დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხების გაცემის შესახებ” დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 სექტემბრის №234 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 89/01 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 03/04/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 43, 07/04/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.010.070.18.011.012.977 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.070.18.011.012.977
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №89/01
2009 წლის 3 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხების გაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 სექტემბრის №234 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხების გაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 სექტემბრის №234 ბრძანებით (სსმ III, 04.09.2008 წ., №130, მუხლი 1311) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-9 პუნქტი:
„9. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი პირობებით სესხის უზრუნველყოფაში გამოყენებულ უცხოურ ვალუტას შეიძლება დაერიცხოს პროცენტი.“.
2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სესხის დაფარვის ოპერაციებს ახორციელებს ეროვნული ბანკი, ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე იმ დღეს არსებული ნაშთიდან.“.
3. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სესხის დაფარვის დღეს, სესხის ძირითადი თანხის და დარიცხული პროცენტის სრულად დაუფარაობის შემთხვევაში:
ა) სესხზე პროცენტის დარიცხვა წყდება სესხის დაფარვის დღეს.
ბ) ბანკის მიერ გადაუხდელ თანხაზე, ეროვნული ბანკის სასარგებლოდ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ დადგენილი ერთდღიანი სესხის პროცენტის ოდენობით, დაერიცხება საჯარიმო პროცენტი;
გ) თუ ბანკის უცხოური ვალუტით საკორესპონდენტო ანგარიშზე რიცხული სავალუტო სახსრები გამოყენებულია როგორც უზრუნველყოფა, სესხის დაფარვის დღეს მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით შესაბამისი თანხის კონვერტაციის შემდეგ ეროვნული ბანკი ფარავს მის მიმართ არსებულ დავალიანებას;
დ) უზრუნველყოფაში მყოფ ფასიან ქაღალდებს ეროვნული ბანკი გადაიტანს თავის მფლობელობაში და გაასხვისებს მის მიერ დადგენილი წესით, ხოლო განსხვავებას რეალიზაციით მიღებულ თანხასა და დავალიანებას შორის დაუბრუნებს ბანკს;
ე) თუ უზრუნველყოფაში გამოიყენება სავალუტო სახსრები და ფასიანი ქაღალდები, მაშინ თავდაპირველად ხდება სავალუტო სახსრების, ხოლო შემდეგ ფასიანი ქაღალდების გამოყენება ეროვნული ბანკის მიმართ არსებული დავალიანების დასაფარად;
ვ) თუ მიღებული თანხა არასაკმარისი აღმოჩნდა სესხის და დარიცხული პროცენტის დასაფარად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა კანონით განსაზღვრული წესით“.
მუხლი 2
ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია საბანკო სისტემაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ფულად-საკრედიტო ამოცანებიდან გამომდინარე, საბანკო სისტემაში ლიკვიდობის მართვის რეგულირების მიზნით.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
გ. ქადაგიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები