სკოლის მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ

სკოლის მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 386
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/08/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 430050000.10.003.025935
386
11/08/2026
ვებგვერდი, 12/08/2026
430050000.10.003.025935
სკოლის მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №386

2026 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

 

სკოლის მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სკოლის მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



დანართი

 

სკოლის მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა

მუხლი 1. პროგრამის მიზანი

„სკოლის მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის“ (შემდგომში − პროგრამა) მიზანია პროგრამით განსაზღვრული ბენეფიციარებისთვის საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ პროგრამის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სახელმძღვანელო − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ შექმნილი ან/და ამ სამინისტროს მიერ გრიფმინიჭებული ან/და ამავე სამინისტროსთან შეთანხმებული, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელო, მათ შორის, ამ სახელმძღვანელოების გადამუშავებული (თარგმნილი, გაციფრულებული და სხვ.) ვერსია;

ბ) საგანმანათლებლო რესურსცენტრი − სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი;

გ) შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ − სამინისტროს მიერ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი;

დ) მართვის საინფორმაციო სისტემა − სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

მუხლი 3. პროგრამის დაფინანსება

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოებით პროგრამის ბენეფიციარების უსასყიდლოდ უზრუნველყოფა ყოველწლიურად განხორციელდება სამინისტროსთვის გამოყოფილი შესაბამისი წლის სახელმწიფო საბიუჯეტო ასიგნებებიდან.

მუხლი 4. პროგრამის ბენეფიციარები

პროგრამის ფარგლებში, სასკოლო სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცემათ:

ა) საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს (სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნისა და კლასის მიხედვით);

ბ) კერძო სკოლების იმ მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა, ყოველი წლის პირველი მარტის მდგომარეობით, 70 001 ქულაზე ნაკლებია;

გ) ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული იმ სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს (სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნისა და კლასის მიხედვით), სადაც სწავლება ხორციელდება ქართულ ენაზე;

დ) ოკუპირებული გალის რაიონის ენგურსმოსაზღვრე 9 (ცხრა) სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს (სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნისა და კლასის მიხედვით), ასევე ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში აღდგენილი და ფუნქციონირებადი სკოლების I კლასის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს (სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნისა და კლასის მიხედვით), ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელოები II − XI კლასების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს (სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნისა და კლასის მიხედვით);

ე) კერძო სკოლების პირველი კლასის მოსწავლეებს (მხოლოდ დედაენის სახელმძღვანელოები);

ვ) კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც არიან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები;

ზ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მოთხოვნის შესაბამისად.

მუხლი 5. პროგრამის ბენეფიციართა იდენტიფიცირება და სახელმძღვანელოების რაოდენობის განსაზღვრა

1. პროგრამის ბენეფიციართა იდენტიფიცირება და მათი პერსონალური მონაცემების დამუშავება, ამ პროგრამის მიზნებისათვის და შესაბამისი მოცულობით, ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციარების იდენტიფიცირებას ახდენს მართვის საინფორმაციო სისტემა, ხოლო გადასაცემი სახელმძღვანელოების საჭირო რაოდენობის დადგენასა და სათანადო ინფორმაციის შპს „საგანმანათლებლო რესურსებისთვის“ მიწოდებას ახდენენ როგორც მართვის საინფორმაციო სისტემა, ასევე საგანმანათლებლო რესურცენტრები.

3. ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების იდენტიფიცირების მიზნით, მართვის საინფორმაციო სისტემა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ან/და წერილობითი ფორმით, სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს აწვდის კერძო სკოლების მოსწავლეების მონაცემებს, ხოლო სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს წარდგენილი მონაცემების გადამოწმებას მის მიერ ადმინისტრირებად სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დაცულ მონაცემებთან და შესაბამის ინფორმაციას აწვდის მართვის საინფორმაციო სისტემას. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, მართვის საინფორმაციო სისტემა ბენეფიციარებისთვის გადასაცემი სახელმძღვანელოების სავარაუდო რაოდენობის (საპროგნოზო) შესახებ ინფორმაციას უგზავნის შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“.

4. ამ პროგრამის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების იდენტიფიცირებასა და მათთვის გადასაცემი სახელმძღვანელოების საჭირო რაოდენობის დადგენას ახდენს ახალგორის მუნიციპალიტეტი და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით შესაბამის ინფორმაციას აწვდის შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“.

5. ამ პროგრამის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების იდენტიფიცირებასა და მათთვის გადასაცემი სახელმძღვანელოების საჭირო რაოდენობას ადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით შესაბამის ინფორმაციას აწვდის შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“.

6. ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების იდენტიფიცირებასა და მათთვის გადასაცემი სახელმძღვანელოების საჭირო რაოდენობას, შპს საგანმანათლებლო რესურსების წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, კერძო სკოლებიდან შესული ინფორმაციის გათვალისწინებით, ადგენენ საგანმანათლებლო რესურსცენტრები და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით შესაბამის ინფორმაციას აწვდიან შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“.

7. ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ბენეფიციართა იდენტიფიცირების მიზნით, საგანმანათლებლო რესურცენტრები, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციართა იდენტიფიცირების მიზნით − მართვის საინფორმაციო სისტემა და სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტო ამუშავებენ პროგრამის ბენეფიციართა შემდეგ პერსონალურ მონაცემებს:

ა) სახელი და გვარი;

ბ) პირადი ნომერი;

გ) დაბადების თარიღი;

დ) სკოლა;

ე) კლასი.

მუხლი 6. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირების ვალდებულებები

1. პროგრამის ბენეფიციარების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის მიზნით, შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს პროგრამის ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის დროულად გამოთხოვა და დამუშავება ამ პროგრამის მე-5 მუხლით განსაზღვრული უწყებებიდან;

ბ) უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-5 მუხლის მე-4 − მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე სახელმძღვანელოების, სამინისტროს მიერ დადგენილი პარამეტრების/მითითებების/დავალებების შესაბამისად, ბეჭდვითი/ სადისტრიბუციო მომსახურების შესყიდვა;

გ) შესაბამისი სახელმძღვანელოების საავტორო უფლებების მფლობელებთან სათანადო დოკუმენტაციის (მათ შორის, სალიცენზიო და ჰონორარის ხელშეკრულებების) გაფორმება და ანაზღაურება;

დ) საჭიროების მიხედვით, განახორციელოს, ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული უწყებებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე, პროგრამის ბენეფიციართა ერთიანი ბაზის ფორმირება;

ე) განსაზღვროს პროგრამის ბენეფიციარებისთვის გადასაცემი სახელმძღვანელოების რაოდენობა;

ვ) უზრუნველყოს პროგრამის ბენეფიციარებისთვის სახელმძღვანელოების უსასყიდლოდ გადაცემა (მათ შორის, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ან/და საჯარო სკოლების მეშვეობით);

ზ) უზრუნველყოს სახელმძღვანელოების ბეჭდვა, შენახვა-დასაწყობება, დისტრიბუცია, გამოცვლა და გადამუშავება/თარგმნა.

2. მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია:

ა) შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, დაადგინოს შესაბამისი სასწავლო წლისთვის ამ პროგრამის მე-4 მუხლის „ა“, „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციარებისთვის გადასაცემი სახელმძღვანელოების სავარაუდო რაოდენობა სკოლების, კლასების/სექტორებისა და საგნების მიხედვით და აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“;

ბ) უზრუნველყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) შეტანილი სახელმძღვანელოებისა და მოსწავლეთა რვეულების ვარგისობის მონაცემების დამუშავება, სახელმძღვანელოების ვარგისობის საბოლოო მაჩვენებლების ჩამოყალიბება და შესაბამისი სასწავლო წლისთვის საჭირო სახელმძღვანელოების რაოდენობის განსაზღვრა სკოლების, კლასების/სექტორების, საგნებისა და სახელმძღვანელოების დასახელებების მიხედვით.

3. პროგრამის განხორციელების მონიტორინგსა და პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებების საქმიანობის კოორდინაციას უზრუნველყოფს სამინისტრო.