დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 409 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220030.10.003.025958 |
|
საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეიქმნას საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო − საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში − საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − საბჭოს თავმჯდომარე; ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე/ მოადგილე − საბჭოს წევრი; გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − საბჭოს წევრი; დ) სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე/მოადგილე − საბჭოს წევრი; ე) საქართველოს ეროვნული ბანკის ორი ვიცე-პრეზიდენტი − საბჭოს წევრები; ვ) სსიპ − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე/კომისიის წევრი − საბჭოს წევრი. |
| მუხლი 2 |
1. საბჭოს თავმჯდომარედ განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − ირაკლი ნადარეიშვილი.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ − „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ უწყებებს დაევალოთ საბჭოს წევრობის კანდიდატების საბჭოს თავმჯდომარისათვის წარდგენა ამავე დადგენილების ამოქმედებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. 3. ამ დადგენილების პირველი მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ უწყებებს ეთხოვოთ საბჭოს წევრობის კანდიდატების საბჭოს თავმჯდომარისათვის წარდგენა ამავე დადგენილების ამოქმედებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს დებულება“. |
| მუხლი 4 |
საბჭოს დაევალოს საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმ(ებ)ის შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარმოდგენა.
|
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. „საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების უწყებათაშორისი საბჭო“ (შემდგომში − საბჭო) შექმნილია ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. 2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. საბჭო, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ასრულებს შესაბამისი უწყებების საქმიანობის მაკოორდინირებელ ფუნქციას. 4. „საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს დებულება“ (შემდგომში − დებულება) განსაზღვრავს საბჭოს მიზნებს, ამოცანებს, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს. მუხლი 2. საბჭოს მიზანი, ამოცანა და უფლებამოსილებანი 1. საბჭოს მიზანია საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგიისა (შემდგომში − სტრატეგია) და მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმ(ებ)ის (შემდგომში − სტრატეგიის სამოქმედო გეგმა) შემუშავება და შესაბამისი ამოცანების შესრულების კოორდინირება და მონიტორინგი. 2. საბჭოს ამოცანებია: ა) სტრატეგიისა და სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავების უზრუნველყოფა და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარმოდგენა, ასევე, საჭიროებისამებრ, სტრატეგიის განახლება; ბ) სტრატეგიისა და სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციის უზრუნველყოფა და მონიტორინგი; გ) ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების აღმოსაფხვრელად წინადადებების/რეკომენდაციების მომზადება, სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში გათვალისწინების მიზნით. 3. საბჭო უფლებამოსილია: ა) სტრატეგიიდან და სტრატეგიის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, შეიმუშაოს/მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები ფინანსური ტექნოლოგიების სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ასევე სტრატეგიის შემუშავების მიზნებისათვის შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისაგან გამოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და სხვა მონაცემები; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და სტრატეგიის შემუშავების მიზნებისათვის, მიიწვიოს შესაბამისი დარგის ექსპერტები, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დაინტერესებული მხარეებისა და სამეცნიერო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წამომადგენლები, საბჭოს საქმიანობის საჭიროების გათვალისწინებით; დ) შექმნას უწყებათაშორისი ტექნიკური დონის სამუშაო/თემატური ჯგუფ(ებ)ი (შემდგომში − სამუშაო ჯგუფი) და განახორციელოს მისი საქმიანობის მონიტორინგი. მუხლი 3. საბჭოს საქმიანობა და მისი ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა 1. საბჭო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებებით. 2. საბჭოს სხდომებს, საკუთარი ინიციატივით ან საბჭოს წევრ(ებ)ის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, იწვევს და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე. 3. საბჭოს თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს საბჭოს მუშაობას, უძღვება სხდომებს, ადგენს სხდომის დღის წესრიგს. 4. საბჭოს სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ. 5. საბჭოს სხდომები შეიძლება გაიმართოს როგორც ფიზიკურად, ისე ელექტრონულ ფორმატში. 6. საბჭოს სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების, სადაზღვევო პოლიტიკისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტი, ხოლო საბჭოს მდივნის მოვალეობას ასრულებს ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 7. საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს საბჭოს ორგანიზაციულ/ადმინისტრაციულ მხარდაჭერას, ამზადებს საბჭოს სხდომის ოქმებსა და სამუშაო დოკუმენტებს, უგზავნის მათ საბჭოს წევრებს, ატყობინებს მათ სხდომის ჩატარების თარიღს. 8. საბჭოს სამდივნო ტექნიკურ-ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მუშაობას, ორგანიზებას უწევს მონიტორინგისა და საბოლოო შეფასების პროცესს, სამუშაო ჯგუფს აწვდის ინფორმაციას შესაბამისი შედეგების შესახებ. 9. საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს საბჭოს უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო სხვა საქმიანობების შესრულებას. 10. საბჭოს სამდივნო საბჭოს წევრებს უგზავნის საბჭოს სხდომის დღის წესრიგს სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ სამი დღით ადრე. 11. საბჭოს წევრი უფლებამოსილია საბჭოს სხდომის მოწვევამდე არანაკლებ სამი დღით ადრე საბჭოს თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს საბჭოს სხდომის დღის წესრიგში შესატანი საკითხების ჩამონათვალი. საკითხ(ებ)ის აქტუალურობიდან გამომდინარე, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილება. მუხლი 4. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი 1. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს სხდომაზე. 2. საბჭოს წევრის დროებითი არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს მისი მოვალეობის შემსრულებელი ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების მქონე პირი. 3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 4. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. საბჭოს წევრს არ აქვს ხმის მიცემისაგან თავის შეკავების უფლება. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 5. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი/უფლებამოსილი პირი. 6. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი. მუხლი 5. სამუშაო ჯგუფი 1. საბჭოს გადაწყვეტილებით, მისი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შეიძლება შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს საბჭო. 2. საბჭოს გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ანგარიშვალდებულია საბჭოს წინაშე. 3. საბჭოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა. 4. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს, სულ მცირე, საბჭოს შემადგენლობაში არსებული უწყებების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირი/შესაბამისი უწყების დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი/ ხელმძღვანელის მოადგილე ან მათ მიერ განსაზღვრული სხვა პირი. საბჭო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში განსაზღვროს დაინტერესებული მხარის შესაბამისი წარმომადგენელი. 5. სამუშაო ჯგუფის ფუნქციებია: ა) სტრატეგიისა და შესაბამისი სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პროექტების შემუშავება, ასევე, საჭიროებისამებრ, საბჭოსათვის, სტრატეგიის განახლების მიზნით, ცვლილებების ასახვის შეთავაზება; ბ) სტრატეგიისა და შესაბამისი სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პროექტებზე შეთანხმება და საბჭოსათვის წარდგენა; გ) სტრატეგიისა და შესაბამისი სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების პროცესში საბჭოს სამდივნოს მხარდაჭერა; დ) საბჭოს სხვა დავალებ(ებ)ის შესრულება. 6. საბჭოს მიერ სამუშაო ჯგუფისათვის დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად, სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადენილი წესით, სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეებიდან გამოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტ(ებ)ი და სხვა მონაცემ(ებ)ი; ბ) მიიწვიოს დარგის შესაბამისი ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები, თავიანთ კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. 7. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეა საბჭოს მდივანი. 8. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და ორგანიზებას უწევს მის მუშაობას. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები