საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-295
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 15/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 20/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.017001
2-295
15/07/2026
ვებგვერდი, 16/07/2026
040030000.22.023.017001
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-295

2026 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 18 ივნისის №270 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ :


მუხლი 1

დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს თანდართული დებულება.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 20 ივლისიდან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი



საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს

დებულება

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

 

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გასტრონომიის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 18 ივნისის №270 დადგენილების საფუძველზე.

2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ.

4. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.


მუხლი 2. სააგენტოს უფლებამოსილებები და ვალდებულებები
სააგენტოს უფლებამოსილებები და ვალდებულებებია:

ა) ეროვნული გასტრონომიული მემკვიდრეობის იდენტიფიცირება, კვლევა, დოკუმენტირება, სისტემატიზაცია, ციფრული აღრიცხვა და პოპულარიზაცია, მათ შორის, ტრადიციული რეცეპტების, პროდუქტების, დამზადების მეთოდების, გასტრონომიული პრაქტიკისა და გასტრონომიული რეესტრის შექმნის გზით;

ბ) ენდემური და ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ჯიშებისა და სახეობების შენარჩუნების, აგრეთვე ტრადიციული გასტრონომიული წეს-ჩვეულებების დაცვისა და განვითარების ხელშეწყობა;

გ) სურსათთან დაკავშირებული ხარისხის სქემების, მათ შორის, ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სისტემების პრაქტიკული გამოყენების მხარდაჭერა, პრიორიტეტული პროდუქტების შერჩევის, ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადების ხელშეწყობის, მწარმოებელთა ჯგუფებთან მუშაობის და შესაბამის კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციის გზით;

დ) ხარისხის სქემებთან, ადგილწარმოშობის დასახელებებსა და გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლება, მწარმოებელთა ტექნიკური მხარდაჭერა და პროდუქტების კომერციალიზაციისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორცილებელ სტრუქტურებთან თანამშრომლობა;

ე) გასტრონომიის განვითარების მიზნით ტრადიციული პროდუქტების კომერციალიზაციის, ადგილობრივი მწარმოებლების შესაძლებლობების გაძლიერების, რეგიონული გასტრონომიული მარშრუტების და ბაზარზე წარდგენის მექანიზმების შემუშავება;

ვ) გასტრონომიის სფეროს საჭიროებების ანალიზი და მის საფუძველზე პროფესიული განათლების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ხელშეწყობა;

ზ) გასტრონომიის სფეროში დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარება და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა;

თ) გასტრონომიული პოტენციალის, ტრადიციული და ადგილობრივი სასურსათო პროდუქტების ცნობადობისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, მათ შორის მარკეტინგული და საინფორმაციო კამპანიების განხორციელება, ფესტივალების, გამოფენების, კონკურსების, დეგუსტაციების, ბაზრობებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება;

ი) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.


მუხლი 3. სააგენტოს მართვა და წარმომადგენლობა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე (შემდგომ – თავმჯდომარე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი).

2. სააგენტოს თავმჯდომარე კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სააგენტოს საქმიანობას;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

დ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, საშტატო განრიგს და თანამდებობრივ სარგოებს;

ე) განსაზღვრავს თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილებებს და კომპეტენციის სფეროებს, ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურულ ერთეულებს შორის, კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას;

ვ) უფლებამოსილია განახორციელოს მის კომპეტენციაში არსებული საკითხების დელეგირება სააგენტოს თანამშრომელზე;

ზ) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;

ი) უფლებამოსილია სააგენტოს თანამშრომლებისათვის დაადგინოს სახელფასო დანამატი, რომლის ოდენობას განსაზღვრავს მინისტრთან ან/და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით;

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს სააგენტოსათვის გამოყოფილ სახსრებსა და ქონებას, პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;

ლ) სხვადასხვა საკითხის რეგულირების მიზნით ქმნის კომისიებს, საბჭოებს ან/და სამუშაო ჯგუფებს და განსაზღვრავს მის რიცხოვნობას და პერსონალურ შემადგენლობას;

მ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირთან ურთიერთობაში;

ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

3. სააგენტოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრისა ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

4. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე, მინისტრთან ან/და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით.

5. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.


მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა
სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) გასტრონომიული მემკვიდრეობის დეპარტამენტი;

ბ) გასტრონომიის განვითარების დეპარტამენტი;

გ) გასტრონომიის პოპულარიზაციის დეპარტამენტი;

დ) გასტრონომიული პროექტების მართვის დეპარტამენტი;

ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ვ) საფინანსო დეპარტამენტი;

ზ) საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური;

თ) გასტრონომიული სექტორის კოორდინაციისა და ანალიტიკის სამსახური;

ი) იურიდიული სამსახური;

კ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.


მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები
1. გასტრონომიული მემკვიდრეობის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) გასტრონომიული მემკვიდრეობის იდენტიფიცირება, რეესტრის შექმნა და მათი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების სრულყოფა;

ბ) ქვეყანაში სურსათთან დაკავშირებული ხარისხის სქემების განვითარების ხელშეწყობა;

გ) ენდემური და ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ჯიშებისა და სახეობების შენარჩუნების ხელშეწყობა;

დ) ტრადიციული გასტრონომიული წეს-ჩვეულებების დაცვის ხელშეწყობა;

ე) გასტრონომიული მემკვიდრეობის აღიარებისა და დაცვის მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ვ) გასტრონომიული კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის, ტრადიციული რეცეპტების, პროდუქტებისა და მომზადების მეთოდების შენარჩუნება და დაცვა;

ზ) გასტრონომიული კულტურისა და ინდუსტრიის სისტემატიზაციის და განვითარების მიზნით ადგილობრივ თემებთან თანამშრომლობა;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. გასტრონომიის განვითარების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) გასტრონომიის სფეროს ეკონომიკური ანალიზი და შესაბამისი მონაცემთა ბაზების შექმნა;

ბ) ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის, ტრადიციული რეცეპტების თანამედროვე ინტერპრეტაციებისა და „სტარტაპების“ მხარდაჭერის მიზნით წინადადებების შემუშავება;

გ) გასტრონომიის განვითარების მიზნით ტრადიციული პროდუქტების კომერციალიზაციის, ადგილობრივი მწარმოებლების შესაძლებლობების გაძლიერების, რეგიონული გასტრონომიული მარშრუტების და ბაზარზე წარდგენის მექანიზმების შემუშავება;

დ) სხვადასხვა ქვეყნის გასტრონომიის სფეროში მოქმედ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა;

ე) გასტრონომიის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მომზადება და მომზადებაში მონაწილეობა;

ვ) გასტრონიმიის სფეროში მოქმედ ასოციაციებთან, რესტორატორებთან, სტუმარმასპინძლობის (HoReCa) სექტორთან, შეფ-მზარეულებთან და სასურსათო პროდუქციის მწარმოებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა;

ზ) გასტრონომიის სფეროში ჩართული დაინტერესებული მხარეებისთვის ნორმატიულ აქტებზე და სტანდარტების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;

თ) გასტრონომიული სფეროს განვითარების მიზნით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა;

ი) სფეროს საჭიროებების ანალიზი და სასწავლო პროგრამების გასტრონომიული ბიზნესის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტირების მიზნით, საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

კ) ონლაინსაინფორმაციო და ტრენინგპლატფორმების შექმნა და მართვა;

ლ) გასტრონომიის ინდუსტრიის სპეციალისტებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით წინადადებების შემუშავება;

მ) გასტრონომიისა და კვების კულტურის შესახებ ღონისძიებების (მასტერკლასები, ფორუმები, კონფერენციები) ჩატარება;

ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. გასტრონომიის პოპულარიზაციის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ტრადიციული და ადგილობრივი სასურსათო პროდუქტების პოპულარიზაციის სტრატეგიული გეგმების შემუშავება;

ბ) ეროვნული ბრენდის შექმნა, პოზიციონირება და მართვა;

გ) მარკეტინგული პროექტების დაგეგმვა და მართვა;

დ) ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მდგომარეობის შესწავლა და სტრატეგიული ბაზრების შერჩევა;

ე) ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე დეგუსტაციების, ფესტივალების, გამოფენების, კონკურსების, ბაზრობების ორგანიზება ან/და ორგანიზებაში მონაწილეობა;

ვ) ბრენდის განვითარების მიზნით პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ზ) ინოვაციური მარკეტინგული მიდგომების დანერგვა (ახალი არხები, პლატფორმები, კამპანიები);

თ) მედია და საზოგადოებრივი კომუნიკაციის მართვა (პრესრელიზები, ინტერვიუები, საჯარო ღონისძიებები);

ი) საინფორმაციო მასალების შექმნა (ვიდეოები, პრეზენტაციები, ბეჭდური და ციფრული მასალები);

კ) ქვეყნის გასტრონომიული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით საერთაშორისო პლატფორმების გამოყენება;

ლ) კომუნიკაციის ეფექტურობის შეფასების უზრუნველყოფა (სამიზნე აუდიტორიის ჩართულობა, მედია მონიტორინგი, კამპანიების შედეგების ანალიზი);

მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. გასტრონომიული პროექტების მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) პროექტების/პროგრამების შესაბამისი პროცედურების მიხედვით ბენეფიციარის/პოტენციური ბენეფიციარის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება, პროექტების/პროგრამების მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა;

ბ) პროექტების/პროგრამების პირობებთან შეუსაბამობის შემთხვევაში განმცხადებლის ინფორმირება;

გ) თანადაფინანსების სტრუქტურირება და ძირითადი ფინანსური და საოპერაციო პარამეტრების განსაზღვრა;

დ) პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ბიზნესგეგმის/ბიზნესმოდელის შესწავლა/შემოწმება და რეკომენდაციების შემუშავება;

ე) ბიზნესგეგმის/პროექტის დასკვნის მომზადება და შესაბამისი კომისიისთვის/კომიტეტისთვის წარდგენა შემდგომ ეტაპზე დაშვების ან/და თანადაფინანსების მიზანშეწონილობის განხილვის მიზნით;

ვ) პოტენციური ბენეფიციარის მიერ მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით ხელშეკრულების მომზადება და გაფორმება;

ზ) ბენეფიციართა მიერ სააგენტოში წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის მიხედვით, ბენეფიციარებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანა;

თ) ბენეფიციართა თანადაფინანსების ტრანშის მომზადება და ფინანსური დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება;

ი) ბენეფიციარებთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების მონიტორინგი;

კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

5. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) კორესპონდენციის მიღება, დამუშავება და რეგისტრაცია;

ბ) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების და წინადადებების მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია და მათზე რეაგირების კონტროლი;

გ) რეზოლუციების შესაბამისად, დოკუმენტაციის გამრავლება-გადანაწილების უზრუნველყოფა;

დ) ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია და გაგზავნა;

ე) კორესპონდენციის საექსპედიციო დამუშავება და დაგზავნა;

ვ) სააგენტოს ბლანკების, საქმისწარმოების საჭირო ბეჭდების, შტამპების ნიმუშების შემუშავება და მათი შენახვისა და გამოყენების კონტროლი;

ზ) სააგენტოს მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებების (თათბირების) ჩატარების ორგანიზება, ოქმის გაფორმება და კონტროლის განხორციელება საოქმო გადაწყვეტილების დროულ შესრულებაზე;

თ) სააგენტოზე გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მართვის ორგანიზება;

ი) სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და კოორდინირება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

კ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების მოვლა, შენახვა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ლ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვისა და მისი დაცვის ორგანიზება;

მ) ქონების გამოყენების ფინანსური ასპექტების შესწავლა და მისი ეფექტიანად მართვის მიზნით, სათანადო წინადადებების მომზადება;

ნ) კორესპონდენციების განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში;

ო) შრომის უსაფრთხოების ორგანიზება;

პ) სასაწყობო მეურნეობის სწორად აღრიცხვა და წარმართვა, საკანცელარიო საქონლის ხარჯვის კოორდინაცია და კონტროლის განხორციელება;

ჟ) სააგენტოს თანამშრომელთათვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლა და ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

რ) სააგენტოს მომარაგება/განაწილება საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარითა და ნივთებით;

ს) სააგენტოს საგანგებო სიტუაციების მართვის და სამობილიზაციო გეგმის მომზადება, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ტ) სააგენტოს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა, სააგენტოს თანამშრომელთა სამსახურებრივი ავტომანქანებით მომსახურების უზრუნველყოფა და მათი აღრიცხვა;

უ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომელთა საწვავით უზრუნველყოფა, სათადარიგო ნაწილების გაცემა, ჩამოწერა და აღრიცხვა;

ფ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

6. საფინანსო დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კოორდინაციისა და მართვის განხორციელება;

ბ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტსა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში სააგენტოს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის ასახვის მიზნით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და წარდგენა;

დ) სააგენტოს საბიუჯეტო პროცესის კოორდინაციის უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა, საჭიროების მიხედვით ცვლილების მომზადება;

ე) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით, სააგენტოსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებისა და წარდგენის უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) სააგენტოს ბიუჯეტის, საშტატო ნუსხის და სახელფასო ფონდის, საწვავისა და საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების, მატერიალური წახალისების გამოსაყოფი სახსრების შეთანხმების მიზნით, შესაბამისი ქმედებების განხორციელება;

ზ) სააგენტოს ფინანსური სახსრების ეფექტიანი მართვის მიზნით, გადასახდელების და შემოსულობების პროგნოზირების უზრუნველყოფა, მათი მიმდინარე შესრულების მონიტორინგი და ანალიზი;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა, საჯარო თანამშრომელთა ხელფასების, სამივლინებო თანხებისა და სხვა თანხების დარიცხვისა და გაცემის უზრუნველყოფა;

ი) ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილი ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;

კ) ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და საბუღალტრო აღრიცხვაში ინვენტარიზაციის შედეგების ასახვა;

ლ) სააგენტოს ფინანსური ანგარიშგებისა და საბუღალტრო აღრიცხვის შესახებ ინფორმაციების მიღების, მათ საფუძველზე ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტების შედგენისა და დანიშნულებისამებრ წარდგენის უზრუნველყოფა;

მ) აქტივების, ვალდებულებების, დაფინანსების, კაპიტალის, შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის წარმოება;

ნ) შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;

ო) სააგენტოს სტრუქტურულ დანაყოფებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა-შეჯერების, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების განხორციელებისა და მათი კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენის უზრუნველყოფა;

პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება;

ჟ) შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა და საჭიროების შემთხვევაში მათში განსახორციელებელი ცვლილების პროექტების მომზადება;

რ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშგება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ს) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულებების ადმინისტრირების კოორდინაცია და მათი შესრულების ფინანსური მონიტორინგის ელექტრონული პროგრამის წარმოება;

ტ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილების ფარგლებში, დავის განმხილველ უწყებაში მონაწილეობა;

უ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

ფ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

7. საერთაშორის ურთიერთობების სამსახურის ფუნქციებია:

ა) შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა და თანამშრომლობის საკითხების რეგულირება;

ბ) საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტების მომზადების, შესაბამისი მოლაპარაკებების გამართვისა და ხელშეკრულებათა ხელმოწერის პროცესის უზრუნველყოფა;

გ) საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინირება. დონორი ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;

დ) ეროვნულ და საერთაშორისო ღონისძიებებში (სემინარები, კონფერენციები, და სხვა) მონაწილეობა/მონაწილეობის უზრუნველყოფა;

ე) სააგენტოს ხელმძღვანელი პირების ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატის შეხვედრებისა და ვიზიტებისათვის საჭირო, სასაუბრო და ანალიტიკური მასალების მომზადება;

ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

8. გასტრონომიული სექტორის კოორდინაციის და ანალიტიკის სამსახურის ფუნქციებია:

ა) ეროვნული გასტრონომიული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესის კოორდინაცია, შედეგების მონიტორინგი და შეფასება;

ბ) ეროვნული გასტრონომიული სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა, განხორციელების მონიტორინგი და შეფასება;

გ) გასტრონომიულ პროექტების/პროგრამების შედეგების ანალიზი და შეფასება;

დ) სხვადასხვა დაინტერესებულ უწყებებსა და კერძო სექტორს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ე) მიმდინარე საქმიანობის შესახებ ერთიანი ანგარიშის მომზადება;

ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

9. იურიდიული სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს ფუნქციების განხორციელებისათვის, სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში დარგის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა და სამართლებრივი ექსპერტიზა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების  მომზადებაში თანამონაწილეობა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების და საჩივრების განხილვა;

ე) სამართალწარმოების განხორციელება, სააგენტოს ინტერესების დაცვა სასამართლოში და ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის უზრუნველყოფა.

ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

10. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ფუნქციებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება და საკადრო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) თანამშრომელთა შერჩევა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების, წახალისების, შვებულების, მივლინების, დროებითი ფუნქციების დაკისრებისა და გადაყვანის შესახებ ბრძანებების პროექტებისა და შრომითი/ადმინისტრაციული ხელშეკრულებების მომზადება;

დ) მოტივაციის ასამაღლებელი სისტემების შემუშავება, დანერგვა, პერიოდული განახლება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა დაწესებულებიდან ან/და ორგანიზაციიდან შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათი განაწილების ადმინისტრირება, რომელიც შეეხება ტრენინგებს, საჯარო ინფორმაციას, სემინარებსა და კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ვ) სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, მონაცემთა ბაზის შექმნა და სისტემატიზაცია;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ორგანიზება;

თ) სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა.

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.


მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ
1. სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი.

2. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის/სამსახურის საქმიანობას და ანგარიშვალდებულია სააგენტოს თავმჯდომარის/ თავმჯდომარის მოადგილეების წინაშე;

ბ) ადგენს სამუშაო გეგმას და პასუხისმგებელია მის შესრულებაზე;

გ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ) აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან გამოითხოვს კანონმდებლობით განსაზღვრულ ინფორმაციას და დოკუმენტებს;

ვ) თავმჯდომარესთან ან თავმჯდომარის მოადგილესთან განსახილველად წარადგენს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ზ) თავმჯდომარის თანხმობით, მონაწილეობს სააგენტოში შექმნილი დროებითი ან მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში;

თ) სააგენტოს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე;

ი) მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

3. სტრუქტურული ერთეულების ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაციასა და სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს თავმჯდომარე ან/და თავმჯდომარის მოადგილე.


მუხლი 7. სააგენტოს ქონება
1. სააგენტოს ქონება შედგება:

ა) დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაცემული ქონებისაგან;

ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა ქონებისაგან.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე, სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება სააგენტოს დამოუკიდებელ ბალანსზე.


მუხლი 8. სააგენტოს დაფინანსება
1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური;

გ) მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 9. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

2. სააგენტო ვალდებულია კონტროლის განსახორციელებლად მინისტრს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები.

3. სააგენტოს სამინისტროს თანხმობით შეუძლია:

ა) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

5. სააგენტოს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება განკარგოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სააგენტო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.


მუხლი 10. დასკვნითი დებულებები
1. სააგენტოს დებულებაში ცვლილება და დამატების შეტანა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.

2. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.