სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 135/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 08/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 440050000.22.022.018913
135/ნ
08/10/2026
ვებგვერდი, 09/10/2026
440050000.22.022.018913
სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №135/ნ

2026 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ

„სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე



სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურისის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის (შემდგომ – კონკურსი) დებულება (შემდგომ – დებულება) აწესრიგებს კონკურსის გამართვის, საგრანტო პროექტის (შემდგომ – პროექტი) შეფასების, გრანტის გაცემისა და საგრანტო ხელშეკრულების განხორციელების მონიტორინგის წესს.

2. კონკურსის საგრანტო დაფინანსება (შემდგომ – დაფინანსება) განხორციელდება საგრანტო კონკურსის საფუძველზე.

3. კონკურსი მოიცავს ევროსტატისა (EUROSTAT) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კლასიფიკაციით დადგენილ შემდეგი სამეცნიერო მიმართულე­ბების (6 მიმართულება) ქვემიმართულებებს: 

ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:

ა.ა) მათემატიკა;

ა.ბ) კომპიუტერული და საინფორმაციო მეცნიერებები;

ა.გ) ფიზიკური მეცნიერებები;

ა.დ) ქიმიური მეცნიერებები;

ა.ე) დედამიწის და მასთან დაკავშირებული გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები;

ა.ვ) ბიოლოგიური მეცნიერებები;

ა.ზ) სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები:

ბ.ა) სამოქალაქო ინჟინერია;

ბ.ბ) ელექტროინჟინერია, ელექტრონული ინჟინერია, საინფორმაციო ინჟინერია;

ბ.გ) მექანიკური ინჟინერია;

ბ.დ) ქიმიური ტექნოლოგია;

ბ.ე) მასალათა ტექნოლოგია;

ბ.ვ) სამედიცინო ტექნოლოგია;

ბ.ზ) გარემოს შემსწავლელი ინჟინერია;

ბ.თ) ეკოლოგიური ბიოტექნოლოგია;

ბ.ი) სამრეწველო ბიოტექნოლოგია;

ბ.კ) ნანო-ტექნოლოგია;

ბ.ლ) სხვა საინჟინრო ტექნოლოგიები;

გ) მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები:

გ.ა) ფუნდამენტური მედიცინა;

გ.ბ) კლინიკური მედიცინა;

გ.გ) ჯანმრთელობის მეცნიერებანი;

გ.დ) სამედიცინო ბიოტექნოლოგია;

გ.ე) მედიცინის სხვა დარგები;

დ) აგრარული მეცნიერებები:

დ.ა) სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და მეთევზეობა;

დ.ბ) მეცხოველეობა და მერძევეობა;

დ.გ) ვეტერინარული მეცნიერებანი;

დ.დ) სასოფლო-სამეურნეო ბიოტექნოლოგიები;

დ.ე) სხვა აგრარული მეცნიერებები;

ე) სოციალური მეცნიერებები:

ე.ა) ფსიქოლოგია;

ე.ბ) ეკონომიკა და ბიზნესი;

ე.გ) განათლების მეცნიერებანი;

ე.დ) სოციოლოგია;

ე.ე) სამართალი;

ე.ვ) პოლიტიკური მეცნიერებები;

ე.ზ) სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფია;

ე.თ) მედია და კომუნიკაცია;

ე.ი) სხვა სოციალური მეცნიერებები;

ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები:

ვ.ა) ისტორია და არქეოლოგია;

ვ.ბ) ენები და ლიტერატურა;

ვ.გ) ფილოსოფია, ეთიკა და რელიგია;

ვ.დ) ხელოვნება (ხელოვნება, ხელოვნების ისტორია, საშემსრულებლო ხელოვნება, მუსიკა);

ვ.ე) სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებები.

4. ამ დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებების დეტალურ, ჩაშლილ კლასიფიკატორს, თითოეულ მიმართულებაში შემავალი დარგებისა და ქვედარგების სრულ სიას, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან შეთანხმებით ადგენს და ამტკიცებს ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 2. საგრანტო კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია ღია კონკურსის გზით შერჩეული და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (შემდგომ – ფონდი) მიერ დამტკიცებული სამეცნიერო კვლევების ფინანსური უზრუნველყოფა. კონკურსის მიზანია ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი. დასაფინანსებელ კვლევას არ მოეთხოვება უშუალო კომერციული სარგებლიანობა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა წარმოადგენდეს სოციალურ-პოლიტიკური, საზოგადოებრივი, კულტურული ან/და ტექნიკური პროგრესის საფუძველს. კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დადგენილების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გენერალური დირექტორი – ფონდის გენერალური დირექტორი, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება და საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ბ) ახალგაზრდა მეცნიერი − მაგისტრის/დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ძირითადი პერსონალიდან, რომელთა აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან კონკურსის გამოცხადებამდე გასულია არაუმეტეს 7 წლისა, ასევე მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტი და პირი, რომელიც გადის რეზიდენტურის კურსს;

გ) გრანტის მიმღები – კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული, დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის წამყვანი ორგანიზაცია, თანამონაწილე ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ძირითადი პერსონალი;

დ) დამოუკიდებელი ექსპერტი/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ი − ადგილობრივი ან/და უცხოელი პირი/პირთა ჯგუფ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც აფასებს/აფასებენ საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტებს;

ე) დამხმარე პერსონალი – პროექტის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი/პირები, რომელიც/რომლებიც ეხმარება/ეხმარებიან ძირითად პერსონალს ტექნიკური საკითხების მოგვარებაში;

ვ) ზედნადები ხარჯი − პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ გასაწევი არაპირდაპირი ხარჯი, რომელიც შეადგენს პროექტის ბიუჯეტის არაუმეტეს 5%-ს. ზედნადები ხარჯი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წამყვანი ან თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსებისთვის;

ზ) თანადამფინანსებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ფონდთან ერთად აფინანსებს კვლევით პროექტს;

თ) თანამონაწილე ორგანიზაცია − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. თანამონაწილე ორგანიზაცია წამყვან ორგანიზაციასთან ერთად უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს;

ი) მიზნობრივი ანგარიში − საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ პროექტისთვის გახსნილი მიზნობრივი საბანკო/სახაზინო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა;

კ) პროექტი – დაფინანსების მოპოვების მიზნით, ამ დებულებითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, ფონდში კონკურსის მეორე ეტაპზე წარდგენილი სრული საკონკურსო განაცხადი;

ლ) პროექტის ანოტაცია – ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, ფონდში კონკურსის პირველ ეტაპზე წარსადგენი მოკლე საკონკურსო განაცხადი;

მ) პროექტის ანოტაციის შეფასების კრიტერიუმები – ფონდში წარდგენილი პროექტების ანოტაციების შესაფასებლად საგრანტო განაცხადების განმხილველი სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოსთვის განსაზღვრული, ამ დებულებით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების მითითებით;

ნ) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისთვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კატეგორიების მიხედვით;

ო) პროექტის კოორდინატორი – საქართველოს მოქალაქე პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც ჩართულია პროექტის მართვასა და ადმინისტრირებაში და პასუხისმგებელია პროექტის მენეჯმენტსა და საორგანიზაციო საქმეებზე; პროექტის კოორდინატორი შესაძლებელია ამავე დროს იყოს ახალგაზრდა მეცნიერი;

პ) პროექტის შეფასების კრიტერიუმები – ფონდში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის და/ან დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისთვის განსაზღვრული, ამ დებულებით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების მითითებით;

ჟ) პროექტის ხელმძღვანელი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე პროექტის ძირითადი პერსონალიდან, რომელიც პროექტს განახორციელებს წამყვან ორგანიზაციაში და ხელმძღვანელობს პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე. პროექტის ხელმძღვანელი შესაძლებელია ამავე დროს იყოს ახალგაზრდა მეცნიერი;

რ) საგრანტო განაცხადების განმხილველი სახელმწიფო სამეცნიერო საბჭო (შემდგომ – საბჭო) – ამავე დადგენილებით დამტკიცებული, დებულების შესაბამისად შექმნილი კოლეგიური ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საგრანტო განაცხადების განხილვას შეფასების პირველი ეტაპზე, განსაზღვრავს შეფასების მეორე ეტაპზე გადასული პროექტების სიას და უზრუნველყოფს სახელმწიფო გრანტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას;

ს) საანგარიშო პერიოდი – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს საგრანტო სახსრების ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშს;

ტ) საბოლოო ანგარიში – პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარდგენილი საბოლოო პროგრამული და ფინანსური ანგარიში;

უ) საგრანტო ხელშეკრულება – გრანტის მიმღებს, თანადამფინანსებელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;

ფ) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი – საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის შუალედური და საბოლოო პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა;

ქ) საკონკურსო დოკუმენტაცია – ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, კონკურსის პირველი და მეორე ეტაპებისთვის, რომელთა წარდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;

ღ) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული კონკრეტული პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები;

ყ) შუალედური ანგარიში – საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარდგენილი პროგრამული და ფინანსური ანგარიშები;

შ) ძირითადი პერსონალი – გრანტის მიმღები საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, რომელიც ასრულებს პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს დოქტორის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, დოქტორანტურის, მაგისტრატურის სტუდენტი ან პირი, რომელიც გადის რეზიდენტურის კურსს;

ჩ) წამყვანი ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანი არის სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს.

მუხლი 4. საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება

1. გრანტის გაცემას ახორციელებს ფონდი.

2. ფონდი უზრუნველყოფს:

ა) კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, აგრეთვე საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშების ფორმების დამტკიცებას;

გ) კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, საკონკურსოდ წარდგენილი განაცხადების ტექნიკურ ექსპერტიზას;

დ) პროექტების განხილვისა და შეფასებისთვის აუცილებელი ორივე ეტაპის პროცედურების ადმინისტრირებას;

ე) დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცებას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანას;

ვ) გამარჯვებული პროექტების დაფინანსებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს, დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 5. კონკურსში მონაწილე სუბიექტები

1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ წამყვან ორგანიზაციას, თანამონაწილე ორგანიზაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ძირითად პერსონალს ერთობლივად:

ა) წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახით – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს;

ბ) ძირითადი პერსონალის სახით – დოქტორის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, დოქტორანტურის, მაგისტრატურის სტუდენტს ან პირს, რომელიც გადის რეზიდენტურის კურსს.

2. ერთსა და იმავე პირს, ერთსა და იმავე დროს ძირითადი პერსონალის სტატუსით არ შეუძლია იყოს ჩართული ფონდის მიერ გამოცხადებული ან ადმინისტრირებული კონკურსის შედეგად დაფინანსებულ, ჯამში 2-ზე მეტ პროექტში. პროექტში ჩართვა გულისხმობს როგორც ამ კონკურსში წარმოდგენილ, ასევე უკვე დაფინანსებულ და მიმდინარე პროექტებში ჩართვას შემდეგ კონკურსებში: სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების და ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსები.

3. ერთი და იგივე პირი, ერთსა და იმავე დროს, არ უნდა ხელმძღვანელობდეს ფონდის მიერ გამოცხადებული ან ადმინისტრირებული კონკურსის შედეგად დაფინანსებულ ერთზე მეტ პროექტს. პროექტის ხელმძღვანელობაში იგულისხმება როგორც ამ კონკურსში წარმოდგენილი, ასევე უკვე დაფინანსებული და მიმდინარე პროექტების ხელმძღვანელობა შემდეგ კონკურსებში: სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების და ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსები.

4. პროექტში ძირითად პერსონალთან ერთად აუცილებელია წამყვანი ორგანიზაციის მონაწილეობა.

მუხლი 6. ძირითადი ფინანსური მოთხოვნები

1. საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 2 ან 3 წელი. პროექტის ბოლო საანგარიშო პერიოდის მიმდინარეობისას ან მისი დასრულების შემდგომ, 10 კალენდარული დღის განმავლობაში, არგუმენტირებული დასაბუთების წარდგენის შემთხვევაში ფონდი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პროექტის ხანგრძლივობის მაქსიმუმ 1 წლით გაგრძელების შესახებ, დამატებითი დაფინანსების გარეშე.

2. საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის დაგეგმილ ვადებში პროექტით განსაზღვრული შედეგების განხორციელების შემთხვევაში, გრანტის მიმღების დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, ექსპერტთა ჯგუფი შეაფასებს პროექტის შედეგებსა და მომავლისთვის დაგეგმილ აქტივობებს (გაგრძელების შემთხვევაში), რის საფუძველზეც კვლევის გაფართოების ან მისგან გამომდინარე ახალი მიმართულებების შესწავლისთვის, პროექტის სტაბილურობის, შედეგების გამოყენებისა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის შეიძლება მიიღოს პროექტის გაგრძელების გადაწყვეტილება (Performance-based continuation) დამატებითი დაფინანსებით 1 ან 2 წლის ვადით, დებულებით განსაზღვრული მაქსიმალური წლიური ბიუჯეტის ფარგლებში.

3. საგრანტო დაფინანსება შეიძლება მოთხოვნილი იყოს შემდეგი სქემით:

ა) ამ დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისთვის: 2-წლიანი პროექტებისთვის – არაუმეტეს 200 000 (ორასი ათასი) ლარისა; 3-წლიანი პროექტებისთვის – არაუმეტეს 300 000 (სამასი ათასი) ლარისა;

ბ) ამ დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისთვის: 2-წლიანი პროექტებისთვის – არაუმეტეს 140 000 (ას ორმოცი ათასი) ლარისა; 3-წლიანი პროექტებისთვის – არაუმეტეს 210 000 (ორას ათი ათასი) ლარისა.

4. პროექტის წლიური ბიუჯეტი, ამ დებულების  პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით, არ უნდა აღემატებოდეს:

ა) „ა“, „ბ“, „გ“, და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისთვის – 100 000 (ასი ათასი) ლარს;

ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისთვის – 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარს;

5. პროექტი შეიძლება, ითვალისწინებდეს თანადაფინანსებას თანადამფინანსებლის მხრიდან.

6. წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების ბაზაზე პროექტით დაგეგმილი ამოცანების განხორციელებისთვის აუცილებელი არაპირდაპირი ხარჯები უნდა აისახოს ხარჯვის კატეგორიაში − „ზედნადები ხარჯები“. „ზედნადები ხარჯების“ მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის 5%-ს. ზედნადები ხარჯები შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს გრანტის ტექნიკური ადმინისტრირებისა და წამყვანი ან თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ სამეცნიერო-კვლევითი დაფინანსებისთვის. გრანტის მიმღებისთვის გრანტის ჩარიცხვის ფაქტის დადასტურებით (სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში შესრულებული გადარიცხვა), გრანტის გამცემისთვის ზედნადები ხარჯები სრულად აღიარდება ხარჯად, ფონდის მიერ განხორციელებული ფინანსური მონიტორინგის ფარგლებში. ფონდი უფლებამოსილია პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე დასრულებიდან 3 წლის ვადაში გრანტის მიმღებისგან მოითხოვოს ინფორმაცია ზედნადები ხარჯების მუხლიდან თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია.

7. პროექტის ბიუჯეტში ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 50000 ლარს წელიწადში. პროექტში ერთი ახალგაზრდა მეცნიერის ჩართვის შემთხვევაში ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 55000 ლარს, ხოლო ორი ან მეტი ახალგაზრდა მეცნიერის ჩართვის შემთხვევაში − 60000 ლარს. პროექტში ახალგაზრდა მეცნიერის ჩართვის შემთხვევაში, პროექტის ბიუჯეტი უნდა ითვალისწინებდეს ახალგაზრდა მეცნიერის საგრანტო დაფინანსებას თითოეულ საანგარიშო პერიოდში და უნდა შეადგენდეს არანაკლებ 9000 ლარს წელიწადში თითოეული ახალგაზრდა მეცნიერისათვის.

8. დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში ჯამში 5000 ლარს.

9. პროექტის საგრანტო დაფინანსება ხორციელდება ტრანშების სახით. გრანტის თანხები გადაირიცხება პროექტის მიზნობრივ საბანკო/სახაზინო ანგარიშებზე ავანსის სახით, ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსების 30%-ის გამოკლებით. პირველი ტრანში გადაირიცხება ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარული დღის ვადაში. ყოველი მომდევნო ტრანში და წინა საანგარიშო პერიოდით გათვალისწინებული ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსების 30% გადაირიცხება შესაბამისი საანგარიშო პერიოდების შუალედური ანგარიშების განხილვის აქტების საფუძველზე.

10. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება გრანტის მიმღებს მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.

მუხლი 7. პროექტის ბიუჯეტი

1. პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს:

ა) ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება;

ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება;

გ) მივლინება;

დ) კვლევისთვის საჭირო ხარჯები;

ე) ზედნადები ხარჯები.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხარჯვითი კატეგორიები განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. გრანტის სახსრებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა, უძრავი ქონების იჯარა, კაპიტალური რემონტი/შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, ავტომანქანისა და მობილური ტელეფონის შეძენა.

მუხლი 8. კონკურსის ეტაპები

კონკურსის ეტაპებია:

ა) კონკურსის გამოცხადება;

ბ) პროექტების ანოტაციების ფონდში წარდგენა;

გ) პროექტის ანოტაციების განხილვა საგრანტო განაცხადების განმხილველი სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს მიერ;

დ) შეფასების მეორე ეტაპზე გადასული პროექტების სრული დოკუმენტაციის ფონდში წარდგენა;

ე) შეფასების მეორე ეტაპზე გადასული პროექტების შეფასება დამოუკიდებელ ექსპერტთა/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მეშვეობით;

ვ) დამოუკიდებელ ექსპერტთა/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის შეფასების საფუძველზე შერჩეული დასაფინანსებელი პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება;

ზ) დასაფინანსებლად შერჩეულ პროექტებში მონაწილე წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციებთან და ძირითად პერსონალთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.

მუხლი 9. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა

1. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით. დადგენილი ბოლო ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება.

2. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტი, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისთვის დადგენილ მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას ან წარმოადგენს პლაგიატს.

მუხლი 10. პროექტის შეფასება

1. ფონდი უზრუნველყოფს პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას.

2. კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი რეგისტრირებული პროექტების ანოტაციები განსახილველად გადაეცემა საგრანტო განაცხადების განმხილველ სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს.

3. საბჭო აფასებს პროექტების ანოტაციებს ამ დებულების მე-15 მუხლით გათვალისწინებული პროექტის ანოტაციის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და განსაზღვრავს შეფასების მეორე ეტაპზე გადასული პროექტების სიას.

4. შეფასების მეორე ეტაპზე გადასული პროექტები შესაფასებლად გადაეცემათ დამოუკიდებელ დამოუკიდებელ ექსპერტებს ან/და ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ს. პროექტის შეფასება უნდა განახორციელოს, სულ ცოტა, ორმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა. ფონდს შეფასების შედეგი წარედგინება თავის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.

5. შეფასების მეორე ეტაპზე გადასული პროექტების შეფასება ხორციელდება ამ დებულების მე-15 მუხლით განსაზღვრული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.

6. შეფასების მე-2 ეტაპზე დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან ან/და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე, პროექტის საბოლოო შეფასება გამოიანგარიშება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.

7. შეფასების მეორე ეტაპზე გადასული პროექტების ანოტაციის შეფასებისა და დამოუკიდებელი ექსპერტებისგან ან/და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე, ფონდი ადგენს და გენერალური დირექტორი ამტკიცებს პროექტების რანჟირებულ სიებს, ამ დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით. გენერალური დირექტორი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით განსაზღვროს თითოეული სამეცნიერო მიმართულებებისა და მიმართულებით გათვალისწინებული ქვემიმართულებებისთვის ცალ-ცალკე დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი ზღვრული შეფასება. რანჟირებული სიების საფუძველზე, გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, გამოყოს სათადარიგო პროექტები, რომლებიც ჩაენაცვლება გამარჯვებულ პროექტებს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულებთან არ გაფორმდება საგრანტო ხელშეკრულება.

8. დამოუკიდებელი ექსპერტის/დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის წევრთა ვინაობა კონფიდენციალურია.

9. კონკურსის შედეგების გამოცხადების შემდეგ პროექტის ძირითადი პერსონალის, წამყვანი/თანამონაწილე ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში, ფონდი უზრუნველყოფს მათი პროექტის შესახებ დამოუკიდებელ ექსპერტთა ან/და ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაკეთებული დასკვნების გაცნობას.

მუხლი 11. ინტერესთა კონფლიქტი

1. დაუშვებელია დამოუკიდებელი ექსპერტი/ექსპერტთა ჯგუფის წევრი იყოს პირი, რომელიც არის ამავე კონკურსის მონაწილე.

2. არ შეიძლება პროექტების შეფასების პროცესში მონაწილეობას იღებდეს დამოუკიდებელი ექსპერტი/ექსპერტთა ჯგუფის წევრი:

ა) რომელსაც აქვს ბოლო სამი წლის განმავლობაში საერთო პუბლიკაცია ძირითად პერსონალთან ან მონაწილეობას იღებდა მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში;

ბ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში;

გ) რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ პროექტის ავტორებისაგან ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია;

დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია; შრომით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან.

3. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:

ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;

ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;

გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;

დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.

4. დამოუკიდებელი ექსპერტი/ექსპერტთა ჯგუფის წევრი ვალდებულია გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.

5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია დამოუკიდებელი ექსპერტის/ექსპერტთა ჯგუფის წევრის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია, იმსჯელოს დამოუკიდებელი ექსპერტის/ექსპერტთა ჯგუფის წევრის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ.

მუხლი 12. საგრანტო ხელშეკრულება

1. ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებათა გაფორმებას პროექტებში მონაწილე გრანტის მიმღებთან და თანადამფინანსებელთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციები ფონდს წარუდგენენ წერილობით დადასტურებას იმის შესახებ, რომ არა აქვთ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება.

3. საგრანტო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეფასებული პროექტის იდენტურ ვერსიაზე.

4. პროექტის ფარგლებში შექმნილი გამოგონების დაპატენტების უფლება ეკუთვნით ფონდსა და გრანტის მიმღებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნულ გამოგონებას დააპატენტებს გრანტის მიმღები, ფონდს წარმოეშობა პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებები. პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების გამოყენებიდან მიღებული მოგების პროცენტულობა განისაზღვრება შემდეგნაირად: 85%– გრანტის მიმღებს (35% − იურიდიულ პირს, 50% – მეცნიერთა ჯგუფს – ფიზიკურ პირებს) და 15%– ფონდს, როგორც გრანტის გამცემს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის წარმოშობილი ურთიერთობები დარეგულირდება პატენტის მიღების შემდგომ გასაფორმებელ ხელშეკრულებაში.

5. გრანტის მიმღებს ეკრძალება პროექტის ფარგლებში შექმნილ ნაწარმოებზე არსებული განსაკუთრებული უფლებების მთლიანად ან ნაწილობრივ ნებისმიერი ფორმით გადაცემა მესამე პირისთვის, ნაწარმოების შექმნიდან 5 წლის განმავლობაში, ფონდის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე (ტერმინი „ნაწარმოები“ აქ გულისხმობს წიგნს, ბროშურას, კომპიუტერულ პროგრამას, რუკას, გეგმას, ესკიზს, ილუსტრაციას, თარგმანს, კრებულს, ენციკლოპედიას, ანთოლოგიას, მონაცემთა ბაზას და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა სახის ნაშრომებს).

6. ფონდი უფლებამოსილია, გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულების საერთო თანხის გაზრდის გარეშე, წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება. საანგარიშო წლის პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები დასაშვებია მიმდინარე წლისათვის პროექტის განსახორციელებლად მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობის 20%-ის ფარგლებში.

მუხლი 13. პროექტის შესრულების მონიტორინგი

1. ფონდი, ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს, გრანტის მიმღების მიერ შესაბამისი შუალედური/საბოლოო ანგარიშების წარდგენის საფუძველზე, ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.

2. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.

3. მონიტორინგის მიზნებისთვის გრანტის მიმღების მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია და ანგარიშის განხილვის წესი განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით.

4. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი შედეგების შესრულების დამადასტურებელი შუალედური/საბოლოო ანგარიშის შემოწმებას. ფონდი უფლებამოსილია, პროგრამული მონიტორინგის ფარგლებში განახორციელოს ადგილზე ვიზიტები და ასევე სამეცნიერო ეფექტიანობის შეფასება შესაბამისი დარგის ექსპერტ(ებ)ის მონაწილეობით, გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და/ან საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.

5. ფონდის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას:

ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას;

ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ ანგარიშზე დაბრუნებას;

გ) გადახარჯვად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით იმ შემთხვევაში, თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა მეტია ან ტოლია სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებისთვის გამოყენებული რესურსის, გადახარჯვა არ ჩაითვლება არამიზნობრივ ხარჯად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების საფუძველს, გარდა პროექტის შეწყვეტის შემთხვევისა;

დ) ნაშთად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში გაუხარჯავი რესურსი, რომელიც შესაძლოა გაიხარჯოს მომდევნო საანგარიშო პერიოდებში, ხოლო ბოლო საანგარიშო პერიოდში ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას.

6. ფონდი უფლებამოსილია, მიმდინარე და დასრულებული პროექტების სამეცნიერო ღირებულება და ეფექტიანობა შეაფასებინოს შესაბამისი დარგის ექსპერტებს.

7. ფონდი არ არის უფლებამოსილი, თავად შეაფასოს დასრულებული პროექტის სამეცნიერო ღირებულება და არ არის პასუხისმგებელი პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგებზე.

8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შემოწმების შედეგად მიღებული აქტები ფონდის მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს გრანტის მიმღების მიერ შემდგომში საგრანტო კონკურსებში მონაწილეობისას წარდგენილი პროექტების შეფასებისას.

9. ფონდი უფლებამოსილია, აწარმოოს საგრანტო ხელშეკრულების პირობების დამრღვევ პირთა რეესტრი – ე.წ. „შავი სია“, რომლის წარმოების წესი განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

10. ფონდი უფლებამოსილია, განახორციელოს მიმდინარე პროექტების აუდიტორული შემოწმება აუდიტორული კომპანიის მიერ, რათა დადგინდეს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან. აუდიტორული კომპანიის შემოწმების დასკვნის შესაბამისად, ფონდი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პროექტის შეჩერების, შეწყვეტისა და დასრულების შესახებ. ფონდი უფლებამოსილია, აუდიტორული კომპანიის შემოწმების უარყოფითი დასკვნის ფაქტი გაითვალისწინოს საგრანტო ხელშეკრულების დამრღვევ პირთა რეესტრის − ე.წ. „შავი სიის“ წარმოებისას.

მუხლი 14. პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება

1. პროექტი ჩაითვლება ავტომატურად შეჩერებულად ფონდის წესდებისა და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. ფონდი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს გრანტის მიმღების გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად, შეწყდება პროექტი), თუ:

ა) მოხდა შესაბამისი წამყვანი ორგანიზაციის ლიკვიდაცია ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში გაუქმდა მისი ავტორიზაცია;

ბ) გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და ანგარიშში წარადგინა ყალბი ინფორმაცია.

3. გრანტის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის ურთიერთობები დარეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შესაბამისად.

4. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე პროექტის დახურვის მომენტში ფონდში წარდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები, წარდგენილ ანგარიშებზე ფონდის მიერ დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტები, აუდიტორული შემოწმების შემთხვევაში, მიღებულია დადებითი დასკვნა, მხარეთა შორის გაფორმებულია შედარების აქტი და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.

მუხლი 15. შეფასების კრიტერიუმები

1. საგრანტო პროექტის პირველი ეტაპის – ანოტაციის შეფასების კრიტერიუმები

ა) საგრანტო განაცხადების განმხილველი სახელმწიფო სამეცნიერო საბჭო პროექტების ანოტაციებს აფასებს შეფასების შემდეგი კრიტერიუმებით:

 

№

კრიტერიუმები

ქულა

1

პროექტის შესაბამისობა ქვეყნის ეროვნული, სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებთან და სტრატეგიებთან.

მინიმუმ 1,

მაქსიმუმ 5

2

პროექტის პოტენციური გავლენა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე

მინიმუმ 1,

მაქსიმუმ 5

3

პროექტის სრული ბიუჯეტის შესაბამისობა სახელმწიფო რესურსების ოპტიმალურ გამოყენებასთან

მინიმუმ 1,

მაქსიმუმ 5

ქულათა ჯამი:

მინიმუმ 3,

მაქსიმუმ 15

შემაჯამებელი კომენტარი:

 

 

ბ) შეფასება ხორციელდება 3 კრიტერიუმით, საიდანაც თითოეული ფასდება მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 5 ქულით, ხოლო ქულათა ჯამი შეადგენს მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 15 ქულას;

გ) შეფასების მეორე ეტაპზე გადასვლისთვის აუცილებელი პირობაა პროექტმა მიიღოს 12 ქულა ან მეტი.

2. საგრანტო პროექტის მე-2 ეტაპის შეფასების კრიტერიუმები

ა) საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები და ქვეკრიტერიუმებია:

№

კრიტერიმები / ქვეკრიტერიუმები

ქულა

1

სამეცნიერო კვლევა

მინიმუმ 4,

მაქსიმუმ 20

1.1

კვლევის სიახლე, აქტუალურობა და ინტერდისციპლინურობა

მინიმუმ 1,

მაქსიმუმ 5

1.2

კვლევის მეთოდოლოგია და მისი შესაბამისობა კვლევის მიზნებსა და ამოცანებთან

მინიმუმ 1,

მაქსიმუმ 5

1.3

კვლევის განხორციელების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაბამისობა დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებასთან

მინიმუმ 1,

მაქსიმუმ 5

1.4

პროექტის ფარგლებში ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობა ან/და ინსტიტუციური კოლაბორაცია

მინიმუმ 1,

მაქსიმუმ 5

2

სამეცნიერო ეფექტიანობა

მინიმუმ 3,

მაქსიმუმ 15

2.1

პროექტის ფარგლებში მკვლევართა გუნდის კარიერული განვითარების პერსპექტივა, ინტელექტუალური საკუთრების შექმნა და ცოდნის ტრანსფერი

მინიმუმ 1,

მაქსიმუმ 5

2.2

კვლევის შედეგების გავრცელება (დისემინაცია, კომუნიკაცია), ინტერდისციპლინური განვითარება

მინიმუმ 1,

მაქსიმუმ 5

2.3

პროექტის ეფექტურობა გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური, საზოგადოებრივი, კულტურული ან/და ტექნიკური პროგრესისათვის

მინიმუმ 1,

მაქსიმუმ 5

3

მკვლევართა გუნდი

მინიმუმ 2,

მაქსიმუმ 10

3.1

სამეცნიერო ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის კვლევითი გამოცდილება და პროდუქტიულობა

მინიმუმ 1,

მაქსიმუმ 5

3.2

პროექტით დასახული მიზნების განხორციელებისათვის პასუხისმგებლობების განაწილება ძირითადი პერსონალის კომპეტენციების გათვალისწინებით

მინიმუმ 1,

მაქსიმუმ 5

4

განხორციელების გეგმა

მინიმუმ 1,

მაქსიმუმ 5

4.1

პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკისა და პროექტის ბიუჯეტის შესაბამისობა პროექტით დასახული მიზნების განხორციელებისათვის

მინიმუმ 1,

მაქსიმუმ 5

 

ქულათა ჯამი

მინიმუმ 10,

მაქსიმუმ 50

 

კომენტარი პროექტის შესახებ

 

 

ბ) შეფასება ხორციელდება 4 კრიტერიუმით, საიდანაც პირველი კრიტერიუმი ფასდება მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 20 ქულით, მეორე კრიტერიუმი – მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 15 ქულით, მესამე კრიტერიუმი – მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 10 ქულით, ხოლო მეოთხე კრიტერიუმი – მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 5 ქულით. ქულათა ჯამი შეადგენს მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 50 ქულას;

გ) თითოეული ქვეკრიტერიუმი ფასდება მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 5 ქულით.

დ) დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა შეფასების ორივე ეტაპზე ჯამურად მიიღოს 47 ან მეტი ქულა;

ე) თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც ჯამურად მაღალ ქულას დააგროვებს თანმიმდევრულად პირველ ეტაპზე – პირველ, შემდგომ მეორე და მესამე, და მეორე ეტაპზე – პირველ, შემდგომ მეორე, მესამე და მეოთხე კრიტერიუმებში. აღნიშნულ შვიდივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება პროექტში (ძირითადი პერსონალის სახით ჩართული ახალგაზრდა მეცნიერების რაოდენობას) ახალგაზრდა მეცნიერის ჩართულობას, ხოლო ამ კრიტერიუმითაც თანაბარი ქულების მქონე პროექტების შემთხვევაში კი – ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.

3. შეფასების ორივე ეტაპზე კრიტერიუმისა და ქვეკრიტერიუმის ქულების განმარტება

 კრიტერიუმის და ქვეკრიტერიუმის ქულები განიმარტება შემდეგნაირად:

 

შეფასება ქულით

შეფასება

განმარტება

1

სუსტი

პროექტი სუსტად პასუხობს, შეუსაბამოა ამ კონკრეტულ კრიტერიუმთან, შეინიშნება სერიოზული, არსებითი სუსტი მხარეები

2

დამაკმაყოფილებელი

პროექტი ზოგადად/დამაკმაყოფილებლად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი უზუსტობები და სუსტი მხარეები, დასაბუთება არადამაკმაყოფილებელია

3

კარგი

პროექტი კარგად პასუხობს მოცემულ კრიტერიუმს/ქვეკრიტერიუმს, მაგრამ აქვს გარკვეული ხარვეზები და საჭიროებს გაუმჯობესებას, მეტ დეტალიზებას და საკმარის დასაბუთებას.

4

ძალიან კარგი

პროექტი ძალიან კარგად, ზუსტად პასუხობს მოცემულ კრიტერიუმს/ქვეკრიტერიუმს. გამოკვეთილია ორიგინალურობა და სამეცნიერო პოტენციალი, თუმცა შესაძლებელია გარკვეულწილად დახვეწა. აქვს გაუმჯობესების პოტენციალი, რომელიც არ ზღუდავს პროექტის საერთო ხარისხსა და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას.

5

საუკეთესო

პროექტი არის გამორჩეული, ინოვაციური მაღალი სამეცნიერო პოტენციალის მქონე, რომელიც საუკეთესოდ პასუხობს კრიტერიუმებს.