„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №404 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №404 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 464
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 010340000.10.003.026014
464
28/09/2026
ვებგვერდი, 01/10/2026
010340000.10.003.026014
„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №404 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №464

2026 წლის 28 სექტემბერი

 ქ. თბილისი

 

„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №404 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №404 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/08/2016, 010340000.10.003.019469) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1.  მე-6 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დოკუმენტის ლეგალიზაცია ხორციელდება ორ ეტაპად: უფლებამოსილი ორგანო ახდენს დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტურობის დამოწმებას, რის შემდეგაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი (შემდგომში − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი) ახდენს პირველ ეტაპზე განხორციელებული ლეგალიზაციის შტამპზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილებისა და ბეჭდის ავთენტურობის დამოწმებას.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, სალეგალიზაციოდ წარდგენილ დოკუმენტზე არსებულ თვითწებად ქაღალდზე/შტამპზე ასახული უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერის ფოტოასლი წარუდგინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტს, რომელიც ეყრდნობა ლეგალიზაციის პირველ ეტაპთან დაკავშირებით ასახულ მონაცემებს და უფლებამოსილია, გადამოწმების გარეშე განახორციელოს მონაცემების ნამდვილობის/ავთენტურობის დამოწმება. მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ ლეგალიზებული დოკუმენტის ნამდვილობის/ავთენტურობის გადამოწმება შესაძლებელია უნიკალური კოდის მეშვებით შესაბამის ვებგვერდზე.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ლეგალიზაციის პირველი ეტაპის განმახორციელებელი ორგანოები ვალდებულნი არიან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტს თანამდებობაზე დანიშვნის დღესვე წარუდგინონ სალეგალიზაციო შტამპზე ხელმოწერის უფლებამოსილების მქონე პირების ხელმოწერისა და შესაბამისი ბეჭდის ნიმუშები.

5. უფლებამოსილი ორგანოები დოკუმენტების ლეგალიზაციისას იყენებენ ამ დადგენილებით დამტკიცებულ ლეგალიზაციის პირველი ეტაპის შტამპს, ხოლო მეორე ეტაპის შტამპის დოკუმენტზე დატანას უზრუნველყოფს ორგანო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის მიერ გამოხატული შესაბამისი თანხმობის საფუძველზე.“.

2. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ლეგალიზაციის პირველი ეტაპის განმახორციელებელი ორგანოები დოკუმენტის ლეგალიზაციას ახდენენ განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი ლეგალიზაციის მეორე ეტაპს ახორციელებს პირველი ეტაპის ლეგალიზაციის განხორციელების ვადაში.“.

3. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი ლეგალიზაციის მეორე ეტაპის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს და ლეგალიზაციას დაქვემდებარებული დოკუმენტის დანართზე სალეგალიზაციო შტამპისა და უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერის ფოტოასლის დასმაზე თანხმობას გამოხატავს ელექტრონულად შესაბამისი დასტურის გაგზავნის გზით.“.

4. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ლეგალიზაციის მეორე ეტაპზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის თანხმობით, უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს 10X10 სმ ზომის შტამპის დასმას დოკუმენტზე, ხოლო 10X8 სმ ზომის შტამპის დასმას დოკუმენტზე ახდენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი (დანართი №2).“.

5. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

ლეგალიზაციის II ეტაპის სალეგალიზაციო შტამპის ნიმუში

 

შტამპის ნიმუში:

 

№ –––––––––                                                                                  ––––– –––––––

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი ადასტურებს ხელმომწერი პირის უფლებამოსილებას, ხელმოწერის ნამდვილობასა და უფლებამოსილი ორგანოს ბეჭდის/შტამპის ავთენტურობას.

 

The Consular and Diaspora Department of The Ministry of Foreign Affairs of Georgia certifies the authenticity of the signature, the capacity in which the person signing the document has acted and the identity of the seal or stamp which it bears.

 

ხელმოწერა:

Signature ––––––––                                           

 

 

        “.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე