„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 324
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025873
324
14/07/2026
ვებგვერდი, 15/07/2026
300160070.10.003.025873
„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №324

2026 წლის 14 ივლისი

   ქ. თბილისი

 

„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017608) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. „საწარმოო და არასაწარმოო ობიექტების ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების ტექნიკური რეგლამენტის“ (დანართი 1) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ყველა იმ  საწარმოო და არასაწარმოო ობიექტებზე, რომლებიც ახორციელებენ ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვებას და რომელთა საქმიანობაც არ ექვემდებარება გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ან ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას.“.

2. „ტექნიკური რეგლამენტის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი საქმიანობებისთვის“ (დანართი 3):

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელ ყველა საქმიანობაზე, რომელიც ხორციელდება სტაციონარული ობიექტის მეშვეობით და რომელიც არ წარმოადგენს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი ან გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული პროცედურებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობას (გარდა ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ერთ ადგილზე დროებით განთავსებული მობილური ობიექტის მიერ განხორციელებული მყარი სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების (მსხვრევა ან/და დახარისხება) საქმიანობისა). ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის სტაციონარულ ობიექტად ითვლება ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ერთ ადგილზე დროებით განთავსებული ბეტონის ან/და ბეტონის ნაკეთობათა წარმოების, საწვავის რეალიზაციისა და მყარი სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების (მსხვრევა ან/და დახარისხება) მობილური ობიექტი და მასზე ვრცელდება ამავე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები. ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება აღნიშნული მობილური ობიექტის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ძრავიდან გამომავალ გამონაბოლქვზე. ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები შესაძლებელია, დაუწესდეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი ან ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობებს შესაბამისი, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების სახით.

2. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი იმ საქმიანობისთვის, რომელიც ხორციელდება სტაციონარული ობიექტის მეშვეობით და რომელიც არ წარმოადგენს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი ან გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული პროცედურებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობას (გარდა ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ერთ ადგილზე დროებით განთავსებული მობილური ობიექტის მიერ განხორციელებული მყარი სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების (მსხვრევა ან/და დახარისხება) საქმიანობისა), სავალდებულოა, შემუშავდეს „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში“, გარდა „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №42 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის 41 მუხლით განსაზღვრული საქმიანობების განმახორციელებელი ობიექტებისა.“;

ბ) მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:

„დ) სტაციონარული ობიექტის (დანადგარის), რომელმაც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში შეუთანხმა სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამსახურს 2026 წლის 31 ივლისის შემდეგ, დაშორება საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობებიდან, ასევე პარკებიდან, სკვერებიდან ან/და ბაღებიდან უნდა იყოს არანაკლებ 500 მეტრისა;

ე) „დ“ ქვეპუნქტში მოცემული მოთხოვნა არ ვრცელდება შემთხვევებზე, როდესაც საცხოვრებელი სახლების, საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების, პარკების, სკვერების ან/და ბაღების მოწყობა განხორციელდა სტაციონარული ობიექტის (დანადგარის) ფუნქციონირების დაწყების შემდგომ.“;

გ) მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი საქმიანობა – მყარი სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება (მსხვრევა ან/და დახარისხება), მტვერჩახშობის უზრუნველყოფის მიზნით, დასაშვებია შემდეგი პირობების დაცვით:

ა) ნედლეულის ან/და პროდუქტის ტრანსპორტირების დროს უნდა ხდებოდეს საწარმოო ტერიტორიაზე არსებული გზის რეგულარული მორწყვა, ან მოასფალტებული/მობეტონებული გზის საფარის არსებობის შემთხვევაში, მისი სველი წესით რეგულარული დასუფთავება, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მტვერჩახშობა. აღნიშნული მოთხოვნა არ ეხება წიაღით სარგებლობისთვის გამოყოფილი სამთო/მიწის მინაკუთვნის ტერიტორიაზე განხორციელებულ საქმიანობას. ცხელ და ქარიან დღეებში უნდა გაიზარდოს მორწყვის ან/და სველი წესით დასუფთავების ინტენსივობა, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მტვერჩახშობა;

ბ) ნედლეულის ან/და შუალედური პროდუქტის სამსხვრევი დანადგარის მიმღებ ბუნკერში ჩაყრამდე ნედლეული ან/და შუალედური პროდუქტი უნდა იყოს დატენიანებული ან/და უნდა მოხდეს ჩაყრის დროს წყლის შესხურების („სპრინკლერის“ საშუალებით) ან/და ხელოვნური ნისლის გამოყენებით დატენიანება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მტვერჩახშობა. ალტერნატივის სახით, შესაძლებელია, განხორციელდეს ნედლეულის ან/და შუალედური პროდუქტის ბუნკერში ჩაყრის უბნების სრული ინკაფსულირება ან/და წარმოქმნილი მტვრის შეკრება და დაჭერა აირმტვერდამჭერი მოწყობილობის საშუალებით;

გ) ნედლეულის ან/და შუალედური პროდუქტის მსხვრევის, გაცრისას/დახარისხებისას ან/და შერევისას უნდა ხდებოდეს წარმოქმნილი მტვრის სველი წესით ჩახშობა ან/და შეკრება და დაჭერა აირმტვერდამჭერი მოწყობილობის საშუალებით. ალტერნატივის სახით, შესაძლებელია, განხორციელდეს აღნიშნული ოპერაციების უბნების სრული ინკაფსულირება;

დ) ნედლეულის, შუალედური და საბოლოო პროდუქტის კონვეიერით გადატანა სავალდებულოა დახურული კონვეიერით ან წყლის შესხურებით იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მტვერჩახშობა. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ კონვეიერზე განთავსებამდე ნედლეული, შუალედური ან/და საბოლოო პროდუქტი დატენიანებულია იმდენად, რომ მისი კონვეიერით ტრანსპორტირებისა და კონვეიერიდან ჩამოცლის დროს უზრუნველყოფილია მტვერჩახშობა;

ე) ნედლეულის, შუალედური და საბოლოო პროდუქტის ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის წერტილებში წარმოქმნილი ამტვერების მაქსიმალურად შესამცირებლად სავალდებულოა ნედლეულის, შუალედური და საბოლოო პროდუქტის დატენიანება. ალტერნატივის სახით, შესაძლებელია, განხორციელდეს ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის ოპერაციების უბნების სრული ინკაფსულირება ან/და წარმოქმნილი მტვრის შეკრება და დაჭერა აირმტვერდამჭერი მოწყობილობის საშუალებით ან/და ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის ოპერაციების იმგვარად განხორციელება, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მტვერჩახშობა. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება ნედლეულის, შუალედური ან/და საბოლოო პროდუქტის დასაწყობების იმ შემთხვევაში, როცა შესაბამისი მასალა დატენიანებულია იმდენად, რომ მისი ჩატვირთვის, გადმოტვირთვის, განთავსებისა და დასაწყობების პროცესში უზრუნველყოფილია მტვერჩახშობა;

ვ) ღიად დასაწყობებული ნებისმიერი ზომის ფრაქციის გაურეცხავი და ასევე 5 მმ-მდე ზომის ფრაქციის გარეცხილი ნედლეულის ან/და პროდუქტის ამტვერების მაქსიმალურად შემცირების მიზნით, უნდა ხდებოდეს მისი დატენიანება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მტვერჩახშობა ან/და დასაწყობებული გროვების დაფარვა, ეკრანირება, დამცავი ზოლებით/კედლებით შემოღობვა ან/და ნებისმიერი სხვა სახის, ქარისგან დამცავი ხელოვნური ან ბუნებრივი ბარიერებით შემოზღუდვა;

ზ) მყარი სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების (მსხვრევა ან/და დახარისხება) ობიექტების, რომლებიც დაშორებულია არანაკლებ 500 მეტრისა საცხოვრებელი სახლებიდან, საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობებიდან, პარკებიდან, სკვერებიდან ან/და ბაღებიდან, დაცული ტერიტორიებიდან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან და არქეოლოგიური ობიექტებიდან, საქმიანობის პროცესში მტვერჩახშობა მიღწეულად ითვლება, თუკი საწარმოს ტერიტორიის შიდა საზღვარზე 4 წერტილზე ჩატარებული ატმოსფერულ ჰაერში მტვრის შემცველობის გაზომვის შედეგად მიღებული საშუალო მაჩვენებელი  არ აღემატება 2.5  მგ/მ3-ის მნიშვნელობას. მყარი სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების (მსხვრევა ან/და დახარისხება) ობიექტების, რომლებიც დაშორებულია საცხოვრებელი სახლებიდან, საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობებიდან, პარკებიდან, სკვერებიდან ან/და ბაღებიდან, დაცული ტერიტორიებიდან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან და არქეოლოგიური ობიექტებიდან 500 მეტრზე ნაკლები მანძილით, საქმიანობის პროცესში მტვერჩახშობა მიღწეულად ითვლება თუკი საწარმოს ტერიტორიის შიდა საზღვარზე 4 წერტილზე ჩატარებული ატმოსფერულ ჰაერში მტვრის შემცველობის გაზომვის შედეგად მიღებული საშუალო მაჩვენებელი  არ აღემატება 1.5 მგ/მ3-ის მნიშვნელობას. ატმოსფერულ ჰაერში მტვრის შემცველობის გაზომვა უნდა ჩატარდეს 10 მ/წმ-მდე ქარის პირობებში, სულ მცირე, 2 წუთისა და არაუმეტეს 5 წუთის განმავლობაში. საწარმოს ტერიტორიის შიდა საზღვარზე გაზომვის 4 წერტილიდან, სულ მცირე, 2 უნდა მდებარეობდეს მყარი სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების (მსხვრევა ან/და დახარისხება) ობიექტებთან უახლოესი საცხოვრებელი სახლების, საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების, პარკების, სკვერების ან/და ბაღების, დაცული ტერიტორიების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და არქეოლოგიური ობიექტების მიმართულებაზე;

თ) მყარი სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების (მსხვრევა ან/და დახარისხება) ობიექტებთან უახლოეს საცხოვრებელ სახლებთან, საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობებთან, პარკებთან, სკვერებთან ან/და ბაღებთან, დაცულ ტერიტორიებთან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და არქეოლოგიურ ობიექტებთან, მიუხედავად მათი დაშორებისა, ატმოსფერულ ჰაერში მტვრის კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 0.5 მგ/მ3-ს;

ი) იმ ობიექტის გაფრქვევის წყაროების, სადაც ხდება მყარი სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება (მსხვრევა ან/და დახარისხება) და რომელმაც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში შეუთანხმა შესაბამის სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის სამსახურს 2026 წლის 31 ივლისის შემდეგ, დაშორება უნდა იყოს არანაკლებ 500 მეტრისა საცხოვრებელი სახლების, საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობებიდან, მათ შორის, სკოლებიდან/ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის მიმწოდებელი დაწესებულებიდან, საავადმყოფოებიდან და სხვა სამკურნალო-გამაჯანსაღებელი დაწესებულებებიდან; დაცული ტერიტორიებიდან, ასევე, პარკებიდან, სკვერებიდან ან/და ბაღებიდან; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან და არქეოლოგიური ობიექტებიდან;

კ) „ი“ ქვეპუნქტში მოცემული მოთხოვნა არ ვრცელდება შემთხვევებზე, როდესაც საცხოვრებელი სახლების, საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების, პარკების, სკვერების ან/და ბაღების მოწყობა, დაცული ტერიტორიების დაარსება განხორციელდა სტაციონარული ობიექტის (დანადგარის) ფუნქციონირების დაწყების შემდგომ;

ლ) „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებში მოცემული მოთხოვნები არ ვრცელდება მყარი სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების (მსხვრევა ან/და დახარისხება) ობიექტებზე, რომლებიც დაშორებულია არანაკლებ 500 მეტრისა საცხოვრებელი სახლებიდან, საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობებიდან, პარკებიდან, სკვერებიდან ან/და ბაღებიდან, დაცული ტერიტორიებიდან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან და არქეოლოგიური ობიექტებიდან. აღნიშნული მოთხოვნები ასევე არ ვრცელდება ობიექტებზე, რომლებიდანაც 500 მეტრზე ნაკლებ მანძილზე საცხოვრებელი სახლების, საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების, პარკების, სკვერების ან/და ბაღების მოწყობა, დაცული ტერიტორიების დაარსება განხორციელდა 2026 წლის 31 ივლისის შემდეგ.“;

დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და 71 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი ობიექტის (დანადგარის) საქმიანობა ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდვას, ამ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანამდე.“.

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებულმა მყარი სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების (მსხვრევის ან/და დახარისხების) ობიექტის (დანადგარის) მფლობელებმა, რომლებსაც შესაბამის სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის სამსახურთან შეთანხმებული აქვთ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში 2026 წლის 1 აგვისტომდე, 2027 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყონ ობიექტის ამავე დადგენილების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან.

2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.

3. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები იმ ობიექტებისთვის, რომლებიც შესაბამის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშს შესაბამის სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის სამსახურს შეუთანხმებენ 2026 წლის 31 ივლისის შემდეგ, ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან, ხოლო იმ ობიექტებისთვის, რომლებთაც შესაბამისი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში შესაბამის სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის სამსახურთან შეთანხმებული აქვთ 2026 წლის 1 აგვისტომდე, ამოქმედდეს 2027 წლის 1 აგვისტოდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე