„გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1560
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 13/08/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.080.000.05.001.003.598
  • Word
1560
31/07/2009
სსმ, 24, 13/08/2009
010.080.000.05.001.003.598
„გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №36, 2000 წელი, მუხ. 102) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სამართლებრივი რეგულირება

1. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სამართლებრივი რეგულირება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

2. დედაქალაქის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეულის, ქ. თბილისის ადმინისტრაციული რაიონის, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, გეგმარებითი რაიონის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის; მთის, ბორცვის, ხევის, მდინარის, ტბის, წყაროს; მოედნის, პროსპექტის (გამზირის); გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის; სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ტყის, საქალაქო სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობების; სატრანსპორტო სისტემის ობიექტების სახელდების სამართლებრივი რეგულირება ხორციელდება „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონით, ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტებით და სხვა ნორმატიული აქტებით.“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში არსებული ერთიანი მოთხოვნები, ნორმები და წესები

1. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში არსებული ერთიანი მოთხოვნები, ნორმები და წესები დადგენილია ამ კანონით, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

2. ნორმატიული აქტების პროექტებს, რომლებიც გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში ადგენს ერთიან მოთხოვნებს, ნორმებსა და წესებს, შეიმუშავებს სამთავრობო კომისია და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს ან შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. სამთავრობო კომისია საქართველოს პარლამენტს წელიწადში ერთხელ წარუდგენს ინფორმაციას ამ კანონის მოთხოვნათა შესრულების შესახებ.

4. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო დაწესებულებებისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, ფიზიკური პირებისათვის, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის.“.

3. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გეოგრაფიული ობიექტების არსებული სახელწოდებების დადგენისა და მათი ტრანსლიტერაციის წესს განსაზღვრავს სამთავრობო კომისია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

4. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინადადებებს გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ სამთავრობო კომისიას წარუდგენენ სახელმწიფო ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ფიზიკური და იურიდიული პირები. შემოსული წინადადებისა და მასთან ერთად წარმოდგენილი მასალების განხილვის წესი და თანამიმდევრობა განისაზღვრება გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებით.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში განლაგებული, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების, მათ შორის, დაბების, თემებისა და სოფლების, სახელდებას ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად და სამთავრობო კომისიის თანხმობით.

5. გადაწყვეტილება საქართველოს ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მიიღება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს სამართლებრივი აქტით და სამთავრობო კომისიის თანხმობით, ხოლო ქ. თბილისში – ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს სამართლებრივი აქტით.“.

5. მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა რეგისტრაციასა და აღრიცხვას ახორციელებს სამთავრობო კომისია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ცნობარი და ლექსიკონი გამოიცემა სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

6. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარდგინებით განხორციელებული, გეოგრაფიული ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებული სამუშაოები ფინანსდება შესაბამისი ბიუჯეტებიდან.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 31 ივლისი.

№1560–რს