დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1394 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 11/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 21, 03/08/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.120.000.05.001.003.554 |
საქართველოს კანონი
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა
1. საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა შეიძლება გაიცეს არა უმეტეს 6 წლის ვადით საქართველოში დარჩენის მსურველ უცხოელზე:
ა) რომელიც საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის, თავისუფალი პროფესიის ადამიანზე;
ბ) რომელიც საქართველოში ჩამოსულია სამკურნალოდ ან სასწავლებლად;
გ) რომელიც მოწვეულია შესაბამისი დარგობრივი სამთავრობო დაწესებულების მიერ, როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ან ხელოვნების მოღვაწე, და რომლის მოწვევა უკავშირდება სახელმწიფო ინტერესებს;
დ) რომელიც არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი;
ე) რომელიც იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ;
ვ) რომელიც არის საქართველოს მოქალაქის ან ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის მეუღლე, მშობელი, შვილი, შვილიშვილი, მშვილებელი, შვილობილი, და, ძმა, პაპა ან ბებია;
ზ) რომლის შესახებ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი, დაზარალებული „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
თ) რომელიც მონაწილეობს რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის ან კომისიის კომიტეტის მიერ მისი განცხადების განხილვაში.
2. საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა ასევე შეიძლება გაიცეს პირზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
3. საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაგრძელება ხორციელდება იმავე პირობების შესაბამისად, როგორითაც მისი გაცემა.“.
2. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) პირს, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.“.
3. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. სპეციალური პირობები საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად
1. საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობის მისაღებად სპეციალური ნებართვა არ ესაჭიროებათ პირებს, რომლებიც 1993 წლის 27 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს მოქალაქეებად არ ჩაითვალნენ, თუ 1993 წლის 27 მარტის შემდეგ არ მოხსნილან საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური პირობების საფუძველზე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღების შემდეგ მისი მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში შესაბამისი პირის მიმართ ამავე მუხლის პირველი პუნქტის დებულება განმეორებით აღარ გამოიყენება.“.
4. 23-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. 50-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. გადაწყვეტილებას უცხოელის საქართველოდან გასვლის გადავადების შესახებ იღებს სააგენტო განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 11 ივლისი.
№1394–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები