„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1183
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12, 29/06/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.05.001.000.514
  • Word
1183
12/06/2009
სსმ, 12, 29/06/2009
010.320.000.05.001.000.514
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) დაემატოს შემდეგი შინაარსის VI1 თავი:

„თავი VI1

ქცევის ზოგადი წესები საჯარო მოსამსახურეთათვის

    მუხლი 731. ქცევის ზოგადი წესების მიზანი და მოქმედების სფერო

1. ქცევის ზოგადი წესების მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას ქცევის მომწესრიგებელი ზოგადი პრინციპების დამკვიდრება.

2. საჯარო მოსამსახურეთა ცალკეული კატეგორიისათვის ან/და ცალკეული დაწესებულებისათვის ამ თავით დადგენილი ქცევის ზოგადი წესების დაცვით შეიძლება მოქმედებდეს სპეციალური წესები.

3. დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს ქცევის ზოგადი წესების ხელმისაწვდომობა და გაცნობა მის დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო მოსამსახურეთათვის.

4. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს ქცევის ზოგადი წესები.

5. საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია თავისი უშუალო ხელმძღვანელის წინაშე, თუ კანონით ან შესაბამისი დაწესებულების დებულებით (რეგლამენტით) სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 732. ქცევის ზოგადი წესები

1. საჯარო მოსამსახურემ თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად.

2. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას ის მოთხოვნები, რომლებიც მას და მის თანამდებობას შეეხება. საჯარო მოსამსახურე თავის სამსახურებრივ მოვალეობას უნდა ასრულებდეს მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად.

3. საჯარო მოსამსახურემ უნდა იმოქმედოს კოლეგიალობის პრინციპით, სამსახურებრივი ვალდებულების გათვალისწინებით, სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობისას უნდა დაიცვას ამ კანონით დადგენილი ქცევის ზოგადი წესები, განსაკუთრებით იმ მოქალაქესთან ურთიერთობისას, რომელიც სარგებლობს მისი მომსახურებით.

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საჯარო მოსამსახურემ უნდა დაიცვას ეკონომიურობისა და ეფექტიანობის პრინციპი. მან ბოროტად არ უნდა ისარგებლოს სამსახურებრივი სახსრებით, რათა არ გაიფლანგოს ისინი.

5. თუ საჯარო მოსამსახურე დააპატიმრეს ან დააკავეს, ან მას აქვს ინფორმაცია, რომ იმყოფება ზედამხედველობის ქვეშ, ან მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მან აღნიშნულის თაობაზე უნდა აცნობოს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს.

6. საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის, მისი დაწესებულების ან საჯარო სამსახურის რეპუტაციას.

7. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილება და სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობები, სიმბოლოები და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები გამოიყენოს კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად.

8. საჯარო მოსამსახურემ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს გამჭვირვალობისა და კანონიერების პრინციპით. დაუშვებელია საქართველოს კანონმდებლობის ან სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო განკარგულების ან/და დავალების გაცემა.

    მუხლი 733. ქცევის ზოგადი წესები საჯარო ინფორმაციის გაცემისა და გამოყენების შესახებ

1. დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და შეუფერხებლად გაცემის მექანიზმის ნორმალური ფუნქციონირება.

2. საჯარო მოსამსახურემ მიზანმიმართულად არ უნდა გაავრცელოს საეჭვო, გადაუმოწმებელი ან/და მცდარი ინფორმაცია.

3. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია საჯარო ინფორმაცია გასცეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და იმ დაწესებულებისათვის დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვით, სადაც ის მუშაობს.

4. თუ ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვა საჯარო მოსამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება, მან ზუსტად უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმებით. აუცილებლობის შემთხვევაში მან დაუყოვნებლივ უნდა აღძრას ამ ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვის საკითხი კანონით დადგენილი წესით.

5. საჯარო მოსამსახურემ უნდა მიიღოს საჭირო ზომები ინფორმაციის (სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, საჯარო მოსამსახურის რეპუტაციასთან დაკავშირებული, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას მოპოვებული და სხვა ინფორმაცია, რომლის ჩამონათვალი განისაზღვრება შესაბამისი ქცევის კოდექსით) კონფიდენციალობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული წესი მოქმედებს მისი სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგაც.

    მუხლი 734. ქცევის ზოგადი წესები ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში

1. საჯარო მოსამსახურეს არა აქვს რაიმე სარგებლის შეთავაზების ან მიღების უფლება, რომელიც დაკავშირებულია საჯარო სამსახურში მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია:

ა) ყურადღება გაამახვილოს ნებისმიერ არსებულ თუ შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობაზე;

ბ) მიიღოს ზომები ნებისმიერი ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევის დაუშვებლობისათვის;

გ) განაცხადოს ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნამდე (არჩევამდე) ან დანიშვნის (არჩევის) შემდეგ, როგორც კი ეს ფაქტი მისთვის ცნობილი გახდება.

3. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დანიშვნიდან (არჩევიდან) ერთი თვის ვადაში, ხოლო შემდგომ – ყოველი მომდევნო კალენდარული წლის 1 თებერვლამდე საჯაროდ განაცხადოს მასთან დაკავშირებული პირის შესახებ, რომელიც მუშაობს იმავე დაწესებულებაში, სადაც დასაქმებულია საჯარო მოსამსახურე. საჯარო მოსამსახურის წერილობითი განცხადება აღნიშნულის შესახებ მასთან დაკავშირებული პირის საიდენტიფიკაციო და მათი კავშირის აღმნიშვნელი ინფორმაციის მითითებით წარედგინება და აღირიცხება დაწესებულების კადრების სამსახურში.

4. ამ თავის მიზნებისათვის საჯარო მოსამსახურესთან „დაკავშირებულ პირში“ იგულისხმება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „ოჯახის წევრი“ და „ახლო ნათესავი“, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელთანაც საჯარო მოსამსახურეს აქვს ერთიანი საოჯახო (შინა) მეურნეობა, ანუ ისეთი განსაკუთრებული ურთიერთობა, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

    მუხლი 735. ქცევის ზოგადი წესები კორუფციული სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად

1. საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე.

2. თუ გაურკვეველია, საჯარო მოსამსახურეს აქვს თუ არა შემოთავაზებული საჩუქრის ან ნებისმიერი სარგებლის მიღების უფლება ანდა მომსახურებით სარგებლობის უფლება, იგი ვალდებულია განაცხადოს ამის თაობაზე.

3. თუ საჯარო მოსამსახურეს სთავაზობენ არაჯეროვან სარგებელს, იგი ვალდებულია:

ა) უარი თქვას არაჯეროვან სარგებელზე;

ბ) შეეცადოს, მოახდინოს ასეთი წინადადების შემომთავაზებელი პირის იდენტიფიცირება;

გ) შეზღუდოს ამ პირთან კონტაქტი და შეეცადოს, დაადგინოს ასეთი წინადადების შემოთავაზების საფუძველი;

დ) თუ შეუძლებელია საჩუქარზე უარის თქმა ან მისი დაბრუნება, საჩუქარი 3 სამუშაო დღის ვადაში გადასცეს შესაბამის სახელმწიფო სამსახურს – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს;

ე) გამოიყენოს მოწმეთა ჩვენებები (მათი არსებობის შემთხვევაში);

ვ) შემოთავაზების მცდელობის შესახებ 3 სამუშაო დღის ვადაში, წერილობითი ფორმით შეატყობინოს თავის უშუალო ხელმძღვანელს.

4. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია:

ა) სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ ნებისმიერი უკანონო ან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ მტკიცებულების ან საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში შეტყობინების გზით ამხილოს იგი ზემდგომ თანამდებობის პირთან;

ბ) თუ არ ჰყავს ზემდგომი თანამდებობის პირი, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოს.

5. ზემდგომი თანამდებობის პირი ვალდებულია:

ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს შესაბამისი ზომები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში აცნობოს სამართალდამცავ ორგანოს;

ბ) არ გაამჟღავნოს მამხილებლის და მასთან დაკავშირებული პირის ვინაობა (საიდენტიფიკაციო მონაცემები);

გ) არ დაუშვას მამხილებლის და მასთან დაკავშირებული პირის რეპუტაციის შელახვა;

დ) დაიცვას მამხილებელი, რათა არ გაუარესდეს მისი სამსახურებრივი მდგომარეობა ან არ შეიზღუდოს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი . სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 12 ივნისი.

№1183–რს