საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2177
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 42, 10/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 310.050.010.05.001.003.750
  • Word
2177
01/12/2009
სსმ, 42, 10/12/2009
310.050.010.05.001.003.750
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

     საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 52-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საერთაშორისო ფრენა“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეგულარული საერთაშორისო მიმოსვლა (გადაყვანა-გადაზიდვა), როდესაც გადაიკვეთება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ხორციელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-6 მუხლის („რეგულარული საჰაერო მიმოსვლა“) მოთხოვნების შესაბამისად. „რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავია გადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესს“ ადგენს საქართველოს მთავრობა.“.

2. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 59. საავიაციო საქმიანობის ნებართვა

1. არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა ან საავიაციო სამუშაოები ხორციელდება შესაბამისად ადმინისტრაციის მიერ გაცემული არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ან საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვის საფუძველზე.

2. საჰაერო გადამყვან-გადამზიდველს ეკრძალება ნებართვით გათვალისწინებული უფლებების განხორციელება, თუ მას არ გააჩნია მოქმედი ექსპლუატანტის სერტიფიკატი.

3. ადმინისტრაცია გასცემს:

ა) არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვას;

ბ) საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვას.

4. ადმინისტრაცია ნებართვას გასცემს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

3. 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 65. საჰაერო ხომალდის მფლობელის საჭიროებისათვის განხორციელებული სპეციალური საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა

საჰაერო ხომალდის მფლობელის საჭიროებისათვის დაიშვება სპეციალური საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელება:

ა) სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე – უნებართვოდ;

ბ) სახელმწიფო და ექსპერიმენტულ საჰაერო ხომალდებზე – შიდასაუწყებო წესებისა და ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნების დაცვით.“.

    მუხლი 2

1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში დაამტკიცოს „რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესი“.

2. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 1 დეკემბერი.

№2177–IIს