქმებული შრომითი იმიგრანტის მიერ დაკავებული პოზიციის დონე, ხელფასი ან სამუშაო განრიგი არ წარმოიშობა „შრომითი საქმიანობის უფლების“ თავიდან მოპოვებისა და შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში, შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ინფორმაციის მოწოდების ვალდებულება.“. 3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში: ა) შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად უცხოელი ვალდებულია, სააგენტოს უშუალოდ (და არა მინდობილი პირის მეშვეობით) წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტაცია: ა.ა) ამ წესის №2 დანართით განსაზღვრული ინფორმაცია და დოკუმენტაცია; ა.ბ) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (განხორციელდება საბანკო გადახდის დადასტურების გზით); ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემდგომ უცხოელი სავალდებულოდ გადის ვიდეოგასაუბრებას სააგენტოსთან და ვიდეოგასაუბრების დასასრულს ადასტურებს ამ უკანასკნელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით გაკეთებულ ელექტრონულ განაცხადს, რომელსაც სააგენტო განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ვიდეოგასაუბრება ტარდება ქართულ ან ინგლისურ ენაზე, საჭიროების შემთხვევაში, უცხოელი უფლებამოსილია, გასაუბრებაზე გამოცხადდეს თარჯიმანთან ერთად. თვითდასაქმებული უცხოელი ვალდებულია, ვიდეოგასაუბრებაზე თან ჰქონდეს საზღვარგარეთის პასპორტი (დედანი), რომლითაც გააკეთა განაცხადი.“. 4. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) იმ შემთხვევაში, თუკი ადგილობრივი დამსაქმებელი გეგმავს კალენდარული წლის განმავლობაში დაასაქმოს უცხო ქვეყნის 5 მოქალაქეზე მეტი ან უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა აღემატება მასთან დასაქმებული პირების საერთო რაოდენობის 5 პროცენტს (გარდა იმ შემთხვევებისა, თუ საერთო რაოდენობის 5 პროცენტი 5 ადამიანზე ნაკლებია), იგი ვალდებულია, შრომითი საქმიანობის უფლების თაობაზე მომართვამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე, სააგენტოს ელექტრონული ფორმით შეუთანხმოს წლიური კვოტა შემდეგ მისამართზე: www.labourmigration.moh.gov.ge. აღნიშნულისათვის წარდგენილი უნდა იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ შრომითი იმიგრანტის დასაქმების მსურველი ადგილობრივი დამსაქმებლის (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის, ხოლო საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში წლიური ბრუნვა არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი საქმიანობის უფლების მსურველ თითოეულ უცხოელზე; ბ) სააგენტო ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ წარდგენილი მოთხოვნის განხილვის შედეგად განუსაზღვრავს კონკრეტულ დამსაქმებელს წლიურ კვოტას. აღნიშნული კვოტით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში ადგილობრივ დამსაქმებელს ექნება უფლება კალენდარული წლის განმავლობაში წარადგინოს განაცხადები მასთან დასაქმების მსურველ უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნის მიზნით. დადგენილი კვოტა შესაძლებელია, გაიზარდოს კონკრეტული დამსაქმებლის მიერ კვოტის ზრდის საჭიროების შესახებ შრომითი მიგრაციის სპეციალური ელექტრონული სისტემის (www.labourmigration.moh.gov.ge) მეშვეობით დასაბუთებული მიმართვის შემთხვევაში; გ) თუ ადგილობრივი დამსაქმებელი კალენდარული წლის განმავლობაში მის მიმართ განსაზღვრულ კვოტას სრულად არ აითვისებს, სააგენტო უფლებამოსილია, ამ დამსაქმებელთან მიმართებით მომდევნო წლის კვოტის განსაზღვრისას შეამციროს კვოტა. სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა ადგილობრივი დამსაქმებლის დასაბუთებას;“; ბ) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სააგენტო შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ელექტრონული ფორმით. მიღებული გადაწყვეტილება ელექტრონულად ეგზავნება ადგილობრივ დამსაქმებელს განაცხადისა და საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის თარიღიდან არაუგვიანეს 30-ე კალენდარული დღისა, ხოლო განაცხადის დაჩქარებული ადმინისტრაციული წესით განხილვის შემთხვევაში − არაუგვიანეს მე-10 სამუშაო დღისა. ადგილობრივ დამსაქმებელსა და შრომით იმიგრანტს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე განცხადების განხილვის შედეგები, ელექტრონული ფორმით, ეცნობება მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე და იგი მიიჩნევა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩაბარებულად, მისი ელექტრონული ფორმით გაგზავნისთანავე. ელექტრონული ფორმით მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების წესს;“; გ) პირველი პუნქტის „ზ.გ“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ.გ) ისეთ შემთხვევებზე, როდესაც დამსაქმებლის მიერ დაფიქსირებული მოთხოვნა ერთდროულად მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ პირობებს:“; დ) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სააგენტო შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ელექტრონული ფორმით. მიღებული გადაწყვეტილება ელექტრონულად ეგზავნება თვითდასაქმებულ უცხოელს, განაცხადისა და საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის თარიღიდან არაუგვიანეს 30-ე კალენდარული დღისა, ხოლო განაცხადის დაჩქარებული ადმინისტრაციული წესით განხილვის შემთხვევაში − არაუგვიანეს მე-10 სამუშაო დღისა. თვითდასაქმებულ უცხოელს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე განცხადების განხილვის შედეგები, ელექტრონული ფორმით, ეცნობება მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე და იგი მიიჩნევა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩაბარებულად, მისი ელექტრონული ფორმით გაგზავნისთანავე. ელექტრონული ფორმით მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების წესს.“; ე) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. თუკი შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად სააგენტოში წარდგენილი იქნება განაცხადი იმ პირებზე, რომლებზეც „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ვრცელდება, სააგენტო უფლებამოსილია, ასეთი განაცხადი დატოვოს განუხილველად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“-„დ.ბ“ და მე-3 პუნქტის „ბ.ა“-„ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების გარეშე. აღნიშნულ განაცხადთან მიმართებით გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება. განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელშიც მითითებული იქნება განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი, სააგენტო ელექტრონული ფორმით აცნობებს განმცხადებელს.“. 5. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სააგენტოში წარდგენილია არასრულყოფილი ინფორმაცია ან/და სავალდებულო დოკუმენტაცია და ეს ხარვეზი მისი დადგენიდან 10 კალენდარულ დღეში არ აღმოიფხვრა ან არ მომხდარა დადგენილი ხარვეზ(ებ)ის პირველივე ჯერზე სრულყოფილად (დადგენილი ხარვეზის შესაბამისად) აღმოფხვრა;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმების მსურველი უცხოელების რაოდენობა აღემატება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ რაოდენობას და ეს რაოდენობა არ არის შეთანხმებული სააგენტოსთან შესაბამისი კვოტის სახით, გარდა ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან არის იმ პროფესიების/კვალიფიკაციებისა და სამუშაო პოზიციების/სფეროების ჩამონათვალში, რომლებზეც ამ წესის №3 დანართში განსაზღვრულია შესაბამისი წლიური კვოტა და ეს კვოტა უკვე შევსებულია;“; გ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ − „ზ“ ქვეპუნქტები: „ე) მას არ აქვს წარდგენილი ამ წესით განსაზღვრული შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების კრიტერიუმების დაკმაყოფილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია; ვ) მას არ აქვს წარდგენილი ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტაცია; ზ) თვითდასაქმებული უცხოელი სააგენტოსთან სავალდებულო ვიდეოგასაუბრებაზე არ გამოცხადდა ან გამოცხადდა, მაგრამ ვერ მოახერხა შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით გაკეთებული ელექტრონული განაცხადის დადასტურება ან/და არ წარუდგენია საზღვარგარეთის პასპორტი (დედანი).“. 6. №1 დანართის: ა) პირველ პუნქტს „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“-„ზ“ ქვეპუნქტები: „ვ) სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ადგილობრივი დამსაქმებლის წლიური ბრუნვის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ადგილობრივი დამსაქმებლის (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის, ხოლო საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში, წლიური ბრუნვა შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მსურველ თითოეულ უცხოელზე არის არანაკლებ 35 000 ლარის. აღნიშნულის წარდგენა ადგილობრივ დამსაქმებელს არ ევალება, თუ არ ჰყავს დასაქმებული 3 უცხოელზე მეტი და მისი დაფუძნებიდან/რეგისტრაციიდან გასულია არაუმეტეს 3 თვე; ზ) თუ ადგილობრივი დამსაქმებელი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, ადგილობრივმა დამსაქმებელმა ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნობის ნაცვლად უნდა წარადგინოს კომპეტენტური ორგანოს/პირის მიერ გაცემული სათანადო ცნობა/ცნობები, რომლითაც/რომლებითაც დასტურდება, რომ ადგილობრივი დამსაქმებელი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და ცნობის გაცემის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში ადგილობრივი დამსაქმებლის (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) ბრუნვა შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მსურველ თითოეულ უცხოელზე არ არის 50 000 ლარზე ნაკლები, ხოლო საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში, წლიური ბრუნვა შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მსურველ თითოეულ უცხოელზე არანაკლებ 35 000 ლარია. აღნიშნულის წარდგენა ადგილობრივ დამსაქმებელს არ ევალება, თუ არ ჰყავს დასაქმებული 3 უცხოელზე მეტი და მისი დაფუძნებიდან/რეგისტრაციიდან გასულია არაუმეტეს 3 თვე.“; ბ) მე-3 პუნქტის: ბ.ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საზღვარგარეთის პასპორტის გაცემისა და მოქმედების ვადები (მოქმედების ვადა განცხადების წარდგენის მომენტში არ უნდა შეადგენდეს 6 თვეზე ნაკლებს);“; ბ.ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) საქართველოში ბინადრობის ნებართვისა და ბინადრობის მოწმობის ნომრები და მათი გაცემისა და მოქმედების ვადები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“. 7. №2 დანართის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საზღვარგარეთის პასპორტის გაცემისა და მოქმედების ვადები (მოქმედების ვადა განცხადების წარდგენის მომენტში არ უნდა შეადგენდეს 6 თვეზე ნაკლებს);“; ა.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) საქართველოში ბინადრობის ნებართვისა და ბინადრობის მოწმობის ნომრები და მათი გაცემისა და მოქმედების ვადები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);“; ბ) მე-3 პუნქტის: ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) თვითდასაქმებული უცხოელის მიერ წარსადგენი სავალდებულო ინფორმაცია და დოკუმენტაცია: ბ.ა) კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი ან მეწარმე ფიზიკური პირის პირადი ნომერი; ბ.ბ) სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული კომპანიის/მეწარმე ფიზიკური პირის წლიური ბრუნვის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კომპანიის/მეწარმე ფიზიკური პირის (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის, ხოლო საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში, წლიური ბრუნვა შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მსურველ თითოეულ უცხოელზე არის არანაკლებ 35 000 ლარის. თუ საწარმოს დაფუძნებიდან/მეწარმე ფიზიკური პირის რეგისტრაციიდან გასულია არაუმეტეს 3 თვისა, კომპანია/მეწარმე ფიზიკური პირი არ არის ვალდებული, წარმოადგინოს წლიური ბრუნვის ცნობა; ბ.გ) თუ აღნიშნული პირის საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიასთან ან თავად არის მეწარმე ფიზიკური პირი და კომპანია/მეწარმე ფიზიკური პირი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, თვითდასაქმებულმა უცხოელმა ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნობის ნაცვლად უნდა წარადგინოს კომპეტენტური ორგანოს/პირის მიერ გაცემული სათანადო ცნობა/ცნობები, რომლითაც/რომლებითაც დასტურდება, რომ კომპანია/მეწარმე ფიზიკური პირი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და ცნობის გაცემის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში კომპანიის/მეწარმე ფიზიკური პირის (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) ბრუნვა შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მსურველ თითოეულ უცხოელზე არ არის 50 000 ლარზე ნაკლები, ხოლო საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში, წლიური ბრუნვა შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მსურველ თითოეულ უცხოელზე არანაკლებ 35 000 ლარია. თუ საწარმოს დაფუძნებიდან/მეწარმე ფიზიკური პირის რეგისტრაციიდან გასულია არაუმეტეს 3 თვე, ბრუნვის შესახებ ინფორმაციის წარდგენა არ არის საჭირო; ბ.დ) მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში, საქმიანობის სფეროს დამადასტურებელი დოკუმენტი (სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ან სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი საქმიანობის სერტიფიკატი); ბ.ე) თუ იგი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მეოთხე კატეგორიის საწარმოში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ხელმძღვანელობით ან მმართველობით საქმიანობას ახორციელებს − ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.“; ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. იმ პირთან მიმართებით, რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მეოთხე კატეგორიის საწარმოში ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ხელმძღვანელობით ან მმართველობით საქმიანობას, სააგენტო საწარმოს კატეგორიის გადამოწმებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სსიპ − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში − სამსახური) მიერ მოწოდებული სდპ, პირველი, მეორე, მესამე კატეგორიის საწარმოების კატეგორიების შესახებ ინფორმაციის შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას სამსახური ამზადებს საწარმოების მიერ ანგარიშგების ვებგვერდზე (www.reportal.ge) გასაჯაროებულ ფინანსურ ანგარიშგებებზე დაყრდნობით. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო სამსახურის მიერ სააგენტოსათვის წარდგენილი ინფორმაციით არ იდენტიფიცირდება სდპ, პირველი, მეორე, მესამე კატეგორიის საწარმოდ, იგი ამ წესის მიზნებისთვის სააგენტოს მიერ მიიჩნევა მეოთხე კატეგორიის საწარმოდ.“. 8. №3 დანართის შემდეგ დაემატოს თანდართული შინაარსის №4 დანართი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
„დანართი №4
|
ადგილობრივი დამსაქმებლის/მომსახურების ორგანიზატორის მიერ შრომითი იმიგრანტის მიერ მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა
|
1. ინფორმაცია ადგილობრივი დამსაქმებლის/მომსახურების ორგანიზატორის შესახებ:
ა) ადგილობრივი დამსაქმებლის/მომსახურების ორგანიზატორის დასახელება; ბ) ადგილობრივი დამსაქმებლის/მომსახურების ორგანიზატორის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; გ) ადგილობრივი დამსაქმებლის/მომსახურების ორგანიზატორის ფაქტობრივი და იურიდიული მისამართები; დ) ადგილობრივი დამსაქმებლის/მომსახურების ორგანიზატორის ეკონომიკური საქმიანობის სფერო; ე) ადგილობრივი დამსაქმებლის/მომსახურების ორგანიზატორის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა).
2. ინფორმაციის წარდგენაზე პასუხისმგებელი პირის პერსონალური მონაცემები: ა) სახელი, გვარი (ქართულად და ლათინურად); ბ) პირადი ნომერი; გ) დაკავებული სამუშაო პოზიცია; დ) საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა).
3. მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განმახორციელებელი შრომითი იმიგრანტის პერსონალური მონაცემები: ა) სახელი, გვარი (ქართულად და ლათინურად); ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი); გ) სქესი; დ) მოქალაქეობა; ე) წარმოშობის ქვეყანა; ვ) საზღვარგარეთის პასპორტის ნომერი; ზ) საზღვარგარეთის პასპორტის ფოტოასლი (იმ გვერდის, სადაც პიროვნების ფოტო და პერსონალური მონაცემებია); თ) საზღვარგარეთის პასპორტის გამცემი ორგანო (პასპორტში მითითებული ჩანაწერის შესაბამისად); ი) საზღვარგარეთის პასპორტის გაცემისა და მოქმედების ვადები; კ) საქართველოში მინიჭებული პირადი (თერთმეტნიშნა) ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ლ) საქართველოში ბინადრობის ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); მ) საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემისა და მოქმედების ვადები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. შრომითი იმიგრანტის პროფესია და დაკავებული პოზიცია: ა) შრომითი იმიგრანტის მიერ დაკავებული პოზიცია; ბ) შრომითი იმიგრანტის პროფესია.
5. შრომითი იმიგრანტის მიერ მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის დაწყებისა და დასრულების თარიღები (რიცხვი/თვე/წელი).“.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები