დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს საფასურის, აგრეთვე მისი რეალიზების, მოვლა-შენახვისა და გამოცვლის წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 111/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430050000.22.022.018890 |
|
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს საფასურის, აგრეთვე მისი რეალიზების, მოვლა-შენახვისა და გამოცვლის წესის დამტკიცების თაობაზე
|
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ21“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს:
ა) რეალიზების, მოვლა-შენახვისა და გამოცვლის წესი (დანართი №1); ბ) საფასური (დანართი №2).
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს რეალიზების, მოვლა-შენახვისა და გამოცვლის წესი მუხლი 1. რეგულირების სფერო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს რეალიზების, მოვლა-შენახვისა და გამოცვლის წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოს რეალიზების, მოვლა-შენახვისა და გამოცვლის, ასევე, „სკოლის მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 11 აგვისტოს №386 დადგენილებით დამტკიცებული „სკოლის მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის“ (შემდგომ – პროგრამა) შესაბამისად, უსასყიდლოდ გადაცემის წესს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სახელმძღვანელო – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიერ შექმნილი ან/და ამ სამინისტროს მიერ გრიფმინიჭებული ან/და ამავე სამინისტროსთან შეთანხმებული, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელო, მათ შორის, ამ სახელმძღვანელოების გადამუშავებული (თარგმნილი, გაციფრულებული და სხვ.) ვერსია; ბ) საგანმანათლებლო რესურსცენტრი – სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი; გ) შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ – სამინისტროს მიერ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი; დ) მართვის საინფორმაციო სისტემა – სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. მუხლი 3. სახელმძღვანელოების შენახვა 1. სახელმძღვანელოები რეალიზაციის პუნქტებამდე ან/და საგანმანათლებლო რესურსცენტრებამდე/სკოლებამდე ტრანსპორტირებამდე განთავსებულია შესაბამისად გამოყოფილ მშრალ, სუფთა და ტენისგან დაცულ სასაწყობე ფართ(ებ)ში. 2. სასაწყობე ფართი უნდა იყოს დაცული, ხოლო შენობის პერიმეტრი – აღჭურვილი ვიდეომონიტორინგის სისტემით. მუხლი 4. სახელმძღვანელოების ტრანსპორტირება 1. სახელმძღვანელოების ტრანსპორტირებას რეალიზაციის პუნქტებამდე ან/და საგანმანათლებლო რესურსცენტრებამდე/სკოლებამდე უზრუნველყოფს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“, საამისოდ გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალებებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებში სახელმძღვანელოები იმგვარად უნდა იქნეს განთავსებული, რომ არ მოხდეს მათი დაზიანება. 3. პროგრამით განსაზღვრული ბენეფიციარებისთვის შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ თავად უზრუნველყოფს სახელმძღვანელოების ტრანსპორტირებას ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო კერძო სკოლებისთვის სახელმძღვანელოების მიწოდება განხორციელდება შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ სასაწყობე ფართიდან ან/და რეალიზების პუნქტიდან, რაზეც ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი. მუხლი 5. სახელმძღვანელოების რეალიზება 1. სახელმძღვანელოების რეალიზება ხორციელდება შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ განსაზღვრული ფიზიკური სივრციდან/სივრცეებიდან – რეალიზების პუნქტებიდან ან/და შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდიდან ონლაინ გაყიდვის საშუალებით. 2. სახელმძღვანელოს რეალიზება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. სახელმძღვანელოს რეალიზების თითოეულ პუნქტში განთავსებული უნდა იყოს არანაკლებ ერთი ერთეული საბანკო გადახდის ტერმინალი. 3. საბანკო გადახდის ტერმინალის არარსებობის ან ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, სახელმძღვანელოს საფასურის გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს საბანკო გადარიცხვით, შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ შესაბამის სახაზინო კოდზე ჩარიცხვისა და საგადახდო დავალების შესაბამის რეალიზების პუნქტში წარდგენის გზით. მუხლი 6. სახელმძღვანელოების უსასყიდლოდ გადაცემა 1. სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცემათ პროგრამით განსაზღვრულ ბენეფიციარებს. 2. შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სახელმძღვანელოებს გადასცემს შესაბამის სკოლას/სკოლებს, მათ შორის, საგანმანათლებლო რესურსცენტრების მეშვეობით. თავის მხრივ, სკოლები უზრუნველყოფენ სახელმძღვანელოების გადაცემას პროგრამის ბენეფიციარებისათვის. 3. პროგრამის თითოეულ ბენეფიციარზე, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ თითოეულ საგანში სახელმძღვანელოს ერთი ერთეული უსასყიდლოდ გაიცემა. მუხლი 7. სახელმძღვანელოების გამოცვლა 1. იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელო(ებ)ს აღმოაჩნდა იმგვარი წუნი, რომელიც შეუძლებელს ხდის მის გამოყენებას, შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით, დასაბუთებული წერილით მიმართავს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“, რომელიც მიმართვის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს მიღებულ კორესპონდენციას და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სახელმძღვანელო(ები)ს ახლით შეცვლას. 2. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ბენეფიციარი უსასყიდლოდ გადაცემულ სახელმძღვანელოს მნიშვნელოვნად დააზიანებს/გაანადგურებს ან დაკარგავს, შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ შესაბამისი სახელმძღვანელოს განმეორებით უსასყიდლოდ გადაცემა არ განხორციელდება. მუხლი 8. სახელმძღვანელოების მოვლა-შენახვა 1. სახელმძღვანელოები გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ სასწავლო პროცესის მიზნებისათვის და არ უნდა გადაეცეს მესამე პირებს. 2. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სახელმძღვანელოს მთლიანობის დაცვა, არ უნდა მოხდეს მისი დაზიანება (ფურცლების ჩაკეცვა, მინაწერების ან/და ჩანახატების გაკეთება და ა.შ.). 3. მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი სახელმძღვანელოს მიღების დროს ვალდებულია დაათვალიეროს ის და დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სკოლას. 4. პროგრამის შესაბამისად უსასყიდლოდ გადაცემული სახელმძღვანელოების გამოყენების ზოგადი წესი და მათი მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმები რეგულირდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ დამტკიცებული „მოსწავლის სკოლის სახელმძღვანელოებითა (მოსწავლის წიგნით) და დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ მოსწავლის მშობლისათვის/კანონიერი წარმომადგენლისათვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემული სკოლის სახელმძღვანელოებისა (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურის გამოყენების ზოგადი წესითა და მათი მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმებით“. მუხლი 9. სახელმძღვანელოების გადაცემის აღრიცხვა შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ ხორციელდება როგორც რეალიზებული, ასევე პროგრამის ბენეფიციარებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში. მუხლი 10. პერსონალური მონაცემების დამუშავება 1. სკოლის მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავება ამ დანართის მიზნებისათვის და შესაბამისი მოცულობით ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ამ დანართის მიზნებისთვის, პროგრამის ფარგლებში დამუშავებული ბენეფიციარების პერსონალურ მონაცემებთან ერთად, ასევე მუშავდება სკოლის მოსწავლეთა შემდეგი პერსონალური მონაცემები: ა) სახელი და გვარი; ბ) პირადი ნომერი; გ) დაბადების თარიღი; დ) სკოლა; ე) კლასი; ვ) მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საბანკო მონაცემები. 3. ამ მუხლით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და დაცვაზე პასუხისმგებელია შპს „საგანმანათლებლო რესურსები“. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები