„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2390
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 29/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.05.001.003.828
  • Word
2390
18/12/2009
სსმ, 48, 29/12/2009
140.030.000.05.001.003.828
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, 1993 წ., მუხ. 187) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პოლიცია ფუნქციონირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, სადაც დასაქმებული არიან პოლიციის სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირები, აგრეთვე სხვა საჯარო მოხელეები (შემდგომში – სამინისტროს მოსამსახურეები).“.

2. მე-8 მუხლის:

ა) „გ1 “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ1 ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება მოახდინოს ოჯახში ძალადობისაგან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე;“;

ბ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) მოაწესრიგოს საგზაო მოძრაობა, ზედამხედველობა გაუწიოს საგზაო მოძრაობის წესების, ნორმატივებისა და სტანდარტების დაცვას;“;

გ) „შ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „დ1 “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ1 ) ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) აკრძალოს სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, თუ მათი კონსტრუქცია და ტექნიკური მდგომარეობა არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს; სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში გააჩეროს და დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალებები, შეამოწმოს მძღოლის მართვის უფლების მოწმობა და სხვა საჭირო დოკუმენტები, მიიღოს ზომები სამართალდარღვევათა აღსაკვეთად; მოაწესრიგოს საგზაო მოძრაობა, გააკონტროლოს საგზაო მოძრაობის წესების, ნორმატივებისა და სტანდარტების დაცვა;“;

გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სამინისტროს მოსამსახურეებს მისცეს იმ სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და ტარების უფლება, რომელთა გამოყენებაც დაშვებულია ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით;“;

დ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის პირობებში, აგრეთვე დამნაშავეთა და სამართალდამრღვევთა დაკავების მიზნით დასახლებულ პუნქტებში, საავტომობილო გზებზე და ტერიტორიულ წყლებში მოაწყოს რეიდები; რეიდის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, კანონით დადგენილი წესით გააჩეროს და ჩხრეკისა და ამოღებისათვის დადგენილი წესების დაცვით შეამოწმოს პირი და სატრანსპორტო საშუალება (გარდა დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სპეციალური ტრანსპორტისა, რომლითაც სარგებლობენ დიპლომატიური ხელშეუხებლობის მქონე პირები);“.

4. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელს უფლება აქვს, პროპორციულობისა და აუცილებლობის პრინციპის გათვალისწინებით გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და სამსახურებრივი დანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღი ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და გათვალისწინებული წესით.“.

5. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აკრძალულია ორთაბრძოლის სპეციალური ხერხებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, იმ შემთხვევების გარდა, როცა ისინი შეიარაღებულ ან ჯგუფურ თავდასხმას ახორციელებენ, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ პოლიციელს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა და პოლიციელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით ასეთი თავდასხმის მოგერიება შეუძლებელია.“.

6. მე-13 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის:

ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის აღსაკვეთად, ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი წინააღმდეგობას უწევს პოლიციელს ან შეეცდება გაქცევას;“;

ა.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად;“;

ბ) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად.“.

7. მე-20 მუხლის:

ა) 12  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12 . წვევამდელს პოლიციაში მიღების შემდეგ მიენიჭება პოლიციის რიგითის უმცროსი სპეციალური წოდება ან შეუნარჩუნდება ადრე მინიჭებული სპეციალური წოდება.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პოლიციაში სამუშაოდ არ მიიღება:

ა) განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, თუ ნასამართლობა არ არის მოხსნილი;

ბ) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან რომელიც იმყოფება პატიმრობაში;

გ) პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;

დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ე) პირი, რომლის ჯანმრთელობაც, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;

ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

ზ) პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;

თ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა.“.

8. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 21. სამინისტროში სამსახურის გავლის წესი

1. სამინისტროში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტებით.

2. სამინისტროს მოსამსახურეს ეკრძალება გაფიცვა ან მასში მონაწილეობა.

3. სამინისტროს მოსამსახურეს ეკრძალება პოლიტიკური გაერთიანების წევრობა.

4. სამინისტროს მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ან ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან სახაზინო საწარმოში, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა უცხო ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.

5. სამინისტრო უფლებამოსილია, გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.“.

9. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 22. სამინისტროს მოსამსახურის    სამსახურიდან დათხოვნის წესი

1. სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ იქნეს:

ა) განსაზღვრული ასაკის მიღწევის ან წელთა ნამსახურობის გამო, შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის მიხედვით;

ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების გამო, რომლის მიზეზითაც მას აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება;

გ) სამსახურებრივი შეუთავსებლობის გამო;

დ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის;

ე) რეორგანიზაციისას ან/და შტატების შემცირებისას;

ვ) საკუთარი სურვილით;

ზ) ფიცის გატეხისათვის, პოლიციელისთვის შეუფერებელი საქციელისათვის;

თ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;

ი) კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;

კ) შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ;

ლ) შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის;

მ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.

2. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.

3. კადრების განკარგულებაში აყვანილი სამინისტროს მოსამსახურე განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.“.

10. 29-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამინისტროს მოსამსახურის წახალისება“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფულადი პრემია;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

დ) სამინისტროს სიგელით დაჯილდოება;

ე) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;

ვ) სამინისტროს მედალიონით დაჯილდოება;

ზ) სამინისტროს მედლით დაჯილდოება;

თ) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;

ი) შეფარდებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

კ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება;

ლ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს მოსამსახურის წახალისება შეუძლია საამისოდ უფლებამოსილ პირს.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამინისტროს მოსამსახურის წახალისების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.

11. 30-ე და 31-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 30. სამინისტროს მოსამსახურის    პასუხისმგებლობა

1. სამინისტროს მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დანაშაულის ჩადენისათვის პასუხს აგებს საერთო წესით.

2. დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული სამინისტროს მოსამსახურე თავსდება ან სასჯელს იხდის სხვა სპეცკონტინგენტისგან იზოლირებულად.

3. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა;

ე) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;

ვ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;

ზ) სამსახურიდან დათხოვნა.

4. სამინისტროს მოსამსახურისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდებისა და მოხსნის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

    მუხლი 31. სამინისტროს მოსამსახურის სოციალური დაცვა

1. სამინისტროს მოსამსახურის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.

2. სამინისტროს მოსამსახურისთვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე.

3. სამინისტროს მოსამსახურე ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას.

4. სამინისტროს მოსამსახურის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი ან/და წოდებისათვის დადგენილი სარგოებისგან.

5. სამინისტროს მოსამსახურეს, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია.

6. სამინისტროს მოსამსახურის ხელფასის (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატისა და კომპენსაციის ოდენობებს, მათი გაცემის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

7. სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს ოთხი თვისა. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამინისტროს მოსამსახურეს ორი თვის განმავლობაში უნარჩუნდება ხელფასი (ფულადი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.

8. სამსახურიდან დათხოვნილ სამინისტროს მოსამსახურეს ეძლევა ერთჯერადი დახმარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

9. სამინისტროს მოსამსახურის შვებულების ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 30 კალენდარული დღე.

10. ზიანი, რომელიც სამინისტროს მოსამსახურეს მიადგა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მას სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამინისტროს მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 15 000 ლარისა. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო.

12. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამინისტროს მოსამსახურის დასახიჩრების ან/და დაინვალიდების შემთხვევაში მას სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.

13. სამინისტროს მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის იყენებს სახელმწიფო ან პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას, საწვავით უზრუნველყოფს სახელმწიფო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

14. სამინისტროს მოსამსახურის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

15. სამინისტროს მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრის (წევრების) სამედიცინო მომსახურების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

16. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში სამინისტროს მოსამსახურისთვის შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.

17. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით სამინისტროს მოსამსახურეს საცხოვრებლად შესაძლებელია სარგებლობაში გადაეცეს სამინისტროს ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა, სახლი, დამხმარე ნაგებობები და მათზე მიმაგრებული მიწის ფართობი.“.

12. 34-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივლისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 18 დეკემბერი.

№2390–IIს